აგათა კრისტი - კოტეჯი ბულბული

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 19

აგათა კრისტი

კოტეჯი “ბულბული”

- ნახვამდის, ძვირფასო.

- ნახვამდის, საყვარელო.

პატარა, უხეშად შეკრულ კუტიკარს მიყრდნობილი ალიქს მარტინი თვალს არ


აცილებდა ქმარს, რომელიც სოფლის გზაზე მიაბიჯებდა.

აი, მოსახვევს მიაღწია და აღარა ჩანს. ალიქსი კი ისევ ისე იდგა და უგულისყუროდ
ისწორებდა ლამაზ წაბლისფერ თმას, წამდაუწუმ სახეზე რომ ეფინებოდა.

ფიქრიანი და მეოცნებე თვალები ჰქონდა.

ალიქს მარტინი არ იყო ბრწყინვალე სილამაზის პატრონი, ის კი არა, იმასაც ვერ


იტყოდით, სანდომიანიაო, მაგრამ სიყმაწვილეს კარგა ხანია გადაცილებულ ქალს სახეზე
ისეთი ბედნიერება და სინაზე ეხატებოდა, რომ ყოფილი თანამშრომლები ძნელად თუ
იცნობდნენ ადრინდელ ალიქს კინგს, ფაქიზ ქალიშვილს, მარჯვეს, საქმიანსა და ოდნავ
მკვახე ენის პატრონს.

სკოლა ძლივს დაამთავრა, ლუკმაპური უჭირდა. თხუთმეტი წელიწადი -


თვრამეტიდან ოცდაცამეტამდე - სტენოგრაფიით ირჩენდა თავს, ხოლო შვიდი წელიწადი
ამ თხუთმეტიდან ავადმყოფ დედასაც ინახავდა. არსებობისათვის ამ ბრძოლამ
ქალიშვილს სახის რბილი ნაკვთები გაუმკაცრა.

ალიქსი და დიკ ვინდიფორდი ერთად მუშაობდნენ. მათ შორის თითქოს რაღაც


სიყვარულის ძაფისდაგვარი გაიბა. როგორც ჭეშმარიტი ქალი, გრძნობდა რომ კაცს
მოსწონდა, თუმცა ამას არ იმჩნევდა. გარეგნულად მეგობრები იყვნენ და მეტი არაფერი.
თავისი მცირე ხელფასიდან დიკი გაჭირვებით ახერხებდა ფულის გადადებას, რომ
უმცროსი ძმის სწავლის ქირა გადაეხადა. იმ დროს ქორწინებაზე ფიქრიც არ შეეძლო.

სრულიად მოულოდნელად ალიქსი გათავისუფლდა ამ ყოველდღიური დამღლელი


სამუშაოსაგან. გარდაიცვალა მისი შორეული ნათესავი ქალი, რომელმაც მთელი ქონება -
წლიურად 200 გირვანქის მომცემი რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგი დაუტოვა.
ალიქსისათვის ეს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავდა. ახლა დიკსა და
ალიქსს შეეძლოთ დაქორწინებულიყვნენ.

ანაზდად დიკმა უცნაურად დაიჭირა თავი. ალიქსისთვის პირდაპირ არასოდეს


უთქვამს, მიყვარხარო, მაგრამ ახლა ამას თითქოს სულაც აღარ აპირებდა. ქალს
გაურბოდა, გულჩახვეული და პირქუში გახდა. ალიქსი მალე მიუხვდა: სიამაყე და
მეტისმეტი წესიერება ნებას არ აძლევდა სწორედ ახლა ეთხოვა, ცოლად გამომყევიო. ამის
გამო ალიქსს კიდევ უფრო მოეწონა დიკი და ფიქრიც კი დაიწყო, პირველი ნაბიჯი მე ხომ
არ გადავდგაო. სწორედ ამ დროს ცხოვრებაში მეორე მოულოდნელობა დაატყდა თავს.

მეგობარი ქალის ოჯახში ჯერალდ მარტინი გაიცნო. კაცს თავდავიწყებით შეუყვარდა


ალიქსი და ერთი კვირის თავზე ნიშნობაც გაიმართა. ალიქსი თავს ისეთ ქალად
მიიჩნევდა, რომელსაც „არავინ შეუყვარდებოდა”, მაგრამ ახლა სიყვარულმა მართლაც
რომ თავი დააკარგვინა.

უნებლიედ ალიქსმა დიკ ვინდიფორდის გრძნობა ისევ გააღვიძა. დიკი ქალთან მივიდა
და რისხვით ანთებულმა ენის ბორძიკით უთხრა:

- ვინ არის ეგ უცხო კაცი, მაგისი რა იცი!

- ის ვიცი, რომ მიყვარს.

- სულ ერთი კვირაა გაიცანი და ეგ როგორ შეიძლება იცოდე!

- ყველას კი არ სჭირდება თერთმეტი წელიწადი, რომ დარწმუნდეს, ქალიშვილი


მიყვარსო.

დიკი გაფითრდა.

- შეგხვდი თუ არა, მას აქეთ მიყვარხარ, მეგონა, შენც გიყვარდი,


- მეც აგრე მეგონა, - გამოუტყდა ალიქსი, - იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რა იყო
სიყვარული.

დიკი ეხვეწებოდა, ევედრებოდა, იმუქრებოდა კიდეც - მეტოქეს ემუქრებოდა. ალიქსი


გააოგნა გარეგნულად თავშეკავებულ კაცში დამალულ გრძნობათა აფეთქებამ. თურმე რა
ტყუილად ეგონა, რომ ამ კაცს კარგად იცნობდა.

და ახლა, ამ მზიან დილას, კუტიკარს მიყრდნობილმა ალიქსმა დაწვრილებით გაიხსენა


მათი იმდროინდელი საუბარი. უკვე ერთი თვე გავიდა, რაც გათხოვილი იყო და თავს
სავსებით ბედნიერად გრძნობდა. მაგრამ როცა ქმარი, რომელსაც ასე აღმერთებდა,
სახლიდან გავიდოდა, რაღაც გაურკვეველი შეშფოთება ეუფლებოდა. ამის მიზეზი დიკ
ვინდიფორდი იყო.

იმ ხნის მანძილზე, რაც გათხოვილი იყო, სამჯერ ნახა ერთი და იგივე სიზმარი: ვითომ
მის ქმარი მკვდარი იწვა და თავს დიკ ვინდიფორდი ედგა, თვითონ კი დანამდვილებით
იცოდა, რომ მის ქმარს საბედისწერო დარტყმა დიკმა მიაყენა. ყველაზე საზარელი კი ის
იყო, რომ ქმრის სიკვდილი უხაროდა მადლიერების გრძნობით აღვსილი უწვდიდა ხელს
მკვლელს. სიზმარი ყოველთვის ერთნაირად მთავრდებოდა: დიკი გულში იკრავდა.

ეს სიზმარი ქმრისთვის არ უამბნია, მაგრამ იმაზე მეტად აღელვებდა, ვიდრე უნდოდა.


რა იყო ეს - გაფრთხილება? დიკ ვინდიფორდს უნდა ერიდოს?

სახლიდან ტელეფონის მკვეთრი წკრიალი მოესმა, ფიქრი გაუწყდა, შინ შევიდა და


ყურმილი აიღო.

- რა თქვით? ვინ ლაპარაკობს?

- ალიქს, რა მოგივიდა? ხმაზე ვეღარ გიცანი. მე ვარ, დიკი.

- ო... საიდან რეკავ?

- სასტუმრო „მოგზაურის გერბის“ ბარიდან. მგონი, ასე უნდა ერქვას? იქნებ არც იცი,
რომ ასეთი ბარი არსებობს? მარტო დასვენების დღეს დავრჩები აქ - ცოტას ვითევზავებ.
წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ ამ საღამოს მოგინახულოთ?

- არა,- მკვახედ უპასუხა ალიქსმა, - არ მოხვიდე.

სიჩუმე ჩამოვარდა, მერე დიკმა ისევ დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ხმა შეცვლილი ჰქონდა.

- მაპატიე, - თქვა ცივად, - რა თქმა უნდა, მეტს აღარ შეგაწუხებ...

ალიქსმა სწრაფად გააწყვეტინა სიტყვა. ეტყობა, დიკს მისი საქციელი მეტისმეტად


უჩვეულო ეჩვენა, მართლაც უჩვეულო იყო, ნერვები ჰქონდა აშლილი.

- იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ... ამ საღამოს არ გვცალია… - ალიქსი ცდილობდა


ბუნებრივად ელაპარაკა, - ხვალ საღამოს მოდი ვახშმად.

მაგრამ დიკმა მის ხმაში აშკარად შენიშნა სიყალბე.


- დიდი მადლობა, - უპასუხა ისევ ისე ცივად, - მაგრამ ალბათ აქ აღარ დავრჩები, თუ
ჩემი ამხანაგი არ ჩამოვიდა. ნახვამდის, ალიქს, - და სხაპასხუპით, სულ სხვა კილოზე
დაუმატა, - ბედნიერებას გისურვებ, ძვირფასო.

ალიქსმა ყურმილი დადო და შვებით ამოისუნთქა, „ის აქ არ უნდა მოვიდეს, არ უნდა


მოვიდეს!“ - აჯერებდა თავის თავს. - „რა ჩერჩეტი ვარ! ნუთუ მინდა, რომ მოვიდეს? არა,
ძალიან კარგი, რომ არ მოვა!“

მაგიდიდან ჩალის სადა ქუდი აიღო და ისევ ბაღში გავიდა, გზად ცოტა ხნით შეჩერდა,
რომ სახლის შესასვლელს ზემოთ გაკეთებული წარწერისთვის - „კოტეჯი „ბულბული“ -
შეევლო თვალი.

- რა უცნაური სახელია არა? - უთხრა ერთხელ ჯერალდს ჯერ კიდევ დაქორწინებამდე.

- ჩემო კარგო, - სიყვარულით უპასუხა კაცმა. - დარწმუნებული ვარ, ბულბულისათვის


ყურიც არ მოგიკრავს და ეს ძალიან მიხარია. ბულბულმა მხოლოდ შეყვარებულს უნდა
უგალობოს. საღამოობით ერთად მოვუსმენთ ხოლმე ჩვენს საყვარელ სახლთან მოგალობე
ბულბულებს.

თავისი სახლის კართან მდგომ ალიქსს გაახსენდა, როგორ უსმენდნენ ბულბულს და


ბედნიერებისაგან სახე შეეფაკლა.

კოტეჯი „ბულბული“ ჯერალდმა მოძებნა. ერთხელ ალიქსთან მივიდა და


მღელვარებით გამოუცხადა, სწორედ ის ვიპოვე, რაც გვინდა, არაჩვეულებრივი სახლია,
მარგალიტივითაა, ისეთი შანსი გაგვიჩნდა, სიცოცხლეში კაცს ერთხელ რომ შეიძლება
წილად ხვდესო. ალიქსმა სახლი ნახა და მაშინვე მოიხიბლა. მართალია, ადგილი, სადაც
სახლი იდგა, საკმაოდ უკაცრიელი იყო, უახლოეს სოფლამდე ორი მილი იქნებოდა,
მაგრამ თვითონ სახლი, ძველებური ნაგებობა ძალიან მოხერხებული სააბაზანოებით,
ცხელი წყლით, ელექტრონით და ტელეფონით ისე მომხიბლავი იყო, ისე მოსაწონად
გამოიყურებოდა, რომ სხვა სახლზე ფიქრიც აღარ შეეძლო. მაგრამ ერთი დაბრკოლება
გაჩნდა: პატრონი თანახმა იყო სახლი გაეყიდა, მაგრამ გაქირავების გაგონებაც არ
უნდოდა.

ჯერალდ მარტინს, მართალია, კარგი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ თავისი ძირითადი


კაპიტალის გამოყენება არ შეეძლო. ყველაზე დიდი თანხა, რომელსაც ნაღდ ანგარიშზე
მიიღებდა, ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. სახლის პატრონი სამი ათასს ითხოვდა.
ალიქსს სახლი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა ჯერალდს დახმარებოდა, მისი კაპიტალის
რეალიზაცია ადვილი იყო, ჩეკის წარდგენა კმაროდა. სახლის საყიდლად ალიქსს მთელი
თავისი ფულის ნახევარი უნდა გაეღო.

ასე გახდა კოტეჯი „ბულბული“ მათი სახლი და მას მერე ალიქსის გულში სინანული
ერთხელაც არ გამკრთალა. მართალია, მსახურებს არ მოსწონდათ, რომ სახლი
განმარტოებული იყო და ახლა არც ერთი მსახური არ ჰყავდათ, მაგრამ ალიქსს საოჯახო
საქმე სწყუროდა. ჭეშმარიტ კმაყოფილებას ჰგვრიდა გემრიელი კერძების გაკეთება და
მეურნეობის გაძღოლა. ბაღს, რომელშიც მრავლად იყო საუცხოო ყვავილები, მოხუცი
მებაღე უვლიდა. ის სოფელში ცხოვრობდა და კოტეჯ „ბულბულში“ კვირაში ორჯერ
მოდიოდა.
ალიქსი სახლის კუთხეს გასცდა და მაშინვე დაინახა მებაღე, რომელიც ყვავილებთან
ფუსფუსებდა. ქალს გაუკვირდა, მოხუცი ბაღში ორშაბათობით და პარასკევობით
მუშაობდა, დღეს კი ოთხშაბათი იყო.

- ჯორჯ, აქ რას აკეთებთ? - ჰკითხა ქალმა.

მოხუცი, წელში გაიმართა, ძველი კეპი გაისწორა და ჩაიქირქილა:

- აგრეც ვიცოდი, რომ გაგიკვირდებოდათ, მემ. პარასკევს ჩვენი სკვაირი დღეობას


მართავს, ჰოდა, ჩემთვისა ვთქვი: მისტერ მარტინსა და მის კეთილ მეუღლეს არაფერი
ექნებათ საწინააღმდეგო თუ ერთხელ ოთხშაბათს მივალ პარასკევის მაგივრად-მეთქი.

- რა თქმა უნდა, არაფერი, - უთხრა ალიქსმა, - იმედი მაქვს, კარგად მოილხენთ.

- ალბათ აგრეც იქნება, - უბრალოდ თქვა ჯორჯმა, - კარგია გემოზე სმა-ჭამა, როცა შენი
გადასახდელი არ არის. ჩვენი სკვაირი ყოველთვის გულიანად მასპინძლობს თავის
არენდატორებს. კიდევ ის მინდა გითხრათ, ქალბატონო, რომ თქვენს გამგზავრებამდე
ალბათ ვეღარ გნახავთ და რაიმეს ხომ არ დამავალებთ გასაკეთებლად, თქვენ რომ აქ არ
იქნებით? ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მემ, როდის დაბრუნდებით?

- ვინ გითხრათ, რომ მივემგზავრები? არსადაც არ ვაპირებ წასვლას.

- განა ხვალ ლონდონს არ მიდიხართ? - გაიოცა ჯორჯმა.

- ეგ რამ გაფიქრებინათ?

ჯორჯმა მხრები აიჩეჩა:

- გუშინ თქვენს მეუღლეს შევხვდი სოფელში, მითხრა, რომ ხვალ ერთად


მიემგზავრებით ლონდონს და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, როდის დაბრუნდებით.

- რა სისულელეა! - გაიცინა ალიქსმა, - ალბათ რაღაც ვერ გაიგეთ.

ქალმა მაინც გაიფიქრა, ნეტავ, ჯერალდმა სინამდვილეში რა უთხრაო, ლონდონს


მივემგზავრებითო? ალიქსს ლონდონის ხსენებაც აღარ უნდოდა.

- მძულს ლონდონი! - ანაზდად აღმოხდა ქალს.

- ა-ა, - მშვიდად თქვა ჯორჯმა. - ალბათ მართლაც რიგიანად ვერ გავიგე რაღაც... მაგრამ
გარკვევით მითხრა, მივდივართო. მიხარია, რომ რჩებით. არ მიყვარს, როცა აღმა-დაღმა
დადიან, ლონდონისკენ კი სულ არ მიმიწევს გული. იქ რა მესაქმება, ავტომობილებით
არის სავსე! კაცი კი, თუ მანქანა იყიდა, ერთ ადგილას ვეღარ გაჩერდება. აი თუნდაც
მისტერ ეიმზი ვთქვათ, ამ სახლის ყოფილი პატრონი, მშვენიერი კაცი იყო, დინჯი,
ნამდვილი ჯენტლმენი, სანამ მანქანას იყიდდა. ერთი თვეც არ გასულა, სახლი მიაყიდა.
ამ სახლს გვარიანი თანხა დაახარჯა - თითოეულ საძინებელში ონკანი დააყენა,
ელექტრონი გაიყვანა და კიდევ რა არა. „მაგ ფულმა ჭირი მოგჭამათ-მეთქი“, ვუთხარი.
„სამაგიეროდ სახლში ორი ათასს დამიყაჭავენო“ - მიპასუხა. ასეც მოხდა.
- სამი ათასი აიღო, - გაუსწორა ალიქსმა და გაიღიმა.

- ორი ათასი, - გაიმეორა ჯორჯმა. - მაშინ ყველას ეს თანხა ეკერა პირზე.

- არა-მეთქი, სამი ათასი გამოგვართვა, - დაბეჯითებით უთხრა ალიქსმა.

- ქალებს ციფრებისა არაფერი გაგეგებათ, - თავისას არ იშლიდა ჯორჯი, - ახლა არ


დამიწყოთ მტკიცება, მისტერ ეიმზს თავხედობა ეყო და სამი ათასი მოგვთხოვაო,

- მე არ მომლაპარაკებია, ჩემს ქმარს გაურიგდა.

ჯორჯი ისევ ყვავილების ბუჩქს მიუბრუნდა და ჯიუტად გაიმეორა:

- ფასი ორი ათასი იყო.

ალიქსი აღარ შეედავა, მოშორებით ერთ-ერთ ბუჩქს მიადგა და ყვავილები დაკრიფა.


სურნელოვანი თაიგულით ხელდამშვენებული შინ რომ ბრუნდებოდა, უცებ ფოთლებში
მწვანედ მბზინვარე რაღაც პატარა ნივთს მოჰკრა თვალი და აიღო. მისი ქმრის უბის
წიგნაკი აღმოჩნდა. გადაფურცლა და დაინტერესებულმა ჩანაწერები ჩაიკითხა.

ერთად ცხოვრება დაიწყეს თუ არა, ალიქსმა შეამჩნია, რომ ბუნებით ემოციური და


იმპულსური ჯერალდი არაჩვეულებრივი აკურატულობითა და მეთოდურობით
გამოირჩეოდა. დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ ზუსტად ერთსა და იმავე დროს
დამსხდარიყვნენ საჭმელად, მომდევნო დღის საქმეს ყოველთვის აკურატულად გეგმავდა.

წიგნაკს რომ ათვალიერებდა, ერთმა ჩანაწერმა ძალიან გაამხიარულა, იგი თოთხმეტი


მაისით იყო დათარიღებული და იუწყებოდა: „შევირთავ ალიქსს, წმ. პეტრეს ტაძარი, 2.
30“.

„ჩურჩუტი“, - გაეღიმა ალიქსს, - წიგნაკი გადაფურცლა და ამოიკითხა: „ოთხშაბათი, 18


ივნისი“. ეს ხომ დღევანდელი დღეა! ჯერალდის აკურატული, მკაფიო ხელით
გამოყვანილი იყო „საღამოს 9 ს.“ მეტი არაფერი. „ნეტავი, რას აპირებს საღამოს 9 საათზე?“
- გაუკვირდა ალიქსს და გაეღიმა, რადგან გაიფიქრა: ჯერალდს რამე სასიყვარულო
ხლართები რომ ჰქონდეს გაბმული, ეს უბის წიგნაკი ყველაფერს მიამბობდაო; შიგ
აუცილებლად ეწერებოდა იმ ქალის სახელიო. ალიქსმა უწადინოდ ჩაათვალიერა ბოლო
ფურცლები, სადაც რაღაც თარიღები, გაუგებარი საქმიანი ჩანაწერები და ქალის
ერთადერთი სახელი - მისი სახელი - ეწერა. წიგნაკი ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა,
იგრძნო, რომ რაღაცნაირად შეშფოთებამ მოიცვა. უცებ ცხადლივ ჩაესმა დიკის სიტყვები:
„ვინ არის ეგ უცხო კაცი? მაგისი რა იცი!“

მართლაც, რა იცის? ჯერალდი ორმოცი წლისაა, რა თქმა უნდა, სხვა ქალები


ეყოლებოდა... ამაზე ფიქრი არ უნდოდა. ახლა სხვა საშური საქმე ჰქონდა, უამბოს ქმარს,
რომ დიკ ვინდიფორდმა დაურეკა? ადვილი შესაძლებელია, ჯერალდი და დიკი სოფელში
ერთმანეთს შეხვდნენ. მაშინ, შინ რომ დაბრუნდება, ამას აუცილებლად ეტყვის და საქმეც
თავისთავად მოგვარდება, ანდა... ალიქსი მიხვდა, რომ იოტისოდენი სურვილიც არ
ჰქონდა, ქმრისთვის რამე ეამბნა; რომ უთხრას, მაშინ ჯერალდი აუცილებლად
მოინდომებს დიკის დაპატიჟებას. ალიქსი იძულებული გახდება აუხსნას, რომ დიკს
თვითონ უნდოდა სტუმრად მისვლა, მაგრამ ალიქსმა რაღაც მოიმიზეზა და უარი უთხრა.
როცა ჯერალდი ჰკითხავს, ეგ რატომ ჰქენიო, რა უნდა უპასუხოს? თავის უცნაურ სიზმარს
ხომ ვერ მოუყვება? მაგრამ ჯერალდი ალბათ გაიცინებს ან, რაც ყველაზე უარესია,
შეიძლება გაიფიქროს, რომ ალიქსი ამ ვიზიტს რაღაცნაირ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა
მისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

ესირცხვილებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, ქმარს არაფერს ვეტყვიო.

გუნება აემღვრა, ეს პირველი რამ იყო, რაც ქმარს დაუმალა.

ვახშმობას ბევრი აღარაფერი აკლდა, ჯერალდი რომ დაბრუნდა. ალიქსმა


სამზარეულოს მიაშურა, უხერხულობას გრძნობდა და ეს რომ დაემალა, თავი ისე
დაიჭირა, თითქოს ბევრი საქმე ჰქონდა.

ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ჯერალდი დიკს არ შეხვედრია. ალიქსს გულსაც მოეშვა
და დაიბნა კიდეც - ქმრისთვის ადრე არაფერი დაუმალავს. უბრალო ვახშმის შემდეგ,
ორივენი დასხდნენ მუხით გაწყობილ სასადილოში, რომლის ღია ფანჯრებიდანაც ღამის
სურნელოვანი ჰაერი შემოდიოდა. უცებ ალიქსს უბის წიგნაკი გაახსენდა.

- აი, თურმე რას უსხამდი დღეს ყვავილებს, - თქვა მან და წიგნაკი მუხლებზე დაუდო
ქმარს.

- ალბათ სადმე ამომივარდა ბაღში.

- ჰო. ახლა ყველა შენი საიდუმლო ვიცი.

- მართალი კაცი ვარ, - თავი გადააქნია ჯერალდმა.

- დღეს საღამოს ცხრა საათზე რა სასიყვარულო პაემანი გაქვს დათქმული?

- ოჰ, ესა... - პირველ წამს გაოგნებული ჩანდა, მაგრა მყისვე მხიარულად გაიღიმა,
თითქოს სასაცილო რაღაც გაახსენდაო, - ეს სასიყვარულო პაემანი ძალიან ლამაზ
ქალიშვილთან მაქვს დანიშნული, ალიქს, წაბლისფერთმიან და ცისფერთვალებიანთან,
შენ ძალიან ჩამოგგავს.

- ვერ გავიგე, - ვითომ სერიოზულად თქვა ალიქსმა, - პასუხს თავს ნუ არიდებ!

- არა, კაცმა რომ თქვას, ეს იმიტომ ჩავიწერე, რომ დღეს რამდენიმე ნეგატივი
გავამჟღავნო. მინდა შენც მომეხმარო.

ჯერალდ მარტინი ფოტოგრაფიის ტრფიალი იყო, აპარატებიც ჰქონდა, მართალია,


მოძველებული მოდელის, მაგრამ საუცხოო ლინზებით. ფირფიტებს
ფოტოლაბორატორიად გადაკეთებულ სარდაფში ამჟღავნებდა.

- მაინცდამაინც ცხრა საათზე უნდა გაამჟღავნო? - გამოაჯავრა ალიქსმა.

- ჩემო გოგონი, - კაცს ხმაში ბრაზი შეეპარა - ყველაფერი ყოველთვის ზედმიწევნით


უნდა დაგეგმო. მაშინ საქმესაც ისე გააკეთებ, როგორც წესი და რიგია.
ერთ ხანს ალიქსი ჩუმად იჯდა და ქმარს უთვალთვალებდა. კაცს სკამის
საზურგესთვის მიეყრდნო თავი და თუთუნს აბოლებდა, მისი სახის მკვეთრი ნაკვთები
მკაფიოდ იხატებოდა.

ანაზდად ქალი გაურკვეველმა შიშმა შეიპყრო, თავს ვეღარ მოერია და წამოიყვირა:

- ოჰ, ჯერალდ, როგორ მინდა შენი ამბავი დაწვრილებით ვიცოდე.

კაცმა გაკვირვებული მზერა მიაპყრო.

- ალიქს, ძვირფასო, ჩემი ამბავი შენ ბოლომდე იცი. გიამბე, როგორ გავატარე ბავშვობა
ნორთუმბერლენდში, როგორ ვცხოვრობდი სამხრეთ აფრიკაში; ისიც, რომ ათი წელიწადი
კანადაში დავყავი, სადაც ბედმა გამიღიმა და გავმდიდრდი.

- ეგ რაც შეეხება საქმეს! - გაეცინა ალიქსს.

- აჰა, ვიცი, რაც გინდა შეიტყო! - უეცრად გაიცინა ჯერალდმა, - ქალები სულ
ერთნაირები ხართ, პირადი ცხოვრების მეტი არაფერი გაინტერესებთ.

ალიქსმა იგრძნო, რომ სუნთქვა შეეკრა და გაურკვევლად წაიბუტბუტა:

- კი, მაგრამ... სხვა ქალებიც ხომ გყავდა? მინდა გითხრა... მე რომ ეგ ვიცოდე…

ქალი გაჩუმდა. ჯერალდმა წარბი შეიკრა; ისევ რომ დაიწყო ლაპარაკი, ხმაში
გულკეთილობის ნატამალიც აღარ ერია.

- გჯერა, ალიქს, რომ... „ლურჯწვერას ოთახი“ არსებობს? ჩემს ცხოვრებაში ორი ქალი
იყო; ამას არ უარვყოფ, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ არც ერთი მათგანი ჩემთვის იმას
არ ნიშნავდა, რაც შენა ხარ.

სიწრფელემ, მის ხმაში რომ გაისმა, ალიქსი დაამშვიდა.

- დაკმაყოფილდი? - გაუღიმა ქმარმა, მზერაში ცნობისმოყვარეობა გაუკრთა, - რამ


გათქმევინა ყველაფერი ეგ მაინცდამაინც დღეს?

- თვითონაც არ ციცი, მთელი დღე აღერღილი ვარ.

- საკვირველია, - ისე ხმადაბლა ჩაიბუტბუტა ჯერალდმა, თითქოს თავისთვის


ლაპარაკობდა, - ძალიან საკვირველია, - გაიმეორა მან.

- რატომ არის საკვირველი?

- ჩემო გოგონი, აგრე ნუ მიყურებ, საკვირველი იმიტომ არის, რომ ჩვეულებრივ მშვიდი
და ალერსიანი ხარ.

ქალმა ძლივძლივობით გაუღიმა.


- თითქოს განგებო, დღეს ყველაფერი მაღიზიანებს, - გამოუტყდა ალიქსი, - მოხუცმა
ჯორჯმა აიხირა, ლონდონში აპირებ წასვლასო. ასე თქვა, ჯერალდმა მითხრაო.

- სად ნახე? - მკვახედ გაისმა ჯერალდის ხმა.

- პარასკევის სანაცვლოდ დღეს მოვიდა სამუშაოდ,

- წყეული, გამოყეყეჩებული ბერიკაცი! - გაჯავრდა ჯერალდი.

გაოცებულმა ალიქსმა დაინახა, რომ კაცს სახე მოექცა. ასე გაავებული არასოდეს
უნახავს, იმისი გაოცება რომ შენიშნა, ჯერალდი შეეცადა თავს მორეოდა.

- მართლა გამოყეყეჩებულია ეგ ბერიკაცი, - გაიმეორა მან.

- ისეთი რა უთხარი, რომ ღმერთმა არ იცის, რა მოეჩვენა?

- მე? არაფერიც არ მითქვამს, ყოველ შემთხვევაში… ა-ა, გამახსენდა, ისე, გაკვრით


ვეხუმრე, ლონდონს მივემგზავრებითო, იმას კი მართალი ჰგონებია, ან იქნებ კარგად ვერ
გაიგონა, რა თქმა უნდა, ყველაფერს აუხსნიდი?

- ჰო, მაგრამ ისეთი ჯურის მოხუცია, თუ რამე აიხირა, ვერაფრით გადაათქმევინებ.

ალიქსმა უამბო, რა დაჟინებით არწმუნებდა ჯორჯი, კოტეჯში მხოლოდ ორი ათასია


გადახდილიო.

ჯერალდი ერთხანს დუმდა, მერე დინჯად თქვა:

- ეიმზს ორი ათასი ნაღდ ანგარიშზე უნდოდა მიეღო, დარჩენილი ათასი კი -


საგირავნო ქაღალდით. აი, რას შეუცდენია მოხუცი.

- მადლობა ღმერთს, ყველაფერი გაირკვა, - თქვა ალიქსმა, - კედლის საათს გახედა და


ქმარს ეშმაკურად ანიშნა, - ახლა საქმეს მივხედოთ, უკვე ხუთი წუთი დაგვაგვიანდა,

ჯერალდს სახეზე უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა.

- გადავიფიქრე, - თქვა მშვიდად, - დღეს ფოტოგრაფიას თავი დავანებოთ.

ქალისას ვერაფერს გაიგებ, დასაძინებლად რომ მიდიოდნენ, ალიქსი აღარ ღელავდა,


სავსებით დამშვიდებული იყო, მისმა შეურყვნელმა ბუნებამ ისევ გადაიყარა ღრუბელი
და ისევ ისე კამკამა იყო, როგორც უწინ. მაგრამ მეორე დღეს, საღამოს, მიხვდა, რომ
ბედნიერების ამ გრძნობას რაღაც უშხამავდა, დიკ ვინდიფორდს აღარ დაურეკია, მაგრამ
ქალს ეგონა, რომ სწორედ ის იყო მისი ბუნდოვანი შეშფოთების მიზეზი. ისევ და ისევ
ახსენდებოდა მისი სიტყვები, ვინ არის ეგ უცხო კაცი? მაგისი რა იციო? და გონებაში
მაშინვე ქმრის სახე და მისი ნათქვამი წამოუტივტივდებოდა, „გჯერა, ალიქს, რომ...
„ლურჯწვერას ოთახი“ არსებობს?“ რატომ უთხრა ეს? ისეთი ხმით თქვა, თითქოს
აფრთხილებდა, თითქოს ემუქრებოდა: გიჯობს, ჩემს ცხოვრებაში ცხვირი არ ჩაჰყოო?
პარასკევს, დილით, ალიქსი დარწმუნებული იყო, რომ ჯერალდს ჰყავდა სხვა ქალი,
რომელსაც გულმოდგინედ უმალავდა.

ნელ-ნელა გაღვივებულმა ეჭვმა მთლიანად შეიპყრო. პაემანი ჯერალდს ცხრა


საათისთვის ჰქონდა დანიშნული! ნეგატივების გამჟღავნების ამბავი ალბათ
სახელდახელოდ მოიფიქრა.

სულ სამიოდე დღის წინათ შეეძლო ფიცი დაედო, რომ თხემიდან ტერფამდე იცნობდა
თავის ქმარს, ახლა კი უცხო კაცად ეჩვენებოდა. გაიხსენა, რა უმიზეზოდ გაბოროტდა
მოხუცი ჯორჯის ხსენებისას: სულ აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ დინჯ ჯერალდს. ეს ერთი
შეხედვით წვრილმანი რამ იყო, მაგრამ თვალი კი აუხილა: მართლაც, გაგებას არ არის, რა
კაცია მისი ქმარი.

პარასკევს ქალი სოფელში უნდა წასულიყო რაღაც-რაღაცების საყიდლად. ეს ჯერალდს


უთხრა და შესთავაზა, შენ ბაღში დამიცადეო. კაცმა შორს დაიჭირა, სოფელში თავად
წავალ, შენ კი შინ დარჩიო. ქალს ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, იძულებული გახდა დაეთმო,
მაგრამ ასეთმა დაძალებამ გააოცა და შეაფიქრიანა, მაინც რატომ არ უნდა სოფელში
წავიდეო?

უეცრად გონება გაუნათდა: ხომ შეიძლება ჯერალდი დიკ ვინდიფორდს შეხვედროდა


და ჩემთვის არაფერი ეთქვა. ჩემი ეჭვებიც, აქამდე მიძინებული რომ იყო, ხომ ახლა
გაღვივდა? ჯერალდსაც ასე რომ მოსვლოდა? განა არ ინდომებდა, რომ დიკ ვინდიფორდს
აღარ შევხვედროდი? ალიქსს ეს ვარაუდი ისე სარწმუნო ეჩვენა, რომ დამშვიდდა.

მაგრამ ცოტა ხნის მერე ისევ იგრძნო ბუნდოვანი შეშფოთება, ბოლოს სინდისი იმით
დაიმშვიდა, რომ ჯერალდის ოთახი დასალაგებელი ჰქონდა და ქმრის ოთახში ავიდა. თან
ჩვარი გაიყოლა თითქოს მართლა დალაგებას აპირებდა.

„უნდა დავრწმუნდე, უნდა ვიცოდე“, - იმეორებდა. თავისთვის.

ტყუილად აჯერებდა თავს რამე მაკომპრომეტირებელი რომც ჰქონოდა, ჯერალდი


დიდი ხნის წინათ გაანადგურებდა. სხვა ხმა ჩასძახოდა, ზოგჯერ: კაცები მეტისმეტი
სენტიმენტალურობის გამო მათ გასამტყუნარ სამხილებსაც ინახავენო. ბოლოს სულმა
წასძლია, სირცხვილისაგან სახეალეწილმა და მღელვარებისგან სუნთქვაშეკრულმა
წერილების და საბუთების დასტა გადაათვალიერა, კოსტიუმის ყველა ჯიბე მოჩხრიკა.

ორ ადგილს კი - კომოდის ქვედა და საწერი მაგიდის მარჯვენა უჯრას - ვერ მიუდგა.


ალიქსს სირცხვილის გრძნობა აღარ აწუხებდა, დარწმუნებული იყო, ერთ-ერთ მათგანში
სამხილს იპოვნიდა იმ ქალის შესახებ, რომელიც ჯერალდს ადრე ჰყავდა და რომელიც
ახლა მთლად დაეუფლა მის გონებას. გაახსენდა, რომ ჯერალდმა თავისი გასაღებები
ქვემოთ, ბუფეტზე დატოვა, ამოიტანა და გასაღებების შერჩევა დაიწყო, მესამე გასაღები
საწერი მაგიდის უჯრას მოერგო. სული წაუვიდა, სანამ გააღებდა. უჯრაში ბანკნოტებით
გატენილი საფულე იდო, უჯრის უკანა კედელთან - თასმით შეკრული წერილების დასტა.
მღელვარებისაგან გულამოვარდნილმა დასტა გახსნა, სახეზე სირცხვილის ალი მოედო.
წერილები უკანვე ჩაყარა და უჯრა ჩაკეტა. მისი წერილები იყო, გათხოვებამდე
ჯერალდისათვის მიწერილი.
ახლა კომოდს მიადგა, უფრო. იმიტომ, რომ ეჭვი არ დარჩენოდა: ყველაფერი ვიღონე,
რაც შემეძლოო. აღარ ელოდა იმის ნახვას რასაც ეძებდა.

ჯინზე არც ერთი გასაღები არ მიუდგა, მარცხს არ შეურიგდა, მეორე ოთახში გავიდა და
გასაღებების სხვა აცმა მოიტანა. ბოლოს და ბოლოს ძველი გარდერობის გასაღებით გააღო
უჯრა, გამოსწია, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვა დროჟამით გადაყვითლებული და მტვერით
დაფარული გაზეთების ამონაჭრების შეკვრის გარდა.

ალიქსმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ ცნობისწადილს ვერ მოერია: რაა ამ ამონაჭრებში


საინტერესო, რომ ჯერალდი ამ შეკვრას ინახავსო. თითქმის ყველა რამდენიმე წლის
წინანდელი ამერიკული გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიები აღმოჩნდა. მათში აღწერილი
იყო თაღლითი და მრავალცოლიანი ჩარლზ ლემეტრის სასამართლო პროცესი. ეჭვი
ჰქონდათ, რომ ლემეტრი კლავდა ქალებს, რომლებსაც ცოლად ირთავდა. იმ სახლის
იატაკქვეშ, რომელიც ლემეტრს არენდით ჰქონდა აღებული, ქალის ჩონჩხი იპოვეს, გარდა
ამისა, იმ ქალთა დიდი უმრავლესობის ამბავი რომლებიც მან „შეირთო“, შემდგომში
ყურმოკრულადაც არავინ იცოდა.

ლემეტრმა ამშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატის დახმარებით ბრწყინვალედ დაიცვა


თავი წამოყენებული ბრალდებებისაგან.

შოტლანდიაში ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევაში ასე ჟღერს:


„დანაშაული არ დამტკიცდა“. სწორედ ამ მიზეზით ლემეტრი უდანაშაულოდ ცნეს
მთავარ ბრალდებაში, თუმცა სხვა დანაშაულთა გამო ციხე მაინც მიუსაჯეს.

ალიქსმა გაიხსენა, რომ იმ პროცესმა ყველა ააფორიაქა. მერე კი, სამი წლის შემდეგ,
ლემეტრი ციხიდან გაიქცა. ვერ დაიჭირეს. ამ კაცის პიროვნებისა და ქალებზე მისი
უჩვეულო ზეგავლენის შესახებ ინგლისური გაზეთების ფურცლებზე კიდევ დიდხანს
მსჯელობდნენ. იქვე აღწერდნენ, რა ანთებული იყო იგი პროცესის მიმდინარეობის დროს,
მოყვანილი იყო მისი მგზნებარე პროტესტები; წერდნენ, რომ გულით ავადმყოფი იყო და
ზოგჯერ სულ ძალაგამოცლილი ჩანდა, მაგრამ უბირი ადამიანები ფიქრობდნენ, ეს
მხოლოდ მარჯვე ფანდიაო.

ერთ ამონაჭერში ფოტოსურათიც იყო. ალიქსი ერთგვარი ინტერესით დააცქერდა


გრძელწვერა, სწავლულის მსგავს ჯენტლმენს. ვის აგონებს? ანაზდად ელდა ეცა, მიხვდა,
რომ ეს კაცი ჯერალდი იყო. ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცის თვალები და წარბები
ძალიან ჰგავდა ჯერალდის თვალ-წარბს. ქალმა ფოტოსურათის წარწერა წაიკითხა და
მოეჩვენა, რომ იქ მოხსენიებული ზოგიერთი თარიღი ჯერალდის უბის წიგნაკშიც ნახა. ის
თარიღები იყო, როცა მან თავის მსხვერპლებს ბოლო მოუღო.

ერთმა მოწმე ქალმა დაბეჯითებით დაადო ხელი პატიმარს, მარცხენა ხელის მტევანზე,
ხელისგულის ოდნავ ქვემოთ მისი პატარა ხალი ამოიცნო.

ალიქსს ქაღალდები დაუცვივდა, შეტორტმანდა. მის ქმარს მარცხენა ხელზე, სწორედ


ხელისგულს ქვემოთ, პატარა ნაიარევი ჰქონდა...

თვალები აუჭრელდა. მოგვიანებით ვერ აეხსნა, რატომ დაიჯერა მაშინვე, რომ ჯერალდ
მარტინი ჩარლზ ლემეტრი იყო. ადრევე იცოდა ეს და მაშინვე იმიტომ დაიჯერა!
ცალკეული ეპიზოდები ნახატი თავსატეხის შემადგენელი ნაწილებივით
წამოუტივტივდა მეხსიერებაში: სახლში გადახდილი ფული - მისი ფული; ობლიგაციები,
ქმარს რომ ანდო; მის სიზმარსაც კი აზრი მიეცა, ქვეშეცნეულად ჯერალდ მარტინისა
ყოველთვის ეშინოდა და უნდოდა თავიდან მოეცილებინა. შველასაც ასევე
ქვეშეცნეულად მოელოდა დიკ ვინდიფორდისაგან. სწორედ ამით აიხსნებოდა, რომ ასე
იოლად, უყოყმანოდ დაიჯერა სიმართლე. ახლა თვითონ უნდა გამხდარიყო ლემეტრის
მორიგი მსხვერპლი, იქნებ ეს ძალიან მალეც მომხდარიყო…

ალიქსმა წამოიკივლა, გაახსენდა უბის წიგნაკში ჩაწერილი „ოთხშაბათი, საღამოს 9 ს.“


სარდაფი, რომლის კედლიდანაც სულ ადვილი იყო ქვის გამოღება! ყველაფერი
ოთხშაბათი საღამოსთგის იყო დაგეგმილი. თავის მეთოდურობას არ უღალატა და ეს
უბის წიგნაკში ჩაიწერა - უფრო დიდი სიგიჟე გაიგონილა?! არა, ეს ლოგიკური იყო.
ჯერალდი ყველაფერს ინიშნავდა, როცა რამეს დაგეგმავდა. მკვლელობა მისთვის ისეთივე
ბიზნესი იყო, როგორიც ნებისმიერი სხვა საქმე.

მაინც რამ იხსნა ალიქსი? საერთოდ რას შეეძლო იგი გადაერჩინა? ბოლო წუთს
შეიბრალა? არა! უცებ მიხვდა: მოხუცმა ჯორჯმა. ახლა გასაგები იყო, რამ განარისხა ქმარი,
მისი თავშეუკავებლობა. უთუოდ ნიადაგს ამზადებდა, როცა ეუბნებოდა ყველას, ვისაც კი
შეხვდებოდა, რომ მეორე დღეს ლონდონს მიემგზავრებოდნენ. მერე ჯორჯი
მოულოდნელად მოვიდა სამუშაოდ ოთხშაბათს, ეს ლაპარაკი ახსენა, ალიქსმა კი
უპასუხა, რომ ლონდონში წასვლას არ აპირებდა. ძალიან სარისკო იყო იმ საღამოს
ალიქსის მოკვლა - ჯორჯს მისი ნათქვამი შეიძლება დამახსოვრებოდა. ბეწვზე გადაურჩა
სიკვდილს! ის უმნიშვნელო საუბარი რომ არ ეხსენებინა... ალიქსს გააჟრჟოლა.

წუთის დაკარგვაც აღარ შეიძლებოდა. ჯერალდის მოსვლამდე უნდა გასცლოდა


აქაურობას, გაქცეულიყო.

ალიქსმა საჩქაროდ დადო შეკვრა თავის ადგილას და უჯრა ჩაკეტა.

ანაზდად ადგილს მიაცივდა. კუტიკარის ჭრიალი მოესმა. ჯერალდი დაბრუნდა. წამით


ალიქსი გაშეშდა, მერე ფეხის წვერებზე შედგა, ფანჯარასთან მივიდა, ფარდიდან
ფრთხილად გაიხედა.

დიახ, ჯერალდი იყო, რაღაცას უღიმოდა და რომელიღაც სიმღერას ღიღინებდა.


ალიქსს სული კინაღამ გაეპარა, როცა დაინახა, რომ ქმარს ახალთახალი ბარი მოჰქონდა.

ქალმა მაშინვე იაზრა, რომ ყველაფერი ამაღამ უნდა მომხდარიყო.

მაგრამ შანსი ჯერ კიდევ ჰქონდა. ჯერალდი ღიღინ-ღიღინით მიეფარა სახლის კუთხეს.
ალიქსი არც შეყოყმანებულა, კიბეზე დაეშვა. მაგრამ სახლიდან რომ გამოვარდა, კოტეჯის
მეორე მხრიდან გამოსულ ჯერალდს შეეჩეხა.

- ჰელოუ! საით მიიჩქარი? - გაიკვირვა ჯერალდმა,

ალიქსი იდგა, ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა. ახლა ვეღარ გაიქცეოდა, მაგრამ


ფრთხილად თუ იქნებოდა და კაცს ეჭვს არ გაუჩენდა, ამის შესაძლებლობა შეიძლებოდა
მოგვიანებით გასჩენოდა, იქნებ ახლაც კი...
- ვიფიქრე, გავისეირნებ, ამ ბილიკის ბოლომდე გავივლი-მეთქი.

- კარგი,- თქვა ჯერალდმა, - მეც წამოგყვები.

- არა... არ გინდა, ჯერალდ, გეთაყვა: მე.. ცოტა თავი მტკივა, ნერვებიც რაღაცას
მღალატობს - მარტო ყოფნა მირჩევნია.

კაცი ყურადღებით დააცქერდა. ალიქსმა შეამჩნია, რომ თვალებში ეჭვი გაუკრთა.

- რა დაგემართა, ალიქს? რამ გაგაფითრა, ერთიანად ცახცახებ.

- არა, არაფერია, - გაუღიმა ალიქსმა და ძალა მოიკრიფა, რომ არაფერი შეტყობოდა, -


თავი წამომტკივდა, ეგ არის და ეგ. გავისეირნებ და ყველაფერი გამივლის,

ამაოდ ცდილობ, თავიდან ვერ მომიცილებ, - სიცილით უთხრა ჯერალდმა. - გინდა


თუ არა, შენთან ვიქნები.

სიტყვის შებრუნება ვეღარ გაუბედა. რომ იაზროს, ალიქსმა იცისო… თავს ძლივს
მოერია, როგორმე ბუნებრივად მოქცეულიყო, მაგრამ შეშფოთებულმა შენიშნა, რომ ქმარი
დრო და დრო ალმაცერად გადმოხედავდა ხოლმე, თითქოს რაღაცა იეჭვაო. იგრძნობოდა,
რომ ფხიზლად ეჭირა თვალი, შემართული იყო.

შინ რომ დაბრუნდნენ, კაცმა თავისი გაიტანა, ალიქსი დააწვინა, ოდეკოლონი მოიტანა
და საფეთქლები დაუზილა. ჯერალდი, როგორც ყოველთვის, ისევ მზრუნველ და
ყურადღებიან ქმრად იქცა. ალიქსი ისე უმწეოდ გრძნობდა თავს თითქოს ხაფანგში
მოხვედრილიყოს.

ქმარი არც ერთი წუთით არ ტოვებდა მარტოს. სამზარეულოშიც ერთად გავიდნენ,


მიეხმარა ვახშმის გამოტანაში, რომელიც ალიქსს წინასწარ ჰქონდა გამზადებული.

ვახშმობისას ლუკმა ყელზე ადგებოდა, მაგრამ თავს აიძულებდა ეჭამა და მხიარულად


და ბუნებრივად მოეჩვენებინა თავი. ახლა ქალმა იცოდა, რომ სიცოცხლის გადასარჩენად
იბრძოდა. კაცთან პირისპირ დარჩენილი მთლიანად მის ხელთ იყო, მშველელს არსაიდან
მოელოდა, სოფელს რამდენიმე მილი აშორებდა. ერთადერთი შანსი კაცის სიფხიზლის
მოდუნება იყო იმდენად, რომ რამდენიმე წუთი მარტო დარჩენილიყო. ეს დრო
იკმარებდა, ჰოლში ჩავიდოდა და მშველელს უხმობდა. ახლა ამის იმედიღა დარჩა.

უცებ ხსნის იმედი სულ სხვა მხრიდან გამოჩნდა. გაახსენდა, ჯერალდმა პირველად
როგორ გადაიფიქრა თავისი განზრახვის შესრულება. რა იქნება, ახლა რომ უთხრას, დღეს
დიკ ვინდიფორდი მოვა სტუმრადო? ის იყო, უნდა ეთქვა, რომ მაშინვე გადაიფიქრა. ასეთ
კაცს ორჯერ ვერ შეუშლი ხელს, მის გარეგნულ სიმშვიდეში მტკიცე გადაწყვეტილება
იმალებოდა; კაცი ატაცებულივით იყო და ეს ალიქსს ზიზღს ჰგვრიდა. ახლა დიკი რომ
ეხსენებინა, ბოროტმოქმედს მხოლოდ ააჩქარებდა. ახლავე მოკლავდა, მერე მშვიდად
დაურეკავდა ვინდიფორდს, მოულოდნელად მივემგზავრებითო ან სხვა ამდაგვარ რამეს
მოუჩმახავდა. ო, საღამოს დიკი რომ მოსულიყო! დიკი რომ მოსულიყო... ანაზდად იდეა
გაუჩნდა, შეშინებულმა, ჩემს თვალებში არაფერი ამოიკითხოსო, ფრთხილად, ქვეშ-ქვეშ
გახედა ქმარს. თავის გადარჩენის გეგმა რომ დაესახა, გამბედაობაც დაუბრუნდა, ისე
ბუნებრივი გახდა, თვითონაც გაუკვირდა.
ყავა მოადუღა და ვერანდაზე გაიტანა, როცა კარგი ამინდი იდგა, იქ ხშირად
სხდებოდნენ ხოლმე საღამოობით.

- მართლა, - უცებ თქვა ჯერალდმა, - დღეს ფოტოსურათებს დავბეჭდავთ, ცოტა


მოგვიანებით.

ქალს ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ გულგრილად უპასუხა:

- მარტო ვერ მოერევი. საქმეს? დღეს ცოტა დაღლილი ვარ.

- ეგ არაფერი, - ჯერალდი თავის ფიქრებს უღიმოდა. - ეგეც არ იყოს, სიტყვას გაძლევ,


მალე დაღლილობას სულ ვეღარ იგრძნობ.

ეს სიტყვები კაცს, ეტყობა, თავშესაქცევი ეჩვენა. ალიქსი შეძრწუნდა, არა, გეგმა ან


ახლავე უნდა შეასრულოს, ან - არასოდეს.

ქალი ფეხზე წამოდგა.

- ყასაბს უნდა დავურეკო, - თქვა სხვათაშორის, - აქ იყავი.

- ყასაბს? ასე გვიან?

- ჩურჩუტო, მაღაზია, რა თქმა უნდა, დაკეტილი ექნება, მაგრამ უთუოდ შინ იქნება.
ხვალ ხომ შაბათია, ჰოდა, მინდა რომ ხვალ საკატლეტედ დაბეგვილი ხორცი მომიტანოს,
თორემ იმ ხორცს ვინმე წაიღებს. კეთილი მოხუცია და არ დამზარდება.

ალიქსი სწრაფად შევიდა სახლში. კარი რომ უნდა მიეხურა, ჯერალდის სიტყვები
მოესმა, „კარს ხუ დახურავ“, და მაშინვე მშვიდად უპასუხა:

- ღია კარში ქინქლა შემოვა. მეზიზღება ქინქლა. ჩურჩეტო, ხომ არ გეშინია, რომ ყასაბს
არშიყობას დავუწყებ.

მარტო რომ დარჩა, ყურმილს ეცა და სასტუმრო „მოგზაურის გერბის“ ნომერი აკრიფა.
მაშინვე შეაერთეს.

- მისტერ ვინდიფორდი ხართ? არა? ვინდიფორდი ისევ სასტუმროში ცხოვრობს?


შემიძლია დაველაპარაკო?

უცებ გული გადაუქანდა: კარი გაიღო, ჰოლში ქმარი შემოვიდა.

- წადი, ჯერალდ, - უთხრა წყენით, - მძულს, როცა ტელეფონით ლაპარაკის დროს


მისმენენ.

ჯერალდმა გაიცინა და სკამზე დაჯდა.

- მართლა ყასაბს ურეკავ? - ჰკითხა დაცინვით.


ალიქსს სასო წარეკვეთა, გეგმა ეფუშებოდა. ამ წუთს დიკ ვინდიფორდი აიღებს
ყურმილს. იქნებ გარისკოს და მილში ჩაჰკივლოს, მიშველეთო? განერვიულებული
ტელეფონის ბერკეტს ხელს ხან დააჭერდა, ხან აუშვებდა. უცებ ახალი გეგმა დაებადა: თუ
ბერკეტს ხელს დააჭერდა, ხაზის მეორე ბოლოში მის ხმას ვეღარ გაიგონებდნენ.

„ძალიან გამიჭირდება ამის გაკეთება, - გაიფიქრა მან, - სულ უნდა მახსოვდეს, რომ
ყასაბს ველაპარაკები, ერთხელაც არ უნდა დამებას ენა. მაგრამ უნდა შევძლო და შევძლებ
კიდეც“

ამ დროს ყურმილში დიკ ვინდიფორდის ხმა გაისმა. ქალმა ღრმად ამოისუნთქა,


ბერკეტს ხელი აუშვა:

- მისის მარტინი ვარ, კოტეჯ „ბულბულიდან“. გეთაყვათ, მოდით ჩვენთან (ბერკეტს


ხელი დააჭირა) ხვალ დილით და ექვსი ცალი კატლეტის კარგი ხორცი წამოიღეთ. (ისევ
აუშვა ხელი ბერკეტს) - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს (ბერკეტს ხელი დააჭირა) -
მადლობას გიხდით, მისტერ ჰექსუორთი. იმედი მაქვს, არ შეგაწუხეთ, ასე გვიან რომ
დაგირეკეთ, მაგრამ ამ კატლეტებს ახლა ჩემთვის (ისევ აუშვა ხელი ბერკეტს) - სიკვდილ-
სიცოცხლის მნიშვნელობა აქვს. (ისევ დააჭირა ხელი ბერკეტს) - ძალიან კარგი. ხვალ
დილით (ხელი აუშვა ბერკეტს) - რაც შეიძლება მალე.

ყურმილი დადო და ქმარს მიუბრუნდა, მძიმედ სუნთქავდა,

- აი, თურმე როგორ ელაპარაკები ყასაბს! - შენიშნა ჯერალდმა,

- ჩვეულებრივად ველაპარაკები როგორც ყველა ქალი, - დაუდევრად უპასუხა ალიქსმა


მღელვარებას ძლივს იოკებდა.

ჯერალდი არაფერს დაუეჭვებია, დიკი კი თუნდაც ვერაფერს მიხვდეს, მაინც მოვა.

ქალი სასტუმრო ოთახში შევიდა და შუქი აანთო, ჯერალდი შეჰყვა.

- გეტყობა, ძალიან კარგ გუნებაზე უნდა იყო? - ჰკითხა და ცნობისმოყვარეობით


მიაჩერდა.

- კი,- უპასუხა ცოლმა, - თავი აღარ მტკივა.

თავის შეჩვეულ ადგილას დაჯდა და გაუღიმა ქმარს, რომელიც მის პირდაპირ


სავარძელში ჩაჯდა. „გადავრჩი, ახლა მხოლოდ ცხრის ოცდახუთი წუთია, დიკი ცხრამდე
მოასწრებს მოსვლას“.

- ყავა მაინცდამაინც არ მომეწონა. მწარე იყო, - შესჩივლა ჯერალდმა.

- სხვა ხარისხის ყავა ვსინჯე. მეტს აღარ ვიყიდი, რაკი არ მოგეწონა, საყვარელო.

ალიქსი ხელსაქმეს ჩაუჯდა. ჯერალდმა წიგნის კითხვა დაიწყო, რამდენიმე ფურცელი


წაიკითხა, საათს შეხედა და წიგნი გადადო:

- ცხრის ნახევარია, დროა სარდაფში ჩავიდეთ და საქმეს მივხედოთ.


ქალს ლამის გაუვარდა ხელსაქმე.

- ო, ჯერ არა, ცხრა საათამდე დავიცადოთ.

- არა, ჩემო გოგონი, უკვე ცხრის ნახევარია, საქმე ამ დროისთვის მქონდა დაგეგმილი,
შენც ადრიანად დაწვები დასაძინებლად.

- მე კი მინდა, რომ ცხრამდე დავიცადოთ.

- კარგად იცი, რომ განაწესს ყოველთვის მტკიცედ ვიცავ, წავიდეთ, ალიქს, ერთ
წუთსაც ვეღარ მოვიცდი.

ალიქსმა შეხედა და თავზარი დაეცა. ჯერალდმა ნიღაბი ჩამოიხსნა, ხელებს ვეღარ


აჩერებდა, აგზნებული თვალები უბრწყინავდა, წამდაუწუმ ილოკავდა გამშრალ ტუჩებს.
აღარც ცდილობდა აღტკინება დაემალა. „მართლაც რომ ვეღარ მოიცდის, - გაიფიქრა
ალიქსმა. - ვერ მოიცდის, შეშლილივით არის“. ჯერალდი თავს წამოადგა ქალს, მხრებში
ხელი ჩასჭიდა, ერთბაშად წამოახტუნა ფეხზე.

- აბა, ჩემო გოგონი, თორემ ხელში აყვანილს წაგიყვან.

ეს სიტყვები მხიარულად თქვა, მაგრამ მისი ხმა ისე უწყალოდ გაისმა, ალიქსს ელდა
ეცა. უკანასკნელი ღონე მოიკრიფა და ხელიდან გაუსხლტა, შიშით მოკუნტული კედელს
აეკრა. უმწეო იყო: ვერც გაიქცეოდა, ვერც რამეს იღონებდა - კაცი უახლოვდებოდა.

- აბა, ალიქს…

- არა! არა!

იკივლა ქალმა და უსასოოდ გაიწვდინა ხელები, შეეცადა თავი დაეცვა.

- ჯერალდ... დაიცა… რაღაც უნდა გითხრა... უნდა გამოგიტყდე…

კაცი მართლა შეჩერდა.

- უნდა გამომიტყდე? - ხმაში ცნობისწადილი გაერია.

- ჰო, უნდა გამოგიტყდე.

ეს სახელდახელოდ მოიფიქრა, თავგანწირვით ცდილობდა კაცის დაინტერესებას.

- ალბათ ყოფილ საყვარელზე გინდა მითხრა რამე.

- არა, სხვა რამ. შენ ალბათ იტყოდი... დიახ, იტყოდი, დანაშაული ჩაუდენიაო.

ქალი მიხვდა, რომ მიზანს არ ააცდინა - კაცი დაინტერესდა - ამიტომ დამშვიდდა, ისევ
მდგომარეობის ბატონ-პატრონად იგრძნო თავი.
- ჯობია დაჯდე, - უთხრა მშვიდად, ოთახი გადაიარა, თავის სკამზე დაჯდა და
ხელსაქმეს მიუბრუნდა; თან გამალებული ფიქრობდა, როგორ გაეგრძელებინა სიტყვა ისე,
რომ მის ამბავს კაცი აქ მანამ გაეჩერებინა, სანამ მოეშველებოდნენ...

- ადრე გითხარი, - დაიწყო დინჯად, - რომ სტენოგრაფისტად თხუთმეტი წელიწადი


ვიმუშავე. ეს მთლად ასე არ არის, სამუშაო ორჯერ მივატოვე. პირველად, როცა ოცდაორი
წლის გავხდი; მაშინ ერთი კაცი შემხვდა, ხანში შესული, ცოტაოდენი კაპიტალიც ჰქონდა.
შევუყვარდი, მთხოვა ცოლად გავყოლოდი. თანხმობა ვუთხარი. დავქორწინდით, - ქალი
შეჩერდა. - დავითანხმე სიცოცხლე დაეზღვია და პოლისი ჩემს სახელზე გაეფორმებინა.

ალიქსმა შეამჩნია, რომ ჯერალდი სულწასული ინტერესით უსმენდა, უფრო დინჯად


განაგრძო ამბავი.

- ომის დროს ერთხანს ჰოსპიტალის აფთიაქში ვმუშაობდი... იშვიათ წამლებსა და


საწამლავებზე ხელი მიმიწვდებოდა.

ალიქსი გაჩუმდა, ვითომც ჩაფიქრდა, ახლა ეჭვი აღარ იყო, რომ ჯერალდი
მოუთმენლად ელოდა გაგრძელებას. მკვლელს მკვლელის ამბავი ნამდვილად
დააინტერესებდა. ქალმა ეს კარგად გამოიყენა. მალულად გახედა საათს - ცხრას
ოცდახუთი აკლდა.

- არის ერთი საწამლავი თეთრი ფხვნილია, მისი ერთი მწიკვიც კი მომაკვდინებელია.


საწამლავებისა რამე გაგეგება?

შეშფოთებული უცდიდა პასუხს. თუ კაცი საწამლავებში ერკვეოდა, ფრთხილად უნდა


ყოფილიყო.

- არა, - უპასუხა ჯერალდმა, - ყურმოკრულად თუ ვიცი რამე.

ალიქსმა შვებით ამოისუნთქა.

- გიოსციამინი ალბათ გაგიგონია? ეს საწამლავი არავითარ კვალს არ ტოვებს.


ნებისმიერი ექიმი დაადასტურებს, მიცვალებულს გული გასკდომიაო. ცოტაოდენი
საწამლავი მოვიპარე და შევინახე.

ისევ გაჩუმდა, ძალა მოიკრიფა.

- განაგრძე, - უთხრა ჯერალდმა.

- არა. მეშინია. ვეღარ გეტყვი. სხვა დროს მოგიყვები!

- არა, ახლავე მოყვები! - მოუთმენლად უთხრა ქმარმა.

- უკვე ერთი თვის ცოლ-ქმარი ვიყავით. ძალიან კარგად ვექცეოდი ხანდაზმულ


მეუღლეს, ალერსიანად, მზრუნველობით. ქმარმა ჩემი ქებით მეზობლებს ყურები
გამოუჭედა. ყველამ იცოდა, რა თავგადადებული ცოლი ვიყავი. ყოველ საღამოს ჩემი
ხელით ვუდუღებდი ყავას. ერთ საღამოს, მარტო რომ ვიყავით, ყავაში იმ ფხვნილის ერთი
მწიკვი ჩავუყარე...
ალიქსი გაჩუმდა, ნემსში ფრთხილად გაუყარა ახალი ძაფი, ამ წუთას მსოფლიოს
უდიდეს მსახიობსაც არ დაუდებდა ტოლს, თუმცა სცენაზე თავის დღეში არ ასულა. ახლა
მას მხოლოდ გულცივი მკვლელის როლი თუ გადაარჩენდა.

- ყველაფერი ძალიან წყნარად მოხდა. ვიჯექი და თვალს ვადევნებდი. ჯერ სუნთქვა


შეეკრა, მითხრა, ჰაერი არ მყოფნისო. ფანჯარა გამოვაღე. მერე მითხრა, სკამიდან ვეღარ
ვდგებიო. ცოტა ხნის მერე კი მოკვდა.

ალიქსმა გაიღიმა. ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა. ნამდვილად მოასწრებს დიკი


მოსვლას.

- დაზღვევის პოლისით რამდენი აიღე?

- ორიათას გირვანქამდე. ბირჟაზე ვითამაშე და ყველაფერი დავკარგე. სამუშაოს


დავუბრუნდი, თუმცა იქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებდი. სხვა კაცს შევხვდი.
ქალიშვილობის გვარი მქონდა, იმან არ იცოდა, რომ განათხოვარი ვიყავი. უფრო
ახალგაზრდა იყო, საკმაოდ კარგი შესახედავი და მდიდარი, სასექსში ვიქორწინეთ.
სიცოცხლის დაზღვევა არ ინდომა, სამაგიეროდ ჩემს სასარგებლოდ ანდერძი შეადგინა.
იმასაც, როგორც ჩემს პირველ ქმარს, უყვარდა, როცა ყავას მე თვითონ ვუმზადებდი, -
ალიქსმა ფიქრიანად გაიღიმა, - იმ სოფელში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, რამდენიმე
მეგობარი მყავდა. ჩემი საცოდაობით დაიწვნენ, როცა ერთხელ ნავახშმევს ჩემს ქმარს
გული გაუსკდა და გარდაიცვალა. აღარც კი ვიცი, ჩემს ძველ სამსახურს რატომ
დავუბრუნდი. მეორე ქმარმა დაახლოებით ოთხი ათასი გირვანქა სტერლინგი დამიტოვა.
ამჯერად ბირჟაზე აღარ მითამაშია, სარფიანად დავაბანდე ჩემი კაპიტალი. მერე კი, იცი...

იძულებული გახდა შეჩერებულიყო. ჯერალდს სახეზე სისხლი მოსწოლოდა, სულს


ძლივს ითქვამდა და აცახცახებული თითი მისკენ მოეშვირა:

- ყავა! ღმერთო ჩემო! ყავა!

გაოცებული მიაშტერდა ქმარს.

- ახლა კი ვხვდები, რატომ იყო მწარე! ტარტაროზო! ძველი ოინები არ მოიშალე?! - კაცი
სავარძლის სახელურებს ჩაეჭიდა, რომ წამომხტარიყო და ცოლს სცემოდა, - მომწამლე,
არა?

ალიქსი ბუხარს მიაწყდა. თავზარდაცემულს ყველაფრის უარყოფა უნდოდა, მაგრამ,


შეჩერდა. აგერ-აგერ ქმარი ხელს სტაცებს! მთელი ძალა მოიკრიბა და ჯერალდს თვალი
გაუსწორა.

- ჰო, მოგწამლე. საწამლავი უკვე მოქმედებს. სავარძლიდან ვეღარ ადგები... ფეხზე


ვეღარ დადგები...

ოღონდ რამდენიმე წუთით შეეჩერებინა, არ ამდგარიყო! ა! რა არის! კუტიკარმა


გაიჭრიალა. ბილიკზე ფეხის ხმა ისმის. აი, უკვე სახლთან არიან, სადარბაზო კარი გაიღო.
- ვეღარ გაინძრევი, - დაბეჯითებით გაუმეორა ქალმა, მერე გვერდით ჩაურბინა,
ოთახიდან გასხლტა და თითქმის გრძნობადაკარგული დიკ ვინდიფორდს ჩაუვარდა
მკლავებში.

- ღმერთო ჩემო, ალიქს! - წამოიყვირა დიკმა და პოლიციელის ფორმაში გამოწყობილ


ტანმაღალ, ჯან-ღონით სავსე კაცს მიუბრუნდა, - მიდით ერთი, ნახეთ, რა ხდება იქ. -
ალიქსი ფრთხილად დააწვინა ტახტზე და თავზე დაადგა. - ჩემო პატარავ, ჩემო პატარა
საწყალო გოგონა! რა გიქნა იმ კაცმა?

ქალს ქუთუთოები შეუთრთოლდა, სუსტი ხმით წარმოთქვა მისი სახელი.

დიკი გონს მოეგო, როცა პოლიციელმა ხელზე ხელი მოჰკიდა.

- იქ არავინაა. ოღონდ სავარძელში კაცი ზის. ეტყობა, სულ ახლახანს რაღაცას ძალიან
შეუშინებია...

- მერე რა?

- მკვდარია, სერ.

ორივე შეკრთა, როცა ალიქსის ხმა ჩაესმათ. ქალი ისე ლაპარაკობდა, თითქოს სიზმარში
იყო, თვალები დახუჭული ჰქონდა:

- და ცოტა ხნის მერე... მოკვდა…

თითქოს ვიღაცის სიტყვებს იმეორებდა.

You might also like