თხზეს

You might also like

Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 3

თხზულება N2

ძალადობა და სხვისი დამცირება ადამიანის შინაგანი უძლურების გამოხატულებაა

ძალადობა სხვადასხვა სახით თავს იჩენდა საზოგადოების ფორმირების ყოველ


საფეხურზე, თუმცა მისი არსი უცვლელი იყო-სხვისი დამცირება და ფიზიკური თუ
მორალური, მატერიალური თუ პიროვნული შეურაცხყოფა. მოძალადეები იმას როდი
აცნობიერებდნენ ,რომ თითოეული ქმედებით თავიანთ შინაგან უძლურებასა და სულიერ
სიღატაკეს წარმოაჩენდნენ. მე-5 საუკუნის ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან“ შუშანიკის წამება“
მოცემულ ეპიზოდში ავტორმა, იაკობ ხუცესმა, საინტერესოდ გადმოსცა და დაგვანახა
მოძალადე პერსონაჟის მხატვრული სახე. როგორც ნებისმიერი მოძალადე, ვარსქენ
პიტიახშიც მოხერხებულობითა და ცბიერებით გამორჩეული პერსონაჟია. ვარსქენი გეგმავს
საიდუმლო ვახშამს, რომელიც იმ დროინდელ ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება და
შუშანიკის გადაბირებას ემსახურება. მოძალადეს აშინებს დედოფლის რეაქცია და
შესაბამისად, მსახურებს აფრთხილებს: „სხვასა ნუ ვის უფლიედ ჩუენ თანა შემოსვლად.“ ე.წ.
პურობის ეპიზოდი ვარსქენ პიტიახშის მცდელობაა, შეაცდინოს დედოფალი და გადადრიკოს
ჭეშმარიტების გზიდან, საკუთარ საქმეთა მოზიარედ გახადოს, მაგრამ ხელმოცარული რჩება,
რადგან გონიერი, გამჭრიახი დედოფალი უმალვე ხვდება მზაკვარი მეუღლის ჩანაფიქრს და
მრისხანებით გამიზნულად ეუბნება ჯოჯიკის ცოლს ღვინით სავსე სასმისის შეთავაზებისას:
„ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“ ცხადია,
შუშანიკი ვერ მიიღებდა ვარსქენის ოჯახში შებილწულ-პურ-ღვინოს და მისით ვერ
წარიწყმედდა ღვთის ტაძარს-საკუთარ სხეულს, მაგრამ რადგან აძალებდნენ, სხვა
გამოსავალი არ იყო, გარდა აფექტური მდგომარეობისა. ამასთანავე, შეურაცხყოფდა წმინდა
ზიარებას და ისიც სატანისეულ საქმეთა თანაზიარი გახდებოდა. ავტორი მეტაფორა მგლით
მკაფიოდ წარმოგვიჩენს ვარსქენის ულმობლობასა და საშინელ მრისხანებას. პიტიახშმა
მარცხი ვეღარ აიტანა და სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს- ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა
მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. „ვითარცა მხეცი მძვინვარე ყიოდა და იძახდა
ვითარცა ცოფი“-აფექტურ მდგომარეობაში მყოფი მაზდეანი პიტიახში უკონტროლოა და
მისი შეჩერება ურთულესი. აღსანიშნავია, რომ იგი ძალადობს ძმის მიმართაც. მაშინ, როცა
ჯოჯიკი შუშანიკის გადარჩენას ეცდება ვარსქენი მასაც სასტიკად უსწორდება- „გუემა იგიცა,
და კუბასტიცა თავსა მისსა მოხეთქა“. ავტორი კონტრასტული მეტაფორებით- „ვითარცა
კრავი მგელსა“- ერთი მხრივ, შუშანიკის უბიწოებასა და უცოდველობას, ხოლო მეორე მხრივ,
ვარსქენის დაუნდობელ და მოძალადის ბუნებას ათვალსაჩინოებს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ყოველგვარი ძალადობა დასაგმობია.


მსოფლიო ისტორიამ თუ ლიტერატურამ არაერთი მოძალადის ბიოგრაფია
შემოგვინახა ,რითაც გვითხრა, როგორები არ უნდა ვიყოთ. მოძალადე ადამიანის მაგალითია
ძმებს შორის შუღლის გამღვივებელი ნუგზარ ერისთავი, რომელიც მთის ხალხს შორის
ბოროტებას თესავდა. მისი ზღვარგადასული ძალმომრეობა, ქედმაღლობა,
ჩასისხლიანებული თვალები და ბოროტებით სავსე გული ადამიანებს მხოლოდ ცუდს
უქადდა (ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“). ხშირად საზოგადოება საკუთარი
უმოქმედობით ძალადობის თანამონაწილეა. გავიხსენოთ ქართული ფილმი „ტბა“, სადაც
მასწავლებლები სწორედ ამ როლს თამაშობენ. ზოგჯერ ბრბო ამ ქმედების უშუალო
მონაწილეცაა. გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, მოძალადე ბრბოს დაუნდობელი და
სისხლიანი ბუნების წარმომჩენი ფასდაუდებელი ნიმუშია. საზოგადოება მზადაა გაწიროს
ბროწეულის ყვავილივით მშვენიერი ახალგაზრდა ქალი-მარიტა საკუთარი
ფსევდოსამართლიანი ეგოს დასაკმაყოფილებლად. ციციკორე მოძალადის ზოგადი სახეა.
საინტერესოა, როგორია ადამიანი, რომლის გულშიც უკეთურია ჩაბუდებული? რეალურად,
ძალადობა შინაგანი უძლურების გამოხატულებაა. მოძალადე ადამიანი განვითარების
მტერია. გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. პოემაში ალუდა მსხვერპლია,
რომელიც ,რა თქმა უნდა, დაუმსახურებლად გაწირა მოძალადე თემმა, მაშინ როცა
მოძველებულ, სასტიკ ტრადიციებს მართლაც , შეცვლა, თანამედროვეობაზე მორგება
ესაჭიროებოდა. ვაჟა-ფშაველა ყოველთვის გმობდა ძალადობას და მოგვიწოდებდა, რომ
ადამიანის ცოდვილი ბუნება სიკეთით გადაგვეფარა: „ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა;

ცხვრადვე მამყოფე ისევა,

ოღონდ ამშორდეს მგელობა.”

დღეს, 21-ე საუკუნეში, ციფრული ტექნოლოგიების ერაში ადამიანს იცავს კანონი მოქმედი
კონსტიტუციით, რომლის მიხედვით ნებისმიერი ტიპის ძალადობა დაუშვებელია და ისჯება
კანონის ძალით. ძალადობის მრავალ სახეთაგან განსაკუთრებით ხშირია ოჯახური
ძალადობის ფაქტები, მართალია, არასარწმუნოებრივ ნიადაგზე, მაგრამ საშინელი შედეგით
დასრულებული. მხოლოდ საქართველოს ,ჩვენი პატარა ქვეყნით რომ შემოვიფარგლოთ,
ათეულობით შემთხვევაა მოძალადე ქმრისაგან ცოლის მკვლელობისა. გენდერული ნიშნით
ძალადობის მაგალითად მახსენდება უდანაშაულო ახალგაზრდა ირანელი ქალის
ტრაგიკული ისტორიის მიხედვით გადაღებული ფილმი „სორაიას ჩაქოლვა“, სადაც ის
შარიათის სასტიკი წესებისა და ფსევდო სამართლიანი საზოგადოების მსხვერპლი ხდება.
სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ისევ გადაუჭრელია გენდერის, რასის თუ
სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანების ჩაგვრის პრობლემა. გავიხსენებ
ამერიკაში სამართალდამცავის მიერ შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას.
ტექნოლოგიების ეპოქაში სხვისი დამცირების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფორმაა
კიბერბულინგი. დღეს ბევრი მოძალადე სწორედ ამ გზით გამოხატავს შინაგან უძლურებას.
მინდა აღვნიშნო, რომ კიბერბულინგის შემთხვევები ხშირად ანონიმურად ხდება, რაც მეტად
უმარტივებს ამ არაზნეობრივ საქციელს არასრულფასოვნების კომპლექსის მქონე მოძალადეს.
2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომი ააშკარავებს, რომ თანამედროვეობაში კვლავ აქტუალურია
ძალადობის გზით ძალაუფლების სურვილით შეპყრობილი ადამიანების განდიდება.
სწორედ კუჩინსკის ერთ-ერთი კარიკატურა, თვითმფრინავიდან გადმოყრილი ბომბები და
წითელი ხალიჩა, იმის მანიშნებელია, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით თუ
მათზე ძალადობით ხარობენ და ზეობენ ტირანები. მოძალადე ადამიანის ხატს სრულიად
შორდება, ის სულიერად ავადმყოფია, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და ამას ებრძვის
სიტყვით, მუშტით, წიხლით, დანით, ცეცხლსასროლი იარაღით...
რა საკვირველია, ვგმობ და სრულიად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. არაჰუმანური,
უწესო, ზნეობას განშორებული ბუნება აქვს ადამიანს, რომელიც მოძალადეა, მაგრამ მინდა
ავღნიშნო რომ ეს სწორედ მათი შინაგანი კომპლექსების გამოვლინებაა. ჯანსაღად მოაზროვნე
სოციუმი გმობს ძალმომრეობას. იმედს ვიტოვებ, რომ ცივილიზაცია მივა განვითარების იმ
ეტაპზე, როცა შინაგან უძლურებას ადამიანები ,სხვისი დამცირების მაგივრად, სხვა, უფრო
ჰუმანური და მათთვის სასარგებლო ფორმით გამოხატავენ და მსოფლიო განიკურნება ამ
მტარვალი სენისგან.

You might also like