იტალია 1945-1992 წლებში(1)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 27

ზაალ გოგენია

დემოკრატიაზე გადასვლა

დამფუძნებელი კრება

იტალია მეორე მსოფლიო ომის გამჩაღებელთა რიგში იყო, მაგრამ ომის შედეგები მისთვის
გერმანიის და იაპონიისგან განსხვავებული დადგა, მას არ განიხილავდნენ როგორც
დამარცხებულ მტერს. საბოლოო ჯამში მეორე მსოფლიო ომში დამარცხება იტალიისთვის
უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა ვიდრე პირველ მსოფლიო ომში გამარჯვება.
ომის შემდგომი იტალია ცვლილებების მოლოდინში იყო, რისთვისაც საფუძველი უნდა
დაედო დამფუძნებელი კრების მოწვევას. პოლიტიკურ სცენაზე ბატონობდა ეროვნული
განთავისუფლების კომიტეტის ბლოკში შემავალი პარტიები. განსაკუთრებით გაძლიერდა
მუშათა პარტიების გავლენა რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობის გამარჯვებასთან ერთად
მასობრივი გახდა, ესენია კომუნისტური და სოციალისტური პარტიები. კომპარტიაში 1945
წლის ბოლოს გაწევრიანებული იყო 1,700 ათასი ადამიანი, რაოდენობრივად მან გადაასწრო
ყველა დანარჩენ პარტიას. აღნიშნულს ბევრი მიზეზი განაპირობებდა თუმცა უმთავრესი იყო
პალმირო ტოლიატის მიერ აღებული კურსი „ახალი პარტიის“ შენებაზე, რომლის კარი ღია
იყო ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე (სოციალური წარმომავლობის, რელიგიისადმი
დამოკიდებულების და ა.შ.) მათთვის ვინც ეთანხმებოდა პარტიის პოლიტიკურ პროგრამას.
იტალიის კომუნისტური პარტიის მიერ გამოვლენილი ,,მოქნილობა“ წინააღმდეგობის
წლებში სხვა ანტიფაშისტური პარტიების მიმართ ასევე განაპირობებდა კომუნისტების
ავტორიტეტის ზრდას. სოციალისტური პარტიის გავლენა (1945 წლის ბოლოს დაახლოებით
700 ათასი წევრი) ეყრდნობოდა თავისი არსებობის ნახევარსაუკუნოვან გამოცდილებას
რომელმაც დატოვა მნიშვნელოვანი კვალი იტალიელი მშრომელების, განსაკუთრებით კი
უფროსი თაობის ცნობიერებაზე. 1943 წლის აგვისტოში მას შეერწყა პროლეტარული
ერთიანობის მოძრაობა და მემარცხენე სოციალისტების სხვა ჯგუფები, რის შემდეგაც მიიღო
ახალი სახელწოდება: პროლეტარული ერთიანობის იტალიის სოციალისტური პარტია (Partito
Socialista Italiano di Unità Proletaria – PSIUP). პარტიის ლიდერი იყო პიეტრო ნენი.
სოციალისტურისგან განსხვავებით მოქმედების პარტია დაარსდა 1942 წელს და
შესაბამისად არ გააჩნდა ძველი ტრადიციები. მან აქტიურად გამოიჩინა თავი პარტიზანულ
ბრძოლებში, თუმცა, „სექტანტური პოზიციის“ გამო, არაერთხელ გართულებია პოლიტიკური
ურთიერთობები სხვა ანტიფაშისტურ ძალებთან. თავის პლატფორმაში ეს შედარებით
მცირერიცხოვანი პარტია (1946 წლის თებერვალში მასში გაწევრიანებული იყო 267 ათასი
ადამიანი) ცდილობდა გაეერთიანებინა ლიბერალიზმის, დემოკრატიის და არამარქსისტული
სოციალიზმის იდეები. მასში არსებული სხვადასხვა მიმდინარეობები ამ კომპონენტებს
სხვადასხვანაირად უხამებდნენ ერთმანეთს, მაგრამ მისი წევრების საკმაოდ დიდი ნაწილი,
მემარცხენე სოციალისტების მსგავსად, იხრებოდა იქითკენ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის
პერიოდში შესაძლებელია და უნდა გადაწყდეს კიდეც სოციალისტური ამოცანები.
განმათავისუფლებელი ბრძოლის დასრულების შემდეგ შიდა უთანხმოებები მოქმედების
პარტიაში უფრო გამწვავდა.
ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის მარჯვენა ფლანგზე იდგნენ ლიბერალები და
დემოკრატიული შრომის პარტია, ხოლო ცენტრი ეკუთვნოდა ქრისტიან-დემოკრატიულ
პარტიას, რომელსაც მეთაურობდა ალჩიდე დე გასპერი. ეს პარტია მასობრივი იყო და
რიცხობრივად მხოლოდ კომუნისტებს ჩამორჩებოდა (1945 წლის ბოლოს 1 მლნ წევრი).
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ვატიკანის და საეკლესიო აპარატის დიდი მხარდაჭერით
სარგებლობდა და გახდა ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი სხვადასხვა კათოლიკური
ორგანიზაციებისთვის. ეს ყველაფერი განაპირობებდა პარტიის წინა პლანზე წამოწევას იმ
ახალ პარტიულ-პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც ჩამოყალიბდა იტალიაში 1945 წლიდან.
წინააღმდეგობის მოძრაობის პერიოდში იტალიაში აღორძინდა ფაშიზმის დროს
განადგურებული დამოუკიდებელი პროფკავშირები. 1944 წელს შეიქმნა იტალიის შრომის

1
საყოველთაო კონფედერაცია (Confederazione Generale Italiana del Lavoro – CGIL), რომელმაც
ქვეყნის ისტორიაში პირველად გააერთიანა თავის რიგებში ყველა მიმდინარეობა,
განურჩევლად იმისა, თუ ვინ ხელმძღვანელობდა მათ: კომუნისტები, სოციალისტები თუ
კათოლიკეები. კონფედერაციის წესდებაში დაფიქსირებული იყო პროფკავშირების
პოლიტიკური პარტიებისა თუ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის პრინციპი, მაგრამ
ამავდროულად ხაზგასმული იყო, რომ ეს არ ნიშნავდა ძირეულ პოლიტიკურ საკითხებთან
(რომელიც აინტერესებდა არა რომელიმე პარტიას, არამედ მშრომელთა უმრავლესობას)
მიმართებაში მათ გულგრილობას. მძლავრი ერთიანი პროფკავშირული მოძრაობა (1947 წლის
დასაწყისისთვის კონფედერაცია მოითვლიდა 7 მლნ ადამიანს) გახდა მნიშვნელოვანი ძალა
ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მეორე მსოფლიო ომი მალე შეცვალა „ცივმა ომმა“. იტალია გახდა ერთგვარი ფრონტის
წინა ხაზი ამ წინააღმდეგობაში. დიდი ბრიტანეთი და აშშ იტალიაში ძლიერი კომპარტიის
არსებობას პრობლემად თვლიდნენ. მათი აზრით, ეს იყო „ხვრელი“, საიდანაც ხდებოდა
მოსკოვის ჩარევა იტალიის საქმეებში. ბუნებრივია, მათი ძალისხმევა მიმართული იყო
იტალიის კომუნისტური პარტიის პოზიციების შესუსტებისა და ანტიკომუნისტური
ტენდენციების მხარდაჭერისკენ.
ომიდან მშვიდობიან ცხოვრებაზე გადასვლისას მწვავე პოლიტიკური პრობლემა გახდა
პარტიზანული რაზმების და წინააღმდეგობის მოძრაობის დროს შექმნილი ხელისუფლების
დროებითი ინსტიტუტების (ადგილობრივი თვითმმართველობის, სახალხო ტრიბუნალების,
საგანგებო კომისრების და აშ.) ბედი. მოკავშირეთა სამხედრო ადმინისტრაცია, ეროვნული
აჯანყებით განთავისუფლებულ ჩრდილოეთ იტალიაზე კონტროლის დამყარებისთანავე,
შეუდგა ამ სტრუქტურების ლიკვიდაციას. რომის პროტოკოლის (1944 წელი) პირობების
მიხედვით, პარტიზანებს უნდა ჩაებარებინათ იარაღი, ხოლო მათი რაზმები ექვემდებარებოდა
დაშლას, ეს უმტკივნეულო პროცესი არ გამოდგა, მაგრამ თუ თავისუფლების მოხალისეთა
კორპუსის მთავარმა სარდლობამ თავისი მოვალეობის შესრულების შემდეგ დაშალა იგი,
ადგილებზე პარტიზანები ყველგან არ თმობდნენ იარაღს. ზოგან საიდუმლო იარაღის
საწყობებიც კი იქმნებოდა.
1945 წლის 20 ივნისს ჩამოყალიბდა ახალი კოალიციური მთავრობა. მასში შევიდა ყველა
პარტია ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის ბლოკიდან, მაგრამ პოსტების განაწილება
მემარცხენე ფრთის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას ასახავდა: პრემიერ მინისტრი გახდა
ფერუჩო პარი (მოქმედების პარტია), ვიცეპრემიერი და მინისტრი დამფუძნებელი კრების
მოწვევის საკითხში პიეტრო ნენი (სოციალისტური პარტია), კომუნისტებმა მიიღეს
იუსტიციის (პალმირო ტოლიატი), ფინანსთა (მაურო სკოჩიმარო) და სოფლის მეურნეობის
(ფაუსტო გულო) მინისტრების პორტფელები. პარის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობდა
დამფუძნებელი კრების მოწვევას. საჭირო იყო მისი უფლებამოსილებისა თუ არჩევნების
ჩატარების ვადების გარკვევა და ახალი საარჩევნო კანონის შემუშავება. 25 სექტემბერს დაიწყო
მუშაობა საკონსულტაციო ასამბლეამ – მთავრობასთან არსებულმა დროებითმა სათათბირო
ორგანომ, სადაც შევიდნენ მთავრობის მიერ დანიშნული ანტიფაშისტური პარტიების
წარმომადგენლები, ასევე ყველა ცოცხლად დარჩენილი ძველი, ფაშისტურ გადატრიალებამდე
არსებული პარლამენტის ორივე პალატის წევრები. ასამბლეის პირველივე სხდომაზე გაჩაღდა
დავა იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა ყოფილიყო იტალიური დემოკრატია. ფ. პარი
ასამბლეის გახსნის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში მოუწოდებდა, არ ყოფილიყვნენ
ორიენტირებული მხოლოდ ფაშისტურ რეჟიმამდელი ლიბერალური საპარლამენტო რეჟიმის
აღდგენაზე, არამედ წასულიყვნენ უფრო შორს. „არ დაივიწყოთ, – ამბობდა ის, – რომ ჩვენთან
დემოკრატია სწორედ ახლა იბადება. მე არ ვარ დარწმუნებული და არ ვფიქრობ, რომ
დემოკრატიული შეიძლება დავარქვათ იმ რეჟიმებს, რომლებიც არსებობდა ჩვენთან
ფაშიზმამდე“. პარის ამ სიტყვას მოჰყვა რეპლიკები მარჯვნიდან, ხოლო მომდევნო დღეს მას
ლიბერალების სახელით პასუხი გასცა ბენედეტო კროჩემ, განაცხადა რა, რომ იტალია
გაერთიანებიდან ფაშიზმის დამყარებამდე „იყო ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიოში, ხოლო მისი განვითარება წარმოადგენდა უწყვეტ და, როგორც წესი, სწრაფ

2
წინსვლას დემოკრატიის გზაზე, უდავოდ ლიბერალური დემოკრატიისკენ როგორც ყველა
ჭეშმარიტი დემოკრატია“. რაც შეეხება დამფუძნებელ კრებაში არჩევნების ვადას მემარცხენე
პარტიები მოითხოვდნენ რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო იგი, ქრისტიან-დემოკრატები
და ლიბერალები თვლიდნენ, რომ არჩევნები დამფუძნებელ კრებაში უნდა ჩატარებულიყო
მხოლოდ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ რადგანაც სწორედ ამას უკავშირებდნენ ეს
პარტიები პოლიტიკური ძალთა თანაფარდობის შეცვლის იმედებს. ბოლოს მემარცხენეები
დათმობაზე წავიდნენ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. ოქტომბრის ბოლო
რიცხვებში გამოცხადდა, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდებოდა 1945 წლის ბოლომდე,
ხოლო დამფუძნებელი კრების არჩევნები – არაუგვიანეს 1946 წლის აპრილისა (შემდგომში ამ
თარიღებმა გადაიწია). დამფუძნებელი კრების ფუნქციების შესახებ საკითხის განხილვამ ასევე
გამოიწვია სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა საკონსულტაციო ასამბლეაზე. ძირითად
პარტიებს შორის გაფორმებული 1944 წლის შეთანხმებით, დამფუძნებელ კრებას ასევე უნდა
ჰქონოდა საკანონმდებლო უფლებამოსილება, თუმცა 1946 წლისთვის ეს მიუღებელი
აღმოჩნდა როგორც ზომიერი პარტიებისთვის, ისე დასავლური სახელმწიფოებისთვის.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ დამფუძნებელი კრება უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ახალი
კონსტიტუციის შემუშავებით (რაც არის ხოლმე კიდეც დამფუძნებელი კრების ფუნქცია) და
მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიკაციით. მემარცხენეები იძულებული
გახდნენ, დაეთმოთ ამ პუნქტში.
ფ. პარის მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა იყო ქვეყნის
შემდგომი დეფაშიზაცია. ამ მიმართულებით პოლიტიკის იურიდიული საფუძვლები
შემუშავებულ იქნა ჯერ კიდევ პირველი კოალიციური მთავრობების მიერ.
გათვალისწინებული იყო სასამართლო სასჯელები (სიკვდილის დასჯის გამოყენების
ჩათვლით) იმ პირების მიმართ, რომლებიც ბრალდებული იყვნენ დანაშაულებში ფაშისტური
რეჟიმის დროს ან თანამშრომლობდნენ ნაცისტებთან „სალოს რესპუბლიკის“ პერიოდში.
იქმნებოდა ფაშიზმის წინააღმდეგ სანქციების უმაღლესი კომისარიატი ოთხი კომისიის
შემადგენლობით, რომელთაგან ერთ-ერთი განაგებდა სახელმწიფო აპარატის წმენდას. ეს
ნორმები მთელი იტალიის განთავისუფლებამდე მოქმედებდა მის ტერიტორიაზე, რომელიც
იყო მყოფი მთავრობის და მოკავშირეების კონტროლქვეშ.
ჩრდილოეთში დეფაშიზაცია ხორციელდებოდა „ჩრდილოეთ იტალიის ეროვნული
განთავისუფლების კომიტეტის“ დირექტივების საფუძველზე იატაკქვეშა კომისიების და
საგანგებო სასამართლოების მიერ. ეროვნული აჯანყების გამარჯვების შემდეგ აქ დაიწყეს
ფაშისტების მასობრივი გასამართლება. მათ აპატიმრებდნენ ან უბრალოდ ადგილზე
უსწორდებოდნენ. ეს გრძელდებოდა მოკავშირეთა ჯარების მოსვლის შემდეგაც. ზიზღი
ფაშიზმის მიმართ უკიდურეს სისასტიკეში ვლინდებოდა, რაც განაწყობდა საზოგადოების
გარკვეულ ნაწილს დეფაშიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს კი ართულებდა პარის
მთავრობის მდგომარეობას.
1945 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ფაშისტური დანაშაულებების გამო ციხეებში
სასჯელს იხდიდა 40 ათასი პატიმარი. სასამართლოების მიერ გამოტანილ იქნა 220
სასიკვდილო განაჩენი. ზოგი დაუსწრებლად იქნა გასამართლებული. „წმენდის კომისიამ“ ფ.
პარის მთავრობის პერიოდში განიხილა 394 ათასი სახელმწიფო მოხელის საქმე. (ბევრი
გაანთავისუფლეს სამსახურებიდან, მათ შორის 728 მაღალი რანგის ჩინოვნიკი). მაგრამ
დეფაშიზაცია სულ უფრო შეუპოვარ წინააღმდეგობას აწყდებოდა გავლენიანი სამეწარმეო
წრეების, ვატიკანის, ზომიერად განწყობილი პოლიტიკოსების მხრიდან. შეიმჩნეოდა მისი
შემცირების ტენდენცია, რამაც გამოიწვია საპასუხო რეაქცია, ყოფილი ფაშისტების წინააღმდეგ
თვითნებური ტერორის ახალი ტალღის სახით, განსაკუთრებით ემილიაში, სადაც ნაცისტების
ოკუპაციის და სალოს რესპუბლიკის დროს სასტიკად უსწორდებოდნენ პარტიზანებს და
მოსახლეობას. თვითონ მთავრობაშიც გაჩნდა წინააღმდეგობები დეფაშიზაციასთან
დაკავშირებით. 1945 წლის ნოემბრის ბოლოს მთავრობა დატოვეს ლიბერალური პარტიის
წარმომადგენელმა მინისტრებმა, რამაც 10 დეკემბერს მთლიანი კაბინეტის გადადგომა
გამოიწვია. ახალ მთავრობას სათავეში ჩაუდგა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი

3
ალჩიდე დე გასპერი. სხვა მხრივ, კოალიციის შემადგენლობა პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ძირითადად იგივე დარჩა პარტიებს შორის სამინისტრო პოსტების განაწილებაც, თუმცა
შესამჩნევი იყო ძვრები ზომიერი პოლიტიკური კურსის სასარგებლოდ. გაუქმდა ფაშიზმის
წინააღმდეგ სანქციების უმაღლესი კომისარიატი (1946 მარტი), შეწყდა სახელმწიფო აპარატის
წმენდა.
ამასობაში საკონსულტაციო ასამბლეამ დაასრულა საარჩევნო კანონზე მუშაობა.
მთავარი სიახლე იმაში მდგომარეობდა, რომ ქალებს მიეცათ არჩევნებში ხმის უფლება,
ასაკობრივი ცენზი ამომრჩეველთათვის დადგინდა 21 წელი. გათვალისწინებული იყო ხმის
მიცემა პარტიული სიებით და მანდატების განაწილების მკაცრად პროპორციული პრინციპი.
მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება იყო სავალდებულო (ამას მოითხოვდნენ
კონსერვატიული ძალები, რომლებიც იმედებს ამყარებდნენ კანონმორჩილი და
პოლიტიკურად გამოუცდელი ამომრჩევლის ხმებზე).
იტალიის ფაშიზმიდან განთავისუფლების შემდეგ პირველი არჩევნები უნდა ყოფილიყო
მუნიციპალური არჩევნები. ის ორ ეტაპად ჩატარდა: პირველი - 1946 წლის მარტ-აპრილში
მუნიციპალიტეტების (კომუნების) დაახლოებით 2/3-ში, ხოლო მეორე – 1946 წლის ოქტომბერ-
ნოემბერში დარჩენილ რაიონებში. მარტ-აპრილის არჩევნებზე მემარცხენე პარტიებმა
მთლიანობაში მოიპოვეს ხმების დაახლოებით 50%, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ –
დაახლოებით 40%, ხოლო დანარჩენი ხმები განაწილდა ლიბერალებზე და მემარჯვენე
ტალღის ორგანიზაციებზე, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს „რიგითი ადამიანის ფრონტი“,
რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ნეოფაშისტური მოძრაობის წინამორბედად. პარტიის
რიგებში ნამდვილად იყვნენ ყოფილი ფაშისტები, თუმცა მისი ლიდერი გულიელმო ჯანინი
ნამდვილად არ იყო ფაშისტების გულშემატკივარი.
არჩევნები დამფუძნებელ კრებაში ბოლოს დაინიშნა 1946 წლის 2 ივნისს. საკითხი
იტალიის სახელმწიფო მოწყობის შესახებ (მონარქია თუ რესპუბლიკა) ამოღებულ იქნა მისი
კომპეტენციიდან და გადაეცა რეფერენდუმს, რომელიც არჩევნების პარალელურად ჩატარდა.
რეფერენდუმის წინ ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ ჩაატარა თავისი სხდომა და
განსაზღვრა პოზიცია რეფერენდუმზე გასატან საკითხთან დაკავშირებით. რესპუბლიკის
სასარგებლოდ გამოვიდა კომუნისტური პარტია, სოციალისტური პარტია, მოქმედების
პარტია, ასევე წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილე, მაგრამ ეროვნული განთავისუფლების
კომიტეტის ბლოკს გარეთ მყოფი რესპუბლიკური პარტია. ქრისტიან-დემოკრატიული
პარტიის ყრილობაზე რეზოლუციას რესპუბლიკის სასარგებლოდ მხარი დაუჭირა
დელეგატების 73%-მა, მაგრამ პარტიის მომხრეებს თავისი შეხედულებისამებრ შეეძლოთ ხმის
მიცემა. ლიბერალების ყრილობამ უპირატესობა მიანიჭა მონარქიის მიმდევრებს.
რეფერენდუმისთვის ემზადებოდა სავოიის დინასტიაც. 1946 წლის მაისში მეფე ვიტორიო
ემანუელე III ტახტიდან გადადგა მემკვიდრე პრინცის უმბერტოს სასარგებლოდ, რომელიც
უკვე მოიხსენიებოდა უმბერტო II სახელით. მონარქისტები ავრცელებდნენ იდეას
„განახლებული მონარქიის“ შესახებ, აწყობდნენ მიტინგებს, ზოგან (მაგალითად, ნეაპოლში) ეს
მიტინგები გადადიოდა ქუჩის უწესრიგობებში, მოითხოვდნენ რეფერენდუმის გადაწევას და
მთავრობის გადადგომას. რესპუბლიკის მომხრეები პასუხობდნენ მძლავრი მასობრივი
კამპანიებით. მათ მიტინგებზე და დემონსტრაციებზე ასობით ათასი ადამიანი იკრიბებოდა.
დამფუძნებელ კრებაში დეპუტატობის კანდიდატები წამოაყენა 51 პარტიამ და
ორგანიზაციამ. უმრავლესობა მათგანი გაჩნდა არჩევნების წინ და იყო მცირერიცხოვანი. 36-მა
ვერ დააგროვა აუცილებელი ხმები თუნდაც ერთი დეპუტატის ასარჩევად. სულ არჩევნებზე
ხმა მისცა 23 მლნ ამომრჩეველმა. ხმები და 556 ადგილი შემდეგნაირად განაწილდა: ქრისტიან-
დემოკრატიული პარტია – 35,2% (207 დეპუტატი), სოციალისტური პარტია – 20,7% (115
დეპუტატი), კომუნისტური პარტია – 19% (104 დეპუტატი), ეროვნული დემოკრატიული
კავშირი და ლიბერალები – 6,8% (41 დეპუტატი) რიგითი ადამიანის ფრონტი – 5,3% (30
დეპუტატი), მოქმედების პარტია – 1,4% (7 დეპუტატი). ამ ციფრებიდან აშკარაა, რომ
იტალიაში, რომელმაც გადაიტანა ფაშიზმი და წინააღმდეგობის მოძრაობა, შეუძლებელი იყო
ისეთი პოლიტიკური სისტემის დაბრუნება, სადაც წამყვანი როლი ეკუთვნოდა ლიბერალებს.

4
ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, მაგრამ
სოციალისტური და კომუნისტური პარტიები ერთობლიობაში აღემატებოდნენ მას. სავალალო
აღმოჩნდა არჩევნების შედეგები „მოქმედების პარტიისთვის“, რომელმაც გმირულად
გამოავლინა თავი წინააღმდეგობის მოძრაობაში, მაგრამ ვერ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა.
არჩევნების შემდეგ ის დაიშალა და მისი მიმდევრები შეუერთდნენ სხვა პარტიებს
(ძირითადად სოციალისტურს და რესპუბლიკურს). მოულოდნელი იყო რიგითი ადამიანის
ფრონტის შედეგები.
რეფერენდუმზე ხმების უმრავლესობა მიეცა რესპუბლიკას (54,26%). რესპუბლიკის
გამარჯვება უზრუნველყო ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალიის ხმებმა. სამხრეთში
უმრავლესობა მონარქიის მომხრე აღმოჩნდა. მონარქისტებმა სცადეს გაესაჩივრებინათ
რეფერენდუმის შედეგები, მაგრამ 1946 წლის 10 ივნისს ეს უკანასკნელი დაადასტურა
საკასაციო სასამართლომ. კიდევ რამდენიმე დღეს რესპუბლიკის მხარდასაჭერ
დემონსტრაციას (რომში 200 ათასი ადამიანის მონაწილეობით) ენაცვლებოდა უმბერტო
სავოიელის პროტესტები და მისი მომხრეების ქუჩის აქციები, მაგრამ 13 ივნისს „მაისის მეფე“,
როგორც მას დაცინვით უწოდებდნენ, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და
ესპანეთში გაფრენილიყო. 1946 წლის 18 ივნისს იტალია ოფიციალურად გამოცხადდა
რესპუბლიკად.
25 ივნისს გაიხსნა დამფუძნებელი კრება. სახელმწიფოს დროებითი მეთაური გახდა
ლიბერალი ენრიკო დე ნიკოლა. ჩამოყალიბდა ალჩიდე დე გასპერის ახალი კოალიციური
მთავრობა, რომელშიც შევიდნენ მხოლოდ იმ პარტიის წარმომადგენლები რომლებმაც
რესპუბლიკას დაუჭირეს მხარი (ქდპ, სოციალისტური, კომუნისტური, რესპუბლიკური).
კრება შეუდგა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შემუშავებას.
თითქმის ასი წელი გავიდა მას შემდეგ რაც 1848-1849 წლების რევოლუციის დროს
სარდინიის სამეფოში მიღებულ იქნა ალბერტინის სტატუტი, რომელიც შემდეგ გახდა
გაერთიანებული იტალიის პირველი კონსტიტუცია. მასში განმტკიცებული იყო
მონარქისტული სახელმწიფო წყობილება. ახლა მონარქია, რომელსაც ეკისრებოდა ფაშისტურ
რეჟიმთან თანამონაწილეობის მძიმე ისტორიული პასუხისმგებლობა, დასრულდა.
დამფუძნებელ კრებას საბოლოოდ უნდა გაეფორმებინა რესპუბლიკის გამარჯვება მისი
ძირითადი კანონის მიღებით.
იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის შემუშავება მწვავე დისკუსიების
პირობებში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი იყო, აღიარებდა თუ არა
რესპუბლიკა სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობის სტატუსს, რომელიც 1929 წლის
ლათერანის შეთანხმებებით იყო დადგენილი. ვატიკანი დაინტერესებული იყო მისი სრულად
შენარჩუნებით და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის გზით ცდილობდა ამის მიღწევას.
მემარცხენე პარტიები თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა სეკულარული სახელმწიფოსგან
გადახვევა და ასევე კონსტიტუციაში გამოცხადებული სინდისის თავისუფლების შეზღუდვა
(სხვათა შორის, ალბერტინის სტატუტში პუნქტი სინდისის თავისუფლების შესახებ არ
ყოფილა შეტანილი). ასეთ პოზიციაზე იდგა იტალიის კომუნისტური პარტია, მაგრამ რომ
აეცილებინათ საშიში კონფრონტაცია რესპუბლიკასა და ეკლესიას შორის, კომუნისტებმა
გამოავლინეს მზაობა კომპრომისზე. საბოლოოდ კონსტიტუციაში (მე-7 მუხლი) შემდეგი
ჩაიწერა: „სახელმწიფო და კათოლიკური ეკლესია დამოუკიდებელი და სუვერენულია
თავიანთ სფეროში, მათი დამოკიდებულება განისაზღვრება ლათერანის ხელშეკრულებებით.
ცვლილებები ამ ხელშეკრულებებში განხორციელებული მხარეების მიერ არ მოითხოვს
კონსტიტუციის გადასინჯვას“.
კონსტიტუციით იტალიის რესპუბლიკის მეთაური გახდა პრეზიდენტი, რომელსაც 7
წლით ირჩევდა დეპუტატთა პალატის, სენატის და ავტონომიური ოლქების
წარმომადგენელთა ერთობლივი სხდომა. ძველ მონარქისტულ კონსტიტუციასთან
შედარებით, სიახლე იყო საოლქო ავტონომიის პრინციპის აღიარება და სენატის არჩევითობა.
პარლამენტის ორივე პალატა ახლა ირჩეოდა ყველა სრულწლოვანი მოქალაქის მიერ. ჩაწერილ
იქნა, რომ მმართველობის რესპუბლიკური ფორმა საკონსტიტუციო გადასინჯვას არ

5
ექვემდებარებოდა. აიკრძალა ფაშისტური პარტიის აღდგენა ნებისმიერი ფორმით. ძირითადი
პრინციპების ჩამონათვალში იყო ომზე, როგორც სხვა ხალხების თავისუფლების ხელყოფის
იარაღზე უარის თქმა და საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა.
კონსტიტუციისთვის დამახასიათებელი დემოკრატიზმი არ ამოიწურებოდა მხოლოდ
ფაშიზმთან ბრძოლაში კვლავ მოპოვებული ტრადიციული სამოქალაქო უფლებების და
თავისუფლებების განმტკიცებით. ზოგიერთი მისი დადგენილება საერთოდ უჩვეულო იყო
ძველი ლიბერალური კონსტიტუციების საზომით და გამოირჩეოდა რადიკალიზმით: იტალია
გამოცხადდა დემოკრატიულ რესპუბლიკად, რომელიც დაფუძნებულია შრომაზე. ეს
რესპუბლიკა თავის თავზე იღებდა ამოცანას: „მოესპო ეკონომიკური თუ სოციალური
ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც, ფაქტობრივად ზღუდავენ რა მოქალაქეთა
თავისუფლებას და თანასწორობას, ხელს უშლიან ადამიანის პიროვნების სრულფასოვან
განვითარებას და ყველა მშრომელის ნამდვილ, ეფექტურ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ
და სოციალურ ორგანიზებაში“ (მუხლი 3). კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებდა შრომის
უფლებას, არამედ დეკლარირებდა: „რესპუბლიკა ახალისებს პირობებს, რომელიც ამ უფლებას
რეალურს ხდის“ (მუხლი 4). კონსტიტუციაში ასახვა ჰპოვა სამუშაო დღის საკანონმდებლო
შეზღუდვის და თანაბარ შრომაზე თანაბარი ანაზღაურების პრინციპებმა, მშრომელთა
უფლებებმა ყოველკვირეულ დასვენებაზე, ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაზე,
სოციალურ უზრუნველყოფაზე, პროფკავშირების დამოუკიდებლობაზე, გაფიცვების
უფლებაზე. კერძო სამეურნეო ინიციატივის თავისუფლება აღიარებული იყო იმ დათქმით,
რომ ის არ უნდა მოსულიყო წინააღმდეგობაში საზოგადოებრივ კეთილდღეობასთან. ამასთან,
გათვალისწინებული იყო, რომ საწარმო, რომელიც წარმოადგენდა „მნიშვნელოვანი
საზოგადოებრივი ინტერესის საგანს“, კანონით შეიძლებოდა გასხვისებულიყო
მფლობელებისგან გამოსასყიდის საწყისზე და გადასცემოდა სახელმწიფოს, საზოგადოებრივ
დაწესებულებებს ან მშრომელთა გაერთიანებებს. ასევე გათვალისწინებული იყო მიწის
მფლობელობაზე კანონმდებლობით დადგენილი ზღვარი და ა.შ. კონსტიტუციაში ამ
მუხლების თუ პირობების ჩაწერა აიხსნებოდა იმით, რომ ის იყო წინააღმდეგობის მოძრაობის
ნაყოფი და ასახავდა მშრომელი მასების წვლილს იტალიაში ფაშიზმის დამარცხების საქმეში.
მასში დაფიქსირებული იყო არა მხოლოდ რეალური მონაპოვარი, არამედ მიზნები, რომლებიც
ჯერ კიდევ მისაღწევი იყო. დემოკრატიულმა ძალებმა მიიღეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც
იქნებოდა ანტიმონოპოლისტური ცვლილებების, აგრარული რეფორმების, წინააღმდეგობის
სოციალ-პოლიტიკური პროგრამის სრული რეალიზაციისთვის ბრძოლის ლეგალური
საფუძველი. ამასთან, წინააღმდეგობის ძალებმა კონსტიტუციის შეცვლა ძალზე რთულ
პროცესად აქციეს. ცვლილებები ორივე პალატამ ორჯერ უნდა დაამტკიცოს ორი მესამედით.
თუ მეორე მოსმენაზე დაფიქსირდა უმრავლესობა, მაგრამ ორ მესამედზე ნაკლები, მაშინ
საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს. კონსტიტუცია დამფუძნებელი კრების მიერ
დამტკიცებულ იქნა 1947 წლის 22 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1948 წლის 1 იანვარს.
ამასობაში კი პოლიტიკური სიტუაცია იტალიაში რადიკალურად შეიცვალა.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური ბატონობა

დებატები დამფუძნებელ კრებაში კონსტიტუციის პროექტის გარშემო ხდებოდა იმ


პირობებში, როდესაც ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება დამძიმებულ იყო ომიდან
მშვიდობაზე გადასვლის პერიოდის უამრავი პრობლემით. ომმა გამოფიტა ქვეყნის ეკონომიკა.
შიმშილი, შავი ბაზრის აყვავება, დაბომბვების დამანგრეველი შედეგები, – ეს ყველაფერი
იტალიელებმა განიცადეს ჯერ კიდევ მუსოლინის დაცემამდე. „სალოს რესპუბლიკის“ დროს
ფართო მასშტაბები შეიძინა ყველაზე ძვირფასი სამუშაო რესურსების გერმანიაში გადაქაჩვამ,
გაძლიერდა სამეურნეო ცხოვრების დეზორგანიზაცია ქვეყნის ორად გახლეჩის გამო
(სამხრეთი მოკავშირეთა სამხედრო ადმინისტრაციით და ჩრდილოეთი – ნაცისტური
ოკუპაციის ქვეშ). საერთო ჯამში იტალიამ მის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების და
საჰაერო დაბომბვების შედეგად დაკარგა სამრეწველო საწარმოების მესამედი, რკინიგზების

6
მეოთხედი, ხიდების მესამედი. 3 მილიონმა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი. უამრავი
საწარმო უსაქმოდ იყო ნედლეულის და საწვავის არქონის გამო, სამრეწველო წარმოების
მოცულობა 1945 წელს ომამდელზე ორჯერ უფრო ნაკლები იყო. 1945 წლის ბოლოსთვის
იტალია მოითვლიდა 2 მლნ უმუშევარს. მოსახლეობა იტანჯებოდა ფასების განუხრელი
მატებით. სავალალო მდგომარეობაში იყო სოფლის მეურნეობა, რომელმაც ომის გამო დაკარგა
უამრავი შრომისუნარიანი მუშახელი. ომის შემდგომ პირველ წლებში მოუსავლიანობა
შიმშილის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა. 1946 წლის შემოდგომას იტალიის შრომის
საყოველთაო კონფედერაციის გაერთიანებულმა პროფკავშირებმა მიაღწიეს მეწარმეთა
კონფედერაციასთან შეთანხმებას, რომლითაც შემოღებულ იქნა მცოცავი სახელფასო შკალა,
ანუ მისი ავტომატური აწევა ფასების მატებასთან ერთად. მთავრობამ ეს პრინციპი დააკანონა.
პროფკავშირები თავის მხრივ ვალდებული იყვნენ 7 თვის განმავლობაში დაეცვათ „ზავი“
მეწარმეებთან და თავი შეეკავებინათ გაფიცვებისგან, თუმცა სოციალური კონფლიქტები სხვა
ფორმებით ვლინდებოდა – უმუშევრების გამოსვლებით. ისინი მოითხოვდნენ დახმარებას და
საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზებას. იტალიის შრომის საყოველთაო
კონფედერაციის შეთავაზებული პროგრამა უმუშევრობასთან ბრძოლის ზომებთან
დაკავშირებით არ იქნა მთავრობის მიერ მიღებული, ხოლო უმუშევრების დემონსტრაცია
ქალაქ ბარიში დარბეულ იქნა ჯავშანტექნიკის დახმარებით (ერთი მონაწილე დაიღუპა, 25 კი
დაიჭრა).
სხვა ტიპის პრობლემები დაკავშირებული იყო ომისშემდგომ მშვიდობიან
დარეგულირებასთან. 1947 წლის 10 თებერვალს ხელმოწერილ იქნა სამშვიდობო
ხელშეკრულება ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებს და იტალიას, როგორც გერმანიის
ყოფილ მოკავშირეს შორის. მისი პირობებით, იტალია უარს ამბობდა თავის კოლონიურ
სამფლობელოებზე აფრიკაში, აღიარებდა ეთიოპიის და ალბანეთის დამოუკიდებლობის
აღდგენას, თანხმდებოდა დოდეკანესის არქიპელაგის საბერძნეთისთვის გადაცემას,
ვალდებული იყო რეპარაციები გადაეხადა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მისი აგრესიის გამო
დაზარალდნენ და გაეტარებინა მშვიდობისმოყვარე საგარეო პოლიტიკა. ხელშეკრულების
პროექტის შემუშავებისას ერთ-ერთი სადავო საკითხი იყო ტრიესტის საკითხი. ამ
მნიშვნელოვან ადრიატიკულ პორტზე პრეტენზიას აცხადებდა იუგოსლავია, რომელსაც მხარს
უჭერდა საბჭოთა კავშირი. იტალიას არ სურდა ტრიესტის დათმობა (ერთადერთი მონაპოვარი
პირველ მსოფლიო ომში) და აპელირებდა იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა
იტალიელები წარმოადგენდნენ. ქვეყანაში ტრიესტის იტალიური იდენტურობის (italianita)
იდეა ფართო გამოძახილს ჰპოვებდა, მას იზიარებდნენ კომუნისტებიც, ზომიერი და
მემარჯვენე პარტიები კი იყენებდნენ ამ თემას იუგოსლავიის და სსრკ-ს წინააღმდეგ.
დასავლეთის სახელმწიფოები კეთილგანწყობით ეკიდებოდნენ იტალიის მცდელობას,
შეენარჩუნებინა ტრიესტი, მაგრამ პარიზის საზავო კონფერენციაზე მიღებულ იქნა
კომპრომისული გადაწყვეტილება. ტრიესტი ცხადდებოდა თავისუფალ ტერიტორიად გაეროს
მმართველობის ქვეშ. სამშვიდობო ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა დამფუძნებელი
კრების მიერ 1947 წლის 15 სექტემბერს და ამ მომენტიდან შევიდა ძალაში.
აღნიშნული თარიღიდან აითვალა ინგლის-ამერიკის ჯარების იტალიის ტერიტორიაზე
ყოფნის ბოლო ვადა. მათ ბოლო კონტინგენტს იტალია უნდა დაეტოვებინა არა უგვიანეს სამი
თვისა, ანუ 15 დეკემბერს. მაგრამ მართლა გავიდოდნენ თუ არა, ამასთან დაკავშირებით
იტალიურ საზოგადოებაში არსებობდა ეჭვები. ამ დროისთვის საკვანძო პოლიტიკური
ფიგურა იტალიაში გახდა დე გასპერი, რომელიც სულ უფრო მეტად იყო ორიენტირებული აშშ
და ინგლისის მხრიდან მხარდაჭერაზე. 1947 წლის იანვარში დე გასპერი იმყოფებოდა აშშ-ში,
სადაც მასზე მოხდა „ზეწოლა“ მემარცხენე პარტიის წარმომადგენელების მთავრობიდან
ჩამოშორების მიზნით. თუმცა დე გასპერის დაბრუნებისთანავე დაწყებული სამთავრობო
კრიზისი დასრულდა იმით, რომ ახალი მთავრობა მაინც ფორმირებულ იქნა კომუნისტების
და სოციალისტების მონაწილეობით. იმავდროულად სოციალისტურ პარტიაში გაძლიერდა
მემარჯვენე მიმართულება ჯუზეპე სარაგატის მეთაურობით, რომელიც გამოდიოდა
კომუნისტებთან ერთიანი მოქმედების წინააღმდეგ. პროლეტარული ერთიანობის იტალიის

7
სოციალისტური პარტიის სხდომაზე 1947 წლის იანვარში ის გამოეყო პარტიას, რომელმაც ამის
შემდეგ დაიბრუნა ძველი სახელწოდება – იტალიის სოციალისტური პარტია (თვითონ ჯ.
სარაგატის დაჯგუფებას იტალიის მშრომელთა სოციალისტური პარტია ეწოდა).
სოციალისტურმა პარტიამ დაადასტურა თავისი ერთგულება პარტიების ერთობლივი
მოქმედების იდეისადმი, რაც პრინციპში იყო მთელი ანტიფაშისტური კოალიციის
უმნიშვნელოვანესი საყრდენი, მაგრამ ამ საყრდენს გაუჩნდა პირველი ბზარი. სამთავრობო
დონეზე თანამშრომლობა ქრისტიან-დემოკრატიულ და მემარცხენე პარტიებს შორის 1947
წლის მაისში დასრულდა. ახალი სამთავრობო კრიზისი დასრულდა დე გასპერის
ერთპარტიული მთავრობის შექმნით, რომელსაც ნდობა გამოუცხადა დამფუძნებელი კრების
მთელმა მემარჯვენე ფრთამ, მათ შორის მონარქისტებმა და „რიგითი ადამიანის ფრონტმა“.
ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ იტალიაში უნდა ჩატარებულიყო პირველ
რესპუბლიკური პარლამენტის არჩევნები. ის დანიშნულ იქნა 1948 წლის 18 აპრილს. მზადება
არჩევნებისთვის მიმდინარეობდა დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში. სამთავრობო ბანაკი
ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა კომუნისტების და სოციალისტების მიერ შექმნილი
ბლოკის – სახალხო-დემოკრატიული ფრონტი – გამარჯვება. პოლიცია ხშირად არბევდა
მემარცხენე პარტიების წინასაარჩევნო მიტინგებს. პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად ჩაერია
ეკლესიაც, რომელიც მორწმუნეებს მოუწოდებდა ქრისტიან-დემოკრატებისთვის მიეცათ ხმა.
ქრისტიან-დემოკრატები ეყრდნობოდნენ იტალიის მრეწველთა კონფედერაციის ფინანსურ
მხარდაჭერას. მძლავრი პროპაგანდისტული კოზირი იყო ეკონომიკური დახმარება,
რომელსაც აშშ ჰპირდებოდა იტალიას იმ პირობით, თუ ქვეყანაში არ მოხდებოდა ამერიკის
ადმინისტრაციისთვის არასასურველი პოლიტიკური ცვლილებები. აშშ-ს, ინგლისის და
საფრანგეთის მმართველი წრეები ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში
აცხადებდნენ მზადყოფნას, იტალიისთვის გადაეცათ ტრიესტი. იტალიიდან ამერიკული
ჯარების გამოყვანა არ დასრულებულა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
ვადებში და გადაიწია განუსაზღვრელი ვადით, ხოლო 1948 წლის დასაწყისში იტალიის
პორტებში აშშ-ს სამხედრო გემები შემოვიდა. ანტიკომუნისტურ განწყობილებებზე დიდი
გავლენა იქონია 1948 წლის დასაწყისში ჩეხოსლოვაკიაში მომხდარმა კომუნისტურმა
გადატრიალებამ.
არჩევნებში გამარჯვება ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. მან მიიღო ხმების
48,48% და დეპუტატთა პალატაში 574 ადგილიდან 305 დაიკავა. სახალხო დემოკრატიულმა
ფრონტმა მიიღო ხმების 31,03% (183 ადგილი). დამფუძნებელი კრების არჩევნებთან
შედარებით კომუნისტებმა და სოციალისტებმა დაკარგეს 8,5%-ზე მეტი ხმები. ნაწილობრივ ეს
დანაკარგი აიხსნება სოციალისტური პარტიის გახლეჩით, მაგრამ უფრო მეტად ეს
განპირობებული იყო ქვეყანაში პოლიტიკური ატმოსფეროს საერთო ცვლილებებით, მკვეთრი
კონფრონტაციით იმ ძალებს შორის, რომლებიც ადრე თანამშრომლობდნენ ფაშიზმის
წინაამდეგ ბრძოლაში.1 მესამე ადგილზე გავიდა ბლოკი სოციალისტური ერთობა – 7,09% და
33 ადგილი. მასში შედიოდნენ იტალიის მშრომელთა სოციალისტური პარტია და
სოციალისტების კავშირი. ახლად შექმნილი მთავრობის ლიდერი კვლავინდებურად ალჩიდე
დე გასპერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან-დემოკრატებს მთავრობის ჩამოყალიბება
ერთპიროვნულადაც შეეძლოთ, მათ მაინც შეიყვანეს კოალიციაში ლიბერალური პარტია, 2
იტალიის მშრომელთა სოციალისტური პარტია და იტალიის რესპუბლიკური პარტია (2,48%
და 9 ადგილი). გარდა ამისა, მთავრობაში შედიოდა ორი უპარტიო პიროვნება, რომელთაგან

1 კომუნისტებმა მოგვიანებით ამ არჩევნებს უწოდეს „ყველაზე ბინძური, რაც კი ოდესმე იტალიაში


ჩატარებულა“. ბუნებრივია, ეს არასწორი შეფასება იყო (საკმარისია, თუნდაც 1924 წლის არჩევნების
გახსენება). კომუნისტების მხრიდან კი უბრალოდ მკრეხელობა იყო იტალიის არჩევნების
„არადემოკრატიულობაზე“ აპელირება, მით უმეტეს, თუ შევადარებთ საბჭოთა ხელისუფლების მიერ
იმავე პერიოდში აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ჩატარებულ „არჩევნებს“.
2 არჩევნებში ლიბერალური პარტია გაერთიანებული იყო რიგითი ადამიანის ფრონტთან „ეროვნულ

ბლოკში“, რომელმაც 3,82% დააგროვა და 19 ადგილი მიიღო.

8
ერთ-ერთს, კარლო სფორცას, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. აღსანიშნავია, რომ
ქრისტიან-დემოკრატებმა კოალიციის სხვა წევრ პარტიებს დაუთმეს იუსტიციისა და
თავდაცვის მინისტრების პოსტები.
პოლიტიკური დაძაბულობა არც არჩევნების შემდეგ შენელებულა. ანტიკომუნისტური
კამპანია გაგრძელდა. ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო ხელისუფლების შეიარაღებული
გზით მოპოვებისთვის მზადება. კომუნისტებს შორის მართლაც იყო მსგავს პერსპექტივაზე
ორიენტირებული ხალხი. პარტიის ხელმძღვანელობაში აჯანყების სასარგებლოდ გამოდიოდა
პალმირო ტოლიატის ორი მოადგილიდან ერთ-ერთი პიეტრო სეკია. ხოლო კომუნისტური და
მუშათა პარტიების საინფორმაციო ბიუროს (კომინფორმი) დაარსებისას იტალიელებს
აჯანყებისკენ აქტიურად მოუწოდებდა იუგოსლავიის წარმომადგენელი ედვარდ კარდელი,
რომელიც მათ ბერძენი კომუნისტებისთვის მიბაძვას ურჩევდა. მიუხედავად ამისა, იტალიის
კომუნისტურმა პარტიამ უარი თქვა აჯანყებასა და სამოქალაქო ომზე, რომელიც, უდიდესი
ალბათობით, დამარცხებას და მოპოვებული პოზიციების დაკარგვას გამოიწვევდა. ტოლიატი
თვლიდა, რომ საბერძნეთის გამოცდილება სწორედ იმიტომ იყო გასათვალისწინებელი, რომ
მსგავსი რამ არ განმეორებულიყო.3 1948 წლის 14 ივლისს რომში ფანატიკოსი ანტიკომუნისტი
ანტონიო პალანტე თავს დაესხა და მძიმედ დაჭრა პ. ტოლიატი. ამ ტერორისტულ აქტზე
პასუხი იყო ჯერ სტიქიურად დაწყებული, ხოლო შემდეგ პროფკავშირების სანქცირებული
საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა დაახლოებით 7 მლნ ადამიანის მონაწილეობით.
პარლამენტსა და სახალხო მიტინგებზე მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, რომელსაც
აკისრებდნენ მორალურ პასუხისმგებლობას მომხდარის შესახებ. რიგ ქალაქებში ხდებოდა
შეიარაღებული შეტაკებები მანიფესტანტებს და პოლიციას შორის. 20 მოკლული, 600
დაჭრილი, 7 ათასი დაპატიმრებული, – ასეთი იყო აქციების შედეგი. ყოველივე ეს ადვილად
შეიძლება გადაზრდილიყო ფრონტალურ შეტაკებაში ხელისუფლებასთან, რასაც, თავის
მხრივ, შეეძლო დაედასტურებინა მთავრობის მტკიცება კომუნისტების მიერ ამბოხების
გეგმებთან დაკავშირებით და მიეცა მისთვის საბაბი, კანონგარეშედ გამოეცხადა იტალიის
კომუნისტური პარტია. ამ საფრთხის გათვალისწინებით, იტალიის შრომის საყოველთაო
კონფედერაცია და იტალიის კომუნისტური პარტია მოითხოვდნენ, რომ გაფიცვები
დარჩენილიყო მშვიდობიანი პოლიტიკური პროტესტის ჩარჩოებში. ეს საბოლოოდ მიღწეულ
იქნა კიდეც. 16 ივლისს გაფიცვები ორგანიზებულად შეწყდა, თუმცა მათ აჩვენეს ის
მხარდაჭერა, რომლითაც სარგებლობდა მშრომელებში კომუნისტური პარტია.
14-16 ივლისის გაფიცვების შემდეგ იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციიდან
გამოსვლის შესახებ გამოაცხადეს კათოლიკურმა პროფკავშირებმა. ისინი ადრეც
მოითხოვდნენ კონფედერაციის ჩამოშორებას პოლიტიკის სფეროდან და მისი საქმიანობის
შემოფარგლვას წმინდა პროფკავშირული ბრძოლით. მათ საბაბად გამოიყენეს გაფიცვის
პოლიტიკური ხასიათი და შექმნეს საკუთარი ორგანიზაცია, რომელმაც 1950 წელს მიიღო
მშრომელთა პროფკავშირების იტალიური კონფედერაციის სახელი (Confederazione Italiana
Sindacati Lavoratori – CISL). მისი რიცხვი 1,6 მლნ წევრს მოითვლიდა. ამასობაში მორიგი
განხეთქილება მოხდა სოციალისტურ პარტიაში, რომელსაც გამოეყო კიდევ ერთი მემარჯვენე
დაჯგუფება ჯუზეპე რომიტას მეთაურობით (შემდგომში ის შეუერთდა სარაგატის ჯგუფს და
ამ გაერთიანებამ იტალიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელი მიიღო). 1950 წელს
მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი პროფკავშირები ასევე გამოეყვნენ იტალიის შრომის
საყოველთაო კონფედერაციას და დაარსეს კიდევ ერთი ორგანიზაცია – შრომის იტალიური
კავშირი (Unione Italiana del Lavoro – UIL).
კათოლიკური პროფკავშირები წარმოადგენდა მნიშვნელოვან რგოლს მასობრივი
ორგანიზაციების სისტემაში რომელიც დაჯგუფებული იყო ქრისტიან-დემოკრატიული
პარტიის გარშემო და მისი პოლიტიკური ძალაუფლების საყრდენს წარმოადგენდა. მათ გარდა,

3 პ. ტოლიატი სწორი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ 1948 წლისთვის ბერძენი კომუნისტები
გარკვეულ წარმატებებს აღწევდნენ, საბოლოოდ ისინი სასტიკად დამარცხდნენ 1946-1949 წლების
სამოქალაქო ომში და დიდი ხნით გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან საბერძნეთში.

9
ამ სისტემაში შედიოდა იტალიელი მშრომელების ქრისტიანული ასოციაცია (Associazioni
Cristiane dei Lavoratori Italiani – ACLI), კათოლიკური მოქმედება, გლეხთა ეროვნული
კონფედერაცია და ა.შ. ამ ორგანიზაციების წევრთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან
ზოგჯერ მათში ერთი და იგივე პირები იყვნენ გაერთიანებული, თუმცა, უდავოა, რომ მათი
რიცხვი მილიონებს აღწევდა. XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების
დასაწყისში მასობრივი კათოლიკური მოძრაობა მისდევდა ქრისტიან-დემოკრატიული
პარტიის ანტიკომუნისტური პოლიტიკის კვალს და იკავებდა მკვეთრად მტრულ პოზიციას
რომლებიც კომუნისტების და სოციალისტების ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი
პროფკავშირების თუ სხვა ორგანიზაციების მიმართ.

ქდპ-ს პოლიტიკა, ცენტრიზმი

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ხელში ხელისუფლების კონცენტრაციის ერთ-


ერთი შედეგი 40-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების დასაწყისში იყო კლერიკალური
ტენდენციების ზრდა საშინაო პოლიტიკაში. 1949 წლის თებერვალში პაპ პიუს XII-თან ალჩიდე
დე გასპერის აუდიენციის დროს პარტიის პოლიტიკურმა კურსმა ვატიკანის ოფიციალური
ლოცვა-კურთხევა მიიღო. მალე პაპმა გამოაცხადა კომუნისტების, სოციალისტების და
არჩევნებზე მათი მხარდამჭერი პირების ეკლესიიდან განკვეთის შესახებ. სარგებლობდა რა
უმაღლესი საეკლესიო იერარქების მხარდაჭერით და მეურვეობით, ქრისტიან-
დემოკრატიულმა პარტიამ გადაუხვია რესპუბლიკური კონსტიტუციის პრინციპებს,
რომელიც განამტკიცებდა იტალიური სახელმწიფოს საერო ხასიათს. ეკლესიის ჩარევა
იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდებოდა მუდმივად და სხვადასხვაგვარი ფორმით –
მორწმუნე მრევლზე ზემოქმედებიდან დაწყებული პარტიის ლიდერებისადმი ვატიკანის
დირექტივებით დამთავრებული.
სიტუაციაში, რომელიც შეიქმნა 1948 წლის არჩევნების შემდეგ ქრისტიან-
დემოკრატიული პარტია არ ჩქარობდა იმ სოციალური ცვლილებების განხორციელებას,
რომელთა აუცილებლობა მის მიერ აღიარებული იყო წინააღმდეგობის მოძრაობის პერიოდში.
მიუხედავად ამისა, დე გასპერის მთავრობას მოუწია აგრარული რეფორმის გატარება 1949-
1950 წლებში გლეხთა პროტესტების გავლენით. ამ გამოსვლებმა მოიცვა იტალიის მთელი
სამხრეთი, ანუ მსხვილი სამამულო მიწისმფლობელობის (ლატიფუნდიების) ზონა. გლეხების
ძირითადი მასას მიწა არ გააჩნდა და ის მემამულეებისგან კაბალურ პირობებში იჯარით
ჰქონდა აღებული. ამავე დროს, მიწების ნაწილი საერთოდ არ მუშავდებოდა. სოფლებში
გლეხების მიერ ლატიფუნდისტების ცარიელი მიწების დაკავება უძველესი დროიდან
ხდებოდა, მაგრამ არასდროს ისეთი მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, როგორც XX საუკუნის
40-იანი წლების შუახანებში.
სტიქიურად დაწყებული გლეხთა მოძრაობის სათავისოდ გამოყენება სცადა
კომუნისტურმა პარტიამ, რომელმაც მხარი დაუჭირა და სათავეშიც ჩაუდგა მას. გლეხები
მემამულეთა მიწებს დასაკავებლად წითელი დროშებით მიდიოდნენ, იქმნებოდა აგრარული
რეფორმისთვის ბრძოლის ორგანოები – სამიწო კომიტეტები. ეყრდნობოდა რა ამ მასობრივ
მოძრაობას, კომუნისტურმა პარტიამ დაიწყო საერთო აგრარული რეფორმის პროექტის
შემუშავება, რომელიც მოიწონა გლეხთა სხდომამ რომში და შემდეგ კომუნისტების და
სოციალისტების მიერ შეტანილ იქნა პარლამენტში. პროექტი ითვალისწინებდა მიწის
საკუთრებაზე 100 ჰა ოდენობით ლიმიტის დაწესებას, ამ ზღვარს ზევით მიწები სახელმწიფოს
უნდა გამოესყიდა და საშეღავათო პირობებში სარგებლობაში გადაეცა გლეხებისთვის.
პარლამენტმა უარყო ეს პროექტი, სამაგიეროდ 1950 წელს მიღებულ იქნა ორი სამთავრობო
კანონპროექტი. პირველი ეხებოდა კალაბრიის იმ ზონას, სადაც ყველაზე ძლიერი იყო გლეხთა
მოძრაობა, მეორის მოქმედების სფერო კი ვრცელდებოდა ცენტრალური და სამხრეთ იტალიის
სხვადასხვა ოლქებსა და სარდინიაზე. ორივე კანონი ითვალისწინებდა ჭარბი მიწის
იძულებით (მაგრამ გამოსყიდვით) ჩამორთმევას, პირველ შემთხვევაში მფლობელისგან,
რომელსაც ჰქონდა 300 ჰა-ზე მეტი მიწა, ხოლო მეორე შემთხვევაში – მათგან, ვინც მიწიდან

10
იღებდა 30 ათას ლირაზე მეტ წლიურ შემოსავალს. გარდა ამისა, ცალკე ადგილობრივი კანონი
იქნა მიღებული სიცილიაში, რომელიც განსაკუთრებული სტატუტის მქონე ავტონომიური
ოლქი იყო. მესაკუთრეებისგან გასხვისებული მიწები გადადიოდა სპეციალური სახელმწიფო
ორგანოების – რეფორმის გატარების კომიტეტები – განკარგულებაში. კომიტეტებს უნდა
დაეფინანსებინა მელიორაციის და სხვა სამუშაოები ამ მიწებზე და გადაეცა ის საკუთრებაში
უმიწო და მცირემიწიანი გლეხებისთვის გამოსასყიდით, რომლის გადახდა გლეხს შეეძლო
ნაწილ-ნაწილ 30 წლის განმავლობაში. კომიტეტებს ასევე ევალებოდა მიწაგადაცემული
გლეხებისთვის ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენა. ყველა იმ
რაიონში, სადაც ჩატარდა რეფორმა, გასხვისებას დაექვემდებარა საერთო ჯამში 720 ათასი ჰა
მიწა. ამ ფონდიდან გათვალისწინებული იყო როგორც ნადელების, რომელიც შეიძლება
გამხდარიყო დამოუკიდებელი საოჯახო მეურნეობის საფუძველი, დარიგება (დაახლოებით 80
ათასი), ასევე უფრო ნაკლები ნაკვეთების. რეალურად 50-იანი წლების ბოლომდე რეფორმით
განაწილებულ იქნა 616 ათასი ჰა მიწა. იტალიაში, სადაც დაახლოებით 1 მლნ გლეხი
საჭიროებდა მიწას, აგრარულმა რეფორმამ, ბუნებრივია, ყველა სრულად ვერ დააკმაყოფილა.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ 1948 წელს მიღებულ საკანონმდებლო ზომებთან
(საგადასახადო შეღავათები, სახელმწიფო კრედიტები) ერთად, რომლებიც ამსუბუქებდა
გლეხისთვის მიწის ყიდვას, ეს რეფორმა არსებითად ცვლიდა მიწის საკუთრების
სტრუქტურას. ამა თუ იმ გზებით, 1959 წლისთვის გლეხების ხელში გადავიდა დაახლოებით
1,5 მლნ ჰა მიწა, ხოლო მემამულური ლატიფუნდიების სისტემამ სამხრეთში პრაქტიკულად
შეწყვიტა არსებობა.
აგრარულ რეფორმას სამთავრობო ცვლილებებიც მოჰყვა. ლიბერალურმა პარტიამ
დატოვა კოალიცია. ქრისტიან-დემოკრატებს პრობლემები შეექმნა სამხრეთელ მსხვილ
მემამულეებთანაც, რომლებიც რეფორმით უკმაყოფილონი იყვნენ. ეს უკანასკნელნი სხვა
პარტიებში გადაბარგდნენ. ამავდროულად გრძელდებოდა მშრომელთა გამოსვლებიც, რაც
ხშირად პოლიციასთან შეტაკებებში გადადიოდა. სისხლიანმა გარჩევებმა 1949-1950 წლებში
შეიწირა ათობით სიცოცხლე, დაიჭრა ათასობით ადამიანი, 92 ათასზე მეტი დაკავებული ან
დაპატიმრებულ იქნა პოლიციის მიერ. მმართველი პარტია აპირებდა თავის პოლიტიკის
გამყარებას საგანგებო კანონებით (პრესის, პროფკავშირების და სხვ.), რომელთა პროექტები
პარლამენტში განიხილებოდა 1951-1953 წლებში, მაგრამ ეს არც ისე იოლი გამოდგა.
სამთავრობო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილიც კი ხშირად გამოდიოდა მათ წინააღმდეგ.
შედეგად, კანონი პროფკავშირების შესახებ საერთოდ ჩავარდა, ხოლო 1951 წელს მიღებულმა
კანონმა „სამოქალაქო თავდაცვის“ შესახებ საზოგადოების წინააღმდეგობის გამო ვერ მიიღო
პრაქტიკული გამოყენება, რადგანაც ჩაითვალა, რომ მასში მოხსენიებული „მავნე ელემენტები“
არა მარტო ფაშისტებს, არამედ მემარცხენე ძალებსაც გულისხმობდა.
ომისშემდგომი იტალიის საგარეო პოლიტიკა ცალსახად აშშ-ზე იყო ორიენტირებული.
1948 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა მარშალის გეგმით
იტალიისთვის გათვალისწინებული ეკონომიკური დახმარება, რომლის საერთო მოცულობა
1,5 მლრდ დოლარს უდრიდა. თავიდან იტალიაში ძირითადად კვების პროდუქტები
შემოჰქონდათ, შემდეგ დაიწყო სამრეწველო მოწყობილობების იმპორტი. პირობების
თანახმად, აშშ აკონტროლებდა სახსრების ხარჯვას, რომელიც იტალიის შიდა ბაზარზე მათი
საქონლის გაყიდვისგან მოდიოდა (ე.წ. ლირის ფონდი). ამერიკულმა ეკონომიკურმა
დახმარებამ იტალიას საშუალება მისცა, დაეძლია ყველაზე რთული წლები, რაც, თავის მხრივ,
განაპირობებდა სოციალური დაძაბულობის შესუსტებას. მაგრამ მარშალის გეგმის
მოქმედების მეორე მხარე იყო ამერიკული კაპიტალის შესვლა იტალიის ეკონომიკაში, ხოლო
ომის შემდგომი სამრეწველო რეკონსტრუქციის პროცესი მსხვილი კომპანიებისთვის
ხელსაყრელი გზით წავიდა.
დე გასპერის მთავრობამ მიაღწია იტალიის მიწვევას იმ ქვეყნების რიგში, რომლებმაც
დააფუძნეს ნატო (თავიდან ამას ინგლისი ეწინააღმდეგებოდა) და ჯერ კიდევ პაქტის
ოფიციალურ გაფორმებამდე მოსთხოვა პარლამენტს, მოეწონებინა სამხედრო პოლიტიკურ
კავშირში გაერთიანება. სამთავრობო უმრავლესობის ხმებით, ეს გადაწყვეტილება 1949 წლის

11
მარტში იქნა მიღებული. ამრიგად, იტალია გახდა ნატოს წევრი მისი დაარსების მომენტიდან.
1950 წელს იტალიის ტერიტორიაზე განთავსდა სამხედრო შტაბები და ნატოს სამხედრო
კონტინგენტი (ნეაპოლში, ვერონაში და სხვადასხვა ქალაქებში). აშშ-სთან ხელმოწერილ იქნა
ორმხრივი შეთანხმება „თავდაცვის მიზნებისთვის ურთიერთდახმარების შესახებ“, რომელიც
ითვალისწინებდა იტალიისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებას და რიგი იტალიური
პორტების, სამხედრო-საზღვაო ბაზების და აეროდრომების აშშ-ს განკარგულებაში გადაცემას.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი დაგმეს ოპოზიციაში
მყოფმა მემარცხენე პარტიებმა. ბუნებრივია, განსაკუთრებით აქტიურობდნენ კომუნისტები.
სწორედ მათი ორგანიზებით დაიწყო საპროტესტო მოძრაობა იტალიის ნატოს ალიანსში
მონაწილეობის წინააღმდეგ. პარლამენტისადმი მიმართვას, რომ არ მოეხდინა უკვე
ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება, 6 მლნ ადამიანი აწერდა ხელს, თუმცა
რატიფიკაცია მაინც შედგა.
იტალია იყო იმ ექვსი სახელმწიფოს, რიცხვში რომლებმაც 1951 წელს ხელი მოაწერეს
შეთანხმებას ქვანახშირის და ფოლადის ევროპული გაერთიანების შესახებ, ხოლო 1952 წელს
ხელშეკრულებას – ევროპული თავდაცვითი გაერთიანების შესახებ (ეს უკანასკნელი ძალაში
არ შესულა საფრანგეთის მხრიდან ძლიერი ოპოზიციის გამო).
პარლამენტში მემარცხენე ოპოზიციის მუდმივ წინააღმდეგობის პირობებში 1953 წლის
არჩევნების წინ ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა საარჩევნო რეფორმის
პროექტი. ის გულისხმობდა ისეთ სისტემაზე გადასვლას, რა დროსაც პარტიას ან ბლოკს
უფლება ექნებოდა პარლამენტში დაეკავებინა ადგილების 2/3 თუ ის დააგროვებდა 50%-ზე
მეტ ხმას. საარჩევნო კანონის პროექტი ყველას მოაგონებდა „აჩერბოს კანონს“ (ამ მსგავსებაზე
თვითონ ჯ. აჩერბო უთითებდა) და ის „თაღლითურად“ იქნა მონათლული. პარლამენტში და
მის გარეთ დაიწყო ბრძოლა ამ პროექტის წინააღმდეგ. მიუხედავად მასობრივი პროტესტებისა,
პარლამენტში მისი გატანა მოხერხდა, თუმცა მემარცხენე პარტიებმა ბრძოლა გააგრძელეს.
კანონის ძალაში შესვლის შეჩერება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში
ქრისტიან-დემოკრატები და მათი მოკაშირეები ვერ მიიღებდნენ ხმების სასურველ პროცენტს.
ეს მიზანი მიღწეულ იქნა 1953 წლის 7 ივნისის არჩევნებზე. სამთავრობო ბლოკმა (ქდპ,
ლიბერალები, რესპუბლიკელები და სოციალ-დემოკრატები) ხმების 49,24% მიიღო
(უშუალოდ ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ 40% დააგროვა). მემარცხენეების
მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. კომუნისტურმა პარტიამ ხმების 22,64%,
სოციალისტურმა პარტიამ კი 12,73% მიიღო. არჩევნების ასეთი შედეგი ნიშნავდა არა მხოლოდ
„თაღლითური კანონის“ ჩავარდნას, არამედ პროპორციული სისტემის შენარჩუნებასაც.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და მის მოკავშირე პარტიების მიერ აბსოლუტური
უმრავლესობის დაკარგვა ართმევდა მას სამთავრობო კოალიციის იმ მტკიცე საყრდენს,
რომელიც ჩამოყალიბდა 1948 წლიდან. დგებოდა კოალიციის პარტნიორთა შემადგენლობაში
ცვლილების და საერთოდ პოლიტიკური კურსის შეცვლის აუცილებლობა. დე გასპერიმ
მაშინვე არ აღიარა თავისი „დამარცხება“ და სცადა ერთპარტიული მთავრობის შექმნა, მაგრამ
ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა. დე გასპერი იძულებული გახდა, გადამდგარიყო და
პოლიტიკური სცენიდან წასულიყო. მალე ის გარდაიცვალა კიდეც.
1953 წლის აგვისტოში მთავრობა (ერთპარტიული) ჩამოაყალიბა ჯუზეპე პელამ –
რომელიც იყო დე გასპერის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. პელას
მთავრობა განიხილებოდა როგორც გარდამავალი, მან იარსება 1954 წლამდე. თებერვალში
შეიქმნა მარიო შელბას მთავრობა (დე გასპერის დროს ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი).
გაფორმდა ქრისტიან-დემოკრატების კოალიცია ლიბერალებთან და სოციალ-
დემოკრატებთან, რამაც მიიღო სახელი ,,ცენტრისტული“. ცენტრიზმი ამ გაგებით ნიშნავდა
თანამშრომლობაზე უარს როგორც უკიდურესად მემარჯვენე პარტიებთან (მონარქისტები,
ნეოფაშისტური იტალიის სოციალური პარტია), ისე მემარცხენეებთან. ექვსი წლის
განმავლობაში (1960 წლის დასაწყისამდე) ხელისუფლების სათავეში შეიცვალა ხუთი
მთავრობა, რომელიც ეყრდნობოდა ცენტრისტულ ბლოკს პარლამენტში (ორში

12
მონაწილეობდა ბლოკის სამივე პარტია, ერთში ქდპ და სოციალ-დემოკრატიული პარტია, ორი
იყო ერთპარტიული).
ამ პერიოდის ცენტრიზმი ყალიბდებოდა როგორც მემარცხენე და მემარჯვენე
ტენდენციების ბრძოლა თვითონ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შიგნითაც. პარტიის
1954 წლის სხდომაზე პოზიციები დაკარგა ნეოკონსერვატიულმა ფრთამ, რომელიც
გამოდიოდა დე გასპერის პოლიტიკური კურსის გაგრძელების მოთხოვნით. გააქტიურდა
პარტიის შედარებით მემარცხენე ფრთა, რომელიც საჭიროდ თვლიდა ურთიერთობების
დიფერენცირებას კომუნისტებთან და სოციალისტებთან (ეს უკანასკნელები, მათი აზრით,
კოალიციაში უნდა შემოეყვანათ). ამ ფრთის ლიდერი ჯოვანი გრონკი 1955 წელს არჩეულ იქნა
რესპუბლიკის პრეზიდენტად და მან ამ პოსტზე შეცვალა იტალიის პირველი პრეზიდენტი,
ცნობილი ეკონომისტი ლუიჯი ეინაუდი. მიუხედავად ამისა, პარტიაში წამყვანი ადგილი
ეკავა მიმართულებას ამინტორე ფანფანის მეთაურობით, რომელიც ცდილობდა
დაებალანსებინა ორივე ფრთა. ცენტრიზმი იყო კომპრომისის ხაზი მათ შორის, მაგრამ
ჭარბობდა პოლიტიკური სტატუს-ქვოს შენარჩუნების ტენდენცია. საგარეო პოლიტიკაში
ცენტრისტული მთავრობა აგრძელებდა იტალიის ევროპული ინტეგრაციის პროცესში
ჩართვისკენ მიმართულ დე გასპერისეულ კურსს. იტალია გაწევრიანდა 1955 წელს შექმნილ
დასავლეთევროპულ კავშირში (ნატოს რეგიონალური სტრუქტურა). სწორედ იტალიის
ინიციატივით გადაიდგა პირველი ნაბიჯები დასავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის საბაჟო
კავშირის შესაქმნელად (ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, დღევანდელი ევროკავშირის
წინამორბედი), რომელიც გაფორმებულ იქნა 1957 წლის რომის ხელშეკრულებით.

იტალიის „ეკონომიკური სასწაული“

50-იანი წლები იტალიაში სწრაფი ინდუსტრიული ზრდით აღინიშნა. სამრეწველო


პროდუქციის საშუალო წლიური მატების ტემპებით მან გადაასწრო ყველა
დასავლეთევროპულ ქვეყანას, ხოლო მსოფლიო მასშტაბით პირველობას უთმობდა მხოლოდ
იაპონიას. 1950-1963 წლებში იტალიის სამრეწველო წარმოების საერთო მოცულობა გაიზარდა
სამჯერ. განსაკუთრებით მაღალი ტემპებით ვითარდებოდა ქიმიური მრეწველობის
ზოგიერთი სპეციალიზებული დარგი (ნავთობის და გაზის გადამუშავება, სინთეტური
ბოჭკოების წარმოება 1953-1962 წლებში 28-ჯერ, ხოლო პლასტმასის წარმოება – 10-ჯერ
გაიზარდა) და მანქანათმშენებლობა. რამდენიმე წელიწადში იტალია საშუალო დონის
ქვეყნიდან გადაიქცა მაღალგანვითარებულ სამრეწველო ქვეყანად. ეს გარღვევა მოხდა
წარმოების საკვანძო დარგებში მსხვილი კაპიტალდაბანდების წყალობით, რამაც საშუალება
მისცა მათ საფუძვლიან განახლებას. შესაბამის დარგებში წამყვან პოზიციაზე მდგომი
კომპანიები ასეთ კაპიტალდაბანდებებს როგორც საკუთარი სახსრებით, ისე „მარშალის
გეგმით“ მიღებული კრედიტებით ახორციელებდნენ (ამ კრედიტების 35% მიიღო კონცერნმა
„ფიატი“, 40% კი რამდენიმე კორპორაციამ, რომელიც გაბატონებული იყო
ელექტროენერგეტიკის სფეროში და ა.შ.).
მრეწველობის „გადასაიარაღებლად“ აქტიურად გამოიყენებოდა ეკონომიკაში
სახელმწიფო ჩარევის ბერკეტები. შენარჩუნდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა
მრეწველობის გრძელვადიან კრედიტირებაში ფაშიზმის დროს შექმნილი „სამრეწველო
რეკონსტრუქციის სახელმწიფო ინსტიტუტი“. იტალიაში ნავთობის მარაგის აღმოჩენისთანავე
დაარსდა სახელმწიფო კომპანია – „თხევადი საწვავის ეროვნული სამმართველო“, რომელმაც
სრულად აიღო თავის ხელში მრეწველობის ახალი – ნავთობქიმიური – დარგი. სახელმწიფო
კაპიტალდაბანდებამ 1952-1953 წლებში შეადგინა ყველა სახალხო-სამეურნეო ინვესტიციის
41%, ხოლო 1959 წელს მარტო სამრეწველო რეკონსტრუქციის ინსტიტუტსა და თხევადი
საწვავის ეროვნულ სამმართველოზე მოდიოდა მათი საერთო მასის 30%.
სამრეწველო პროგრესს იტალიაში სტიმულირებდა მისი მონაწილეობა დასავლეთ
ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობაში. გახდა რა ევროპის ეკონომიკური
გაერთიანების წევრი, იტალია უნდა აწეულიყო თავისი ძლიერი პარტნიორების დონემდე,

13
სხვა შემთხვევაში მას ემუქრებოდა საერთო ბაზარზე მათთან კონკურენტულ ბრძოლაში
დამარცხება.
მრეწველობის ინტენსიურმა განვითარებამ გამოიწვია სოფლის მოსახლეობის მასობრივი
მიგრაცია ქალაქებში, განსაკუთრებით სამხრეთი ოლქებიდან. სამთავრობო აგრარულმა
რეფორმამ სამხრეთში ვერ შექმნა მნიშვნელოვანი და სიცოცხლისუნარიანი საგლეხო
მეურნეობები, თუმცა 50-იან წლებში სწორედ ამ მიზნებზე იხარჯებოდა სახელმწიფო
ასიგნებების უდიდესი ნაწილი სპეციალურად დაარსებული „სამხრეთის ყულაბის“ ხაზით.
რეფორმით განაწილებული ნადელების უმრავლესობა იყო პატარა (2-4 ჰა), ხოლო მის ახალ
მფლობელებს მძიმედ დააწვა გამოსასყიდი გადასახადები. ბევრი გლეხი, რომელიც იღებდა
მიწას, ტოვებდა თავის ნადელს და სახლდებოდა ქალაქში. სულ 1950-1960 წლების
განმავლობაში სოფელი დატოვა 1,8 მლნ ადამიანმა. სოფლის მეურნეობაში დასაქმებული
მოსახლეობა 1952 წელს შეადგენდა 39,6%-ს, ათი წლის შემდეგ კი ეს რიცხვი შემცირდა 26,2%-
მდე. ყველა, ვინც სოფელს ტოვებდა, ქალაქში სამუშაოს ვერ შოულობდა. უზარმაზარი
მუშახელის რეზერვის არსებობის პირობებში იტალიელ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა,
გაეყინათ ხელფასი უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, ამის ხარჯზე კი
შეემცირებინათ წარმოების ხარჯები და გაეძლიერებინათ თავისი საქონლის
კონკურენტუნარიანობა. მიუხედავად ამისა, 1951-1961 წლებში ხელსაყრელი ეკონომიკური
კონიუნქტურის პირობებში სამრეწველო საწარმოების მუშათა საშუალო საათობრივი
ანაზღაურება გაიზარდა 20%-ით.
„ეკონომიკური სასწაულის წლებში“ ქვეყნის სამეურნეო განვითარებაში მომხდარი
გარღვევის მიუხედავად იტალია ძველებურად რჩებოდა მწვავე სოციალური პრობლემების
მქონე ქვეყნად. ჩრდილოეთის სამრეწველო პოტენციალის გაძლიერება ხდებოდა აგრარული
სამხრეთის შემდგომი ჩამორჩენის პარალელურად. სამხრეთში ამ პერიოდში გაჩნდა
მეტალურგიული, ქიმიური, ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის მხოლოდ ცალკეული
კუნძულები. ამ დარგების საწარმოები არაფრით იყვნენ დაკავშირებული ადგილობრივ
სამეურნეო გარემოსთან (მათ ხატოვნად უწოდებდნენ „ცათამბჯენებს უდაბნოში“). მათი აქ
განთავსება პასუხობდა არა სამხრეთ იტალიის ეკონომიკის, არამედ ჩრდილოეთის
სამრეწველო გიგანტების ინტერესებს, რომლის ფილიალებსაც ისინი წარმოადგენდნენ.
ჩრდილოეთის ინდუსტრიულ რაიონებში მასობრივი მიგრაციის ტალღა იწვევდა ქალაქების
თუ მათი შემოგარენის მოუწესრიგებელ ზრდას და გაჩნდა საცხოვრებლის მწვავე დეფიციტი.
„ეკონომიკური სასწაულით“ შეცვლილ იტალიას ეწოდებოდა „ნეოკაპიტალიზმის“
ქვეყანა, მაგრამ „ნეოკაპიტალისტური“ სინამდვილის განუყოფელი ასპექტი იყო
იტალიისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი რეგიონალური დისპროპორცია და ღრმა
სოციალური წინააღმდეგობა.

პოლიტიკური პარტიები ახალი სტრატეგიის ძიებაში

50-იანი წლების განმავლობაში იტალია არსებითად შეიცვალა. წინა პლანზე წამოიწიეს


უფრო დინამიურმა სამეწარმეო წრეებმა, რომლებმაც თავიანთ ინტერესებში „მოათვინიერეს“
მრეწველობის ტექნოლოგიური გადაწყობის პროცესი. მშრომელთა მიმართ მათ ფსონი დადეს
არა ფრონტალურ შეტაკებაზე, არამედ იმაზე, რომ მუშათა ნაწილი აზიარეს წარმოების
კაპიტალისტური მოდერნიზაციის სარგებელს. ამ მიზნებს ემსახურებოდა მსხვილი
კომპანიების (განსაკუთრებით „ფიატი“) მიერ გატარებული ე.წ. პატერნალიზმის პოლიტიკა –
„მამობრივი ზრუნვა“ მუშების მიმართ მათი მხრიდან ლოიალობის სანაცვლოდ.
იმავდროულად მკაცრად კონტროლდებოდა მათი განწყობა და ხდებოდა „არასასურველთა“
მოშორება. რაღაც დროის განმავლობაში (1954-1957) მეწარმეებმა ამგვარი სახით შეძლეს
გაფიცვების ტალღის და სხვა მასობრივი გამოსვლების შესუსტება. „ეკონომიკურმა
სასწაულმა“ კვლავ განამტკიცა მასობრივ შეგნებაში კაპიტალიზმის სოციალური პრესტიჟი.
ასეთ პირობებში იტალიის სამი უმსხვილესი პოლიტიკური პარტია (ქდპ, იკპ და ისპ)
დადგნენ თავისი წინა გამოცდილების და სტრატეგიული კურსის გადასინჯვის

14
აუცილებლობის წინაშე. იტალიის სოციალისტურმა პარტიამ 50-იანი წლების შუახანებისთვის
განიცადა მნიშვნელოვანი ევოლუცია მარჯვნივ და ფაქტობრივად გამორიცხა სოციალისტური
მიზნები. „ეკონომიკური სასწაულიდან“ სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობამ პ. ნენის
მეთაურობით გამოიტანა დასკვნა, რომ მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი შესაძლებლობა
იყო რეფორმებისთვის ბრძოლა კაპიტალისტური წყობის ჩარჩოებში, რისთვისაც სასურველი
იყო მთავრობაში შესვლა. ამრიგად, იტალიის სოციალისტური პარტია უარს ამბობდა
ოპოზიციური პარტიის როლზე. დაიწყო კომუნისტებთან პოლიტიკური თანამშრომლობის
შესუსტება. 1956 წელს სკკპ XX ყრილობის შემდეგ, როდესაც გამოაშკარავდა სიმართლე
სტალინის დანაშაულების შესახებ, იტალიის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობამ
შეუძლებლად მიიჩნია იტალიის კომუნისტურ პარტიასთან ერთობლივი მოქმედების შესახებ
შეთანხმების აღდგენა.
სკკპ-ს აღნიშნულმა ყრილობამ იტალიელ კომუნისტებსაც დასცა თავზარი. წევრთა
ნაწილი (ძირითადად ვეტერანები) არ იღებდა სტალინის მხილებას და სჯეროდა მისი
მითოლოგიზირებული სახის, სხვებმა კი გადახედეს თავიანთ დამოკიდებულებას საკუთრივ
კომუნისტური იდეებისადმი. 1956 წლის უნგრეთის მოვლენებმაც იგივე შედეგები იქონია.
კომუნისტური პარტიის რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 200 ათასი წევრით. ითვლება,
რომ იტალიის კომუნისტურმა პარტიამ ხელიდან გაუშვა შანსი, ამ წელს საერთოდ გაეწყვიტა
კავშირი სკკპ-სთან და ამით საბოლოო ქცეულიყო დასავლური ტიპის მემარცხენე პარტიად,
თუმცა ეს ასე არ მოხდა. პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობამ ჩათვალა, რომ უფრო
მნიშვნელოვანი იყო სკკპ-ს XX ყრილობის გადაწყვეტილება, „დაეშვა“ სოციალიზმისკენ
მიმავალი ალტერნატიული გზების შესაძლებლობა ცალკეული ქვეყნების პირობების
გათვალისწინებით. ამრიგად, იტალიის კომუნისტურ პარტიას თავისი პოლიტიკურ-
სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში შეეძლო გაეთვალისწინებინა როგორც იტალიის
ისტორიული თავისებურება ისე ცვლილებები იტალიურ საზოგადოებაში ფაშიზმის შემდგომ.
იკპ-ს VIII ყრილობაზე (1956 დეკემბერი) მიღებულ იქნა სტრატეგია „სოციალიზმის
იტალიური გზა“, რომლის თანახმადაც, მუშათა კლასის და მისი მოკავშირეების მთავარი
დარტყმა მოცემულ მომენტში მიმართული უნდა ყოფილიყო მონოპოლიების წინააღმდეგ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1948 წლის კონსტიტუცია, სტრუქტურული რეფორმების
(მრეწველობის საკვანძო დარგების ნაციონალიზაცია და მათი საზოგადოებრივ კონტროლის
ქვეშ გადაცემა, საგადასახადო რეფორმა მოსახლეობის ძირითადი მასის ინტერსებიდან
გამომდინარე და ა.შ) სახელითა და კანონიერების სრული დაცვით, ღრმა ანტიმონოპოლიური
ცვლილებების გატარების საშუალებას იძლეოდა.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ასევე გრძნობდა ცვლილებების აუცილებლობას.
ცენტრისტული კურსი, რომელიც მის მიერ 1954 წლიდან ტარდებოდა, ვერ უზრუნველყოფდა
სასურველ პოლიტიკურ სტაბილურობას. პარტიაში ყველაზე შორსმჭვრეტელი
მოღვაწეებისთვის ნათელი გახდა, რომ საჭირო იყო ახალი არატრადიციული პოლიტიკური
მოკავშირეების ძიება და განსაზღვრული პროგრამის შემუშავება, რომელიც განამტკიცებდა
მათთან თანამშრომლობას სამთავრობო დონეზე. ყველაზე სასურველი პარტნიორი ამ
პირობებში იყო იტალიის სოციალისტური პარტია, რომელმაც როგორც ითქვა გაწყვიტა
თანამშრომლობა კომუნისტებთან და თვითონ აქტიურად მიილტვოდა მთავრობაში
მონაწილოებაზე. სოციალისტების მთავრობაში ჩართვა მეტოქეობას გააძლიერებდა ორ
მუშათა პარტიას შორის და დაასუსტებდა კომუნისტების პოზიციებს. სწორედ
სოციალისტების მონაწილეობას მთავრობაში უნდა მიეცა თვისობრივად ახალი ხასიათი
კოალიციისთვის, სადაც ასევე ივარაუდებოდა სოციალ-დემოკრატების და რესპუბლიკელების
ჩართვა. მიუხედავად ამისა, 50-იან წლებში ასეთი ალიანსი ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო. ის
უფრო გაადვილდა ვატიკანის პოლიტიკის შეცვლის შემდეგ. 1958 წლის ოქტომბერში
გარდაიცვალა პაპი პიუს XII, რომლის დროსაც ეკლესია ღიად ერეოდა იტალიის პოლიტიკურ
ცხოვრებაში, მისი მემკვიდრე იოანე XXIII (1958-1963) სულ სხვა ყაიდის მოღვაწე იყო. ახალი
პაპი ტოლერანტული იყო მორწმუნე და ურწმუნოთა შორის დიალოგის მიმართ. მის დროს,
მართალია, არ გაუქმებულა, მაგრამ პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა პიუს XII-ის მიერ

15
გამოცემული კომუნისტების, სოციალისტებისა და მათი ამომრჩევლების ეკლესიიდან
განკვეთის აქტი. პაპმა უარი თქვა ქრისტიან-დემოკრატების პოლიტიკური მოძღვრის როლზე
და მიანიშნა, რომ არ შეუშლიდა ხელს მის დაახლოებას სოციალისტებთან.
თანდათან განისაზღვრა იმ პროგრამის კონტურები რომლის საფუძველზეც უნდა
შექმნილიყო კოალიცია. იმისთვის, რომ ეს პროგრამა სოციალისტებისთვის მისაღები
ყოფილიყო, ქდპ-მ მასში ჩართო პუნქტები, რომელიც პასუხობდა მემარცხენე ძალების
ინტერესებს. მათ შორის იყო ელექტროენერგიის წარმოების ნაციონალიზაცია, ეკონომიკური
განვითარების პროგრამირება, სოფლად მონახევრეობის სისტემის4 ლიკვიდაცია, ურბანული
რეფორმა, განათლების სისტემის რეფორმა, საპენსიო უზრუნველყოფა, კონსტიტუციაში
ჩაწერილი ავტონომიის პრინციპის განხორციელება ისტორიული ოლქებისთვის.
მსგავსი პუნქტების სამთავრობო პროგრამაში შეტანით ქრისტიან-დემოკრატიული
პარტია იმედოვნებდა, რომ არ მოხდებოდა მათი განხორციელებისთვის ბრძოლა ქვემოდან.
ამავე დროს, ასეთი ზომების გატარება არ ეწინააღმდეგებოდა მეწარმეთა მისწრაფებებს,
რომლებიც ორიენტირებული იყვნენ ტექნიკური პროგრესის სიმაღლეებისკენ და
პატერნალისტური სოციალური პოლიტიკისკენ. ისინი იგებდნენ სახელმწიფოსგან
ელექტროენერგეტიკული მრეწველობის გამოსყიდვით, რომელიც საშუალებას მისცემდა
ელექტროენერგიაზე მაღალი ტარიფების დაწევას, რაც წამყვანი კერძო კომპანიების
ინტერესებით იყო ნაკარნახევი. „მრეწველობის კაპიტნები“ დაინტერესებული იყვნენ ახალი
ფორმაციის მუშების და ინჟინრების ზოგად-საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების
დონის ამაღლებით, შესაბამისად კი, მასობრივი სასკოლო განათლებით და იტალიური
უნივერსიტეტების ცალსახა ჰუმანიტარული ორიენტაციის გადასინჯვით. მათ სოციალურ
სტრატეგიას პასუხობდა როგორც უფრო ბალანსირებული ეკონომიკის ნაკლებად ქაოტური
განვითარება, ისე რეფორმების შედეგად მოსალოდნელი სოციალური კონფლიქტების
სიმწვავის შესუსტება.
ასე მწიფდებოდა პოლიტიკური კურსი, რომელმაც შემდგომში მემარცხენე ცენტრიზმის
სახელწოდება მიიღო, ანუ ქდპ-ს, რომელსაც იტალიის პარტიულ სისტემაში ეკავა ცენტრის
პოზიცია, თანამშრომლობა მემარცხენე პარტიებთან. მემარცხენე ცენტრიზმი ჩაფიქრებული
იყო როგორც ხანგრძლივვადიანი სტრატეგია.

მემარცხენე ცენტრიზმი მოქმედებაში

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის შიგნით მემარცხენე ცენტრისტული იდეა


ერთსულოვანი მხარდაჭერით არ სარგებლობდა. პარტიის შიგნით არსებობას განაგრძობდა და
თავისი პოზიციების დათმობას არ აპირებდა მემარჯვენე კონსერვატიული ფრთა, რომელიც
რეფორმების წინააღმდეგი იყო და ავტორიტარული მეთოდებისკენ იხრებოდა. 1960 წლის
თებერვალში ქრისტიან-დემოკრატმა ფერნანდო ტამბრონიმ ჩამოაყალიბა მთავრობა,
რომელმაც მიიღო ნდობის ვოტუმი პარლამენტში ნეოფაშისტური „იტალიის სოციალური
მოძრაობის“ მხარდაჭერით. ამის შემდეგ ტამბრონის მთავრობამ ნებაზე მიუშვა ნეოფაშისტები
და საშუალება მისცა პარტიას, ყრილობა ჩაეტარებინა გენუაში – იტალიური წინააღმდეგობის
გმირ ქალაქში. დემოკრატიულმა საზოგადოებამ ნეოფაშისტების და მთავრობის მოქმედება
აღიქვა როგორც უტიფარი გამოწვევა. 30 ივნისს მთელ ქვეყანას გადაუარა მძლავრმა
ანტიფაშისტური მიტინგების ტალღამ. ადგილებზე გაჩნდა ეროვნული განთავისუფლების
კომიტეტის მსგავსი ორგანიზაციები. ნეოფაშისტების ყრილობა ჩაშლილ იქნა. ტამბრონის
ხელისუფლების მთავარი შეცდომა კი ის გამოდგა, რომ ამის შემდეგ მან გადაწყვიტა
პოლიციისთვის ძალის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიეცა. იტალიის
სხვადასხვა ქალაქებში პოლიციის ტყვიისგან დაიღუპა დაახლოებით ათობით მანიფესტანტი,
დაზარალებულებს შორის იყო მემარცხენე პარტიების დეპუტატები და სენატორები. 8 ივლისს

4მონახევრეობა – მიწის იჯარის სახეობა, რომლის დროსაც მოიჯარე მიწის მესაკუთრეს მოსავლის
ნახევარს უხდის; მოზიარეობის სახესხვაობა.

16
დაიწყო საყოველთაო გაფიცვა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ათი დღის შემდეგ
ტამბრონის მთავრობა გადადგა. ამ მოვლენებმა აჩვენა რომ ქდპ-თვის მოცემულ სიტუაციაში
გამორიცხული იყო მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებთან თანაშრომლობა. შესაბამისად,
პარტიას რჩებოდა მხოლოდ ერთი გამოსავალი: მემარცხენე ცენტრიზმი.
1962 წლის იანვარში ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გამოცხადდა
მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკა, ხოლო თებერვალში ჩამოყალიბდა ახალი, მემარცხენე
ცენტრისტული მთავრობა ამინტორე ფანფანის მეთაურობით. მასში შევიდნენ ქდპ-ს,
რესპუბლიკური და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. სოციალისტურმა
პარტიამ თავი შეიკავა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისგან, თუმცა უკვე 1963 წლიდან
მისი წევრები ახალ კოალიციურ მთავრობაში შევიდნენ. ამ დროიდან თითქმის 1968 წლამდე
მემარცხენე ცენტრისტული მთავრობის სათავეში იდგა გამოჩენილი ქრისტიან-დემოკრატი
მოღვაწე ალდო მორო. ახალი კოალიციის შექმნა, რომელმაც შედარებით ფართო რეფორმების
პროგრამა წამოწია წინ, ნიშნავდა, რომ იტალიაში, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან
განსხვავებით 60-იანი წლების დასაწყისში მოხდა პოლიტიკური გადახრა მარცხნივ. მაგრამ
მემარცხენე ცენტრისტული მთავრობის პრაქტიკული შედეგები აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა
ინიციატორთა გათვლებთან და მოსახლეობის დიდი ნაწილის მოლოდინებთან.
შექმნის შემდეგ, მემარცხენე ცენტრისტულმა კოალიციამ დაიწყო შეპირებული
რეფორმების გატარება. 1962 წლის ბოლოს განხორციელდა ელექტროენერგეტიკული
მრეწველობის ნაციონალიზაცია, თუმცა ეს მოხდა მასში გაბატონებული კერძო
კომპანიებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში. სწორედ მათ, და არა წვრილმა
აქციონერებმა, მიიღეს სახელმწიფოს მიერ გაცემული გამოსასყიდი თანხა 1500 მლრდ ლირის
ოდენობით (2,5 მლრდ დოლარი) და გამოიყენეს ეს სახსრები სხვა დარგებში
ინვესტირებისთვის. სწავლება არასრული საშუალო (საბაზო) სკოლის ჩათვლით (14 წლამდე
ბავშვებისთვის) გახდა უფასო და სავალდებულო. ამის შემდგომ რეფორმების გატარება
გართულდა და გაჭიანურდა. 1967 წლის „ეკონომიკურ პროგრამირებას“ სავალდებულო ძალა
ჰქონდა მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ფარგლებში და ცოტა რამ შეცვალა კერძო
მეწარმეობის სფეროში. კანონი ოლქების თვითმმართველობის შესახებ პარლამენტში
რეკორდულად ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მიღებულ იქნა მხოლოდ 1967 წელს, ხოლო
პირველი არჩევნები საოლქო წარმომადგენლობით ორგანოებში გადაიდო 1970 წლამდე.
საპენსიო უზრუნველყოფის საერთო რეფორმის ნაცვლად 60-იანი წლების ბოლომდე
განხორციელდა მხოლოდ არსებული პენსიის მოცულობის რამდენადმე აწევა. ურბანული
რეფორმა და მონახევრეობის სისტემის გაუქმება საერთოდ ვერ მოხერხდა.
მემარცხენე ცენტრიზმის დასაწყისი დაემთხვა „ეკონომიკური სასწაულის“ დასასრულს:
1963 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური ტემპი შენელდა, ხოლო 1964-1965
წლებში ხდება სამრეწველო წარმოების კრიზისული ვარდნა. უკვე 50-იანი წლების ბოლოს
კვლავ დაიწყო მშრომელთა მასობრივი მოძრაობის აღმავლობა. რეფორმისტული წრეების
იმედი, რომ მემარცხენე ცენტრიზმი შეასუსტებდა კომუნისტების პოლიტიკურ პოზიციებს, არ
გამართლდა. 1963 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კომუნისტებმა მიიღეს ხმების 25% ზე
მეტი (2,5%-ით მეტი ვიდრე 1958 წლის არჩევნებზე) ხოლო 1968 წლის არჩევნებზე – თითქმის
27%.
იტალიის სოციალისტური პარტიისთვის სამთავრობო კოალიციაში შესვლა შიდა
პარტიული ბრძოლების თანმდევი აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ პარტია უცებ არ შესულა
მთავრობაში, აიხსნება პ. ნენის პოლიტიკური კურსისადმი ძლიერი წინააღმდეგობით პარტიის
მემარცხენე ფრთის მხრიდან, რომელიც არც მემარცხენე ცენტრიზმს იწონებდა და არც
კომუნისტებთან თანამშრომლობაზე უარის თქმას. 1964 წელს ეს ფრთა ჩამოშორდა
სოციალისტურ პარტიას და შექმნა საკუთარი პარტია, რომელიც დაახლოებით 100 ათას წევრს
ითვლიდა. მან აირჩია სახელი, რომელიც სოციალისტებს ეკუთვნოდათ წინააღმდეგობის
მოძრაობის დროს – პროლეტარული ერთობის იტალიის სოციალისტური პარტია.
მთავრობაში მონაწილეობამ განაპირობა ისპ-ს შემდგომი ევოლუცია მარჯვნივ და დააჩქარა
1956 წელს დაწყებული სოციალ-დემოკრატებთან მისი დაახლოების პროცესი. 1966 წელს

17
იტალიის სოციალისტური პარტია და იტალიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
გაერთიანდა, შეიქმნა გაერთიანებული სოციალისტური პარტია, მაგრამ მან 1968 წლის
არჩევნებზე გამანადგურებელი მარცხი განიცადა. 1969 წელს კვლავ დაიშალა ადრე არსებულ
პარტიებად.
1967-1968 წლებში იტალია, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად შეძრა
სტუდენტური გამოსვლების ტალღამ. ახალგაზრდების პროტესტი მიმართული იყო
მოძველებული, დროის მოთხოვნებთან შეუსაბამო საუნივერსიტეტო განათლების სისტემის
წინააღმდეგ, რომელსაც არ შეხებია რეფორმები. სტუდენტები მწვავედ რეაგირებდნენ
აკადემიური პერსონალის გაუცხოებაზე, უარს ამბობდნენ ლექციების მოსმენაზე,
პროფესორებს ხშირად უსტვენდნენ და კათედრიდან აძევებდნენ. აუდიტორიებში
მიმდინარეობდა მგზნებარე შეკრებები. ძირითადი მოთხოვნები იყო უნივერსიტეტის
სტუდენტებს ჰქონოდათ უფლება საუნივერსიტეტო ცხოვრების პრობლემათა გადაწყვეტაში.
ამასთან, ახალგაზრდა მეამბოხეები ხაზგასმით უარყოფდნენ „სამომხმარებლო
საზოგადოების“ ცხოვრების სტანდარტებს, სოლიდარობას უცხადებდნენ მებრძოლ ვიეტნამს,
მათი კუმირი იყო ჩე გევარა. უნივერსიტეტის კედლებში დაწყებულმა მოძრაობამ
გადაინაცვლა ქუჩაში, სადაც სტუდენტური მიტინგები და მსვლელობები ხშირად
პოლიციასთან შეტაკებაში გადადიოდა.
გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მოთხოვნა („გვინდა, რომ ანგარიში
გაგვიწიონ“) აახლოებდა სტუდენტობას მუშათა ორგანიზაციების პოზიციებთან და
უბიძგებდა მათ ერთობლივი მოქმედებისკენ. ამ მცდელობამ მხარდაჭერა ჰპოვა
კომუნისტური პარტიის და პროფკავშირების მხრიდან. პროფკავშირულ მოძრაობაში ამ
დროისთვის არსებითად შეიცვალა ურთიერთობების ხასიათი მის სხვადასხვა
მიმდინარეობებს შორის. მასობრივი გამოსვლების დროს სხვადასხვა პროფგაერთიანებები
სულ უფრო ხშირად მოქმედებდნენ ერთობლივად და ძლიერდებოდა პროფმოძრაობის
სრული ერთიანობის განწყობები. ერთიანობის ნიშნის ქვეშ ჩატარდა უმსხვილესი გაფიცვები
საპენსიო უზრუნველყოფის რეფორმების (1968) და საცხოვრებელი პრობლემების (1969)
გადაწყვეტის მოთხოვნით, რომელშიც მონაწილეობდა 18-20 მლნ ადამიანი. სწორედ ამ
გაფიცვებმა აიძულა მემარცხენე ცენტრისტული მთავრობა, ბოლოსდაბოლოს,
განეხორციელებინა სერიოზული რეფორმები საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში (1969
წლიდან აიწია მინიმუმმა უკვე არსებული პენსიის, ხოლო ახლად დანიშნული დადგინდა
ხელფასის 76% ოდენობით) და დაეწყო პირდაპირი მოლაპარაკებები პროფკავშირებთან
საცხოვრებლების საკითხებზე.
1969 წლის „ცხელი შემოდგომის“ გაფიცვები დაიწყო რიგ დარგებში კოლექტიური
შრომითი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის გამო და მისი მიზანი იყო ხელშეკრულებების
განახლება უკეთესი სამუშაო პირობებით. ამჯერად საუბარი იყო არა მხოლოდ ხელფასების
მატებაზე და მსგავს მოთხოვნებზე. დიდი მნიშვნელობა მოიპოვა პროფკავშირების და მუშათა
სხვა ორგანიზაციების უფლებების გაფართოების საკითხმა. „ცხელი შემოდგომის“ მთავარი
მონაპოვარი მდგომარეობდა იმაში, რომ პროფკავშირებს უფლება მიეცათ შეექმნათ თავიანთი
ორგანიზაციები საწარმოებში, დაკანონდა საწარმოებში გაჩენილი მუშათა პირდაპირი
დემოკრატიის ინტიტუტების (მუშათა ასამბლეები, საამქროთა არჩევითი დელეგატები და
სხვ.) მონაწილეობა წარმოების ტექნოლოგიის საკითხების გადაწყვეტაში. 1970 წელს ეს
ყველაფერი დაფიქსირებულ იქნა სპეციალურ საკანონმდებლო აქტში – მშრომელთა
უფლებების სტატუტი. თანაბარ შრომაზე თანაბარი ანაზღაურების პრინციპის შესაბამისად
გაუქმდა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის „ზონალური სხვაობა“ სახელფასო ანაზღაურების
დონეში. კოლექტიური ხელშეკრულების ახალი პირობები ითვალისწინებდა ასევე
ხელფასების მატებას რიგი პროფესიების მუშებისთვის (მეტალურგია, ქიმიური წარმოება,
მშენებლობა) და 40-საათიანი სამუშაო კვირის ეტაპობრივი შემოღებას მრეწველობაში.

იტალია 70-იან წლებში: პოლიტიკური განვითარების ზიგზაგები.

18
მემარცხენე ცენტრიზმის დასასრული, რესპუბლიკა საფრთხეში

70-იანი წლების დასაწყისისთვის მემარცხენე ცენტრისტულმა პოლიტიკამ თავი


ამოწურა. შედეგად, 1972 წლის ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა ასახა
წინააღმდეგობრივი ტენდენციები. მემარცხენე ცენტრისტული პარტიების მიერ მიღებული
ხმების საერთო რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 0,5%-ით 1968 წლის არჩევნებთან შედარებით,
მაგრამ მხოლოდ ქდპ-ს პარტნიორების ხარჯზე. თვითონ მან დანაკარგები განიცადა, თუმცა
არც ისე დიდი. მოხდა უკიდურესად მემარჯვენე პარტიების – მონარქისტების და
ნეოფაშისტების გაძლიერება. მათმა ბლოკმა შეკრიბა ხმების 8,68%, მაშინ როცა 1968 წლის
არჩევნებზე დააგროვეს 1,36% და 4,46% შესაბამისად. არჩევნების შემდეგ ისინი გაერთიანდნენ
ერთიან ნეოფაშისტურ პარტიაში „იტალიის სოციალური მოძრაობა – ნაციონალური
მემარჯვენე ძალები“. მარცხენა ფლანგზე იტალიის კომუნისტურმა პარტიამ არა მხოლოდ
შეინარჩუნა, არამედ მცირედით გააუმჯობესა თავისი პოზიციები (მას ხმა მისცა 27,21%-მა).
არჩევნების შედეგები მოწმობდა ქვეყანაში პოლიტიკური ძალების პოლარიზაციას, რაც
ძალიან სწრაფად გადაიზარდა რადიკალური ორგანიზაციების აღმოცენებაში. დაიწყო
ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციების აღმოცენება.
ნეოფაშისტებთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა აამოქმედეს ე.წ. „დაძაბულობის
სტრატეგია“. ისინი ცდილობდნენ დაშინებით (მაგალითად, მილანის ბანკში 1969 წლის
დეკემბერში მოწყობილი აფეთქებით, რომელმაც 16 ადამიანი იმსხვერპლა და ათეულობით
დაჭრა) საზოგადოებრივი განწყობა გადაეხარათ მტკიცე ხელისუფლების სასარგებლოდ,
რომელიც უზრუნველყოფდა წესრიგის დაცვას. მეორეს მხრივ, ისინი დემაგოგიურად
აღვივებდნენ მოსახლეობის უკმაყოფილებას სოციალურ პრობლემების ნიადაგზე, რომლებიც
ვერ გადაწყვიტა მემარცხენე ცენტრისტულმა რეფორმებმა. ასე იყო სამხრეთის ზოგიერთ
ქალაქში, სადაც ნეოფაშისტებმა მოაწყვეს არეულობები 1970 წლის ბოლოს. 1970 წლის
დეკემბრისთვის დანიშნული იყო ფაშისტური პუტჩი რომში, მაგრამ ბოლო მომენტში
შეთქმულებმა უარი თქვეს თავიანთ გეგმებზე. თავის მხრივ, აქტიურობდნენ მემარცხენე
ტერორისტული ორგანიზაციები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი იყო 1970 წელს
დაფუძნებული „წითელი ბრიგადები“ (Brigate Rosse). ტერორისტული აქტების რაოდენობა
იმდენად გაიზარდა, რომ იტალიაში პერიოდს XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან 80-იანი
წლების დასაწყისამდე „ტყვიის წლები“ ეწოდა.
იზრდებოდა მემარჯვენე ტენდენციები მემარცხენე ცენტრისტული ბლოკის შიგნით,
განსაკუთრებით გამოვლენილი ქრისტიან-დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატიულ
პარტიებში. ამან ყველაფერმა გამოიწვია მემარცხენე ცენტრისტულ პოლიტიკაზე უარის თქმა
1972 წლის არჩევნების შემდეგ. მინისტრთა კაბინეტებს, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ,
მომდევნო არჩევნებამდე უკვე არ გააჩნდათ არც შემადგენლობით მდგრადი პარტიული
„ფორმულა“ და არც გრძელვადიანი მოქმედების პროგრამა. მიუხედავად ნეოფაშისტების და
სხვა მემარჯვენე ძალების გააქტიურებისა, საზოგადოებრივ განწყობაში მემარცხენე
ცენტრისტული ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მაინც ჭარბობდა მემარცხენე
ტენდენციები. პირველი მსხვილი დამარცხება მემარჯვენეებმა განიცადეს 1974 წელს,
როდესაც მათ სცადეს რეფერენდუმის გზით გადაესინჯათ 1970 წელს მიღებული კანონი
განქორწინების შესახებ: კანონის შენარჩუნებას ხმა მისცა 59%-მა. ერთი წლის შემდეგ
ჩატარებულმა ადგილობრივმა და საოლქო არჩევნებმა კომუნისტებს მოუტანა დაახლოებით
ხმების მესამედი (33,5% საოლქო წარმომადგენლობით ორგანოებში და 32,2%
მუნიციპალიტეტებში), მაშინ როცა ნეოფაშისტებმა, 70-იანი წლების დასაწყისში ხანმოკლე
აღმავლობის შემდეგ, ისევ ქვევით დაიწიეს (6,4% და 5,65% შესაბამისად).
ეს მარცხნივ გადახრა მიმდინარეობდა 1974-1975 წლების კრიზისთან დაკავშირებული
მზარდი სოციალური არასტაბილურობის ფონზე, რომელმაც იტალიას სხვა ქვეყნებზე მეტად
დაარტყა. დაეცა სამრეწველო წარმოება, გამწვავდა დასაქმების პრობლემა, განსაკუთრებით
ახალგაზრდებში. 1975 წელს უმუშევართა რიცხვი მიუახლოვდა 1,5 მლნ-ს, მათ შორის 3/4-ს
შეადგენდნენ პირები 30 წელს ქვემოთ, დაახლოებით 2/3-ს კი გააჩნდა უმაღლესი ან საშუალო

19
განათლება. უმუშევართა რიცხვი იზრდებოდა ძირითადად სამსახურის პირველად მაძებარი
ახალგაზრდების ხარჯზე, რამდენადაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იტალიაში მუშათა
ორგანიზებულ მოძრაობას შეეძლო ეფექტურად წინ აღდგომოდა მეწარმეთა მცდელობას,
განეხორციელებინათ მასობრივი დათხოვნები. კრიზისმა განაპირობა ინფლაციის მკვეთრი
გაძლიერება, 1974 წელს მან შეადგინა 20%-ზე მეტი.
ყველაზე მტკივნეულად ეს ყველაფერი დააწვა სამრეწველო წარმოების გარეთ მყოფ,
„ნაკლებად ორგანიზებულ“ ფენებს, რომლებიც შემთხვევითი შემოსავლებით არსებობდნენ,
ქალაქის განაპირა ცხოვრობდნენ, ვერ პოულობდნენ სამუშაოს. ახალგაზრდებს არ ჰქონდათ
სწავლის შესაძლებლობა (1974 წელს 16-17 წლის ასაკის ახალგაზრდებს შორის სწავლობდა
მხოლოდ 48%) და ა.შ. მათ გარემოში გამოძახილს ჰპოვებდა ტერორისტული ხასიათის
ექსტრემისტული ჯგუფების იდეები. 1977 წელს იტალიაში აქტიურობდა 150 სხვადასხვა
შეფერილობის ტერორისტული ჯგუფი, რომელთა უმრავლესობა „მემარცხენე“ იყო. ისინი
სჩადიოდნენ ასობით ძალადობის აქტს, ძირითადად სასამართლო და პოლიციის ორგანოების
თანამდებობის პირების წინააღმდეგ, განიხილავდნენ რა მსგავს მოქმედებას არსებული
პოლიტიკური ინსტიტუტების, მთელი სისტემისთვის ომის გამოცხადებად. რთულ
სიტუაციაში, როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკურ სიმპათიები
მარცხნივ გადაიხარა და ამავე დროს გაჩნდა რესპუბლიკის არსებობის რეალური საფრთხე,
პარლამენტი, 1972 წლის მსგავსად, დათხოვნილ იქნა. ვადამდელი არჩევნები ჩატარდა 1976
წლის 20 ივნისს და აქამდე არნახული წარმატება მოუტანა კომუნისტურ პარტიას, მას ხმა მისცა
34,4%-მა, მაშინ როცა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ დააგროვა ხმების 38,8%. სხვაობა
ორ უმსხვილეს პარტიას შორის შემცირდა მინიმუმამდე. იტალიურ მრავალპარტიულ
სისტემაში გაჩნდა ორი პოლუსი. ქდპ-ს პოზიციის მზარდი შესუსტება მას კომუნისტებთან
განსაზღვრული პოლიტიკური თანამშრომლობის აუცილებლობის წინაშე აყენებდა.
თავის მხრივ, იტალიის კომპარტია ცდილობდა, გაეაზრებინა პარტიულ პოლიტიკურ
სტრუქტურასა და საზოგადოებაში მომხდარი ძვრები, რაც მოითხოვდა მისგან ხელახლა
განესაზღვრა თავისი პოზიცია ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და მასობრივ კათოლიკურ
მოძრაობასთან მიმართებაში. კომპარტიის წინაშე ეს საკითხი პირველად არ დამდგარა.
კომუნისტები და კათოლიკეები ერთად მონაწილეობდნენ წინააღმდეგობის მოძრაობაში 1944-
1947 წლებში. პარტიები სხვა ანტიფაშისტურ პარტიებთან ერთად თანამშრომლობდნენ
სამთავრობო დონეზე. მას შემდეგ რაც ანტიფაშისტურმა ერთიანობამ არსებობა შეწყვიტა,
ხოლო ქდპ აშკარად ანტიკომუნისტური მიმართულებით წავიდა, იკპ მაინც ცდილობდა
კათოლიკებთან ურთიერთგაგებას. კომპარტიის წესდება თავის წევრად უშვებდა
მორწმუნეებს, ხოლო მის ამომრჩეველში მორწმუნეები მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ.
60-იანი წლების მონაცემებით იკპ-ს ელექტორატში 95% იყო მონათლული, 86%-ს ეკლესიაში
ჰქონდა ჯვარი დაწერილი, 76% ბავშვებს აგზავნიდა პირველი ზიარების ცერემონიაზე და ა.შ.
იკპ-ს IX ყრილობამ სპეციალურად მიაქცია ყურადღება „კათოლიკეებთან დიალოგის“
აუცილებლობაზე. 60-იან წლების მასობრივი გამოსვლებისას ასეთი დიალოგი წარმატებით
დალაგდა განსაკუთრებით პროფკავშირულ მოძრაობაში. ასევე დიდ იმედებს იძლეოდა ამ
მიმართებით 70-იან წლებში მასობრივ კათოლიკურ ორგანიზაციებში პოზიციების „მარცხნივ
გადახრა“. გამომდინარეობდა რა თავისი სტრატეგიული დადგენილებებიდან, რომელიც
ითვალისწინებდა ანტიმონოპოლისტური ცვლილებებით დაინტერესებულთა მაქსიმალურად
ფართო ბლოკის შექმნას, იკპ-ს არ წარმოედგინა ასეთი ბლოკი კათოლიკეების მონაწილეობის
გარეშე. სწორედ კათოლიკე მასებთან ურთიერთდამოკიდებულების საკითხი დადგა
იტალიელი კომუნისტების ყურადღების ცენტრში ჩილეს რევოლუციის დამარცხებით
მიღებული გამოცილების და გაკვეთილების გაანალიზებისას.
იკპ-ს გენერალური მდივნის პოსტზე 1972 წლიდან იმყოფებოდა ენრიკო ბერლინგუერი,
ამ პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერი. ის გაიზარდა ანტიფაშისტური
ტრადიციების ოჯახში (მატეოტის კრიზისის დროს მამამისი ავენტინის ოპოზიციის წევრი
დეპუტატი იყო ჯოვანი ამენდოლას ჯგუფიდან, მოგვიანებით კი სოციალისტი გახდა) და
კომპარტიაში გაწევრიანდა წინააღმდეგობის მოძრაობის დროს. მის სახელთანაა

20
დაკავშირებული იტალიის კომუნისტური პარტიის მნიშვნელოვანი თეორიული და
პოლიტიკური ინიციატივები. ჩილეში ალიენდეს მთავრობის დამხობის შემდეგ
ბერლინგუერი თავის სტატიებში ასკვნიდა, რომ იტალიაში მსგავსი მთავრობა მტკიცე
იქნებოდა მხოლოდ „ისტორიული კომპრომისის“ პირობებში, ერთის მხრივ, კომუნისტებს და
სოციალისტებს, ხოლო, მეორეს მხრივ, კათოლიკეებს შორის. „ისტორიული კომპრომისის“
ფორმულა, პირველ ყოვლისა, მოიაზრებდა ურთიერთობებს დაბალ, მასობრივ დონეზე,
მაგრამ არ გამორიცხავდა მუშათა პარტიების თანამშრომლობას ქრისტიან-დემოკრატიულ
პარტიასთან. „ისტორიული კომპრომისის“ რეალური შინაარსი მხოლოდ ამ პოლიტიკის
პრაქტიკულ განხორციელებაში გამოვლინდებოდა.

,,ეროვნული სოლიდარობის“ პოლიტიკა

1976 წლის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა და


მისთვის პარლამენტის ნდობის მოპოვება დიდად იყო დამოკიდებული, თუ რა პოზიციას
დაიკავებდა კომუნისტური პარტია. მოქმედი საპარალამენტო პროცედურის წესებით ყველაზე
მდგრადი იქნებოდა მთავრობა შემდგარი მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატებისგან, რომელსაც
ხმას მისცემდნენ ამავე პარტიის დეპუტატები და თავს შეიკავებდნენ სხვა დანარჩენი პარტიის
წარმომადგენლები. იკპ დასთანხმდა ასეთ ნეიტრალიტეტს, რის შემდეგაც შეიქმნა
ერთპარტიული მთავრობა ჯულიო ანდრეოტის მეთაურობით. ამავე დროს, ქდპ-ს უბრალოდ
არ შეეძლო ქვეყნის დამოუკიდებლად მართვა და ეს მხოლოდ საპარლამენტო არითმეტიკით
არ განისაზღვრებოდა. საჭირო იყო გადაუდებელი ზომების გატარება ეკონომიკური კრიზისის
დასაძლევად და ტერორიზმთან საბრძოლველად, ეს კი კომუნისტების გარეშე შეუძლებელი
იქნებოდა. შესაბამისად, საჭირო იყო, რომ იკპ-ს სამთავრობო კურსზე გარკვეული
პასუხისმგებლობის წილი აეღო. 1976 წლის ზაფხულში ამუშავდა „ეროვნული სოლიდარობის“
პოლიტიკა. ერთი წლის შემდეგ ქდპ-ს და „თავშეკავებულთა კოალიციაში“ შემავალ პარტიებს
შორის დადებულ იქნა პროგრამული ხასიათის შეთანხმება. ისინი ვალდებული იყვნენ
ეთანამშრომლათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკური მდგომარეობის
სტაბილიზაციისკენ, ახალგაზრდების უმუშევრობის შესუსტებისკენ, საუნივერსიტეტო
განათლების სისტემის რეორგანიზაციისკენ, არმიის, პოლიციის, საიდუმლო სამსახურების
დემოკრატიზაციისკენ და ა.შ. მიმართული რეფორმების განხორციელებაში. 1978 წლის
მარტში გადაიდგა მორიგი ნაბიჯი: ქდპ-სთან მოთანამშრომლე პარტიები მონაწილეობას
იღებდნენ საპარლამენტო უმრავლესობაში, მხარს უჭერდნენ რა მთავრობას მასში
შეუსვლელად. 1978 წლის 16 მარტს, როცა პარლამენტში უნდა განეხილათ საკითხი
მთავრობის ნდობის შესახებ და კომუნისტებს, პირველად ისტორიაში, ხმა უნდა მიეცათ
ქრისტიანი-დემოკრატი პრემიერ მინისტრის ჯულიო ანდრეოტის მთავრობისათვის (მასში
სოციალისტური პარტიის წევრების შედიოდნენ), ულტრამემარცხენე ტერორისტებმა ე.წ.
„წითელი ბრიგადებიდან“ გაიტაცეს და მოგვიანებით მოკლეს ქრისტიან-დემოკრატიული
პარტიის თავმჯდომარე ალდო მორო. საკუთარ პარტიაში მორო იყო კომუნისტებთან
თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე, მკვლელობის მიზანი იყო ქდპ-ს
დაშინება ამ თანამშრომლობაზე უარის იძულება. თუმცა ტერორისტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
1978 წლის ზაფხულში „ეროვნული სოლიდარობის“ პარტიებმა ერთობლივად მიაღწიეს
რესპუბლიკის პრეზიდენტის ჯოვანი ლეონეს ვადაზე ადრე გადადგომას, რომლის
რეპუტაციას ჩრდილი მიადგა ამერიკულ კომპანია „ლოკჰიდთან“ კავშირებით. აღნიშნული
კომპანია ფართოდ მიმართავდა იტალიის პოლიტიკური მოღვაწეების მოსყიდვის პრაქტიკას.
თავის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად ამ პარტიებმა წამოაყენეს მებრძოლი
ანტიფაშისტური წარსულის მქონე სოციალისტი ალესანდრო პერტინი. პრეზიდენტის
თანამდებობაზე შვიდწლიანი ვადის განმავლობაში მან დიდი პოპულარობა მოიპოვა
ქვეყანაში.
ერთობლივი პროგრამის განხორციელების ფარგლებში 1977 წელს მიღებულ იქნა
სპეციალური კანონი ახალგაზრდების შრომითი მოწყობის შესახებ, გაფართოვდა სამხედრო

21
მოსამსახურეების დემოკრატიული უფლებები, გატარდა ანტიკრიზისული ზომები, რამაც
1978 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება მისცა
თუმცა უფრო მნიშვნელოვანი შედეგები „ეროვნული სოლიდარობის“ პოლიტიკას არ
მოუტანია. ერთობლივი პროგრამების რეალიზაცია ყველაზე არსებით პუნქტებში (საიდუმლო
სამსახურების რეფორმა, საუნივერსიტეტო რეფორმა) არც კი დაწყებულა. ხშირად ახალი
კანონები ან ნულამდე დაჰყავდა ჩინოვნიკთა აპარატს, რომელიც მყარად ჩამოყალიბდა ქდპ-ს
ბატონობის სამი ათწლეულის განმავლობაში, ან ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის იმ
ფენების ინტერესებს რომელსაც ის ეხებოდა. თავის მხრივ, იკპ-მ ვერ დაიკავა „ეროვნული
სოლიდარობის“ კოალიციის შიგნით დამოუკიდებელი პოზიცია, არსებითად უარი თქვა
მთავრობის რამენაირ კრიტიკაზე. კომუნისტები მოიქცნენ ისევე როგორც სოციალისტები
მემარცხენე ცენტრიზმის დროს და შედეგებიც ანალოგიური აღმოჩნდა.
1979 წლის დასაწყისში მთავრობამ კომუნისტურ პარტიასთან კონსულტაციის გარეშე
მიიღო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები (იტალიის შესვლა ევროპულ
სავალუტო სისტემაში და სხვა). ამან იკპ-ს უბიძგა უარი ეთქვა თანამშრომლობაზე
მთავრობასთან და დაბრუნებულიყო ოპოზიციაში. იკპ-ს XV ყრილობამ 1979 წლის მარტში
მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან პარტიას არ დაეჭირა მხარი არცერთი
მთავრობისთვის, რომელშიც არ შედიოდნენ მისი წარმომადგენლები.

ცვლილებები პოლიტიკური პარტიების ძალთა განლაგებაში

„ეროვნული სოლიდარობის“ პერიოდის გამოცდილება კომუნისტური პარტიისთვის


ძირითადად ნეგატიური იყო. მთავრობასთან თანამშრომლობამ განაპირობა მისი პოზიციების
შესუსტება მასებში. გართულდა ურთიერთობები პროფკავშირებთან, რადგანაც
ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების გამო 1976-1978 წლებში საგაფიცვო მოძრაობა
შეზღუდული იყო. კომუნისტებმა დაკარგეს თავიანთი გავლენა ახალგაზრდებზეც
განსაკუთრებით სტუდენტობაზე. უნივერსიტეტებში აქტიურად მოქმედებდნენ მემარცხენე
ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებმაც 1977 წელს დაწყებული სტუდენტური გამოსვლების
ტალღა მიმართეს ბრმა ანარქისტული ბუნტის კალაპოტში, ხულიგნური აქციებისკენ,
მტრობისკენ ყველა პარტიის მიმართ. მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენები
იმედგაცრუებული იყვნენ და ა.შ. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი აისახა ახალი ვადამდელი
საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომელიც ჩატარდა 1979 წლის 3 ივლისს.
კომუნისტებმა დააგროვეს 30,4% ანუ დაკარგეს 4% 1976 წელთან შედარებით. ქრისტიან-
დემოკრატებმა და სოციალისტებმა პრაქტიკულად იგივე ხმები მიიღეს (შესაბამისად, 38,3% და
9,8%), თუმცა სოციალისტებმა მაინც გაზარდეს თავისი წარმომადგენლობა პარლამენტში.
არჩევნებმა ასახა ახალი ტენდენცია იტალიაში, მოსახლეობის პოლიტიკური აქტივობის
ზოგადი დაწევა. ამომრჩევლების 10%-მა ან არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემაში, ან გააფუჭა
ბიულეტენი. ამ არჩევნებზე თავისი პოზიციები სერიოზულად განიმტკიცა მხოლოდ
რადიკალურმა პარტიამ, რომელიც გამოდიოდა როგორც ულტრამემარცხენე და მიიმხრო
კომუნისტების ამომრჩეველთა ნაწილი (მიიღო 3,4% ადრინდელი 1,1%-ის ნაცვლად და 18
დეპუტატამდე გაზარდა თავისი წარმომადგენლობა დეპუტატთა პალატაში). მიუხედავად
ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოდგა სოციალისტური პარტიის გაძლიერება, რომელმაც
შეუქცევადი ხასიათი მიიღო 80-იან წლებში, რაც დიდწილად იყო დაკავშირებული მისი ახალი
ლიდერის, ბეტინო კრაქსის ფიგურასთან. ის 1976 წლის არჩევნების შემდეგ ჩაუდგა სათავეში
ისპ-ს და მიზნად დაისახა ქდპ-ს შეცვლა სამთავრობო კოალიციის ხელმძღვანელობაში.
კრაქსის ინიციატივით, პარტიამ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა საპროგრამო
დოკუმენტი, 1978 წელს მიიღო პროგრამა სახელწოდებით „სოციალისტური პროექტი“,
რომელიც გამსჭვალული იყო დასავლეთ ევროპული სოციალ-დემოკრატიის
სულისკვეთებით. პარტიის მიზნად აღიარებულ იქნა სოციალიზმი, გაგებული როგორც
საზოგადოება შერეული ეკონომიკით, რომელიც არ ატარებდა (კაპიტალიზმისგან
განსხვავებით) წმინდა საბაზრო ხასიათს, მაგრამ არც გამორიცხავდა კერძო საკუთრებრივ

22
ურთიერთობებს; საზოგადოება ისეთი პოლიტიკური სისტემით, სადაც სრულად
რეალიზდება ლიბერალურ დემოკრატიული პრინციპების შემდგომი განვითარება
პირდაპირი მასობრივი დემოკრატიის ახალ ფორმებთან შეხამებაში. ასეთ საზოგადოებაზე
გადასვლა ჩაფიქრებული იყო დიდი ხნის წინ დაწყებული და თანდათან მიმდინარე
რეფორმებით. ისპ ცდილობდა, გამხდარიყო პარტია, რომელიც აღემატებოდა ქდპ-ს
დინამიზმითა თუ უნარით, ფეხი აეწყო პროგრესისთვის. ალტერნატიული ძალის როლის
მოპოვება ისპ-ს მხოლოდ იკპ-ს, მეორე უმსხვილესი პარტიის ხარჯზე შეეძლო.
სოციალისტური პარტიის ახალი ხელმძღვანელობა აქტიურად მოქმედებდა ამ
მიმართულებით. 1978 წელს კრაქსიმ სტატიაში „სოციალისტური სახარება“ კომუნისტურ
პარტიას წაუყენა მოთხოვნა უარი ეთქვა მარქსის, ლენინის და გრამშის იდეებზე, რომელიც
განიხილებოდა როგორც „იაკობინური“ ტრადიციის გამოხატულება სოციალისტურ
აზროვნებაში და სოციალიზმს ყაზარმულ, ტოტალიტარული სახეს უქმნიდა. კრაქსიმ და მისმა
თანამოაზრეებმა აგრძნობინეს, რომ მხოლოდ ამ პირობებში შეიძლებოდა იტალიის
სოციალისტური პარტიის პოლიტიკური დაახლოება იტალიის კომუნისტურ პარტიასთან.
იტალიის კომუნისტურმა პარტიამ კრიტიკულად გაანალიზა „ეროვნულ
სოლიდარობაში“ თავისი საქმიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ ეტაპზე
მსგავსი ფართო კოალიციის ჩარჩოებში ქრისტიან-დემოკრატებთან თანაშრომლობა
შეუძლებელი იყო. „ისტორიული კომპრომისის“ ფორმულის ნაცვლად, რომელიც პრაქტიკაში
აღმოჩნდა თანამშრომლობის სინონიმი, იკპ-მ 1980 წელს წამოაყენა ლოზუნგი
„დემოკრატიული ალტერნატივა“. ის ვარაუდობდა მემარცხენე პარტიების კოალიციის
შექმნას, რომელიც ეცდებოდა სამთავრობო ხელისუფლების მოპოვებას არა ქდპ-სთან ერთად,
არამედ მის საპირწონედ. მიუხედავად ამისა, ისპ-ს ანტიკომუნისტური პოზიციის
გათვალისწინებით, ამის რეალური პირობები არ არსებობდა და კომუნისტების მიერ
შემოთავაზებული „დემოკრატიული ალტერნატივა“ დარჩა ძირითადად პროპაგანდისტული
ხასიათის ლოზუნგად.

ეკონიმიკური და სოციალური ძვრები 70-80-იან წლებში

70-80-იან წლებში იტალიაში დაიწყო ინდუსტრიული საზოგადოებიდან


პოსტინდუსტრიულზე გადასვლა. ფართო მასშტაბებით ხდებოდა ტექნიკური ბაზის და
სამრეწველო წარმოების ტექნოლოგიის განახლება: დაინერგა მართვის კომპიუტერული
სისტემები, რობოტექნიკა, მოწყობილობები მიკროელექტრონიკის გამოყენებით და ა.შ.
ამასთან, ტექნიკური პროგრესის ავანგარდში ჩადგნენ მცირე საწარმოები, როგორც ყველაზე
მოქნილი სიახლეების ათვისებაში. ამ პროცესმა განსაკუთრებით ცენტრი და ჩრდილო-
აღმოსავლეთი მოიცვა. აქ შეიქმნა ე.წ. „ინდუსტრიული ოლქები“ ერთმანეთთან
კოოპერაციული ურთიერთობებით დაკავშირებული მცირე საწარმოების მთელი
„თანავარსკვლავედით“, რომლებიც ქმნიდნენ მაღალხარისხიან, საგარეო ბაზარზე
კონკურენტუნარიან პროდუქციას. მსხვილი საწარმოები თავისი წარმოების კონვეიერული
ორგანიზაციით მოდერნიზაციის ახალ პიროებში უკვე არ შეესაბამებოდა დროის მოთხოვნებს
და თანდათან კარგავდა წამყვან როლს. ძველი ინდუსტრიული რაიონებიდან (ჩრდილო-
დასავლეთი სამკუთხედით მილანი-ტურინი-გენუა) მსგავსი ტიპის საწარმოები 70-იან წლებში
გადავიდა სამხრეთში, სადაც ახალი ქარხნების მშენებლობა (მაგალითად ფიატი და ალფა
რომეო) სახელმწიფოს მიერ ხალისდებოდა, როგორც უმუშევრობის თუნდაც ნაწილობრივ
მოსპობის საშუალება (სამხრეთში უმუშევართა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა საერთო
ეროვნულ დონეს).
არსებითი ცვლილებები მოხდა საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში.
დასაქმებულთა სულ უფრო მეტი რაოდენობა მოდიოდა სწრაფად მზარდი სერვისის სფეროში:
1986 წელს მან მიაღწია 56,7%-ს, მაშინ როცა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული იყო 10,7%,
მრეწველობაში კი – 32,4% (1960 წელს აღნიშნულ სამ სექტორში მუშახელი თითქმის

23
ერთნაირად იყო განაწილებული). სამრეწველო სექტორში დასაქმებულთა შორის, მუშების
ხვედრითმა წილმა დაიწია და გაიზარდა მოსამსახურეთა წილი.
დასაქმების ზოგადი მდგომარეობის თვალსაზრისით, უმუშევრობა იზრდებოდა მაშინაც
კი, როცა იტალიის ეკონომიკა გამოვიდა 1974-1975 წლების კრიზისიდან. 80-იანი წლების
მეორე ნახევარში უმუშევართა რიცხვმა მიაღწია 11-12%-ს. ამავე დროს, ბევრი, ვინც
ოფიციალურად უმუშევრად ითვლებოდა, პოულობდა არალეგალურ სამუშაოს „შავი“
ეკონომიკის სფეროში (უფრო გავრცელებული იყო სამხრეთში), სადაც მეწარმეები გვერდს
უვლიდნენ კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების სისტემას პროფკავშირებთან და
სოციალურ კანონმდებლობას.
მიუხედავად 80-იანი წლების ბოლოს იტალიის სამხრეთში მომხდარი მნიშვნელოვანი
ცვლილებებისა (ახალი სამრეწველო საწარმოების შენება, სოფლის მეურნეობის წარმოების
მოდერნიზაცია, საგზაო ქსელის განვითარება, წარმატებები მასობრივი სასკოლო განათლების
გავრცელებაში და ა.შ.) მისი ჩამორჩენა ჩრდილოეთთან მიმართებაში გადაულახავი დარჩა. ამ
ათწლეულის დასაწყისში ჩრდილოეთის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში იყო 16%-
ით მეტი, ხოლო სამხრეთში – 30%-ით ნაკლები საერთო ეროვნულ დონეზე. 90-იანი წლების
შუახანებისთვის ორივე რეგიონის წილი თავისთავად გაიზარდა, მაგრამ მოსახლეობის
რაოდენობასთან მიმართებით ჩრდილოეთმა და ცენტრმა გადააჭარბეს ქვეყანაში საშუალო
მაჩვენებელს 20%-ით, სამხრეთი კი ჩამორჩა მას 35%-ით. სამხრეთი ოლქების ეკონომიკური
ზრდა ძველებურად იყო არა დამოუკიდებელი განვითარების, არამედ სამთავრობო ზომების
შედეგი, დაფინანსებული „სამხრეთის ყულაბის“ სახსრებით.
იმ პირობებში, როცა მსხვილი საფაბრიკო-საქარხნო წარმოება უკვე აღარ წარმოადგენდა
იტალიური მრეწველობის ხერხემალს, მასთან დაკავშირებულ მშრომელთა ნაწილის
ცნობიერებაში მოხდა ღრმა და მტკივნეული ცვლილებები. დაიკარგა რწმენა კოლექტიური
მოქმედების შესახებ, რაც ნათლად დაადასტურა პროფკავშირებში წევრთა რაოდენობის
შემცირებამ. თუ 1977 წელს სამი იტალიური პროფცენტრი, რომელმაც 1972 წელს შექმნა
ფედერაცია საერთო ხელმძღვანელობით, აერთიანებდა ჯამში დაახლოებით 7,162,000 წევრს,
1982 წელს მასში დაახლოებით 6,877,000 წევრი იყო. იქ, სადაც განმტკიცდა
მაღალორგანიზებული მცირე საწარმოების უახლესი ტიპი, სოციალური ტიხრები ნაკლებად
მკაცრი იყო, ვიდრე ძველი ინდუსტრიული ურთიერთობების ბატონობისას. თუმცა ეს არ
ნიშნავს იმას, რომ მუშებში გაქრა საკუთარი ინტერესების ცნება და მზადყოფნა დაეცვათ ისინი
მეწარმეების წინაშე. გაფიცვებიც განსხვავდებოდა თავისი ხანგრძლივობით, ვიდრე ეს იყო
ტრადიციულ სამრეწველო რაიონებში. ქირით მომუშავეთა პროფესიული ორგანიზებულობის
დონე 90-იანი წლების დასაწყისისთვის იყო საშუალოზე მაღალი მთელ ქვეყანაში.
სტრუქტურულ-ტექნოლოგიური ძვრების საფუძველზე იტალიურ საზოგადოებაში 70-
80-იან წლებში, ყურადღება გამძაფრდა „ცხოვრების ხარისხის“ ზოგადსაკაცობრიო (პირველ
რიგში, ეკოლოგიური) პრობლემებისადმი. ორგანიზაციულად ჩამოყალიბებული
ეკოლოგიური მოძრაობა გამოდიოდა ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა: რეფერენდუმი
ატომური ელექტროსადგურების საკითხზე, ენერგეტიკის განვითარების ალტერნატიული
გეგმები, ბრძოლა ქალაქების ისტორიული ცენტრების შენარჩუნებისთვის, მავნე წარმოებების
შეწყვეტა და ა.შ. ეკოლოგთა ყველაზე მსხვილი ასოციაცია – გარემოს დაცვის ლიგა, რომელიც
დაფუძნდა 1980 წელს, უკვე ათწლეულის ბოლოსთვის მოქმედებდა მთელ ქვეყანაში,
მოითვლიდა 600 ადგილობრივ განყოფილებას და დაახლოებით 50 ათას წევრს.
პოლიტიკურად ეკოლოგები წარმოდგენილი იყვნენ მწვანეების ორგანიზაციებით,
რომელმაც 1987 წელს მოახერხა დეპუტატთა პალატაში 13 ადგილის მოპოვება (2,51%).
გარკვეულ მიმართულებებში ეკოლოგები ურთიერთმოქმედებდნენ ახალ პაციფისტებთან,
ქალთა ახალგაზრდულ მოძრაობებთან. ყველა ამ თავისი ხასიათით არაპარტიულ მოძრაობას
აახლოებდა ის, რომ ისინი „იჭერდნენ“ და გამოხატავდნენ იმ მოთხოვნილებებს რომლებიც
ადეკვატურ გამოხმაურებას ვერ პოულობდა ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებთან და
მასობრივ ორგანიზაციებთან. ასეთი მოძრაობებისადმი მზარდი მხარდაჭერა დაკავშირებული
იყო არა მხოლოდ მათი მოთხოვნების შინაარსთან, არამედ იმასთან, რომ მასობრივ შეგნებაში

24
იცვლებოდა დამოკიდებულება პარტიებთან და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებთან
მიმართებაში. სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობდა უნდობლობას ქვეყანაში მოქმედი
ყველა პარტიის და საპარლამენტო სისტემის მიმართ.

ნეოკონსერვატიზმი, ხუთპარტიული კოალიცია ხელისუფლებაში

80-იანი წლების დასაწყისში იტალიაში, ისევე როგორც სხვა დასავლურ ქვეყანაში მოხდა
ნეოკონსერვატიულ პოლიტიკურ კურსზე გადასვლა. ლიბერალურ-რეფორმისტულმა
სტრატეგიამ (ანუ სოციალური მანევრირება სახელწიფოს აქტიური როლის პირობებში) აქ არ
მოიტანა სასურველი შედეგი არც მემარცხენე ცენტრიზმის პერიოდში და არც კომუნისტებთან
თანამშრომლობის დროს. მეორე მხრივ, ომის შემდგომი პოლიტიკური განვითარების
გამოცდილება გამორიცხავდა მარჯვნივ გადახვევის შესაძლებლობას ნეოფაშისტურ ძალებზე
დაყრდნობით. ნეოკონსერვატიზმი იყო პოლიტიკა მაქსიმალურად „შეპირისპირებული“
იტალიაში მიმდინარე პროცესებთან, სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციის პირობებში,
ნეოკონსერვატორები მოითხოვდნენ მეწარმეებისთვის წარმოებაზე სრული ძალაუფლების
დაბრუნებას, პროფკავშირების ალაგმვას, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების
პრაქტიკის გაუქმებას, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შესუსტებას, სოციალური
საჭიროებებისთვის სახელმწიფო ხარჯების შემცირებას. ასეთ პროგრამას ჯერ კიდევ 70-იან
წლებში აყენებდა იტალიის მრეწველების კონფედერაცია, მაგრამ იტალიაში არ იყო ერთი
რომელიმე პარტია, რომელიც, ამერიკელი რესპუბლიკელების ან ინგლისელი
კონსერვატორების მსგავსად, ამ პროგრამის პოლიტიკურ დონეზე გამომხატველი იქნებოდა.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ამ როლისთვის ვერ გამოდგებოდა არა იმიტომ, რომ მის
შიგნით კონსერვატიულ ელემენტებს არასდროს ჰქონდათ უპირობოდ გაბატონებული
მდგომარეობა, არამედ მათი არქაულ ბურჟუაზიულ ფენებთან მჭიდრო კავშირების გამო.
რესპუბლიკურ და ლიბერალურ პარტიებს, რომლებიც უფრო ახლოს იყვნენ
ნეოკონსერვატიულ ორიენტაციასთან, მცირერიცხოვნების გამო ამომრჩეველზე
მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდათ. ნეოკონსერვატიული პოლიტიკის რეალიზაცია თავის
თავზე აიღო 1980 წელს შექმნილმა ხუთპარტიულმა კოალიციამ ქდპ-ს, ლიბერალების,
რესპუბლიკელების, სოციალ-დემოკრატების და სოციალისტური პარტიის მონაწილეობით.
იტალიის სოციალისტური პარტია მთავრობაში შევიდა შვიდწლიანი შესვენების შემდეგ და
სწორედ ეს ტრადიციულად მემარცხენე პარტია გახდა ხუთპარტიულ კოალიციაში
ნეოკონსერვატიული პოლიტიკის ყველაზე თანმიმდევრული გამტარებელი.
ხუთპარტიული კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა ახალი ეკონომიკური კრიზისის
პირობებში რომელმაც იტალია 1980-1983 წლებში მოიცვა. მთავრობამ დაიწყო
ანტიკრიზისული ზომების გატარება ნეოკონსერვატიული სამრეწველო წრეების ინტერესების
შესაბამისად. იგრძნეს რა მთავრობის მხარდაჭერა და ისარგებლეს რა პროფკავშირული
მოძრაობის შესუსტებით, მეწარმეებმა გააძლიერეს წნეხი მშრომელთა სოციალურ
მონაპოვარზე და პროფკავშირების უფლებებზე. მათ დაიწყეს მასობრივი დათხოვნები,
შეწყვიტეს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები და აჭიანურებდნენ ახლის დადებას,
მაგრამ 1983 წლის საყოველთაო გაფიცვამ, 14,5 მლნ ადამიანის მონაწილეობით, აიძულა
მეწარმეები, რიგ დარგებში აღედგინათ კოლექტიური ხელშეკრულებები.
საპარლამენტო არჩევნებმა რომელიც ჩატარდა 1983 წელს, აჩვენა, რომ ქრისტიან-
დემოკრატიული პარტიის ნეოკონსერვატიულ პოლიტიკაზე გადასვლამ გამოიწვია
ელექტორატის ნაწილის დაკარგვა. მას ზურგი აქცია ნაწილობრივ სამხრეთის საშუალო
ფენებმა, რომლებიც ზედაპირზე ხელოვნურად, სხვადასხვა სახელმწიფო ასიგნირების
ხარჯზე „ტივტივებდნენ“ და ეშინოდათ მისი დაკარგვის ქდპ-ს მიერ გამოცხადებული მკაცრი
ეკონომიის პირობებში. ამავე დროს, ხმებს კარგავდა კომუნისტური პარტიაც რომელმაც
ვერაფერი დაუპირისპირა ნეოკონსერვატიზმს.
მთლიანობაში სამთავრობო კოალიციის პარტიებმა შეინარჩუნეს თითქმის იმდენივე ხმა,
რაც ადრე, მაგრამ ეს მოხდა სოციალისტური პარტიის წყალობით, რომლის ხმების რაოდენობა

25
14,4%-მდე გაიზარდა. შედეგად, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ (მიიღო ხმების 32,93%),
თავისი არსებობის მანძილზე პირველად, პრემიერის პოსტი სოციალისტებს დაუთმო. 1983
წლიდან 1987 წლამდე ამ პოსტს იკავებდა კრაქსი. სპეციალური გამოკითხვისას, რომელიც
ჩატარდა უმსხვილესი ფირმების პრეზიდენტებს და მმართველებს შორის, 85%-მა დადებითად
შეაფასა კრაქსის საქმიანობა მთავრობის სათავეში. 1984 წელს სოციალისტმა პრემიერმა
შეზღუდა შრომითი ანაზღაურების მოძრავი შკალის მოქმედება, რაც პასუხობდა მეწარმეთა
მოთხოვნებს. ეს მოხდა სწრაფი წესით, სამთავრობო დეკრეტით, რომელიც მხოლოდ შემდეგ
იქნა მოწონებული პარლამენტის მიერ და მიღო კანონის ძალა. საკითხი მოძრავი შკალის
შესახებ პროფკავშირულ მოძრაობებში მწვავე უთანხმოებების საგანი გახდა. სამთავრობო
პარტიებმა შეძლეს კრაქსის დეკრეტის მხარდაჭერისკენ გადაეხარათ მათი გავლენის ქვეშ
მყოფი პროფკავშირები. დეკრეტის წინააღმდეგ გამოვიდა იტალიის შრომის საყოველთაო
კონფედერაციის უმრავლესობა, რომელსაც კომუნისტები მეთაურობდნენ. 1985 წელს
კომუნისტური პარტიის ინიციატივით ჩატარდა რეფერენდუმი მოძრავი შკალის გადასინჯვის
შესახებ, მაგრამ ხმათა უმრავლესობით (54,3%) შეზღუდვა დარჩა ძალაში.
ბ. კრაქსის დროს დაიწყო სახელმწიფო სექტორის საწარმოთა გაყიდვა, შემცირდა
საბიუჯეტო ხარჯები სოციალურ საჭიროებებზე, მზადდებოდა სკოლების, საპენსიო საქმის,
სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სისტემის პრივატიზაცია. ხუთპარტიული სისტემა
არ ეყრდნობოდა რაიმე საერთო პროგრამას და თავისი არსებობის განმავლობაში არაერთხელ
დამდგარა დაშლის საფრთხის წინაშე მის მონაწილეთა შორის (პირველყოვლისა, ეს ეხება ქდპ-
ს და ისპ-ს) გაჩენილი უთანხმოებების გამო. ხუთპარტიული კოალიციის ნეოკონსერვატიული
კურსი ვითარდებოდა წინააღმდეგობრივი ტენდენციების პირობებში და არ შეიძლება
ყოფილიყო თანმიმდევრული. მეორე მხრივ, იტალიის საზოგადოებრივ პოლიტიკური
სიტუაციის პირობებში, მარცხნიდან მძლავრი საპირწონე ძალის არსებობის გამო,
ნეოკონსერვატიზმი, უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყნებში, შეზღუდული იყო თავის
შესაძლებლობებში.

რესპუბლიკის პარტიულ-პოლიტიკური სისტემის კრიზისი

80-იანი წლები იტალიაში აღინიშნა პოლიტიკური არასტაბილურობის ზრდით. 1979-


1988 წლებში მოხდა დაახლოებით ათამდე სამთავრობო კრიზისი, თუმცა ზოგჯერ
მთავრდებოდა ის ხელისუფლებაში კაბინეტის ძველი შემადგენლობის დაბრუნებით. ორი
ათწლეულის განმავლობაში ყველა საპარლამენტო არჩევნები (1972, 1976, 1979, 1983, 1987)
ვადამდელი იყო.
სხვადასხვა მხრიდან სულ უფრო დაჟინებით ისმოდა მოთხოვნები პოლიტიკური
ინსტიტუტების რეფორმირების და კონსტიტუციაში ამა თუ იმ ცვლილებების შეტანის
შესახებ. მემარჯვენე ძალები ამ მოთხოვნებში დებდნენ „წესრიგის“ და ძლიერი
ხელისუფლების ჩამოყალიბების იდეას. სოციალისტური პარტიიდან მოდიოდა პროექტები
იტალიის საპრეზიდენტო რესპუბლიკის ტიპით პოლიტიკური მოწყობის შესახებ, რომლითაც
სახელმწიფოს მეთაურს ირჩევდა არა პარლამენტი, არამედ მოსახლეობა პირდაპირი
არჩევნების გზით. პარლამენტში წარმომადგენლობის პროპორციული სისტემა
საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევდა, როგორც მუდმივი სამთავრობო კრიზისების წყარო.
განიხილებოდა მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა, რომელიც დაადგენდა ხმების
მინიმალურ კვოტას დეპუტატების მანდატების მოსაპოვებლად. კრიტიკის ქვეშ ექცეოდა
პროპორციული სისტემისას მოქმედი პრინციპი – ხმის მიცემა პარტიული სიებით: მასში
დანახული იყო პარტიული ლიდერების დიქტატი ამომრჩეველთა ნებაზე. პოლიტიკურ
პარტიებს ბრალს დებდნენ იმაში, რომ ისინი თამაშობდნენ განუზომლად დიდ როლს,
მოახდინეს ქვეყნის მართვის უფლების უზურპირება და სახელმწიფო ცხოვრების ყველა
მნიშვნელოვან საკითხს წყვეტენ ერთმანეთთან მორიგებით და ა.შ.
იტალიაში შექმნილ პარტიულ სისტემასთან დაკავშირებით, თავისი ორი პოლუსით (ქდპ
და იკპ) ხმარებაში შემოვიდა ტერმინი – „არასრული ორპარტიულობა“ (არასრული იმ გაგებით,

26
რომ აქ არ მოქმედებდა ხელისუფლებაში ურთიერთცვლის ორპარტიულობისთვის
დამახასიათებელი სისტემის მექანიზმები).
ცივი ომის პირობებში იყო თითქოსდა მოჯადოებული წრე: სამთავრობო პარტიად
რჩებოდა ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, როგორც „დასავლური ცივილიზაციის“ და
ანტიკომუნიზმის ბურჯი, მაშინ როცა კომუნისტურ პარტიას „ეროვნული სოლიდარობის“
კოალიციის ფარგლებშიც კი არ ჰქონდა მთავრობაში დაშვება აშშ-ს მხრიდან წინააღმდეგობის
გამო. 80-იან წლებში გავრცელებულმა ხუთპარტიულმა მთავრობამ საერთოდ შეარყია
ამომრჩევლის ნდობა ნებისმიერი სახის პარტიებისადმი. ამას შედეგად მოჰყვა ყველა პარტიის
კრახი და დაშლა 90-იან წლებში. პირველი დარტყმა იტალიის კომპარტიამ მიიღო, რომელიც
საბჭოთა ბლოკის დაშლასთან ერთად რეორგანიზაციაში მოჰყვა და ორ ნაწილად გაიყო. 1992
წელს დაწყებულმა ოპერაციამ „სუფთა ხელები“ კი გამოიწვია პრაქტიკულად ყველა პარტიის
ლიდერების დადანაშაულება ქრთამის აღებასა და მაფიასთან თანამშრომლობაში. პარტიების
ერთი ნაწილი (მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია) გაიყო არც ისე
სიცოცხლისუნარიან ერთეულებად, მეორე ნაწილმა კი (იტალიის სოციალისტური პარტია და
სხვ.) – უბრალოდ არსებობა შეწყვიტა. დაიწყო ახალი პარტიების ჩამოყალიბება და ქვეყანაში
შეიქმნა სრულიად ახალი ვითარება, რამაც საარჩევნო რეფორმა გამოიწვია. შედეგად, 1994
წელს იტალიაში ჩამოყალიბდა ე.წ. „მეორე რესპუბლიკა“.

27

You might also like