Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 31

ზაალ გოგენია

ესპანეთი ფრანკოს ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში (1939-1975)

ფრანკოს რეჟიმის პოლიტიკური სისტემა


ესპანეთში ფრანკოს ავტორიტარული რეჟიმი დამყარდა სისხლისმღვრელი,
დამანგრეველი სამოქალაქო ომის შედეგად. უდიდესი მსხვერპლი და საზოგადოების
საბოლოოდ გახლეჩა სერიოზულად ართულებდა ეროვნული შერიგების პროცესს.
სამოქალაქო ომის ტრაგედია დიდი ხნის განმავლობაში დარჩა ესპანელების კოლექტიურ
მეხსიერებაში. ძირითადი პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ამა თუ იმ დოზით
სწორედ სამოქალაქო ომის შედეგებიდან იყო წარმოშობილი. ეკონომიკური კუთხით
ესპანეთი რამდენიმე ათწლეულით იქნა უკან გადასროლილი. ფრანკოს რეჟიმმა
თითქმის 40 წელი იარსება და ეს იყო დასავლეთ ევროპაში ავტორიტარული
მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი. მეორე მსოფლიო ომის
დასრულების შემდეგ, რომელმაც განსაზღვრა ევროპული და მსოფლიო განვითარების
ახალი ორიენტირები, ესპანეთი ფაქტობრივად იზოლაციაში იმყოფებოდა, რაც
ართულებდა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და მის საერთაშორისო სისტემაში
დაბრუნებას სრულუფლებიანი აქტორის სახით.
XX საუკუნის 30-40-იან წლებში ესპანურმა რეაქციამ ანტირესპუბლიკური და
ანტიკომუნისტური დროშის ქვეშ გააერთიანა სოციალ-პოლიტიკური თვალსაზრისით
არაერთგვაროვანი ძალები: ფინანსური და მემამულური ოლიგარქია, არმიის და
ეკლესიის ზედაფენა, საშუალო ფენების ნაწილი ქალაქებსა და სოფლებში. იცავდა რა მათ
ინტერესებს, ფრანკოს რეჟიმი ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა ამ კატეგორიის
მოქალაქეების გამდიდრებისთვის, მათ შორის სახელმწიფო-მონოპოლისტური
რეგულირების გზებით.
ფრანკოს დიქტატურა ოფიციალურად დამყარდა 1939 წლის 1 აპრილს. მისი
საყრდენი იყო არმია, რეპრესიული ორგანოები და ფაშისტური ტიპის პარტია ,,ესპანური
ფალანგა”. 1931 წლის დემოკრატიულმა კონსტიტუციამ მოქმედება შეწყვიტა. აკრძალულ
იქნა რესპუბლიკის მხარდამჭერი ყველა პოლიტიკური პარტია და პროფესიული
გაერთიანება. გაუქმდა სახალხო ფრონტის მთავრობის მიერ განხორციელებული
რეფორმები. სასამართლო ორგანოები საომარი დროის საგანგებო კანონმდებლობის
საფუძველზე ფუნქციონირებდნენ. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სისტემა
ორიენტირებული იყო რეჟიმის და მისი ინსტიტუტების დასაცავად. ფაშისტური
იტალიის მსგავსად სახელმწიფო ესპანეთში ორგანიზებულ იქნა ,,კორპორაციული,
ცენტრალიზებული და პატერნალისტური” სახით. მისი განმასხვავებელი ნიშნები იყო
ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა და სახელმწიფო მართვის მკაცრი ვერტიკალი,
სადაც, რა თქმა უნდა, არ რჩებოდა ადგილი რეგიონალური ავტონომიისთვის და
ქვეყანაში მცხოვრები ხალხების ეთნოკულტურული იდეისთვის.
კოლოსალურმა ძალაუფლებამ, რომელიც აღმოჩნდა ფრანკოს ხელში სამოქალაქო
ომის წლებში, ,,ლეგიტიმური” სტატუსი 1939 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნებული
კანონით მოიპოვა. 9 აგვისტოს ჩამოყალიბდა ფრანკოს მეორე მთავრობა, რომლის
შემადგენლობაშიც დიქტატორმა ჩართო არმიის უმაღლესი სარდლობა, რამდენიმე
კარლისტი და კლერიკალი. იდეოლოგიური კუთხით 1939 წლიდან 1942 წლამდე ქვეყნის
პოლიტიკური სისტემის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ფაშისტურ
პარტიას ,,ესპანური ფალანგა”. პარტიის პროგრამა შეიცავდა შემდეგ პუნქტებს: ე.წ
ვერტიკალური პროფკავშირების ჩამოყალიბებას, რომელიც იძულებით-კორპორაციულ

1
საწყისებზე აერთიანებდა მეწარმეებს, მოსამსახურეებს და მუშებს; ახალგაზრდული,
სტუდენტური და ქალთა ასოციაციების შექმნას, რომელთა საქმიანობა ესპანური
ნაციონალიზმის და ფრანკიზმის იდეებით იქნებოდა გაჟღენთილი; მძლავრი
პროპაგანდისტული და ცენზურის აპარატის შექმნას, რომელიც დათრგუნავდა
ნებისმიერ დემოკრატიულ გამოვლინებას პოლიტიკაში პრესაში, ლიტერატურაში,
ხელოვნებაში და ესპანეთის საზოგადოების ყველა ფენას თავს მოახვევდა ფრანკიზმის
იდეას.
1941 წელს ესპანელმა ფალანგისტებმა შეიმუშავეს კანონპროექტი სახელმწიფოს
ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად იტალიური ფაშისტების
კორპორაციულ ტოტალიტარიზმს კოპირებას ახდენდა, მაგრამ ფრანკომ უარყო ეს
პროექტი, რადგან, მისი აზრით, მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული
ესპანეთის ეროვნულ-ტრადიციონალისტური სპეციფიკა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს,
რომ არსებობის პირველი დღიდან ,,ფრანკიზმი” არ წარმოადგენდა ორგანიზაციულ-
იდეურ ,,მონოლითს”, პირიქით, მის საბაზო სტრუქტურებში მუდმივად ჰქონდა ადგილი
მეტოქეობას და აშკარა კონფრონტაციას სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის. მიმართავდა
რა ,,შეკავების და ბალანსის” ტაქტიკას (ნაწილობრივ საკადრო გადაადგილებების გზით),
დიქტატორი ამ მეტოქეობით მოხერხებულად სარგებლობდა საკუთარი მიზნების
მისაღწევად. 1942 წლის აგვისტოში ფრანკომ ჩამოაყალიბა ახალი მინისტრთა კაბინეტი.
კაბინეტის შემადგენლობაში ფალანგისტები ადრინდელზე ნაკლებად იყვნენ
წარმოდგენილნი. ასეთი მანევრი მოწმობდა ფრანკოს მცდელობაზე, შეემცირებინა
უკიდურესი პოლიტიკური გავლენა, რომელიც მოიპოვა ,,ესპანურმა ფალანგამ”
სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ.
1942 წლის 17 ივლისის დეკრეტით შეიქმნა ე.წ. ესპანური კორტესი (მას ხშირად
,,ფრანკისტულ კორტესადაც” მოიხსენიებენ), რომელიც ასრულებდა მხოლოდ
სათათბირო ფუნქციას. კორტესის 438 დეპუტატს პროკურადორები დაერქვათ. კორტესის
წევრები იყვნენ მინისტრები, ,,ესპანური ფალანგას” ნაციონალური საბჭოს წევრები,
უზენაესი სასამართლოს და სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარეები, 50
პროვინციული დედაქალაქის მერები, უნივერსიტეტის რექტორები, მსხვილი
სამთავრობო ჩინოვნიკები და სხვა. სახელმწიფოს მეთაურმა კორტესში დანიშნა 50
პროკურადორი იმ პირებიდან, რომლებსაც ეკავათ მაღალი მდგომარეობა სამხედრო,
ადმინისტრაციულ, სასულიერო და სოციალურ სფეროებში. ამრიგად, ფრანკოს კორტესი
იყო მსხვილი სახელმწიფო და პარტიული პირების საკრებულო.
მთავრობას (მინისტრთა კაბინეტი) სათავეში ედგა ფრანკო. ვერცერთი
კანონპროექტი ვერ შევიდოდა კორტესში მთავრობის თანხმობის გარეშე. მინისტრებს
ნიშნავდა და ათავისუფლებდა პირადად ფრანკო. ის ნიშნავდა ასევე პროვინციების
გუბერნატორებს, მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, მოსამართლეებს, გენერლებს, ადმირლებს
და ა.შ. გარდა ამისა, მისი თანხმობით ხდებოდა სასულიერო ჩინების გადაადგილება
კათოლიკური ეკლესიის სტრუქტურაში. კათოლიკური რელიგია გამოცხადდა
სახელმწიფო რელიგიად. სასულიერო პირები ხელფასებს სახელმწიფო ხაზინიდან
იღებდნენ.
მეურნეობის ყველა დარგში ფუნქციონირებდა ცენტრალური დარგობრივი
პროფკავშირი, რომელსაც ემორჩილებოდა მისი პროვინციული და ადგილობრივი
განყოფილებები. დარგობრივ პროფკავშირებს (26 ერთეული) ჰქონდათ ,,ვერტიკალური
სტრუქტურა” და მათ სათავეში ედგათ მთავრობის მიერ დანიშნული დელეგატები.
პროფკავშირების ადმინისტრაციული აპარატი არჩევითი არ იყო და მთავრობის მიერ
ინიშნებოდა. სახელმწიფო მკაცრად არეგულირებდა წარმოებას, ხელფასის ოდენობას,
2
ფასებს და მომარაგებას. ახალი სამრეწველო საწარმოს შესაქმნელად აუცილებელი იყო
ადმინისტრაციული გადაწყვეტილება.
მეორე რესპუბლიკის დროს არსებული ადგილობრივი თვითმმართველობა
გაუქმდა. ხელისუფლებას ადგილებზე ახორციელებდნენ მთავრობის მიერ დანიშნული
პირები: პროვინციებში – გუბერნატორები, მუნიციპალურ ორგანოებში და მსხვილ
ქალაქებში – ალკალდები (მერები).
მოწინააღმდეგეების მიმართ პოლიტიკურ ტერორს რეჟიმი იდეოლოგიური
ტერორითაც ავსებდა. კომუნიზმის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის
იდეალისადმი ერთგულება მის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს
პრინციპად განიხილებოდა. ფრანკიზმს, როგორც იდეოლოგიურ დოქტრინას,
საფუძვლად ედო ანტიდემოკრატიზმი, ავტორიტარიზმი, ანტიკომუნიზმი,
კლერიკალიზმი, პროფაშისტური ნაციონალიზმი, პატერნალისტური ელიტარიზმი,
სახელმწიფო ცენტრალიზმი. მასში ასახულია ტრადიციონალისტური, მონარქისტული
და რელიგიური კონცეფციები განვითარებული XIX-XX სს. ისეთი იდეოლოგების მიერ,
როგორებიც იყვნენ: მარსელინო მენენდეს-ი-პელაიო, რამირო დე მაესტუ, ხოსე ანტონიო
პრიმო დე რივერა, ანხელ ერერა ორია, ხოსე მარია ხილ-რობლესი და სხვები. ფრანკიზმმა
,,შეკრა” ყველა ეს იდეა და შეიარაღებაში აიღო ესპანური ტრადიციონალიზმი, ესპანეთის
,,თვითმყოფადობის” იდეალიზაცია, ერთიანი და განუყოფელი ესპანეთის თემა, არმიის
გაფეტიშება.
ფრანკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ესპანეთში ფაქტობრივად დაკანონდა
კაუდილიზმი (იდეა, რომელიც ამართლებს ტოტალიტარული სახელმწიფო
მმართველობის დამყარებას ერის მიერ აღიარებული ლიდერით სათავეში), ხოლო
დიქტატორს ოფიციალური პროპაგანდა 1939-1975 წლებში წარმოაჩენდა როგორც ,,ერისა
და სახელმწიფოს გადამრჩენელს”. ითავსებდა რა შეიარაღებული ძალების
მთავარსარდლის, სახელმწიფოს მეთაურის და მთავრობის მეთაურის პოსტებს, ფრანკო
ოფიციალურად მოიხსენიებოდა ,,ღვთის წყალობით ესპანეთის კაუდილიო,
პასუხისმგებელი ღვთის და ისტორიის წინაშე”.
ნაცისტური გერმანიის დამარცხებამ მეორე მსოფლიო ომში საფრთხის ქვეშ დააყენა
ესპანეთში დიქტატორული რეჟიმის არსებობა. ფრანკომ მიიღო ენერგიული ზომები
ქვეყნის ახალ საერთაშორისო ვითარებასთან ადაპტაციისთვის. 1945 წლის ივლისში
შეიქმნა ახალი მთავრობა, რომელშიც წამყვან როლს თამაშობდნენ კლერიკალური
წრეების წარმომადგენლები (ალბერტო მარტინ-არტახო ალვარესი, ხუან მარია
ფერნანდეს ლადრედა, ხოაკინ რუის ხიმენესი). ოფიციალური პროპაგანდიდან
ამოღებულ იქნა ყველაზე ოდიოზური ფაშისტური პოსტულატები. პოლიტიკურ
სისტემაში შემოღებულ იქნა ფასადური ,,დემოკრატიული ელემენტები”. 1945 წელს
გამოქვეყნდა ,,ესპანელი ხალხის ქარტია” (Fuero de los Españoles) რომელშიც
დეკლარირებული იყო ესპანელი ხალხის უფლებები, მაგრამ ამ უფლებების გარანტიის
ან მათი რეალიზების მექანიზმი, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. კაუდილიომ ასევე ხელი
მოაწერა კანონს ეროვნული რეფერენდუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს
მეთაურს უფლება ჰქონდა, კორტესის მიერ შეთავაზებული კანონპროექტები
რეფერენდუმზე გაეტანა.
1947 წელს შესაბამისი კანონით ესპანეთი ფორმალურად გამოცხადდა მონარქიად,
მაგრამ მეფის ხელისუფლების დამყარება უნდა მომხდარიყო ფრანკოს გარდაცვალების
შემდეგ, რომელიც სამუდამო მმართველად გამოცხადდა. კანონი ითვალისწინებდა
სამეფო საბჭოს შექმნას გენერალიტეტის, მაღალი სამღვდელოების და ჩინოვნიკების
წარმომადგენლებისგან.
3
50-60-იან წლებში გაფართოვდა რეჟიმის სოციალური ბაზა. მის ტრადიციულ
მომხრეებს შეუერთდა ,,ახალი” ბურჟუაზია, რომელიც გამდიდრდა სამთავრობო
სუბსიდიების, სახელმწიფო შეკვეთების და ელემენტარულად სპეკულაციური
გარიგებების შედეგად. 60-იანი და 70-იანი წლების პირველი ნახევრის ეკონომიკურმა
ბუმმა ქვეყანაში განამტკიცა ,,ახალი” ბურჟუაზიის პოზიციები, მაგრამ იმავდროულად
გააძლიერა უკმაყოფილებაც რეჟიმის ეკონომიკური პოლიტიკით. ნაწილს სურდა
რეფორმები. ასეთ პირობებში კონფლიქტმა სახელმწიფო ავტორიტარიზმს და დინამიურ
საბაზრო ეკონომიკას შორის მწვავე ფორმა მიიღო. ფრანკიზმი ცდილობდა შექმნილი
სიტუაციიდან გამოსვლას ლიბერალური ნოვაციების გზით და სახელმწიფო
მმართველობის სისტემაში ტექნოკრატების ჩართვით, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ
რელიგიურ პოლიტიკური ორგანიზაცია ,,ოპუს დეის” .
1957 წელს გადაადგილებები მინისტრთა კაბინეტში მოწმობდა იმას, რომ ფრანკომ
ფსონი დადო ტექნოკრატიულ ოლიგარქიაზე ლაურეანო ლოპეს როდოს მეთაურობით.
ტექნოკრატების მთავრობა ფრანკოს უახლოესი თანამოაზრის ადმირალ ლუის კარერო
ბლანკოს დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. ადმირალი მნიშვნელოვან როლს
ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახალმა კაბინეტმა აიღო კურსი ქვეყნის
მოდერნიზაციისკენ იმ პრინციპების შენარჩუნებით, რომელზეც რეჟიმი იყო
დამყარებული.
კარერო ბლანკოს და მინისტრი ტექნოკრატების ,,ზეგავლენით”, 1967 წ. ფრანკო
დათანხმდა სახელმწიფოს შესახებ ორგანული კანონის მიღებას. კანონის თანახმად
მოხდა სახელმწიფოს მეთაურის და მთავრობის მეთაურის პოსტების გაყოფა, კორტესის
ნაწილობრივი რეფორმირება და ა.შ. 1969 წლის 22 ივლისს, ფრანკოს შეთავაზებით, მისი
გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მემკვიდრედ
ცხადდებოდა პრინცი ხუან კარლოს ბურბონი, რომელმაც მეორე დღეს ფიცი დადო
ფრანკოს და სამშობლოს ერთგულებაზე.
1969 წელს შეიქმნა ახალი მინისტრთა კაბინეტი, სადაც საკვანძო ფიგურა გახდა
ადმირალი კარერო ბლანკო. მიუხედავად ეკონომიკურ სფეროში წარმატებებისა,
მთლიანობაში კარერო ბლანკოს მთავრობა მიყვებოდა კონსერვატიულ კურსს, რაც
გამოიხატა პოლიტიკური ცვლილებების შეზღუდულობაში. 1973 წელს ფრანკოს
ჯანმრთელობის გაუარესების გამო ქვეყნის მართვა დროებით დაეკისრა კარერო
ბლანკოს, რომელმაც გადააჯგუფა მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ კაბინეტის ახალი
შემადგენლობა ვერ შეუდგა მუშაობას, რადგან 1973 წლის 20 დეკემბერს მადრიდში
კარერო ბლანკო მოკლულ იქნა ბასკების ტერორისტული ორგანიზაცია ,,ეტას”
ბოევიკების მიერ.
კარერო ბლანკოს დაღუპვიდან რამდენიმე დღეში ფრანკომ პრემიერ მინისტრად
დანიშნა კარლოს არიას ნავარო. ახალი კაბინეტის შემადგენლობაში შევიდნენ იმ
სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენდნენ რეჟიმის საყრდენს.
თავისი საქმიანობის პირველ ეტაპზე არიას ნავარომ შეიმუშავა და წარმოადგინა
რეფორმების გეგმა, მიმართული ადგილობრივი ადმინისტრაციის მეთაურთა არჩევის
პროცედურის დემოკრატიზაციისკენ, პოლიტიკური ასოციაციების შექმნისას
ბიუროკრატიული წინაღობების გასამარტივებლად, ოფიციალური პროფკავშირების
უფლებამოსილების გაფართოებისკენ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის
უფლებამოსილებების განსაზღვრისკენ და სხვა. არიას ნავაროს გეგმის დიდი ნაწილი
ქაღალდზე დარჩა.
კონსერვატიული პოლიტიკური კურსი, რომელსაც ატარებდა არიას ნავარო,
იწვევდა ფრანკიზმის მომხრე რეფორმატორული წრეების კრიტიკას. ორმა მინისტრმა
4
ამის გამო მთავრობაც კი დატოვა. ორთოდოქსი ფრანკისტების წრეშიც კი სულ უფრო
ხმამაღლა ისმოდა ხმები ქვეყნის რეფორმირებისთვის კონკრეტული ზომების შესახებ.
იდეოლოგიური და პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც განიცდიდა რეჟიმი, გამძაფრდა
ფრანკოს ავადმყოფობის გამო. 1975 წლის 20 ნოემბერს ფრანსისკო ფრანკო გარდაიცვალა
და ესპანეთში ახალი ეპოქა დაიწყო.

წინააღმდეგობა ფრანკოს რეჟიმის მიმართ. ბასკური სეპარატისტული ორგანიზაცია


,,ეტა”
სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ანტიფრანკისტული ძალების
წარმომადგენლები (კომუნისტები, სოციალისტები, რესპუბლიკელები, ბასკი და
კატალონიელი ნაციონალისტები, პროფკავშირების ლიდერები) ცდილობდნენ იატაკქვეშ
თავიანთი ორგანიზაციული სტრუქტურების აღდგენას და ბრძოლას ავტორიტარული
რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი დიდ იმედებს ამყარებდნენ დემოკრატიული
სახელმწიფოების მხარდაჭერაზე, რომლებმაც გაიმარჯვეს გერმანულ ნაციზმზე და
იტალიურ ფაშიზმზე. 1949 წლამდე ესპანეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა
პარტიზანული რაზმები, რომელიც ძირითადად კომუნისტებისგან შედგებოდა, მაგრამ
იმედები, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკოს ფაშისტური რეჟიმი
განადგურდებოდა, არ გამართლდა. უფრო მეტიც 50-იან წლებში რეჟიმი განმტკიცდა
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. ამასთან დაკავშირებით
ანტიფრანკისტები იძულებული გახდნენ, თავისი ბრძოლის სტრატეგია ხანგრძლივ
პერსპექტივაზე აეგოთ.
50-60-იან წლებში რეჟიმის მთავარი ოპოზიციური ძალა გახდა მშრომელები,
დემოკრატიული ინტელიგენცია და სტუდენტობა. 40-იანი წლების ბოლოს და 50-იანი
წლების დასაწყისში მოხდა პირველი ფართომასშტაბიანი გამოსვლები, რომელიც
ეკონომიკური ლოზუნგების ქვეშ მიმდინარეობდა. მასობრივმა გამოსვლებმა და
გაფიცვებმა ,,მოარყიეს” რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ,,ვერტიკალური”
პროფკავშირები. 70-იანის წლების შუახანებში ამ პროფკავშირებმა დაკარგა სოციალური
მხარდაჭერა, რამდენადაც მშრომელთა დიდი ნაწილი გადავიდა ან ახალი ტიპის
არალეგალურ პროფკავშირულ კავშირში, ე.წ. ,,მუშათა კომისიებში”, რომელიც
იმყოფებოდა კომუნისტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, ან ძველ მშრომელთა
საყოველთაო კავშირში.
მუშების მზარდი აქტიურობა დიდ გავლენას ახდენდა ესპანური საზოგადოების
სხვა ფენებზე, მათ შორის, ნაწილობრივ სტუდენტობაზეც. წმინდა აკადემიური
მოთხოვნებიდან სტუდენტობის ძირითადი მასა გადავიდა რეჟიმის წინააღმდეგ
მიმართულ რადიკალურ ლოზუნგებზე. კონფლიქტმა რეჟიმსა და სტუდენტობას შორის
პერმანენტული ხასიათი მიიღო. 1956 წელს მადრიდში მოხდა მძლავრი სტუდენტური
გამოსვლები, რამაც გამოიწვია სამთავრობო კრიზისი. 60-იანი წლების შუახანებისთვის
სტუდენტური პროტესტები პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციისთვის
მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. 1965 წელს სტუდენტთა მოთხოვნების შედეგად
დათხოვნილ იქნა უნივერსიტეტის სტუდენტების ფალანგისტური პროფკავშირი, მის
ნაცვლად კი შეიქმნა დემოკრატიული პროფკავშირი. 60-იანი წლების ბოლოს სხვადასხვა
ოპოზიციური აქციების: მიტინგების, დემონსტრაციების, ,,მრგვალი მაგიდების”, –
აქტიური მონაწილე ხდება ინტელიგენცია. სხვადასხვა იდეოლოგიური შეხედულებების
მქონე ესპანური ინტელიგენციის ახალი თაობა უარყოფდა ფრანკოს რეჟიმს.
აღნიშნულ პერიოდში რეჟიმის მოწინააღმდეგე ოპოზიციური ძალები
ჯგუფდებოდა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის და ორგანიზაციის გარშემო,
5
რომლებიც ძირითადად საზღვარგარეთ ან არალეგალურად მოქმედებდნენ. ამ
ორგანიზაციებს შორის გამოირჩეოდნენ ქრისტიან-დემოკრატები მანუელ ხიმენეს
ფერნანდესის და ხოსე მარია ხილ რობლესის მეთაურობით, სოციალ-დემოკრატები
დიონისიო რიდრუეხო ხიმენესის ხელმძღვანელობით, ლიბერალები, რომელთა
ლიდერი იყო ხოაკინ სატრუსტეგი, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია,
რომელსაც იმ დროს სათავეში ჩაუდგა როდოლფო ლიოპისი და კომუნისტური პარტია
გენერალური მდივნის სანტიაგო კარილიოს მეთაურობით.
1974 ივლისში პარიზში წამყვანმა ანტიფრანკისტული პარტიებმა მოილაპარაკეს
ფართო ოპოზიციური ალიანსის ,,დემოკრატიული გაერთიანების” შექმნის შესახებ. ერთი
წლის შემდეგ შეიქმნა ,,დემოკრატიული გაერთიანების პლატფორმა”.
ანტიფრაკისტული მოძრაობა ძლიერდებოდა მისი საერთაშორისო მდგენელის
ხარჯზე. ჯერ კიდევ 1945 წლის აგვისტოში მექსიკაში ფრანკოს მთავრობის საპირწონედ
შეიქმნა ესპანეთის რესპუბლიკური მთავრობა დევნილობაში ხოსე ხირალის
მეთაურობით. 1946 წლის აპრილში მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ კომპარტიის
წარმომადგენლები, გალისიის ნაციონალისტები, კონსერვატიული რესპუბლიკელები. ეს
მთავრობა აღიარებულ იქნა 9 სახელმწიფოს მიერ. 1947 წლის თებერვალში ამ მთავრობას
მეთაურობდა რესპუბლიკელი როდოლფო ლიოპისი. მთავრობა დევნილობაში
განაგრძობდა თავის საქმიანობას ფრანკოს რეჟიმის დასრულებამდე.
ნაციონალისტური მოძრაობები კატალონიასა და ბასკეთში ასევე წარმოადგენდნენ
ხელისუფლების ოპოზიციას. ისინი იბრძოდნენ ავტონომიის აღსადგენად და ეთნო-
ნაციონალური იდენტურობის დასაცავად. ყველა მსგავსი მოძრაობისთვის ქვეყანაში
დამახასიათებელი იყო ნაციონალური მოთხოვნების შეთავსება რეჟიმის წინააღმდეგ
ბრძოლის საერთო ამოცანასთან. ფრანკოს რეჟიმი რეგიონალურ ნაციონალურ
მოძრაობებს განიხილავდა როგორც ,,ერის ერთიანობაზე” თავდასხმას და მკაცრად
ახშობდა მას. ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია ის, რომ 60-იანი წლების ბოლოდან
ბასკების ნაციონალისტური ორგანიზაციები, რომლებიც იდგნენ რადიკალურ
პოზიციაზე, გადავიდნენ ბრძოლის ტერორისტულ მეთოდებზე.
ფრანკოს რეჟიმის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა 1959 წელს
დაარსებული ბასკური იატაკქვეშა ორგანიზაცია ЕТА (Euskadi Ta Askatasuna – ,,ბასკების
ქვეყანა და თავისუფლება”). ორგანიზაცია გამოხატავდა ბასკი ულტრარადიკალური
ნაციონალისტური წრეების ინტერესებს. მისი ლიდერების იდეური ნააზრევი არ
გამოირჩეოდა სტატიკურობით და ყალიბდებოდა კონიუნქტურული ფაქტორების
გავლენით.
თავისი პირველი ტერაქტი ЕТА-მ განახორციელა 1968 წლის 2 აგვისტოს, როდესაც
მოკლულ იქნა პოლიტიკური პატიმრების მიმართ თავისი სადიზმით ცნობილი სან
სებასტიანის პოლიციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი მ. მანსანასი,
რომელიც ბასკი პატრიოტების თვალში ფრანკოს რეჟიმს ასახიერებდა. პასუხად,
ხელისუფლების განკარგულებით ბისკაის და გიპუსკოას პროვინციებში შემოღებულ
იქნა საგანგებო მდგომარეობა, დაკავებულ იქნა 434 ადამიანი, 189 მოხვდა ციხეში, 75
ბასკი კი იძულებით იქნა დეპორტირებული საფრანგეთსა და ბელგიაში. ბასკური
ყოველკვირეულის ,,ენბატის” მონაცემებით, 1968 წლის აგვისტოში ტერაქტში
მონაწილეობის მოგონილი ბრალდებებით ციხეში ჩასვეს 32 კათოლიკე მღვდელი. 1969
წლის აპრილში პოლიციამ შეძლო კონსპირაციულ ბინებში დაეპატიმრებინა ,,ეტას”
აქტივისტების მთელი ჯგუფი.
1970 წლის დეკემბერში ბურგოსში შედგა სასამართლო პროცესი 16 ბასკი
პატრიოტის წინააღმდეგ, რომლებიც დადანაშაულებულ იქნენ მანსანასის მკვლელობაში.
6
,,ბურგოსის სამსჯავრო” თვითონ ფრანკიზმის სასამართლოდ გადაიქცა და განაპირობა
ЕТА-ს პოპულარობა არა მარტო ესპანეთში, არამედ საზღვარგარეთაც. სასამართლო
მოსმენების დროს ბრალდებულებმა დაადანაშაულეს დიქტატურა ბასკების
ელემენტარული უფლებების და თავისუფლებების გათელვაში. სამხედრო ტრიბუნალმა
9 დეკემბერს ექვს ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, დანარჩენებს კი
ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. სხვადასხვა სახელმწიფოების, მათ შორის,
საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის და ვატიკანის ხელმძღვანელებმა ფრანკოს მიმართეს
თხოვნით, შეეწყალებინა სიკვდილმისჯილები. ფრანკო იძულებული გახდა, შეეცვალა
განაჩენი ხანგრძლივი პატიმრობით.
სასამართლო პროცესის საჯაროობის წყალობით ЕТА-მ მოიპოვა საერთაშორისო
ცნობადობა. მათი საქმიანობა ასოცირდებოდა ესპანელების სამართლიან ბრძოლასთან
ტირანიის წინააღმდეგ. მოკლე დროში ორგანიზაციამ დაძლია შიდა უთანხმოება და
აღადგინა თავისი რიგები. 1973 წლის 20 დეკემბერს ტერაქტის შედეგად ЕТА-ს წევრების
ორგანიზებით მოკლულ იქნა ესპანეთის მთავრობის მეთაური ადმირალი ლუის კარერო
ბლანკო.

ავტარკიიდან ეკონომიკური ლიბერალიზაციისკენ


მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანკოს რეჟიმი, ქვეყნის ძირითადი სასურსათო და
სამრეწველო საქონლით უზრუნველყოფის მიზნით, იძულებული გახდა მიემართა
სამეურნეო ავტარკიის პოლიტიკისთვის. მთავრობის მიერ აღებული კურსი გამოვლინდა
იმპორტის მიზანმიმართულ შეზღუდვაში, საშეღავათო ტარიფების შემოღების გზით
ეროვნული წარმოების წახალისებაში, სახელმწიფო რეგულირებასა და ეკონომიკის
დაგეგმვაში, წარმოებაზე კონტროლში. საგარეო ვაჭრობაზე მკაცრ კონტროლს
ახორციელებდნენ მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრო და სპეციალურად შექმნილი
უცხოური ვალუტის ესპანური ინსტიტუტი. 1939 წელს მიღებული კანონი ეროვნული
მრეწველობის დაცვისა და განვითარების შესახებ და კანონი ეროვნული მრეწველობის
მოწესრიგების და დაცვის შესახებ მოწოდებული იყო ესპანელი მწარმოებლებისთვის
საშეღავათო პირობების უზრუნველყოფაზე. 1941 წელს შეიქმნა მრეწველობის
ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს მსხვილი ენერგეტიკული,
მეტალურგიული, ქიმიური, საავტომობილო და საავიაციო სახელმწიფო საწარმოების
შექმნას (სეატი, ენდესა, კასა, ენსიდესა და სხვა).
სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები ვალდებული იყვნენ,
მოყვანილი მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მიერ დადგენილი
ფიქსირებული ფასით გაეყიდათ. შემსყიდველ ორგანიზაციებად გამოდიოდნენ
ეროვნული მარცვლეულის სამსახური და მიწოდების და ტრანსპორტის ეროვნული
კომისარიატი. პირველადი მოხმარების საგნებზე მწვავე უკმარისობის პირობებში
განხორციელებულმა სამეურნეო ავტარკიის პოლიტიკამ მხოლოდ მინიმალური დონით
უზრუნველყო მოსახლეობის საჭიროება სურსათით და სამრეწველო საქონლით. 1939
წლის 14 მაისს ფრანკოს მთავრობის მიერ შემოღებულმა საბარათო სისტემამ კვების
პროდუქტების განაწილებაზე იარსება 1952 წლის 15 ივნისამდე. ესპანეთში დიდხანს
არსებობდა „შავი ბაზარი“, ყვაოდა სპეკულაცია. მკაცრი შეზღუდვა იმპორტზე,
სახელმწიფო რეგულირება, მრავალრიცხოვანი ბიუროკრატიული წინაღობა, – ყოველივე
ეს აფერხებდა მრეწველობის თუ სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხელს უშლიდა
მრეწველობის მოდერნიზაციას და პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვას. არსებობის
საშუალებების უკმარისობის გამო მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს გასაჭირს
განიცდიდა.

7
საზოგადოებაში მწიფდებოდა უკმაყოფილება ავტარკიის პოლიტიკით. 1951 წელს
ჩამოყალიბებულმა ახალმა მთავრობამ უმნიშვნელოვანეს ამოცანად დაისახა
მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, მრეწველობის მოდერნიზაცია და
ეკონომიკის რეფორმირება მისი თანდათანობითი ლიბერალიზაციის გზით.
ეკონომიკის ლიბერალიზაციას განაპირობებდა 1953 წელს ხელმოწერილი
შეთანხმება ესპანეთსა და აშშ-ს შორის, რომლის თანახმადაც ესპანეთს მიეცა
შეღავათიანი კრედიტები იმ დროისთვის უზარმაზარი თანხის 1,5 მლრდ დოლარის
ოდენობით. ამ ფულით ესპანეთმა დაიწყო სურსათის, ქიმიური სასუქის,
კომბინირებული საკვების, მანქანებისა და მოწყობილობების შესყიდვა. მიუხედავად
საკანონმდებლო შეზღუდვების შენარჩუნებისა, ესპანეთში წამოვიდა უცხოური
ინვესტიცია.
ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკა შეეხო სოფლის მეურნეობას. 50-იანი
წლების შუახნებიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თანდათან გააუქმა სახნავი
ფართობების სავალდებულო დამუშავების პრაქტიკა და სოფლის მეურნეობის
პროდუქტების იძულებითი გაყიდვა ფიქსირებულ ფასებში. მარცვლეულის და
მესაქონლეობის პროდუქტების გაყიდვა სულ უფრო მეტად ხორციელდებოდა საბაზრო
ფასებში.
მთავრობის რეფორმებმა განაპირობა ეკონომიკური აღმავლობა. 1951 წლიდან 1957
წლის პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური მატება საშუალოდ
შეადგენდა 4,5%-ს (უფრო მაღალი ზრდა იმ პერიოდის დასავლეთის ქვეყნებში მხოლოდ
გერმანიასა და იტალიას ჰქონდათ). ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში
იზრდება თითქმის 10-ჯერ. შეიმჩნეოდა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ნელი ზრდა:
1940 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 2000 აშშ დოლარს (1985 წლის ფასებით),
1950 წელს – 2500 დოლარს, 1960 წელს – 3600 დოლარს, 1966 წელს – 5500 დოლარს, ხოლო
1970 წელს – 6600 დოლარს.
ამრიგად, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიზეზების ძალით, რეჟიმი იძულებული
გახდა, უარი ეთქვა ავტარკიის პოლიტიკაზე, რეგულირებად ეკონომიკაზე და
გადასულიყო ეკონომიკურ ლიბერალიზაციაზე, რომელიც უფრო ხელსაყრელ პირობებს
უქმნიდა ესპანურ ბიზნესს.
1957 წელს შექმნილმა მინისტრთა კაბინეტმა, რომელშიც წამყვანი როლი ეკავა
ტექნოკრატებს ,,ოპუს დეიდან”, გააქტიურა ესპანური ეკონომიკის ლიბერალიზაციისა
და მოდერნიზაციისკენ მიმართული პოლიტიკა. გაუქმებულ იქნა საგარეო ვაჭრობაში
ადრე არსებული პესეტის სხვადასხვა გაცვლითი კურსის სისტემა და შემოღებულ იქნა
ერთიანი კურსი ყველა მონაწილისთვის იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებში. ესპანური
ექსპორტის წახალისების მიზნით მოხდა პესეტის დევალვაცია, გაიყინა ხელფასები და
გაიზარდა გადასახადები. 50-იანი წლების ბოლოს ესპანეთი გაწევრიანდა ეკონომიკური
თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციაში, მსოფლიო სავალუტო ფონდში და
მსოფლიო ბანკში, რომელმაც 1959 წელს შესთავაზა მას კრედიტი 500 მლნ დოლარის
ოდენობით.
1959 წლის 21 ივლისს მიღებულ იქნა კანონი ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ
(„სტაბილიზაციის გეგმა“). ამ გეგმის მიხედვით მიღებულ იქნა მკვეთრი
ანტიინფლაციური ზომები, მოწესრიგდა ბიუჯეტი, შემცირდა სახელმწიფო ხარჯები,
შემოღებულ იქნა ახალი სატარიფო სკალა ექსპორტ-იმპროტის ოპერაციაზე, დადგინდა
პესეტის ერთიანი გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში (60 პესეტა 1
დოლარი). სტაბილიზაციის გეგმის არსი მდგომარეობდა კორპორაციულ-
პატერნალისტური კაპიტალიზმის დემონტაჟსა და ესპანეთის ეკონომიკურ სივრცეში
8
საბაზრო ეკონომიკის პრინციპების კონსოლიდაციაში.
1961 წლიდან ესპანეთში შეიმჩნევა ეკონომიკის გამოცოცხლება მისი შემდგომი
ზრდა. „ეკონომიკურ სასწაულს“ ქვეყანაში განაპირობებდა რიგი ფაქტორები. მათ შორის
ესპანეთი გახდა უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. სასურველი
კლიმატის, ჩინებული ქვიშის სანაპიროების, კარგი მომსახურების და იაფი სამუშაო
ძალის გამო ესპანეთი იქცა დასავლეთ ევროპელთა საყვარელ დასასვენებელ ადგილად.
პოზიტიური ფაქტორი გახდა ასევე ესპანელების ეკონომიკური მიგრაცია დასავლეთ
ევროპის ქვეყნებში. 1960 წლიდან 1975 წლამდე 2 მლნ ესპანელზე მეტი გავიდა სამუშაოდ
უცხოეთში. მათი რეგულარული ფულადი გზავნილები მყარ ვალუტაში განაპირობებდა
სახელმწიფო ბიუჯეტის გაჯანსაღებას და ვალუტის მარაგის ზრდას.
ხელსაყრელი ეკონომიკური კონიუნქტურა ესპანეთში და მსოფლიოში
განაპირობებდა უცხოური კაპიტალის შემოდინებას ქვეყანაში, რაც დადებითად აისახა
მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 1961 – 1974 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის
საშუალო წლიური ზრდა აღემატებოდა 7%-ს. განვითარებული ქვეყნებიდან ამ
მაჩვენებლებით ესპანეთს მხოლოდ იაპონია უსწრებდა. 1975 წლიდან ესპანეთი
სამართლიანად მოიხსენიება „ინდუსტრიულ სახელმწიფოდ“. 1959 წლიდან 1975 წლამდე
სოფლის მეურნეობის წილი მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში შემცირდა 23%-
დან 9%-მდე, მაშინ როცა მრეწველობის წილი გაიზარდა 34%-დან 42%-მდე, ხოლო
სერვისი – 43%-დან 49%-მდე. 1960 წლიდან 1975 წლამდე პერიოდში 7 მლნ ესპანელი
გადავიდა საცხოვრებლად სოფლიდან ქალაქში. 70-იანი წლების შუახნებში სიტყვები
,,ჩამორჩენილი”, ,,პატრიარქალური”, ,,აგრარული” ესპანეთის მიმართ წარსულში დარჩა.

საგარეო პოლიტიკა 1939-1975 წლებში


მეორე მსოფლიო ომი ესპანეთს სამხედრო მოქმედებებში ჩათრევით ემუქრებოდა,
თუმცა ფრანკოს ესმოდა, რომ სისხლგამოცლილი და გამოფიტული ესპანეთის
მონაწილეობა მსოფლიო ომში ეროვნული კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა,
რეჟიმისთვის არაპროგნოზირებადი შედეგებით. ფრანკომ 1939 წლის 4 სექტემბერს
ესპანეთი გამოცხადა ,,ნეიტრალურ ქვეყანად”, ხოლო 1940 წელს – ,,არამეომარ ქვეყნად”,
რაც ღერძის სახელმწიფოების ფაქტობრივ მხარდაჭერას ნიშნავდა. ოქტომბერში ესპანეთ-
საფრანგეთის საზღვარზე ენდაიში ერთმანეთს შეხვდნენ ფრანკო და ჰიტლერი. ამ
შეხვედრის შედეგად გაფორმებული საიდუმლო პროტოკოლის შესაბამისად, ესპანეთი
იღებდა ვალდებულებას (კონკრეტული ვადების მითითების გარეშე) დაეწყო სამხედრო
მოქმედებები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. საომარი მოქმედებების ხასიათმა და აშშ-ს
და ინგლისის მხრიდან სასურსათო თუ ენერგეტიკული ბლოკადის საფრთხემ ფრანკო
აიძულა, 1943 წლის ოქტომბერში ესპანეთი კვლავ ,,ნეიტრალურ ქვეყანად”
გამოეცხადებინა.
უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცება მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანკოს ,,მკაცრი
ნეიტრალიტეტის” შესახებ, ფრანკისტი ისტორიკოსების შეთხზულია, ისინი წინ
სწევდნენ კაუდილიოს ე.წ. ,,სიფრთხილეს” (ჰაბíლ პრუდენცია) და ნიღბავდნენ
რეალობას. დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ ფრანკო აპირებდა ომში ჩაბმას ღერძის
სახელმწიფოების მხარეს და თუ ეს ასე არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ომში
მონაწილეობისთვის მოთხოვნილი საზღაური სხვადასხვა ტერიტორიების სახით
(ფრანგული მაროკო, ალჟირის ნაწილი და ესპანეთის გვინეის გაფართოება)
პარტნიორების მიერ წერილობით მყარად გარანტირებული არ ყოფილა.
გერმანიის სამხედრო განადგურების წინ ფრანკომ განახორციელა მანევრი
ესპანეთში ფაშისტური რეჟიმის შენარჩუნების მიზნით. ყირიმის კონფერენციამდე

9
რამდენიმე თვით ადრე მან გაუგზავნა წერილი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს უინსტონ
ჩერჩილს, სადაც სთავაზობდა ესპანური არმიის დახმარებას ბოლშევიკური ექსპანსიის
წინააღმდეგ ევროპაში. ფრანკოს მთელი საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო იქითკენ,
რომ შეეტანა განხეთქილება გამარჯვებული ქვეყნების ბანაკში და ამგვარად გადაერჩინა
თავისი რეჟიმი. მართლაც, ომის დასრულების შემდეგ ,,ესპანური საკითხი” დიდ
სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა. საბჭოთა კავშირის პოზიცია
მცირე შანსს ტოვებდა კონსესუსის მისაღწევად. პირველი რეზოლუცია, რომელიც
ფრანკისტულ ესპანეთს გაეროს კარებს უკეტავდა (თუმცა რეზოლუციაში სიტყვა
,,ესპანეთი” ნახსენები არ ყოფილა) სან ფრანცისკოს დამფუძნებელმა კონფერენციამ
მიიღო. იოსებ სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, საკითხი პოტსდამის
კონფერენციაზე იქნა განხილული, სადაც უ. ჩერჩილის და აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი
ტრუმენის წინააღმდეგობას წააწყდა. სტალინის გეგმა უარყოფილ იქნა ესპანეთში ახალი
სამოქალაქო ომის გაჩაღების შიშით. აქ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ესპანეთს
გაეროს გარეთ ტოვებდა. საბჭოთა და პოლონელი დელეგაციის ენერგიული საქმიანობის
შედეგად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1946 წლის 12 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია
№39, რომელიც ფრანკისტულ ესპანეთს იზოლაციაში აქცევდა, სანამ იქ არ შეიცვლებოდა
არსებული რეჟიმი. გაეროს წევრ სახელმწიფოებს ესპანეთიდან უნდა გაეწვიათ თავიანთი
ელჩები, თუმცა ზოგიერთი მათგანი (ირლანდია, პორტუგალია, ლათინური ამერიკის
ზოგიერთი ქვეყანა) არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას.
ასეთ პირობებში ესპანურმა დიპლომატიამ მოახდინა ძალების კონცენტრირება
პოლიტიკურ და სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებზე არაბულ და ლათინური ამერიკის
ქვეყნებთან. ესპანელები ასევე აქტიურად ეძებდნენ აშშ-ს ყველაზე კონსერვატიულ
წრეებთან დაკავშირების გზებს. მჭიდრო საგარეო პოლიტიკური და სავაჭრო
ურთიერთობები ჩამოყალიბდა არგენტინასთან, რომლის პრეზიდენტმა ხუან პერონმა
ფაქტობრივად გადაარჩინა ესპანეთი შიმშილს. 1948 წლის აპრილში ხელი მოეწერა
პროტოკოლს ფრანკოსა და პერონს შორის, რომელიც ითვალისწინებდა
თანამშრომლობის ფართო სპექტრს.
ესპანურმა დიპლომატიამ არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გააძლიერა თავისი
აქტიურობა ჩრდილოეთ აფრიკაში. ფრანკო არ მალავდა თავის უარყოფით
დამოკიდებულებას ისრაელის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით, საპასუხოდ კი
არაბული ქვეყნები იგნორირებას უკეთებდნენ გაეროს რეზოლუციას. ესპანეთი
იზოლაციაში კი იმყოფებოდა, მაგრამ ატმოსფერო ევროპაში შეიცვალა. დაიწყო ცივი ომი,
რაც მალე აისახა ესპანეთის საერთაშორისო მდგომარეობაზე.
ცივი ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ყველაზე ანტიკომუნისტურად
განწყობილი ლიდერებისთვის ესპანეთი ხმელთაშუა ზღვაში ხელსაყრელ სამხედრო-
პოლიტიკურ პლაცდარმად იქცა. ფრანკოს რეჟიმის ერთგვარი ,,მეურვეები” გახდნენ აშშ
და დიდი ბრიტანეთი.
1948 წლის 4 თებერვალს აშშ-ს ხმელთაშუა ზღვის ფლოტის ახალი სარდალი
ადმირალი შერმანი ჩავიდა მადრიდში, ამას მოჰყვა ახსნა-განმარტება, რომ ვიზიტი
ატარებდა კერძო ხასიათს. 1948 წლის ნოემბრის დასაწყისში მადრიდი მოინახულა აშშ-ს
სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯონ
გურნიმ. სენატორი ცდილობდა, გაერკვია ესპანეთის მთავრობის პოზიცია აშშ-ს მიერ
ზოგიერთი ესპანური საზღვაო ბაზის და რიგი სამხედრო აეროდრომების შესაძლო
გამოყენებასთან დაკავშირებით (მათ შორის ბარსელონა, კარტახენა, კადისი, ბალეარის
კუნძულები). საუბარში სენატორმა განაცხადა, რომ ამერიკელებს არ სჩვევიათ,
მიუთითონ სხვა ქვეყნებს, რა სახის მთავრობა უნდა ჰყავდეთ მათ. სენატორი მიიღო
10
ფრანკომ, რომელიც ესპანეთის და აშშ-ს თანამშრომლობის აღდგენის სანაცვლოდ შემდეგ
პირობებს აყენებდა: ესპანეთის გაეროში მიღება, ესპანეთზე მარშალის გეგმის
გავრცელება, მადრიდში დასავლეთის ქვეყნების ელჩების დაბრუნება.
1949 წლის 3 სექტემბერს ფრანკოს შეხვდა აშშ საზღვაო ძალების მეთაური
აღმოსავლეთ ატლანტიკაში ადმირალი რიჩარდ კონოლი, ამერიკული ესკადრა – ორი
კრეისერი და ორი საესკადრო ნაღმოსანი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა
ესპანურ წყლებში. რამდენიმე დღის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დინ აჩესონმა
განაცხადა, რომ ესპანეთს, სხვა ქვეყნების მსგავსად, შეუძლია თავისუფლად მიმართოს
აშშ-ს ექსპორტ-იმპორტის ბანკს.
1950 წლის დასაწყისში დ. აჩესონმა განაცხადა გაეროს 1946 წლის 12 დეკემბრის
რეზოლუცია №39-ის ჩავარდნის შესახებ. 1950 წლის 26 ოქტომბერს გაეროს პოლიტიკური
საკითხების სპეციალური კომიტეტი შეუდგა ლათინური ამერიკის რიგი ქვეყნების მიერ
შეტანილი რეზოლუციის განხილვას, რომელიც ითვალისწინებდა ზემოთ აღნიშნული
გაეროს რეზოლუციის გაუქმებას მადრიდიდან ელჩების გაწვევის და ესპანეთის გაეროს
სპეციალიზებულ დაწესებულებებში არდაშვების შესახებ. საკითხი გატანილ იქნა გაეროს
გენერალურ ასამბლეის სესიაზე. ესპანეთის გაეროში მიღებაზე საუბარი არ იყო, მაგრამ
39-ე რეზოლუციის გაუქმება იყო პირველი ნაბიჯი მადრიდის საგარეო პოლიტიკური
წარმატებების გზაზე. ამასთან დაკავშირებით 1950 წლის 7 ნოემბერს ესპანეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა ა. მარტინ-არტახომ გაზეთ “ABC”-ს განუცხადა, რომ ერთგვარ
პოლიტიკურ პროცესზე გაეროში ესპანეთი ბრალდებულიდან გადაიქცა ბრალმდებლად
და ამიტომ შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება 39-ე რეზოლუციით
მიყენებული ზარალის გამო.
1951 წლის დასაწყისში აშშ-მ ოფიციალურად განაახლა დიპლომატიური
ურთიერთობები ესპანეთთან, ესპანეთის ელჩად ვაშინგტონში დაინიშნა ყოფილი
საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე დე ლეკერიკა, ხოლო ამერიკის ელჩად მადრიდში –
სტენტონ გრიფისი. 1951 წლის იანვარში ბრიტანეთის მთავრობამაც მიიღო
გადაწყვეტილება ელჩად ჯონ ბალფურის დანიშვნის შესახებ, თუმცა აშშ-ს ელჩისგან
განსხვავებით ბრიტანეთის ელჩი საკმაოდ ცივად იქნა მიღებული (ფრანკო არ პატიობდა
ლონდონს ფერნანდო მარია დე კასტიელიასთვის აგრემანზე უარს).
1951 წელის 14 მარტს შედგა გრიფისის და ფრანკოს პირველი შეხვედრა, რომელზეც
ელჩმა პირდაპირ იკითხა, თუ როგორ უყურებდა ესპანეთი ნატოს წევრობას. ფრანკომ
უპასუხა, რომ უფრო გონივრული იქნებოდა ორმხრივი პაქტის დადება აშშ-თან.
ესპანეთის სამხედრო ბაზებს, რომლის მიმართაც ამერიკელი დიპლომატი დიდ
ინტერესს გამოხატავდა, შესთავაზებდნენ აშშ-ს, თუმცა ეროვნული ხასიათის
შენარჩუნების პირობით.
აშშ-ესპანეთის პაქტის გაფორმების პროცესის გაჭიანურებას ბევრი ფაქტორი
უწყობდა ხელს და მაინც 1952 წლის 11 აპრილს დაიწყო მოლაპარაკებები. პროცესი
დააჩქარა დუაიტ ეიზენჰაუერის გაპრეზიდენტებამ. მოლაპარაკება დაასრულა აშშ-ს
ახალმა ელჩმა ჯეიმს დანმა, რომელიც ,,ნაციონალისტური ესპანეთის” მეგობრის
რეპუტაციით სარგებლობდა. 1953 წლის 26 სექტემბერს მადრიდში ხელი მოეწერა სამ
შეთანხმებას თავდაცვის, ეკონომიკური დახმარების და ურთიერთუსაფრთხოების
უზრუნველყოფის შესახებ. ეს შეთანხმებები, თავისი სტატუსით, არ ექვემდებარებოდა
კონგრესის მხრიდან რატიფიცირებას. ,,მადრიდის პაქტების” მოქმედების ვადა 10 წლით
განისაზღვრა. სამივე შეთანხმება შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აშშ-ესპანეთს
შორის სამხედრო-სტრატეგიული კავშირის საფუძველი.
ვაშინგტონთან შეთანხმებამდე ერთი თვით ადრე, 1953 წლის 25 აგვისტოს ხელი
11
მოეწერა კონკორდატს ვატიკანთან, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას ანიჭებდა დიდ
პრივილეგიებს ისეთ სფეროში როგორიც იყო სამოქალაქო სამართალი, განათლება,
საკუთრების უფლება და ა.შ.
1954 წლის 1 ოქტომბერს ხ. დე ლეკერიკა აშშ-ში ესპანეთის ელჩის თანამდებობაზე
შეცვალა ხოსე მარია დე არეილსამ. წარმატებული იყო ახალი ელჩის ძალისხმევა
ესპანეთის გაეროში გაწევრიანების თვალსაზრისით, რაც 1955 წლის 14 დეკემბერს მოხდა.
ამ დღეს გაეროში მიღებულ იქნა 15 ქვეყანა (სამი წლით ადრე ესპანეთი გახდა იუნესკოს
წევრი). მიუხედავად ამ წარმატებისა ქვეყნის ჩართვა საერთაშორისო თანამეგობრობაში
სრული არ იყო. ესპანეთი არ გამხდარა ევროპის საბჭოს და ნატოს წევრი. მასზე არ
ვრცელდებოდა ,,მარშალის გეგმა”.
1950-იანი წლების ბოლოს ფინანსური მდგომარეობა ესპანეთში კატასტროფის
ზღვარზე იდგა, ფინანსური კოლაფსისგან გადარჩენა მხოლოდ უცხოური და, პირველ
ყოვლისა, აშშ დახმარების გზით იყო შესაძლებელი. ასე ფიქრობდნენ როგორც ახალი
საგარეო საქმეთა მინისტრი დე კასტიელია, ისე მინისტრი-ტექნოკრატები, რომლებიც
განაგებდნენ ეკონომიკურ სფეროს. ესპანეთის ეკონომიკის გადასარჩენად შემუშავებულ
იქნა ერთგვარი ,,მარშალის გეგმა”, მაგრამ, მიიღო რა მხედველობაში 1948 წლის
გამოცდილება, როდესაც სენატმა უარყო ესპანეთზე მარშალის გეგმის გავრცელების
გადაწყვეტილება, სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ესპანეთისთვის
ეკონომიკური დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციების გზით გაეწია. ევროპის
ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭო, მსოფლიო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციის
და განვითარების საერთაშორისო ბანკი რეჟიმისთვის ,,მძიმე” პირობებს აყენებდნენ
(რეჟიმს უარი უნდა ეთქვა ავტარკიის პოლიტიკაზე და მოეხდინა ეკონომიკის
მოდერნიზაცია). ფრანკოს ამშვიდებდა პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნების
არარსებობა როგორც საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების, ისე აშშ-ს მხრიდან.
განსაკუთრებით დაარწმუნა ის ეიზენჰაუერის ვიზიტმა 1959 წლის 21 დეკემბერს.
მიუხედავად იმისა, რომ ესპანური ვიზიტი აშშ-ს პრეზიდენტის ტურნეს მხოლოდ
ეპიზოდი იყო, ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა (ეიზენჰაუერს მადრიდის
მერმა სიმბოლურად გადასცა დედაქალაქის გასაღები. ზუსტად ასეთივე გასაღები
ოდესღაც გადაეცა ესესის რაიხსფიურერ ჰაინრიხ ჰიმლერს მადრიდში ვიზიტის დროს).
თანდათან გაუმჯობესდა პოლიტიკური ურთიერთობები საფრანგეთთან, დიდ
ბრიტანეთთან, გფრ-სა და სხვა ქვეყნებთან. განსაკუთრებული როლი ესპანეთისთვის
ევროპული კარების გახსნაში ითამაშა კულტურულმა და ტურისტულმა
ორგანიზაციებმა. ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელებმა ფრანკოს მიმართ ტონი
შეცვალეს. ესპანეთის ევროპული პოლიტიკის მწვერვალი გახდა ესპანეთის საგარეო
საქმეთა მინისტრის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლთან 1959 წლის 5
სექტემბერს. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი დასრულებულიყო ესპანეთის
იზოლაცია და ქვეყანა სრულად დაბრუნებოდა ევროპულ ოჯახს.
განსაკუთრებული იმედებს აშშ-ესპანეთის ურთიერთობებში ბადებდა აშშ-ს
ისტორიაში პირველი კათოლიკე პრეზიდენტი ჯონ კენედის გაპრეზიდენტება, თუმცა
სწორედ მის დროს გაჩნდა სერიოზული წინააღმდეგობები. აშშ პრეზიდენტმა
არაერთხელ საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ფრანკოს რეჟიმის მიმართ. 1962 წელს
ვაშინგტონში დანიშნული ელჩი ანტონიო გარიგესი, ცდილობდა რა გაეფანტა
ნეგატიური დამოკიდებულება ფრანკოს რეჟიმისადმი, იყენებდა შემდეგ არგუმენტს:
,,ესპანური რეჟიმი არ არის ტოტალიტარული, არამედ ავტორიტარული და იმყოფება
ევოლუციის პროცესში კონსტიტუციური მონარქიისკენ”.
1963 წელს მადრიდის პაქტების ვადის ამოწურვამ აიძულა კენედი, შეეცვალა
12
რიტორიკა ასევე შეჰგუებოდა მადრიდის პოლიტიკას კუბის მიმართ რომელიც საკმაო
თავისებურებით გამოირჩეოდა. 1963 წლის 26 სექტემბერს აშშ სახელმწიფო მდივანმა დინ
რასკმა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დე კასტიელიამ ხელი მოაწერეს
შეთანხმების ახალ ტექსტს. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ახალი შეთანხმება არ
იყო 1953 წლის პაქტების ავტომატური გაგრძელება.
1966 წლის იანვარში მოხდა სერიოზული ინციდენტი, რომელმაც აიძულა მთავრობა
დაეკავებინა საკმაოდ მკაცრი პოზიცია ამერიკელი პარტნიორების მიმართ. საუბარია
,,პალომარესის ინციდენტზე”, რა დროსაც ალმერიის პროვინციაში სიერა ალმაგრესას
თავზე ერთმანეთს შეეჯახა ორი ამერიკული თვითმფრინავი. ერთ-ერთის ბორტზე იყო 5
წყალბადის ბომბი. ორი ბომბი მაშინვე იპოვეს, ორიც დაზიანებული ნახეს, ხოლო ერთი
ზღვაში ჩავარდა და დაიკარგა. ესპანეთი რადიაციული დაბინძურების საფრთხის წინაშე
იდგა. ამის გამო მთავრობის წევრებშიც კი გაისმა ხმები ტრადიციული ესპანური
ნეიტრალიტეტის პოლიტიკისკენ დაბრუნების შესახებ. ასეთი განწყობით გაემგზავრა დე
კასტიელია ვაშინგტონში 1968 წელს ივლისში. მინისტრი მოითხოვდა ესპანეთისთვის
ისეთივე იურიდიულ სტატუსს, რაზედაც იყო დამყარებული ურთიერთობები აშშ-ს და
ნატოს ქვეყნებს შორის, ითხოვდა ეკონომიკურ და სამხედრო დახმარების გაზრდას 1
მლრდ 200 მლნ დოლარამდე და ა.შ.
თეზისი ნეიტრალიტეტის შესახებ აღიზიანებდა სახელმწიფო დეპარტამენტს.
ვაშინგტონში არც იმას ივიწყებდნენ, თუ რა პოზიცია დაიკავა ესპანეთმა ექვსდღიანი
ომის დროს, როცა მადრიდმა, ,,ძველი ისლამური ფესვების” და მსგავსი თეზისების
გამოყენებით ეგვიპტეს დაუჭირა მხარი. მთლიანობაში ვაშინგტონის რეაქცია მადრიდის
აქციაზე იყო უარყოფითი, რაც უშუალოდ ეხებოდა ამერიკის ბაზების ბედს ესპანეთში.
აშშ-ესპანეთის ურთიერთობები პრიორიტეტული იყო ესპანეთის საგარეო
პოლიტიკაში, მაგრამ მისი არათანაბარი ხასიათის გამო ახალი საგარეო საქმეთა
მინისტრი გრეგორიო ლოპეს ბრავო ცდილობდა ,,გაეწონასწორებინა” ტრადიციული
კავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, არაბულ ქვეყნებთან, პორტუგალიასთან.
უცხოური პრესა ლოპეს ბრავოს უწოდებდა ,,ასპროცენტიან ევროპელს”, თუმცა მისი
ძალისხმევა ევროპული მიმართულებით ყოველთვის არ იყო წარმატებული.
მაგალითად, მან ვერ შეძლო დაედო სამხედრო შეთანხმება საფრანგეთთან, ადგილიდან
ვერ დაიძრა გიბრალტარის საკითხი. ,,საერთო ბაზარშიც” ესპანეთის შესვლა ბუნდოვანი
იყო, სამაგიეროდ, მეტნაკლებად წარმატებული იყო აღმოსავლეთევროპული პოლიტიკა.

მშვიდობიანი გადასვლა დემოკრატიაზე (1975-1982). ფრანკოს რეჟიმის დემონტაჟი.


მონკლოას პაქტები
ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ესპანეთი გადავიდა ახალ ისტორიულ ეტაპზე. ეს
იყო ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიანი, მაგრამ ამავე დროს მტკივნეული
დემონტაჟი. 1975 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფოს მეთაური ოფიციალურად გახდა მეფე
ხუან კარლოსი 4 დეკემბერს მთავრობის მეთაურად მეფემ დაამტკიცა თავისი
კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილი კარლოს არიას ნავარო. ახლად
ფორმირებული კაბინეტის შემადგენლობაში შევიდნენ ფრანკიზმის რეფორმატორული
ტალღის მინისტრები: მანუელ ფრაგა ირიბარნე, ხოსე მარია არეილსა, ანტონიო გარიგესი,
ალფონსო ოსორიო. 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ საპროგრამო განცხადებაში ახალმა
კაბინეტმა გამოაცხადა, რომ გაჰყვებოდა „ევოლუციის პროცესს“ და შეეცდებოდა,
დაეახლოებინა ესპანეთი დასავლურ საზოგადოებასთან. ამავე დროს,
ავტორიტარიზმიდან დემოკრატიაზე გადასვლას არ გამოუწვევია რაიმე მკვეთრი
შემოტრიალება ესპანეთის საგარეო პოლიტიკაში. აქ დომინირებდა ეროვნული

13
ინტერესების მემკვიდრეობითობა და ტრადიციულობა. თუმცა შეიცვალა საგარეო
პოლიტიკის ფორმა და რეალიზაცია, რამაც ის უფრო ქმედითი და რეალისტური გახადა.
საქმიანობის ყველაზე გადაუდებელი მიმართულება, რომელიც მემკვიდრეობით
გადაეცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ფრანკისტული რეჟიმისგან, იყო
ურთიერთობების დარეგულირება ვატიკანთან და აშშ-სთან, ასევე დასავლეთ საჰარის
პრობლემა გამწვავებული ოფიციალური რაბათის მიერ ამ ტერიტორიის ფაქტობრივი
ანექსიით, რაც ირიბად ეხებოდა კანარის კუნძულების იურიდიულ სტატუსს. 1976 წლის
24 იანვარს ესპანეთმა და აშშ-მ დადეს ორმხრივი ხელშეკრულება მეგობრობის და
თანამშრომლობის შესახებ. 28 ივლისს კი ხელი მოეწერა შეთანხმებას წმინდა ტახტთან
კონკორდატის გადასინჯვის თაობაზე. რაც შეეხება ურთიერთობას დასავლეთ
საჰარასთან, ოფიციალური მადრიდი ცდილობდა პრობლემის მაქსიმალურად
დეპოლიტიზაციას. 1976 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტროს
დიპლომატიური ინფორმაციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება,
რომ ესპანეთი არ იღებდა არანაირ ვალდებულებას დასავლეთ საჰარასთან
დაკავშირებით (თავისი ყოფილი კოლონია), რამდენიმე დღეში კი გაუქმებულ იქნა
საჰარის დროებითი ადმინისტრაცია.
საშინაო ასპარეზზე მთავრობის პირველი ნაბიჯები იყო ნაწილობრივი ამინისტიის
გამოცხადება და რეჟიმის გარკვეული ლიბერალიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების
გატარება. ამასთან, პოლიტიკური რეპრესიები (არა ისეთი მასშტაბური, როგორც
ფრანკოს დროს) არ შემწყდარა, ის ძირითადად კომუნისტების წინააღმდეგ იყო
მიმართული. პირველი პოსტფრანკისტული მთავრობა გამოვიდა ინიციატივით,
ესპანური პარლამენტარიზმის საფუძვლებზე გაეფართოებინა სამოქალაქო უფლებები და
თავისუფლებები. ამასთან, არ გამოირიცხებოდა რეფორმატორულ გეგმებში ზომიერი
ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვა. არიას ნავაროს მთავრობის მთელი
რეფორმატორული წამოწყებები ჩაფიქრებული იყო არსებული წესრიგის
„სრულყოფისთვის“, რაც მოიაზრებდა შეზღუდულ და „ზემოდან“ კონტროლირებად
დემოკრატიას.
გარდაქმნები იგეგმებოდა საბაზო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით. ამ
გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ორპალატიანი პარლამენტის ფორმირება,
რომელიც უნდა არჩეულიყო უფრო დემოკრატიულ საფუძვლებზე, ვიდრე ფრანკოს
დროინდელი კორტესი. არიას ნავაროს კაბინეტმა ვერ შეძლო ამ იდეის რეალიზება,
თუმცა კორტესმა მოიწონა მთავრობის ზოგიერთი ლიბერალური კანონპროექტი. 1976
წელს მიღებულ იქნა კანონი შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ და კანონი
პოლიტიკური ასოციაციების უფლებების შესახებ, რომლის თანახმად დაიშვებოდა
პოლიტიკური პარტიის დაარსების შესაძლებლობა. ამასთან, კორტესმა არ დაუშვა
შესაბამისი ცვლილებების შეტანა ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში,
რომლითაც მკაცრად ისჯებოდა აკრძალული პოლიტიკური ასოციაციების და პარტიების
ორგანიზატორები და მონაწილეები. კორტესის არამდგრადი პოზიციის გამო
რეფორმების კურსი დამუხრუჭდა.
მთავრობის არათანმიმდევრულობა იწვევდა ნეგატიურ რეაქციას და
იმედგაცრუებას ესპანურ საზოგადოებაში. ამავე დროს, სუსტი რეფორმებიც კი
ეჯახებოდა წინააღმდეგობას ორთოდოქსი ფრანკისტების, ანუ ე.წ. ბუნკერის მხრიდან.
მდგომარეობა ქვეყანაში გართულდა. შექმნილ პირობებში ,,გონივრული რეფორმების”
მომხრეები გამოდიოდნენ არიას ნავაროს კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით.
დემოკრატიული ოპოზიცია აქტიურად მოითხოვდა ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას,
რომელიც ბოლოს მოუღებდა ფრანკიზმს და შეუდგებოდა ცვლილებების
14
განხორციელებას. ოპოზიციური პარტიის და ასოციაციების ლიდერებმა გვერდზე
გადადეს უთანხმოებები და გააერთიანეს ძალისხმევა მთავარი მიზნის ,,ფრანკიზმის
დემონტაჟის” მისაღწევად. 1976 წლის მარტში შეიქმნა კოალიცია ,,დემოკრატიული
კოორდინაცია”. ოქტომბერში მასში სხვა პარტიების შესვლის შემდეგ კოალიცია
რეორგანიზებული იქნა უფრო ფართო ,,დემოკრატიული ორგანიზაციების
პლატფორმად”, რომელიც წარმოადგენდა თითქმის ყველა წამყვან ოპოზიციურ ძალას.
1976 წლის 1 ივლისს ხუან კარლოს I-მა დაითხოვა არიას ნავაროს მთავრობა. ახალი
მთავრობის ფორმირება მეფემ დაავალა ახალგაზრდა პოლიტიკურ მოღვაწეს ადოლფო
სუარესს. რომელიც შედიოდა წინა მთავრობაში. ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებდა
მეფის არჩევანს, თუმცა შემდგომმა მოვლენებმა დაანახა, რომ სუარესის მთავრობა უფრო
თანმიმდევრული იყო, ვიდრე არიას ნავაროსი. 1976 წლის ივლისში ახალი მთავრობა
გამოვიდა წინადადებით, ქვეყანაში ჩაეტარებინათ საყოველთაო არჩევნები არაუგვიანეს
1977 წლის 30 ივნისისა. 1976 ივლისსა და 1977 მარტში გამოცხადდა ამნისტია, რა დროსაც
განთავისუფლდა პოლიტიკური პატიმრების უმრავლესობა. თავისი არსებობის პირველ
თვეებში ა. სუარესის კაბინეტი, უკიდურესად რადიკალური წრეების პოლიტიკური
იზოლაციის საკმაოდ წარმატებული მცდელობის ფონზე, მოქმედი კანონმდებლობის
ფარგლებში არსებული წყობის რეფორმირების გზას მიყვებოდა. ყველაზე რთული იყო
შეიარაღებული ძალების სარდლობის განეიტრალება. დიდი ხნის განმავლობაში იყო რა
ავტორიტარული რეჟიმისა ერთგული დასაყრდენი, არმია 70-იანი წლების მეორე
ნახევარში ჯერ კიდევ სრულად არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ ცვლილებებს
ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, სამხედრო დისციპლინისა და მეფისათვის ერთგულების
ფიციდან გამომდინარე, ბევრი ესპანელი გენერალი თუ ადმირალი მშვიდად აღიქვამდა
ცვლილებების პროცესს. პოზიტიური როლი ამ პროცესში ითამაშა მთავრობის
თავმჯდომარის მოადგილემ თავდაცვის საქმეებში გენერალმა მანუელ გუტიერეს
მელიადომ, რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს არმიის პროფესიონალიზაციას და
დეპოლიტიზაციას.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ა. სუარესის კაბინეტს (1976-1981) არ
ჩაუტარებია ფრანკიზმის დიპლომატიური პრიორიტეტების ტოტალური რევიზია,
მაგრამ ეს პერიოდი აღინიშნება ესპანეთის საგარეო პოლიტიკაში დემოკრატიულობის,
დამოუკიდებლობის და რეალიზმის ელემენტების გაძლიერებით. სწორედ ამ პერიოდში
ყალიბდება კონსენსუსის პრაქტიკა მთავრობასა და წამყვან ოპოზიცურ ძალებს შორის
უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. ა. სუარესის მმართველობის
პერიოდში საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო
მმართველობის დემოკრატიულ ფორმებზე გადასასვლელად ხელსაყრელი საგარეო
პოლიტიკური პირობების შექმნა. მადრიდის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში,
გამოჩნდა ახალი კონცეპტუალური მიმართულება – ადამიანის უფლებების დაცვა.
აღნიშნულს ხაზი გაუსვა ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელინო ორეხამ 1976
წლის 27 სექტემბერს ნიუ იორკში გენერალური ასამბლეის XXXI სესიაზე. მან გამოაცხადა
ესპანეთის მიერთება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტებზე. ესპანეთის
დიპლომატიური ძალისხმევა მალე აისახა, როცა 1977 წლის 24 ნოემბერს ესპანეთი გახდა
ევროსაბჭოს წევრი.
საშინაო ასპარეზზე მთავრობის ქცევის ხაზი გულისხმობდა ზომიერი
ანტიფრანკისტების სახით მომხრეების ძიებას. ა. სუარესი და მისი მინისტრები
პოლიტიკურ კონტაქტებს ამყარებდნენ დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან.
არანაკლები როლი რეფორმების განხორციელებაში ითამაშა ხუან კარლოს I-მა, რომელიც
15
გამოდიოდა რეჟიმის ლიბერალიზაციის და კონსტიტუციური მონარქის შექმნის
მომხრედ. მეფის მხარდაჭერა მთავრობისადმი ანეიტრალებდა კონსერვატორ
ფრანკისტებს არმიაში და სახელმწიფო აპარატის სხვა რგოლებში.
დემოკრატიაზე გადასვლის სამართლებრივი საფუძველი გახდა კანონპროექტი
,,პოლიტიკური რეფორმების შესახებ”, რომელიც ნაწილობრივ აღიარებდა ხალხის
სუვერენიტეტს და ადამიანის უფლებების ურყეობას. ამ დოკუმენტით
გათვალისწინებული იყო ორპალატიანი გენერალური კორტესის დაარსება, რომლის
დეპუტატები აირჩეოდა საყოველთაო, პირდაპირი და ფარული არჩევნებით
(სენატორების 20%-ს უშუალოდ მეფე ნიშნავდა). გენერალურ კორტესს მიეცა უფლება,
შეეტანა ცვლილებები ფრანკოს პერიოდის ,,ძირითად კანონებში” ან საერთოდ
გაეუქმებინა ისინი. ,,ფრანკისტულმა კორტესმა”, რომელიც იმ მომენტისთვის
აგრძელებდა ფუნქციონირებას, 1976 წლის 18 ნოემბერს მოიწონა კანონპროექტი, რის
შემდეგაც ის გატანილ იქნა რეფერენდუმზე, რომელიც დაინიშნა 1976 წლის 15
დეკემბერს.
რეფერენდუმის წინა დღეებში სოციალისტებმა, კომუნისტებმა და ზომიერმა
ნაციონალისტებმა მოუწოდეს თავიანთ მომხრეებს, თავი შეეკავებინათ
მონაწილეობისგან. უკიდურესად მემარჯვენე და რადიკალი მემარცხენე პარტიების
უმრავლესობა ასევე გამოვიდა კანონპროექტის წინააღმდეგ. მას აქტიურად უჭერდნენ
მხარს ცენტრისტები და ზომიერი ფრანკისტები. მიუხედავად ბოიკოტის მოწოდებებისა,
რეფერენდუმი შედგა. საარჩევნო ურნებთან მოვიდა ხმის უფლების მქონე ესპანელების
77,7%. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 94,2%-მა და მან მიიღო კანონის ძალა.
რეფერენდუმის შედეგი არსებითად იყო მთავრობის რეფორმატორული კურსის
სახალხო ნდობის ვოტუმი. ამ დროს შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში
გაუარესდა უკიდურესად მემარჯვენე თუ მემარცხენე დაჯგუფებების მხრიდან
ექსტრემისტული მოქმედებების გამო. 1977 წლის იანვარში მადრიდში ატოჩას ქუჩაზე
თავის ოფისში სასტიკად იქნა მოკლული ხუთი ადვოკატი, რომლებიც მჭიდროდ
თანამშრომლობდნენ პროფკავშირულ გაერთიანებასთან. მკვლელობები, ქუჩის
შეტაკებები, დაშინების უამრავი შემთხვევა, ადამიანთა გატაცებები ძაბავდა
მდგომარეობას ქვეყანაში. სიტუაციას აღრმავებდა ETA-ს ტერორიზმი. 1968-1978 წლებში
ბასკების ტერაქტების შედეგად მოკვდა 72 ადამიანი (საშუალოდ 7 მკვლელობა
წელიწადში), 1978 წლიდან 1987 წლამდე კი მათი მსხვერპლი გახდა 526 ადამიანი. ამავე
წლებში გამოჩნდნენ ,,ბოევიკები” ტერორისტული მემარცხენე ორგანიზაცია GRAPO-დან
(Grupos de resistencia antifascista primero de octubre. როგორც ჩანს, ეს სახელი მათ აიღეს იმის
გამო, რომ პირველი ტერაქტი მოაწყვეს 1975 წლის 1 ოქტომბერს. მათი მსხვერპლი 1975-
1984 წლებში გახდა 61 ადამიანი). სიტუაცია კონტროლიდან გამოდიოდა. მოვლენების
ნეგატიური განვითარების თავიდან ასაცილებლად, ცენტრალური ხელისუფლება და
დემოკრატიული ოპოზიცია მივიდა შეთანხმებამდე ანტიტერორისტული მოქმედების
კოორდინაციის შესახებ. მოლაპარაკების მსვლელობისას ოპოზიცია დაეთანხმა
მთავრობის გარდაქმნების გეგმას. სუარესი თავის მხრივ იღებდა ესპანეთში
დემოკრატიული წესრიგის დამყარების ვალდებულებას დასავლეთ ევროპის ქვეყნების
მსგავსად.
ასრულებდა რა აღებულ ვალდებულებებს, მთავრობამ გააუქმა საზოგადოებრივი
წესრიგის ტრიბუნალები, რომლებიც ფრანკოს დროს თავისი რეპრესიული საქმიანობით
ცნობილი იყო. გამოცხადდა მორიგი ამნისტია. 1977 წლის 18 მარტის სამთავრობო
დადგენილების შესაბამისად, საარჩევნო სისტემაში შეტანილ იქნა ცვლილებები,
რომელიც განამტკიცებდა პროპორციულ სისტემას. პოლიტიკური ასოციაციების შექმნის
16
შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ლეგალიზებულ იქნა ადრე
აკრძალული პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კომუნისტური პარტია, გაუქმებულ
იქნა ფაშისტური ,,ესპანური ფალანგა” და უზრუნველყოფილ იქნა დამოუკიდებელი
პროფკავშირების თავისუფალი დაარსება.
ამრიგად, საყოველთაო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში
მონაწილეობის მიღება შეძლეს პარტიებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ესპანური
საზოგადოების ყველა ძირითად სეგმენტს. მათ შორის იყო არა მხოლოდ ,,ისტორიული
პარტიები” (ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია, ესპანეთის კომუნისტური
პარტია), არამედ უშუალოდ არჩევნების წინ ფორმირებული ცენტრისტული
გაერთიანებები, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული ცენტრის კავშირი, რომელსაც
სათავეში ჩაუდგა პრემიერ მინისტრი ა. სუარესი.
საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1977 წლის 15 ივნისს და აღინიშნა
ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით. მასში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე
მოქალაქეების 78%-მა. არჩევნებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა დემოკრატიული
ცენტრის კავშირს, რომელმაც მიიღო 165 მანდატი. უდავო წარმატება მოიპოვა
სოციალისტურმა პარტიამაც ენერგიული და ახალგაზრდა ფელიპე გონსალესის
მეთაურობით (მათ მიიღეს 118 მანდატი და გავიდნენ მეორე ადგილზე). სხვა
პარტიებიდან კომუნისტებმა (სანტიაგო კარილიოს მეთაურობით) მიიღეს 20 ადგილი,
მემარჯვენე კონსერვატიულმა სახალხო ალიანსმა მ. ფრაგა ირიბარნეს მეთაურობით კი –
16 მანდატი. იდეოლოგიური თვალსაზრისით დეპუტატთა კონგრესის შემადგენლობა
გაიყო ორ ბლოკად და მემარჯვენე პარტიები უმნიშვნელო უპირატესობით, რამდენიმე
ხმით უსწრებდნენ მემარცხენე ძალებს.
1977 წლის მეორე ნახევარმა და 1978 წელმა ჩაიარა დემოკრატიული კონსტიტუციის
შემუშავებაში. ამ უმთავრეს ამოცანასთან ერთად განხორციელდა ახალი დემოკრატიული
გარდაქმნები. გამოცხადდა ამნისტიის მორიგი ეტაპი პოლიტიკური მოტივებით
მსჯავრდებულთათვის და დაწყებულ იქნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას,
პირველ ყოვლისა, კატალონიისა და ბასკეთისთვის.
მშვიდობიანი გადასვლა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიულ მოდელზე წინასწარ
განსაზღვრა მონკლოას პაქტებმა. 1977 წლის 8-9 ოქტომბერს მონკლოაში სამთავრობო
რეზიდენციაში ეროვნული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსენსუსის
მისაღწევად შეიკრიბა პოლიტიკური პარტიების და პროფკავშირების
წარმომადგენლებისგან შემდგარი ,,მრგვალი მაგიდა”. განსახილველად იქნა გამოტანილი
სამთავრობო მოხსენება და კრიზისის დაძლევის გეგმები. დებატების და გეგმაში
ცვლილებების შეტანის შემდეგ მონაწილეები შეთანხმდნენ დასკვნით დოკუმენტზე,
რომელსაც ერთობ მოკრძალებული სახელი – ,,შესრულებული სამუშაოს რეზიუმე”
ერქვა. ეს დოკუმენტი წარდგენილ იქნა საპარლამენტო ფრაქციებში და განხილულ იქნა
გენერალური კორტესის სპეციალურ კომისიებში, სადაც ბევრი მისი დადგენილება
განივრცო და განვითარდა. ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ძირითადი
საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა 25 ოქტომბერს ხელი მოაწერეს
შეთანხმებას, რომელიც ძალიან მალე მოწონებულ და გაფორმებულ იქნა კორტესის მიერ
საკანონმდებლო აქტის სახით.
მონკლოას პაქტების ეკონომიკური ნაწილის არსი წარმოადგენდა ერთგვარ
კომპრომისს: მემარცხენე ძალები დათანხმდნენ ხელფასის ზრდის შეზღუდვას
ინფლაციის დონემდე, მემარჯვენები კი – პროგრესული საგადასახადო რეფორმების
გატარებას. შეთანხმებულ იქნა ზომები, რომელიც საშუალებას აძლევდა კომპანიებს,
17
საკმაოდ თავისუფლად დაეთხოვათ მშრომელები. ამით ირღვეოდა ფრანკოს პერიოდის
,,სოციალური პაქტი”, როცა მუშები იძულებით უჭერდნენ მხარს პოლიტიკურ სიმშვიდეს
დათხოვნისგან გარანტიების სანაცვლოდ. თავის მხრივ, მთავრობა ვალდებული იყო
გაეუმჯობესებინა სოცუზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა და აემოქმედებინა
პროფკავშირული უფლებები თუ თავისუფლებები შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის ძირითადი კონვენციების შესაბამისად.
მონკლოას პაქტების პოლიტიკური ნაწილი ითვალისწინებდა საპარლამენტო
კონტროლის დაწესებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, სისხლის სამართლის
და სამხედრო კოდექსების გადასინჯვას მათი შემსუბუქების მხრივ, რიგი
კანონპროექტების შემუშავებას, რომელიც განსაზღვრავდა შეკრებების და
მანიფესტაციების ჩატარების ახალ წესრიგს, საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ კანონის
დემოკრატიზაციას და ა.შ. ამრიგად, მონკლოას პაქტები იყო კომპრომისი: საერთო
მიზნის მისაღწევად ყოველი მხარე თანხმდებოდა განსაზღვრულ დათმობებზე.
საშინაო ასპარეზზე მიღწეული წარმატებების პარალელურად, 1977 წელი
ესპანეთისთვის გახდა ნიშანდობლივი საერთაშორისო აღიარების კუთხით. ამ წელს
დამყარდა და აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები სსრკ-სთან, რუმინეთთან,
იუგოსლავიასთან, ბულგარეთთან, პოლონეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, უნგრეთთან,
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, მექსიკასთან, ვიეტნამთან, კამპუჩიასთან
(კამბოჯა), მონღოლეთთან, ანგოლასთან. მ. ორეხას ვიზიტმა სენეგალში 1977 წლის
აპრილში გამოავლინა მადრიდის სურვილი, არ შეზღუდულიყო ტრადიციული საგარეო
პოლიტიკური კავშირებით ლათინურ ამერიკასთან და მაღრიბის ქვეყნებთან. თავის
კონტაქტებს ყოფილ კოლონიებთან ამერიკის კონტინენტზე ესპანეთი ტრადიციულად
აგებდა ეთნოკულტურულ და ისტორიულ ერთობაზე მინიშნებით. ამ ფონზე
განსაკუთრებით საინტერესოა მჭიდრო ურთიერთობები კუბასთან, რომელსაც აკლდა ასე
დამახასიათებელი მწვავე წინააღმდეგობები დასავლეთ-აღმოსავლეთის
ურთიერთობებში ცივი ომის პერიოდში (ფრანკო კუბის ლიდერში ხედავდა, პირველ
ყოვლისა, ეთნიკურად ესპანელს და დიქტატორს, როგორც თვითონ იყო, ვიდრე მისთვის
საძულველ კომუნისტს). მადრიდი ეძებდა სხვა რეგიონებში შეღწევის გზებს ახლო
აღმოსავლეთში და ცენტრალური აფრიკის რეგიონში.
1977 წლის 15 ივნისის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სუარესის მთავრობამ,
მოიპოვა რა პოლიტიკური ლეგიტიმაცია, დაიწყო საგარეო პოლიტიკური პროგრამების
შემუშავება. 11 ივლისს გამოქვეყნებული პროგრამის ძირითადი დებულებები
დაფიქსირებული იყო 12 პუნქტში და მოიცავდა: ურთიერთობების ნორმალიზებას
მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, უფრო სამართლიანი და ბალანსირებული მსოფლიო
წესრიგის ფორმირებისთვის ხელშეწყობა, ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობების
გაფართოება ჰელსინკის დასკვნითი აქტის საფუძველზე, ესპანეთის ევროპის
ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებისკენ მიმართული საქმიანობის გააქტიურება,
პორტუგალიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება, იბერიულ-
ამერიკულ ხალხებთან თანამშრომლობის განმტკიცება, საყოველთაო სახალხო
დისკუსიის დაწყება ესპანეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე, ხმელთაშუა ზღვის
რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გზების ძიება, არაბული სახელმწიფოების
მხარდაჭერა მათ ,,სამართლიან ბრძოლაში” და ა.შ.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, სუარესის მთავრობამ ტრადიციული პრიორიტეტების
შენარჩუნებასთან ერთად, გადააფასა ფრანკოს მემკვიდრეობა საგარეო პოლიტიკური
ორიენტირების დივერსიფიკაციის გზით. კონცეპტუალურ პლანში მადრიდი ამოდიოდა
იქიდან, რომ ესპანეთი ოფიციალურად განიხილებოდა, როგორც საშუალო
18
მნიშვნელობის სახელმწიფო, რომელსაც შესწევდა უნარი, ეთამაშა არსებითი როლი
მსოფლიოს და ევროპულ პოლიტიკაში. ამ ფონზე ესპანეთის მომავალი დანახული იყო
ევროპის სახელმწიფოებთან განუყოფელ კავშირში. გარდა ევროპული პოლუსის
ესპანელები ცდილობდნენ პრაგმატულად აეგოთ თავიანთი ურთიერთობები აშშ-სთან,
რომელიც ესპანური პოლიტიკური ელიტის მიერ განიხილებოდა როგორც
დემოკრატიული მოწყობის და შესაძლო მიბაძვის ეტალონი.

დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება, სახელმწიფო მოწყობის ახალი მოდელი


(Estado de las autonomías)
1977 წელს ცნობილი პოლიტიკოსების, მეცნიერების და საკონსტიტუციო
სამართლის სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა დაიწყო კონსტიტუციის პროექტზე
მუშაობა. დაძაბული მუშაობის შემდეგ პროექტი წარედგინა პარლამენტის დეპუტატებს
ხოლო 1978 წლის 31 ოქტომბერს მოწონებულ იქნა კორტესის ორივე პალატის მიერ 551
ხმით 584-დან (წინააღმდეგი იყო 22, ხოლო თავი შეიკავა – 11-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ
წავიდნენ უკიდურესი მემარჯვენე და მემარცხენე ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო
ბასკური ნაციონალისტური პარტიის დეპუტატებმა თავი შეიკავეს).
1978 წლის 6 დეკემბერს კონსტიტუციის პროექტი გატანილ იქნა რეფერენდუმზე. ის
მოიწონა 15,7 მლნ ესპანელმა (რეფერენდუმში მონაწილეთა 87,7% და ხმის უფლების
მქონე მოქალაქეების 58,9%) კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1978 წლის 27 დეკემბერს, მას
შემდეგ, რაც ხელი მოაწერა მეფე ხუან კარლოს I-მა.
ესპანეთის კონსტიტუციის მამები თვლიდნენ, რომ XX საუკუნის II ნახევრის
პოლიტიკური აზროვნება მნიშვნელოვნად დაწინაურდა ხელისუფლების დანაწილების
და ,,საპირწონე” სისტემის შექმნის გზით ,,დესპოტიზმისგან დაცვის შესახებ” ფრანგი
განმანათლებლების მეთოდოლოგიურ თეზისებთან შედარებით. ამიტომ მოქალაქეთა
ძირითადი უფლებების და ინტერესების დაცვას ისინი ხედავდნენ არა აღმასრულებელი
და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთმანეთთან შეპირისპირებაში, არამედ
დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნაში, რომელიც მოიცავს ავტორიტეტულ
საკონსტიტუციო სასამართლოს და სახალხო დამცველის ინსტიტუტს; ასევე პიროვნების
უფლებების და ინტერესების დამცავ დეტალურად შემუშავებულ კანონმდებლობაში.
გარდა ამისა, 1978 წელს კონსტიტუციამ განამტკიცა ესპანეთის საგარეო პოლიტიკური
რეალიზაციის სამწვერა სისტემა – მეფე, მთავრობა და გენერალური კორტესი.
კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკურ სფეროში მონარქია, როგორც
ინსტიტუცია ფლობს განსაკუთრებულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
მთავრობა ხელმძღვანელობს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ანუ აღმასრულებელი
ხელისუფლება პასუხისმგებელია საგარეოპოლიტიკური აქციების ინიცირებაზე,
შემუშავებასა და შესრულებაზე. კორტესის პრეროგატივა არის პოლიტიკური კონტროლი
მთავრობის საქმიანობაზე, ამრიგად, ახალი კონსტიტუცია მიჯნავს კომპეტენციებს
ხელისუფლების შტოებს შორის, მან დაუდო იურიდიული საფუძველი
კოორდინირებულ მოქმედებას საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.
კონსტიტუცია შედგებოდა პრეამბულის, შესავალი ნაწილის, ათი კარის, რომელიც
169 მუხლს აერთიანებდა, ოთხი დამატებითი დებულების და ცხრა გარდამავალი
დებულებისგან. კონსტიტუციის პრეამბულასა და შესავალ ნაწილში დაფიქსირებულია
ქვეყნის პოლიტიკური სისტემის პრინციპები: ესპანეთი გამოცხადდა დემოკრატიულ
სამართლებრივ სახელმწიფოდ პოლიტიკური მოწყობის ფორმით – საპარლამენტო
მონარქია, ხოლო ეროვნული სუვერენიტეტის მატარებელია ესპანელი ხალხი.
ცენტრსა და რეგიონებს შორის რთული ურთიერთობების კონტექსტში ქვეყნის

19
შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო მე-2 მუხლი: ,,კონსტიტუცია
დაფუძნებულია ესპანელი ერის ურღვევ ერთიანობაზე, ყველა ესპანელის საერთო და
განუყოფელ სამშობლოზე; ის აღიარებს და გარანტირებს მისი შემადგენელი რეგიონების
და ეროვნებების უფლებას თვითმმართველობაზე და სოლიდარობას ყველა მათ შორის”.
ამრიგად, კონსტიტუციურად იყო აღიარებული და გარანტირებული ეროვნული და
ტერიტორიული ავტონომიების უფლება. რამდენადაც ესპანეთი უნიტარული
სახელმწიფო იყო, ავტონომიური გაერთიანებების არსებობა ესპანურ უნიტარიზმს
დეცენტრალიზებული სახელმწიფოს ნიშნებს აძლევდა.
ესპანეთისთვის, სადაც 40 წლის განმავლობაში არ არსებობდა რეალური
დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებული მნიშვნელობა
ჰქონდა პოლიტიკური პლურალიზმის, მრავალპარტიულობის და პროფკავშირების
თავისუფლად შექმნის პრინციპს (მუხლები 6 და 7). პოლიტიკური პარტიები
განისაზღვრა როგორც ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ესპანელი ხალხის
მონაწილეობის ძირითადი ინსტრუმენტი.
კონსტიტუციის პირველ კარში გაწერილი იყო მოქალაქეთა უფლებები და
ვალდებულებები, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები,
უფლების და სამოქალაქო თავისუფლების გარანტიები. ადამიანის ღირსება და მისი
უფლებების განუყოფლობა, სხვა პირების უფლებების პატივისცემა აღიარებული იყო
პოლიტიკური წყობის და სოციალური მშვიდობის საფუძვლად. ყველა ესპანელი კანონის
წინაშე თანასწორად ცხადდებოდა და იკრძალებოდა ნებისმიერი ფორმით
დისკრიმინაცია. მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების ინსტიტუციონალურ
გარანტიას გენერალური კორტესის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი წარმოადგენს.
სახელმწიფოს საერო ხასიათი განსაზღვრულია ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნით
და რომელიმე რელიგიის ოფიციალურ სტატუსამდე აყვანის აკრძალვით, ამასთან
ერთად, გარანტირებულია აღმსარებლობის და იდეოლოგიის თავისუფლება.
კონსტიტუციის მეორე კარის მიხედვით, მეფე არის სახელმწიფოს მეთაური, ერის
ერთიანობის სიმბოლო და ის წარმოადგენს ესპანელ ხალხს საერთაშორისო
ურთიერთობებში. კონსტიტუციურად განმტკიცებულია ესპანეთისთვის ტრადიციული
მემკვიდრეობითობის კასტილიის სისტემა, დეტალურადაა რეგლამენტირებული
რეგენტობის წესი.
მესამე კარი ეძღვნება ორპალატიანი პარლამენტის – გენერალური კორტესის
უფლებამოსილებას. ის შედგება დეპუტატთა კონგრესის და სენატისგან. ორივე პალატა
ფორმირდება ერთდროულად თავისუფალი, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი
საარჩევნო სისტემის საფუძველზე (ფარული კენჭისყრით). დეპუტატთა არჩევისას
გამოიყენება პროპორციული, ხოლო სენატორთა არჩევისას – მაჟორიტარული სისტემა.
პარლამენტის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა ოთხი წლით. დეპუტატთა
კონგრესი შედგება მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 400 დეპუტატისგან, სენატი კი წარმოადგენს
ტერიტორიულ წარმომადგენლობით პალატას. ორმოცდაათივე პროვინციის
მოსახლეობა ირჩევს ოთხ სენატორს საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.
ესპანური ქალაქები სეუტა და მელილია ირჩევენ ორ-ორ სენატორს. გარდა ამისა, ყველა
რეგიონალური გაერთიანება ირჩევს თავის სენატორს და კიდევ თითო სენატორს ყოველი
მილიონ მოსახლეზე.
მეოთხე კარი არეგულირებს ცენტრალური მთავრობის და ადმინისტრაციის
საქმიანობას. მთავრობა წარმოადგენს უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც
ხელმძღვანელობს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, სამოქალაქო და სამხედრო
ადმინისტრაციის საქმიანობას. მთავრობა შედგება თავმჯდომარის, მოადგილეების,
20
მინისტრების და მთავრობის კანონით განსაზღვრული სხვა წევრებისგან. კონსტიტუციის
თანახმად, მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეფე, პარტიული ფრაქციის
ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შედეგად, წარადგენს მთავრობის თავმჯდომარის
კანდიდატურას (როგორც წესი, პირველ გასული პარტიის ლიდერს). თუ შეთავაზებული
კანდიდატი მიიღებს კონგრესში ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, მეფე ამტკიცებს
მას, თუ კანდიდატი ვერ მიიღებს აბსოლუტურ მხარდაჭერას, 48 საათის შემდეგ
ჩატარდება ხელახალი კენჭისყრა, რა დროსაც საკმარისია უკვე კენჭისყრაში მონაწილეთა
უბრალო უმრავლესობა მთავრობის მეთაურის პოსტზე დასანიშნად.
მეხუთე ნაწილი განსაზღვრავს მთავრობის და გენერალური კორტესის
ურთიერთობის საკითხებს. მთავრობა ყალიბდება პარლამენტის გზით და ხელისუფლება
უნდა სარგებლობდეს არა პირადად მონარქის ნდობით, რომელიც ფორმალურად ნიშნავს
თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტის დანარჩენ წევრებს, არამედ პარლამენტის
წინაშე. პარლამენტარიზმის მთავარი ელემენტი არის მთავრობის პოლიტიკური
პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე.
სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციის საფუძვლები განსაზღვრულია
მეექვსე კარში. სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება მეფის სახელით
მოსამართლეების და მაგისტრატების მიერ, რომლებიც არიან დამოუკიდებელნი და
პასუხისმგებელნი მხოლოდ კანონის წინაშე. მოსამართლის, მაგისტრატის, პროკურორის
თანამდებობები შეუთავსებელია სხვა თანამდებობებთან. გარდა ამისა იკრძალება მათი
პოლიტიკურ პარტიებში და პროფკავშირებში გაწევრიანება.
მეშვიდე კარი აწესრიგებს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს. მერვეში
დაფიქსირებულია მუნიციპალური ოლქებისგან, პროვინციების და ავტონომიური
გაერთიანებებისგან შემდგარი სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაცია. მეცხრე კარი
ეხება სასამართლო სისტემის განსაკუთრებულ რგოლს – საკონსტიტუციო სასამართლოს.
მეათე კარში რეგლამენტირებულია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი,
რისთვისაც საჭიროა არა მხოლოდ თითოეული პალატის კვალიფიციური უმრავლესობა
(3/5), არამედ ცვლილებების რეფერენდუმზე გატანაც. კონსტიტუციის ტექსტში
არსებითი შესწორების შეტანის შემთხვევაში პარლამენტი უნდა იქნას დათხოვნილი და
შესწორებები ექვემდებარება გენერალური კორტესის ახალი შემადგენლობის მიერ
დამტკიცებას. საკონსტიტუციო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტებს შორისაა
მთავრობა, დეპუტატთა კონგრესი და სენატი. ავტონომიებს შეუძლიათ პროცესის
ინიცირება მხოლოდ მთავრობისთვის ან დეპუტატთა კონგრესის პრეზიდიუმისთვის
მიმართვის გზით. ესპანეთის კონსტიტუცია კრძალავს ნებისმიერ კონსტიტუციურ
რეფორმას საომარ დროში ან საგანგებო თუ საალყო მდგომარეობის გამოცხადებისას.
1978 წლის კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში კონსტიტუციონალისტები,
გრძნობდნენ რა ესპანეთში მკაცრი ცენტრალიზაციის და სახელმწიფო პატერნალიზმის
განმეორების საფრთხის არსებობას, ეძებდნენ ქვეყნის დემოკრატიული გადაწყობის ახალ
ფორმებს. მათი აზრით, არ შეიძლებოდა საუბარი კლასიკურ ფედერალიზმზე,
რამდენადაც ეს ნიშნავდა ბიუროკრატიული ორგანიზაციის შემოღებას ,,ზემოდან” და
ქვეყნის ზედმეტად დაქუცმაცებას ეთნოკულტურული ნიშნით. ,,კონსტიტუციის მამები”
სთავაზობდნენ, გვერდზე გადაედოთ ფედერალიზმის ვიწრო იურიდიული განმარტება,
რომელიც გულისხმობს კონსტიტუციურად დაფიქსირებულ ფუნქციების გამიჯვნას
ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფედერაციის სუბიექტებს შორის. სახელმწიფო
მოწყობა ესპანეთში ვარაუდობდა ურთიერთობების მოქნილ სისტემას, რომელიც
საშუალებას იძლეოდა სახელმწიფოებრიობის ტრადიციული საფუძვლების ორგანულ
შეხამებას რეგიონალური და ეთნიკური მოთხოვნილებების მაქსიმალურად შესაძლო
21
რეალიზაციასთან. ამასთან, ნაციონალური უმცირესობების ეთნოკულტურული
აქტიურობის გაძლიერების პირობებში პოსტფრანკისტულ პერიოდში იწევდა
მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა – დეზინტეგრაციული პროცესების
საწინააღმდეგო ინსტრუმენტების ძიება ცენტრალიზებულ სახელმწიფოში, რომელიც
,,კონტროლს კარგავდა” პერიფერიულ რეგიონებზე. ,,ავტონომიების სახელმწიფოს”
როგორც ფორმას, ხოლო არსებითად, როგორც ესპანეთის რეგიონალური
ავტონომიზაციის პროცესს, ხელი უნდა შეეწყო გაჩენილი კონფლიქტების
ცივილიზებული დარეგულირებისთვის. ცალკეულ ტერიტორიებს შიდა მმართველობის
ფორმის არჩევაში შედარებითი თავისუფლება მიეცათ. ეს იყო გამოყოფისგან შეკავების
ხერხი, რისი ალბათობაც არსებობდა კატალონიის და ბასკეთის მხრიდან.
XX საუკუნის განმავლობაში ესპანეთში ეთნიკური კონფლიქტების შენარჩუნების
მიზეზებს ღრმა ფესვები აქვს ისტორიაში. ის გამოწვეულია სხვადასხვა ეთნიკური
ჯგუფების წინააღმდეგობებით ერთიან ნაციად ჩამოყალიბებისა, რომლის ცენტრი გახდა
კასტილია თავისი ენით, კულტურით, ადმინისტრაციით და არმიით. ბასკების,
კატალონიელების და გალისიელების ეთნონაციონალური აქტიურობის აწევა აიხსნება
ასევე მატერიალური და სულიერი ფასეულობების ინტერნაციონალიზაციით,
ურბანიზაციით, ხალხთა მასების მიგრაციით. ესპანეთის მცირე ხალხებისთვის მსგავსი
ტენდენციები მალავს აკულტურაციის, ენის, ტრადიცების და ჩვეულებების დაკარგვის
საფრთხეს. პირინეის ნ-კ მცირე ხალხების თვითშენარჩუნებისთვის ბრძოლა
,,გენეტიკურად” (ისტორიულად) შეესაბამებოდა სრულიად კონკრეტულ ,,მტერს” _
ესპანურ (კასტილიურ) ექსპანსიონიზმს.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ესპანეთი წარმოადგენს როგორც
ფაქტობრივი ეთნორეგიონალური ასიმეტრიის, ასევე იურიდიული ასიმეტრიის
მაგალითს. იურიდიული ასიმეტრია ,,განმტკიცებულ” იქნა ახალი კონსტიტუციის
დებულებებით. ჯერ ერთი, მასში არაა ნახსენები რეგიონების სტატუსით თანასწორობა,
მეორე – რეგიონების უპირატესობა აღნიშნულია მხოლოდ უბრალო, ფორმალური
კონსტატაციით ისტორიული განვითარების და შუასაუკუნოვანი სამართლის
(შეღავათების და ვალდებულებების სისტემა შუა საუკუნეების ეპოქაში მონარქსა და
ვასალურ ტერიტორიას შორის) შესახებ, და მესამე – 143-ე და 151-ე მუხლები
განამტკიცებენ ავტონომიის მოპოვების სხვადასხვაგვარ პროცედურას და რეგიონების
კომპეტენციის არაერთგვაროვან მოცულობას.
ფაქტობრივი ასიმეტრია გამოვლინდა ეთნოკულტურულ და ეთნოტერიტორიულ
განსხვავებებში, რეგიონთაშორის სოციალურ-ეკონომიკური დისპროპორციაში,
სოლიდარულ ცენტრსა და რეგიონალურ ელიტას შორის პოლიტიკურ კოლიზიებში,
პანესპანური და პერიფერიული ნაციონალიზმის იდეოლოგიურ წინააღმდეგობაში,
მწვავე კონფრონტაციაში ესპანელთა უმრავლესობის სოლიდარულ შეგნებას და
რეგიონების სეპარატისტულ მისწრაფებებს შორის.
ავტორიტარულიდან დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლის პერიოდში ეთნიკური
დაპირისპირებების თავიდან აცილება ქვეყნის მმართველ ელიტას ესახებოდა მხოლოდ
ერთი ხერხით – პოლიტიკურ-ტერიტორიული დეცენტრალიზაციით და
ავტონომიზაციის პროცესით. ეს გულისხმობდა ცენტრიდან რეგიონებისთვის
განსაზღვრული უფლებამოსილებების გადაცემას, ადგილობრივი თვითმმართველობის
გაფართოებას ახალი სახელმწიფოებრივი მოდელის ჩარჩოებში, რომელმაც მიიღო
სახელი ,,ავტონომიების სახელმწიფო”. თეორიულად ჩაფიქრებული პრაქტიკაში
ყოველთვის სწორად არ ხორციელდებოდა. რიგი დამოუკიდებელი ავტონომიური
გაერთიანებების მმართველი ელიტა (პირველ ყოვლისა, კატალონია და ბასკეთი)
22
ხედავდა, რომ არც კონსტიტუცია და არც ავტონომიური სტატუტი არ ითვალისწინებდა
ყველა რეგიონალურ პრეტენზიას. აქედან გამომდინარეობს მუდმივი წინააღმდეგობა
ცენტრთან ძირითად იურიდიულ დოკუმენტებში მნიშვნელოვანი შესწორებების
შეტანის ან რევიზიის მოთხოვნით.

1979 წლის საპარლამენტო არჩევნები, კალვო-სოტელოს მთავრობა, 1981 წლის


პუტჩის მცდელობა
კონსტიტუციის მიღება გახდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციის
გზაზე, თუმცა გაწერილი დემოკრატიული პრინციპები სცილდებოდა პროფრანკისტულ
რეალობას. ესპანეთში მწვავედ იდგა ხელისუფლების ორგანოების და სახელმწიფო
აპარატის პრაქტიკული გადაწყობის საკითხი. აშკარა იყო სუარესის მთავრობის
უუნარობა, ახალი იმპულსი მიეცა რეფორმატორული ცვლილებებისთვის. ასეთ
პირობებში კაბინეტის მეთაურმა მიიღო გადაწყვეტილება საყოველთაო საპარლამენტო
არჩევნების (1979 წლის 1 მარტი) და მუნიციპალური არჩევნების ჩატარების შესახებ (1
აპრილი).
საპარლამენტო არჩევნებს არ გამოუვლენია არსებითი ცვლილება პოლიტიკურ
ძალთა განლაგებაში 1977 წლის 15 ივლისის არჩევნებთან შედარებით. დემოკრატიული
ცენტრის კავშირმა ქვედა პალატაში შეძლო 168 წარმომადგენლის გაყვანა,
სოციალისტებმა მიიღეს 121 მანდატი, ხოლო კომუნისტებმა – 23. პოზიციები დათმო
მემარჯვენე კონსერვატიულმა კოალიციამ ,,დემოკრატიული კოორდინაცია”, რომელიც
წარმოდგენილი იყო კონგრესში 9 დეპუტატით.
მუნიციპალური არჩევნების შედეგად 1979 წლის 1 აპრილს დემოკრატიული
ცენტრის კავშირმა ქვეყანაში აიღო ყველაზე მეტი ადგილი მუნიციპალურ საბჭოებში,
მაგრამ მსხვილ სამრეწველო ცენტრებში წარმატება ხვდა წილად სოციალისტებს.
სოციალისტების და კომუნისტების შეთანხმების საფუძველზე, შემდგომში მემარცხენე
ძალებმა შეძლეს, ქვეყნის მსხვილ და საშუალო ქალაქებში მუნიციპალიტეტების
უმრავლესობას სათავეში მოქცეოდნენ.
ამრიგად, 1978 წლის დემოკრატიულმა კონსტიტუციამ, 1979 წლის საპარლამენტო
და მუნიციპალურმა არჩევნებმა საბოლოო დაასამარა ფრანკიზმი როგორც პოლიტიკური
სისტემა.
70-იანი წლების ბოლოსთვის ,,მონკლოას პაქტების” საფუძველზე მიღწეულმა
პოლიტიკურმა კონსენსუსმა დაკარგა თავისი ძალა. პარლამენტში იზრდებოდა
კონფრონტაცია აბსოლუტური უმრავლესობის არმქონე სუარესის მთავრობას და
ოპოზიციას შორის, რომელიც წარმოდგენილი იყო მემარცხენე პარტიებით. თვითონ
დემოკრატიული ცენტრის კავშირის რიგებშიც შეიმჩნეოდა დაშორიშორება სხვადასხვა
პოლიტიკურ მიმართულებას შორის ცენტრისტების და მემარჯვენე ცენტრისტების
სახით.
მიუხედავად უთანხმოებებისა, ა. სუარესმა და მემარცხენე პარტიის ლიდერებმა
შეძლეს ერთგვარი შეთანხმების მიღწევა კატალონიის და ბასკთა ქვეყნის ავტონომიის
სტატუტების საკითხში. სტატუტების ტექსტები განიხილებოდა სპეციალურ
საპარალამენტო კომისიებში, დამტკიცებულ იქნა გენერალური კორტესის მიერ და 1979
წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა რეგიონალურ რეფერენდუმებზე. მაგრამ სხვა
რეგიონების ავტონომიური სტატუტების მიღება მთავრობას სურდა ე.წ. არა
დაჩქარებული პროცედურით, არამედ ჩვეულებრივი კონსტიტუციური სქემით, რამაც
რეგიონების კრიტიკა გამოიწვია.
წარუმატებელი იყო სუარესის მთავრობის ღონისძიებები განათლების სფეროში.
23
მთავრობის კანონპროექტი უნივერსიტეტების ავტონომიების შესახებ უარყოფილ იქნა
პარლამენტის მიერ, ხოლო კანონი არასაუნივერსიტეტო სასწავლო დაწესებულებების
შესახებ არა მხოლოდ კრიტიკის ქვეშ მოექცა, მემარცხენე ოპოზიციის მხრიდან, არამედ
არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული.
1980 წლის მაისში პოლიტიკური ძალების მზარდი პოლარიზაციის და
აღმასრულებელი ხელისუფლების წარუმატებლობის პირობებში სოციალისტური
პარტიის ხელმძღვანელობის ინიცირებით დაიწყო საპარლამენტო დებატები მთავრობის
ნდობის შესახებ. 1981 წლის 29 იანვარს ა. სუარესი გადადგა მთავრობის ხელმძღვანელის
პოსტიდან და მეფე ხუან კარლოს I-მა ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა
დემოკრატიული ცენტრის კავშირის ერთ-ერთ ლიდერს – ლეოპოლდო კალვო-
სოტელოს.
23 თებერვალს კალვო-სოტელოს მთავრობის ნდობის საკითხზე საპარლამენტო
დებატების დღეს განხორციელდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. კონგრესის
შენობაში შეიჭრა სამოქალაქო გვარდიის ჯგუფი ვიცეპოლკოვნიკ ანტონიო ტეხეროს
მეთურობით. მათ წამოაყენეს ულტიმატუმის ფორმით მოთხოვნები, რომელიც
პრაქტიკულად მიმართული იყო ქვეყანაში ფრანკოს დროინდელი მმართველობის
მეთოდების დაბრუნებისკენ. იმავდროულად მადრიდის მიმართულებით დაიძრა
ვალენსიის სამხედრო ოლქის სატანკო კოლონა გენერალ-ლეიტენანტ ხაიმე მილანს დელ
ბოსკის მეთაურობით, მაგრამ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. მეფემ, როგორც
შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სატელევიზიო მიმართვაში
კატეგორიულად დაგმო პუტჩი. შეთქმულები დააპატიმრეს და გაასამართლეს. მომდევნო
დღეს ხუან კარლოსმა სამეფო სასახლეში მოიწვია წამყვანი პოლიტიკური პარტიის
ლიდერები, რომელთაგან მიიღო კონსტიტუციის ერთგულების მტკიცე დასტური. 25
თებერვალს პარლამენტმა კალვო-სოტელოს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 1981 წლის
27 თებერვალს მთელ ესპანეთში ჩატარდა მასობრივი მანიფესტაციები კონსტიტუციის
და დემოკრატიის დასაცავად. მეფის ქცევებმა თებერვლის მოვლენებში განაპირობა მისი
პირადი ავტორიტეტის ზრდა, ხოლო მონარქიის როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობა
საზოგადოების თვალში ძალზე ამაღლდა.
1981 წლის მარტში მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო ზომები ტერორიზმთან
ბრძოლაში და ნაწილობრივ დაშვებულ იქნა ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციებში
არმიის ჩართვის შესაძლებლობა. აპრილში მოწონებულ იქნა კანონპროექტი
კონსტიტუციის დაცვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის დამძიმებას მისი დადგენილებების ხელყოფისთვის, აჯანყების
მონაწილეობისთვის და მასალების პუბლიკაციისთვის, რომელიც უბიძგებდა
ძირგამომთხრელი საქმიანობისკენ სახელმწიფოში. დემოკრატიულმა ძალებმა
პრინციპში მხარი დაუჭირეს კანონს, თუმცა გამოთქვეს შიში, რომ ის შეიძლებოდა
გამოყენებულიყო სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების შესაზღუდად. 22 ივნისს
გენერალურმა კორტესმა მიიღო კანონი განქორწინების შესახებ (ეს იყო თამამი ნაბიჯი
ესპანეთის კათოლიკური მენტალობის პოზიციებიდან გამომდინარე).
კალვო-სოტელოს მთავრობას საშინაო ასპარეზზე დიდი მიღწევები არ ჰქონია,
მაგრამ ის ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა საგარეო პოლიტიკაში. ამ პერიოდში
ესპანეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ძირითადად ორი
მიმართულებით ვითარდებოდა: ნატოში შესვლა და ევროპის ეკონომიკურ
გაერთიანებაში ინტეგრაცია. ეს არ იყო იოლი პროცესი. მართალია, აშშ მხარს უჭერდა
ესპანეთის კანდიდატურას ნატოს წევრობაზე, მაგრამ ამავე დროს გამოხატავდა სურვილს
ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების შენარჩუნებასთან
24
დაკავშირებით. 1981 წლის 9 აპრილს მადრიდში ვიზიტისას აშშ სახელმწიფო მდივანი
ალექსანდერ ჰეიგი საუბრობდა ორმხრივი შეთანხმების განახლების აუცილებლობაზე.
ესპანეთის კანდიდატურა არ სარგებლობდა ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების უსიტყვო
მხარდაჭერით. წინააღმდეგ გამოდიოდნენ ჰოლანდია, საბერძნეთი, საფრანგეთი.
ესპანეთის ნატოში გაწევრიანების საკითხმა გამოიწვია ქვეყნის შიგნით
შიდაპოლიტიკური დისკუსიები და პარტიათაშორისი დავები. კალვო-სოტელოს
კაბინეტი შესაძლოდ თვლიდა საკითხის გადაწყვეტას შესაბამისი სამთავრობო
გადაწყვეტილების გენერალური კორტესის ორივე პალატაში უბრალო უმრავლესობით
დამტკიცების გზით. ამის გამო სოციალისტური პარტია დემოკრატიული ცენტრის
კავშირს ბრალსაც კი სდებდა კონსენსუსის პირობების დარღვევაში. 1981 წლის
ოქტომბერში კონგრესმა ხმათა უმრავლესობით მთავრობას უფლება მისცა, დაეწყო
მოლაპარაკებები ესპანეთის ნატოში შესასვლელად, რაც, სოციალისტების და
კომუნისტების ფრაქციების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, წარმატებით
დასრულდა 1982 წლის 30 მაისს. ისტორიული პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ
სწორედ კალვო-სოტელოს კაბინეტმა, ყველაზე სუსტმა იმ მთავრობებს შორის, რომელიც
არსებობდა 1977 წლიდან, გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ესპანეთის
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად.
მიუხედავად ამისა, 1982 წელს კალვო-სოტელოს მთავრობის პოზიციები შესუსტდა,
ამის მიზეზი იყო დემოკრატიული ცენტრის კავშირს შიგნით უთანხმოებები, რამაც
ფაქტობრივად პარტიაში განხეთქილება გამოიწვია. კავშირიდან გამოვიდა რამდენიმე
ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს დამოუკიდებელი პარტიები. შედეგად მთავრობამ დაკარგა
უმრავლესობა კორტესში და პრაქტიკულად დაკარგა შესაძლებლობა, ცხოვრებაში
გაეტარებინა თავისი პოლიტიკური კურსი. ამ პირობებში მთავრობის მეთაურმა ლ.
კალვო-სოტელომ 1982 ოქტომბერში მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვისა
და ხელახალი ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ.

სოციალისტების მმართველობა და დემოკრატიის კონსოლიდაცია


70-იანი წლების მეორე ნახევარში სოციალისტური პარტიის პოლიტიკურმა
სტრატეგიამ და ტაქტიკამ შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. უარყო რა ყველაზე
რადიკალური პოსტულატები საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნების შესახებ,
პარტიის ხელმძღვანელობა გადავიდა სოციალ-დემოკრატიული რეფორმიზმის
პოზიციაზე. 1979 წელს ესპანეთის სოციალისტური შრომის პარტიის რიგგარეშე
სხდომაზე გამოსვლებისას ბევრი ორატორი მოუწოდებდა საზოგადოების
ტრანსფორმაციის შესახებ მარქსისტულ-ლენინურ შეხედულებებისგან დაცილებისკენ
და გამოდიოდა მოთხოვნით, გაემდიდრებინათ პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა
უფრო ზომიერი და პრაგმატული თეზისებით რევოლუციური ძალადობის და
პროლეტარიატის დიქტატურის გარეშე სოციალური სამართლიანობის საზოგადოების
შენების შესახებ. ასეთი იდეოლოგიური ევოლუცია დაკავშირებული იყო არა მხოლოდ
კრიტიკულ შეფასებასთან, რომელსაც ესპანელი სოციალისტები აძლევდნენ საბჭოთა
კავშირის ისტორიულ გამოცდილებას, არამედ ცვლილებებთან თვითონ ესპანურ
საზოგადოებაში.
არანაკლები როლი იდეოლოგიის განახლებაში ითამაშა იმ გარემოებამ, რომ
სოციალისტურმა პარტიამ რიგები შეავსო ინტელიგენციის, სტუდენტების, ,,საქალაქო
ბურჟუაზიის” მრავალრიცხოვანი წარმომადგენლების ხარჯზე და, ამდენად, ის უკვე
აღარ იყო მხოლოდ მუშათა და გლეხთა პარტია. 1982 წელს წინასაარჩევნოდ
სოციალისტური პარტიის პროგრამა ორიენტირებული იყო სოციალ-პოლიტიკურ

25
ცვლილებებსა და ესპანეთში სამართლებრივი, დემოკრატიული საზოგადოების
ჩამოყალიბებაზე. სოციალისტების მიერ შეთავაზებული რეფორმები იზიდავდა
მოსახლეობის იმ ფენებსაც, რომელიც ადრე უნდობლად ეკიდებოდა მათ. არანაკლები
როლი ითამაშა თავისებურმა ადამიანურმა ფაქტორმა – პარტიის სათავეში
მიზანმიმართული, ენერგიული ხელმღვანელობის ყოფნა ფელიპე გონსალეს მარკესის
მეთაურობით, რომლის გარშემოც შეიქმნა მტკიცე პარტიული ბირთვი.
1982 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის
წარმატებებმა ფელიპე გონსალესის მეთაურობით დააჩქარა ქვეყნის დემოკრატიული
განახლების პროცესი. პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც ახლდა კალვო-
სოტელოს მმართველობის პერიოდს დასრულდა. სოციალისტების გამარჯვებამ
დასაბამი დაუდო დემოკრატიის კონსოლიდაციის ეპოქას.
არჩევნებზე სოციალისტებმა მიიღეს ხმების 49% და დეპუტატთა კონგრესში მათ
მოიპოვეს აბსოლუტური უმრავლესობა – 202 ადგილი (350-დან). მეორე ადგილზე
გავიდა მემარჯვენე ცენტრისტული სახალხო კოალიცია რომელმაც მიიღო ხმების 25,4%,
და მოიპოვა 106 მანდატი. მძიმე მარცხი განიცადეს დემოკრატიული ცენტრის კავშირმა
(12 მანდატი) და კომუნისტებმა (4 მანდატი).
1982 წლის 3 დეკემბერს ფელიპე გონსალესმა შექმნა მხოლოდ სოციალისტი
მინისტრებისგან შემდგარი მთავრობა. სამთავრობო კაბინეტის ძირითადი ძალისხმევა
მიმართული იყო სოციალ-ეკონომიკურ სფეროში კრიზისის დაძლევისკენ. აქ
შეინიშნებოდა უკონტროლო ფასების ზრდა, უმუშევართა რიცხვის ზრდა, სახელმწიფოს
საგადამხდელო ბალანსის გაუარესება, საგარეო დავალიანების ზრდა. ეკონომიკისა და
ფინანსთა სამინისტრო, რომელსაც მეთაურობდა პრაგმატული ტექნოკრატი მიგელ
ბოიერი, ხშირად მიმართავდა ისეთ იძულებით ზომებს, რაც მთავრობისგან მოითხოვდა
მკაცრი სოციალური პოლიტიკის გატარებასა და ხარჯების შემცირებას სოციალურ
პროგრამებზე. მთავრობამ ვერ შეძლო ახალი სამუშაო ადგილების (800 ათასი) შექმნის
შესახებ დაპირების შესრულება, მეტიც ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმებმა, მათ შორის
სამრეწველო სექტორის მოდერნიზაციის პროგრამის შესრულებამ აიძულა გონსალესის
კაბინეტი წასულიყო არაპოპულარულ ზომებზე: 800-ზე მეტი არარენტაბელური
სახელმწიფო საწარმოს დახურვა ან პრივატიზება, 83 ათასი მუშის დათხოვნა ან სხვა
სფეროში გადაყვანა. მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ პროფკავშირები და იმ
ფაბრიკა-ქარხნების მუშები, რომლებიც მოხვდნენ კონვერსიის პროგრამის ქვეშ.
სოციალისტური პარტიის მმართველობის პირველ წლებში მიღებულ იქნა
კანონები, რომლებიც უზრუნველყოფდა მოქალაქეების უფლებებს და თავისუფლებებს,
გაუმჯობესდა ქალების სოციალური დაცულობა, მოწესრიგდა უცხოელთა, მათ შორის
მუშა-იმიგრანტების, მდგომარეობა.
შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის განხორციელების მიზნით, შემცირებულ
იქნა მათი რიცხვი, ამაღლდა ჯარისკაცების და ოფიცრების პროფესიული მომზადების
ხარისხი. ქვეითი ჯარების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის და სამხედრო-საჰაერო ძალების
შეიარაღებაში შემოვიდა ახალი, მათ შორის, უცხოური სამხედრო ტექნიკა. ეროვნული
თავდაცვის საფუძვლების შესახებ კანონის თანახმად, დადგინდა სამოქალაქო
ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების უზენაესობა სამხედრო ხელმძღვანელობაზე.
საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია
თავდაპირველად არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. მას არ ჰქონდა სერიოზული
საერთაშორისო გამოცდილება. 1982 წელს წინასაარჩევნო პროგრამის საგარეო
პოლიტიკური ნაწილი რამდენიმე ძირითად პუნქტს მოიცავდა: ევროპაში ინტეგრაცია,
ურთიერთობების გაუმჯობესება მეზობლებთან (განსაკუთრებით პორტუგალია,
26
საფრანგეთი, მაროკო, ალჟირი), მეტი დამოუკიდებლობა აშშ-სგან სამოკავშირეო
ურთიერთობების შენარჩუნებასთან ერთად, გიბრალტარის დაბრუნება და ა.შ. რაც
შეეხება ნატოს წევრობას, სოციალისტები არ იღებდნენ ვალდებულებას არჩევნებში
გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთი გამოეყვანათ ალიანსიდან. სოციალისტების
ხელმძღვანელობა მხოლოდ პირდებოდა საკითხის გადაწყვეტას რეფერენდუმის გზით,
რაც განსხვავდებოდა მათი პოზიციისაგან, რომელსაც ისინი აფიქსირებდნენ 70-იანი
წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გამოდიოდნენ ესპანეთის
ალიანსთან მიერთების წინააღმდეგ. იმ დროს პარტიის ლიდერები მკვეთრად
აკრიტიკებდნენ აშშ-ს იმპერიალიზმს და ვაშინგტონს აკისრებდნენ პასუხისმგებლობას
გამალებული შეიარაღების გაჩაღებასა თუ კონფრონტაციის გაღვივებაში ,,ცივი ომის”
დროს.
სწორედ ნატოში ესპანეთის წევრობის საკითხი გახდა ერთ-ერთი საკვანძო
სოციალისტების მმართველობის პირველ წლებში. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ გონსალესმა და პარტიის სხვა ხელმძღვანელებმა კარდინალურად გადასინჯეს
მიდგომები ამ საკითხში. სოციალისტურ ხელმძღვანელობაში გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ
ნატო წარმოადგენდა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტს და მთავარ ინსტრუმენტს
ესპანეთის ჩასართავად ევროატლანტიკურ თუ ტრანსატლანტიკურ პროცესებში. თავის
მხრივ, ესპანური გენერალიტეტი იმედოვნებდა ნატოს ,,ქოლგის ქვეშ” გაეტარებინა
შეიარაღებული ძალების სტრუქტურული მოდერნიზაცია. გარდა ამისა, რიგი
დასავლეთელი პოლიტიკოსი ესპანეთის ახალგაზრდა ხელმძღვანელობას მიანიშნებდა,
რომ ესპანეთის ნატოში წევრობა დადებითი ფაქტორი იქნებოდა ქვეყნის ევროპის
ეკონომიკურ გაერთიანებაში მისაღებად.
1984 წლის 23 აგვისტოს საპარლამენტო დებატების მსვლელობისას ფ. გონსალესმა
საჯაროდ აღიარა ქვეყნის ნატოში წევრობის უპირატესობა. ეს იქცა ერთ-ერთ საკვანძო
საკითხად სოციალისტების ახალ საგარეო პოლიტიკურ პროგრამაში, რომელსაც, მისი
პუნქტების რაოდენობიდან გამომდინარე, ,,გონსალესის დეკალოგი” ეწოდა. 1984 წლის
23 ოქტომბერს დეპუტატთა კონგრესში გამოსვლისას ფელიპე გონსალესმა ეს კურსი
ოფიციალურად წარმოადგინა და განაცხადა: 1. ესპანეთი არ უნდა გამოვიდეს ნატოდან;
2. ესპანეთი არ საჭიროებს, შეუერთდეს ნატოს სამხედრო სტრუქტურებს; 3.
აუცილებელია, შემცირდეს ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა ესპანეთის
ტერიტორიაზე; 4. ესპანეთი ინარჩუნებს არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსს; 5.
ესპანეთმა მოაწერა ხელშეკრულებას ბირთვული გამოცდების აკრძალვის შესახებ და ეს
ჯერჯერობით საკმარისია, რაც შეეხება ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის
გაუვრცელებლობის შესახებ, მასზე შეერთება შეიძლება იყოს შემდგომი დისკუსიების
საგანი; 6. ესპანეთის მონაწილეობა დასავლეთევროპულ კავშირში არის სასურველი; 7.
აუცილებელია, მოიძებნოს გზები გიბრალტარის პრობლემის საბოლოოდ
გადასაწყვეტად და მისი ესპანეთის სუვერენიტეტის ქვეშ დასაბრუნებლად; 8. ესპანეთი
აქტიურად მუშაობს კონფერენციაში განიარაღების შესახებ, წამოაყენა თავისი
კანდიდატურა გაეროს განიარაღების კომიტეტში, ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს; 9.
აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება დასავლეთევროპულ სახელმწიფოებთან
თავდაცვის დარგში ორმხრივი შეთანხმებების გზით; 10. თავდაცვის პოლიტიკის
სფეროში ეროვნული კონსენსუსის მიღწევის მიზნით, აუცილებელია, შემუშავდეს
ერთობლივი სტრატეგიული გეგმა.
გონსალესის დეკალოგმა ერთგვარად ხაზი გაუსვა ესპანელი სოციალისტების მიერ
ორწლიან ძიებას საერთაშორისო პოლიტიკაში. ამ დროიდან მოყოლებული გონსალესის
მთავრობის პოზიცია მსოფლიო პოლიტიკის კარდინალურ საკითხებში დასავლეთის
27
სამყაროსადმი ესპანეთის ,,ისტორიული კუთვნილებიდან” გამომდინარე
ფორმირდებოდა. საშური პრაგმატიზმი და დაჟინებულობა საშუალებას აძლევდა
სოციალისტების მთავრობას ეჩვენებინა დასავლეთევროპული პოლიტიკური
იდეალებისადმი ერთგულება და მიეღწია შთამბეჭდავი წარმატებებისთვის
საერთაშორისო პოლიტიკაში. 1986 წლის 1 იანვარს ესპანეთი გახდა ევროპის
ეკონომიკური გაერთიანების წევრი. 1986 წლის 12 მარტს კი ჩატარდა რეფერენდუმი
ესპანეთის ნატოში წევრობის საკითხზე. რეფერენდუმს წინ უსწრებდა მწვავე
პოლიტიკური დებატები, თუმცა, საბოლოოდ, რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ
მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში წევრობას ეთანხმებოდა. ნატოს წევრობის
სასარგებლოდ ხმა მისცა 52,5%-მა, წინააღმდეგ წავიდა – 39,9% (7,6% ბიულეტენი
გაბათილებულ იქნა). შედეგად, ესპანეთი დარჩა ნატოს წევრად.
პირველი მმართველობის პერიოდში (1982-1986 წლები) სოციალისტურმა
მთავრობამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. მან შეძლო სიტუაციის გამოსწორება
ეკონომიკაში და მიაღწია არც ისე ცუდ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, განახორციელა
რიგი სოციალური და პოლიტიკური რეფორმები. მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა
ბევრი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება. ქვეყანაში მწვავედ იდგა სახელმწიფო
მოსამსახურეთა რიცხვის შემცირების, ადმინისტრაციული აპარატის
დებიუროკრატიზაციის, უმუშევრობის დონის აწევის, ტერორიზმის ალაგმვის
პრობლემები. ამავე დროს, ქვეყანაში კიდევ უფრო გამწვავდა ბასკეთის საკითხი.

ბრძოლა ბასკური ტერორიზმის წინააღმდეგ


80-90-იან წლებში, მიუხედავად შიდა განხეთქილებისა და უამრავი
დაპატიმრებებისა, ETA რჩებოდა ბრძოლისუნარიან ტერორისტულ ორგანიზაციად,
რომელსაც ჰქონდა მხარდაჭერა ბასკების ქვეყანაში. თავისი ძირითადი ცენტრები თუ
ბაზები ორგანიზაციამ განათავსა საფრანგეთის სამხრეთში (ე.წ. საფრანგეთის ბასკეთში),
საიდანაც ხელმძღვანელობდა აგენტურის ქსელს, გზავნიდა სპეციალური დავალებებით
საბრძოლო დანაყოფებს და ახორციელებდა ესპანეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა
იატაკქვეშა სტრუქტურების მოქმედების კოორდინაციას.
1982 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ სოციალისტებმა თავის წინასაარჩევნო
პროგრამაში ერთ-ერთი ძირითად ამოცანად ,,ბასკი ექსტრემისტების იზოლაცია”
წამოაყენეს. სოციალისტების გამარჯვების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ხოსე
ბარიონუევომ გამოაცხადა ანტიტერორისტული მუშაობის გააქტიურების შესახებ, რაც
რამდენიმე პუნქტს ითვალისწინებდა: 1. ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ძალების
გაერთიანებას ანტიტერორისტულ ბლოკში (მთავრობის ამ პოლიტიკურმა ინიციატივამ
მიიღო პრაქტიკული ხორცშესხმა პაქტი ,,ახურია ენეას” სახით 1988 წ. იანვარში); 2.
პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას დამატებითი პრევენციული და
ინფორმაციული ხასიათის სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებებით; 3.
საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას, პირველ ყოვლისა, საფრანგეთთან; 4.
სოციალური რეაბილიტაციის პოლიტიკის გამოყენებას ამნისტირებული ან
მსჯავრდებული ტერორისტების მიმართ.
ესპანური საზოგადოების დემოკრატიულ ძალებს არაერთხელ უცდიათ, შეექმნათ
გაერთიანებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებში წინ აღუდგებოდა
ტერორიზმს, ამის მაგალითი არის ზემოთ ნახსენები პაქტი ,,ახურია-ენეა”, რომელსაც
ხელი მოეწერა 1988 წლის 12 იანვარს წამყვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი
წრეების წარმომადგენლების მიერ (მათ შორის იყვნენ ზომიერი ბასკი ნაციონალისტები).
პაქტის მონაწილეებს აერთიანებდა გულწრფელი სურვილი, ამოეძირკვათ ტერორიზმი,

28
მაგრამ ტაქტიკური სქემები ამ მიზნის მისაღწევად საკმაოდ არაორდინალური, რიგ
შემთხვევებში კი – ურთიერთგამომრიცხავი იყო. ეს გარემოება იყო პაქტის ჩავარდნის
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ETA-ს მხრიდან ტერორისტულმა მოქმედებებმა ტერორიზმის საწინააღმდეგოდ
სამართლებრივი ბაზის შექმნისთვის განკუთვნილი მთავრობის საკანონმდებლო
აქტების გაჩენა გამოიწვია. ჯერ კიდევ 1980 წლის 1 დეკემბერს მიღებულ იქნა ორგანული
კანონი №11/1980 ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. კანონი სამართალდამცავ ორგანოებს
უფლებას აძლევდა, განსაზღვრულ გარემოებებში გაეხანგრძლივებინათ ეჭვმიტანილი
პირების დაკავების ვადები 72 საათზე მეტხანს, ეწარმოებინათ სატელეფონო მოსმენები
და შენობების ჩხრეკა პროკურორის სანქციის გარეშე. ორგანული კანონი №9/1984 უფრო
ამკაცრებდა სასჯელს ტერორიზმთან დაკავშირებით და პოლიციას ნაწილობრივ
ეძლეოდა პრევენციული დაჭერის უფლება. ამასთან, შეიძლებოდა ეჭვმიტანილი პირის
დაკავება 10 დღემდე და მასმედიის ორგანოების ,,ტერორიზმის აპოლოგიის”
ბრალდებით დახურვა. ამ კანონის მიმართ საზოგადოებრივი აზრი არაერთგვაროვანი
იყო. მას ,,დრაკონული” ეწოდა და შეფასდა, როგორც ძალის არაპროპორციული
გამოყენება ექსტრემიზმთან დაკავშირებით, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ 1987
წლის 16 დეკემბერს ორგანული კანონის №9/1984 ცალკეული მუხლები
არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. 1988 წლის რეფორმები სისხლის სამართლის
კანონმდებლობაში ხელს უწყობდა ესპანური მართლმსაჯულების შემდგომ სრულყოფას
ტერორიზმთან მიმართებაში.
ტერორიზმთან ბრძოლაში ესპანეთის ხელისუფლება მიმართავდა სხვადასხვა
ზომებს – კანონიერი მეთოდებიდან (სრულად შეესაბამებოდა სამართლებრივ ნორმებს)
ე.წ. ,,ბინძურ” მეთოდებამდე (რომელიც სცილდებოდა სამართლებრივი სახელმწიფოს
ჩარჩოებს). ჯერ კიდევ 70-იანი წლების შუახანებში ესპანეთში და ფრანგულ ბასკეთში
მომრავლდა იატაკქვეშა მემარჯვენე რადიკალური დაჯგუფებები, რომელთა მიზანი იყო
ETA-ს ძალადობასთან ძალადობით ბრძოლა. ხშირ შემთხვევაში ისინი წარმოადგენდნენ
მკაცრად კონსპირაციულ ჯგუფებს, რომელთა შემადგენლობაში მოქმედებდნენ
ექსტრემისტულად განწყობილი პოლიციის და სპეცსამსახურების აგენტები. ETA-ს
ტერორმა გააჩინა არანაკლები დამნაშავე – ანტიტერორი. გონსალესის მთავრობის
სერიოზული პოლიტიკური შეცდომა იყო ეს ე.წ. ,,ბინძური ომი”, რომლის საწარმოებლად
პოლიციელების და სამოქალაქო გვარდიელებისგან შეიქმნა გულდასმით
კონსპირირებული უჯრედები, ცნობილი როგორც GAL (Grupos Antiterroristas de
Liberación). 1983-1987 წლებში თავისი არსებობის განმავლობაში ჯგუფმა განახორციელა
27 მკვლელობა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მიმართავდა ქილერების დახმარებას,
რომელთა მომსახურება გულუხვად ნაზღაურდებოდა პოლიციის და სპეცსამსახურების
საიდუმლო ფონდებიდან (ამის შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი). სკანდალი GAL-
ის გამო ნეგატიურად აისახა გონსალესის მთავრობის იმიჯზე.
ბასკური ექსტრემიზმის იდეოლოგებმა მთავრობის ასეთი პოლიტიკა ჩათვალეს
,,სიმეტრიული ძალადობის” შესახებ თავისი თეორიის გამართლებად. რა თქმა უნდა,
მსგავსი არგუმენტაცია სოფისტიკა უფრო იყო, ვინაიდან GAL-ის გაქრობის შემდეგაც ETA
განაგრძობდა ტერორს. მიუხედავად ამისა, მაინც 80-იანი წლების შუახანებში GAL-ის
საქმიანობამ ბასკ ნაციონალისტებს საშუალება მისცა, გაემდიდრებინათ თავისი
ანტისამთავრობო რიტორიკა გონსალესის სახელმწიფო ტერორის ფრანკოს
რეპრესიებთან გათანაბრებით. მთავრობის ,,ბინძური მეთოდების” წინააღმდეგ
გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიები, სახალხო პარტიამ კი ეს შანსი საკუთარი
ელექტორატის გასაზრდელად გამოიყენა.
29
პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პროცესები 80-იანი წლების მეორე
ნახევარსა და 90-იანი წლების დასაწყისში
ნატოს წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმში მიღწეული წარმატება
სოციალისტებმა გადაწყვიტეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით
განემტკიცებინათ. არჩევნები ჩატარდა 1986 წლის 22 ივნისს. სოციალისტებმა კვლავ
გამარჯვება მოიპოვეს და მიიღეს ხმების 44,2%, სახალხო პარტიამ დაიკავა მეორე
ადგილი 26,2%-ით. არსებითად გაიუმჯობესა პოზიციები დემოკრატიულმა და
სოციალურმა ცენტრმა ყოფილი პრემიერის ა. სუარესის მეთაურობით. კვლავ მიიღო რა
აბსოლუტური უმრავლესობა დეპუტატთა კონგრესში, სოციალისტურ პარტიას მიეცა
საშუალება, განეგრძო რეფორმების დამოუკიდებელი კურსი. აქცენტები გაკეთდა
სტრუქტურულ გარდაქმნებზე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში ევროკავშირის
,,რეცეპტურის” შესაბამისად. მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური
წარმატებებიც. 1988 წლის 14 ნოემბერს ქვეყანა შეუერთდა დასავლეთევროპულ კავშირს,
ხოლო 1988 წლის 1 დეკემბერს ესპანეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას
თავდაცვითი თანამშრომლობის შესახებ.
დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია და ქვეყნის ჩართვა ევროინტეგრაციულ
და ევროატლანტიკურ პროცესებში განიხილებოდა როგორც სოციალისტების
მმართველობის მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი. ამიტომ 1989 წლის საპარლამენტო
არჩევნებში პარტიამ შეინარჩუნა წამყვანი პოზიციები პარლამენტში – 175 ადგილი
დეპუტატთა კონგრესში. ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ, მემარჯვენე ცენტრისტულმა
სახალხო პარტიამ დაიკავა 107 ადგილი და პოლიტიკურ კონკურენციას სოციალისტებს
ჯერ ვერ უწევდა.
80-იანი წლების მეორე ნახევარში გონსალესის მთავრობამ ეკონომიკის
მოდერნიზაციისკენ მიმართული პროგრამა განახორციელა. პოლიტიკურმა
სტაბილურობამ და შიდა ბაზრის ლიბერალიზაციამ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების
მოზიდვა განაპირობა (1986-1991 წლებში უცხოური კაპიტალდაბანდება ესპანეთში 60
მლრდ დოლარით გაიზარდა). იზრდებოდა სამრეწველო წარმოება, შემცირდა
ინფლაციის დონე (5,5% წელიწადში), 5 წელიწადში შეიქმნა 1,7 მლნ ახალი სამუშაო
ადგილი, თუმცა უმუშევრობის დონე ესპანეთში მაინც ყველაზე მაღალი იყო დასავლეთ
ევროპაში (მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდამ 1986-1991 წლებში
4,5% შეადგინა). წარმატებებმა ეკონომიკაში საშუალება მისცა მთავრობას,
გაეფართოებინა მოსახლეობის ღარიბი ნაწილისთვის სოციალური დახმარება.
სოციალურ სფეროში ხარჯების გაზრდამ მოითხოვა გადასახადების აწევა, რომელთა
წილი მშპ-ში გაიზარდა 28,1%-დან (1982) 35%-მდე (1990).
ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში მიღწეული შედეგები პოზიტიურად აისახა
ესპანელთა ცხოვრების დონეზე, მაგრამ მოსახლეობის უფრო მეტი ფენა ითხოვდა
თავისთვის დამატებით შეღავათებს და საყვედურობდა სოციალისტებს იმაში, რომ მათი
ეკონომიკური კურსი, პირველ ყოვლისა, შეესაბამებოდა მმართველი ფენების
ინტერესებს. მშრომელთა მოთმინების ფიალა აავსო მთავრობის მიერ პროფკავშირებთან
წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიღებულმა გეგმამ ახალგაზრდების დასაქმების
შესახებ. ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანებები წავიდნენ მთავრობასთან
ურთიერთობების გამწვავებაზე. მათი მოწოდებით 1988 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა
საერთო ეროვნული გაფიცვა, რომელმაც პრაქტიკულად ქვეყნის პარალიზება მოახდინა.
ეს აქცია გახდა მთავრობის პირველი სერიოზული გაფრთხილება მუშების და
პროფკავშირების მიერ.

30
საგარეო პოლიტიკაში მზარდი საერთაშორისო ავტორიტეტი ესპანეთს საშუალებას
აძლევდა, შეეთავაზებინა თავისი ,,სამსახური მსოფლიო თანამეგობრობისთვის”, ქვეყანა
გამოდიოდა როგორც შუამავალი რეგიონალურ და ნაციონალურ კონფლიქტებში
(მაგალითად, ცენტრალურ ამერიკაში), იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების
ორგანიზატორი, როგორიცაა, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი
დარეგულირების კონფერენცია (მადრიდი, 1991).
გონსალესის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობდა მჭიდრო პოლიტიკური და
ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ლათინური ამერიკის წამყვან
ქვეყნებთან, მათ ინტეგრაციულ გაერთიანებებთან, აქცენტები კეთდებოდა იქ მიმდინარე
დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე, იმავდროულად მიმდინარეობდა
,,ამერიკის მეორედ ათვისება”, რომელიც მოიცავდა სავაჭრო ეკონომიკური პოზიციების
განმტკიცებას რეგიონში. მადრიდი ასევე ცდილობდა შეენარჩუნებინა ,,ისტორიული
ხიდის” პრივილეგირებული როლი ევროპასა და ლათინურ ამერიკას შორის. აქ ყველაზე
პერსპექტიულ მიმართულებად ესპანელი დიპლომატები თვლიდნენ თანამშრომლობას
ევროკავშირს და მერკოსურს (სამხრეთამერიკული ეკონომიკური ბაზარი) შორის.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მიუხედავად მათთან სავაჭრო ეკონომიკური
კავშირებისა 80-იანი წლების ბოლომდე რჩებოდა საგარეო პოლიტიკური ინტერესების
პერიფერიაში. ამ რეგიონებთან ურთიერთობების აქტივიზაცია ოფიციალური მადრიდის
მხრიდან დაიწყო 1990-1993 წლებში.
1992 წლიდან ესპანეთის ეკონომიკა სტაგნაციის პერიოდში შევიდა. მთავრობის
ზომები ქვეყანაში იმედგაცრუებას იწვევდა, რამდენადაც ეკონომიკური გაჯანსაღება
ძირითადად ხელფასების გაყინვით და სოციალური შეღავათების შეკვეცით
ხორციელდებოდა. პროფკავშირთა მოწოდებებით, 1992 წლის 28 მაისს ახალი
საყოველთაო გაფიცვა მოხდა, რამაც გაამწვავა ისედაც რთული ურთიერთობები
აღმასრულებელ ხელისუფლებას და პროფკავშირებს შორის.
90-იანი წლების დასაწყისში გამოვლინდა კორუფციის, თანამდებობის ბოროტად
გამოყენების და სხვა ფაქტები სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობაში. პარტიის
ავტორიტეტი ეცემოდა. გაძლიერდა შიდაპარტიული ბრძოლა. სოციალისტების
დისკრედიტაციის კამპანიაში წამყვანი როლი ეკავა სახალხო პარტიას, თუმცა 1993 წლის
29 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში, მიუხედავად დაკარგული ხმების და
მომხრეებისა, სოციალისტურმა პარტიამ შეინარჩუნა წამყვანი პოლიტიკური პოზიცია
(159 ადგილი 350-დან) და ჩამოაყალიბა ე.წ. ,,უმცირესობის მთავრობა”.

31

You might also like