აბოს წამება

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

პასუხი წერილისა იოვანეს მიერ

მარად სასურველი და დალოცვილი სიტყვა ღვთის მიერ რჩეული მთავრისა და უფლისა ჩემისა მივიღე
სიწმინდისმოყვარე ხსართან მღვდლის ხელით. ახლა რა მოვახსენო მეუფებასა თქვენსა? ჩემთვის
ორგვარადვე ძნელია: თუ არ დავემორჩილები თქვენს სიტყვას, წერია: „ურჩი შვილი დაიღუპოსო“. და თუ
დამორჩილებას ვიჩქარებ, ამისთვისაც იტყვის: „შენზე უარესს ნუ გამოიძიებ და შენზე ძლიერს ნუ
განსჯიო“. მაგრამ უმჯობესად ჩავთვალე მორჩილი ვყოფილიყავი ჩემი უფლის სიტყვისა რადგან მეც
მისწავლია ბრძენმთავრის, სოლომონის მიერ თქმული, რომ „ემსგავსე ჭიანჭველას, ზარმაცო, და იყავი
გამრჯე მასავით“. როგორც ის თავისზე ბევრად დიდი ხორბლის მარცვალს შეებმება ხოლმე მხნედ, სანამ
აიღებს და თავის საზრდოდ წაიღებს.

მეც მხნეობა მოვიკრიბე ჩემზე უფრო ძლიერის ასაღებად და სურვილი ჩემი გულისა უფალმა აასრულა,
და აღვწერე ჩემი უღირსი ჭკუა-გონებით შეკრებილი მოწამეობა ნამდვილი და ჭეშმარიტი, წმინდა
მოწამის ნეტარი აბოს მადლითა და მეოხებით და მოგიძღვენი უფალსა ჩემსა

პირველი თავი

გლოცავთ თქვენ, ქრისტესთვის მოწადინე გულით. მომაპყარით ყურნი თქვენი ცხადად სახილველნი და
უფრო მეტად ყურნი თქვენი გულისა და გონებისა მოამზადეთ მოსასმენად და უმასპინძლეთ ამ ჩემს
სიტყვებს და არა მარტო ჩემთვისაა საძებნელი და სასურველი მოსასმენად ამ წმინდა მოწამის
მარტვილობა, არამედ საჭიროა თქვენ ყველანი გაოცდეთ ჩემთან ერთად.

რადგან, რომლებიც ვართ ამ ქვეყნის კიდეში, სისასტიკისა და სივერაგისგან, მახის დაგებით, ამ დროის
ხელისუფალთა, ჩვენზე მბრძანებელთა მოძღვრების ცბიერებით, თავისი თავის კანონმდებლობით,
ქრისტესგან განდგომილებმა, მრავალნი შეაცდინეს, სიმართლის გზიდან გადაახვევინეს და ქრისტეს
სახარების ჭეშმარიტებას შესცოდეს, რომელნიც ხუთასი წლის წინათ, და უფრო ადრეც, რჯულდებულნი
ყოფილან წმინდა ნათლისღების მადლით.

იქიდან მოყოლებული აქამდე ქრისტიანად ნაშობნი შეაცდინეს და გადაიბირეს: ზოგი ძალადობით, ზოგი
მოტყუებით, ზოგი ახალგაზრდული უმეცრებით, ზოგი ვერაგობით. და სხვანი, რომელნიც ვართ
მორწმუნენი, ძალადობის ქვეშ მსახურებაში მყოფნი და სიღარიბითა და სიღატაკით შეკრულნი, როგორც
ბორკილით, მათი ხარკის ქვეშ გატანჯულნი და შეწუხებულნი, სასტიკად დასჯილნი, შიშს შეუპყრია და
ირხევიან, როგორც ლერწამნი ძლიერ ქართაგან, მაგრამ ქრისტეს სიყვარულითა და შიშით,
ჩვეულებისამებრ, მამაპაპური გზით, ჭირთა თმენით, არ განუდგებიან ღმერთის მხოლოდშობილ ძესა.

ასეთ დროში გამოჩნდა მძლავრად ეს წმინდა მოწამე. თავიდანვე ჩვენიანი არ იყო, მაგრამ ჩვენი
სარწმუნოების უცოდინარი, უცხო, უცხო სარწმუნოებით მოვიდა და ქრისტეს, ღმერთსა ჩვენსა, შეემეცნა.

ნამდვილი სარწმუნოება მორწმუნეთათვის დიდი განძია, მამაო ზეცათაო, ღმერთო და უფალო


ცხოვრების მომცემელო, შენ მიერ მადლის მოღებით, რადგან ქრისტიანული სარწმუნოება დიდი
მოძღვრებაა! არა მარტო ბერძნებმა მოიპოვეს საღვთო სარწმუნოება, არამედ ჩვენცა, ამ შორ ადგილთა
მკვიდრთა და, აჰა, ქართლის მკვიდრთაცა აქვთ სარწმუნოება და იწოდება წმინდანთა დედად,
რომელთაგან ზოგი აქაური მკვიდრია და ზოგი უცხო და სხვა ქვეყნიდან მოსული ჩვენთან სხვადასხვა
დროს, მოწამედ გამორჩევით უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს მიერ, რომლის დიდება არს უკუნითი
უკუნისამდე. ამინ

მეორე თავი
მეორე თავი

წმინდა მოწამე აბოს ქართლში შემოსვლა და მონათვლა

იყო დრო, როცა ქართლის ერისთავი, სახელად ნერსე, ძე ადარნესე კურაპალატისა და ერისმთავრისა,
მიხმობილ იქნა ბაბილონის ქვეყანაში იმ დროის სარკინოზთა მთავრის, ამირა მუმნი აბდილასგან, დიდ
ქალაქ ბაღდადში, რომელიც თვითონ ააშენა. ხოლო ბოროტი ხალხის დასმენით, მან საპყრობილეში
ჩააგდო ნერსე, ერისთავი ქართლის ქვეყნისა, და პატიმრად იყო იქ დაახლოებით სამი წელი, სანამ
ღვთის ნებით არ მოკვდა აბდილა ამირა მუმნი და მის მაგივრად ტახტზე დაჯდა მაჰდი, ძე მისი. მოწყალე
ღმერთმა ჩააგონა მაჰდი ამირა მუმნის, ნერსეს განთავისუფლება, გამოიყვანა იგი სასტიკი
საპყრობილიდან და გამოუშვა ისევ ერისმთავრად, აქ, თავისსავე ქვეყანაში.

ახლა კი, ქრისტეს მოყვარენო, მსურს გაუწყოთ წმინდა და სანატრელი მოწამის, აბოს ამბავი,
მოგითხროთ, რა როგორ იყო, ანუ აქ საიდან მოვიდა.

ეს იყო აბრაამის შთამომავალი, ისმაელის ძეთა შთამომავალთაგან შობილი სარკინოზთა ტომიდან. და,
არათუ უცხო ტომისგან, ანდა ხარჭისგან შობილი, არამედ, სრულიად არაბი ტომისა მამითა და დედით,
რომლის მამა, დედა, ძმანი და დანი მისნი, იმავე ქალაქში იყვნენ, ბაბილონის ბაღდადში. ეს იყო
ახალგაზრდა, ყმაწვილი კაცი, დაახლოებით თვრამეტი წლის, სულ მცირე ჩვიდმეტისა. ამან ისურვა
წამოსვლა აქ, ერისმთავარ ნერსესთან ერთად და მსახურად დაუდგა. ის იყო ოსტატი, სურნელოვანი
ზეთების კარგად შემზავებელი, მენელსაცხებლე, და მცოდნე იყო სარკინოზთა მწიგნობრობისა. და
მიატოვა მამა, დედა, და-ძმანი, ნათესავნი, ქონება და მამულები და, როგორც უფალი ამბობს წმინდა
სახარებაში, წამოვიდა აქ, ნერსესთან ერთად ქრისტეს სიყვარულისთვის.

და როცა ქართლში მოვიდა, ნერსე ერისთავთან ცხოვრობდა და თავისი სიკეთით ყველასთვის


საყვარელი გახდა. ამას დაამატა ქართული წერა-კითხვის შესწავლა და თავისუფლად ლაპარაკი. მაშინ
დაიწყო სიბრძნის შეცნობა და შესწავლა ძველი და ახალი რჯულის საღვთო წიგნებისა და ამგვარად,
ეზიარა ყოველგვარ მოძღვრებას, მაშინ არად ჩააგდო მაჰმადის რჯული, მამაპაპური ლოცვის წესი
მიატოვა და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე. მაგრამ თავს ყოვლად ქრისტიანად ვერ აცხადებდა, ხოლო
მალულად მარხულობდა და ლოცულობდა ქრისტესთვის, ეძებდა უსაფრთხო ადგილს, სადაც
მოინათლებოდა, რადგან ეშინოდა ჩვენი ქვეყნის მპყრობელი გამგებელი სარკინოზებისა.

იმ ხანებში სარკინოზთა ხელისუფალნი კვლავ აღშფოთდნენ ნერსე ერისთავზე. მაშინ გაიქცა იგი, რადგან
სასტიკად ებრძოდნენ სარკინოზები. უფალმა დაიცვა მათგან და გაიარა ოსეთის კარი, რომელსაც
დარიალი ჰქვია. როცა წავიდა, მას თან გაჰყვა სამასამდე კაცი თავისი ხალხიდან და მათთან ერთად იყო
ეს სანატრელი ქრისტეს მონა აბოც. და, როცა ნერსე ერისთავი ხაზართა მეფესთან მივიდა, შეიფარა იგი,
უცხოებაში მყოფი და თავის მტრებს გამოქცეული, და მისცა მას და მის ხალხს საკვები და სამოსელი.
მაშინ, როგორც კი ნახა ნეტარმა აბომ, რომ შორს იყო სარკინოზთა შიშისა და ძალადობისგან, იჩქარა
ქრისტესთან მიახლება და მოინათლა.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ნერსემ სთხოვა ჩრდილოეთის მეფეს, რომ გაეშვა იქიდან აფხაზეთში, რადგან
ადრევე გაეგზავნა დედა, ცოლი და შვილები, ქონება და ყველა თავისიანი, რადგან დაცული იყო ეს
ქვეყანა სარკინოზთა შიშისგან. ხოლო ღმერთმა დააწყნარა ჩრდილოეთის მეფე და გაუშვა ნერსე
დიდძალი საჩუქრით. და, გაემართნენ ისინი სიხარულითა და ღვთისადმი მადლობით, და, როცა
მივიდნენ აფხაზეთის ქვეყანაში, ქვეყნის მთავარმა შეიფარა ნერსე მთელი თავისი ამალით. როგორც კი
ნახა ნერსემ დედოფალი, თავისი დედა, ცოლი და თავისი ძენი, ყველანი გახარებულნი ადიდებდნენ
ღმერთს ჯანმრთელად და მშვიდობიანად ერთად შეყრისთვის.
როცა აფხაზეთის მთავარს ეცნობა ნეტარი აბო ახალი მონათლულიაო, ძალიან გაიხარა.
თავის ხალხთან ერთად ქართლიდან ნერსეს გაქცევის შემდეგ, მაჰდი ამირა მუმნმა, ღვთის შეწევნით,
გამოგზავნა სტეფანოზი, ძე გურგენ ერისთავისა, დისწული ნერსესი, თავისი დედის ძმის, ნერსეს
სანაცვლოდ, ქართლის ერისმთავრად. მაშინ გაიხარა ნერსემ, რადგან ძალაუფლება მის სანათესაოს არ
ჩამოართვა უფალმა. იმანაც უფრო მეტი გულმოდგინება გამოიჩინა, გაგზავნა მოციქულები და ითხოვა
არაბ ხელისუფალთაგან, რომ დაიცვან მისი უსაფრთხოება და თავისუფლად წამოვიდეს თავის ხალხთან
ერთად. და, როცა გამოემართნენ აფხაზეთის მხრიდან, ნეტარ აბოს მოუხმო აფხაზეთის მთავარმა და
უთხრა:

—ნუ გახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზებს უჭირავთ, შენ დაბადებით სარკინოზი ხარ და
ნებას არ დაგრთავენ ქრისტიანობით მათ შორის იყო. შენ გამო მეშინია, ემანდ ზურგი არ გაქცევინონ
ქრისტიანული სარწმუნოებისგან ნებსით თუ უნებლიეთ და ამდენი შენი შრომა დაღუპო.

ხოლო ნეტარმა აბომ უთხრა:

—თუნდაც ბევრი ოქრო-ვერცხლი მომცენ, ანდა ტანჯვა-წამებაში ჩამაგდონ, უარს ვერ მათქმევინებენ
უფლის სიყვარულზე. და, ახლა, შენ ნუ შემაჩერებ მე, ღვთისმსახურო, რადგან რა მადლი აქვს ჩემს
ყოფნას აქ, სადაც არ არის შიში, არცა სიკვდილი ქრისტესთვის? ახლა, გევედრები, გამიშვი მე, რათა
ნამდვილად გაიგონ ქრისტეს მოძულეებმა ჩემი ქრისტიანობა, რადგან გაგონილი მაქვს წმინდა
სახარებიდან ჩვენი მაცხოვრის მიერ ნათქვამი, რომ: „არავინ ანთებს სანთელს და ხვიმირის ქვეშ დგამს,
არამედ სასანთლეზე დგამენ, რომ ყველას გაუნათოს". და ახლა მე რატომ დავმალო ეს ჭეშმარიტი
ნათელი, რომლითაც მე განმანათლა ქრისტემ?

წამოვიდა იგი ნერსესთან ერთად ქართლისკენ, შემოვიდა ქალაქ თბილისში და დაუფარავ ქრისტიანად
იქცეოდა. და, როცა იქ მყოფმა სარკინოზებმა ქრისტიანად იხილეს, და, რომლებიც მას ადრეც
იცნობდნენ, ზოგი საყვედურობდა, ზოგი ლანძღავდა, ზოგი აშინებდა, ზოგი სდევნიდა, ზოგიც
მშვიდობიანი სიტყვით არწმუნებდა.

ხოლო იგი მტკიცედ იდგა ქრისტეს მიმართ და არავისი ეშინოდა. სამი წელი დადიოდა ამ ქალაქსა და მის
შემოგარენში დაუფარავ ქრისტიანად.

You might also like