Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 335

ტიბეტის დალაი ლამა (ტენზინ გიაცო)

თავისუფლება დევნილობაში

ავტობიოგრაფია
თარგმნა ნათია მენაბდემ

შესავალი
„დალაი ლამა“ - ამ ცნებას ადამიანები სხვადასხვაგვარად
აღიქვამენ. ნაწილისთვის ის ნიშნავს, რომ მე ცოცხალი ბუდა
ვარ, ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის, გულმოწყალების
ბოდჰისატვას მიწიერი განსხეულება. სხვები „ღმერთ-მეფედ“
მიმიჩნევენ. 50-იანი წლების ბოლოს ეს სიტყვა გულისხმობდა,
რომ მე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი კომიტეტის
ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. როცა იძულებული გავხდი, ჩემი
ქვეყნიდან გავქცეულიყავი, კონტრრევოლუციონერად და
პარაზიტად მომნათლეს; მაგრამ მე სულ სხვანაირად ვფიქრობ.
ჩემთვის „დალაი ლამა“ მხოლოდ ტიტულია, რომელიც ჩემ მიერ
დაკავებულ თანამდებობას აღნიშნავს, თვითონ კი, უბრალოდ,
ადამიანი ვარ, ტიბეტელი, რომელმაც გადაწყვიტა, ბუდისტი
ბერი გამხდარიყო.
სწორედ ასე, როგორც უბრალო ბერი, ვთავაზობ მკითხველს
ჩემი ცხოვრების ისტორიას, თუმცა ეს წიგნი სულაც არ არის
ბუდიზმის შესახებ. საამისოდ ორი მთავარი მიზეზი მაქვს:
პირველ რიგში, სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენს ინტერესს,
გაიგოს რამე დალაი ლამას შესახებ; მეორეც - მინდა,
გარკვეული ისტორიული მოვლენების შესახებ მოგითხროთ,
როგორც უშუალო მოწმემ.
დროის უკმარისობის გამო გადავწყვიტე, პირდაპირ
ინგლისურად დამეწერა. ეს იოლი საქმე არ იყო, რადგან
რამდენადმე შეზღუდულია ჩემი შესაძლებლობები, გამოვხატო
აზრი ამ ენაზე. ასევე, ვაცნობიერებ, რომ ნათქვამის
მნიშვნელობის ზოგიერთი ნიუანსი შეიძლება არც ისე ზუსტად
შეესაბამებოდეს იმას, რასაც ვგულისხმობდი. მაგრამ იგივე

1
შეიძლებოდა, მომხდარიყო ტიბეტურიდან თარგმნის დროსაც.
ასევე უნდა დავძინო, რომ არ ვფლობ წყაროებს, რომლებზეც
სხვებს ხელი მიუწვდებათ. მე კი, როგორც ნებისმიერ ადამიანს,
შეიძლება, რამე არასწორად მახსოვდეს. დაბოლოს, მინდა,
დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო დევნილი ტიბეტური
მთავრობის წევრებს და მისტერ ალექსანდრ ნორმანს, ჩემს
რედაქტორს.

თეთრი ლოტოსის მპყრობელი


1959 წლის 31 მარტს ტიბეტიდან გაქცევა მომიხდა და მას
შემდეგ, როგორც დევნილი, ინდოეთში ვცხოვრობ. 1940-50
წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჩემი ქვეყანა
დაიპყრო. თითქმის ათწლეულის მანძილზე მე, როგორც
საკუთარი ხალხის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი,
ვცდილობდი, აღმედგინა მშვიდობიანი ურთიერთობა
ტიბეტისა და ჩინეთის სახელმწიფოებს შორის, მაგრამ ამ
ამოცანის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩემდა
სამწუხაროდ, მივედი დასკვნამდე, რომ სამშობლოს ფარგლებს
გარეთ მყოფი უკეთ ვემსახურებოდი ჩემს ხალხს.
ვიგონებ იმ დროს, როცა ტიბეტს თავისუფლება ჯერ კიდევ არ
ჰქონდა დაკარგული. ვხვდები, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების
საუკეთესო წლები. ახლა გარკვეულწილად ბედნიერი ვარ,
მაგრამ ჩემი დღევანდელი ცხოვრება, რა თქმა უნდა, სრულიად
განსხვავდება იმ ცხოვრებისაგან, რომლისთვისაც
მამზადებდნენ. არ მინდა, ნოსტალგიამ ამიყოლიოს, მაგრამ
ყოველთვის, როცა წარსულზე ვფიქრობ, ნაღველი შემომაწვება
ხოლმე. მახსენდება ჩემი ხალხის საშინელი ტანჯვა. ძველი
ტიბეტი ყოველმხრივ სრულყოფილი ნამდვილად არ იყო,
მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრული უფლება მაქვს, ვთქვა, რომ
ჩვენი ცხოვრების წესი ფრიად ყურადსაღები იყო; ბევრი რამ
გვქონდა ისეთი, შენარჩუნებას რომ იმსახურებდა, მაგრამ
დღეს უკვე სამუდამოდ არის დაკარგული.
აღვნიშნე, რომ ცნება „დალაი ლამას“ ადამიანები
სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ჩემთვის კი იგი მხოლოდ
თანამდებობას გულისხმობს. „დალაი“ მონღოლურ ენაზე
„ოკეანეს“ ნიშნავს; „ლამა“ ტიბეტური ტერმინია, რომელიც

2
ინდურ „გურუს,“ ანუ „მასწავლებელს“ შეესატყვისება.
ხანდახან ამ სიტყვათშეხამების („დალაი ლამა“) თავისუფალ
თარგმანს შეხვდებით. ესაა „სიბრძნის ოკეანე“, მაგრამ, ჩემი
აზრით, აქ საქმე გაუგებრობასთან გვაქვს. თავდაპირველად
„დალაი“ დალაი ლამა III-ის, სონამ გიაცოს სახელის
ნაწილობრივი თარგმანი იყო: „გიაცო“ ტიბეტურად „ოკეანეს“
ნიშნავს. მოგვიანებით სამწუხარო გაურკვევლობა გამოიწვია
იმ გარემოებამ, რომ ჩინურ ენაზე „ლამა“ თარგმნეს, როგორც
„ხო-ფო“, რაც გულისხმობს „ცოცხალ ბუდას“. ეს არასწორია.
ტიბეტური ბუდიზმი ასეთ რამეს არ ცნობს. იგი მხოლოდ
აღიარებს, რომ ზოგ ცოცხალ არსებათ, რომელთაგან ერთ-ერთი
დალაი ლამაა, შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთი რეინკარნაციის
საშუალება. ასეთ ადამიანებს ეწოდებათ „ტულკუ“
(განსხეულება).
რასაკვირველია, სანამ ტიბეტში ვიყავი, დალაი ლამას სტატუსი
ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეს გულისხმობდა, რომ მე
ვცხოვრობდი ცხოვრებით, რომელიც შორს იყო ჩემი ხალხის
უზარმაზარი ნაწილის მძიმე შრომისა და ჭირ-ვარამისგან.
სადაც არ უნდა წავსულიყავი, თან დამყვებოდა მსახურთა
მთელი ამალა. გარემოცული ვიყავი მთავრობის მინისტრებითა
და მრჩევლებით, რომლებსაც მდიდრული აბრეშუმის სამოსი
ეცვათ; ისინი ქვეყნის ყველაზე წარჩინებული და
არისტოკრატიული ოჯახებიდან იყვნენ. მუდმივად
მესაუბრებოდნენ ბრწყინვალე მეცნიერები და უმაღლესი
რანგის სასულიერო პირები. ყოველთვის, როცა პოტალას
დალაი ლამების დიდებული, ათასოთახიანი ზამთრის
სასახლიდან გამოვდიოდი, უკან მომყვებოდა პროცესია,
რომელიც ასობით ადამიანისგან შედგებოდა.
კოლონას მოუძღოდა „ნგაგპა“, ადამიანი, რომელსაც
სიმბოლური „ცხოვრების ბორბალი“ მოჰქონდა. მას
მოჰყვებოდა „ტატარას“ რაზმი, მხიარული ფერების
ნაციონალურ კოსტიუმებში გამოწყობილი მხედრები,
რომლებსაც ხელში დროშები ეჭირათ. შემდეგ მოაბიჯებდნენ
მებარგულები, რომლებსაც მოჰყავდათ ჩემი მგალობელი
ჩიტები გალიებით და მოჰქონდათ ყვითელ აბრეშუმში
შეფუთული ჩემი პირადი ქონება. მოდიოდნენ ბერები
ნამგიელიდან, დალაი ლამას პირადი მონასტრიდან. თითოეულ
მათგანს ხელთ ეპყრა დროშა, შემკული წმინდა ტექსტებით.

3
მათ ჯერ ცხენოსანი მუსიკოსები მოჰყვებოდნენ, შემდეგ კი -
ჩინოვნიკი ბერების ორი ჯგუფი: ჯერ ხელქვეითნი, რომლებიც
მებარგულების ფუნქციას ასრულებდნენ, მერე „ცედრუნგის“
ორდენის ბერები - მთავრობის წევრები. შემდეგ გრუმებს
მოჰყავდათ ლამაზად მორთული და შეკაზმული ცხენები
დალაი ლამას საჯინიბოებიდან. ყოველივე ამას
აგვირგვინებდნენ მწყობრად მომავალი ცხენოსნები,
რომლებსაც სახელმწიფო ნიშნები მოჰქონდათ. მე ყვითელი
ტახტრევნით მოვყავდი ოც ადამიანს - ოფიცრებს, რომლებსაც
მწვანე ლაბადები ეცვათ და წითელი შლაპები ეხურათ. თმა
უკან ცხენის კუდივით ჰქონდათ შეკრული და ზურგზე
ჩამოშვებული (უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებისგან
განსხვავებით, რომლებიც მაღლა აწეულ თმას ატარებდნენ).
თავად ტახტრევანი, რომელიც ყვითელი ფერისა იყო (როგორც
ბერობის სიმბოლო), კიდევ რვა ადამიანს ეჭირა. ისინი
ყვითელი აბრეშუმის გრძელ სამოსში იყვნენ გამოწყობილი.
აქეთ-იქით ცხენებით მოდიოდა კაშაგის, დალაი ლამას შიდა
კაბინეტის ოთხი წევრი. მათ ახლდათ „კუსუნ დეპონი“ -
დალაი ლამას დაცვის უფროსი, და „მაკჩი“ - ტიბეტის არმიის
მთავარსარდალი. ისინი, ორივენი, სამწყობრო ნაბიჯით
მოდიოდნენ, ჯარისკაცურ ყაიდაზე მრისხანედ აღმართული
ხმლებით. მათ სამხედრო ფორმები - მოსირმული ლურჯი
შარვლები და ყვითელი კიტელები - ეცვათ, თავზე კი
ჯიღებიანი ჩაფხუტები ეხურათ. მთავარ პროცესიას გარს
ერტყმოდა ბერების პოლიციის ესკორტი - „სინგჰა“. ეს შიშის
მომგვრელი მამაკაცები სიმაღლით, სულ ცოტა, ექვსი ფუტი
მაინც იქნებოდნენ. ბამბისსარჩულიანი ტანსაცმელი მათ კიდევ
უფრო ზორბა შესახედაობას აძლევდა; ხელში მათრახები
ეჭირათ, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დაუზარებლად
აამუშავებდნენ ხოლმე.
ტახტრევანს მოჰყვებოდა ჩემი ორი მასწავლებელი, უფროსი და
უმცროსი (პირველი ტიბეტის რეგენტი გახლდათ, სანამ
სრულწლოვანი გავხდებოდი). შემდეგ მოაბიჯებდნენ ჩემი
მშობლები და ჩემი ოჯახის სხვა წევრები, მერე კი - რანგის
მიხედვით განლაგებული სამოქალაქო ჩინოვნიკების, მაღალი
და დაბალი თანამდებობის პირების დიდი ჯგუფი.
ყოველთვის, როცა სასახლიდან გამოვდიოდი, ჩვენი
დედაქალაქის, ლჰასის მთელი მოსახლეობა მომყვებოდა და
ცდილობდა, ჩემთვის თვალი მოეკრა. მოკრძალებული სიჩუმე

4
დაისადგურებდა ხოლმე; ჩემ წინაშე მოზღვავებულ და
თავდახრილ ადამიანებს ხშირად თვალზე ცრემლი ადგებოდათ.
ეს ცხოვრება ძალიან განსხვავდებოდა იმ ცხოვრებისგან,
რომელსაც პატარაობისას ვიცნობდი. დავიბადე 1935 წლის 6
ივლისს და ლჰამო დონდრუბი დამარქვეს. სიტყვასიტყვით ეს
ნიშნავს „სურვილების ამსრულებელ ქალღმერთს“. ტიბეტური
ადამიანის სახელები, გეოგრაფიული ადგილების
სახელწოდებები და საგნების აღმნიშვნელი სიტყვები ხშირად
ძალიან ხატოვანია. მაგალითად, ცანგაპო, ტიბეტის ერთ-ერთი
მთავარი მდინარე, რომელიც სათავეს უდებს მძლავრ
ბრაჰმაპუტრას, ითარგმნება, როგორც „განმწმენდი“. ჩვენს
სოფელს ტაკცერი ერქვა, რაც „მბრდღვინავ ვეფხვს“ ნიშნავს. ეს
პატარა, ღარიბული დასახლებაა, რომელიც შემაღლებულ
ადგილზე მდებარეობს და ვრცელ ხეობას გადაჰყურებს. აქაური
ველები დიდხანს დაუსახლებელი იყო და არც არავინ
ამუშავებდა. მარტო მომთაბარეები აძოვებდნენ თავიანთ
საქონელს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ამ მხარეში ამინდი
მკვეთრად ცვალებადია. ჩემი ადრეული ბავშვობისას ჩვენი
ოჯახი ერთ-ერთი იყო იმ ოციოდე ოჯახს შორის, რომლებმაც
გარისკეს, ლუკმაპური ამ მიწაზე მუშაობით მოეპოვებინათ.
ტაკცერი პროვინცია ამდოში მდებარეობს, ტიბეტის უკიდურეს
ჩრდილო-აღმოსავლეთში. ჩრდილო-დასავლეთით,
დაახლოებით რვა მილზე, გადაჭიმულია ჩანგტანგი,
ყინულოვანი უდაბნოების მხარე. იქ თითქმის არაფერი ხარობს.
ამ მდუმარების საუფლოში მარტო მცირერიცხოვანი
ყინვაგამძლე მომთაბარეები ცხოვრობენ. ჩანგტანგის
სამხრეთით მდებარეობს პროვინციები უ და ცანგი. ამ
მიდამოებს სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან გოროზი
ჰიმალაის მთები აკრავს გარს. უს და ცანგის აღმოსავლეთით
პროვინცია კჰამია, ბევრად ნაყოფიერი და ამიტომაც ქვეყნის
უფრო დასახლებული რეგიონი. კჰამის ჩრდილოეთით
მდებარეობს ამდო. კჰამისა და ამდოს აღმოსავლეთით გადის
სახელმწიფო საზღვარი ტიბეტსა და ჩინეთს შორის. ჩემს
დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე მუსულმანმა სარდალმა, მა
ბუფენმა მოახერხა, დაეფუძნებინა ამდოში რეგიონული
მთავრობა, რომელსაც ჩინეთის რესპუბლიკასთან ლოიალური
დამოკიდებულება ჰქონდა.
ჩემი მშობლები წვრილი ფერმერები იყვნენ. მე მათ გლეხებს არ

5
ვუწოდებ, რადგან ისინი რომელიმე მიწათმფლობელზე
დამოკიდებული არ ყოფილან, დიდგვაროვანთა წრესთან
საერთო არაფერი ჰქონდათ. იჯარით აიღეს მიწის პატარა
ნაკვეთი, რომელსაც თვითონ ამუშავებდნენ. ძირითადი
მარცვლეული კულტურები ტიბეტში ქერი და წიწიბურაა. ჩემს
მშობლებსაც ქერი, წიწიბურა და კარტოფილი მოჰყავდათ.
ზოგჯერ მათ სეტყვის ან გვალვის გამო მთელი წლის შრომა
წყალში ეყრებოდათ.
ჩემი დედ-მამა ცოტაოდენ საქონელსაც უვლიდა, რომელიც
უფრო საიმედო საარსებო წყარო იყო. მახსოვს, ხუთი თუ ექვსი
მეწველი „ძომო“ (იაკისა და ძროხის ნაჯვარი), რამდენიმე
კვერცხისმდებელი ქათამი და ასევე, ცხვრებისა და თხების
დაახლოებით ოთხმოცსულიანი შერეული ფარა გვყავდა;
მამაჩემი ყოველთვის ინახავდა ერთ-ორ, ხანდახან კი სამ ცხენს,
რომლებიც ძალიან უყვარდა. დაბოლოს, ოჯახს იაკებიც ჰყავდა.
იაკი ბუნების მიერ ადამიანებისთვის მიძღვნილი ნამდვილი
საჩუქარია. მას 10 000 ფუტზე ზევით ნებისმიერ სიმაღლეზე
შეუძლია ცხოვრება. ამიტომ იდეალურია ტიბეტისთვის.
დედალ იაკს „დრის“ ეძახიან. როგორც სასაპალნე ცხოველი,
მერძევეობისა და მეხორცეობის საფუძველი, იაკი მაღალმთიანი
სოფლის მეურნეობის ნამდვილი ბურჯია. ქერი, რომელიც ჩემს
მშობლებს მოჰყავდათ, ტიბეტის სოფლის მეურნეობის მეორე
საყრდენია.
მოხალულ და წმინდად დაფქულ ქერს ჩვენში „ცამპას“ ეძახიან.
ტიბეტში იშვიათია კერძი, რომლის დამზადების დროსაც მას არ
იყენებენ. დევნილობაშიც კი ცამპას მე ყოველდღიურად
ვიღებდი. მას, რა თქმა უნდა, ფქვილის სახით არ ჭამენ; ფქვილი
ჯერ სითხეში უნდა აურიო. როგორც წესი, ეს სითხე არის ჩაი,
თუმცა რძეც შეიძლება (მე უპირატესობას სწორედ მას
ვანიჭებ), ასევე მაწონი და „ჩანგიც“ კი (ტიბეტური ლუდი).
შემდეგ ამ მასას ფინჯნის კედლებზე თითებით პატარ-პატარა
ბურთულებად აგუნდავებენ. ცამპას ფაფის მოსამზადებლადაც
იყენებენ. ტიბეტელს ცამპა ძალიან ეგემრიელება, თუმცა, ჩემი
დაკვირვებით, უცხოელებს ის ნაკლებად მოსწონთ.
მაგალითად, ჩინელებს ცამპა სულაც არ უყვართ. დედისა და
მამის ნაშრომ-ნაამაგარის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ჩვენი
ოჯახის საჭიროებებს ხმარდებოდა; მაგრამ ხანდახან მამაჩემი
რამდენიმე ცხვარს ან მარცვლეულს გზად გამოვლილ

6
მომთაბარეეებს მიჰყიდდა, ან ქვემოთ, სილინგში, ჩვენგან
უახლოეს მანძილზე მდებარე ქალაქში, ამდოს დედაქალაქში
ჩაიტანდა ხოლმე (ეს ქალაქი ჩვენგან ცხენით სამი საათის
სავალზეა). ასეთ მიყრუებულ ადგილას ფულს დიდი გასავალი
არა აქვს და, როგორც წესი, საქონლის გაცვლა-გამოცვლას
ამჯობინებენ. ასე რომ, მამაჩემს შეეძლო, სეზონური ნამეტი
პროდუქტი ჩაიზე, შაქარზე, ბამბის ქსოვილზე, ასევე რაიმე
სახის სამკაულებზე ან რკინის ჭურჭელზე გადაეცვალა.
ხანდახან ის შინ ახალი ცხენით ბრუნდებოდა, რაც ძლიერ
უხაროდა. ძალიან კარგად ერკვეოდა ცხენებში და მთელ იმ
მხარეში ცნობილი იყო, როგორც ცხენების მკურნალი.
სახლი, რომელშიც დავიბადე, ტიბეტისთვის დამახასიათებელი
ნაგებობაა. იგი ქვისა და თიხისგან იყო აშენებული და П-ს
ფორმა და ბრტყელი სახურავი ჰქონდა. მისი ერთადერთი
უჩვეულო შტრიხი წყალსადინარი იყო - ღვიის ხის ტოტები ისე
ამოეღრუტნათ, რომ ღარში წვიმის წყალი მოგროვებულიყო.
სახლის წინ, მის ორ ფრთას შორის მოქცეული პატარა ეზოს
შუაგულში იდგა ფლაგშტოკი დროშით, რომელზეც უამრავი
ლოცვა წაეწერათ.
ცხოველების ბაკი სახლის უკან იყო მოწყობილი. სახლს ექვსი
ოთახი ჰქონდა: სამზარეულო, რომელშიც დროის უმეტეს
ნაწილს ვატარებდით, როცა შინ ვიყავით; სამლოცველო პატარა
საკურთხევლით, სადაც დილაობით ვიკრიბებოდით, რომ
ძღვენის მირთმევის რიტუალი აღგვესრულებინა; მშობლების
ოთახი; დამატებითი ოთახი სტუმრებისთვის; საკუჭნაო
სურსათის შესანახად და ბოსელი. სახლში ბავშვების
საძინებლები არ იყო. სულ პატარა რომ ვიყავი, დედასთან
მეძინა, მერე კი - სამზარეულოში, კერასთან. რაც შეეხება ავეჯს,
სკამები და საწოლები არ გვქონდა, მაგრამ ჩემი მშობლებისა და
სტუმრების ოთახებში შემაღლებული ადგილები იყო
საწოლებისთვის. გვედგა ასევე რამდენიმე ჭურჭლის კარადა,
ხისგან დამზადებული და ნათელი ფერებით შეღებილი.
ფაქიზად დაგებული იატაკებიც ხის იყო.
მამაჩემი საშუალო სიმაღლის კაცი გახლდათ და ძალიან ფიცხი
ხასიათით გამოირჩეოდა. მახსოვს, ერთხელ ულვაში მოვწიწკნე
და ამის გამო კარგადაც მომხვდა. მიუხედავად ამისა, ის
ბუნებით კეთილი იყო და ბოღმას გულში არასოდეს იტოვებდა.
ერთ საინტერესო ამბავს მომიყვნენ, რომელიც ჩემი დაბადების

7
დროს მომხდარა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მამა ავად
იყო და ლოგინიდან არ დგებოდა. უკვე შიშობდნენ, მის
სიცოცხლეს საფრთხე ხომ არ ემუქრებოდა. მაგრამ იმ დღეს,
როცა მე დავიბადე, მან მოულოდნელად გამოჯანმრთელება
დაიწყო. ეს ვერ აიხსნებოდა აღელვებით იმის გამო, რომ მამა
გახდა. დედაჩემმა ხომ ჩემამდე რვა შვილს აჩუქა სიცოცხლე,
თუმცა მათგან ოთხი გადარჩა. ადამიანები სოფელში, ისევე,
როგორც ჩვენ, გარემოებათა გამო საჭიროდ მიიჩნევდნენ,
მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყოლოდათ. დედაჩემმაც თექვსმეტი
შვილი გააჩინა, რომელთაგან ექვსი გადარჩა. ახლა, როცა ამ
სტრიქონებს ვწერ, უკვე ცოცხალი აღარაა ლობსან სამტენი,
ჩემს უფროს ძმებში უმცროსი; ასევე ცერინგ დოლმა, ჩემი
უფროსი და. ცოცხლები და ჯანმრთელები არიან ჩემი ორი
უფროსი ძმა, უმცროსი და და უმცროსი ძმა.
დედაჩემი, უდავოდ, ერთ-ერთი უკეთილშობილესი ქალი იყო
მათ შორის, ვისაც ოდესმე ვიცნობდი. ის მართლაც შესანიშნავი
ადამიანი გახლდათ და სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ
ყველას უყვარდა. დედა ადამიანების მიმართ თანაგრძნობით
იყო გამსჭვალული. მახსოვს, ჰყვებოდნენ, რომ ერთხელ
მეზობელ ჩინეთში საშინელი შიმშილი მძვინვარებდა. უამრავი
ღარიბ-ღატაკი ჩინელი დაიძრა ლუკმაპურის საძებნელად. მათ
საზღვარი გადმოკვეთეს. ჩვენს კარს მოადგა წყვილი მკვდარი
ბავშვით. მათ დედაჩემს საჭმელი სთხოვეს. დედამ იმწუთშივე
გამოუტანა. შემდეგ ბავშვზე მიუთითა და ჰკითხა, ხომ არ
უნდოდათ, რომ მის დასაფლავებაში დახმარებოდა. როცა მათ
გაიგეს, რას ეკითხებოდნენ, თავები გააქნიეს და ანიშნეს, რომ
ბავშვის შეჭმას აპირებდნენ. დედაჩემი შეძრწუნდა, შინ
შეიპატიჟა ისინი და მთელი საკუჭნაო გამოაცარიელა, მერე კი
ნაღვლიანად გააცილა სტუმრები. მას არასოდეს გაუშვია
მათხოვრები ხელცარიელი, თუნდაც ოჯახის წევრები მშივრები
დავეტოვებინეთ.
ცერინგ დოლმა, და-ძმას შორის ყველაზე უფროსი, ჩემზე
თვრამეტი წლით დიდი იყო. ის საოჯახო საქმეებში
ეხმარებოდა დედას და, როცა ჩემი დაბადების დრო დადგა,
საკუთარ თავზე აიღო ბებიაქალის მოვალეობა. როცა მას
ახალდაბადებული ხელში ავუყვანივარ, შეუმჩნევია, რომ ცალი
თვალი ბოლომდე გახელილი არ მქონდა. ბევრი არ უყოყმანია,
ცერი მიაჭირა ურჩ ქუთუთოს და ძალით ასწია. საბედნიეროდ,
ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ცერინგ დოლმა

8
მკვებავდა ჩვილობისას. ის მასმევდა სასმელს, რომელიც,
ტრადიციულად, რაღაც განსაკუთრებული ბუჩქოვანი მცენარის
ქერქისგან მზადდებოდა (ეს მცენარე ჩვენს მხარეში
იზრდებოდა). სწამდათ, რომ ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა, თუ
ამ სასმელს დაალევინებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე
გაამართლა. წლების შემდეგ, როცა წამოვიზარდე, და
მეუბნებოდა, რომ თურმე დიდი თხუპნია ვინმე ვყოფილვარ.
საკმარისი იყო, ხელში ავეყვანე, რომ იმწუთშივე ვსვრიდი.
ჩემს სამ ძმასთან ურთიერთობას თითქმის ვერ ვახერხებდი.
ტხუპტენ ჯიგმე ნორბუ, უფროსი, უკვე აღიარებული იყო
მაღალი ლამას - ტაკცერ რინპოჩეს განსხეულებად („რინპოჩე“
სასულიერო ტიტულია; სიტყვასიტყვით „ძვირფასს“ ნიშნავს)
და იმყოფებოდა კუმბუმში, ცნობილ მონასტერში, რომელიც
ჩვენგან ცხენით რამდენიმე საათის სავალზე მდებარეოდა.
მომდევნო ძმა, გიელო ტჰონდუპი, ჩემზე რვა წლით უფროსი
იყო და, მე რომ დავიბადე, მეზობელი სოფლის სკოლაში
სწავლობდა. უფროსი ძმებიდან ყველაზე პატარა, ლობსან
სამტენი, ჯერ კიდევ შინ რჩებოდა. ის ჩემზე სამი წლით
უფროსი იყო. მალე ისიც კუმბუმში გაგზავნეს, რის გამოც მას
თითქმის არ ვიცნობდი.
რასაკვირველია, არავის უფიქრია, რომ შეიძლებოდა, მე
განსხვავებული ბავშვი ვყოფილიყავი და არა ჩვეულებრივი.
თითქმის წარმოუდგენელი იყო, ერთსა და იმავე ოჯახში ერთ
„ტულკუზე“ მეტი დაბადებულიყო. რა თქმა უნდა, მშობლებს
არც უფიქრიათ, რომ მე დალაი ლამად გამომაცხადებდნენ.
მამაჩემის გამოჯანმრთელება კეთილის მაუწყებელი ნიშანი
იყო, მაგრამ მისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ.
თვითონ მე წარმოდგენაც არ მქონდა, რა მელოდა მომავალში.
ჩემი ბავშვობის ადრეული მოგონებები არაფრით არ არის
გამორჩეული. მიიჩნევენ, რომ მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა
აქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მაგალითად, ერთი ასეთი სცენა
მაგონდება - თვალყურს ვადევნებ მოჩხუბარ ბავშვებს და
მივრბივარ, რომ უფრო სუსტს დავეხმარო. ასევე მახსოვს,
პირველად აქლემი რომ დავინახე. მონღოლეთის ზოგიერთ
რაიონში ისინი სრულიად ჩვეულებრივ ცხოველებად ითვლება
და ხშირად გადმოჰყავთ საზღვარზე. აქლემი უზარმაზარი,
დიდებული და ძალიან საშიში მეჩვენებოდა. მახსენდება,
ერთხელ გლისტები[1] აღმომაჩნდა - ეს ავადმყოფობა
აღმოსავლეთში ძალიან გავრცელებულია.

9
ერთი მოგონება განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩემთვის - როცა
პატარა ბიჭი ვიყავი, დედასთან ერთად საქათმეში მივდიოდი
კვერცხების შესაგროვებლად და იქ ვრჩებოდი. ქათმის ბუდეში
ჯდომა და კაკანი მომწონდა. ბავშვობაში ჩემი კიდევ ერთი
საყვარელი საქმიანობა იყო ჩანთის ჩალაგება, ვითომ შორეული
მოგზაურობისთვის ვემზადებოდი. „ლჰასაში მივდივარ!
ლჰასაში მივდივარ!“ - ვიძახდი. აქვე უნდა აღვნიშნო ერთი
ფაქტი - ყოველთვის დაჟინებით მოვითხოვდი, რომ ჩემთვის
უფლება მოეცათ, სუფრის თავში დავმჯდარიყავი. ამის გამო
მოგვიანებით ამბობდნენ, რომ ალბათ მე ვიცოდი ჩემი დიადი
დანიშნულების შესახებ. ბავშვობაში რამდენიმე სიზმარი ვნახე,
რომლებსაც ასეთივე ახსნა მოუძებნეს, თუმცა დაბეჯითებით
არ შემიძლია, ვამტკიცო, რომ ყოველთვის ვიცოდი, რა მელოდა
მომავალში. მოგვიანებით დედა მომითხრობდა ამბებს,
რომლებიც შესაძლოა მიანიშნებდნენ, რომ ამქვეყნად საპატიო
მისიით ვიყავი მოვლენილი. მაგალითად, თურმე, დედაჩემის
გარდა, არავის ვაძლევდი უფლებას, ჩემი ფინჯნისთვის ხელი
ეხლო. გარდა ამისა, არასოდეს ვამჟღავნებდი შიშს უცნობი
ადამიანების მიმართ.
სანამ მოგიყვებოდეთ, როგორ აღმოაჩინეს, რომ მე დალაი ლამა
ვიყავი, ორიოდე სიტყვა უნდა გითხრათ ბუდიზმსა და მის
ისტორიაზე ტიბეტში. ბუდიზმს საფუძველი ჩაუყარა
ისტორიულმა პირმა, სიდჰარტამ, რომელიც აღიარეს, როგორც
ბუდა შაკიამუნი. იგი 2500 წლის წინ დაიბადა. მისი მოძღვრება,
რომელიც ახლა დჰარმას სახელითაა ცნობილი, იგივე ბუდიზმი,
ტიბეტმა ჩვ. წ. IV საუკუნეში გაიცნო. ბუდიზმს რამდენიმე
ასწლეული დასჭირდა, რომ ძველისძველი რელიგია, ბონი,
გამოეძევებინა და აქ მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი. საბოლოოდ,
ბუდიზმი ტიბეტს ისე მოედო, რომ ქვეყანას ყველა დონეზე
მისი პრინციპებით მართავდნენ. ტიბეტელები ძალიან
აგრესიული და მებრძოლი ხალხია, მაგრამ რელიგიური
პრაქტიკის მიმართ მათი ინტერესის ზრდა გახდა ძირითადი
ფაქტორი, რომელმაც ქვეყანა იზოლაციამდე მიიყვანა. იქამდე
ტიბეტი ვრცელი იმპერია იყო, რომელიც ცენტრალურ აზიაში
ბატონობდა. სამხრეთით მისი ტერიტორია მოიცავდა
ჩრდილოეთ ინდოეთის უმეტეს ნაწილს, ნეპალსა და ბუტანს.
მასში შედიოდა, აგრეთვე, ჩინეთის მიწები. ჩვ. წ. 763 წელს
ტიბეტის ჯარებმა, ფაქტობრივად, დაიპყრეს ჩინეთის
დედაქალაქი, ხარკი დაადეს და აიძულეს, დათმობებზე

10
წასულიყო. თუმცა, რადგანაც ტიბეტელები სულ უფრო მეტი
ერთგულებით ეკიდებოდნენ ბუდიზმს, მათი
დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებთან უფრო სულიერ
ხასიათს იძენდა, ვიდრე პოლიტიკურს. ეს განსაკუთრებით
ჩინეთთან ურთიერთობაზე ითქმის, რომელთანაც ტიბეტმა
ისეთი კავშირი დაამყარა, როგორიც აქვს ღვთისმსახურს თავის
მფარველ ერისკაცთან - მოწყალების გამცემთან. მანჯურიელი
იმპერატორები, რომლებიც ბუდისტები იყვნენ, თაყვანს
სცემდნენ დალაი ლამას, როგორც „ბუდიზმის მქადაგებელ
მეფეს“.
ბუდიზმის ფუძემდებელი კანონი
ურთიერთშეპირობებულობაა, ანუ მიზეზისა და შედეგის
პრინციპი. იგი მარტივია და ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რასაც
ინდივიდუუმი განიცდის, მომდინარეობს მისივე
მოქმედებებიდან, რომლებიც განზრახვითაა განპირობებული.
ამრიგად, განზრახვა მოქმედებისა და განცდილის ძირი და
საფუძველია. ამგვარი გაგებიდან იღებს სათავეს ბუდისტური
თეორიები ცნობიერებისა და რეინკარნაციის შესახებ.
პირველი ამტკიცებს: ვინაიდან მიზეზი ბადებს შედეგს,
რომელიც, თავის მხრივ, ხდება მიზეზი მომდევნო შედეგისა,
ცნობიერება უწყვეტი უნდა იყოს. იგი მიედინება და
ყოველწამიერად აგროვებს გამოცდილებასა და
შთაბეჭდილებებს. აქედან დასკვნა: ფიზიკური სიკვდილის
მომენტში ცოცხალი არსების ცნობიერება შეიცავს ყველა
წარსული განცდისა და შთაბეჭდილების ნაკვალევს; ასევე,
ანაბეჭდს იმ მოქმედებებისა, რომლებიც მათ წინ უსწრებდნენ.
ამ მდგომარეობას ეწოდება „კარმა“, რაც ნიშნავს „მოქმედებას“.
ამგვარად, სწორედ ცნობიერება, თავის თანმდევ კარმასთან
ერთად, „გადადის“, ანუ „კვლავ იბადება“ ახალ სხეულში -
ცხოველში, ადამიანში თუ ღვთაებაში.
მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ: სრულიად შესაძლებელია,
რომ რეინკარნაცია ადამიანისა, თუკი ის მთელი ცხოვრების
მანძილზე ცუდად ექცეოდა ცხოველებს, განხორციელდეს
ძაღლის სახით, რომელიც ცხოველების მიმართ სასტიკი
პატრონის საკუთრება იქნება. ამავე პრინციპით, ღირსეული
ქცევა ამქვეყნად არსებობისას განაპირობებს სასიკეთო,
ხელსაყრელ კვლავშობას მომდევნო ცხოვრებაში.
ბუდისტები მიიჩნევენ, რომ, რამდენადაც ცნობიერების

11
ძირეული ბუნება ნეიტრალურია, შესაძლებელია დაბადების,
ტანჯვის, სიკვდილისა და რეინკარნაციის (რომლებიც
სიცოცხლის მახასიათებლებია) დაუსრულებელი
წრებრუნვიდან გამოსვლა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა
მოიშორებ მთელ უარყოფით კარმას და სიყვარულს,
მიჯაჭვულობას ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ. როცა ეს
მიღწეულია, ცნობიერება ჯერ თავისუფლებას მოიპოვებს, მერე
კი, საბოლოოდ - ბუდას მდგომარეობას. ბუდიზმის ტიბეტური
ტრადიციის თანახმად, ცოცხალი არსება, რომელიც ბუდას
მდგომარეობას მიაღწევს, მიუხედავად იმისა, რომ
თავისუფალია „სანსარასგან“, „ტანჯვის ბორბლისგან“ (ასე
ეწოდება ყოფის ფენომენს), დროდადრო მაინც ბრუნდება იქ,
რომ სხვა არსებათა საკეთილდღეოდ იმოქმედოს, სანამ ყველა
მათგანი მის მსგავსად არ მოიპოვებს თავისუფლებას.
პირადად მე ჩემს წინამორბედთა, ტიბეტის ცამეტი დალაი
ლამადან თითოეულის განსხეულებად (პირველი მათგანი ჩვ. წ.
1351 წელს დაიბადა) ვითვლები. ისინი კი, თავის მხრივ,
აღიქმებიან, როგორც ავალოკიტეშვარას, ანუ ჩენრეზის -
თანაგრძნობის, სიბრალულის, გულმოწყალების ბოდჰისატვას,
თეთრი ლოტოსის მპყრობლის, განსხეულებად. ამგვარად,
მიიჩნევენ, რომ მეც ავალოკიტეშვარას განსხეულება ვარ,
ფაქტობრივად, რიგით სამოცდამეთოთხმეტე
მემკვიდრეობითობის იმ ხაზის მიხედვით, რომელსაც ბიჭუნა-
ბრაჰმანთან მივყავართ, ბუდა შაკიამუნის დროს რომ
ცხოვრობდა. ხშირად მეკითხებიან, ამის მართლა მჯერა თუ არა.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასე ადვილი არ არის. ახლა, როცა
56 წელი შემისრულდა, საკუთარ ცხოვრებასა და ბუდისტურ
რწმენაზე დაყრდნობით, აღარ მიძნელდება, ვაღიარო, რომ
სულიერად დაკავშირებული ვარ წინა ცამეტ დალაი
ლამასთანაც, ავალოკიტეშვარასთანაც და თავად ბუდასთანაც.
სამი წლისაც არ ვიყავი, როცა კუმბუმის მონასტერში
მთავრობის მიერ გამოგზავნილი საძიებო ჯგუფი ჩამოვიდა,
დალაი ლამას ახალი განსხეულება რომ ეპოვა. ისინი აქ
მრავალმა მინიშნებამ მოიყვანა. ერთ-ერთი უკავშირდებოდა
ჩემი წინამორბედის, ტჰუპტენ გიაცოს, მეცამეტე დალაი ლამას
ბალზამირებულ სხეულს (იგი 1933 წელს, 57 წლის ასაკში
გარდაიცვალა). მისი ნეშტი მჯდომარე მდგომარეობაში
მოათავსეს სამეფო ტახტზე და ცოტა ხნის შემდეგ აღმოაჩინეს,
რომ დალაი ლამას თავი სამხრეთის მხრიდან სახით ჩრდილო-

12
აღმოსავლეთისაკენ მიბრუნებულიყო. ამ ამბიდან ძალიან მალე
რეგენტს, რომელიც თავად მაღალი ლამა იყო, ხილვა ჰქონდა.
იგი სამხრეთ ტიბეტში წმინდა ტბის, ლჰამო ლაცოს ზედაპირს
დაჰყურებდა და გარკვევით დაინახა ტიბეტური ასო-ბგერები:
„ახ“, „კა“ და „მა“. შემდეგ წყალზე სამსართულიანი მონასტერი
გამოისახა, რომელსაც მოფირუზისფრო-ოქროსფერი სახურავი
ჰქონდა. მონასტრის შენობიდან მთისკენ ბილიკი
მიემართებოდა. ბოლოს დაინახა პატარა სახლი უცნაური
ფორმის წყალსადინარებით. ლამა დარწმუნებული იყო, რომ
ასობგერა „ახ“ ამდოს ნიშნავდა, ჩრდილო-აღმოსავლეთ
პროვინციას. ამიტომ საძიებო ჯგუფი სწორედ აქ გამოგზავნეს.
როცა ჯგუფის წევრები კუმბუმში ჩამოვიდნენ, იგრძნეს, რომ
სწორ გზას დასდგომოდნენ. მათ ივარაუდეს: თუ ასობგერა „ახ“
ამდოს უკავშირდებოდა, მაშინ „კა“ კუმბუმის მონასტრის
აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო, რომელიც მართლაც
სამსართულიანი იყო და ფირუზისფერი სახურავი ჰქონდა.
ახლა მაძიებლებს ისღა დარჩენოდათ, მოენახათ მთა და სახლი
უცნაური წყალსადინარებით. ამიტომ უახლოესი სოფლების
გამოკვლევა დაიწყეს. როცა მათ ჩემი მშობლების სახლის
სახურავზე ღვიის უცნაური ტოტები დაინახეს, აღივსნენ
რწმენით, რომ ახალი დალაი ლამა სადღაც ახლოს უნდა
ყოფილიყო. სანამ ვიზიტის ნამდვილ მიზეზს გაამხელდნენ,
მათ, უბრალოდ, ღამის გასათევი ითხოვეს. ჯგუფის
ხელმძღვანელმა, კევცანგ რინპოჩემ თავი მსახურად გაასაღა და
თითქმის მთელი საღამო თვალყურს ადევნებდა და
ეთამაშებოდა ოჯახის ყველაზე უმცროს ბავშვს.
როცა ბავშვმა ის დაინახა, იცნო და დაიყვირა: „სერა ლამა! სერა
ლამა!“ სერა - ასე ეწოდება მონასტერს, საიდანაც კევცანგ
რინპოჩე იყო. მეორე დღეს ისინი გაემგზავრნენ და რამდენიმე
დღის შემდეგ დაბრუნდნენ, როგორც ოფიციალური
დელეგაცია. ამჯერად მათ წამოიღეს ნივთები, რომლებიც ჩემს
წინამორბედს ეკუთვნოდა; ასევე მათი მსგავსი ნივთები,
რომლებიც დალაი ლამასი არ იყო. ბავშვმა ყველა მათგანი
სწორად ამოიცნო. ნივთებზე, რომლებიც დალაი ლამა XIII-ს
ეკუთვნოდა, ის ამბობდა: „ეს ჩემია, ეს ჩემია!“ საძიებო ჯგუფი
თითქმის დარწმუნდა, რომ ახალი განსხეულება იპოვა. მაგრამ
იყო სხვა კანდიდატიც, რომელიც უსათუოდ უნდა
შეეთვალიერებინათ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას
მიიღებდნენ. თუმცა დიდი ხანი არ გასულა, რომ ახალ დალაი

13
ლამად აღიარეს ბიჭი ტაკცერიდან. ეს ბიჭი მე ვიყავი.
ალბათ საჭირო არ არის, აღვნიშნო, რომ ამ ამბებიდან ბევრი რამ
არ მახსოვს. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. კარგად მახსოვს
მხოლოდ კაცი, რომელსაც გამჭოლი მზერა ჰქონდა. როგორც
გაირკვა, ეს კაცი კენრაპ ტენზინი იყო, რომელიც ჩემი „სამოსის
მცველი“ გახდა და მოგვიანებით წერას მასწავლიდა.
როგორც კი საძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ ტაკცერელი ბავშვი
დალაი ლამას ჭეშმარიტ განსხეულებას წარმოადგენდა, ამის
შესახებ ლჰასაში რეგენტს აცნობეს. ოფიციალურად ეს
რამდენიმე კვირაში უნდა დაემტკიცებინათ. მანამდე შინ უნდა
დავრჩენილიყავი. ამასობაში ადგილობრივმა გუბერნატორმა, მა
ბუფენმა ჩვენს ოჯახს ბევრი უსიამოვნება მიაყენა. თუმცა
ბოლოს მშობლებმა კუმბუმის მონასტერში წამიყვანეს, სადაც
საზეიმოდ მიმიღეს ცერემონიაზე, რომელიც განთიადისას
გაიმართა. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ დამამახსოვრდა,
რომ გამიკვირდა, როცა მზის ამოსვლამდე გამაღვიძეს და
ჩამაცვეს. კიდევ მახსოვს, რომ სამეფო ტახტზე ვიჯექი.
მშობლები ჩემთან ცოტა ხნით დარჩნენ და მალე სრულიად
უცხო ადამიანების გარემოცვაში მარტო აღმოვჩნდი. პატარა
ბავშვისთვის მშობლებთან დაშორება ადვილი არაა, თუმცა
მონასტერში ცხოვრებისას ორი ნუგეში მქონდა. ჯერ ერთი, იქ
უკვე იმყოფებოდა ჩემს უფროს ძმებში ყველაზე უმცროსი,
ლობსან სამტენი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე სულ რაღაც
სამი წლით იყო უფროსი, ლობსანმა ჩემი პატრონობა იკისრა.
მალე განუყრელი მეგობრები გავხდით. მეორე ნუგეშად კი ის
მქონდა, რომ მის მასწავლებელს, ძალიან კეთილ მოხუც ბერს,
ხშირად ხელში ავყავდი და ხუმრობით თავის მოსასხამს
წამომაფარებდა ხოლმე. მახსოვს, ერთხელ ატამი მაჩუქა.
მაგრამ უფრო ხშირად მაინც ვდარდობდი. ვერ ვხვდებოდი, რას
ნიშნავდა, რომ დალაი ლამა ვიყავი. არაფერი იყო უჩვეულო
იმაში, რომ ბავშვები მონასტერში ცხოვრებას ძალიან ადრეულ
ასაკში იწყებდნენ და მეც ზუსტად ისე მექცეოდნენ, როგორც
სხვა პატარა ბიჭებს. ყველაზე უსიამოვნო მოგონება ჩემმა ერთ-
ერთმა ბიძამ დამიტოვა, რომელიც კუმბუმში ბერად იყო
აღკვეცილი. ერთხელ, საღამოს, როცა ის იჯდა და ლოცვებს
კითხულობდა, მე შემთხვევით მისი ლოცვების წიგნს
წამოვედე და ძირს დავაგდე. წიგნი, როგორც ეს ჩვენში დღემდე
მიღებულია, აკინძული არ იყო და ფურცლები აქეთ-იქით
გაიფანტა. მამაჩემის ძმამ ხელი მტაცა და კარგად მიმტყიპა. იგი

14
ძალიან გაბრაზდა, მე კი შიშით აღარ ვიყავი. ამ ამბის შემდეგ
ყველგან მისი მოშავო, ჩოფურა სახე და მრისხანე ულვაშები
მელანდებოდა. მოგვიანებითაც, როცა სადმე შევეფეთებოდი,
ძალიან მეშინოდა.
როცა გაირკვა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ისევ შევხვდებოდი
მშობლებს და მათთან ერთად ლჰასაში გავემგზავრებოდი,
გავმხნევდი და მომავალს იმედის თვალით დავუწყე ყურება.
მეც, როგორც ყველა ბავშვს, აღფრთოვანებისგან მაკანკალებდა,
როცა გავიფიქრებდი, რომ წინ მოგზაურობა მელოდა. ლოდინი
დაახლოებით თვრამეტ თვეს მომიწია, რადგანაც მა ბუფენმა
დიდი გამოსასყიდი მოითხოვა, რომ ჩემთვის ლჰასაში
გამგზავრების ნება მოეცა. როცა ფული ჩაუთვალეს, მან
მოთხოვნილი თანხის რაოდენობა გაზარდა, მაგრამ ვეღარ
მიიღო, რაც სურდა. ასე რომ, დედაქალაქში მხოლოდ 1939 წლის
ზაფხულში წავედი.
როცა ეს დიადი დღე, როგორც იქნა, დადგა (ეს იყო ერთი კვირის
შემდეგ, რაც ოთხი წელი შემისრულდა), სიხარულითა და
იმედით ფრთაშესხმული ვიყავი. დიდი რაზმი შედგა. გარდა
ჩემი მშობლებისა და ლობსან სამტენისა, მასში შედიოდნენ
საძიებო ჯგუფის წევრები და მომლოცველები. თან გვახლდა
მთავრობის რამდენიმე ჩინოვნიკი, ასევე უამრავი პირუტყვის
გამრეკი. ეს უკანასკნელნი მთელი ცხოვრების მანძილზე
ტიბეტის საქარავნო გზებს ემსახურებოდნენ და შეუცვლელი
იყვნენ ნებისმიერი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს. მათ
ზუსტად იცოდნენ, სად ჯობდა მდინარის გადალახვა და რა
დრო სჭირდებოდა უღელტეხილების გადავლას. რამდენიმე
დღის მგზავრობის შემდეგ დავტოვეთ ოლქი, რომელსაც მა
ბუფენი მართავდა. ტიბეტის მთავრობამ ოფიციალურად
აღიარა კანდიდატურა. ჩვენ შევედით ამქვეყნად ყველაზე
უკაცრიელ და ყველაზე მშვენიერ ადგილას დედამიწაზე - ეს
იყო გიგანტური მთები, რომლებიც გარს ერტყმოდა
თვალუწვდენელ ველებს. აქ მიმავალნი, მცოცავ მწერებს
ვგავდით. ხანდახან გამდნარი წყლის ყინულოვან ნაკადებს
წავაწყდებოდით, რომლებზე გადავლისას წყლის შხეფებს
აქეთ-იქით ვისროდით. რამდენიმე დღეს რომ ვივლიდით,
გვხვდებოდა პაწაწინა დასახლებები, რომლებიც ღია მწვანე
ფერის საძოვრებზე იყო მიმოფანტული; მომცრო მთები,
რომლებიც თითქოს თითებით ჩაჰბღაუჭებოდნენ დიდი
მთების ფერდობებს; ხანდახან შორს მონასტერი

15
გამოჩნდებოდა, რომელიც თითქოს სასწაულის ძალით
აღმართულიყო კლდის თავზე. მაგრამ ირგვლივ უმეტესად
უნაყოფო, დაუსახლებელი ველები გადაჭიმულიყო და
ადამიანს ბუნების სასიცოცხლო ძალას მხოლოდ მრისხანე
მტვრიანი ქარები და სასტიკი სეტყვანარევი ქარიშხლები
შეახსენებდა.
მგზავრობა ლჰასისკენ გრძელდებოდა. იმ დროიდან ცოტა რამ
მახსოვს; ერთადერთი, რაც ჩემს მოგონებებს შემორჩა,
უზარმაზარი გაკვირვების გრძნობაა ყოველივე იმით, რაც ვნახე:
ველური იაკების (დრონგების) ჯოგები, რომლებიც ველებზე
მიიზლაზნებოდნენ; გარეული ვირების (კიანგების) არცთუ
მრავალრიცხოვანი ჯგუფები; მომცრო ზომის ირმები (გოვა და
ნავა), უეცრად ელვის უსწრაფესად რომ ჩაიქროლებდნენ. ისინი
ისეთი მსუბუქები და მარდები არიან, შეიძლება იფიქროთ,
მომელანდნენო. დროდადრო გადავეყრებოდით ბატების
უზარმაზარ გუნდებს, რომლებიც ერთმანეთს ეხმიანებოდნენ.
მათი ყურებით ვტკბებოდი.
გზის უმეტესი ნაწილი მე და ლობსან სამტენმა
განსაკუთრებული ტახტრევნით გავიარეთ, რომელსაც
„დრელჟამი“ ჰქვია. მასში წყვილი ჯორი იყო შებმული. ჩვენ
ხშირად ვკამათობდით და ვჩხუბობდით, როგორც ყველა
ბავშვი, და არცთუ იშვიათად საქმე ჩხუბამდეც მიდიოდა. ასე
რომ, ჩვენს სატრანსპორტო საშუალებას ხანდახან
გადაყირავების საფრთხე ემუქრებოდა. მაშინ გამრეკი აჩერებდა
პირუტყვს და დედაჩემს ეძახდა. როცა დედა შიგნით
შემოიხედავდა, ერთი და იმავე სურათის შემსწრე ხდებოდა:
ლობსან სამტენი ცრემლებად იღვრებოდა, მე კი
გამარჯვებულის სახით ვიჯექი. მიუხედავად იმისა, რომ ის
ჩემზე უფროსი იყო, მე უფრო გაბედულად ვმოქმედებდი.
სინამდვილეში ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ
ერთად რომ შევიყრებოდით, კარგად მოქცევა არ შეგვეძლო. ხან
ერთი, ხან მეორე ისეთ რამეს ვიტყოდით, რაც კამათს იწვევდა,
ყოველივე ამას კი ჩხუბი და ცრემლები მოჰყვებოდა. ტირილით
ყოველთვის ჩემი ძმა ტიროდა და არა მე. ლობსან სამტენი
იმდენად კეთილი იყო, რომ ჩემ წინააღმდეგ ძალის გამოყენება
არ შეეძლო. ძალა კი, იცოცხლე, ჰქონდა. ბოლოს, როგორც იქნა,
ჩვენი რაზმი ლჰასას მიუახლოვდა. ამასობაში შემოდგომაც
დადგა. როცა რამდენიმე დღის სავალი დარჩა, მთავრობის
მაღალჩინოსნების ჯგუფი შემოგვხვდა და გაგვაცილა

16
დოგუტჰანგის დაბლობამდე, რომელიც დედაქალაქიდან
ორიოდე მილზე მდებარეობდა. აქ კარვების უზარმაზარი ბანაკი
მოეწყოთ. შუაში მოთეთრო-მოცისფრო ნაგებობა აღემართათ -
„მაჩა ჩენმო“, ანუ „დიდი ფარშავანგი“. იგი ვეებერთელა
მომეჩვენა. შიგნით ოსტატურად მოჩუქურთმებული ხის
სამეფო ტახტი იდგა.
ყოველივე ამას მოჰყვა ცერემონია, რომლის დროსაც ჩემი
ხალხის სულიერი მეთაურის ფუნქცია დამაკისრეს. ცერემონია
მთელ დღეს გრძელდებოდა. იგი ბუნდოვნად მაგონდება.
მახსოვს მხოლოდ, როგორ ერთიანად მომიცვა ძლიერმა
გრძნობამ, რომ შინ დავბრუნდი; და კიდევ - ზღვა ხალხი.
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა, ამდენ ადამიანს
ერთად მოეყარა თავი. ყველა მიიჩნევდა, რომ მე ოთხ წლამდე
კარგად ვიქცეოდი. ეს აღიარა ორმა უმაღლესი რანგის ბერმა,
რომლებიც ცერემონიაზე იმ მიზნით გამოცხადდნენ, რომ
დარწმუნებულიყვნენ, ნამდვილად ვიყავი თუ არა მეცამეტე
დალაი ლამას განსხეულება. მერე კი, როცა ყველაფერი
დასრულდა, მე და ლობსან სამტენი წაგვიყვანეს
ნორბულინგკაში (რაც ნიშნავს „ძვირფას პარკს“), რომელიც
ლჰასის დასავლეთითაა განლაგებული.
ჩვეულებრივ, ნორბულინგკას იყენებენ, როგორც მხოლოდ
დალაი ლამას საზაფხულო სასახლეს, მაგრამ რეგენტმა
გადაწყვიტა, ჩემი ტახტზე ასვლა მომდევნო წლის ბოლოსთვის
გადაედო. ცერემონია პოტალაში, ტიბეტის მთავრობის
რეზიდენციაში უნდა გამართულიყო. მანამდე საჭირო აღარ
იყო, იქ მეცხოვრა. ეს შეიძლებოდა, ბედის ნამდვილ საჩუქრად
ჩამეთვალა, რადგან ნორბულინგკა გაცილებით სასიამოვნო
ადგილია, ვიდრე პოტალა. რეზიდენცია, სადაც უნდა
გვეცხოვრა, ბაღებით იყო გარშემორტყმული და რამდენიმე
მომცრო შენობისგან შედგებოდა, რომლებსაც ნათელი და
ფართო ოთახები ჰქონდა. პოტალაში კი, რომელიც შორს
მოჩანდა და მედიდურად დაჰყურებდა ქალაქს, პირიქით,
ბნელოდა, ციოდა და პირქუში გარემო იყო.
ამგვარად, მთელი წლის განმავლობაში თავისუფლებით
ვტკბებოდი, არავითარი მოვალეობა არ მამძიმებდა,
უზრუნველად ვთამაშობდი ჩემს ძმასთან და რეგულარულად
ვხვდებოდი მშობლებს. ეს იყო ჩემი უკანასკნელი
თავისუფლება საერო ცხოვრებაში.

17
ლომის სამეფო ტახტი
ის პირველი ზამთარი ბუნდოვნად მახსოვს. მაგრამ ერთი
ამბავი მკვეთრად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. წლის
უკანასკნელი თვის ბოლოს ნამგიელის მონასტრის ბერები
ასრულებდნენ „ცამს“, რიტუალურ ცეკვას, რომელიც
სიმბოლურად ძველი წლის ბოროტი ძალების განდევნას
განასახიერებდა. იმის გამო, რომ ოფიციალურად ჯერ კიდევ არ
ვიყავი ასული ტახტზე, მთავრობამ საჭიროდ არ ჩათვალა,
ცეკვის საყურებლად პოტალაში წავსულიყავი; ლობსან
სამტენი კი იქ დედამ წაიყვანა. მისი საშინლად მშურდა. როცა
ის გვიან საღამოს დაბრუნდა, გული გამიწვრილა უცნაურად
მორთულ-მოკაზმული მოცეკვავეების ნახტომებისა და სხვა
ილეთების დეტალური აღწერით.
მთელი მომდევნო 1940 წელი ნორბულინგკაში გავატარე.
გაზაფხულზე და ზაფხულში ხშირად ვხვდებოდით მშობლებს.
როცა დალაი ლამად გამომაცხადეს, მათ ავტომატურად მიიღეს
უმაღლეს დიდგვაროვანთა სტატუსი და საკმაოდ დიდი
ქონება. გარდა ამისა, წლის ზემოთ აღნიშნულ დროს მათ
განკარგულებაში იყო სახლი სასახლის ტერიტორიაზე.
თითქმის ყოველდღე ჩემს თანმხლებ პირთან ერთად
სახლიდან ვიპარებოდი, რომ ერთი ხანი ჩემს მშობლებთან
გამეტარებინა. სინამდვილეში ამის უფლება არ მქონდა, მაგრამ
რეგენტი, რომელიც ჩემზე პასუხს აგებდა, ამჯობინებდა, ჩემი
გასეირნებები არ შეემჩნია. განსაკუთრებული ხალისით
სადილობის დროს გავრბოდი. ეს იმით აიხსნებოდა, რომ ბიჭს,
რომელსაც ბერობისთვის ამზადებდნენ, კვერცხისა და ღორის
ხორცის ჭამა ეკრძალებოდა. ამ საჭმელს მხოლოდ მშობლების
სახლში ვიგემებდი ხოლმე. მახსოვს, ერთხელ გიოპ კჰენპომ,
ერთ-ერთმა უფროსმა ჩინოვნიკმა კვერცხის ჭამის დროს
წამასწრო. მასაც თავზარი დაეცა და მეც. „წადი აქედან!“ -
დავუყვირე, რაც ძალი და ღონე მქონდა.
მეორედ, მახსოვს, მამაჩემის გვერდით ვიჯექი და პატარა
ძაღლივით შევყურებდი, როგორ ჭამდა იგი დაბრაწულკანიან
ღორის ხორცის ნაჭერს. იმედი მქონდა, რომ ცოტას
მიწილადებდა. ასეც მოიქცა. ო, რა გემრიელი იყო!
ამგვარად, ლხასაში გატარებული პირველი წელი ჩემთვის,

18
საბოლოოდ, ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა. ბერი ჯერ კიდევ არ
ვიყავი. სწავლაც ჯერ არ დამწყებოდა. ლობსან სამტენსაც,
თავის მხრივ, ძალიან უხაროდა, რომ ამ წელს სკოლისგან
თავისუფალი იყო (შემდეგ იგი კუმბუმის სკოლაში შეიყვანეს).
1940 წლის ზამთარში პოტალაში წამიყვანეს, სადაც
ოფიციალურად მომანიჭეს ტიბეტის სულიერი მეთაურის
სტატუსი. განსაკუთრებული არაფერი მაგონდება
ცერემონიიდან, რომელიც ამ მოვლენის აღსანიშნავად
გაიმართა, გარდა იმისა, რომ პირველად ვიჯექი „ლომის სამეფო
ტახტზე“. ეს იყო ხის ძვირფასი თვლებით ინკრუსტირებული
და მოჩუქურთმებული უზარმაზარი სავარძელი, რომელიც
„სიში-პუნცოგში“ („ყველა სასულიერო და საერო ქველი საქმის
დარბაზი“), პოტალას სასახლის აღმოსავლეთის ფრთის მთავარ
დარბაზში იდგა.
მალე ჯოკჰანგის ტაძარში ბერად მაკურთხეს. გაიმართა
ცერემონია, რომელსაც „ტაპჰუ“ ჰქვია, რაც „თმის მოკვეცას“
ნიშნავს. ამიერიდან თავი გადაპარსული უნდა მქონოდა და
მუქი ბორდოსფერი ბერული სამოსი მეტარებინა. არც ამ
ცერემონიიდან მახსოვს ბევრი რამ, გარდა ერთისა: როცა
რიტუალური ცეკვების შემსრულებელთა თვალისმომჭრელად
კაშკაშა, ფერადი სამოსი დავინახე, სულ დამავიწყდა, სად
ვიყავი და აღგზნებულმა დავუძახე ლობსან სამტენს: „ერთი
ამათ უყურე!“
თმის კულული სიმბოლურად მომკვეცა რეგენტმა, რეტინგ
რინპოჩემ, რომელიც, გარდა იმისა, რომ ჩემს
სრულწლოვანებამდე სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ეჭირა,
ჩემს უფროს მასწავლებლად დანიშნეს. თავიდან მის მიმართ
თავშეკავებული დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მალე
ძალიან შევიყვარე. მახსოვს მისთვის დამახასიათებელი
შტრიხი - ცხვირი სულ გაჭედილი ჰქონდა და ამიტომ
დუდღუნით ლაპარაკობდა. ეს ადამიანი მდიდარი ფანტაზიითა
და მახვილი ჭკუა-გონებით გამოირჩეოდა და ყველაფერს
მარტივად უყურებდა; უყვარდა პიკნიკები და ცხენები. ამიტომ
რინპოჩე და მამაჩემი ძალიან დამეგობრდნენ. სამწუხაროდ,
რეგენტობის წლებში ის საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურა
გახდა და მთავრობაც ამ დროისთვის სრულმა კორუფციამ
მოიცვა. მაგალითად, მაღალი თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა
ჩვეულებრივ ამბად იქცა. იმ დროისთვის, როცა ბერად

19
აღვიკვეცე, დადიოდა ხმები, რომ რეტინგ რინპოჩე ღირსი არ
იყო, თმის მოკვეცის ცერემონია აღესრულებინა. ეჭვი ჰქონდათ,
რომ მან უბიწოების აღთქმა დაარღვია, ამიტომ ბერად აღარ
ითვლებოდა. რეტინგ რინპოჩეს დაუფარავად აკრიტიკებდნენ
იმის გამოც, რომ გაუსწორდა ერთ ჩინოვნიკს, რომელიც
ეროვნულ კრებაზე მის წინააღმდეგ გამოვიდა. მიუხედავად
ამისა, ძველი ადათის თანახმად, ამიერიდან ადრინდელივით
ლჰამო დონდრუბი აღარ მერქვა; დამარქვეს რეტინგ რინპოჩეს
სახელი ჯამპელ ეშე, რომელსაც კიდევ სხვა სახელებიც
დაურთეს; ასე რომ, ჩემი სრული სახელი ახლა ასე ჟღერდა:
ჯამპელ ნგავანგ ლობსან ეშე ტენზინ გიაცო.
გარდა უფროსი მასწავლებლისა, რეტინგ რინპოჩესი,
დამინიშნეს უმცროსი მასწავლებელი, ტატჰაგ რინპოჩე,
რომელიც ღრმადმორწმუნე, გულითადი და კეთილი ადამიანი
იყო. ჩვენი გაკვეთილების შემდეგ ის ხშირად მესაუბრებოდა
და მეხუმრებოდა, რასაც ძალიან ვაფასებდი. გარდა ამისა, სანამ
ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, საძიებო ჯგუფის უფროსმა, კევცანგ
რინპოჩემ, მესამე მასწავლებლის არაოფიციალური
თანამდებობა მიიღო. იგი ცვლიდა პირველ და მეორე
მასწავლებლებს, როცა მათ სადმე წასვლა უწევდათ.
განსაკუთრებით მიყვარდა კევცანგ რინპოჩე, რომელიც, ისევე,
როგორც მე, წარმოშობით ამდოდან იყო. თავისი უზომო
სიკეთის გამო, მას სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. ჩვენი
მეცადინეობის დროს, იმის ნაცვლად, რომ მოცემული ტექსტი
ზეპირად გამემეორებინა, ხშირად მას კისერზე
ჩამოვეკიდებოდი და ვეუბნებოდი: „შენ თვითონ გაიმეორე!“
მოგვიანებით ტრიჯანგ რინპოჩეს, რომელიც ჩემი უმცროსი
მასწავლებელი გახდა (ამ დროისთვის ალბათ უკვე ცხრამეტი
წლის ვიქნებოდი), იგი ურჩევდა, ღიმილისგან თავი
შეეკავებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სიკეთით
დაუყოვნებლივ ბოროტად ვისარგებლებდი.
თუმცა თანამდებობების ამგვარი გადანაწილება ძალაში
დიდხანს არ დარჩენილა, რადგან ჩემი ბერად აღკვეცის დღიდან
ძალიან მალე რეტინგ რინპოჩემ უარი თქვა რეგენტობაზე. ამის
მიზეზი უმთავრესად მისი არაპოპულარულობა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ექვსი წლის ვიყავი,
მკითხეს, ჩემი აზრით, ვის უნდა შეეცვალა იგი. მე ტატჰაგ
რინპოჩე დავასახელე. ამის შემდეგ ის გახდა ჩემი უფროსი

20
მასწავლებელი. უმცროსი მასწავლებლის ადგილი კი მის
ნაცვლად ლინგ რინპოჩემ დაიკავა. ტატჰაგ რინპოჩესგან
განსხვავებით, რომელსაც რბილი ხასიათი ჰქონდა, ლინგ
რინპოჩე უკიდურესად თავშეკავებული და პირქუში იყო.
თავიდან მისი პანიკურად მეშინოდა. ის კი არა, მისი მსახურის
დანახვაც კი მაფრთხობდა. სწრაფად ვისწავლე ჩემი
მასწავლებლის ნაბიჯების გამოცნობა. ამ ხმაზე გული
მიფანცქალებდა; მაგრამ ბოლოს დავმეგობრდით. იგი
სიცოცხლის ბოლომდე (1983 წლამდე) ჩემს უახლოეს
ადამიანად და ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.
გარდა მასწავლებლებისა, ჩემს პირად გარემოცვას კიდევ სამი
ადამიანი შეადგენდა. სამივენი ბერები იყვნენ: „ჩოიპონ
კჰენპო“ - რიტუალის ოსტატი, „სოლპონ კჰენპო“ -
სამზარეულოს ოსტატი, და „სიმპონ კჰენპო“ - სამოსის მცველი.
ეს უკანასკნელი თანამდებობა კენრაპ ტენზინმა დაიკავა,
საძიებო ჯგუფის იმ წევრმა, რომლის გამჭოლმა მზერამ ჩემზე
ოდესღაც ესოდენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მაინც ბავშვი ვიყავი და ყველაზე მეტად სამზარეულოს ოსტატს
შევეთვისე. იგი იმდენად მიყვარდა, მოვითხოვდი, რომ სულ
ჩემი მხედველობის არეში ყოფილიყო. მისი ტანსაცმლის
კალთის ნაწილი მაინც უნდა დამენახა სადმე, კარებში ან
ფარდების ქვეშ, რომლებიც ტიბეტურ სახლებში კარის
მოვალეობას ასრულებს.
საბედნიეროდ, ჩემს ასეთ ქცევას ის შემწყნარებლურად
ეკიდებოდა. სამზარეულოს ოსტატი კეთილი, უბრალო
ადამიანი იყო, თითქმის მთლად გამელოტებული. იგი დიდად
არც თხრობის ნიჭით გამოირჩეოდა, არც სხვადასხვა თამაშისას
აუბამს მხარი, როგორც მხიარულ ამფსონს, მაგრამ ამას
ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მას შემდეგ ხშირად დამისვამს კითხვა საკუთარი თავისთვის:
„რას ეფუძნებოდა ჩვენი ურთიერთობა?“ ახლა ვხვდები - იგი იმ
ძაფებს ჰგავდა, კატის კნუტს ან სხვა პატარა ცხოველს რომ
აკავშირებს ადამიანთან, რომელიც მას კვებავს. ხანდახან
ვფიქრობ, რომ დაპურების აქტი ნებისმიერი
ურთიერთდამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
ბერად აღკვეცისთანავე დაიწყო ჩემი სწავლა-განათლება.
თავდაპირველად მხოლოდ კითხვას მასწავლიდნენ. მე და

21
ლობსან სამტენს ერთად გვამეცადინებდნენ. ძალიან კარგად
მახსოვს ჩვენი საკლასო ოთახები (პოტალასა და
ნორბულინგკაში). ერთმანეთის მოპირდაპირე კედლებზე ორი
მათრახი ეკიდა; ერთი - ყვითელი აბრეშუმის, მეორე - ტყავის.
ჩვენ გვითხრეს, რომ პირველი დალაი ლამასთვის იყო
განკუთვნილი, მეორე - დალაი ლამას ძმისთვის. ეს წამების
იარაღები ორივეს თავზარს გვცემდა. საკმარისი იყო,
მასწავლებელს რომელიმე მათრახისთვის შეეხედა, შიშისგან
კანკალს ვიწყებდი. საბედნიეროდ, ყვითელი არასოდეს
გამოუყენებიათ, ტყავისა კი ერთი-ორჯერ ჩამოხსნეს
კედლიდან. საწყალი ლობსან სამტენი! მისდა სავალალოდ, ის
ისეთი ბეჯითი მოსწავლე არ იყო, როგორიც მე. თანაც, ეჭვი
მაქვს, მას ძველი ტიბეტური ანდაზისამებრ სცემდნენ: „ურტყი
თხას, რომ ცხვარს ეშინოდეს!“ მას ჩემ გამო უწევდა ტანჯვა.
არც ლობსან სამტენს, არც მე, ნება არ გვქონდა, ჩვენი ასაკის
მეგობრები გვყოლოდა, მაგრამ მათ ნაკლებობას არასდროს
განვიცდიდით. ნორბულინგკაშიც და პოტალაშიც
მოსამსახურეთა დიდი შტატი გვყავდა (ლაქიებს მათ ვერ
უწოდებდი). ისინი უმეტესად შუახნის ადამიანები იყვნენ,
მცირემცოდნენი ან საერთოდ გაუნათლებლები. ზოგიერთი
მათგანი ამ სამუშაოზე პირდაპირ ჯარში სამსახურის შემდეგ
მოვიდა. მათ ევალებოდათ, რომ ოთახებში სისუფთავე
დაეცვათ და თვალყური ედევნებინათ, იატაკები
გაპრიალებული ყოფილიყო. ამ უკანასკნელი საქმიანობის
მიმართ გულგრილი ვერ ვრჩებოდი, რადგან იატაკზე ისე
ვსრიალებდი, როგორც ყინულზე ციგურებით. როცა, ბოლოს და
ბოლოს, ლობსან სამტენი შინ წაიყვანეს (რადგანაც ორნი
ერთად ცუდად ვიქცეოდით), მეგობრებად მხოლოდ ეს
მსახურები შემრჩნენ. მერე როგორ მეგობრებად! თავიანთი
ასაკის მიუხედავად, ისინი ბავშვებივით თამაშობდნენ. რვა
წლის ვიქნებოდი, როცა ლობსან სამტენი კერძო სკოლაში
გაგზავნეს სასწავლებლად. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან
დამანაღვლიანა; ის ხომ ერთადერთი იყო, ვინც ოჯახთან
მაკავშირებდა. ახლა ძმას მხოლოდ სასკოლო არდადეგებზე ან
სავსემთვარეობისას ვხვდებოდი. მახსოვს, ყოველთვის, ჩემგან
მისი გამგზავრების დრო რომ დგებოდა, ფანჯარასთან ვიდექი
და დარდით გული მეწურებოდა, როცა ვხედავდი, როგორ
თანდათან ეფარებოდა თვალს.
გარდა ამ ყოველთვიური შეხვედრებისა, დროდადრო ჩემს

22
მოსანახულებლად დედა მოდიოდა, როგორც წესი, ჩემს უფროს
დასთან, ცერინგ დოლმასთან ერთად. მათი ჩამოსვლა
განსაკუთრებით მიხაროდა, რადგან ყოველთვის მოჰქონდათ
რაიმე ნუგბარი ჩემთვის. დედა, შესანიშნავი დიასახლისი,
განთქმული იყო, როგორც დახელოვნებული მცხობელი.
უფრო მოგვიანებით დედას ტენზინ ჩოიგიელი მოჰყავდა
ხოლმე, ჩემი ყველაზე პატარა ძმა. იგი თორმეტი წლით იყო
უმცროსი. თუკი შეიძლებოდა, ჩემზე უფრო ცელქი ბავშვი
წარმოგედგინათ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პატარა ძმა იქნებოდა.
მისი ერთ-ერთი საყვარელი თამაში ჩვენი სახლის სახურავზე
პონის აყვანა იყო. კიდევ, კარგად მახსოვს, ერთხელ (მაშინ სულ
პატარა გახლდათ) ჩუმად მოვიდა ჩემთან და მითხრა, დედამ
სულ ახლახან ყასაბს ღორის ხორცი შეუკვეთაო. ეს
იკრძალებოდა - მიუხედავად იმისა, რომ ხორცის ყიდვა
ნებადართული იყო, მისი შეკვეთა არ შეიძლებოდა, რადგან ამ
შემთხვევაში, შესაძლოა, ცხოველი სპეციალურად დაეკლათ
თქვენი შეკვეთის შესასრულებლად
ტიბეტელების დამოკიდებულება ვეგეტარიანული საკვების
მიმართ ერთობ საინტერესოა. ბუდიზმი კატეგორიულად არ
კრძალავს ხორცის ჭამას, თუმცა მიიჩნევა, რომ ჭამისთვის
ცხოველი არ უნდა მოკლა. ტიბეტურ საზოგადოებაში ხორცის
ჭამა დაშვებულია, რადგან ხშირად, ცამპას გარდა, სხვა საკვები
არაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პირუტყვის
დაკვლა საქმიანობად გაიხადო. ეს საქმე სხვებს უნდა
გადააბარო. ნაწილობრივ, ამას მუსულმანები აკეთებდნენ,
რომელთა თემი თანდათან იზრდებოდა. მათ ლჰასაში
საკუთარი მეჩეთიც კი ჰქონდათ. მთელ ტიბეტში რამდენიმე
ათასი მუსულმანი იყო. მათგან დაახლოებით ნახევარი
ქაშმირიდან ჩამოვიდა, დანარჩენი - ჩინეთიდან.
ერთხელ, როცა დედამ ნობათი მომიტანა, კერძოდ, ხორციანი
საჭმელი (ხორცითა და ბრინჯით დატენილი პატარა ძეხვები;
ტაკცერი განთქმული იყო ამ კერძით), მახსოვს, ყველა ერთ
ჯერზე შევჭამე, რადგან ვიცოდი, რომელიმე მსახურისთვის
რომ მეთქვა, მაშინ მისთვის უნდა მეწილადებინა. მეორე დღეს
ავად გავხდი. ამ შემთხვევის გამო სამზარეულოს ოსტატმა
კინაღამ ადგილი დაკარგა. ტატჰაგ რინპოჩემ იფიქრა, რომ ჩემს
ავადმყოფობაში სწორედ მას მიუძღოდა ბრალი. ამიტომ
იძულებული გავხდი, სიმართლე მეთქვა. ეს ჩემთვის კარგი

23
გაკვეთილი გამოდგა.
მიუხედავად იმისა, რომ პოტალა ძალიან ლამაზია, აქ ცხოვრება
არცთუ ისე სასიამოვნოა. იგი შიშველ კლდეზეა აღმართული,
რომელსაც „წითელ მთას“ ეძახიან; წინათ მის ადგილას სხვა,
მომცრო ზომის ნაგებობა იდგა, რომელიც დიდი დალაი ლამა V-
ის მმართველობის დროს აშენდა, ქრისტიანული კალენდრის
მიხედვით XVII საუკუნეში. როცა 1682 წელს ის გარდაიცვალა,
მშენებლობის დასრულებას ჯერ კიდევ ბევრი უკლდა; ამიტომ
დესი სანგიეი-გიაცო, მისი ერთგული პრემიერ-მინისტრი,
თხუთმეტი წლის განმავლობაში მალავდა დალაი ლამას
გარდაცვალების ფაქტს, სანამ შენობა არ დამთავრდა; ამ ხნის
განმავლობაში ის ხალხს აწვდიდა ცნობას, რომ მისმა
უწმინდესობამ დიდი ხნით განდეგილობაში ყოფნა ამჯობინა.
თავად პოტალა მარტო სასახლის ფუნქციას არ ასრულებდა. მის
კედლებში განლაგებული იყო არა მხოლოდ სამთავრობო
დაწესებულებები და ურიცხვი საწყობები, არამედ ნამგიელის
მონასტერი („ნამგიელი“ ნიშნავს „ძლევამოსილს“,
„გამარჯვებულს“), მისი 175 ბერი და მრავალი სალოცავი
შენობა; ასევე სკოლა იმ ახალგაზრდა ბერებისათვის,
რომლებსაც „ცედრუნგში“ თანამდებობები უნდა
დაეკავებინათ.
მე, პატარა ბავშვს, გამომიყვეს დიდი დალაი ლამა V-ის პირადი
საძინებელი, რომელიც ყველაზე მაღლა, მეშვიდე სართულზე
მდებარეობდა. ვეჭვობ, დალაი ლამა V-ის შემდეგ ამ საშინლად
ცივი და პირქუში ოთახით ვინმეს ესარგებლა. მასში
ყველაფერი ძველი და დაფხავებული იყო. ფარდებზე,
რომლებიც ოთხივე ფანჯარაზე ეშვებოდა, საუკუნეების
მანძილზე დაგროვებული მტვერი ჩამჯდარიყო. ოთახის ერთ
კუთხეში საკურთხეველი იდგა. მასზე განელაგებინათ პატარა
კანდელები დრის ამძაღებული ერბოთი, რომლებშიც პატრუქი
იყო ჩასმული; ასევე წყალი და თეფშები საჭმლით - ბუდების
ძღვენი. ამ ჭურჭელს ყოველდღე თაგვები ასუფთავებდნენ.
ძალიან შევიყვარე ეს პაწაწინა მხეცები. ისინი ძალიან ლამაზები
იყვნენ და სრულებით არ ეშინოდათ, ისე ნთქავდნენ თავიანთ
ყოველდღიურ ულუფას. ღამით, როცა საწოლში ვიწექი,
მესმოდა, ჩემი პატარა მეგობრები როგორ დარბოდნენ აქეთ-
იქით. ხანდახან ჩემს ლოგინზე ამოძვრებოდნენ. ჩემი საწოლი
სინამდვილეში ბალიშებით სავსე დიდი ზომის ყუთი იყო; მის
ირგვლივ წითელი ფარდები ეშვებოდა. თაგვები ფარდებზე

24
მიცოცავდნენ და მათი შარდი საბანს ეწვეთებოდა, რომლის
ქვეშაც მე მოკუნტული ვიწექი.
ჩემი ყოველდღიური ცხოვრება პოტალასა და ნორბულინგკაში
ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. თუმცა ამ უკანასკნელში დღის
განრიგი ერთი საათით ადრე იწყებოდა, რადგან დღეები
ზაფხულში უფრო გრძელია. მაგრამ მე ეს არ მეძნელებოდა.
არასოდეს მყვარებია ადგომა მზის ამოსვლის შემდეგ. მახსოვს,
ერთხელ ძილს თავი ვერ გავართვი და როცა ავდექი,
აღმოვაჩინე, რომ ლობსან სამტენი უკვე ეზოში თამაშობდა.
ძალიან გავბრაზდი.
პოტალაში, ჩვეულებრივ, დილის ექვსი საათისთვის
ვდგებოდი. როცა ტანთ ჩავიცვამდი, დაახლოებით ერთი საათი
ლოცვებსა და მედიტაციას ეთმობოდა, შემდეგ, უკვე რვის
წუთებზე, საუზმე მოჰქონდათ. იგი, როგორც ყოველთვის,
უცვლელი იყო: ჩაი და ცამპა თაფლით ან კარამელით. შემდეგ
იწყებოდა დილის მეცადინეობები კენრაპ ტენზინთან ერთად.
მას შემდეგ, რაც კითხვა ვისწავლე, ცამეტ წლამდე ეს დრო
კალიგრაფიაში ვარჯიშს ხმარდებოდა. ტიბეტურ ენაში
დამწერლობის ორი ვარიანტი არსებობს: „უ-ჩენი“ და „უ-მე“;
ერთი - წიგნებისთვის, მეორე - დოკუმენტებისა და პირადი
მიმოწერისთვის. მე მხოლოდ „უ-მეს“ ცოდნა მევალებოდა,
მაგრამ სრულიად დამოუკიდებლად, „უ-ჩენსაც“ საკმაოდ
სწრაფად დავეუფლე.
სიცილს ვერ ვიკავებ, როცა ეს დილის გაკვეთილები
მახსენდება. საქმე ის არის, რომ სამოსის მცველის ფხიზელი
მეთვალყურეობის ქვეშ მყოფს მესმოდა, რიტუალის ოსტატი
კარს მიღმა წამღერებით როგორ კითხულობდა ლოცვებს.
„საკლასო ოთახი“ ჩემს საძინებელს ეკვროდა. სინამდვილეში
ეს ჩვეულებრივი ვერანდა იყო, სადაც ქოთნებში ჩარგული
მცენარეები ჩაემწკრივებინათ. ხშირად აქ საკმაოდ ციოდა,
მაგრამ, სამაგიეროდ, ნათელ სივრცეში თავისუფლად შეგეძლო,
გეყურებინა წითელნისკარტიანი ჩიტუნებისთვის,
დუნგკარებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, პოტალას
სასახლის სახურავქვეშ იშენებდნენ ბუდეებს. ამ დროს
რიტუალის ოსტატი ჩემს საძინებელში იჯდა. საუბედუროდ,
იგი დილის ლოცვების დროს აუცილებლად ჩათვლემდა
ხოლმე. როცა ეს ხდებოდა, მისი ხმა თანდათან ილეოდა,
როგორც გრამოფონს მოსდის, რომელსაც დენის წყარო

25
თანდათან ეცლება. ლოცვის წამღერებით კითხვა გაუგებარ
ბუტბუტში გადიოდა და ბოლოს წყდებოდა. ცოტა ხნით პაუზა
გამეფდებოდა. მერე ბერს ეღვიძებოდა და ყველაფერი თავიდან
იწყებოდა. ხანდახან თავგზა ისე ერეოდა, აღარ ახსოვდა, სად
შეჩერდა; ამიტომ ერთსა და იმავეს რამდენჯერმე იმეორებდა.
ეს ყოველივე ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ დადებითი მხარეც
ჰქონდა. როცა მოგვიანებით მე თვითონ დავიწყე ამ ლოცვების
სწავლა, აღმოვაჩინე, რომ ისინი უკვე ზეპირად ვიცოდი.
კალიგრაფიას დამახსოვრებაში ვარჯიში მოსდევდა - მე,
უბრალოდ, უნდა მესწავლა რომელიმე ბუდისტური ტექსტი იმ
მიზნით, რომ შემდეგ მთელი დღის განმავლობაში
მემეორებინა. ეს საქმიანობა ძალიან მოსაწყენი მეჩვენებოდა,
რადგან ზეპირად ძალიან სწრაფად ვსწავლობდი. თუმცა, უნდა
აღვნიშნო, რომ ასევე სწრაფად მავიწყდებოდა.
ათ საათზე დილის მეცადინეობების შემდგომი შესვენება
იწყებოდა. ამ დროს იმართებოდა მთავრობის წევრების კრება,
რომელსაც, მიუხედავად ჩემი ნორჩი ასაკისა, ვალდებული
ვიყავი, დავსწრებოდი. თავიდანვე მამზადებდნენ იმ
დღისთვის, როცა, სასულიერო სფეროს მეთაურობის გარდა,
ტიბეტის საერო მმართველის ფუნქციაც დამეკისრებოდა.
დარბაზი პოტალაში, სადაც ეს კრებები იმართებოდა, ჩემი
ოთახის მიღმა მდებარეობდა. ჩინოვნიკები აქ სამთავრობო
დაწესებულებებიდან ამოდიოდნენ, რომლებიც შენობის მეორე
და მესამე სართულებზე იყო განლაგებული. თვითონ ეს
კრებები საკმაოდ ფორმალური ღონისძიებები იყო (მათი
მსვლელობისას თითოეულ ჩინოვნიკს ეძლეოდა დავალება
მოცემული ეტაპისთვის) და, რა თქმა უნდა, ეტიკეტის იმ
ნაწილს, რომელიც მე მეხებოდა, ძალიან მკაცრად იცავდნენ.
ჩემი ჰოფმაისტერი, „დონიერ ჩენმო“, ჩემს ოთახში უნდა
შემოსულიყო და დარბაზში წავეყვანე, სადაც პირველად
რეგენტი მესალმებოდა, მერე კი - კაშაგის ოთხი წევრი,
თითოეული - თავისი რანგის შესაბამისად.
მთავრობასთან დილის შეხვედრის შემდეგ ჩემს ოთახში
ვბრუნდებოდი მომდევნო გაკვეთილებზე. ახლა უმცროსი
მასწავლებელი მამეცადინებდა, რომელსაც ზეპირად
ვუკითხავდი იმ ნაწყვეტებს, ადრე დილით, დამახსოვრების
გაკვეთილზე რომ ვისწავლე. შემდეგ იგი მიკითხავდა ტექსტს,
რომელიც მეორე დღისთვის უნდა მესწავლა, თან

26
დაწვრილებით განმარტებას მოაყოლებდა ხოლმე. ეს
მეცადინეობა დაახლოებით შუადღემდე გრძელდებოდა. ამ
დროს პატარა ზარი დარეკავდა და ზღვის ნიჟარაშიც
ჩაჰბერავდნენ ხოლმე. ამას მოსდევდა ნორჩი დალაი ლამას
დღის განრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი - თამაშები.
უმშვენიერესი სათამაშოები მქონდა. როცა ძალიან პატარა
ვიყავი, ერთი დრომოელი ჩინოვნიკი (დრომო სოფელია
ინდოეთის საზღვართან) ხშირად მიგზავნიდა იმპორტულ
სათამაშოებს და ვაშლს ყუთებით (როცა ვაშლის სეზონი იყო).
სათამაშოებს ლჰასაში ჩამოსული უცხოელი მოღვაწეებიც
მჩუქნიდნენ ხოლმე. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სათამაშო იყო
კონსტრუქტორი, რომელიც ბრიტანეთის სავაჭრო მისიის
უფროსმა მაჩუქა (მას ოფისი დედაქალაქში ჰქონდა). რაც უფრო
ვიზრდებოდი, სულ უფრო მეტ საკონსტრუქტორო კომპლექტს
ვიღებდი საჩუქრად. როცა თხუთმეტი წელი შემისრულდა,
კონსტრუქტორების სრული კოლექცია მქონდა, დაწყებული
უმარტივესიდან, დამთავრებული ყველაზე რთულით.
როცა შვიდი წლის ვიყავი, ლჰასაში ჩამოვიდა დელეგაცია,
რომელიც ორი ამერიკელი ოფიციალური პირისგან შედგებოდა.
პრეზიდენტ რუზველტის წერილის გარდა, მათ შესანიშნავი
ოქროს საათი ჩამომიტანეს და მშვენიერი მგალობელი ჩიტები
მაჩუქეს. ორივე საჩუქარმა ძალიან მასიამოვნა. ძღვენს კი,
რომელიც ჩინელმა პოლიტიკოსებმა მომართვეს, ჩემზე ასეთი
შთაბეჭდილება არ მოუხდენია. აბა, როგორ დააინტერესებს
პატარა ბიჭს აბრეშუმის რულონები!
კიდევ მქონდა საყვარელი სათამაშოები - მოსამართი რკინიგზა
და კალის პატარა ჯარისკაცების შესანიშნავი კომპლექტი.
მოგვიანებით, როცა წამოვიზარდე, გადადნობა ვისწავლე და
მათგან ბერების ფიგურებს ვამზადებდი. თავდაპირველი სახე
როცა ჰქონდათ, ამ ჯარისკაცებით ომობანას ვთამაშობდი. მათ
განლაგებას უზომოდ დიდ დროს ვანდომებდი. როცა ბრძოლა
იწყებოდა, ჩემ მიერ დამყარებული საოცარი წესრიგი სულ
რაღაც რამდენიმე წუთში ირღვეოდა. იგივე ხდებოდა სხვა
თამაშის დროსაც, რომელშიც ჩემ მიერ ცამპას ცომისგან (ანუ
ე.წ. „პასგან“) დამზადებულ პატარა ტანკებსა და
თვითმფრინავებს ვიყენებდი.
უწინარეს ყოვლისა, ვაწყობდი შეჯიბრებას ჩემს უფროს
მეგობრებს შორის, ვინ უკეთეს მოდელებს გააკეთებდა.

27
თითოეულს ცომის თანაბარი რაოდენობა ეძლეოდა.
დაახლოებით ნახევარ საათში მათ მთელი არმია უნდა
გამოეძერწათ. მე თვითონ ძალიან სწრაფად ვძერწავდი და
შედეგებიც მე უნდა შემეფასებინა. ხანდახან მონაწილეებს
დისკვალიფიკაციას ვაძლევდი იმის გამო, რომ მათი მოდელები
ცუდი იყო. ხანდახან მეტოქეებს ჩემი მოდელების ნაწილს
მივყიდდი ხოლმე, იმაზე ორჯერ მეტი რაოდენობის ცომის
ფასად, რაც მათ დამზადებას სჭირდებოდა. ამ გზით
ვახერხებდი, გაცილებით მეტი რესურსი შემეგროვებინა. თანაც
ეს გაცვლა სიამოვნებას მანიჭებდა. მერე ბრძოლას ვიწყებდით.
ამ დრომდე ყველაფერი ისე კეთდებოდა, როგორც მე მინდოდა,
მაგრამ როცა მოწინააღმდეგე თანდათანობით მიწასთან
მასწორებდა, ვცდილობდი, საქმე ჩემ სასარგებლოდ
შემომეტრიალებინა. თუმცა ჩემმა „მტრებმა“ დანდობა არ
იცოდნენ. არც ერთი თამაშის დროს. ხშირად ვცდილობდი,
დალაი ლამას მდგომარეობით მესარგებლა, მაგრამ ამაოდ. რაც
ძალი და ღონე მქონდა, ვცდილობდი, გამარჯვება
მომეპოვებინა; საკმაოდ ხშირად საკუთარ თავზე კონტროლს
ვკარგავდი და მუშტებზე გადავდიოდი, მაგრამ
მოწინააღმდეგეები მაინც არ მნებდებოდნენ. მათ სიჯიუტეს
ხანდახან ცრემლებამდეც მივყავდი ხოლმე.
ძალიან მიყვარდა ვარჯიში სამწყობრო მომზადებაში. ჩემი
მწვრთნელი ჯარში ნამსახური ნორბუ ტჰონდუპი იყო, ჩემი
საყვარელი მეგობარი დამლაგებლებს შორის. როგორც
ნებისმიერ პატარა ბიჭს, მეც იმდენი ენერგია მქონდა, ჭკუას
ვკარგავდი ყველაფერზე, რაც ფიზიკურ აქტიურობას
უკავშირდებოდა. განსაკუთრებით მომწონდა ერთი თამაში (ის
ოფიციალურად იკრძალებოდა) - რაც შეიძლება, სწრაფად უნდა
აგერბინა ფიცარზე, რომელიც 45o-იან კუთხეს ქმნიდა, და
იქიდან გადმომხტარიყავი. აგრესიისადმი ჩემმა მიდრეკილებამ
კინაღამ უბედურებას გადამყარა. ჩემი წინამორბედის ნივთებს
შორის რკინისბუნიკიან ხელჯოხს წავაწყდი. ერთხელ ამ
ხელჯოხს თავს ზემოთ ვატრიალებდი, იგი ხელიდან
გამისხლტა, ტრიალ-ტრიალით გაფრინდა ლობსან სამტენისკენ
და მთელი ძალით მოხვდა სახეში. ის იატაკზე დაენარცხა.
ეჭვიც არ შემპარვია, რომ ჩემი ძმა მოვკალი. ჩემთვის
გაუსაძლისი რამდენიმე წამის შემდეგ იგი წამოდგა. სახე
ცრემლებითა და სისხლით მოთხვროდა. სისხლი გახეთქილი
წარბიდან მოჩქეფდა. ჭრილობა, რომელიც საშინლად ღრმა იყო,

28
მერე დაუჩირქდა და დიდხანს არ მოშუშებია. საწყალ ლობსან
სამტენს ეს ნიშანი მთელი სიცოცხლის მანძილზე დარჩა.
დღის პირველი საათის შემდეგ სწრაფად დგებოდა მსუბუქი
სამხრის დრო. პოტალას ისეთი მდებარეობა ჰქონდა, რომ
ნაშუადღევს, დილის მეცადინეობების დასრულებისას, ჩემს
ოთახს მზის შუქი აჩახჩახებდა. მაგრამ ორი საათის შემდეგ იგი
ძალას კარგავდა და ოთახი ისევ ბინდში იძირებოდა. ამ
მომენტს ვერ ვიტანდი, ხასიათი მიფუჭდებოდა.
სამხრის შემდეგ დღის მეცადინეობები იწყებოდა. პირველი
საათ-ნახევარი ზოგად განვითარებას ეთმობოდა, რასაც
უმცროსი მასწავლებელი ხელმძღვანელობდა. ის ყველაფერს
აკეთებდა, რომ ჩემი ყურადღება მიეპყრო. ყოველგვარი
ენთუზიაზმის გარეშე ვსწავლობდი და ყველა საგანი
ერთნაირად ნამდვილად არ მიყვარდა.
პროგრამა, რომლის მიხედვითაც მე ვსწავლობდი, იგივე იყო,
რაც ყველა ბერისთვის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ
ბუდისტურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხზე.
დაუბალანსებლობის გამო, ის სახელმწიფოს მეთაურისთვის
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში სრულებით არ
გამოდგებოდა. სასწავლო პროგრამაში შედიოდა ხუთი მთავარი
და ხუთი მეორეხარისხოვანი საგანი. პირველ კატეგორიას
მიეკუთვნებოდა: ლოგიკა, ტიბეტური ხელოვნება და
კულტურა, სანსკრიტი, მედიცინა, ბუდისტური ფილოსოფია.
ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანი (და ყველაზე
რთული) იყო და, თავის მხრივ, ხუთ ნაწილად იყოფოდა:
„პრაჯნიაპარამიტა“ - სიბრძნის სრულყოფილება; „მადჰიამიკა“
- კომპრომისული (შუალედური) გზის ფილოსოფია; „ვინაია“ -
ბერული დისციპლინის წესდება; „აბჰიდჰარმა“ - მეტაფიზიკა;
„პრამანა“ - ლოგიკა და ეპისტემოლოგია.
ხუთი მცირე საგანია: პოეზია; მუსიკა და დრამატურგია;
ასტროლოგია; მეტრიკა და კომპოზიცია; სინონიმები.
სინამდვილეში, დოქტორის ხარისხს ანიჭებენ ბუდისტური
ფილოსოფიის, ლოგიკისა და დიალექტიკის საფუძველზე.
სწორედ ამ მიზეზით 70-იან წლებამდე სანსკრიტის
გრამატიკისთვის ხელი არ მომიკიდია, ხოლო ზოგიერთ საგანს,
როგორიცაა, მაგალითად, მედიცინა, არაფორმალური სახით
ვსწავლობდი.

29
ბერული განათლების ტიბეტური სისტემის საფუძველი
დიალექტიკაა - დისპუტის ხელოვნება. დისპუტის ორი
მონაწილე ერთმანეთს რიგრიგობით უსვამს კითხვებს,
რომლებსაც სტილიზებულ ჟესტებს ურთავენ. ვინც კითხვას
სვამს, მარჯვენა ხელს თავს ზემოთ სწევს, მერე ამ ხელს
გამოშვერილ მარცხენა ხელს დაჰკრავს, თან მარცხენა ფეხს
ურტყამს იატაკზე. შემდეგ მარჯვენა ხელს ნელა მოაშორებს
მარცხენას და ის თავისი ოპონენტის თავთან მიაქვს. მეორე
ადამიანი პასიურობას ინარჩუნებს და მთელ გულისყურს იქით
მიმართავს, რომ სცადოს, არა მარტო უპასუხოს, არამედ მისივე
იარაღით დაამარცხოს ოპონენტი; ეს უკანასკნელი კი მას
განუწყვეტლივ უვლის გარს. ამ დისპუტების მნიშვნელოვანი
ელემენტია საზრიანობა, მოხერხებულობა, სიმარჯვე; დიდად
ფასობს უნარი იმისა, მოწინააღმდეგის პოსტულატები
იუმორის მეშვეობით შენ სასარგებლოდ შემოაბრუნო.
ყოველივე ეს დიალექტიკას გართობის პოპულარულ ფორმად
აქცევს გაუნათლებელ ტიბეტელთა შორისაც კი, რომლებიც
შეიძლება ინტელექტუალური მზაკვრობის აზრს ვერ
ხვდებოდნენ, მაგრამ იციან იუმორისა და სანახაობითი მხარის
ფასი. ძველ დროში ნახავდით ლჰასაში შორიდან ჩამოსულ
მომთაბარეებს ან სოფლის მცხოვრებლებს, რომლებიც თვალს
ადევნებდნენ სამეცნიერო დისპუტებს მონასტრის ეზოში.
ბერის უნარი, ფლობდეს დისპუტის ამ უნიკალური ფორმის
წესებს, ის კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც მის
ინტელექტუალურ მიღწევებზე მსჯელობენ. ამიტომ, როგორც
დალაი ლამა, ვალდებული ვიყავი, საფუძვლიანად
მოვმზადებულიყავი არა მარტო ბუდისტურ ფილოსოფიასა და
ლოგიკაში, არამედ დავოსტატებულიყავი დისპუტის
ხელოვნებაშიც. ასე რომ, ათი წლის ასაკში ძალიან
სერიოზულად დავიწყე ამ საგნების შესწავლა; თორმეტი
წლისას კი უკვე დამინიშნეს ორი „ცენშაპი“, პროფესიონალები,
რომლებიც დიალექტიკის ხელოვნებაში მავარჯიშებდნენ.
დღის პირველი მეცადინეობის შემდგომ პირველ საათს ჩემი
მასწავლებელი იმის ახსნას უთმობდა, როგორ წარმემართა
დისპუტი თემაზე, რომელიც იმ დღეს გავიარეთ. ამის შემდეგ,
ოთხი საათისთვის, ჩაის დრო დგებოდა. თუკი ვინმე
ბრიტანელებზე მეტ ჩაის სვამს, ეს ტიბეტელები არიან. ჩინეთის
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომლებსაც ამას
წინათ გავეცანი, ტიბეტს ჩინეთიდან (ამ უკანასკნელის მიერ

30
ჩემი ქვეყნის დაპყრობამდე) ყოველწლიურად ათი მილიონი
ტონა ჩაი შემოჰქონდა. ეს არაფრით არ შეიძლება იყოს
სიმართლე, რადგანაც გამოდის, რომ თითოეული ტიბეტელი
წელიწადში დაახლოებით ორ ტონა ჩაის მოიხმარს. აშკარაა, ამ
ციფრებს უნდა დაესაბუთებინა, რომ ტიბეტი ჩინეთზე
ეკონომიკურად იყო დამოკიდებული. მაგრამ ეს სტატისტიკა,
ასე თუ ისე, მაინც ასახავს ჩვენს სიყვარულს ჩაის მიმართ.
სხვათა შორის, თვითონ მე ნაკლებად ვიზიარებ ჩემი
თანამემამულეების გრძნობებს ჩაისადმი. ტიბეტში ჩაის,
ტრადიციულად, მარილით სვამენ და მას რძის ნაცვლად დრის
კარაქს უმატებენ. პოტალას სამზარეულოებს რეგულარულად
ამარაგებდნენ ახალი კარაქით და ჩაიც შესანიშნავი გამოდიოდა.
მხოლოდ აქ ვღებულობდი სიამოვნებას ნამდვილი ტიბეტური
ჩაით. ახლა, ჩვეულებრივ, ჩაის ინგლისურ ყაიდაზე ვსვამ,
დილით და საღამოს. დღისით სუფთა ცხელ წყალს ვამჯობინებ,
რაც ჩინეთში 50-იან წლებში ყოფნისას დამჩემდა. შეიძლება
ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს მართლაც ძალიან
სასარგებლოა. ცხელი წყალი ტიბეტურ მედიცინაში უპირველეს
საშუალებად ითვლება.
ჩაის შემდეგ „ცენშაპის“ ორი ბერი მოდიოდა და საათზე მეტს
ვანდომებდით ისეთი აბსტრაქტული საკითხების განხილვას,
როგორიცაა, მაგალითად, ცნობიერების ბუნება. დაახლოებით
ექვსის ნახევარზე „დღის წამებანი“, ბოლოს და ბოლოს,
დასასრულს უახლოვდებოდა. ზუსტი დროის მითითება
მიჭირს, რადგანაც ტიბეტელები, ბევრი სხვა ეროვნების
ადამიანებისგან განსხვავებით, საათზე თითქმის არ
იყურებიან; ყველაფერს იწყებენ და ამთავრებენ მაშინ, როცა ეს
მათთვის მოსახერხებელია. ვერ ნახავ ტიბეტელს, რომ სადმე
მიეჩქარებოდეს.
თუ ზემოთ აღწერილი პოტალაში ხდებოდა, როგორც კი
მასწავლებელი წავიდოდა, ჩემი დურბინდით სახურავზე
მივქროდი. მისი წყალობით ჩემ წინაშე ლჰასის დიდებული
პანორამა იშლებოდა - ის იწყებოდა ჩაკპორის სამედიცინო
სკოლიდან, რომელიც წმინდა ქალაქის სიახლოვეს
მდებარეობდა (ეს დედაქალაქის ის ნაწილია, რომელიც
ჯოკჰანგის ტაძრის ირგვლივ არის განლაგებული) და შორეთში
იკარგებოდა. თუმცა მე უფრო სოფელი შოლი მაინტერესებდა,
რომელიც შორს, ქვემოთ, წითელი მთის ძირში მდებარეობდა,

31
რადგანაც იქ იყო სახელმწიფო ციხე. სწორედ ამ დროს
პატიმრებს ციხის ეზოში გასეირნების უფლება ეძლეოდათ.
პატიმრებს ჩემს მეგობრებად ვთვლიდი და დაძაბული
ვადევნებდი თვალს მათ ყოველ მოძრაობას. მათ ეს იცოდნენ
და ყოველთვის, როცა დამინახავდნენ, პირქვე დაემხობოდნენ
ხოლმე. ყველას სახეზე ვცნობდი; მუდამ საქმის კურსში ვიყავი
- ვინ თავისუფლდებოდა, როდის მოჰყავდათ ახალი პატიმარი.
შორიდან ვითვლიდი შეშის შტაბელებსა და საქონლის საკვების
გროვებს.
ამ „ინსპექციის“ შემდეგ კიდევ მრჩებოდა დრო, ცოტა ხანს ჩემს
ოთახში მეთამაშა ან მეხატა, სანამ ვახშმის ჟამი არ დადგებოდა.
ვახშამი ჩემთვის დაახლოებით რვის წუთებზე მოჰქონდათ.
მისი უცვლელი კომპონენტი იყო ჩაი, წვნიანი (რომელსაც
ხანდახან ცოტაოდენ ხორცსაც მოაყოლებდნენ) და მაწონი, ანუ
„შო“; ასევე სხვადასხვა სახის პურები, რომლებსაც დედა
აცხობდა და ყოველ კვირაში მიგზავნიდა. ყველაზე მეტად
ამდოს პური მიყვარდა - პატარა კვერები მაგარი ქერქითა და
ფუმფულა გულით.
საკმაოდ ხშირად ჩემთან ერთად სადილობდნენ ან
ვახშმობდნენ ჩემი დამლაგებლები - ხან ერთი, ხან რამდენიმე.
ყველა საშინელი ღორმუცელა იყო. მათ იმხელა ფინჯნები
ჰქონდათ, თითოეული ერთ ჩაიდანს დაიტევდა. ხანდახან
ჩემთან ერთად სუფრას უსხდნენ ბერები ნამგიელის
მონასტრიდან. თუმცა, როგორც წესი, ჩემი თანამეინახეები
იყვნენ ის ბერები (სამნი), რომლებიც მე მემსახურებოდნენ. მათ
ხანდახან შემოუერთდებოდა ჩიკიაპ კჰენპო, პერსონალის
ხელმძღვანელი. მის არყოფნაში ჩვენს სუფრაზე ხმაური და
მხიარულება მეფობდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩვენი
ტრაპეზები საღამოობით, ზამთარში, როცა ბუხარს ვუსხედით
და ცხელ წვნიანს ვხვრეპდით. კანდელებში ალი თრთოდა, ჩვენ
კი ქარის ზუზუნს ვუსმენდით.
ვახშმის შემდეგ მეშვიდე სართულიდან კიბეებზე
დავეშვებოდი და ეზოში ჩავდიოდი, სადაც უნდა მესეირნა და
თან ტექსტები და ლოცვები მემეორებინა; მაგრამ სანამ პატარა
ვიყავი და არაფერი მადარდებდა, ამის კეთებით თავს არ
ვიწუხებდი. ამის მაგივრად ვიგონებდი ნაირ-ნაირ ამბებს ან
წინასწარ ვიხსენებდი, რა უნდა მოეყოლათ ჩემთვის ძილის
წინ. ხშირ შემთხვევაში ისინი ზებუნებრივ მოვლენებს

32
უკავშირდებოდა. ამიტომ საღამოს ცხრა საათზე თავის ბნელ,
მავნე არსებებით დასახლებულ საძინებელში შიშისგან
გულგახეთქილი დალაი ლამა შეიპარებოდა ხოლმე. ერთ-ერთ
ყველაზე საზარელ ამბავში მოთხრობილი იყო გიგანტურ
ბუებზე, რომლებიც სიბნელის დადგომისთანავე იტაცებდნენ
პატარა ბიჭებს. ამ ამბებს საფუძვლად ედო ძველი ფრესკები
ჯოკჰანგის ტაძარში. შიში მაიძულებდა, დამეცვა წესი,
რომელიც მავალდებულებდა, რომ დაღამებისთანავე
სასახლეში ვყოფილიყავი.
ჩემი ცხოვრება პოტალაშიც და ნორბულინგკაშიც ძალიან
მონოტონური იყო. ეს ერთფეროვნება მხოლოდ დიდი
დღესასწაულებისას ირღვეოდა, ან მაშინ, როცა განდეგილობაში
განვმარტოვდებოდი ხოლმე. ამ დროს ჩემთან ერთი
მასწავლებელი იმყოფებოდა, ხანდახან - ორივე, ზოგჯერ კი
ნამგიელის მონასტრის სხვა უფროსი ლამები. განდეგილის
ცხოვრებით წელიწადში ერთხელ, ზამთარში, ვცხოვრობდი. ეს
სამ კვირას გრძელდებოდა. ამ პერიოდში ყოველდღე მხოლოდ
ერთი პატარა გაკვეთილი მქონდა. ნებას არ მრთავდნენ, გარეთ
მეთამაშა. მხოლოდ ხანგრძლივი ლოცვები და მედიტაციები
ზედამხედველობის ქვეშ - ასეთი იყო ჩემი დღის განრიგი. როცა
პატარა ვიყავი, ეს დიდად არ მომწონდა. დიდხანს ვიყურებოდი
ჩემი საძინებლის ხან ერთ ფანჯარაში, ხან - მეორეში.
ფანჯრიდან, რომელიც ჩრდილოეთის მხარეს გადიოდა, მთების
ფონზე სერას მონასტერი იკვეთებოდა. სამხრეთის ფანჯარა იმ
დიდ დარბაზს უყურებდა, რომელშიც დილაობით მთავრობის
წევრებს ვხვდებოდი. დარბაზის კედლებზე გამოეფინათ
კოლექცია უძვირფასესი ძველებური „ტანკებისა“[2],
რომლებიც აბრეშუმის ჩარჩოში იყო ჩასმული. ისინი
მილარეპას, ტიბეტის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი
სასულიერო ოსტატის ცხოვრებას ასახავდა. ხშირად
ვათვალიერებდი ამ მშვენიერ სურათებს. ძალიან
მაინტერესებს, რა ბედი ეწია მათ.
განდეგილობისას საღამოობით უფრო მიჭირდა, ვიდრე
დღისით, რადგან სწორედ ამ დროს ჩემი ტოლი ბიჭები ძროხებს
მოერეკებოდნენ სოფელ შოლში, პოტალას მთის ძირში. კარგად
მახსოვს, როგორ ვიჯექი ბინდისფერ სიჩუმეში და მანტრებს
წარმოვთქვამდი; მესმოდა იმ ბიჭების სიმღერები, რომლებსაც
ისინი უახლოესი საძოვრებიდან დაბრუნებისას მღეროდნენ.
რამდენჯერ მინატრია, ადგილი გამეცვალა მათთვის! მაგრამ

33
თანდათანობით შევიცანი განდეგილობის მნიშვნელობა. ახლა
მინდა, ამისთვის, რაც შეიძლება, მეტი დრო მქონდეს.
საერთო ჯამში, ყველა მასწავლებელთან საკმაოდ კარგ
შედეგებს მივაღწიე, რადგან სწრაფად ვითვისებდი, რასაც
მიხსნიდნენ. აღქმის საკმაოდ კარგი უნარი მქონდა, რაც მაშინ
აღმოვაჩინე (და რამაც სიხარული მომგვარა), როცა ტიბეტის
საუკეთესო სწავლულებს შემახვედრეს. მაგრამ უმეტესად იმ
დოზით ვმეცადინეობდი, რომ უსიამოვნებებს არ გადავყროდი.
თუმცა დადგა მომენტი, როცა მასწავლებლები ჩემი ცოდნის
დონის გამო შეშფოთებამ მოიცვა. ამიტომ კენრაპ ტენზინმა
გამოცდის იმიტაცია მომიწყო, რომელზეც ნორბუ ტჰონდუპს,
ჩემს საყვარელ დამლაგებელს უნდა შევჯიბრებოდი. კენრაპ
ტენზინმა მას ჩემ უჩუმრად წინასწარ მისცა დარიგებები. მე
წავაგე. ამან სრულიად გამანადგურა, რადგან დამცირება
საჯაროდ ვიწვნიე.
ამ ეშმაკობამ გაჭრა და გარკვეული ხნის განმავლობაში,
დაბოღმილი, გულმოდგინედ ვმეცადინეობდი. მაგრამ, ბოლოს
და ბოლოს, ჩემი მოტივაცია ამოიწურა და ყველაფერი ისევ
ძველებურად წარიმართა. მხოლოდ მაშინ, როცა
სრულწლოვანებას მივაღწიე, მივხვდი, რამდენად
მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის განათლების მიღება, და
მეცადინეობებსაც ჭეშმარიტი ინტერესით მოვეკიდე. ახლა
ვნანობ ბავშვობის დროინდელ სიზარმაცეს და სწავლა-
განათლებას დღეში, სულ მცირე, ოთხ საათს მაინც ვუთმობ.
ვფიქრობ, ადრეულ ასაკში ერთადერთ რამეს შეეძლო, შეეცვალა
ჩემი დამოკიდებულება სწავლის მიმართ - რაიმე სახის
ნამდვილ მეტოქეობას. რაკი თანაკლასელები არ მყავდა, ვერც
ვერავის შევეჯიბრებოდი.
როცა დაახლოებით ცხრა წლის ვიყავი, ჩემი წინამორბედის
კუთვნილ ნივთებს შორის აღმოვაჩინე ორი ძველი
კინოპროექტორი ხელის ამძრავით და კინოფირების რამდენიმე
კოლოფი. თავიდან ვერავინ აღმოვაჩინე, ვისაც ეცოდინებოდა,
თუ როგორ მუშაობდნენ ისინი. როგორც იქნა, მივაგენით კარგ
მექანიკოსს, მოხუც ჩინელ ბერს, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი
უჩუქებიათ მშობლებს დალაი ლამასთვის 1908 წელს, ჩინეთში
მისი ვიზიტის დროს. ბერი ნორბულინგკაში ცხოვრობდა და
იქიდან ფეხი არასოდეს მოუცვლია. ის ძალიან კეთილი და
გულწრფელი ადამიანი იყო, თავისი რელიგიური მოწოდების

34
ერთგული, თუმცა, როგორც ბევრ ჩინელს, ძალიან მძიმე
ხასიათი ჰქონდა.
ერთ-ერთი ფილმი მეფე გეორგის კორონაციის კინოქრონიკა
აღმოჩნდა. გაოგნებული ვუყურებდი ძვირფას სამხედრო
ფორმებში გამოწყობილი ჯარისკაცების უსასრულო რიგებს.
მეორე ფილმში სპეცეფექტების საშუალებით ეკრანზე
აჩვენებდნენ, როგორ იჩეკებოდნენ მოცეკვავეები
კვერცხებიდან. ყველაზე საინტერესო იყო დოკუმენტური
კინოსურათი ოქროს მოპოვების შესახებ. მისი ნახვისას
შევიტყვე, რა მძიმე და საშიშ პირობებში უხდებათ მუშაობა
მემაღაროეებს. მოგვიანებით, როცა მუშათა კლასის
ექსპლუატაციის შესახებ მესმოდა (მომდევნო წლებში ეს
ძალიან აქტუალური თემა იყო), ყოველთვის ეს ფილმი
მახსენდებოდა.
სამწუხაროდ, ის ჩინელი ბერი, რომელსაც სწრაფად
დავუმეგობრდი, ჩემი მნიშვნელოვანი აღმოჩენიდან ძალიან
მალე გარდაიცვალა. კიდევ კარგი, იმ დროისთვის უკვე
ნასწავლი მქონდა პროექტორთან მუშაობა და ამ პროცესში
ელექტრობასთან და დინამოსთან ურთიერთობის საწყისი
გამოცდილებაც შევიძინე. ეს ძალიან გამომადგა, როცა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მივიღე
თანამედროვე ელექტროპროექტორი თავისი გენერატორით.
საჩუქარმა ჩემამდე ბრიტანეთის სავაჭრო მისიის მეშვეობით
მოაღწია. მისიის სრულუფლებიანი წარმომადგენლის
თანაშემწე, რეჯინალდ ფოქსი პირადად მოვიდა, რომ ჩემთვის
ეჩვენებინა, როგორ მესარგებლა ახალი მოწყობილობით.
ვინაიდან ტიბეტი უდიდეს სიმაღლეზე მდებარეობს, აქ არც კი
იცნობენ ბევრ დაავადებას, რომლებიც გავრცელებულია
მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მაგრამ ერთი სენი ყველგან გყავს
ჩასაფრებული - ესაა ყვავილი. დაახლოებით ათი წლის ასაკში
ახალი ექიმი დამინიშნეს. ამ ჩასუქებულმა კაცმა ყვავილის
საწინააღმდეგო აცრა რაღაც იმპორტული წამლით გამიკეთა. ეს
ძალიან მტკივნეული პროცედურა იყო, რომელმაც, გარდა
იმისა, რომ ხელზე ოთხი დიდი ნაწიბური დამიტოვა, ბევრი
ტანჯვაც მომაყენა. ორი კვირის განმავლობაში სიცხე მქონდა.
მახსოვს, როგორი ნაწყენი ვიყავი „იმ მსუქან ექიმზე“.
ჩემს მეორე პირად ექიმს თხის წვერის გამო მეტსახელად
„ლენინს“ ეძახდნენ; მგლის მადა და შესანიშნავი იუმორის

35
გრძნობა ჰქონდა. განსაკუთრებით ვაფასებდი მას, როგორც
საუკეთესო მთხრობელს. ორივე ექიმი კარგად ერკვეოდა
ტიბეტური მედიცინის ტრადიციულ სისტემაში, რომლის
შესახებაც ერთ-ერთ მომდევნო თავში დაწვრილებით
მოგითხრობთ.
ამავე წელს დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში მძვინვარებდა. მასზე ძალიან ცოტა
რამ ვიცოდი - ფაქტობრივად, მხოლოდ ის, რომ მისი
დასრულებისთანავე ჩემმა მთავრობამ ბრიტანეთის
წარმომადგენლობას ინდოეთში მილოცვის ნიშნად დელეგაცია
გაუგზავნა საჩუქრებით. წარგზავნილები ვიცე-მეფემ, ლორდმა
უიველმა მიიღო. მომდევნო წელს ინდოეთში ისევ გაიგზავნა
ჩვენი ქვეყნის დელეგაცია კონფერენციაზე, რომელიც აზიის
ქვეყნების ურთიერთობას ეხებოდა.
1947 წლის ადრიან გაზაფხულზე მოხდა ძალიან სამწუხარო
ინციდენტი, რომელიც ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ
ხელისუფლებაში მყოფ პირთა ეგოისტურმა პირადმა
ინტერესებმა შეიძლება მთელი ქვეყანა დააზარალოს.
რომელიღაც დისპუტს ვესწრებოდი, როცა სროლის ხმა
გავიგონე. ხმაური ჩრდილოეთის, კერძოდ, სერას მონასტრის
მხრიდან მოდიოდა. გარეთ გამოვვარდი. აღგზნებული ვიყავი,
რადგან სწორედ ახლა მეძლეოდა შესაძლებლობა, ჩემი
დურბინდი მართლაც საჭიროებისამებრ გამომეყენებინა. თანაც
შეშფოთებამ მომიცვა, რადგან მესმოდა, რომ სროლა
მკვლელობასაც ნიშნავდა. გამოირკვა, რომ რეტინგ რინპოჩემ,
რომელიც ექვსი წლის წინ გადადგა, გადაწყვიტა, თავისი თავი
ისევ რეგენტად გამოეცხადებინა. მას მხარს უჭერდა რამდენიმე
ბერი და ჩინოვნიკი (ეს უკანასკნელნი სამოქალაქო პირები
იყვნენ), რომლებმაც მოაწყვეს შეთქმულება ტატჰაგ რინპოჩეს
წინააღმდეგ. საქმე რეტინგ რინპოჩეს დაპატიმრებითა და მისი
მრავალი მომხრის სიკვდილით დასრულდა.
რეტინგ რინპოჩე პოტალაში მოიყვანეს, სადაც ითხოვა, რომ
ჩემთან შეხვედრის უფლება მოეცათ. სამწუხაროდ, მას ჩემი
სახელით უარი უთხრეს. ძალიან მალე ის ციხეში გარდაიცვალა.
როგორც არასრულწლოვანს, ბუნებრივია, არავითარი
შესაძლებლობა არ მქონდა, სასამართლოს საქმეებში
მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ წარსულს რომ ვიხსენებ,
ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები: შეიძლებოდა თუ არა, ამ

36
განხილვასთან დაკავშირებით რამე მეღონა? როგორმე ამ
საქმეში რომ ჩავრეულიყავი, იქნებ თავიდან აგვეცილებინა
რეტინგის, ტიბეტის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი
მონასტრის დანგრევა. ყველაფერი ძალიან სულელურად
დამთავრდა.
მიუხედავად მისი შეცდომებისა, მე მაინც უდიდეს პატივს ვცემ
რეტინგ რინპოჩეს, ჩემს მასწავლებელსა და გურუს.
სიკვდილის შემდეგ ყოფილი რეგენტის სახელს არც კი
ახსენებდნენ, სანამ დიდი ხნის შემდეგ, ორაკულის რჩევით,
მისი რეაბილიტაცია არ მოვახდინე.
ამ უსიამოვნო ამბებიდან გარკვეული ხანი გავიდა და ტატჰაგ
რინპოჩესთან ერთად ორი მონასტრის, დრეპუნგისა და სერას
მოსანახულებლად გავემგზავრე (ერთი ლჰასიდან
დასავლეთით დაახლოებით ხუთ მილზე მდებარეობს, მეორე
კი - ჩრდილოეთით, სამმილ-ნახევრის დაშორებით). დრეპუნგი
იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე დიდ მონასტრად
ითვლებოდა - აქ შვიდი ათასი ბერი ცხოვრობდა. შედარებით
პატარა იყო სერა - ხუთი ათასი ბერის სავანე. ამ ორ მონასტერში
უნდა შემდგარიყო ჩემი საჯარო დებიუტი, როგორც
დიალექტიკოსისა. მონაწილეობა უნდა მიმეღო დისპუტში
დრეპუნგის სამი კოლეჯისა და სერას ორი კოლეჯის
წინამძღვრებთან (თითოეულთან ცალ-ცალკე). ცოტა ხნის
წინანდელი არეულობის გამო, უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ზომები მიიღეს, რამაც
მყუდროება დამირღვია. გარდა ამისა, ეს იყო ჩემს სიცოცხლეში
პირველი სტუმრობა სიბრძნისა და განსწავლულობის ამ
უდიდეს კერებში და წინასწარ ვნერვიულობდი. თუმცა
ორივეგან მშობლიური, ნაცნობი გარემო დამხვდა, რამაც
დამარწმუნა, რომ ჩემს რამდენიმე წინა ცხოვრებასთან
გარკვეული სახის კავშირს ვინარჩუნებდი. ამ დისპუტებმა,
რომლებიც რამდენიმე ასეული ბერისგან შემდგარი
აუდიტორიის წინაშე იმართებოდა, საკმაოდ კარგად ჩაიარა,
თუმცა ძალიან ვღელავდი.
დაახლოებით ამ ხანებში ტატჰაგ რინპოჩემ მეხუთე დალაი
ლამას საგანგებო მოძღვრება გადმომცა, რომელიც
სპეციალურად დალაი ლამებისთვისაა განკუთვნილი. დიდმა
მეხუთემ (როგორც მას ტიბეტელები დღემდე უწოდებენ) ის
ხილვის დროს მიიღო. მომდევნო კვირების განმავლობაში

37
რამდენჯერმე დამეუფლა უჩვეულო განცდა, ოღონდ ეს
ყოველთვის სიზმარში ხდებოდა. ამისთვის მაშინ
განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, მაგრამ ახლა
იმ სიზმრებში ღრმა აზრს ვხედავ.
პოტალას უამრავი საკუჭნაო ჰქონდა. პატარა ბიჭისთვის ისინი
გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე ოთახები, რომლებშიც
ვერცხლი, ოქრო ან ფასდაუდებელი რელიგიური რელიკვიები
ინახებოდა; ან თუნდაც ჩემი ყველა წინამორბედის ძვირფასი
თვლებით ინკრუსტირებული უზარმაზარი აკლდამები.
გაცილებით მომწონდა იარაღის საწყობები, რომლებიც
ძველებური ხმლების, კაჟიანი თოფებისა და საჭურვლის
კოლექციებით იყო სავსე; მაგრამ ყოველივე ეს ვერ
შეედრებოდა განძეულობას იმ ოთახებისა, რომლებშიც ჩემს
წინამორბედთა ქონება ინახებოდა. აქ ვიპოვე ძველი ჩასაბერი
თოფი,[3] სამიზნეებისა და ვაზნების კომპლექტით და
დურბინდი (რომელიც ადრე ვახსენე); აღარაფერს ვამბობ
ილუსტრირებული ინგლისურენოვანი წიგნების ნამდვილ
საბადოებზე, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის შესახებ
მოგვითხრობდა. ამ წიგნებმა მომაჯადოეს. აქ ვპოულობდი
მოდელებს ჩემი სათამაშო ტანკებისა და
თვითმფრინავებისთვის. როცა წამოვიზარდე, ამ წიგნების
ნაწყვეტები ტიბეტურ ენაზე მითარგმნეს.
აქვე წავაწყდი ორ წყვილ ევროპულ ფეხსაცმელს, რომლებიც
ძალიან დიდი მქონდა, მაგრამ წინ ქსოვილის ნაჭრები
ჩავუტენე და, ასე თუ ისე, ვიყენებდი. ჟრუანტელი მივლიდა იმ
ხმაზე, მათი ქუსლები რომ გამოსცემდა, რომლებსაც ფოლადის
ფირფიტები ჰქონდა დაკრული.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ნივთების დაშლა; მერე კი
ვცდილობდი, ისინი ხელახლა ამეწყო. ამ „ხელობაში“ კარგად
გავიწაფე. თუმცა თავდაპირველად ყოველთვის არ
გამომდიოდა. ჩემი წინამორბედის კუთვნილ ნივთებში
ძველებური მუსიკალური ზარდახშა ვიპოვე. ის დალაი
ლამასთვის რუს მეფეს ეჩუქებინა, რომელთანაც მეგობრული
ურთიერთობა აკავშირებდა. ზარდახშა არ მუშაობდა და
გადავწყვიტე, შემეკეთებინა. აღმოვაჩინე, რომ ძირითადი
ზამბარა გადაგრეხილი და ჩაჭყლეტილი იყო. როცა მასში
სახრახნისი გავატარე, მექანიზმი გათავისუფლდა, ზამბარა
დაუბრკოლებლად ამოძრავდა და ტრიალი დაიწყო მეტალის

38
ცილინდრმაც, რომელსაც „სავარცხლის“ კბილებზე შეხებისას
მუსიკალური ბგერები უნდა გამოეცა; მაგრამ უბედურება ის
იყო, რომ მეტალის ნამცეცები (რომლებიც ცილინდრის
ხორკლიან ზედაპირს ქმნიდა) ძვრებოდა და აქეთ-იქით
იფრქვეოდა. არასოდეს დამავიწყდება ის დემონური სიმფონია,
რომელიც ამ პროცესს სდევდა თან. ჩხირკედელაობის პროცესში
სახე მექანიზმთან ძალიან ახლოს მქონდა მიტანილი. როცა ამ
შემთხვევას ვიხსენებ, ვხვდები, რომ დაბრმავებას სასწაულის
ძალით გადავურჩი; ან, უკეთეს შემთხვევაში, ნამდვილი მოშე
დაიანი ვიქნებოდი.[4]
სულითა და გულით ვემადლიერებოდი მეცამეტე დალაი
ლამას, ტჰუპტენ გიაცოს იმის გამო, რომ ამდენი საჩუქარი
დამიტოვა. პოტალას ბევრი დამლაგებელი ჯერ კიდევ მის
დროს მუშაობდა და მათგან ჩემი წინამორბედის შესახებ
ვიგებდი. შევიტყვე, რომ ის არა მარტო სრულყოფილი
„სასულიერო ოსტატი“ იყო, არამედ ძლევამოსილი და
შორსმჭვრეტელი საერო ხელისუფალიც. ისიც მითხრეს, რომ
უცხოელების მიერ ტიბეტის დაპყრობის გამო მას ორჯერ
მოუხდა სამშობლოს იძულებით დატოვება: პირველად ამის
მიზეზი ბრიტანელები იყვნენ, რომლებმაც 1903 წელს
გამოგზავნეს არმია პოლკოვნიკ იანგ-ჰასბენდის მეთაურობით;
მეორედ კი, 1910 წელს - მანჯურიელები. ბრიტანელები
თავიანთი ნებით წავიდნენ, მანჯურიელების განსადევნად კი
1911-1912 წლების ზამთარში ძალის გამოყენება გახდა საჭირო.
ჩემი წინამორბედი თურმე დიდ ინტერესს იჩენდა
თანამედროვე ტექნიკის მიმართ. იმ სიახლეთა შორის,
რომლებიც მან ტიბეტში შემოიტანა, იყო ელექტროსადგური,
მონეტების საჭრელი და პირველი ტიბეტური ქაღალდის
ფულის საბეჭდი მოწყობილობა, ასევე სამი ავტომობილი. ეს
ტიბეტისთვის სენსაცია აღმოჩნდა. იმ დროისთვის
ბორბლებიანი ტრანსპორტი ტიბეტში თითქმის არ იყო.
ფაქტობრივად, ურემიც კი არ ჰქონდათ. მათი არსებობის
შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდნენ, მაგრამ კონსერვატორი
ტიბეტელები ტვირთის გადასატან ერთადერთ პრაქტიკულ
საშუალებად სასაპალნე პირუტყვს მიიჩნევდნენ.
ტჰუპტენ გიაცო ყოველმხრივ პრაქტიკული ადამიანი იყო და
მომავლის განჭვრეტა შეეძლო. მეორე დევნილობის შემდგომ
პერიოდში მან ოთხი ახალგაზრდა ტიბეტელი გაგზავნა

39
ბრიტანეთში განათლების მისაღებად. ექსპერიმენტმა
გაამართლა. ყმაწვილებმა თავი ისახელეს და სამეფო ოჯახში
მიღებაზეც მოხვდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს წამოწყება
ჩაკვდა. საზღვარგარეთ განათლების მისაღებად მოზარდთა
გაგზავნას რეგულარული ხასიათი რომ მისცემოდა, როგორც მას
ჰქონდა ჩაფიქრებული, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ
დღეს ტიბეტში სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. იგივე ბედი ეწია
მეცამეტე დალაი ლამას მიერ დაგეგმილ არმიის რეფორმას, რის
განხორციელებაც მას სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმედ
მიაჩნდა. თავიდან ეს რეფორმაც წარმატებით მიდიოდა, მაგრამ
ტჰუპტენ გიაცოს გარდაცვალების მერე მხარდაჭერა ვერ პოვა.
მას განზრახული ჰქონდა აგრეთვე ლჰასის მთავრობის
ავტორიტეტის გაძლიერება კჰამში. იქიდან გამომდინარე, რომ
კჰამის რეგიონი დედაქალაქისგან ძალიან დაშორებულია, იგი
ცენტრალური ადმინისტრაციის მიერ, ფაქტობრივად,
იგნორირებული იყო. ამიტომ მეცამეტე დალაი ლამამ წამოაყენა
წინადადება, რომ ადგილობრივ მმართველთა ვაჟიშვილები
სასწავლებლად ლჰასაში ჩამოსულიყვნენ, შემდეგ კი ისევ
მშობლიურ მხარეში დაბრუნებულიყვნენ და სამთავრობო
პოსტები დაეკავებინათ. მას არმიაში ამ რეგიონის
ახალგაზრდების გაწვევის წახალისებაც სურდა. მაგრამ,
სამწუხაროდ, ყველაფერი ინერციით მიდიოდა და ხორცი მის
არც ერთ გეგმას არ შესხმია.
გასაოცარი იყო ტჰუპტენ გიაცოს პოლიტიკური ინტუიცია.
თავის უკანასკნელ წერილობით ანდერძში იგი იძლეოდა
გაფრთხილებას: თუ რადიკალური ცვლილებები არ
განხორციელდება, „შეიძლება ტიბეტის რელიგიასა და
მთავრობას შიდა და გარე ძალები დაემუქრონ. თუ ჩვენს
ქვეყანას ჩვენვე არ დავიცავთ, დალაი ლამა, პანჩენ ლამა და
რწმენის ფრიად პატივსაცემი დამცველები გაქრებიან და მათ
შესახებ აღარავის ეცოდინება. ბერები და მონასტრები
აღიგვებიან პირისაგან მიწისა. კანონის ძალაუფლება
შესუსტდება. მთავრობის წევრების მიწებსა და ქონებას
დაიტაცებენ; მათ კი აიძულებენ, თავიანთ მტრებს ემსახურონ
ან მათხოვრად ქცეულნი მთელ ტიბეტს მოედონ. ქვეყანას
უდიდესი უბედურებები დაატყდება თავს და
ყოვლისმომცველი, დამთრგუნველი შიში დაისადგურებს.
ტანჯვაში უსასრულოდ გაიწელება დღეები და ღამეები“.
პანჩენ ლამა ტიბეტურ ბუდიზმში დალაი ლამას შემდეგ

40
ყველაზე მაღალი წოდების სასულიერო პირია. ტრადიციულად,
პანჩენ ლამების რეზიდენცია შიგაცეში, ტიბეტის სიდიდის
მიხედვით მეორე ქალაქში მდებარეობს.
თვითონ მეცამეტე დალაი ლამა ძალიან უბრალო ადამიანი
გახლდათ. მან ბევრი ძველი წეს-ჩვეულება უარყო. მაგალითად,
მიღებული იყო, რომ, როცა დალაი ლამა თავისი მოსასვენებელი
ოთახიდან გამოდიოდა, ყველა მსახურს, რომელიც შემთხვევით
ახლომახლო აღმოჩნდებოდა, იქაურობა უნდა დაეტოვებინა.
ტხუპტენ გიაცოს აზრით, ეს ვალდებულება ადამიანებში
სრულიად არასაჭირო შფოთვას იწვევდა, თავად მას კი გარეთ
გამოსვლის ყოველგვარ სურვილს უკარგავდა. ამიტომ ეს წესი
გააუქმა.
ბავშვობაში ჩემს წინამორბედზე ბევრი ამბავი მსმენია,
რომლებიც მის ადამიანურ ბუნებაზე მეტყველებდა. ერთ-ერთი
მათგანი, რომელიც ღრმად მოხუცებულმა კაცმა მიამბო (მისი
შვილი ნამგიელის მონასტრის ბერი იყო), იმ დროს მომხდარა,
როცა ნორბულინგკას ტერიტორიაზე ახალ შენობას აგებდნენ.
ტრადიციის თანახმად, ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომ თავისი
პატივისცემა და კეთილმოსურნეობა გამოეხატა. ერთი
მომთაბარე (მამა იმ კაცისა, რომელიც ამ ამბავს მომიყვა)
შორიდან ჩამოვიდა, რომ მშენებლობაში თავისი წვლილი
შეეტანა. ამ კაცს ხუშტურიანი ჯორი ჰყოლია. როგორც კი
პატრონი შებრუნდა, რომ თავისი შესაწირავი ვინმესთვის
გადაეცა, ჯორმა იშვირა ფეხი და თავაწყვეტილი გაქანდა.
ბედად, აქეთ მხარეს ვიღაც მოდიოდა. ჯორის პატრონმა
დაუძახა ამ ადამიანს, გაქცეული პირუტყვი დაეჭირა. უცნობმა
თხოვნა შეუსრულა და ჯორი მოუყვანა. პატრონს ჯერ
გაუხარდა, მერე კი გაოგნდა, რადგან მისი მხსნელი, არც მეტი,
არც ნაკლები, თვითონ დალაი ლამა აღმოჩნდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტჰუპტენ გიაცო დიდი სიმკაცრითაც
გამოირჩეოდა. სწორედ მან აკრძალა მოწევა პოტალაშიც და
ნორბულინგკას ტერიტორიაზეც. ასეთ ამბავსაც ჰყვებიან:
ერთხელ სასეირნოდ გამოსულმა დალაი ლამამ დაინახა
კალატოზები, რომლებიც მუშაობაში იყვნენ გართული და თან
ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. მუშებს ხელისუფალი არც კი
შეუმჩნევიათ. ერთი ხმამაღლა ჩიოდა იმის გამო, რომ თამბაქო
აკრძალეს; ის ხომ ძალიან შველოდა, როცა დაღლილი და
მშიერი იყო. რაკი მოწევა არ შეიძლება, თამბაქოს დავღეჭავო,

41
ამბობდა კალატოზი. დალაი ლამამ მოუსმინა, მობრუნდა და
ჩუმად წამოვიდა, რომ მათ არ შეემჩნიათ.
ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის
ლმობიერებას იჩენდა. თუკი შეიძლება მასზე რაიმე
კრიტიკული ითქვას, ეს, ჩემი აზრით, მისი ავტოკრატობაა. ის
უკიდურესად სასტიკი იყო მაღალი თანამდებობის პირების
მიმართ და სულ მცირე შეცდომის გამოც კი რისხვას ატეხდა
თავს. მისი დიდსულოვნება მარტო უბრალო ადამიანებზე
ვრცელდებოდა.
ტჰუპტენ გიაცო დაუღალავად ზრუნავდა განათლების დონის
ამაღლებაზე მონასტრებში, რომლებიც მთელ ტიბეტში ექვსი
ათასზე მეტი იყო. ძალიან აფასებდა ნიჭიერ და მონდომებულ
ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველთვის გრძნობდნენ მის
მხარდაჭერას. გარდა ამისა, მან პირადად აღკვეცა ბერად
ათასობით მორჩილი. სამოცდაათიან წლებამდე შეხვდებოდით
უფროს ბერებს, რომელთა უმეტესობას ბჰიკხუს ხარისხი
მისგან ჰქონდათ მინიჭებული.[5]
ნორბგულინგკაში მუდმივად საცხოვრებლად მას შემდეგ
გადავედი, რაც ოცი წელი შემისრულდა. მანამდე
ყოველწლიურად გადავბარგდებოდი იქ ადრე გაზაფხულზე და
პოტალაში ზამთრის დასაწყისისთვის ვბრუნდებოდი,
დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ. დღე, როცა ჩემს პირქუშ
ოთახს ვტოვებდი პოტალაში, ჩემთვის, უდავოდ, ყველაზე
ბედნიერი იყო მთელი წლის მანძილზე. იგი იწყებოდა
ცერემონიით, რომელიც ორ საათს გრძელდებოდა (მე რომ
უსასრულოდ გრძელი მეჩვენებოდა). შემდეგ დიდი პროცესია
დაიძრებოდა. ასე მგზავრობა ჩემთვის უინტერესო იყო.
გაზაფხული, ის-ის იყო, ძალებს იკრებდა. ამიტომ მერჩივნა,
ფეხით მევლო და ბუნების ცქერით დავმტკბარიყავი.
ნორბულინგკაში ბევრი გასართობი მელოდა; უპირველეს
ყოვლისა, მშვენიერი პარკი, რომელსაც მაღალი გალავანი
ევლებოდა გარს. მასში განლაგებული იყო პერსონალის
საცხოვრებელი შენობები. შიგნით აღმართული კიდევ ერთი
ქვის კედლის, ე.წ. ყვითელი კედლის მიღმა ყოფნა შეეძლო
მხოლოდ დალაი ლამას, მის პირად მსახურებსა და ზოგიერთ
ბერს. მის აქეთა მხარეს განლაგებულ მრავალ შენობას შორის
გამოირჩეოდა დალაი ლამას რეზიდენცია, რომელიც მოვლილ
ბაღში იყო ჩაფლული.

42
პარკის მშვენიერ ადგილებში ხალისით საათობით ვსეირნობდი
და ცხოველებსა და ფრინველებს ვათვალიერებდი, რომლებიც
აქ მრავლად ბინადრობდნენ. პარკში იყო კაბარგების[6] ჯოგი,
ექვსი „დოგშა“, უზარმაზარი ტიბეტური მასტიფები,
კუმბუმიდან გამოგზავნილი ჩინური მოპსი, რამდენიმე მთის
თხა, მაიმუნი, მონღოლეთიდან ჩამოყვანილი აქლემები, ორი
ლეოპარდი და ბებერი, ძალიან ნაღვლიანი ვეფხვი (რა თქმა
უნდა, შემოღობილ ტერიტორიაზე), რამდენიმე თუთიყუში,
ექვსი ფარშავანგი, წეროები, წყვილი ოქროსფერი ბატი და
დაახლოებით ოცდაათი საწყალი კანადური ბატი, რომლებსაც,
რომ არ გაფრენილიყვნენ, ფრთები დააჭრეს. ისინი ძალიან
მეცოდებოდა.
ერთ-ერთი თუთიყუში განსაკუთრებით კეთილგანწყობილი
იყო კენრაპ ტენზინის, ჩემი სამოსის მცველის მიმართ. იგი
ხშირად აჭმევდა ფრინველს კაკლის ლებნებს. როცა თუთიყუში
მისი ხელიდან კენკავდა, კენრაპ ტენზინი მას თავზე ხელს
უსვამდა; ჩიტი ამ დროს, გეგონებოდა, ექსტაზშიაო. მეც
მინდოდა, ასე დავმეგობრებოდი თუთიყუშს და რამდენჯერმე
ვცადე, მასში საპასუხო გრძნობა აღმეძრა, მაგრამ, ამაოდ.
ამიტომ ჯოხი ავიღე მის დასასჯელად. რა თქმა უნდა, ამის
შემდეგ, თვალს მომკრავდა თუ არა, ჩიტი სასწრაფოდ
მიფრინავდა ხოლმე. ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემთვის,
რომ გამეგო, როგორ იძენენ მეგობრებს - არა ძალით, არამედ
თანაგრძნობითა და გულმოწყალებით.
ლინგ რინპოჩე ამგვარი გზით მაიმუნს დაუმეგობრდა,
რომელიც მხოლოდ მას ცნობდა. ბერი მაიმუნის საჭმელს
ჯიბეში ინახავდა. ამიტომ, როგორც კი თავის მეგობარს
დაინახავდა, ოინბაზი ცხოველი სასწრაფოდ მიირბენდა მასთან
და მისი ტანსაცმლის ნაკეცებში ქექვას იწყებდა.
თითქოს უფრო მოვახერხე საერთოს გამონახვა თევზებთან,
რომლებიც დიდ, უამრავი ცოცხალი არსებით დასახლებულ
ტბაში ცხოვრობდნენ. ნაპირზე ვდგებოდი და ვეძახდი მათ. თუ
მოცურდებოდნენ, პურისა და პას ნამცეცებით ვაჯილდოებდი.
თუმცა ბუნებით ურჩნი იყვნენ და ხანდახან ყურადღებას
საერთოდ არ მაქცევდნენ. მაშინ ვბრაზდებოდი და
საარტილერიო ცეცხლს ვუხსნიდი მათ - პატარა ქვებს ვესროდი.
როცა თევზები ინებებდნენ და ნაპირთან მოცურდებოდნენ,
ყურადღებით ვადევნებდი თვალს, რომ პატარებს თავიანთი

43
წილი მიეღოთ. მათთვის დიდები რომ მომეშორებინა, ჯოხის
გამოყენება ხდებოდა საჭირო. ერთხელ, როცა ტბის ნაპირზე
ვიდექი, თვალში მომხვდა შორიახლო წყალში მოტივტივე
დიდი, კორძებიანი მორი. შევეცადე, ჯოხით დამეძირა იგი,
რათა ამ გზით დიდი თევზები დამეფრთხო. ამის შემდეგ რა
მოხდა, აღარ ვიცი, მახსოვს მხოლოდ, რომ ბალახზე ვიწექი და
თვალებიდან ნაპერწკლები მცვიოდა. თურმე წყალში ჩავვარდი
და ფსკერისკენ წავედი. ბედად, ჩემი ერთ-ერთი დამლაგებელი
(ყოფილი ჯარისკაცი დასავლეთ ტიბეტიდან) იქვე იყო და
თვალს მადევნებდა. ამ კაცმა გადამარჩინა.
ნორბულინგკას მიმზიდველობას მატებდა მდინარე კიჩუს
შენაკადის სიახლოვე. იგი შიდა კედლიდან რამდენიმე წუთის
სავალზე მიედინებოდა. ბავშვობაში საკმაოდ ხშირად
გამოვდიოდი ჩუმად რეზიდენციის გარეთ, მდინარის ნაპირზე;
თან ვინმე უფროსთაგანიც უნდა მხლებოდა. თავიდან ჩემს
გასეირნებებს ვითომ ვერ ამჩნევდნენ, მაგრამ ბოლოს ტატჰაგ
რინპოჩემ ამას წერტილი დაუსვა. სამწუხაროდ, დალაი
ლამასთან დაკავშირებული ეტიკეტი ძალიან მკაცრი იყო და მე
ხშირად მიხდებოდა დამალვა, როგორც ბუს. ტიბეტური
კონსერვატორული საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო,
ვინმეს დაენახა, როგორ იჭყიტებიან მთავრობის
წარმომადგენლები ქუჩაში.
როგორც პოტალაში, ისე ნორბულინგკაში, დამლაგებლებთან
დიდ დროს ვატარებდი. ადრეული ასაკიდანვე არ მიყვარდა
ეტიკეტი და ფორმალობები. მოსამსახურეთა კომპანიას
ვამჯობინებდი, მაგალითად, მთავრობის წევრების
საზოგადოებას. განსაკუთრებით მომწონდა ჩემი მშობლების
მსახურებთან ყოფნა, რომლებთანაც ჩემი ოჯახისთვის
განკუთვნილ სახლში მივდიოდი. მათი უმეტესობა ამდოდან
იყო და სიამოვნებით ვუსმენდი, როცა ჩემი სოფლისა და მის
მეზობლად მდებარე სოფლების ამბებს მიამბობდნენ. ო, რა
სიამოვნებით მივიჩქაროდი მათთან ერთად ჩემი მშობლების
სახლის საკუჭნაოების დასარბევად! მსახურები, გასაგები
მიზეზების გამო, ჩემი მადლიერნი იყვნენ. ამ ღონისძიების
შედეგით მეც და ისინიც კმაყოფილი ვრჩებოდით. სათარეშოდ
საუკეთესო დრო გვიანი შემოდგომა იყო, როცა უკვე
გვხვდებოდა უგემრიელესი ლორის ახალი მარაგი; ასეთ ხორცს
ჩილის სოუსში ვაწებდით და ისე ვჭამდით. ეს საჭმელი ისე
მიყვარდა, რომ ერთხელ ზომაზე მეტი მომივიდა და თავი

44
ძალიან ცუდად ვიგრძენი. როცა ოთხად მოკაკული
ტკივილისგან ვიმანჭებოდი, კენრაპ ტენზინმა თვალი მომკრა
და გამხნევების მიზნით დაახლოებით ასეთი რამ მითხრა:
„მიდი, მიდი, არწყიე. თავს უკეთ იგრძნობ!“ იმდენად
სულელურ მდგომარეობაში ვიყავი, დაბნეულმა მადლობაც ვერ
გადავუხადე ყურადღებისთვის.
დალაი ლამა კი ვიყავი, მაგრამ ჩემი მშობლების მსახურები
ზუსტად ისე მექცეოდნენ, როგორც ნებისმიერ სხვა ბიჭს. გარდა
საზეიმო შემთხვევებისა, ჩემთან თავი განსაკუთრებულად
არავის ეჭირა; არავინ მერიდებოდა და არ ეშინოდათ, საკუთარი
მოსაზრება ჩემი თანდასწრებით გამოეთქვათ. ამიტომაც
საკმაოდ ადრეულ ასაკში შევიტყვე ჩემი ხალხის გაჭირვების
შესახებ. ჩემი მეგობარი დამლაგებლები გულახდილად
მიყვებოდნენ თავიანთ ამბებს; მესაუბრებოდნენ იმ
უსამართლობაზე, რომელსაც ითმენდნენ ჩინოვნიკებისა და
მაღალი ლამებისგან. მათგან ვიგებდი ცხელ-ცხელ ამბებსაც.
ხშირ შემთხვევაში ინფორმაციას სიმღერებისა და ბალადების
სახე ჰქონდა, რომლებსაც ხალხი მუშაობის დროს მღეროდა.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო სულ მარტო
ვიყავი, თორმეტი წლისას კი ტატჰაგ რინპოჩემ მშობლების
სახლის მონახულება ამიკრძალა, ჩემი ბავშვობა მაინც არ
ჰგავდა პრინც სიდჰარტასა და პუ ის, ჩინეთის უკანასკნელი
იმპერატორის ბავშვობას. თანაც, რაც უფრო ვიზრდებოდი,
უამრავ საინტერესო ადამიანს ვეცნობოდი.
ამ წლებისთვის ლჰასაში სულ ათიოდე ევროპელი ცხოვრობდა.
ბევრი მათგანი ნანახიც არ მყავდა და „ინჩის“ (ასე უწოდებენ
დასავლეთის მცხოვრებლებს ტიბეტელები) გაცნობის
შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ მომეცა, როცა ლობსან სამტენმა
ჰენრიხ ჰარერი მომიყვანა.
მათ შორის, ვინც დედაქალაქში ცხოვრობდა, იყვნენ სერ ბესილ
გოულდი, ბრიტანეთის მისიის უფროსი და მისი შემცვლელი,
ჰიუ რიჩარდსონი, რომელმაც შემდგომში ტიბეტის შესახებ
რამდენიმე წიგნი დაწერა. ამ კაცს, რომელიც ძალიან
საინტერესო მოსაუბრე იყო, დევნილობაში ყოფნისას
რამდენჯერმე შევხვდი. ადრე ნახსენები რეჯინალდ ფოქსის
გარდა, იყო კიდევ ერთი ბრიტანელი ექიმი, რომლის გვარს ვერ
ვიხსენებ. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როცა ეს კაცი
ნორბულინგკაში მოიწვიეს ფარშავანგის სამკურნალოდ,

45
რომელსაც თვალის ქვეშ სიმსივნე ჰქონდა. მას გაფაციცებით
ვადევნებდი თვალს და გაოგნებული ვუსმენდი, როგორ
ამშვიდებდა ფარშავანგს. ის ლაპარაკისას ლჰასურ
დიალექტსაც იყენებდა და ე.წ. „პატივსაცემ“ სტილსაც
(რომლებიც, ფაქტობრივად, ორი სხვადასხვა ენაა).
გაშტერებული ვუყურებდი, როგორც რაღაც სასწაულს, როცა ეს
უცნაური კაცი ფრინველს მიმართავდა: „დიდად პატივცემულო
ფარშავანგო!“
ჰენრიხ ჰარერი ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა.
მანამდე არასოდეს მენახა ქერა თმა, როგორიც მას ჰქონდა.
მეტსახელად „გოპსე“ შევარქვი, რაც „ყვითელ თავს“ ნიშნავს.
როგორც მესამე რაიხის მაღალჩინოსანი, იგი ბრიტანელების
მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ინტეგრირებულ იქნა
ინდოეთში, მაგრამ როგორღაც მოახერხა გაქცევა მეორე
ტყვესთან, პეტერ აუფშნაიტერთან ერთად. მათ ლჰასამდე
მოაღწიეს. ეს დიდი მიღწევა იყო, რადგან ტიბეტი ყველა
უცხოელისთვის დახურულ ტერიტორიად ითვლებოდა.
გამონაკლისის სახით, რამდენიმე მათგანს საგანგებო ნებართვა
ჰქონდა. სანამ დედაქალაქში ჩამოვიდოდნენ, დევნილები
იძულებული იყვნენ, დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში
მომთაბარეებივით ეცხოვრათ. როცა ეს ადამიანები ქალაქში
გამოჩნდნენ, მათმა სიმამაცემ და შეუპოვრობამ ისეთი
შთაბეჭდილება მოახდინა, მთავრობამ ნება დართო, აქ
დარჩენილიყვნენ. ბუნებრივია, ერთ-ერთმა პირველმა
შევიტყვე მათი ჩამოსვლის შესახებ და ცნობისმოყვარეობა არ
მასვენებდა; მინდოდა, მენახა, როგორ გამოიყურებოდნენ,
განსაკუთრებით ჰარერი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა
საინტერესო და გულღია ადამიანის სახელი. ის მშვენივრად
ფლობდა სალაპარაკო ტიბეტურ ენას და შესანიშნავი იუმორის
გრძნობა ჰქონდა. თანამოსაუბრის მიმართ საოცარ
პატივისცემასა და თავაზიანობას იჩენდა. როცა ერთმანეთს
გავეცანით, მან ყოველგვარი ფორმალობა გვერდზე გადადო და
ძალიან გულახდილად მესაუბრებოდა. რა თქმა უნდა, ეს,
ძირითადად, მაშინ ხდებოდა, როცა ჩემთან დაახლოებული
პირები ახლომახლო არ იყვნენ. მის ამ თვისებას ძალიან
ვაფასებდი. პირველად 1948 წელს ვნახე და წელიწად-ნახევრის
განმავლობაში, სანამ ტიბეტიდან წავიდოდა, რეგულარულად,
კვირაში ერთხელ ვხვდებოდი. მისგან გავიგე ბევრი რამ
მსოფლიოში მომხდარი ამბების, განსაკუთრებით, ევროპისა და

46
ახლახან დამთავრებული ომის შესახებ. ის ინგლისურშიც
მაშველებდა ხელს. ამ ენის შესწავლა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა
ცოტა ხნით ადრე დამაწყებინა. უკვე ვიცოდი ინგლისური
ალფაბეტი და ვცდილობდი, იგი ტიბეტური ფონეტიკისთვის
შემეფარდებინა. მწყუროდა, რაც შეიძლება, მეტი მესწავლა.
ჰარერი დამეხმარა, ზოგიერთი პრაქტიკული უნარ-ჩვევაც
შემეთვისებინა. მაგალითად, მან გამარკვია გენერატორის
აგებულებაში, რომელიც ელექტროპროექტორთან ერთად
მაჩუქეს. ის ძალიან ძველი და სუსტი აღმოჩნდა. ამიტომ
ხშირად ვფიქრობდი, მისიის თანამშრომლებმა ხომ არ
მიითვისეს ჩემთვის განკუთვნილი გენერატორი, თავიანთი
ძველი კი მე მომიტანეს-მეთქი!
ჩემს დიდ ინტერესს იწვევდა ის სამი ავტომობილი, რომლებიც
მეცამეტე დალაი ლამამ ჩამოიყვანა ტიბეტში. მიუხედავად
იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი გზები არ იყო, ის
სიცოცხლის ბოლომდე დროდადრო იყენებდა ამ მანქანებს,
როგორც ტრანსპორტს, ლჰასაში და მის შემოგარენში. მისი
გარდაცვალების შემდეგ ავტომობილები, რომლებისთვისაც
ხელი არავის უხლია, დაძველდა და გაფუჭდა. ახლა ისინი
ნორბულინგკის რომელიღაც შენობაში ეყენა. ერთ-ერთი
ამერიკული „დოჯი“ იყო, ორი - „ბები ოსტინის“ ფირმისა;
სამივე 20-იანი წლების ბოლოს იყო გამოშვებული. კიდევ იყო
ჯიპი - „ვილისი“, რომელიც ტიბეტის სავაჭრო მისიამ 1948 წელს
ამერიკაში შეიძინა, მაგრამ მას იშვიათად იყენებდნენ.
როგორც პროექტორის შემთხვევაში, კარგა ხანი გავიდა, სანამ
ვიპოვიდი ვინმეს, ვინც ავტომობილებში ერკვეოდა. მაგრამ
გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, შემეკეთებინა
ისინი. როგორც იქნა, აღმოვაჩინეთ მძღოლი ტაში ცერინგა,
ძალიან ფიცხი ადამიანი, რომელიც წარმოშობით
კალიმპონგიდან იყო (ეს ადგილი ინდოეთის საზღვრიდან
სამხრეთით მდებარეობს). ჩვენ ერთად ვეჯახირეთ ამ
ავტომანქანებს და, საბოლოოდ, ერთი „ოსტინი“ ნაწილ-ნაწილ
დავშალეთ, რომ მეორე აგვემუშავებინა. „დოჯი“ და ჯიპი
საუკეთესო მდგომარეობაში იყო, სულ ოდნავ სჭირდებოდა
ხელის შევლება.
რა თქმა უნდა, ავტომობილები რომ შეკეთდა, მე მათთან
მიახლოებაც კი ამიკრძალეს. მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო და
ერთხელ, როცა დავინახე, რომ ჩემი მძღოლი ახლომახლო არ

47
იმყოფებოდა, გადავწყვიტე, ერთ-ერთი მანქანით გამესეირნა.
„დოჯსა“ და ჯიპს გასაღები ჰქონდა, რომლებსაც მძღოლი
ატარებდა თან. მაგრამ „ბები ოსტინი“ მაგნეტოს საშუალებით
უნდა აგემუშავებინა. მისი დაქოქვა სახელურის
გადატრიალებითაც შეიძლებოდა.
ფრთხილად გამოვიყვანე ავტომობილი გარაჟიდან და
გადავწყვიტე, ბაღის ირგვლივ წრე დამერტყა. საუბედუროდ,
ნორბულინგკას პარკში უამრავი ხეა და არ გასულა რამდენიმე
წუთი, რომ ერთ-ერთ მათგანს შევეჯახე. გული კინაღამ
გამისკდა, როცა დავინახე, რომ მანქანის ფარი გატეხილიყო.
„ხვალამდე თუ არ შევაკეთე, მძღოლი მიხვდება, რომ მანქანა
გავიტაცე, და მაშინ კი მაგრად მომხვდება!“ - გავიფიქრე
თავზარდაცემულმა.
იმდენი კი შევძელი, რომ მეტი არაფერი დამეზიანებინა და
ავტომობილი გარაჟში დავაბრუნე. იმწუთასვე დავიწყე
ზრუნვა იმაზე, რომ გატეხილი მინისთვის რამე მომეხერხებინა.
ამასობაში ერთი რამ აღმოვაჩინე, რამაც პანიკაში ჩამაგდო - ეს
ჩვეულებრივი კი არა, ფერადი მინა იყო. მინის ნატეხი კი
ვიპოვე, რომლისთვისაც შევძელი, საჭირო ფორმა მიმეცა,
მაგრამ ახალი ამოცანის წინაშე დავდექი - რა უნდა
გამეკეთებინა, რომ ახალი მინა ძველისგან ვერ გაერჩიათ?
საბოლოოდ, შედეგს მივაღწიე - იგი შაქრის სიროპით შევღებე.
ჩემი „შემოქმედებით“ ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ,
მიუხედავად ამისა, მეორე დღეს მძღოლი რომ დავინახე,
ძალიან შემრცხვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მან ან უკვე
იცოდა, ან მერე აღმოაჩენდა, რაც მოხდა. მაგრამ მას სიტყვაც კი
არ დასცდენია ამაზე ჩემთან, არც მაშინ და არც მერე. არასდროს
დავივიწყებ ამ კაცს, ტაში ცერინგას. ის ჯერ კიდევ ცოცხალია
და ახლა ინდოეთში ცხოვრობს. მას იშვიათად ვნახულობ,
მაგრამ დღემდე ჩემს საუკეთესო მეგობრად ვთვლი.
ტიბეტური კალენდარი საკმაოდ რთულია. ის მთვარის ფაზებს
ეფუძნება. გარდა ამისა, ასწლეულის ნაცვლად ჩვენ
სამოცწლიანი ციკლი გვაქვს, რომლის თითოეული წელი
აღინიშნება ხუთი ელემენტისგან ერთ-ერთის საშუალებით.
მათი თანმიმდევრობა ასეთია: მიწა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი,
რკინა. წლებს ასევე თორმეტი ცხოველიდან ერთ-ერთის
სახელი უკავშირდება: თაგვი, ხარი, ვეფხვი, კურდღელი,
დრაკონი, გველი, ცხენი, ცხვარი, მაიმუნი, ჩიტი, ძაღლი და

48
ღორი. თითოეული ელემენტი ერთმანეთის მიყოლებით
მეორდება - ჯერ მისი მამაკაცური ასპექტია, მერე - ქალური.
ამრიგად, ისინი ათ წელიწადს ყოფნის. შემდეგ პირველი
ელემენტი უკავშირდება მეთერთმეტე და მეთორმეტე
ცხოველების ნიშნებს, მეორე ელემენტი - მეცამეტესა და
მეთოთხმეტეს და ა. შ. მაგალითად, ჩვ. წ. 2000 წელი რკინისა და
დრაკონის წელია.
იმ საუკუნის განმავლობაში, ჩინეთის მიერ ჩემი ქვეყნის
დაპყრობას რომ უძღოდა, სეზონების დადგომა ურიცხვი
დღესასწაულით აღინიშნებოდა. ჩვეულებრივ, ისინი
რელიგიური ხასიათისა იყო, მაგრამ მათ ერთნაირად
ზეიმობდნენ ბერებიც და საერო პირებიც. ეს უკანასკნელნი
დღესასწაულებზე ჭამდნენ, სვამდნენ, მღეროდნენ,
ცეკვავდნენ და მონაწილეობას ღებულობდნენ თამაშებში.
ყოველივე ამას ლოცვები ენაცვლებოდა.
ამ ტიპის მოვლენათაგან უმნიშვნელოვანესი იყო ახალი წლის
დღესასწაული (ანუ „ლოსარი“), რომელიც, დასავლური
კალენდრის მიხედვით, თებერვლის ბოლოსა და მარტის
დასაწყისში აღინიშნება. ჩემთვის მისი განსაკუთრებულობა
იმაში მდგომარეობდა, რომ ამ დროს საჯაროდ ვხვდებოდი
ნეჩუნგს, სახელმწიფო ორაკულს (ეს ყოველწლიურად
ხდებოდა და მის შესახებ ერთ-ერთ მომდევნო თავში
მოგითხრობთ). მთავარი ის იყო, რომ მე და მთავრობის წევრებს
გვეძლეოდა შესაძლებლობა, მედიუმის (ანუ „კუტენის“)
საშუალებით დორჯე დრაკდენისგან, ტიბეტის მფარველი
ღვთაებისგან მიგვეღო რჩევები ახალ წელთან დაკავშირებით.
იყო კიდევ ერთი დღესასწაული, რომელიც ჩემში ერთობ
წინააღმდეგობრივ გრძნობებს აღძრავდა - „მონლამი“, დიდი
ლოცვის დღესასწაული. იგი „ლოსარის“ დამთავრებისთანავე
იწყებოდა. მის მიმართ გაორებული დამოკიდებულება მქონდა.
როგორც, დალაი ლამას, მიუხედავად ნორჩი ასაკისა,
მონაწილეობა უნდა მიმეღო ყველაზე მთავარ ცერემონიაში;
მონლამის დროს კი ინფლუენციის მწვავე შეტევა
მემართებოდა. დღემდე ასე ვარ, როცა ბოდჰ-გაიაში ჩავდივარ,
და ამის მიზეზია მტვერი. მაშინ ეს იმის გამო ხდებოდა, რომ
დღესასწაულის დროს ჯოკჰანგის ტაძრის რამდენიმე ოთახში
მაბინავებდნენ, რომლებიც კიდევ უფრო მოუვლელი იყო,
ვიდრე ჩემი რეზიდენცია პოტალაში. ეს ცერემონია (ანუ

49
„პუჯა“), რომლისაც ასე მეშინოდა, ნაშუადღევს იწყებოდა,
მონლამისადმი მიძღვნილი ორკვირიანი დღესასწაულის დროს,
პირველი კვირის ბოლოს. ის ბუდა შაკიამუნის შესახებ
რეგენტის მიერ წაკითხულ ხანგრძლივ ლექციას მოსდევდა.
თვითონ პუჯა ოთხ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რის
შემდეგაც ვრცელი და რთული ნაწყვეტი კანონიდან ზეპირად
უნდა წამეკითხა. ისე ვღელავდი, ერთ სიტყვასაც ვერ ვიგებდი
იქიდან, რასაც ჩემამდე ამბობდნენ. ჩემი უფროსი
მასწავლებელი - რეგენტი, უმცროსი მასწავლებელი,
რიტუალისა და სამზარეულოს ოსტატები, სამოსის მცველი -
ყველანი ერთნაირად შეშფოთებული იყვნენ, რადგან
ცერემონიის დროს მაღალ სამეფო ტახტზე ვიჯექი და ჩემთვის
კარნახი არავის შეეძლო, თუ უეცრად სიტყვა გამიწყდებოდა.
მაგრამ ტექსტი რომ არ დამვიწყებოდა, ეს საქმის მხოლოდ
ნახევარი იყო. პროცედურა იმდენ ხანს გრძელდებოდა, რომ
მღელვარებისთვის კიდევ ერთი მიზეზი მქონდა - მეშინოდა,
რომ შარდის ბუშტი ამას ვერ გაუძლებდა. საბოლოოდ,
ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა. სულ პირველადაც
კი, სრულიად მცირე ასაკში, ყველაფერს კარგად გავართვი
თავი. მაგრამ მახსოვს, შიშისგან ცოცხალმკვდარი ვიყავი და
იმდენად დათრგუნვილი, ვერაფერს ვხედავდი, რაც ჩემ
გარშემო ხდებოდა. ვერ ვამჩნევდი ვერც მტრედებს, რომლებიც
თეფშებიდან ბუდების ძღვენს იპარავდნენ.
როცა ყველაფერი მთავრდებოდა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მომდევნო თორმეტი თვის
განმავლობაში ამ შიშის მომგვრელი საქმისგან თავისუფალი
გახლდით, არამედ იმის გამოც, რომ მონლამს ენაცვლებოდა
დალაი ლამას ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი
წლის განმავლობაში. იმ ხანგრძლივი ცერემონიის შემდეგ
ქუჩაში გასვლის ნებას მაძლევდნენ, რომ „ტორმები“ მენახა.
„ტორმები“ - ეს კარაქისგან დამზადებული უზარმაზარი
ფერადი სკულპტურებია, რომლებსაც, ტრადიციისამებრ, ამ
დღეს ბუდებს სწირავენ. იდგმებოდა თოჯინური სპექტაკლები,
უკრავდა სამხედრო ორკესტრები. ყველგან უბედნიერესი
ადამიანების სახეებს ვხედავდი.
ჯოკჰანგის ტაძარს ტიბეტში ყველაზე მეტად ეთაყვანებიან. ის
ჩვ. წ. VII საუკუნეში აუშენებიათ, მეფე სონგცენ გამპოს
მმართველობის დროს, საგანგებოდ იმისთვის, რომ მასში

50
მოეთავსებინათ ქანდაკება, რომელიც მეფის ერთ-ერთ ცოლს,
ბჰრიკუტი დევის, ნეპალის მეფის, ანშურიარუმის ასულს
ჩამოუტანია თან (სონგცენ გამპოს, მის გარდა, კიდევ ოთხი
ცოლი ჰყავდა; მათგან სამი ტიბეტელი იყო, ერთი - ჩინელი,
პრინცესა ვანგჩენ კონგჯო, ტანის დინასტიის მეორე
იმპერატორის ქალიშვილი). ტაძარს საუკუნეების მანძილზე
აფართოებდნენ და ალამაზებდნენ. ჯოკჰანგის ერთ-ერთი
ღირსშესანიშნაობა ქვის მონუმენტია, რომელიც დღემდე მის
შესასვლელში დგას, როგორც ტიბეტის წარსული დიდების
მოწმე. ზედ ტიბეტურ და ჩინურ ენებზე ამოკვეთილია ტექსტი
უვადო შეთანხმებისა, რომელიც ტიბეტსა და ჩინეთს შორის
821-822 წლებში დაიდო:
„ტიბეტის დიდმა მეფემ, საოცარმა ღვთაებრივმა მბრძანებელმა
და ჩინეთის დიდმა მეფემ, ჩინელმა მმართველმა ხუან-დიმ,
რომლებსაც ნათესაობა აკავშირებთ, როგორც ძმისწულსა და
ბიძას, თავიანთ სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულება
დადეს. მათ ბეჭდით დაადასტურეს დიადი შეთანხმება.
ღმერთებმაც და ადამიანებმაც იციან მის შესახებ და
გვემოწმებიან, რომ იგი არასოდეს არ შეიძლება შეიცვალოს;
ცნობა ამ შეთანხმების შესახებ ამოკვეთილია ამ ქვის სვეტზე,
რათა მის შესახებ შეიტყონ მომავალმა თაობებმა და
საუკუნეებმა.
საოცარმა ღვთაებრივმა მბრძანებელმა, ტრისონგ დრეცენმა და
ჩინეთის მეფემ, ვენ უ სიაო-დე ხუან-დიმ, ძმისწულმა და
ბიძამ, სიბრძნით გასხივოსნებულებმა, ყველას მიმართ
მიუკერძოებლად გამოავლინეს თავიანთი კეთილი ნება, რათა
თავიდან აიცილონ ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ზიანს
მიაყენებს მათი ქვეყნების მშვიდობას. ერთადერთი
სურვილით, ემოქმედათ თავიანთი ქვეშევრდომების
საკეთილდღეოდ, მათი უშფოთველი ცხოვრებისთვის, ისინი
შეთანხმდნენ, რომ მათი უპირველესი მიზანი ურყევი
მშვიდობიანობა იქნებოდა. მათ დადეს ეს დიადი
ხელშეკრულება, რათა აღსრულდეს, რაც გადაწყვიტეს -
აღადგინონ ძველი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა, ასევე
ოდინდელი კეთილმეზობლური ურთიერთობა.
ტიბეტი და ჩინეთი შეინარჩუნებენ იმ სახელმწიფო საზღვრებს,
რომლებიც ამჟამადაა მათ შორის. მთელ ტერიტორიას
აღმოსავლეთით დიდი ჩინეთის ქვეყანა ფლობს; ყველაფერი,

51
რაც დასავლეთითაა, უდავოდ, დიდი ტიბეტის ქვეყნის
საკუთრებაა. ამიერიდან არც ერთმა მხარემ არ უნდა წამოიწყოს
ომი, არ უნდა დაიპყროს სხვისი მიწები. მეორე ქვეყნის მიწაზე
გადასულ ნებისმიერ საეჭვო ადამიანს დააპატიმრებენ, მის
საქმიანობას გამოიძიებენ, მას კი თავის ქვეყანაში
დააბრუნებენ.
ახლა, როცა ორ სახელმწიფოს შორის ეს დიადი ხელშეკრულება
დაიდო, აუცილებელია, რომ ორივე მხრიდან ძველისძველი
გზებით ისევ იგზავნებოდნენ მაცნეები კავშირის
შესანარჩუნებლად; ძმისწულსა და ბიძას შორის ჰარმონიული
ურთიერთობის დამადასტურებელი მეგობრული მიმოწერის
მხარდასაჭერად. ძველი ადათის თანახმად, მათ ცხენები ჩიან-
ჩუნის უღელტეხილზე უნდა გამოცვალონ, ტიბეტისა და
ჩინეთის საზღვართან. ჩინელები ტიბეტის წარმომადგენლებს
სუიიუნის კარიბჭესთან უნდა შეხვდნენ და მოამარაგონ ისინი
ყველაფრით, რაც გზაზე დასჭირდებათ. ცინ-შუისთან
ტიბეტელები უნდა შეხვდნენ ჩინეთის წარმომადგენლებს და
ასევე ყოველმხრივ მოამარაგონ ისინი. ორივე მხარე ერთმანეთს
სათანადო პატივისცემითა და მოწიწებით უნდა მოეკიდოს,
ძმისწულსა და ბიძას შორის მეგობრული ურთიერთობის
შესაბამისად.
ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობას არაფერი უნდა
ჩრდილავდეს. არც ერთმა მხარემ არ უნდა ატეხოს უეცარი
განგაში. თვით სიტყვა „მტერიც“ კი არ უნდა წარმოითქვას.
საზღვრის გუშაგებს შიში არაფრის არ უნდა ჰქონდეთ; თუკი
თვითონ ჩათვლიან, რომ საამისო პირობები არსებობს,
შეუძლიათ, თავიანთი მიწაც დაამუშაონ და დაისვენონ კიდეც.
ყველა მშვიდობიანად უნდა ცხოვრობდეს და ათი ათასი წლის
მანძილზე ბედნიერების მადლით ტკბებოდეს. დაე, ყოველივე
ზემოთ თქმულის შესახებ შეიტყოს ყველა ქვეყანამ, სადაც კი
მზე და მთვარე ანათებს!
ეს საზეიმო შეთანხმება აღნიშნავს დიდ ეპოქას, როცა
ტიბეტელები ბედნიერნი არიან ტიბეტის მიწაზე, ჩინელები კი -
ჩინეთისაზე. იმის დასტურად, რომ ეს ხელშეკრულება
არასოდეს დაირღვევა, მოწმეებად ვუხმობთ სამ დიდ სანუკვარ
საუნჯეს - წმინდანთა კრებულს, მზესა და მთვარეს,
პლანეტებსა და ვარსკვლავებს. ამისთვის დადებულია საზეიმო
ფიცი ცხოველების მსხვერპლშეწირვის თანხლებით. დასმულია

52
ბეჭედი ორივე მხარის მიერ.
თუკი მხარეები არ იმოქმედებენ ამ შეთანხმების შესაბამისად,
ან დაარღვევენ მას (არა აქვს მნიშვნელობა, ტიბეტი იქნება ეს
თუ ჩინეთი), რაც არ უნდა ჩაიდინოს მეორე მხარემ
შურისძიების მიზნით, განხილული არ იქნება, როგორც
შეთანხმების შეუსრულებლობა ამ უკანასკნელის მხრიდან.
ტიბეტისა და ჩინეთის მეფეებმა და მინისტრებმა დადეს
შესაბამისი ფიცი. შეთანხმების ტექსტში დაწვრილებითაა
აღწერილი ყველა პუნქტი. ბოლოში ორივე მეფემ საკუთარი
ბეჭედი დაუსვა. მინისტრებმა, რომლებსაც ამ შეთანხმების
შესასრულებლად საგანგებო უფლებამოსილება აქვთ
მინიჭებული, ხელი მოაწერეს. ტექსტის ასლები მოთავსებულ
იქნა ორივე მხარის სახელწიფო არქივებში“.
ჯოკჰანგში ჩემი ოთახი მეორე სართულზე იყო, უფრო სწორად,
ბრტყელ სახურავზე. აქედან შემეძლო, არა მარტო თვითონ
შენობის უმეტესი ნაწილი დამეთვალიერებინა, არამედ ბაზრის
მოედანიც. სამხრეთის მხარეს გამომავალი ფანჯრიდან
მთავარი დარბაზის ფასადი მოჩანდა. ამ დარბაზში
იმყოფებოდნენ ბერები, რომლებიც მთელი დღის
განმავლობაში ლოცვებს კითხულობდნენ. ისინი
კეთილგონივრული ქცევით გამოირჩეოდნენ და თავიანთ
საქმეს გულმოდგინებით ეკიდებოდნენ.
აღმოსავლეთის ფანჯრიდან კი სულ სხვა სანახაობა იშლებოდა.
აქედან შიდა ეზო მოჩანდა, სადაც ჩემნაირი ახალბედა ბერები
იკრიბებოდნენ. გაოცებული ვადევნებდი თვალს, როგორ
აცდენდნენ ისინი მეცადინეობებს, ხანდახან ერთმანეთშიც კი
ჩხუბობდნენ. როცა ძალიან პატარა ვიყავი, ჩუმად ჩავდიოდი
კიბეზე, რომ უფრო კარგად შემეთვალიერებინა ისინი. საკუთარ
ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი. ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, ისინი ისე არ კითხულობდნენ ლოცვებს, როგორც
წესი და რიგია, ჩვეულებრივ სიმღერასავით მღეროდნენ, თუკი
საერთოდ ინებებდნენ პირის გაღებას. საკმაოდ ბევრი მათგანი,
ეტყობოდა, ამასაც არასოდეს აკეთებდა და მთელ დროს თამაშს
ანდომებდა. ხანდახან მუშტი-კრივიც იმართებოდა. ამ დროს
გამოარბენინებდნენ თავიანთ ხის ფინჯნებს და ერთმანეთს
თავში ურახუნებდნენ. ეს სცენები ჩემში საინტერესო რეაქციას
იწვევდა. ერთი მხრივ, გულში ვამბობდი, ეს პატარა ბერები რა
სულელები არიან-მეთქი; მეორე მხრივ, ცოდვა გამხელილი

53
ჯობია, მშურდა მათი. ასე გეგონებოდა, ამქვეყნად არავითარი
საზრუნავი არა აქვთო. მაგრამ როცა ჩხუბი თავგამეტებულ
ბრძოლაში გადაიზრდებოდა, შიში მიპყრობდა და იქაურობას
ვტოვებდი.
რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარდა დასავლეთის მხარეს
გამავალი ფანჯრიდან ყურება, საიდანაც ბაზრის მოედანი
ჩანდა. მაგრამ ამ სანახაობას უმეტესად ჩუმად, ფარდის იქიდან
ვუთვალთვალებდი, რადგან თუკი შემამჩნევდნენ, ყველა
ცდილობდა, გამოქცეულიყო და ჩემ წინ პირქვე დამხობილიყო.
ამიტომ ქურდულად ვიყურებოდი და თავს დამნაშავედ
ვგრძნობდი. მახსოვს, როცა პირველად თუ მეორედ მომიწია
ჯოკჰანგში ცხოვრება (მაშინ შვიდი თუ რვა წლის ვიყავი),
საშინლად შევრცხვი. ქვემოთ უამრავი ადამიანი რომ დავინახე,
ვერ მოვითმინე და ფარდებს შუა გავყავი თავი. ყველა მიწაზე
განერთხა. კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ ამის შემდეგ
ნორჩმა დალაი ლამამ თანდათან გამოიმუშავა
თვითდისციპლინა.
ძალიან მიყვარდა ზემოდან ბაზრის დახლების თვალიერება.
მახსოვს, ერთხელ პატარა ხის თოფი დავინახე. მსახური
გავგზავნე, რომ ჩემთვის ეს სათამაშო ეყიდა. თოფში
მომლოცველების შემოწირულებიდან აღებული ფული
გადავიხადე. ხანდახან ცოტას ამ თანხიდან ვხარჯავდი, რადგან
ოფიციალურად არ შეიძლებოდა, ფულთან უშუალო
ურთიერთობა მქონოდა. ასე ვარ ახლაც. ჩემს ხარჯებს ჩემი
პირადი სამდივნო განკარგავს.
ჯოკჰანგში ცხოვრებისას კიდევ ერთი სიხარული მქონდა -
შესაძლებლობა მეძლეოდა, იქაურ დამლაგებლებს
დავმეგობრებოდი. ჩვეულებრივ, მთელ თავისუფალ დროს მათ
კომპანიაში ვატარებდი და ალბათ, როცა იქიდან
მივემგზავრებოდი, ისინიც ისევე ნაღვლობდნენ, როგორც მე.
მახსენდება ერთი წელი, როცა ადამიანები, რომლებსაც წინა
დღესასწაულზე ასე დავუმეგობრდი, იქ ვეღარ აღმოვაჩინე.
მაინტერესებდა, რა მოხდა, რადგან მათთან შეხვედრას
მოუთმენლად ველოდი. მათგან ერთადერთ მსახურს,
რომელიც იქ დამხვდა, ამბავი გამოვკითხე. მან მითხრა, რომ
დანარჩენები სამსახურიდან ქურდობისთვის
გაეთავისუფლებინათ. წინა წელს, მე რომ იქიდან
წამოვსულვარ, ისინი ჭერის ფანჯრიდან გადამძვრალან ჩემს

54
აპარტამენტებში და ნივთები მოუპარავთ - ოქროს კანდელები
და სხვა ძვირფასეულობა. მეგობრებიც ასეთი უნდა!
მონლამის დღესასწაულის ბოლო დღე ქუჩებში მსვლელობას
ეთმობოდა. პირველად პროცესია, რომლის წინა რიგში
მაიტრეიას, მომავალი ბუდას ქანდაკება მიჰქონდათ, ქალაქის
ძველ ნაწილს შემოივლიდა. ამ მარშრუტს „ლინგხორი“
ეწოდებოდა. როგორც ვიცი, ჩინელების „წყალობით“,
რომლებმაც დედაქალაქს იერსახე შეუცვალეს, ეს მარშრუტი
გაუქმებულია. სამაგიეროდ, ჯერ კიდევ არსებობს „ბარხორი“,
ანუ შიდა (პატარა) შემოსავლელი გზა ჯოკჰანგის ირგვლივ.
ძველად ღვთისმოსავი მომლოცველები თავიანთ ვალად
მიიჩნევდნენ, ლინგხორის მთელი გზა ფორთხვით გაევლოთ.
მას შემდეგ, რაც ქანდაკება თავის მარშრუტს დაასრულებდა,
ირგვლივ ყველაფერი ძალიან სწრაფად ამოძრავდებოდა,
რადგან ხალხი სპორტულ შეჯიბრებებზე გადაერთვებოდა.
ტარდებოდა დოღი და შეჯიბრება სირბილში. ამ უკანასკნელში
იქ შეკრებილი ხალხი მონაწილეობდა. დიდი მხიარულება და
გართობა იყო. დოღი საკმაოდ უცნაურ სანახაობას
წარმოადგენდა, რადგან ცხენებს მხედრები არ ჰყავდათ. მათ
დრეპუნგის მონასტრის საჯინიბოებიდან გამოუშვებდნენ,
შეკრებილი ხალხი და მეჯინიბეები დერეფანს აკეთებდნენ და
ცხენებს მიმართულებას ლჰასის ცენტრისკენ აძლევდნენ.
სანამ ცხენები დანიშნულების ადგილამდე მივიდოდნენ,
მძლეოსნობაში ჩემპიონობაზე პრეტენდენტთა შეჯიბრება
იწყებოდა. მათ ქალაქის ცენტრამდე უფრო მოკლე მანძილი
უნდა გაერბინათ. ცხენები და მორბენალები ფინიშამდე
ერთდროულად მიდიოდნენ, რაც მხიარულ არეულობას
იწვევდა. ერთხელ ნავსი შემთხვევაც მახსოვს. მორბენალები
კუდში ჩაეჭიდნენ ცხენებს და ასე ბუქსირით მიაღწიეს ფინიშს.
როგორც კი შეჯიბრება დამთავრდა, ჰოფმაისტერმა
„დამნაშავეებს“ ბრალი დასდო. მათი უმეტესობა ჩემი
მომსახურე პერსონალიდან იყო. ძალიან მეწყინა, როცა
შევიტყვე, რომ მათ, სავარაუდოდ, დასჯიდნენ. მაგრამ,
როგორც იქნა, მოვახერხე, ამ ადამიანებს გამოვქომაგებოდი.
მონლამის დღესასწაულის ზოგიერთი ასპექტი დედაქალაქის
მთელ მოსახლეობას ეხებოდა. ძველი ტრადიციის შესაბამისად,
ლჰასის სამოქალაქო მმართველობა დრეპუნგის მონასტრის
წინამძღვრის ხელში იყო. ის, თავის მხრივ, ადმინისტრაციულ

55
თანამდებობებზე და პოლიციელებად თავიანთ ბერებს
ნიშნავდა, რათა მათ კანონიერება და წესრიგი უკეთ დაეცვათ.
ამ სფეროში სიმკაცრე იყო და ნებისმიერ დარღვევაზე
მოქალაქეებს დიდ ჯარიმას ახდევინებდნენ. განსაკუთრებით
ზრუნავდნენ სისუფთავის დაცვაზე - წლის ამ დროს ყველა
შენობა ხელახლა უნდა შეთეთრებულიყო. ქუჩები ისე იყო
დაგვილ-დაწმენდილი, ნამცეცსაც ვერსად იპოვიდით.
ბავშვობაში, „ლოსარის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
მომენტად საახალწლო ნამცხვრის, „კჰაბსეს“ გამოცხობას
ვთვლიდი. ამ დღესასწაულის დღეებში ჩემი სამზარეულოს
ოსტატი უგემრიელესი ნამცხვრისთვის ცომს ზელდა,
რომელსაც უცნაურ ფორმას აძლევდა და ზეთში ბრაწავდა.
ერთხელ გადავწყვიტე, მე თვითონ გამომეცხო ეს ნამცხვარი.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საკუთარი „შემოქმედებით“
კმაყოფილი დავრჩი. ამიტომ სამზარეულოს ოსტატს ვუთხარი,
რომ ნამცხვარს მეორე დღესაც გამოვაცხობდი.
მაგრამ მეორე დღეს, საუბედუროდ, ტაფაზე ზეთი
ახალდასხმული იყო და წამოდუღება ვერ მოასწრო. მოკლედ,
როცა ცომი ტაფაზე დავაგდე, რაღაც ისეთი მოხდა, გეგონებოდა,
ვულკანი ამოიფრქვაო. მდუღარე ზეთი მარჯვენა ხელზე
შემესხა, რომელიც იმწამსვე ბუშტუკებით დაიფარა. ამ ამბიდან
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი მზარეული, ხნიერი,
მშვიდი კაცი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ბლომად ბურნუთი
შეიტენა ცხვირში. მან მოირბინა ჩემთან და ხელზე რაღაც
ათქვეფილი ნაღებივით მასა წამისვა. ეს ადამიანი საერთოდ
ძალიან უდარდელი ჩანდა, მაგრამ იმ დღეს ძალიან
ინერვიულა. მახსოვს, ვფიქრობდი, რა სასაცილოდ
გამოიყურება ეს კაცი-მეთქი - ცხვირიდან
ბურნუთისნამცეცებიანი ცინგლი ჩამოსდიოდა, ნაყვავილარი
სახე კი ძალიან სერიოზული ჰქონდა.
დღესასწაულებში ყველაზე მეტად საოპერო ხელოვნების
ფესტივალი მომწონდა, რომელიც ყოველწლიურად
იმართებოდა მეშვიდე თვის პირველ დღეს და ერთ კვირას
გრძელდებოდა. ფესტივალზე მთელი ტიბეტიდან
ჩამოდიოდნენ მოცეკვავეების, მომღერლების, მუსიკოსებისა
და მსახიობების დასები. წარმოდგენები ტარდებოდა
ქვაფენილიან მოედანზე, ყვითელი კედლის შიდა მხარეს.
სანახაობას კედელს მიკრული ერთ-ერთი შენობის სახურავზე

56
მოწყობილი დროებითი ლოჟიდან ვადევნებდი თვალყურს.
მაყურებლებს შორის იყვნენ მთავრობის წევრები თავიანთი
ცოლებით, რომლებიც შემთხვევას ხელიდან არ უშვებდნენ,
რომ სამკაულები და ახალი მორთულ-მოკაზმულობა
გამოემზეურებინათ. თუმცა ერთმანეთს მარტო სეფექალები არ
ეჯიბრებოდნენ. ახალი ტანსაცმლით თავის მოწონების
საშუალება ნორბულინგკას დამლაგებლებსაც ეძლეოდათ.
დღესასწაულების წინა დღეებში ისინი ბევრ დროსა და
ენერგიას ხარჯავდნენ იმაზე, რომ მეწამული ფერის
ტანსაცმელი და შესაბამისი აქსესუარები ენათხოვრებინათ ან
ექირავებინათ. მათი დრო მაშინ დგებოდა, როცა მებაღეთა
კონკურსზე ყვავილებიანი ლარნაკები უნდა გამოეტანათ. ეს
კონკურსიც ფესტივალის ფარგლებში ტარდებოდა.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი ერთ-ერთი დამლაგებელი,
რომელიც უცნაური ფორმის შლაპით გამოცხადდა და უზომოდ
ამაყობდა ამ თავსაბურავით. ქუდს გრძელი, წითელი
აბრეშუმის ჯიღა ჰქონდა, რომელსაც ეს კაცი არტისტულად
იხვევდა ყელსა და მხრებზე.
წარმოდგენებზე დასასწრებად ხალხიც მოდიოდა, თუმცა
მთავრობის ჩინოვნიკებისა და არისტოკრატებისგან
განსხვავებით, მას განსაკუთრებული ადგილები არ ჰქონდა. აქ
შეკრებილთ მარტო წარმოდგენა კი არ აინტერესებდათ, არამედ
დიდებულთა დანახვაც, მათი სადღესასწაულო სამოსის
შეთვალიერებაც. მათ შეეძლოთ ასევე, შემოევლოთ ყვითელი
კედლისთვის ხელში სალოცავი დოლით (სალოცავი დოლი
წარმოადგენს ღერძიან ცილინდრს, ლილვაკს, რომლის
ზედაპირზე წარწერილია ლოცვები. მას ატრიალებენ და თან
მანტრებს კითხულობენ).
აქ ნახავდით არა მარტო ლჰასის მცხოვრებლებს; ფესტივალზე
აღმოსავლეთიდან ჩამოდიოდნენ ტანმაღალი, ჩხუბისთავი
კჰამელები, რომლებსაც გრძელი თმა ექსტრავაგანტურად
ჰქონდათ შეკრული კეფაზე წითელი ლენტით; ნეპალელი და
სიკიმელი ვაჭრები სამხრეთიდან და, რასაკვირველია, აქა-იქ
გაიელვებდნენ მომთაბარე გლეხების გაჩხინკული ფიგურები.
ხალხი მთელი არსებით ერთობოდა - ტიბეტელები ხომ ამის
დიდოსტატები არიან! ისინი უბრალო ხალხია და არაფერი არ
უყვართ ისე, როგორც კარგი სანახაობა და დროსტარება. ამ
მხიარულებაში ზოგიერთი გადაცემული ბერიც კი ღებულობდა

57
მონაწილეობას.
რა ბედნიერი ხანა იყო! წარმოდგენის მსვლელობისას ისხდნენ
და საუბრობდნენ. სიმღერები და ცეკვები იმდენად ნაცნობი
იყო, ხალხმა ყველა ეპიზოდი ზეპირად იცოდა. თითქმის
ყველას მოჰქონდა საუზმე, ჩაი და ჩანგი (ტიბეტური ლუდი),
მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ვისაც როდის მოეპრიანებოდა.
ახალგაზრდა დედები იქვე აწოვებდნენ ძუძუს ჩვილებს.
ბავშვები სიცილ-კისკისითა და შეძახილებით აქეთ-იქით
დარბოდნენ, წამით შეჩერდებოდნენ და მზერა მორიგი
შემსრულებლისკენ გაექცეოდათ, რომელსაც ფანტასტიკური
წითელ-ყვითელი კოსტიუმი ეცვა. ყოველი ახალი ნომრის
გამოცხადებისას განმარტოებით მსხდარ მოხუცებს სახე
გაუნათდებოდათ, მოხუცი ქალებიც წუთიერად წყვეტდნენ
ლაქლაქს. შემდეგ კი ყველაფერი ძველებურად გრძელდებოდა.
მზე გულუხვად გვაფრქვევდა სხივებს, ფილტვები მთის
სუფთა, კამკამა ჰაერით გვევსებოდა.
ერთადერთი შემთხვევა, როცა მაყურებლის ყურადღება
მთლიანად სცენისკენაა მიპყრობილი, არის დრო, როცა სატირის
ჯერი დგება. მსახიობები გამოდიან ბერების, მონაზვნების,
დიდებულების ტანსაცმლით შემოსილნი; თქვენ
წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ორაკულსაც და სხვა ცნობილ
მოღვაწეებსაც აჯავრებენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც
ყოველწლიურად ეწყობოდა, იყო „მაჰაკალა“, რომელიც მესამე
თვის მერვე დღეს იმართებოდა. ამ დღეს ოფიციალურად
იწყებოდა ზაფხული და მთავრობის წევრები საზაფხულო
ტანსაცმელზე გადადიოდნენ. სწორედ ამ დღეს პოტალადან
ნორბულინგკაში გადავბარგდებოდი ხოლმე. მეხუთე თვის
მეთხუთმეტე დღეს ტარდებოდა „ძამლინგ ჩისანგი“, ლოცვის
საყოველთაო დღე; იგი სათავეს უდებდა ერთკვირიან
დღესასწაულს, როცა ლჰასის ის მცხოვრებლები, რომლებიც არც
ბერ-მონაზვნები იყვნენ და არც მთავრობის წევრები,
დედაქალაქის მახლობლად მდებარე ველზე კარვებს
გაშლიდნენ, რომ პიკნიკები მოეწყოთ და დრო ერთად
ეტარებინათ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი
ადამიანი, რომლებსაც თავიანთი მდგომარეობის გამო
მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ ამ გართობაში, გადაცმულები
ჩუმად მაინც აკეთებდნენ ამას. მერე, მეათე თვის ოცდამეხუთე

58
დღეს (ეს იყო ცონგკაპას, ტიბეტური ბუდიზმის დიდი
რეფორმატორისა და გელუგპას სკოლის (ბუდისტური
მონასტრული განათლებისა და რიტუალური პრაქტიკის
ტრადიცია) დამაარსებლის გარდაცვალების დღე)
განსაკუთრებული დღესასწაული იმართებოდა. ეწყობოდა
ხალხის მსვლელობა ჩირაღდნებით; მთელ ქვეყანაში ურიცხვი
კანდელი ინთებოდა. ამ დღეს ოფიციალურად აღნიშნავდნენ
ზამთრის დაწყებას. ჩინოვნიკები ზამთრის ტანისამოსში
ეწყობოდნენ და მეც უხალისოდ ვბრუნდებოდი პოტალაში.
ვოცნებობდი იმ დროზე, როცა იმ ასაკს მივაღწევდი, რომ
შემეძლებოდა, მიმებაძა ჩემი წინამორბედის მაგალითისათვის,
რომელიც ზემოთ აღნიშნულ პროცესიაში მონაწილეობას რომ
მიიღებდა, როგორც წესი, ნორბულინგკაში ბრუნდებოდა,
რადგან იქ ყოფნა ერჩივნა, ვიდრე პოტალაში.
წლის განმავლობაში იყო რამდენიმე საერო ხასიათის
ღონისძიებაც, მაგალითად, ცხენების ბაზრობა (პირველ თვეში).
შემოდგომაზე მომთაბარეებს იაკები მოჰყავდათ, რომ
ყასბებისთვის მიეყიდათ ისინი. ამ დროს ძალიან სევდიანი
განწყობა მეუფლებოდა. ვერ ვეგუებოდი იმაზე ფიქრს, რომ ეს
საწყალი ცხოველები დასაკლავად თავიანთი ფეხით
მიდიოდნენ. როგორც კი შევნიშნავდი, რომ მათ
ნორბულინგკას უკან მდებარე ბაზარში შემოიყვანდნენ,
ყოველთვის ვცდილობდი, მეყიდა ისინი და ვინმეს ვგზავნიდი,
რომ ჩემი სახელით ემოქმედა. ასე რომ, მათ სიცოცხლეს
ვუნარჩუნებდი. ალბათ, სულ მცირე, ათი ათასი იაკი მეყოლება
გადარჩენილი. იქნებ მეტიც. ახლა, როცა ამაზე ვფიქრობ,
ვხვდები, რომ იმ პატარა ყაჩაღანას ამქვეყნად სიკეთეც
უკეთებია.

შეიარაღებული თავდასხმა: ქარიშხლის დასაწყისი


1950 წელს, საოპერო ფესტივალის წინა დღეს, ნორბულინგკაში
სააბაზანოდან გამოვდიოდი, როცა ვიგრძენი, რომ ფეხქვეშ მიწა
გამომეცალა. გვიანი საღამო იყო, ძილის წინ პირს ვიბანდი და
ერთ-ერთ მსახურს ველაპარაკებოდი. საპირფარეშო და
სააბაზანო ჩემი საცხოვრებლიდან რამდენიმე იარდით იყო
დაშორებული. ასე რომ, როცა ეს ამბავი მოხდა, მთავარ
შენობაში არ ვიყავი. თავიდან ვიფიქრე, ისევ მიწისძვრაა-მეთქი,

59
რადგან ტიბეტი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს.
მართლაც, როცა შიგნით შემოვედი, შევნიშნე, რომ რამდენიმე
სურათი მოღრეცილად ეკიდა. შორს გამაყრუებელი გრუხუნი
გაისმა. გარეთ გამოვვარდი. დამლაგებელიც უკან გამომყვა.
სანამ ცას გავყურებდით, გრუხუნი კიდევ ორჯერ გაისმა, ეს
საარტილერიო ზალპს ჰგავდა, რაც, როგორც ვივარაუდეთ,
ხმაურისა და ვიბრაციის მიზეზი უნდა ყოფილიყო. ასეთ
სამხედრო წვრთნებს ტიბეტის არმია ატარებდა. სულ
ოცდაათი-ორმოცი აფეთქების ხმა გაისმა.
მეორე დღეს გავიგეთ, რომ ეს სამხედრო წვრთნები სულაც არ
ყოფილა, არამედ განსაკუთრებული ხასიათის ბუნების
მოვლენა. ზოგიერთმა ისიც კი გვაცნობა, რომ იმ მხარეს,
საიდანაც ხმაური მოდიოდა, ცაში უცნაური წითელი ნათება
ჩანდა. თანდათანობით გამოირკვა, რომ იგი მთელ ტიბეტში
უნახავთ - ჩამდოშიც, აღმოსავლეთით, ლჰასიდან დაახლოებით
400 მილზე, და საკიაშიც, 300 მილზე სამხრეთ-დასავლეთით.
ყური მოვკარი, რომ ამ მოვლენას თვალს ადევნებდნენ
კალკუტაშიც. როცა ასეთი უცნაური მოვლენის მასშტაბები
ყველასათვის ცნობილი გახდა, ხალხი ალაპარაკდა, რომ ეს
რაღაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალო მიწისძვრა - ეს რაღაცის
მომასწავებელი ნიშანი უნდა ყოფილიყო.
მეცნიერების მიმართ ბავშვობიდან დიდი ინტერესი მქონდა.
ამიტომ, ბუნებრივია, მინდოდა, ამ უჩვეულო მოვლენისთვის
მეცნიერული ახსნა მომეძებნა. როცა რამდენიმე დღის შემდეგ
ჰარერი დავინახე, ვკითხე, თუ როგორ უნდა ახსნილიყო, მისი
აზრით, არა მარტო ბიძგები, არამედ, რაც მთავარია, უცნაური
ციური მოვლენები. იგი ღრმად დარწმუნებული იყო, რომ ამ ორ
ამბავს შორის კავშირი არსებობდა. როგორც ჩანს, ეს იყო მიწის
ქერქის რღვევა, რაც გამოიწვია მთელი მთის მასივის დაძვრამ.
ჩემი აზრით, ეს სიმართლეს ჰგავდა, მაგრამ ნაკლებად
დასაჯერებელი იყო. რატომ სდევდა თან მიწის ქერქის რღვევას
წითელი ნათება ღამის ცაზე და ჭექა-ქუხილის ხმა? გარდა
ამისა, როგორ მოხდა, რომ ამ მოვლენისთვის შესაძლებელი იყო
თვალყურის დევნება ამხელა მანძილიდან? მაშინ მივიჩნევდი,
რომ ჰარერის თეორია ვერ ხსნიდა იმას, რაც მოხდა. ახლაც კი
ამავე აზრისა ვარ. შეიძლება არსებობს ყოველივე ამის
მეცნიერული ახსნა, მაგრამ ვგრძნობ, რომ იგი მართლაც რაღაც
იდუმალი მოვლენაა და სცდება მეცნიერების ფარგლებს,
ყოველ შემთხვევაში, იმ ზღვრებს, რომელშიც მეცნიერება

60
თანამედროვე ეტაპზეა მოქცეული. ჩემთვის გაცილებით
იოლია, დავუშვა, რომ რაღაც მეტაფიზიკურის მოწმე ვიყავი.
ყოველ შემთხვევაში, ეს გაფრთხილება იყო ზემოდან თუ,
უბრალოდ, მიწის წიაღის ძახილი, ამის შემდეგ ტიბეტში
სიტუაცია სწრაფად გაუარესდა.
როგორც აღვნიშნე, ეს ზუსტად საოპერო ფესტივალის წინ
მოხდა. ორი დღის შემდეგ ავის მომასწავებელმა ნიშანმა (თუკი
იგი მართლაც ასეთი იყო) ახდენა დაიწყო. მოსაღამოებულზე,
წარმოდგენის დროს, დავინახე, რომ ჩემკენ მაცნე მორბოდა.
როცა მან ჩემს ლოჟამდე მოაღწია, მაშინვე მიაცილეს ტატჰაგ
რინპოჩესთან, რეგენტთან, ლოჟის მეორე მხარეს. იმწამსვე
მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. ნორმალურ პირობებში მთავრობის
გადასაწყვეტი საქმეები მომდევნო კვირამდე უნდა გადაედოთ.
ბუნებრივია, ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა. რა ხდება? თუ
რაღაც საშინელება უკვე მოხდა? მაგრამ ვინაიდან ჯერ ძალიან
ახალგაზრდა ვიყავი და არავითარი პოლიტიკური ძალაუფლება
არ გამაჩნდა, იქამდე უნდა მომეცადა, სანამ ტატჰაგ რინპოჩე
საჭიროდ არ ჩათვლიდა, მოეყოლა ჩემთვის, რაც მოხდა. თუმცა
უკვე დიდი ხანია, აღმოვაჩინე, რომ ყუთზე თუ შევდგებოდი,
შემეძლო, შემეხედა ფანჯარაში, რომელიც მომაღლოდ იყო
დატანებული იმ კედელში, მის და ჩემს ოთახს რომ ყოფდა.
როცა იქ მაცნე შევიდა, ზემოთ ავძვერი და სუნთქვაშეკრულმა
რეგენტს დავუწყე თვალთვალი. სანამ ის წერილს
კითხულობდა, საკმაოდ კარგად ვხედავდი მის სახეს. მას
ძალიან სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა. რამდენიმე
წუთის შემდეგ რეგენტი ოთახიდან გამოვიდა; მესმოდა,
როგორ გასცა ბრძანება, კაშაგი მოეწვიათ.
თავის დროზე შევიტყვე, რომ წერილი, რომელიც რეგენტმა
მიიღო, სინამდვილეში კჰამის გუბერნატორის დეპეშა იყო (მისი
რეზიდენცია ჩამდოში მდებარეობდა); იგი იუწყებოდა, რომ
ჩინელი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ტიბეტელების
გარნიზონს, რის შედეგადაც მორიგე ოფიცერი დაიღუპა. ეს
მართლაც სამწუხარო სიახლე იყო. ჩინელმა კომუნისტებმა ჯერ
კიდევ გასული წლის შემოდგომაზე რამდენჯერმე დაარღვიეს
საზღვარი და აცხადებდნენ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ,
ტიბეტი იმპერიალისტი აგრესორებისაგან
გაეთავისუფლებინათ (რას გულისხმობდნენ, ვინ იცის) და ამას
ამბობდნენ მაშინ, როცა ლჰასაში მცხოვრები ჩინელი
ჩინოვნიკები 1949 წელს გაასახლეს.

61
ეტყობოდა, ახლა ჩინეთი აპირებდა, მუქარა აესრულებინა. თუ
ასე მოხდებოდა, ახლა უკვე კარგად ვხვდებოდი, რომ ტიბეტს
სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ჩვენი არმია სულ
რვა ათას ხუთას ოფიცერსა და ჯარისკაცს ითვლიდა. ის
ვერაფრით გაუწევდა წინააღმდეგობას ჩინეთის სახალხო-
განმათავისუფლებელ არმიას, რომელსაც ცოტა ხნის წინ
უდიდესი გამარჯვებები ჰქონდა მოპოვებული.
იმ წლის საოპერო ფესტივალიდან ბევრი არაფერი მახსოვს.
მახსოვს მხოლოდ, რომ სასოწარკვეთამ მომიცვა. ჩემს
ყურადღებას ვეღარ იპყრობდა მაგიური ცეკვებიც კი, რომლებიც
დოლების თანაბარი რიტმის თანხლებით სრულდებოდა.
მოცეკვავეები უცნაურად გამოწყობილიყვნენ (ზოგიერთებს
ჩონჩხების კოსტიუმები ეცვათ, რადგან სიკვდილს
განასახიერებდნენ) და, ძველი ქორეოგრაფიის წესებისამებრ,
საზეიმოდ, რიტმულად მოძრაობდნენ.
ორი თვის შემდეგ, ოქტომბერში, ჩვენი ყველაზე უარესი ეჭვები
დადასტურდა. ლჰასამდე მოაღწია ცნობებმა იმის შესახებ, რომ
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ოთხმოცი
ათასმა ჯარისკაცმა ჩამდოს აღმოსავლეთით მდინარე
გადმოლახა. ჩინეთის რადიომ გამოაცხადა, რომ ჩინეთის
ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის ერთი წლისთავზე
დაიწყო ტიბეტის „მშვიდობიანი გათავისუფლება“.
მაშ ასე, პირველი დარტყმა უკვე განხორციელდა. მალე უნდა
აეღოთ ლჰასა. ჩვენ არავითარი შესაძლებლობა არ გვქონდა, წინ
აღვდგომოდით ასეთ იერიშს. ტიბეტის არმიის
მცირერიცხოვნებას ვინ ჩივის, იგი თანამედროვე შეიარაღების
ნაკლებობას განიცდიდა და სრულიად გაუწვრთნელი იყო.
რეგენტობის პერიოდში მთავრობას არავითარი ინტერესი არ
გამოუჩენია. მიუხედავად მათი ისტორიული ბრძოლებისა,
ტიბეტელები მაინც მშვიდობისმოყვარე ხალხია; ჯარისკაცობა
კი მათთვის საზოგადოების უდაბლეს ფენაში ყოფნას
ნიშნავდა - ჯარისკაცს ისე უყურებდნენ, როგორც, მაგალითად,
ყასაბს. ამ ძნელბედობის ჟამს მთელ ტიბეტში სასწრაფოდ
დაიწყეს დამატებითი ფორმირებებისთვის ხალხის შეგროვება
და ერთი სრულიად ახალიც შექმნეს, მაგრამ ჩინელების
წინააღმდეგ გამოყვანილი ჯარის სამხედრო მომზადების დონე
ძალიან დაბალი იყო.
რაღა აზრი აქვს, ვიმკითხაოთ, თუ როგორი იქნებოდა საბოლოო

62
შედეგი, საქმე რომ სხვანაირად წარმართულიყო. მხოლოდ
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინელებმა ტიბეტის დაპყრობისას
დიდძალი დანაკლისი განიცადეს. ზოგიერთ რაიონში ისინი
თავგანწირულ წინააღმდეგობას წააწყდნენ და, გარდა იმისა,
რომ უშუალოდ ბრძოლებში ბევრი ჯარისკაცი დაეღუპათ,
ცუდად მარაგდებოდნენ და მკაცრი კლიმატიც დიდ ზარალს
აყენებდათ. ბევრი შიმშილისაგან დაიხოცა. ზოგმა მთის
ავადმყოფობა ვერ გადაიტანა, რომელიც ტიბეტში მოხვედრილ
უცხოელებს საშინლად აწამებს. ხანდახან კი მას ლეტალური
შედეგებიც მოსდევს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მნიშვნელობა
არ ჰქონდა არც ტიბეტის არმიის რიცხოვნობას, არც სამხედრო
მომზადების დონეს. საბოლოო ჯამში, მისი მთელი ძალისხმევა
მაინც ამაო აღმოჩნდებოდა. მაშინაც კი ჩინეთის მოსახლეობის
რაოდენობა ასჯერ აღემატებოდა ჩვენსას.
საფრთხე, რომელიც ტიბეტის თავისუფლებას დაემუქრა,
მსოფლიოს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ინდოეთის მთავრობამ,
რომელსაც მხარს დიდი ბრიტანეთი უჭერდა, გააპროტესტა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქმედება და განაცხადა, რომ ეს
შეიარაღებული თავდასხმა მშვიდობის ინტერესებს
ეწინააღმდეგებოდა. 1950 წლის 7 ნოემბერს კაშაგმა და
მთავრობამ თხოვნით მიმართეს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციას, რომ ჩვენს დასაცავად რამე ეღონა. მაგრამ,
სამწუხაროდ, ტიბეტს, რომელიც წლების მანძილზე დანარჩენი
მსოფლიოსგან თავისი იზოლაციის პოლიტიკას ახორციელებდა,
არასოდეს გამოუთქვამს სურვილი, გაეროს წევრი გამხდარიყო.
ამიტომაც ჩვენს თხოვნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
პასუხი ვერ მივიღეთ ვერც მომდევნო ორ დეპეშაზე, რომლებიც
წლის ბოლომდე კიდევ გავგზავნეთ.
ზამთარი ახლოვდებოდა. სულ უფრო და უფრო ცუდ ამბებს
ვიგებდით. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გაკეთებულიყო
განცხადება დალაი ლამას სრულწლოვანების შესახებ. ხალხი
გამოდიოდა მოთხოვნით, რომ საერო ხელისუფლება იმაზე ორი
წლით ადრე გადმომცემოდა, ვიდრე ამის დრო ოფიციალურად
დადგებოდა. დამლაგებლებს ამბები მოჰქონდათ ჩემთან, რომ
ლჰასაში პროკლამაციებს აკრავდნენ, რომლებშიც მთავრობას
ლანძღავდნენ და მოუწოდებდნენ მას, დაეჩქარებინათ ჩემი
აყვანა ტახტზე; რომ ადამიანები ამავე შინაარსის სიმღერებს
მღეროდა.

63
ხალხი ორად გაიყო: ერთნი ამ კრიზისში მთელ იმედებს ჩემს
ხელისუფლებაზე ამყარებდნენ; მეორენი მიიჩნევდნენ, რომ
ამხელა პასუხისმგებლობისათვის მეტისმეტად ახალგაზრდა
ვიყავი. პირადად მე მეორე ჯგუფს ვეთანხმებოდი, მაგრამ
სამწუხაროდ, ჩემთვის რჩევა არავის უკითხავს, ამის ნაცვლად
მთავრობამ შეკითხვა დაუსვა ორაკულს. გაიმართა ძალიან
დაძაბული სცენა. ბოლოს კუტენი, რომელიც სპეციალურად ამ
ცერემონიისთვის განკუთვნილი თავსაბურავის წონის გამო
ტორტმანით მოძრაობდა, მოვიდა ჩემთან და მუხლებზე
დამადო „კატა“[7] შემდეგი სიტყვებით: „ტჰულა ბაპ!“ („მისი
დრო მოვიდა!“).
დორჯე დრაკდენმა თავისი ნება გამოხატა. ტატჰაგ რინპოჩე
იმწამსვე მოემზადა, რეგენტის პოსტი დაეტოვებინა, თუმცა ის
ვალდებული იყო, ჩემს უფროს მასწავლებლად დარჩენილიყო.
ბოლო სიტყვა სახელმწიფო ასტროლოგს ეკუთვნოდა - მას
უნდა დაეთქვა ჩემი ტახტზე ასვლის დღე.
აირჩიეს 1950 წლის 17 ნოემბერი, როგორც უფრო ხელსაყრელი
თარიღი ასტროლოგიური თვალსაზრისით. მოვლენების
ამგვარმა განვითარებამ ძალიან დამაღონა. ჯერ კიდევ ერთი
თვის წინ უდარდელი ყმაწვილი ვიყავი და აუჩქარებლად
ველოდი ყოველწლიურ საოპერო ფესტივალს; ახლა კი
დავდექი პერსპექტივის წინაშე, ქვეყნის მეთაური იმ დროს
გავმხდარიყავი, როცა ის ომისთვის ემზადებოდა. მაგრამ
წარსულს რომ თვალს ვავლებ, ვხედავ, რომ ეს ამბავი სულაც
არ უნდა გამკვირვებოდა; უკვე მერამდენე წელი იყო, ორაკული
დაუფარავ სიძულვილს ავლენდა მთავრობის მიმართ, მე კი
დიდი პატივისცემით მექცეოდა.
ნოემბრის დასაწყისში, ოფიციალურად ჩემს ტახტზე ასვლამდე
ორი კვირით ადრე, ლჰასაში ჩემი უფროსი ძმა ჩამოვიდა,
რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი. მას ტაკცერ რინპოჩე ერქვა
და კუმბუმის მონასტრის წინამძღვარი იყო, იმ მონასტრისა,
სადაც პირველი თვრამეტი თვე მარტოობაში გავატარე, მას
შემდეგ, რაც „აღმომაჩინეს“. როგორც კი შევხედე, მივხვდი, რომ
ძალიან ბევრი რამ ჰქონდა გადატანილი. ჩემი ძმა საშინელ
მდგომარეობაში იყო, უკიდურესად დაძაბული და
აღელვებული. როცა თავის თავგადასავალს მიამბობდა, ენაც კი
ებმოდა. ვინაიდან ამდოს პროვინცია (რომელშიც ორივენი
დავიბადეთ) და, კერძოდ, კუმბუმი ჩინეთის მეზობლად

64
მდებარეობს, ის სწრაფად მოექცა კომუნისტების კონტროლის
ქვეშ. როგორც კი ეს მოხდა, ჩემი ძმა დაუყოვნებლივ
შინაპატიმრობაში აიყვანეს. ყველა ბერის საქმიანობაზე
შეზღუდვები დააწესეს, თვითონ კი, ფაქტობრივად,
მონასტერში გამომწყვდეული აღმოჩნდა. ამავე დროს,
ჩინელები ცდილობდნენ, მისთვის თავს მოეხვიათ
კომუნისტური აზროვნება და გადაებირებინათ. მათ
დაგეგმილი ჰქონდათ, ტაკცერ რინპოჩე ლჰასაში გამოეშვათ,
თუკი ის დათანხმდებოდა, დავერწმუნებინე, ჩინეთის
ხელისუფლება მეღიარებინა. ხოლო თუ გავჯიუტდებოდი, მას
უნდა მოვეკალი. ამისთვის ჯილდოს ჰპირდებოდნენ. ყოვლად
წარმოუდგენელი შეთავაზება იყო! ჯერ ერთი, ფიქრიც კი
ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლაზე ბუდისტებს დიდ
ვნებას აყენებს. ამიტომ იმის ვარაუდიც კი, რომ ჩემს ძმას
შეეძლო, პირადი ინტერესების გამო დალაი ლამა მოეკლა,
ცხადყოფს, რომ ჩინელებს არავითარი წარმოდგენა არა აქვთ
ტიბეტელების ხასიათზე.
ტაკცერ რინპოჩე მთელი წლის განმავლობაში ხედავდა, როგორ
არბევდნენ მისი მონასტრის საძმოს ჩინელები. იგი
თანდათანობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლჰასაში უნდა
გამოქცეულიყო. მას უნდა გავეფრთხილებინე, რა ბედი ელოდა
ტიბეტს, თუ ჩინელები დაიპყრობდნენ. ამის განხორციელების
ერთადერთი საშუალება ის იყო, რომ ჩინელებისათვის თავი
მოეჩვენებინა, თითქოს მათ წინადადებაზე თანახმა იყო. ასეც
მოიქცა.
პირდაღებული ვუსმენდი. აქამდე თითქმის არაფერი ვიცოდი
ჩინელებზე; კიდევ უფრო ნაკლები - კომუნისტებზე, თუმცა
გაგონილი მქონდა, რომ მათ საშინელი უბედურება მოუტანეს
მონღოლ ხალხს. გარდა ამისა, მე ის ვიცოდი, რაც ნამცეც-ნამცეც
შევაგროვე ჟურნალ Life-ის გვერდებზე, რომლის ნომერი
შემთხვევით ჩამივარდა ხელში. ახლა კი ძმის წყალობით
ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ჩინელი კომუნისტები არა მარტო
არარელიგიურები არიან, არამედ წინააღმდეგობას უწევენ
რელიგიურ ცხოვრებას.
ძალიან შევშინდი, როცა ტაკცერ რინპოჩემ მითხრა, რომ
ერთადერთ იმედად ისღა დაგვრჩენოდა, საზღვარგარეთის
მხარდაჭერა მოგვეპოვებინა და ჩინეთს წინ აღვდგომოდით
იარაღით.

65
ბუდა მკვლელობაზე უარის თქმას ქადაგებდა, მაგრამ
მიუთითებდა, რომ გარკვეული გარემოებების დროს შეიძლება
მას გამართლება მოეძებნოს. ჩემი ძმის აზრით, ახლა სწორედ
ასეთი გარემოება იყო. ამიტომ იგი დაარღვევდა ბერის აღთქმას,
გაიხდიდა ბერულ სამოსს და წავიდოდა საზღვარგარეთ,
როგორც ტიბეტის ემისარი; ეცდებოდა, ამერიკელებთან
შეთანხმებისთვის მიეღწია; მიიჩნევდა, ისინი აუცილებლად
დაუჭერდნენ მხარს თავისუფალი ტიბეტის იდეას.
მოსმენილით თავზარდაცემული ვიყავი, მაგრამ იქამდე, სანამ
შეწინააღმდეგებას შევძლებდი, მან სცადა, დავერწმუნებინე,
რომ ლჰასა უნდა დამეტოვებინა. მართალია, ამას სხვებიც
მეუბნებოდნენ, საერთო ჯამში, ამ მოსაზრებას მომხრე ძალიან
ცოტა ჰყავდა, მაგრამ ძმამ მთხოვა, მისი რჩევა
გამეთვალისწინებინა და უმრავლესობის აზრისთვის ანგარიში
არ გამეწია. როგორც ის ამბობდა, საშიშროება ძალიან დიდი იყო
და მე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავვარდნოდი ხელში
ჩინელებს.
ჩვენი შეხვედრის შემდეგ ჩემი ძმა, სანამ დედაქალაქიდან
წავიდოდა, მთავრობის სხვადასხვა წევრს ესაუბრა. მე იგი
ერთხელ თუ ორჯერ ვნახე, მაგრამ ვერაფრით შევძელი,
მისთვის გადაწყვეტილება შემეცვლევინებინა. საშინელმა
განსაცდელმა, რომელიც მან მთელი წლის განმავლობაში
გადაიტანა, დაარწმუნა, რომ სხვა გზა არ არსებობდა. სხვათა
შორის, იმდენი საფიქრალი მქონდა, ამ თემას აღარ
ჩავღრმავებივარ. ტახტზე ასვლამდე რამდენიმე დღე
მრჩებოდა. გადავწყვიტე, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით,
საყოველთაო ამნისტია გამომეცხადებინა. ჩემი ტახტზე ასვლის
დღეს ყველა პატიმარი გათავისუფლდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ
ციხე სოფელ შოლში დაცარიელდებოდა. მსიამოვნებდა, რომ
ამის გაკეთების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა ზოგჯერ
მენანებოდა ციხის დაცლა. ამიერიდან ჩვენი მიამიტური,
ბავშვური მეგობრობა სიხარულს ვეღარ მომანიჭებდა. როცა
დურბინდით ციხის ეზოსკენ გადავიხედავდი, იქ აღარავინ
ჩანდა, გარდა ძაღლებისა, საჭმლის ნარჩენებში რომ
იქექებოდნენ. თითქოს ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი გაქრა.
17 ნოემბერს, დილით, ჩვეულებრივზე ერთი თუ ორი საათით
ადრე ავდექი. ჯერ კიდევ ბნელოდა. როცა ვიცვამდი, სამოსის
ოსტატმა მწვანე ქსოვილის ზოლი გადმომცა, რომელიც წელზე

66
უნდა შემომეხვია. მიიჩნეოდა, რომ, ასტროლოგიური
თვალსაზრისით, მწვანე ხელსაყრელი ფერი იქნებოდა.
საუზმეზე უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ ცერემონია
დიდხანს გაგრძელდებოდა და არ მინდოდა, ყურადღება
ბუნების „ფიზიოლოგიურ ძახილზე“ გადამეტანა. მაგრამ
ასტროლოგებმა მოითხოვეს, რომ ცერემონიის დაწყებამდე
ვაშლი მეჭამა. მახსოვს, რა გაჭირვებით ვყლაპავდი ლუკმას.
ვაშლს რომ მოვრჩი, ტაძრისკენ გავემგზავრე, სადაც
განთიადისას ჩემი ხელდასხმა შედგებოდა.
ტახტზე ასვლა ალბათ ბრწყინვალე სანახაობა უნდა
ყოფილიყო. მას მთავრობის ყველა წევრი ესწრებოდა; აქ იყვნენ
ასევე უცხოელი წარმომადგენლები ლჰასაში. ყველა საზეიმო
ტანისამოსში გამოწყობილიყო. სამწუხაროდ, ძალიან ბნელოდა
და ბევრი დეტალის გარჩევა ვერ შევძელი. ცერემონიის დროს
გადმომცეს ოქროს ბორბალი, რომელიც სიმბოლურად
განასახიერებდა ჩემთვის საერო ძალაუფლების მონიჭებას.
თუმცა გარდა ამისა, ბევრი არაფერი მახსოვს. ერთ რამეს
ვგრძნობდი მხოლოდ - მოთხოვნილება, სასწრაფოდ დამეცალა
შარდის ბუშტი, თანდათანობით მიძლიერდებოდა. ბრალი
ყველაფერში ასტროლოგებს მიუძღოდათ. პრობლემის მიზეზი
იყო მათი იდეა, რომ ვაშლი აუცილებლად უნდა მეჭამა. მათი
დიდად არასდროს მჯეროდა, ამ შემთხვევამ კი შეხედულება
მათ შესახებ კიდევ უფრო განმიმტკიცა.
ყოველთვის მივიჩნევდი, რომ რაკი ადამიანის ცხოვრების
ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები - დაბადება და სიკვდილი
არ შეიძლება ასტროლოგების რჩევით დადგინდეს, სხვა
დღეებზე წუხილი აღარ ღირს. თუმცა ეს პირადად ჩემი აზრია
და სულაც არ ნიშნავს, თითქოს მე მინდოდეს, ვაიძულო
ტიბეტელები, უარი თქვან ასტროლოგიის გამოყენებაზე. ჩვენი
კულტურის თვალსაზრისით, ასტროლოგიას დიდი
მნიშვნელობა ენიჭება.
მიუხედავად ამისა, ჩემი მდგომარეობა ამ სიტუაციაში
უარესდებოდა. ბოლოს ბარათი გავუგზავნე ჰოფმაისტერს და
ვთხოვე, ზეიმი სწრაფად დაესრულებინა. მაგრამ ჩვენი
ცერემონიები ხანგრძლივი და რთულია. შიშმა შემიპყო, რომ
ისინი აღარასოდეს დამთავრდებოდა.
როცა, როგორც იქნა, პროცედურა დასრულდა, ექვსმილიონიანი
ხალხის უალტერნატივო ლიდერი გავხდი, ხალხისა, რომელიც

67
ნამდვილი ომის პირისპირ იდგა. მე ჯერ თხუთმეტი წლის
ვიყავი. დაუჯერებელ სიტუაციაში აღმოვჩნდი; მაგრამ
საკუთარ მოვალეობად მივიჩნევდი, თუკი როგორმე
შევძლებდი, ჩემი ქვეყნისთვის უბედურება თავიდან
ამეცილებინა. ახლა ჩემი პირველი რიგის ამოცანა ორი ახალი
პრემიერ-მინისტრის დანიშვნა იყო.
რატომ აუცილებლად ორი პრემიერ-მინისტრი? ამის მიზეზი ის
გახდა, რომ ჩვენს სამთავრობო სისტემაში თითოეულ
თანამდებობაზე (დაწყებული პრემიერ-მინისტრით) ერთი
საერო პირი ინიშნებოდა და ერთი ბერი. ეს ჯერ კიდევ დიდი
მეხუთე დალაი ლამასგან მოდიოდა, რომელმაც პირველმა
მიიღო საერო ხელისუფლება თავის ძირითად სტატუსთან
ერთად. ეს უკანასკნელი სახელმწიფოს სულიერი ლიდერის
პოსტს გულისხმობდა. სამწუხაროდ, ეს სისტემა წარსულში
კარგად მუშაობდა, მაგრამ მეოცე საუკუნეში უკიდურესად
მოძველდა. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, რეგენტობის ოცი
წლის განმავლობაში მთავრობა კორუფციის ჭაობში ჩაეფლო.
თქმაც არ ღირს იმისა, რომ თითქმის არავითარი რეფორმა არ
გატარებულა; თვით დალაი ლამასაც კი არ შეეძლო, რამე
გაეკეთებინა, რადგან მის ნებისმიერ წინადადებას ჯერ
პრემიერ-მინისტრებს წარუდგენდნენ, შემდეგ - კაშაგს, ამის
მერე - აღმასრულებელი ხელისუფლების თითოეულ
წარმომადგენელს (რანგის მიხედვით) და ბოლოს - ეროვნულ
კრებას. თუ რომელიმე მათგანი წინადადებას არ ეთანხმებოდა,
უკიდურესად ძნელი იყო, საკითხი შემდგომში კიდევ
განხილულიყო.
იგივე ხდებოდა, როცა რეფორმის იდეას ეროვნული კრება
წამოაყენებდა, ოღონდ ახლა წინადადება საპირისპირო გზას
გაივლიდა.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკანონმდებლო აქტი
საბოლოოდ დალაი ლამას წარედგინებოდა, მას შეეძლო,
შესწორებების შეტანის სურვილი გამოეთქვა. მაშინ ამ
შესწორებებს პერგამენტის ლენტებზე ჩამოწერდნენ,
რომლებსაც დოკუმენტის თავდაპირველ ვარიანტს
მიაკრავდნენ. შემდეგ იგი დასამტკიცებლად ეგზავნებოდათ
ჩინოვნიკებს დაღმავალი ხაზის მიხედვით. მაგრამ რეფორმების
გატარების მთავარი სირთულე მდგომარეობდა იმაში, რომ
რელიგიურ თემს უცხოეთის ზეგავლენის შიში ჰქონდა; ამ

68
ზეგავლენას, ბევრის აზრით, შეეძლო, ზიანი მიეყენებინა
ტიბეტური ბუდიზმისათვის.
ბერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლობსან ტაში ავირჩიე, მისი
საერო კოლეგა გახდა ლუკჰანგვა, გამოცდილი სამოქალაქო
მოხელე ადმინისტრირების დარგში. ამ უკანასკნელთან და
კაშაგთან თათბირის შემდეგ გადავწყვიტე, გამეგზავნა
დელეგაცია საზღვარგარეთ - ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და
ნეპალში, იმ იმედით, რომ დავარწმუნებდით ამ ქვეყნებს,
ჩვენს დასაცავად ხმა აღემაღლებინათ. მეორე დელეგაცია
ჩინეთში უნდა გამგზავრებულიყო, რომ მოლაპარაკებები
ეწარმოებინა ტიბეტიდან ჯარების გამოყვანის შესახებ. ეს
მისიები წლის ბოლოს გაიგზავნა. ამ ამბიდან ძალიან მალე,
როცა ჩინელებმა სამხედრო ძალებს აღმოსავლეთში მოუყარეს
თავი, გადაწყდა, რომ მე მთავრობის მაღალჩინოსნებთან
ერთად სამხრეთ ტიბეტში უნდა გადავბარგებულიყავი.
სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში შემეძლო, ინდოეთის
საზღვარი გადამეკვეთა და ადვილად მეპოვა თავშესაფარი. ამ
დროს ლობსან ტაში და ლუკჰანგვა ლჰასაში უნდა
დარჩენილიყვნენ და თავიანთი მოვალეობები
შეესრულებინათ. სახელმწიფო ბეჭდები ჩემთან უნდა
ყოფილიყო.

თავშესაფარი სამხრეთში
ბევრი რამ გვქონდა მოსაგვარებელი, სანამ ლჰასას
დავტოვებდით, რასაც რამდენიმე კვირა მოვანდომეთ. გარდა
ამისა, მთელ სამზადისს ფარულად უნდა ჩაევლო. ჩემს
პრემიერ-მინისტრებს ეშინოდათ - დალაი ლამას
გასამგზავრებლად მზადების შესახებ ერთ სიტყვასაც რომ
გაეჟონა, საყოველთაო პანიკა დაიწყებოდა. მაგრამ
დარწმუნებული ვარ, ბევრი ხვდებოდა, რაც ხდებოდა, რადგან
წინასწარ გაიგზავნა რამდენიმე ქარავანი ბარგით, რომელშიც,
ჩემგან ფარულად, შედიოდა ორმოცდაათი თუ სამოცი სეიფი
განძეულით. ეს იყო უმეტესად ოქროს და ვერცხლის ზოდები
პოტალას საცავებიდან. ეს იდეა კენრაპ ტენზინს ეკუთვნოდა,
ჩემს ყოფილ სამოსის მცველს, რომელიც ცოტა ხნის წინ
დაინიშნა ჩიკიაპ კჰენპოს, პერსონალის უფროსის
თანამდებობაზე. როცა ამის შესახებ შევიტყვე, ძალიან

69
გავბრაზდი. იმიტომ კი არა, რომ განძეული მადარდებდა, არა,
მივიჩნევდი, რომ ჩემი ყმაწვილური სიამაყე შეილახა. რაკი
კენრაპ ტენზინმა ამის შესახებ არაფერი მითხრა, ეს ნიშნავდა,
რომ ისევ ისე მექცეოდა, როგორც ბავშვს.
გამგზავრების დღეს გაორებული გრძნობით ველოდი -
შეშფოთება რაღაც ახლის მოლოდინს ერწყმოდა. ერთი მხრივ,
ვწუხდი, ჩემი ხალხის დატოვება რომ მიწევდა, რადგან
შეგნებული მქონდა საკუთარი პასუხისმგებლობა მის წინაშე.
მეორე მხრივ, მოუთმენლად ველოდი მოგზაურობის დაწყებას.
ჩემი აღგზნება და მღელვარება გაამძაფრა ჰოფმაისტერის
გადაწყვეტილებამ, რომ მე საერო პირის ტანსაცმელში უნდა
ვყოფილიყავი გადაცმული. ის ღელავდა, რომ ხალხს შეიძლება
ხელი შეეშალა ჩემთვის გამგზავრებაში, როცა გაიგებდა, თუ რა
ხდებოდა. ამიტომ მირჩია, ინკოგნიტოდ დავრჩენილიყავი. ამ
იდეამ აღმაფრთოვანა. ახლა შემეძლო, არა მარტო ბევრი რამ
მენახა ჩემს ქვეყანაში, არამედ მეძლეოდა შესაძლებლობა,
გამეკეთებინა ეს, როგორც ჩვეულებრივ დამკვირვებელს და არა
როგორც დალაი ლამას.
გვიან ღამით დავტოვეთ ლჰასა. მახსოვს, ციოდა, მაგრამ
ძალიან ნათელი ღამე იყო. ამქვეყნად არსად ისე არ ბრწყინავენ
ვარსკვლავები, როგორც ტიბეტში. საოცარი სიჩუმე იყო. გული
მიფანცქალებდა, რომელიმე პონი რომ წაიფორხილებდა, როცა
ჩუმად მივიწევდით წინ, პოტალას სასახლის ეზოში,
ნორბულინგკასა და დრეპუნგის მონასტრის სიახლოვეს,
მაგრამ ნამდვილი შიში არ მიგრძნია.
ჩვენი მოგზაურობის საბოლოო პუნქტი იყო დრომო
(გამოითქმის, როგორც „ტრომო“), რომელიც 200 მილზე, სიკიმის
საზღვართან მდებარეობდა. თუ ყველაფერი მშვიდობიანად
ჩაივლიდა, მგზავრობას, უკიდურეს შემთხვევაში, ათი დღე
უნდა დასჭირვებოდა, თუმცა დიდი ხანი არ გასულა, რომ უკვე
უბედურება შეგვემთხვა. რამდენიმე დღე რომ ვიარეთ,
ჩავედით შორეულ სოფელში, ჯანგში, სადაც ბერები განდენის,
დრეპუნგისა და სერას მონასტრებიდან ზამთრის დისპუტებზე
იკრიბებოდნენ. ჩვენი პროცესიის მასშტაბებმა ისინი
მიახვედრა, რომ ეს ჩვეულებრივი ქარავანი არ იყო. ორასამდე
მაინც ვიქნებოდით, აქედან - ორმოცდაათი მაღალჩინოსანი,
ამდენივე სასაპალნე პირუტყვი. ასე რომ, ბერები
დარწმუნდნენ, რომ მე სადმე აქ უნდა ვყოფილიყავი.

70
ბედად, ქარავნის თავში ვიყავი, თანაც გადაცმული და ვერავინ
მიცნო. არავის გავუჩერებივარ. მაგრამ როცა ჩავუარე, შევნიშნე,
რომ ბერები ძალიან ღელავდნენ. ბევრს თვალზე ცრემლი
მოსდგომოდა. ცოტა ხნის შემდეგ მათ შეაჩერეს ლინგ რინპოჩე,
რომელიც უკან მომყვებოდა. მოვიხედე და მივხვდი, რომ
ბერები ლჰასაში ჩემს დაბრუნებაზე მის დაყოლიებას
ცდილობდნენ. უკიდურესად დაძაბული მომენტი იყო.
ემოციებმა აპოგეას მიაღწია. ბერებს ჩემი, როგორც თავიანთი
„უძვირფასესი მფარველის“, ისეთი რწმენა ჰქონდათ, მათთვის
აუტანელი იყო იმის გაფიქრებაც კი, რომ მათ მივატოვებდი.
ლინგ რინპოჩემ მათ აუხსნა, რომ დიდი ხნით არ
მივემგზავრებოდი და ბერებიც უხალისოდ დათანხმდნენ,
ჩვენთვის გზის გაგრძელების ნება მოეცათ. შემდეგ ისინი
პირქვე დაემხვნენ და ლოცულობდნენ, რომ, რაც შეიძლება,
სწრაფად დავბრუნებულიყავი.
ამ უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ თავგადასავლების გარეშე
ვიმგზავრეთ და შევძელი, სიტუაციით მაქსიმალურად
მესარგებლა: ისევ გადაცმული, წინ მივდიოდი და შემთხვევას
არ ვუშვებდი, შევჩერებულიყავი და ხალხს
გამოვლაპარაკებოდი. ვხვდებოდი, რომ ახლა მომეცა
საშუალება, გამეგო, თუ როგორ ცხოვრობდნენ სინამდვილეში
ჩემი თანამემამულეები. ბევრ ადამიანს ველაპარაკე, ისე, რომ
მათ არ ვუცნივარ. ამ საუბრებიდან შევიტყვე იმ, ერთი
შეხედვით, პატარა უსამართლობების შესახებ, რომლებიც ჩემს
ხალხს სიცოცხლეს უმწარებს, და გადავწყვიტე, როგორც კი
შევძლებდი, ისეთი ცვლილებები განმეხორციელებინა, ამ
ადამიანებს დავხმარებოდი. თითქმის ერთ კვირაში ჩავედი
გიანცზეში, ტიბეტის სიდიდით მეოთხე ქალაქში.
აქ გასაიდუმლოება უკვე შეუძლებელი გახდა. ჩემს
შესახვედრად ასეულობით ადამიანი გამოეფინა. ინდოეთის
კავალერიის რაზმმა თოფები მოიმარჯვა და სალმით შემეგება.
მის შემადგენლობაში გაქუცულფორმიანი, მაგრამ
ენთუზიაზმით აღსავსე ჯარისკაცები შედიოდნენ (მათ
ინდოეთის სავაჭრო მისიის თანხლება ევალებოდათ). მაგრამ
ფორმალობების დრო არ იყო და სწრაფად განვაგრძეთ გზა. 1951
წლის იანვარში, თითქმის ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ,
დრომოში ჩავედით.
ყველანი გადავიქანცეთ, მაგრამ მე უზარმაზარი აღმაფრენა

71
დამეუფლა. თვითონ ქალაქი არაფრით გამოირჩეოდა,
ფაქტობრივად, იგი ერთმანეთზე მიკრული რამდენიმე
სოფლისგან შედგებოდა, მაგრამ მის ირგვლივ თვალწარმტაცი
ლანდშაფტი იშლებოდა. ქალაქი სწორედ იმ ადგილას
მდებარეობს, სადაც ამოჩუს ხეობა ზღვის დონიდან 9 ათას
ფუტზე ორად იყოფა.
ხეობის ძირში მდინარე მიედინება, რომელიც ისე ახლოა
სოფელთან, წყლის ხმაური დღედაღამ ისმის. თითქმის ზედ
მდინარის პირას აღმართულია მთების ციცაბო ფერდობები.
ზოგან მდინარე კლდეებს შორის ჩაჭედილა, რომლებიც კამკამა
ლურჯი ცისკენ აზიდულან. შორიახლო გოროზი მთების
მწვერვალები მოჩანს, რომლებიც ტიბეტს დიდებულ იერს
აძლევს, ამწვანებულ საძოვრებზე აქა-იქ გაფანტულა ფიჭვების
კორომები და როდოდენდრონის ბუჩქები. კლიმატი, ეტყობა,
საკმაოდ ტენიანია. დრომო ინდოეთის დაბლობების
მახლობლად მდებარეობს. ამიტომ აქ მუსონური წვიმები იცის;
მაგრამ მაშინაც კი ხშირად ანათებს მზე, რომელიც სქელ
ღრუბლებში აღწევს და ველებს საოცარი მბრწყინავი შუქით
ავსებს. მინდოდა, ფეხით მომევლო ეს ადგილები, მთებზე
ავსულიყავი და დავმტკბარიყავი ველური ყვავილების
სილამაზით, მაგრამ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორს იყო.
დრომოში ჯერ ხელისუფლების ადგილობრივი
წარმომადგენლის სახლში დავბინავდი. ეს ის კაცი იყო,
სათამაშოებსა და ვაშლებს რომ მიგზავნიდა. მერე დუნგკარის
პატარა მონასტერში გადავბარგდი, რომელიც ბორცვზე დგას და
დრომოს მთელ დაბლობს გადაჰყურებს. აქ მალე მოვეწყვეთ,
და ისევ დაიწყო ჩემთვის ჩვეული ცხოვრება - ლოცვებით,
მედიტაციებით, განმარტოების დღეებით, სწავლით. უარს არ
ვიტყოდი, ცოტა მეტი თავისუფალი დრო რომ მქონოდა.
მენატრებოდა ის დღეები, როცა ლჰასაში ჩემებურად
ვერთობოდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვიგრძენი, რომ რაღაც
შეიცვალა ჩემში; შეიძლება თავისუფლების შეგრძნების გამო,
რადგან ახლა აღარ მევალებოდა მკაცრი ეტიკეტისა და მთელი
იმ ფორმალობების დაცვა, რომლებიც ლჰასაში ჩემი ცხოვრების
ესოდენ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. ჩემი მეგობარი
დამლაგებლების მონატრებას პასუხისმგებლობის
გამძაფრებული გრძნობა ანეიტრალებდა. სამხრეთში
გამგზავრებამ ერთი რამ შემაცნობინა: გულმოდგინედ უნდა
მესწავლა და, რაც შეიძლება, მეტი უნდა მცოდნოდა. ხალხს

72
ჩემი რწმენა ჰქონდა და ეს მავალდებულებდა, მის იდეალს
მივახლოებოდი.
დრომოში ჩვენი ჩასვლიდან ძალიან მალე ერთი
მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ჩამოვიდნენ ბერები შრი-
ლანკიდან და თან ჩამოიტანეს ძვირფასი რელიკვია, რომელიც
ძალიან ამაღელვებელი ცერემონიის დროს გადმომცეს.
რაკი ლუკჰანგვა და ლობსან ტაში ლჰასაში დარჩნენ, ჩემი
მთავარი მრჩევლები იყვნენ: კაშაგი, ჰოფმაისტერი, ლინგ
რინპოჩე (ახლა ის იყო ჩემი უფროსი მასწავლებელი) და
ტრიჯანგ რინპოჩე, უფროსი „ცენშაპი“, რომელიც ცოტა ხნის
წინ დამინიშნეს უმცროს მასწავლებლად. აქ იმყოფებოდა ჩემი
ძმაც, ტაკცერ რინპოჩეც, რომელიც ინდოეთში მიდიოდა და
გზად გამოიარა. ის დრომოში ჩვენამდე რამდენიმე კვირით
ადრე ჩავიდა.
ცუდი ამბები შევიტყვეთ: დანიშნულების ადგილამდე
მხოლოდ ერთმა მიაღწია იმ დელეგაციებიდან, რომლებიც
ლჰასიდან ჩემს გამომგზავრებამდე საზღვარგარეთ გავგზავნეთ
- ეს ჩინეთში ჩასული ჯგუფი აღმოჩნდა. ყველა დანარჩენი უკან
დააბრუნეს. ეს დიდი დარტყმა იყო. ტიბეტს ნეპალთან და
ინდოეთთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
ისინი ხომ ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან. რაც შეეხება
დიდ ბრიტანეთს, პოლკოვნიკ იანგჰასბენდის წყალობით,
ტიბეტში თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში
არსებობდა ბრიტანეთის სავაჭრო მისია. მას შემდეგაც კი, რაც
1947 წელს ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ მისიას
ერთხანს იგივე ინგლისელი, ჰიუ რიჩარდსონი მეთაურობდა.
ამიტომ შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რომ ბრიტანეთის
მთავრობა ეთანხმებოდა ჩინეთს, როცა ის ტიბეტის
მისაკუთრებას ლამობდა. ეტყობა, ბრიტანელებს დაავიწყდათ,
რომ წარსულში, მაგალითად, როცა იანგსჰაბენდმა
ხელშეკრულება დადო ტიბეტის მთავრობასთან, მათ საჭიროდ
ჩათვალეს, ისე მოჰკიდებოდნენ ტიბეტს, როგორც
აბსოლუტურად სუვერენულ სახელმწიფოს. ასეთი იყო მათი
პოზიცია 1914 წელსაც, როცა მათ მოიწვიეს კონფერენცია
სიმლაში (სადაც ხელი მოეწერა კონვენციას), რომელზედაც
ტიბეტი და ჩინეთი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
მოიწვიეს. გარდა ამისა, ინგლისელებსა და ტიბეტელებს
ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩემი

73
თანამემამულეები ძალიან აფასებენ ინგლისელების
მოწესრიგებულობას, სამართლიანობას, იუმორის გრძნობას.
რაც შეეხება ამერიკას, 1948 წელს ოფიციალური ვაშინგტონი
მიესალმა ჩვენს სავაჭრო დელეგაციას, რომელიც ვიცე-
პრეზიდენტსაც კი შეხვდა. გამოდის, რომ, როგორც ჩანს,
ამერიკელებმაც შეიცვალეს შეხედულებები. მახსოვს, რა
სიმწარე ვიგრძენი, როცა გავაცნობიერე, თუ რას ნიშნავდა
ყოველივე ეს სინამდვილეში - ტიბეტი უნდა მომზადებულიყო,
რომ ძლევამოსილ კომუნისტურ ჩინეთს მარტოდმარტო
შებრძოლებოდა.
შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: მას მერე, რაც რამდენიმე
კვირაში, ერთის გარდა, ყველა დელეგაცია უკან დაბრუნდა,
ნგაბო ნგავანგ ჯიგმესგან, ჩამდოს გუბერნატორისგან ლჰასაში
ვრცელი ანგარიში მიიღეს. ჩამდოს ოლქის უმეტესი ნაწილი
ახლა ჩინელების ხელში იყო და ზემოხსენებული დოკუმენტის
ლჰასაში ჩატანა ერთმა იქაურმა ვაჭარმა მოახერხა. მან ის
დაუბრკოლებლად გადასცა ლობსან ტაშის და ლუკჰანგვას,
რომლებმაც ანგარიში მე გადმომიგზავნეს. მასში
ჩამოყალიბებული იყო არსი იმ საფრთხისა (გულის
დამამძიმებელი და საზარელი წვრილმანებით), რომელიც
ჩინეთის მხრიდან გვემუქრებოდა. ყოველივე ამის გაცნობის
შედეგად ნათელი ხდებოდა: თუკი მიღწეული არ იქნებოდა
რაიმე ტიპის შეთანხმება, ჩინეთის სახალხო-
განმათავისუფლებელი არმია ლჰასისკენ დაიძრებოდა, რასაც
უეჭველად მოჰყვებოდა მრავალი ადამიანის დაღუპვა.
მინდოდა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ეს თავიდან
ამეცილებინა.
ნგაბოს აზრით, მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ
გვქონდა. თუ ეს ტიბეტის მთავრობისთვის მისაღები
იქნებოდა, გუბერნატორი გვთავაზობდა, პირადად
გამგზავრებულიყო პეკინში (ამ შემთხვევაში მისთვის
რამდენიმე თანაშემწე უნდა გამომეყო), რომ როგორმე
ჩინელებთან დიალოგი გაემართა. ლჰასაში ლობსან ტაშისა და
ლუკჰანგვას მივწერე, რომ მათი აზრი გამეგო. მათ მიპასუხეს,
რომ მიზანშეწონილად მიაჩნდათ, ასეთი მოლაპარაკება
ლჰასაში გამართულიყო, მაგრამ, გამოუვალი მდგომარეობის
გამო, ისინი იძულებული იყვნენ, პეკინზეც
დათანხმებულიყვნენ.

74
რაკი ამ ამოცანის შესასრულებლად ნგაბომ უყოყმანოდ
შემოგვთავაზა თავისი კანდიდატურა, ჩემი აზრით, სწორედ
თვითონ, როგორც გაბედული და მტკიცე ხასიათის
ადმინისტრატორი, უნდა წასულიყო ჩინეთის დედაქალაქში.
შესაბამისად, მე გავგზავნე ორი ადამიანი დრომოდან და ორი -
ლჰასიდან, რომლებიც მას უნდა გაჰყოლოდნენ.
ვიმედოვნებდი, რომ ჩამდოს გუბერნატორი გასაგებად
აუხსნიდა ჩინეთის მთავრობას: ტიბეტს სჭირდება არა
„გათავისუფლება“, არამედ მშვიდობიანი ურთიერთობის
შენარჩუნება დიდ მეზობელთან.
ამასობაში გაზაფხულიც დადგა. ბუნებამ გამოიღვიძა. ირგვლივ
ყველაფერი აყვავდა. მალე მთებიც ველური ყვავილებით
დაიფარა. ნორჩ ღია მწვანე ბალახს სიქორფის იერი
გადაჰკრავდა. ჰაერი ჟასმინის, ცხრატყავასა და ლავანდის
გასაოცარი სურნელით აივსო. ჩემი მონასტრის ოთახების
ფანჯრებიდან მოჩანდა მდინარე, რომლის სიახლოვესაც
გლეხები ცხვრებს, იაკებს და ძომოებს მწყემსავდნენ.
ვუყურებდი (და არცთუ შურის გარეშე) დამსვენებელთა
ჯგუფებს, რომლებიც მდინარის ნაპირზე თითქმის ყოველდღე
მოდიოდნენ, რომ აქ კოცონი დაენთოთ და საჭმელი
მოემზადებინათ. ეს ყველაფერი ისე მიზიდავდა, რომ
გამბედაობა მოვიკრიბე და ლინგ რინპოჩეს ცოტაოდენი
თავისუფალი დრო გამოვთხოვე. მასაც ალბათ ჩემნაირი
გრძნობები დაუფლებოდა და, ჩემდა გასაკვირად,
გამოსასვლელი დღეები გამომიყო. მე მგონი, არასოდეს
ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორიც ამ რამდენიმე დღის
განმავლობაში. ფეხით მოვიარე იქაურობა. ერთ დღეს
ბონისტური მონასტერი მოვინახულე. ხასიათს მხოლოდ ერთი
რამ მიწამლავდა - წინ მძიმე დღეები გველოდა. პეკინში მყოფი
ნგაბოსგან ცნობებს ველოდით. სრულიადაც არ
გამოვრიცხავდი, რომ ახალი ამბები შეიძლებოდა, ცუდი
ყოფილიყო; თუმცა მაინც თავზარი დამცა იმის მოსმენამ, რაც
პეკინში მოხდა.
მონასტერში „ბუშის“ ძველი რადიომიმღები მქონდა, რომელიც
ექვსვოლტიან ბატარეაზე მუშაობდა. ყოველ საღამოს ვრთავდი
„ჩინეთის რადიოს“. ხანდახან ჩემთან ამ დროს რომელიმე
ჩინოვნიკი იყო, მაგრამ უფრო ხშირად გადაცემებს ტიბეტურ
ენაზე მარტო ვუსმენდი. ინფორმაცია გაჯერებული იყო
„დიადი დედასამშობლოს“ პროპაგანდით; მაგრამ უნდა

75
აღვნიშნო, რომ გაგონილის უმეტესობა ჩემზე დიდ
შთაბეჭდილებას ახდენდა. გამუდმებით საუბრობდნენ
ჩინეთის ინდუსტრიულ პროგრესზე და ქვეყნის ყველა
მოქალაქის თანასწორუფლებიანობაზე. ეს ყველაფერი ისე
გამოიყურებოდა, როგორც მატერიალური და სულიერი
პროგრესის ჰარმონიული შერწყმა. და აი, ერთ საღამოს, როცა
რადიოს მარტო ვუსმენდი, ის სულ სხვანაირად ალაპარაკდა.
უსიამოვნო, უხეშმა ხმამ გამოაცხადა, რომ ამ დღეს ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკისა და, როგორც თვითონ უწოდებდნენ,
„ადგილობრივი ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა ხელი
მოაწერეს „ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებას ტიბეტის
მშვიდობიანი გათავისუფლების შესახებ“.
ყურებს არ ვუჯერებდი, მინდოდა, წამოვმხტარიყავი და
ვინმესთვის დამეძახა, მაგრამ ისე გავოგნდი, მიჯაჭვულივით
ვიჯექი. დიქტორი აღწერდა, რომ „ბოლო ასი და მეტი წლის
განმავლობაში ტიბეტის ტერიტორიაზე აგრესიულმა
იმპერიალისტურმა ძალებმა შეაღწიეს. ისინი „ყოველგვარ
პროვოკაციას სჩადიოდნენ და ხალხს ატყუებდნენ“. მან
დასძინა, რომ „ამ პირობებში ტიბეტელები ჩათრეულ იქნენ
მონობასა და ტანჯვის მორევში“. როცა ტყუილებისა და
ღვლარჭნილი, მაღალფარდოვანი შტამპების ნაზავს ვუსმენდი,
ფიზიკური სისუსტე ვიგრძენი.
მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინ იყო. ამ „შეთანხმების“ პირველ
პუნქტში ამტკიცებდნენ, რომ „ტიბეტელი ხალხი უნდა
გაერთიანებულიყო და იმპერიალისტური აგრესიული ძალები
ტიბეტიდან განედევნა; რომ ტიბეტელი ხალხი
დაბრუნდებოდა დედასამშობლოს - ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის - დიდ ოჯახში“. რა იყო ეს? უკანასკნელი
უცხოური სამხედრო ძალა, რომელიც ტიბეტის მიწაზე 1912
წელს იმყოფებოდა, ეს იყო მანჯურიის არმია. რამდენადაც
მაშინ ვხვდებოდი (ახლა კი ვიცი), იმ დროისთვის ტიბეტში
სულ ერთი მუჭა ევროპელები იყვნენ. იდეა იმის შესახებ, რომ
ტიბეტი „თავის დედასამშობლოს უბრუნდება“, უსირცხვილო
გამონაგონი იყო. ტიბეტი არასოდეს ყოფილა ჩინეთის ნაწილი.
სინამდვილეში, როგორც ადრე აღვნიშნე, წარსულში სწორედ
ტიბეტს ჰქონდა სამართლიანი პრეტენზია ჩინეთის საკმაოდ
ვრცელ ტერიტორიაზე. ბოლოს კი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ
ჩვენი ხალხები ერთმანეთისგან ეთნიკური თვალსაზრისით
მკვეთრად განსხვავდებიან. ჩვენს დამწერლობას არაფერი აქვს

76
საერთო ჩინურთან. როგორც შემდეგ თავის ანგარიშში
იურისტთა საერთაშორისო კომისიამ განაცხადა, „1912 წელს
(ჩინელების განდევნის შემდეგ) ტიბეტის მდგომარეობა
შეიძლება შეფასდეს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებლობა.
ამგვარად, ვამტკიცებთ, რომ 1911-1912 წლების მოვლენები
მოწმობს ტიბეტის, როგორც აბსოლუტურად სუვერენული
სახელმწიფოს, აღდგენას, რომელიც ჩინეთის კონტროლისგან
ფაქტობრივად და იურიდიულად დამოუკიდებელია.“
აქ ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ის, რომ ნგაბოს არ
გააჩნდა უფლებამოსილება, ჩემი სახელით რაიმე დოკუმენტზე
ხელი მოეწერა. მას მხოლოდ მოლაპარაკებები უნდა
ეწარმოებინა. სახელმწიფო ბეჭდები მე მქონდა დრომოში.
ამიტომ მას არ შეეძლო დოკუმენტის დამოწმება. ეტყობა, ის
აიძულეს. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შევიტყვე
სიმართლე მომხდარის შესახებ. მაშინ კი ისღა გვრჩებოდა,
მოგვესმინა ეს რადიოგადაცემა (რომელიც რამდენჯერმე
გაიმეორეს), შეზავებული თვითკმაყოფილი, გაუთავებელი
განცხადებებით, ლაპარაკით კომუნიზმის სიამეებზე,
თავმჯდომარე მაოს დიდებაზე, ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკაში მომხდარ საოცრებებზე და ათასგვარ სიკეთეზე,
რომლებიც ელოდა ტიბეტელ ხალხს ახლა, როცა მისი ბედი
ჩინეთს დაუკავშირდა. ყოველივე ეს საკმაოდ სულელურად
ჟღერდა.
„ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების“ დეტალები სამწუხარო
მოულოდნელობა გამოდგა. მეორე პუნქტში აღნიშნული იყო:
„ტიბეტის ადგილობრივი მთავრობა აქტიურად დაეხმარება
სახალხო-განმათავისუფლებელ არმიას ტიბეტის დაკავებასა
და ნაციონალური თავდაცვის კონსოლიდაციაში“. როგორც
მივხვდი, ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ
კაპიტულაციას ნიშნავდა. მერვე პუნქტში, რომელიც ამ თემას
აგრძელებდა, ნათქვამი იყო, რომ ტიბეტის არმია ჩინეთის
არმიის შემადგენლობაში უნდა შესულიყო (თითქოს ასეთი რამ
შესაძლებელი იყო). მეთოთხმეტე პუნქტიდან შევიტყვეთ, რომ
ამიერიდან ტიბეტს ჩამოერთმეოდა უფლება, თვითონ მიეხედა
საგარეო საქმეებისთვის. ამ საკვანძო პუნქტებს ენაცვლებოდა
სხვები, რომლებშიც ჩინეთი პირობას იძლეოდა, რომ ტიბეტს
რელიგიური თავისუფლება ექნებოდა, შენარჩუნდებოდა ჩემი
მდგომარეობა და არსებული პოლიტიკური სისტემა.
მიუხედავად ამ ზოგადი ადგილებისა, ერთი რამ ცხადი იყო:

77
ამიერიდან თოვლიანი ქვეყანა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას
ემორჩილებოდა.
როცა მწარე სიმართლე გავაცნობიერეთ, ზოგიერთი ადამიანი,
განსაკუთრებით, ტაკცერ რინპოჩე, რომელმაც ვრცელი წერილი
მომწერა კალკუტიდან, მარწმუნებდა, რომ დაუყოვნებლივ
გავმგზავრებულიყავი ინდოეთში. ისინი მიმტკიცებდნენ, რომ
ტიბეტს ერთადერთ იმედად ისღა დარჩენოდა, ეპოვა
მოკავშირეები, რომლებიც ჩინეთთან ბრძოლაში
დაგვეხმარებოდნენ. როცა მათ შევახსენე, რომ ინდოეთში,
ნეპალში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გაგზავნილი ჩვენი
დელეგაციები უკან გამოაბრუნეს, მეუბნებოდნენ, რომ ახლა,
როცა ამ ქვეყნებმა იცოდნენ, თუ რამდენად სერიოზული იყო
სიტუაცია, ისინი უეჭველად შემოგვთავაზებდნენ დახმარებას.
ის ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციას იზიარებდნენ, ხაზს
უსვამდნენ გარემოებას, რომ შეერთებული შტატები ვერ
შეურიგდებოდა და წინ აღუდგებოდა კომუნისტურ
ექსპანსიას; რომ ამ ქვეყანამ ანალოგიური მიზეზის გამო უკვე
მიიღო მონაწილეობა კორეის ომში. მათი არგუმენტების
ლოგიკა კარგად მესმოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთ
რამეს ვგრძნობდი - თავად ამერიკის მხრიდან ერთ ომში
ჩარევის ფაქტი ამცირებდა იმის ალბათობას, რომ ის მეორე
ომში ჩაბმას მოისურვებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ პეკინში ჩასული დელეგაციისგან
ვრცელი დეპეშა მოვიდა. ის, ძირითადად, იმავეს იმეორებდა,
რაც უკვე მოვისმინე რადიოთი. აშკარა იყო, ნგაბოს არ შეეძლო,
ჩვენთვის სიმართლე ეცნობებინა. ამ დელეგაციის რამდენიმე
წევრმა თავიანთ მემუარებში, რომლებიც ახლახან
გამოქვეყნდა, საზოგადოებას მოუთხრო, თუ როგორ აიძულეს
ისინი მუქარით, ხელი მოეწერათ „შეთანხმებაზე“; როგორ
გამოიყენეს ტიბეტის სახელმწიფო ბეჭდების ნაცვლად ყალბი
ბეჭდები. ნგაბოს დეპეშის მიხედვით შეიძლებოდა, მხოლოდ
მევარაუდა, თუ რა მოხდა. თუმცა მან მოახერხა, ერთი ამბავი
მაინც მოეწვდინა ჩვენთვის: ტიბეტის ახალი გენერალ-
გუბერნატორი, გენერალი ჩჟან ძინ-უ ინდოეთის გავლით
დრომოსკენ მოემართებოდა.
ლოდინის გარდა, არაფერი დაგვრჩენოდა. ამ დროის
განმავლობაში შევხვდი დრომოში იმხანად ჩამოსულ სამი
დიდი მონასტერ-უნივერსიტეტის, განდენის, დრეპუნგისა და

78
სერას წინამძღვრებს. როცა მათ „ჩვიდმეტპუნქტიანი
შეთანხმების“ შესახებ მოვუყევი, დამიწყეს დარწმუნება, რომ,
რაც შეიძლება, ჩქარა დავბრუნებულიყავი ლჰასაში. „ტიბეტელ
ხალხს ძალიან უნდა, რომ დაბრუნდე“, - მითხრეს მათ. ამ აზრს
ეთანხმებოდნენ ლუკჰანგვაც და ლობსან ტაშიც თავიანთ
წერილში.
რამდენიმე დღის შემდეგ ტაკცერ რინპოჩემ მომწერა,
რომელსაც, აშკარა იყო, დაემყარებინა კონტაქტი ამერიკის
საკონსულოსთან კალკუტაში და შეერთებულ შტატებში
ჩასვლის უფლებაც მიიღო. ის ისევ მარწმუნებდა, ინდოეთში
გავმგზავრებულიყავი; მეუბნებოდა, ამერიკელები ძალიან
დაინტერესებული არიან, ტიბეტთან კონტაქტი დაამყარონო.
ის ვარაუდობდა: თუკი მე ინდოეთში წავიდოდი, როგორც
განდევნილი, ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის
შესაძლებელი გახდებოდა მოლაპარაკება დახმარების გაწევის
შესახებ შეთანხმების თაობაზე. წერილის ბოლოს ჩემი ძმა
კიდევ ერთხელ მახსენებდა ინდოეთში ჩემი ჩასვლის
აუცილებლობას და დასძენდა, რომ ჩინეთის დელეგაცია,
რომელსაც გეზი დრომოსკენ აეღო, კალკუტაში იმყოფებოდა.
ამით ის მიმანიშნებდა: თუ დაუყოვნებლივ არ
გავემგზავრებოდი, ძალიან დაგვიანდებოდა.
დაახლოებით ამ ხანებში მივიღე წერილი ჰენრიხ ჰარერისგანაც,
რომელიც ასეთივე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. მან
ლჰასა ჩემამდე დატოვა და ახლა კალიმპონგში იმყოფებოდა.
ჰარერი კატეგორიულად გამოთქვამდა თავის მოსაზრებას - მე,
მისი აზრით, აუცილებლად უნდა წავსულიყავი ინდოეთში.
ამაში მას მხარს უჭერდა ჩემი მთავრობის ზოგიერთი წევრი.
თუმცა ლინგ რინპოჩეს გადაწყვეტილებაც ასეთივე ურყევი იყო
- მე ტიბეტი არ უნდა დამეტოვებინა.
ამრიგად, დილემის წინაშე აღმოვჩნდი. თუ ჩემი ძმის წერილით
ვიხელმძღვანელებდი, აშკარად, არსებობდა რაღაც იმედი,
უცხოელებისგან დახმარების დაპირებისთვის მაინც მიმეღწია.
მაგრამ რას მოუტანდა ეს ჩემს ხალხს? თუკი ქვეყნიდან
წავიდოდი, ჩვენი ხელახლა შეძენილი მოკავშირეები ნებისმიერ
შემთხვევაში გაგვიწევდნენ დახმარებას? როცა ამ საკითხს
ვუღრმავდებოდი, ყოველთვის ორ დასკვნამდე მივდიოდი:
ჯერ ერთი, ჩემთვის ცხადი იყო, რომ ამერიკასთან ან სხვა
რომელიმე ქვეყანასთან დადებული პაქტის შედეგად, უკეთეს

79
შემთხვევაში, ომი დაიწყებოდა. ომი კი სისხლისღვრას
ნიშნავდა. მეორე მხრივ, საკითხს ასე ვუყურებდი: ამერიკა,
ძლევამოსილი სახელმწიფო, ათასობით მილის იქით
მდებარეობდა. ჩინეთი კი ჩვენი მეზობელი იყო და
მატერიალურად ნაკლებად ძლიერი, ვიდრე შეერთებული
შტატები, სამაგიეროდ, უდიდესი რიცხობრივი უპირატესობა
ჰქონდა. ამიტომ შეიარაღებული ბრძოლით საკითხის
მოგვარებას შეიძლება მრავალი წელი დასჭირვებოდა.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული
ქვეყანაა და არ მჯეროდა, რომ ის თავისი ხალხის უზომოდ დიდ
დანაკარგს შეეგუებოდა. ძნელი არ იყო იმის წარმოდგენა, რომ
ჩვენ, ტიბეტელები, ისევ მარტონი დავრჩებოდით. შედეგი
მაშინაც იგივე იქნებოდა, ჩინეთი თავისას მიაღწევდა, მაგრამ ამ
დროის განმავლობაში უამრავი ტიბეტელი, ჩინელი, ამერიკელი
დაიღუპებოდა და თანაც სულ ტყუილად. ამიტომ მივედი
დასკვნამდე, რომ საუკეთესო გზა შემდეგი იყო: დრომოში
დავრჩენილიყავი და ჩინელი გენერლის ჩამოსვლას
დავლოდებოდი. „ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ ადამიანია,“ -
ვფიქრობდი მე.
1951 წლის 16 ივლისს ჩინეთის დელეგაცია, როგორც იქნა,
დრომოში ჩამოვიდა. მონასტერში შიკრიკმა მოირბინა,
რომელმაც მისი მოახლოება მამცნო. ამ ამბის გაგონებაზე
ავღელდი და შიშმა მომიცვა. ნეტავ, როგორ გამოიყურებიან ეს
ადამიანები? ლამის დამეჯერებინა, რომ თავზე ყველას თითო
რქა ჰქონდა. აივანზე გამოვედი და დურბინდით ვიყურებოდი
ქალაქის მხარეს. ყველაფერს დაჟინებით ვაკვირდებოდი.
მახსოვს, მშვენიერი ამინდი იყო, თუმცა წვიმების სეზონი
იდგა. ზაფხულის მზით გამთბარი მიწიდან ზევით
ანაორთქლის ნაკადები მიემართებოდა. უცებ რაღაც მოძრაობა
შევნიშნე. ჩემი ჩინოვნიკების ჯგუფს მონასტრისკენ აეღო
გეზი. მათ შორის გავარჩიე სამი ადამიანი, რომლებსაც
ნაცრისფერი კოსტიუმები ეცვათ. ტიბეტელებთან შედარებით,
რომლებსაც ტრადიციული წითელი და ოქროსფერი აბრეშუმი
ემოსათ (რაც მათ მაღალ რანგზე მიუთითებდა), ისინი ძალიან
უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ.
ერთმანეთს ცივად და თავაზიანად შევხვდით. გენერალმა ჩჟან
ძინ-უმ პირველად ის იკითხა, მსმენოდა თუ არა
„ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების“ შესახებ. უკიდურესი

80
თავშეკავებულობით ვუპასუხე, რომ ამ ტექსტის შესახებ
ინფორმაციას ვფლობდი. ამის შემდეგ მან სხვა
დოკუმენტებთან ერთად ამ „შეთანხმების“ ასლი გადმომცა
(შევამჩნიე, რომ „როლექსის“ ფირმის ოქროს საათი ეკეთა). ორი
დამატებითი დოკუმენტიდან ერთ-ერთი ტიბეტის არმიას
ეხებოდა. მეორეში განმარტებული იყო, რა მოხდებოდა იმ
შემთხვევაში, თუ მე ემიგრაციაში წასვლას გადავწყვეტდი.
ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ მე სწრაფად
გავაცნობიერებდი - ჩინელები ტიბეტში ჭეშმარიტად
მეგობრული განზრახვით მოვიდნენ. მაშინ კი, მათი აზრით,
უეჭველად მოვისურვებდი ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას. როცა
ეს მოხდებოდა, ისინი სულითა და გულით მიმიღებდნენ.
ამიტომ გამგზავრებას აზრი არ ჰქონდა.
გენერალმა ჩჟანმა მკითხა, თუ როდის ვაპირებდი ლჰასაში
დაბრუნებას. „მალე“, - ვუპასუხე და საუბრის გაგრძელების
არავითარი სურვილი არ გამომიჩენია. ვცდილობდი, რაც
შეიძლება, გულგრილი დავრჩენილიყავი. მისმა შეკითხვამ
მიმახვედრა, რომ უნდოდა, ლჰასაში ერთად
გავმგზავრებულიყავით, რათა ქალაქში ერთად
გამოვჩენილიყავით. საბოლოოდ, ჩემმა ჩინოვნიკებმა ეს
თავიდან ამაცილეს. გენერალი დრომოდან ჩემ შემდეგ ერთი-
ორი დღის დაგვიანებით გამოემგზავრა.
პირველი შთაბეჭდილება იმის შესატყვისი იყო, რის დანახვასაც
ველოდი. მიუხედავად ეჭვებისა და მღელვარებისა, ამ
შეხვედრის წინ რომ დამეუფლა, როცა ის გაიმართა, ერთი რამ
ცხადი გახდა: ეს კაცი, ჩემი პოტენციური მტერი, სინამდვილეში
ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ისეთივე ხორციელი არსება,
როგორიც მე. ამ აღმოჩენამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა და მორიგი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გამოდგა.
ახლა, როცა გენერალ ჩჟანს უკვე შევხვდი, ლჰასაში
დაბრუნების პერსპექტივა ოდნავ უფრო მიმზიდველი მეჩვენა.
დაიწყო ჩემი და ჩემთან დაახლოებული პირების გამგზავრების
სამზადისი. თვის ბოლოს უკვე გზას დავადექით. ამჯერად
კონსპირაცია საჭირო აღარ იყო და მოგზაურობამაც უფრო
მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გზად თითქმის ყოველ სოფელში
ვჩერდებოდი, რომ ჩემ საპატივცემულოდ გამართულ
ოფიციალურ შეხვედრას დავსწრებოდი და ადგილობრივი
მოსახლეობისთვის მოკლე სიტყვით მიმემართა. ამით

81
საშუალება მეძლეოდა, პირადად მომეთხრო ხალხისთვის, რა
ხდებოდა ტიბეტში; რომ უცხოურმა არმიამ ჩვენი ტერიტორიის
ოკუპაცია მოახდინა, ჩინელები კი ამ დროს მეგობრობაზე
ლაპარაკობდნენ. ვკითხულობდი მოკლე ქადაგებებს
რელიგიური ტექსტების შესახებ, რომლებსაც იმის მიხედვით
ვირჩევდი, რისი თქმაც მინდოდა ხალხისთვის.ამას დღესაც
ვაკეთებ. ეს კარგი საშუალებაა იმის გამოსახატავად, რომ
რელიგიას ბევრის მოცემა შეუძლია ჩვენთვის, რა სიტუაციაშიც
არ უნდა აღმოვჩნდეთ. თუმცა ამჟამად ეს უკეთ გამომდის,
ვიდრე მაშინ. იმ დღეებში თავდაჯერებულობა მაკლდა, მაგრამ
ხალხის წინაშე ყოველი გამოსვლის შემდეგ სითამამე
მემატებოდა. აღმოვაჩინე აგრეთვე ერთი ჭეშმარიტება,
რომელსაც, ადრე თუ გვიან ყველა მასწავლებელი შეიცნობს:
რომ არ არსებობს სწავლის უკეთესი საშუალება, ვიდრე
სწავლება.
კმაყოფილი ვიყავი, რომ ამ მოგზაურობისას ამდენი საქმე
გამომიჩნდა. სხვანაირად დარდს ვერ გავუმკლავდებოდი.
მთელი ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მამაჩემის
(რომელიც გარდაიცვალა, როცა 12 წლის ვიყავი) და ლობსან
სამტენის გარდა, რომელიც ახლა ჩემ გვერდით იყო. თუ მას არ
ჩავთვლით, ჩემი ერთადერთი კომპანიონი მოგზაურობის
დროს ტატჰაგ რინპოჩე იყო. ის დრომოში ჩამოვიდა, რომ
მოვენახულებინე და მნიშვნელოვანი მოძღვრებები გაეცნო
ჩემთვის, და ახლა თავის მონასტერში ბრუნდებოდა.
საგრძნობლად დაბერებულიყო მას შემდეგ, რაც გასულ
ზამთარს უკანასკნელად ვნახე. ის სამოცდაათ წელზე მეტი
ხნის იყო და ასაკი გარეგნულადაც ეტყობოდა. ბედნიერი
ვიყავი, რომ კიდევ ერთხელ მოვხვდი მის კომპანიაში. ტატჰაგ
რინპოჩე არა მარტო უაღრესად კეთილი ადამიანი იყო, არამედ
სასულიერო ოსტატიც, რომელმაც სრულყოფილების სიმაღლეს
მიაღწია. ის, უდავოდ, ჩემი ყველაზე მთავარი გურუ იყო და
დიდ ცოდნას მიზიარებდა სხვადასხვა ტრადიციისა და
საიდუმლო მოძღვრებათა შესახებ, რომელიც მისი დროის
უბრწყინვალესმა მასწავლებლებმა გადასცეს.
დრომოდან აუჩქარებლად ჩავედით გიანცზეში, სადაც
ინდოეთის კავალერია, ისე, როგორც ამას წინათ, მწკრივად
მოეწყო და სამხედრო ყაიდაზე მომესალმა. ახლა
მაშინდელივით აღარ ვჩქარობდით და შემეძლო, აქ რამდენიმე
დღით გავჩერებულიყავი. შემდეგ გავემგზავრეთ სამდინგის

82
მონასტერში, ბოდჰისატვა დორჯე პაგმოს სამყოფელში. ეს
მონასტერი ერთ-ერთი ულამაზესია ტიბეტში. მისკენ მიმავალს
თვალწინ სულის შემძვრელი სანახაობა გეშლება:
კობალტისფერი მოლურჯო ტბები მსუყე, წვნიანი ბალახით
გადამწვანებული საძოვრებითაა გარშემორტყმული,
რომლებზეც ათასობით ცხვარი ძოვს. ეს ლანდშაფტი ყველაზე
საოცარი იყო მათ შორის, რაც ადრე მენახა. დროდადრო
ირმებისა და ქურციკების ჯოგებს მოვკრავდი თვალს,
რომლებიც იმხანად ბლომად ბინადრობდნენ ტიბეტში.
მსიამოვნებდა მათი ყურება - ჯერ იდგნენ, გაფაციცებით,
ყურებდაცქვეტილი გვითვალთვალებდნენ, როგორ
ვუახლოვდებოდით, შემდეგ განზე გახტებოდნენ და ისე
გარბოდნენ, გრძელ, ნატიფად მოხრილ ფეხებს მძლავრად
ურტყამდნენ მიწას.
ამჯერად მომწონდა ცხენით სიარული, თუმცა, საერთოდ,
ცხენების მეშინია. არც კი ვიცი, რატომ. მე ხომ თითქმის ყველა
ცოცხალ არსებასთან შემიძლია ურთიერთობა, გარდა
მუხლუხოებისა. არც კი შევყოყმანდები, ისე მოვკიდებ ხელს
ობობას ან მორიელს; არაფერი მაქვს გველების საწინააღმდეგო,
მაგრამ არცთუ ისე მიყვარს ცხენები და, რბილად რომ ვთქვათ,
გულგრილი ვარ მუხლუხოების მიმართ; მაგრამ ახლა
ვტკბებოდი გაშლილ ველებზე ჯირითით და ჩემს ცხენს სულ
მათრახით ვერეკებოდი. სინამდვილეში ეს ცხენი კი არა,
საოცრად სწრაფი და ამტანი ჯორი იყო, სახელად „ნაცრისფერი
ბორბლები“, რომელიც ოდესღაც რეტინგ რინპოჩეს
ეკუთვნოდა. ჩვენ მალე დავმეგობრდით. თუმცა მთავარი
მეჯინიბე ჩემს არჩევანს არ იწონებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ
ეს მეტისმეტად პატარა ჯორი დალაი ლამას არ ეკადრებოდა.
სამდინგის მონასტერი პატარა ქალაქის, ნანგარცზეს
მახლობლად მდებარეობს. იქვეა ტბა იამდროკიც, ერთ-ერთი
ყველაზე საოცარი ტბა, რომელიც ოდესმე მინახავს. იმის გამო,
რომ მასში ბევრი მდინარე ჩაედინება და გამოედინება, ტბას
გამაოგნებელი ფირუზის ფერი დაჰკრავს, რომლის წარმოდგენა
ყოველგვარ ფანტაზიას აღემატება. სამწუხაროდ, ცოტა ხნის
წინ შევიტყვე, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურის
მშენებლობასთან დაკავშირებით ჩინელები მის დაშრობას
გეგმავენ. თუმცა ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, იქნება
თუ არა ეს გრძელვადიანი ეფექტის მომტანი პროექტი. იმ
დროს სამდინგის სამონასტრო თემი გაფურჩქვნის სტადიაში

83
იყო. საინტერესოა, რომ ამ მონასტრის მეთაური,
ტრადიციისამებრ, ქალი გახლდათ. ეს არც ისე გასაკვირი
მოგეჩვენებათ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან
ტიბეტში არ არსებობდა ქალთა დისკრიმინაცია. მაგალითად,
ლჰასის მახლობლად, განმარტოებით ცხოვრობდა
სახელგანთქმული ქალი მასწავლებელი, რომელსაც ჩემი
ბავშვობისას მთელი ტიბეტი იცნობდა. ის „ტულკუ“ არ
გახლდათ, მაგრამ დღემდე სცემენ თაყვანს. დედათა
მონასტერი ბევრი იყო, მაგრამ მამათა მონასტერი, რომელსაც
ქალი მეთაურობდა - მხოლოდ ერთი.
სახელწოდება დორჯე პაგმო ვაჯრავარაჰისგან, ქალი-
ღვთაებისგან მომდინარეობს.[8] ორივე სახელი ითარგმნება,
როგორც „ალმასის ღორი“. ლეგენდის თანახმად, ვაჯრავარაჰის
განსხეულებას ქალის სხეული და ღორის სახე ჰქონდა. მე-18
საუკუნეში, როცა ნანგარცზეში მონღოლი მხედრების რაზმი
გამოჩნდა, მათმა მეთაურმა მოითხოვა, რომ მონასტრის
წინამძღვარი ქალი წარდგომოდა, რაზედაც თავაზიანი უარი
მიიღო. განრისხებული მონღოლთა წინამძღოლი თავისი
მეომრებით მონასტერში შეიჭრა. იგი აღმოჩნდა დარბაზში,
რომელშიც ბერები შეკრებილიყვნენ. იქ, შუაში, შემაღლებულ,
საპატიო ადგილზე, სავარძელში უზარმაზარი გარეული დედა
ღორი იჯდა.
ამ ვიზიტის დროს სამდინგს დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონა
უძღვებოდა. როცა მივედით, ის გამოვიდა, რომ ჩემდამი
პატივისცემა დაედასტურებინა. ახლაც მახსოვს, ძალიან
მორცხვი გოგო იყო, გრძელი ნაწნავებით. შემდგომში ის
ინდოეთში გაიქცა, მერე კი რატომღაც ლჰასაში დაბრუნდა,
სადაც მრავალი წლის განმავლობაში უწევდნენ
ექსპლუატაციას ჩვენი ახალი „პატრონები“. ტრაგიკული
ფაქტია, რომ ჩინელებმა 50-იანი წლების ბოლოს ეს მონასტერი
და ყველა მისი კუთვნილი შენობა დაანგრიეს, ისევე, როგორც
ათასობით სხვა. ამ მონასტრის უძველესი ტრადიციაც გაქრა.

სანამ ლჰასაში ჩავიდოდი, სამდინგში ორი თუ სამი დღე


გავატარე. ნორბულინგკაში დაბრუნებამდე ტატჰაგ რინპოჩე
თავის მონასტრამდე მივაცილე, რომელიც ქალაქის
შესასვლელიდან რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობდა.
მან თავაზიანად დამითმო თავისი ოთახი და თვითონ მთავარი

84
შენობის უკან, ბალახით აბიბინებულ, პატარა მოედანზე
გადაბარგდა, სადაც ჩვეულებრივ, დისპუტები ტარდებოდა.
მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე
ოფიციალური შეხვედრა გვქონდა. როცა განშორების დრო
მოახლოვდა, სევდა მომერია. ამ ადამიანს ძალიან დიდ პატივს
ვცემდი და ვაფასებდი. მწყინდა, რომ მისი რეპუტაცია
რეგენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ცოტა არ იყოს,
შეილახა. ახლაც კი ვფიქრობ: ხომ არ აჯობებდა მისთვის,
ლამად დარჩენილიყო და პოლიტიკაში არ ჩარეულიყო? მან
ქვეყნის მართვა არ იცოდა, ადმინისტრაციული გამოცდილება
კი აბსოლუტურად არ გააჩნდა. უგუნურება იყო იმის ფიქრი,
რომ ადამიანი გაუმკლავდებოდა საქმეს, რომელიც არასოდეს
უსწავლია. მაგრამ ასეთია ტიბეტი. რინპოჩეს იმდენად
აფასებდნენ სულიერ სფეროში უზარმაზარი ცოდნის გამო, რომ
სრულიად ბუნებრივად მიიჩნიეს, ის ქვეყნის მეორე პირის
თანამდებობაზე დანიშნულიყო.
თურმე ტატჰაგ რინპოჩეს მის სიცოცხლეში უკანასკნელად
ვხვდებოდი. მან მთხოვა, გულში წყენა არ ჩამეტოვებინა იმ
აკრძალვების გამო, თვითონ რომ მიწესებდა, როცა პატარა
ვიყავი. გული ამიჩუყა იმ ფაქტმა, რომ მოხუცმა და
დარბაისელმა მასწავლებელმა ჩემთვის ამის თქმა მოისურვა.
რა თქმა უნდა, გავუგე.
ლჰასაში შუა აგვისტოში დავბრუნდი. ჩემ პატივსაცემად დიდი
ზეიმი გაიმართა. მგონი, ქალაქის მთელი მოსახლეობა
გამოვიდა, რომ ჩემი დაბრუნებით გამოწვეული ბედნიერება
გამოეხატა. ამან ძალიან იმოქმედა. მიხაროდა, რომ ისევ შინ
ვიყავი. ერთადერთი, რაც ცხადად შევიცანი, ის იყო, რომ
შარშანდელი ზამთრის შემდეგ ბევრი რამ შეცვლილიყო.
ვერაფერს შეენარჩუნებინა წინანდელი მდგომარეობა.
მეჩვენებოდა, რომ ჩემს ხალხსაც დაახლოებით ამგვარი
გრძნობა დაუფლებოდა. ყველანი გახარებულნი იყვნენ, მაგრამ
მათ ენთუზიაზმში ისტერიის ნოტებსაც ამოიკითხავდით.
დედაქალაქში ჩემი არყოფნის დროს მოდიოდა ცნობები იმის
შესახებ, თუ რა სისასტიკით ექცეოდნენ ტიბეტელებს ამდოსა
და კჰამში. ბუნებრივია, ხალხს ძალიან აღელვებდა, თუ რა
იქნებოდა მომავალში, თუმცა ვიცოდი, რომ ზოგიერთს
ეჩვენებოდა: ახლა, როცა მე შინ დავბრუნდი, ყველაფერი
კარგად იქნებოდა.

85
რაც შეეხება ჩემს პირად საქმეებს, ძალიან დამამწუხრა ჩემი
საყვარელი დამლაგებლის, ნორბუ ტჰონდუპის სიკვდილმა (ის
წლის დასაწყისში გარდაცვლილიყო). არავინ მყავდა თამაშში
მასავით ამყოლი. ის ჩემი ბავშვობის განუყრელი მეგობარი იყო.
მუდამ ათასნაირ გასართობს იგონებდა ხოლმე ჩემთვის;
პატარა რომ ვიყავი, საშინლად იმანჭებოდა და მაშინებდა; როცა
წამოვიზარდე, ყოველთვის მხარს მიბამდა, რაც არ უნდა
თავაწყვეტილი თამაში წამომეწყო. ომობანას თამაშისას
ხშირად საქმე ჩხუბამდეც კი მიდიოდა. მახსოვს, რა სასტიკი
ვიყავი მის მიმართ - ჩემი კალის ჯარისკაცების ხმლებით
ვკაწრავდი და სისხლს ვადენდი, როცა ორთაბრძოლის დროს
დამიჭერდა ხოლმე; მაგრამ ის ყოველთვის ახერხებდა ხურდის
დაბრუნებას და ბრწყინვალე იუმორი არასოდეს ღალატობდა.
ახლა, რასაკვირველია, მისთვის არაფრის გაკეთება აღარ
შემეძლო, გარდა იმისა, რომ მის შვილებს (ქალიშვილსა და
ვაჟიშვილს) დავხმარებოდი. როგორც ბუდისტმა, ვიცოდი, რომ
მწუხარებას, გლოვას აზრი არა აქვს, მაგრამ ამავე დროს,
ვხვდებოდი, რომ ნორბუ ტჰონდუპის სიკვდილი
სიმბოლურად გამოხატავდა ჩემი ბავშვობის დასრულებას.
წარსულს ვერაფრით დააბრუნებ.
რამდენიმე დღის შემდეგ ისევ უნდა შევხვედროდი ჩინეთის
დელეგაციას. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი
ხალხისთვის, რის ძალაც შემწევდა, თუნდაც სულ ცოტა; თანაც
არ უნდა დამვიწყებოდა, რომ ღვთის რწმენა უმთავრესია
ცხოვრებაში. მე კი ჯერ მხოლოდ 16 წლის ვიყავი.
გენერალი ჩჟან ძინ-უ, ტრადიციისამებრ, ჩემი პირადი დაცვის
შტაბ-ბინაში მივიღე. ამან ის გააცოფა და მოითხოვა პასუხი, თუ
რატომ შევხვდი იქ და არა უფრო ოფიციალურ ადგილას. მისი
სიტყვებით, ის უცხოელი არ იყო და არ სურდა, ისე
მოჰქცეოდნენ, როგორც უცხოელს. მას აშკარად
მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ ტიბეტურ ენაზე
ვერ ლაპარაკობდა. თავიდან სრულიად გაოგნებული
ვუყურებდი მის დაჭყეტილ თვალებს, სისხლმოწოლილ
ლოყებს, როცა ის ყვიროდა და ნერწყვის შხეფებს აქეთ-იქით
აფრქვევდა, ენა ებმებოდა და მაგიდაზე მუშტს ურტყამდა.
მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ გენერალს რისხვის ასეთი
შეტევები ხშირად ემართებოდა. ამ დროს საკუთარ თავს
შევახსენებდი, რომ ის იქნებ სულის სიღრმეში კარგი ადამიანი
იყო (როგორიც აღმოჩნდა სინამდვილეში) და იქნებ ძალიან

86
პატიოსანიც.
რაც შეეხება მრისხანების ასეთ აფეთქებებს, მალე მივხვდი,
რომ ჩინელებში ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვფიქრობ, სწორედ
ესაა მიზეზი, რომ მათ ასეთი რიდით ექცევიან ევროპელები და
ამერიკელები, რომლებსაც შეუძლიათ უკეთ აკონტროლონ
საკუთარი ემოციები. საბედნიეროდ, ჩემი რელიგიური
მომზადება დამეხმარა, სწორად შემეფასებინა მისი ქცევა.
ვხვდებოდი, რომ, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება
კარგიც კი იყოს, როცა ადამიანები ბრაზს ასეთი სახით
გამოხატავენ. ეს ყოველთვის სასიამოვნო არაა, მაგრამ
მოჩვენებით თავაზიანობასა და შენიღბულ მტრობას
ნამდვილად სჯობს.
კიდევ კარგი, რომ ჩჟანთან ურთიერთობა ხშირად არ მიწევდა.
ჩინეთის ოკუპაციის პირველი ორი თვის განმავლობაში მას
დაახლოებით თვეში ერთხელ ვნახულობდი. ყველაზე ხშირად
ჩჟანს ლუკჰანგვა და ლობსან ტაში ხვდებოდნენ, რომლებსაც
თავიდანვე არ მოეწონათ ამ კაცის ქცევა. ისინი მიყვებოდნენ,
რომ გენერალი ქედმაღალი, თავნება იყო და აბსოლუტურად არ
სცემდა პატივს ცხოვრების შესახებ ჩვენს თვალსაზრისს,
რომელიც მისი შეხედულებებისაგან განსხვავდებოდა.
ყოველთვის, როცა მას ვხვდებოდი, თავადაც ვხედავდი, როგორ
შეურაცხყოფდნენ თვითონ და მისი თანამემამულეები
ტიბეტელებს ყოველ ნაბიჯზე.
ახლა ვხვდები, რომ პირველი ექვსი თვე ლჰასაში ჩემი
დაბრუნების შემდეგ ნამდვილი ნეტარება იყო. იგი დასრულდა
1951 წლის 26 ოქტომბერს, როცა ჩინეთის მე-18 არმიის
სამიათასკაციანი რაზმი დედაქალაქში შემოვიდა. ეს
ჯარისკაცები იმ დივიზიას მიეკუთვნებოდნენ, რომელმაც წინა
წელს ჩამდოში ჩვენი ძალები დაამარცხა. ამ რაზმს მოჰყვნენ
გენერლები ტან კუან-სენი და ჩჟან გო-ხაი. მათ ახლდათ
ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილი ტიბეტელი ბეწვის
ქუდით. როცა ისინი ოთახში შემოვიდნენ, ეს ადამიანი,
ეტიკეტის შესაბამისად, სამჯერ განერთხა ძირს. ეს საკმაოდ
უცნაურად მომეჩვენა, რადგან იგი აშკარად ჩინეთის
დელეგაციის წევრი იყო. გაირკვა, რომ ეს კაცი ტიბეტელი
თარჯიმანი ყოფილა, თანაც თავგამოდებული კომუნისტი.
მოგვიანებით ამ ადამიანს ვკითხე, თუ რატომ არ ატარებდა
თავისი თანამოძმეებისნაირ მაოისტურ ფრენჩს. მან

87
გულითადად „ამიხსნა“, რომ შეცდომა იქნებოდა, თუ დიად
რევოლუციას, იდეების რევოლუციას ტანსაცმლის
რევოლუციაში ავურევდი.
დაახლოებით ამ ხანებში ლჰასაში დაბრუნდა ჩემი ძმა, გიელო
ტჰონდუპი. ის ქალაქში დიდხანს არ გაჩერებულა, მაგრამ
რამდენჯერმე შეხვდა ჩინეთის ხელმძღვანელობას. შემდეგ
განაცხადა, რომ სამხრეთში აპირებდა წასვლას. იქ ჩემს ოჯახს
მამული ჰქონდა, რომელიც მთავრობამ ჩემს ტახტზე
ასვლასთან დაკავშირებით აჩუქა. თუმცა იმის მტკიცება, რომ
ჩვენი ქონების მდგომარეობა უნდა შეემოწმებინა, ერთგვარი
ფანდი იყო; მალე შევიტყვე, რომ მან ასამთან[9] ჩუმად
გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი (მოგვიანებით ამ ადგილს
ჩრდილო-აღმოსავლეთი სასაზღვრო ზონა ეწოდა). ის აპირებდა,
ყველაფერი გაეკეთებინა, რომ უცხოეთის მხარდაჭერა
მოეპოვებინა, მაგრამ თავის გეგმაზე ჩემთვის არაფერი
უთქვამს, ეშინოდა, რომ მე ჩემი ასაკისთვის დამახასიათებელი
გაუფრთხილებლობით მისი საიდუმლო არ გამეცა.
მალე ლჰასაში ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი
არმიის დიდი დამატებითი ქვედანაყოფები შემოვიდნენ. ეს
დღე კარგად მახსოვს. რაკი ტიბეტი დიდ სიმაღლეზე
მდებარეობს, ხმა შორ მანძილზე ვრცელდება.ამიტომ, სანამ
ჯარისკაცებს დავინახავდი, პოტალაში, ჩემს ოთახში მესმოდა
სამხედრო დოლების ნელი, მონოტონური გუგუნი. სახურავზე
ავირბინე და დურბინდით ვადევნებდი თვალს, როგორ
გვიახლოვდებოდნენ ისინი. ისინი გრძელ, გველივით
დაკლაკნილ კოლონად მოაბიჯებდნენ, მტვრის ბუღში
გახვეულნი. როცა ქალაქის გალავანს მოაღწიეს, მათ თავზე
ზღვის ტალღებივით ალივლივდა წითელი დროშები და
პლაკატები თავმჯდომარე მაოსა და მისი მოადგილის, ჩჟუ დეს
გამოსახულებებით. ჯარისკაცებს სასულე ორკესტრი
მოჰყვებოდა საყვირებითა და ფანფარებით. ძალიან
შთამბეჭდავი სანახაობა იყო. თავად ჯარისკაცებს რაღაც
დემონური იერი ჰქონდათ. ცოტა ხნის შემდეგ, როცა
შეშფოთების გრძნობა დავძლიე, რომელიც მათი წითელი
დროშების დანახვაზე დამეუფლა (ბუნებაში ხომ წითელი ფერი
საფრთხის მომასწავებელია), შევნიშნე, რომ ჯარისკაცების
სამხედრო ფორმა ძონძებად ქცეულიყო, თავად კი
დაუძლურებული და გამოფიტული შესახედაობა ჰქონდათ;
სახეზე ტიბეტის მთიანეთის მტვრის ფენა დასდებოდათ.

88
ყველაფერი ეს მათ გარეგნობას შიშის მომგვრელს ხდიდა.
1951-52 წლების ზამთრის განმავლობაში, ჩვეულებრივ,
მეცადინეობას ვაგრძელებდი, მაგრამ გაცილებით
გულმოდგინედ, ვიდრე იქამდე. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე
მედიტაციები „ლამრიმის“ მიხედვით. ისინი დაკავშირებულია
ტექსტებთან, რომლებშიც ჩამოყალიბებულია
თანდათანობითი, ეტაპობრივი გზა გასხივოსნებისკენ
ფსიქიკის წვრთნის საშუალებით. დაახლოებით რვა წლის
ასაკიდან, ბერული განათლების პარალელურად, ვისმენდი
ტატრას სწავლებებს, რომლებიც „ლამრიმს“ ჰგავდა. ეს
უკანასკნელი, ტექსტების გარდა, შეიცავს საიდუმლო ზეპირ
სწავლებებს. იმის კვალობაზე, რომ ჩემს სულიერ განვითარებას
ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუყრიდი საფუძველს, თვეების
შემდეგ საკუთარ თავს გარკვეული პროგრესი შევატყვე. როცა
განმარტოებაში ვიმყოფებოდი (საერთოდ, დალაი ლამა ამას
ყოველწლიურად აკეთებს), ტატჰაგ რინპოჩეს გარდაცვალების
ამბავი გავიგე. ძალიან მინდოდა, მის კრემაციას დავსწრებოდი,
მაგრამ ვერ მოვახერხე. ამიტომ მისთვის საგანგებო ლოცვები
წავიკითხე.
იმ ზამთარს სხვა საქმეც მქონდა, რომელიც შემდეგში
მდგომარეობდა - ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი
პრემიერ-მინისტრებისა და კაშაგის მხარდასაჭერად. მათ
ხშირად შევახსენებდი ხოლმე ბუდისტურ თეზისს
ცვალებადობის შესახებ და მივუთითებდი, რომ იმჟამინდელი
სიტუაცია არ შეიძლებოდა, სამუდამოდ გაგრძელებულიყო,
თუნდაც ცვლილებებს ჩვენ ვერ მოვსწრებოდით; მაგრამ
მოვლენებს რომ თვალს ვადევნებდი, შეშფოთება თანდათან
მიძლიერდებოდა. წინ ერთადერთი სასიამოვნო მოვლენა
გველოდა - ეს იყო პანჩენ ლამას ვიზიტი. მის ჩამოსვლას
ლჰასაში დღე-დღეზე ელოდნენ.
ამასობაში, ჩინელების არმიის ბოლო ოციათასიანი შენაერთის
ჩამოსვლის შემდეგ, პროდუქტის უკმარისობის სერიოზული
პრობლემა წარმოიქმნა. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ლჰასის
მოსახლეობა თითქმის ორჯერ გაიზარდა და დროის ამ არცთუ
ისე ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში ჩვენი მწირი
რესურსები, რასაკვირველია, ამოიწურა. თავდაპირველად
ჩინელები, ასე თუ ისე, იცავდნენ პირობებს
„ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმებისა“, რომელშიც შავით

89
თეთრზე ეწერა, რომ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ
არმიას უნდა დაეცვა კანონიერება ყოველგვარი ყიდვა-
გაყიდვის დროს და „მოსახლეობისგან თვითნებურად ძაფი ან
ნემსიც კი არ უნდა აეღოთ“. ისინი ფულს იხდიდნენ იმ
ხორბალში, რომელსაც ტიბეტის მთავრობა აძლევდა მათ; ბინის
მფლობელებს კი ოფიცერთა საცხოვრებლის ქირას
უნაზღაურებდნენ. თუმცა მალე კომპენსაციის ეს სისტემა
მოიშალა, ფული გაუფასურდა და ჩინელებმა საკვებისა და
საცხოვრებლის უფასოდ მოთხოვნა დაიწყეს. კრიზისი ძალიან
სწრაფად განვითარდა. ქვეყანა ინფლაციამ მოიცვა. ასეთი რამ
ჩვენთან არასოდეს ყოფილა და ხალხი ვერ ხვდებოდა, როგორ
შეიძლებოდა, ხორბლის ფასი ერთ ღამეში გაორმაგებულიყო.
ისინი აღშფოთებული იყვნენ საყოველთაო უკანონობით და ის
პასიური მტრობა, რომელსაც დამპყრობლების მიმართ
განიცდიდნენ, აქტიურ დაცინვაში გადაიზარდა. ისინი ბოროტი
ძალების განდევნის ტრადიციულ საშუალებას მიმართავდნენ -
ყოველთვის, როცა ჩინელი ჯარისკაცების ჯგუფს
დაინახავდნენ, ტაშს შემოჰკრავდნენ და გადააფურთხებდნენ.
ბავშვები მათ ქვებს ესროდნენ; ბერებიც კი თავიანთი სამოსის
კალთას აიკრეფდნენ და ყოველ ჩავლილ ჯარისკაცს სახეში
უთავაზებდნენ.
ამ ხანებში დაიწყეს შეურაცხმყოფელი სიმღერების შეთხზვა
გენერალ ჩჟან ძინ-უს შესახებ, რომელსაც მისი ოქროს საათის
გამო დასცინოდნენ. ხოლო როცა გაიგეს, რომ მის ბევრ
ოფიცერს მუნდირის შიგნით ძვირფასი ბეწვის სარჩული
ჰქონდა გამოკრული, ტიბეტელების ზიზღი ყოველგვარ
საზღვარს გასცდა. ეს ჩინელებს აცოფებდა; ჩემი აზრით, უფრო
იმიტომ, რომ იცოდნენ - მათ დასცინოდნენ, მაგრამ თვითონ
სიტყვასაც ვერ ხვდებოდნენ. ეს მათ ღირსებას ლახავდა, რაც
„სახის დაკარგვის“ ტოლფასი იყო. ეს კი ყველაზე დიდი
საშინელებაა, რაც შეიძლება ჩინელს დაემართოს. ყოველივე
ამას შედეგად მოჰყვა თავშესაქცევი სცენა გენერალ ჩჟანის
მონაწილეობით. ერთხელ ის ჩემთან მოვიდა და მოითხოვა,
გამომეცა ბრძანება, რომელიც აკრძალავდა ჩინელების
ყოველგვარ კრიტიკას, სიმღერებში იქნებოდა თუ პლაკატებზე,
რადგან ეს, მისი თქმით, „რეაქციონერული საქმიანობა“ იყო.
თუმცა, ახალი კანონების მიუხედავად, რომლებიც ჩინეთის
საწინააღმდეგო გამოხდომებს კრძალავდა, ქუჩებში გამოჩნდა
პროკლამაციები, რომლებშიც დაგმობილი იყო ჩინელების

90
შემოჭრა ტიბეტის მიწაზე. ყალიბდებოდა წინააღმდეგობის
სახალხო მოძრაობა. ბოლოს კი შედგენილ იქნა ექვსპუნქტიანი
მემორანდუმი, რომელიც აღწერდა ტიბეტელი ხალხის გასაჭირს
და ქვეყნის ტერიტორიიდან ჩინეთის გარნიზონის გაყვანას
მოითხოვდა. მემორანდუმი უშუალოდ გენერალ ჩჟანს
გაუგზავნეს, რამაც ის განარისხა. მან ივარაუდა, რომ ეს
„იმპერიალისტების“ ნამოქმედარი იყო და ორივე პრემიერ-
მინისტრს საიდუმლო შეთქმულებაში დასდო ბრალი.
დაძაბულობა იზრდებოდა. ჩინელებმა სცადეს, ლობსან ტაშისა
და ლუკჰანგვასთვის გვერდის ავლით, უშუალოდ ჩემთვის
მოემართათ. მინისტრების გარეშე მათ მიღებაზე თავიდან უარი
განვაცხადე. მაგრამ ერთხელ, როდესაც ლობსან ტაშიმ რაღაც
ისეთი თქვა, რამაც ჩჟანი გააგიჟა, ეს უკანასკნელი ჩემი
პრემიერ-მინისტრისკენ დასარტყმელად გაიწია. ბევრი არ
მიყოყმანია, მათ შორის ჩავდექი და შევყვირე, რომ
შეჩერებულიყვნენ. თავზარდაცემული ვიყავი. არასოდეს მენახა
ზრდასრული ადამიანების ასეთი ქცევა.ამის შემდეგ
დავთანხმდი, ეს ორი ფრაქცია ცალ-ცალკე მიმეღო.
რაც მეტი ჩინოვნიკი და ბიუროკრატი ჩამოდიოდა ჩინეთიდან,
მით უფრო ფუჭდებოდა, იძაბებოდა ურთიერთობა ჩინელ
ლიდერებსა და ჩემს ორ პრემიერ-მინისტრს შორის. ეს
ადამიანები სრულებითაც არ აპირებდნენ, ტიბეტის
მთავრობისათვის ნება მიეცათ, რომ საკუთარი ქვეყანა თვითონ
ემართათ, როგორც ამის პირობას „ჩვიდმეტპუნქტიან
შეთანხმებაში“ დებდნენ. ისინი გამუდმებით ერეოდნენ ჩვენს
საქმეებში. ჩჟანი დაუსრულებლად იწვევდა კრებებს კაშაგის
მონაწილეობით, მაგრამ მათი ძირითადი მიზანი იყო,
განეხილათ, როგორ მოეწყოთ ჩინელი ჩინოვნიკები,
ჯარისკაცები; სად დაებინავებინათ მრავალი ათასი აქლემი და
სხვა სასაპალნე პირუტყვი. ლობსან ტაში და ლუკჰანგვა
გენერალს უკვე იმის თქმასაც უბედავდნენ, რომ ასეთი
მოთხოვნები არა მარტო ყოველგვარ ზღვარს გადადიოდა, მათი
შესრულება შეუძლებელი იყო. როცა გენერალმა მოითხოვა,
ორი ათასი ტონა ქერი კიდევ მიეცათ (ეს უკვე მეორედ),
ტიბეტელები იძულებული გახდნენ, აეხსნათ, რომ სურსათის
ეს რაოდენობა ქვეყანაში, უბრალოდ, არ არსებობდა. ქალაქის
ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შიშმა მოიცვა, რომ მალე
საჭმელი გამოელეოდათ; ხოლო ხორბლის ის მცირე
რაოდენობა, რომელიც მთავრობის საცავებში ინახებოდა,

91
არმიის საკვებით უზრუნველყოფას ორ თვეს თუ შეძლებდა.
ჩჟანს ეუბნებოდნენ, რომ ლჰასაში ამხელა სამხედრო ძალის
შენახვისათვის არავითარი გონივრული მიზეზი არ არსებობდა.
თუ მათი მიზანი ქვეყნის დაცვა იყო, მაშინ ეს ჯარისკაცები
სახელმწიფო საზღვარზე უნდა გადაენაწილებინათ, ქალაქში კი
მხოლოდ თანამდებობის პირები და მათი თანმხლები ერთი
პოლკი დარჩენილიყო. როგორც მითხრეს, გენერალმა ეს
წინადადება მშვიდად მოისმინა და თავაზიანად უპასუხა,
მაგრამ მის სიტყვებს საქმე არ მოჰყოლია.
ჯარების გამოყვანის შესახებ წინადადების წამოყენების
შემდეგ გენერალი ჩჟანი პრემიერ-მინისტრებს საერთოდ აღარ
უსმენდა. თავიდან მან რისხვის ნიაღვარი დაატეხა ლობსან
ტაშის, უფროს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ცოტა ჩინური
იცოდა. ეს გენერალს აღიზიანებდა. მან ყოველგვარი
საშინელება დააბრალა, ზოგადად, ბერებს; ამავე დროს, აქებდა
და ადიდებდა ლუკჰანგვას, რომელშიც პოტენციურ
მოკავშირეს ხედავდა. თუმცა გამოირკვა, რომ ლუკჰანგვა,
მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, სულაც არ იყო
ზედაპირული ადამიანი, როგორც ეს ჩინელს ეგონა, და მას
არასოდეს უცდია, თავისი ჭეშმარიტი გრძნობები
გენერლისთვის დაემალა. მახსოვს, ერთხელ მითხრეს: ჩჟანს
ლუკჰანგვასთვის უკითხავს, თუ რამდენ ჭიქა ჩაის სვამდა იგი
დღეში. „ეს ჩაის ხარისხზეა დამოკიდებული,“ - უპასუხია
ლუკჰანგვას. როცა ეს მოვისმინე, გამეცინა, რადგან ეს მოკლე
დიალოგი კიდევ ერთხელ ცხადყოფდა, რომ ამ ორ ადამიანს
ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.
დრამატულმა სიტუაციამ კულმინაციას სწრაფად მიაღწია,
როცა ჩჟანმა კრებაზე ორი პრემიერ-მინისტრი, კაშაგი და
თავისი ჩინოვნიკები მოიწვია. მან თავიდანვე განაცხადა, რომ
ისინი შეიკრიბნენ, რათა ჩინეთის სახალხო-
განმათავისუფლებელი არმიის შემადგენლობაში ტიბეტის
არმიის შესვლა განეხილათ. ლუკჰანგვასთვის ეს უკვე
მეტისმეტი იყო. მან ყველას გასაგონად განაცხადა, რომ ასეთი
იდეა მიუღებელი იყო. არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა
იმას, რომ ეს პირობა „ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებაში“ იყო
ჩაწერილი. შეთანხმების პირობები ჩინელებმა იმდენჯერ
დაარღვიეს, რომ ამ დოკუმენტის არსებობამ ყოველგვარი აზრი
დაკარგა. „წარმოუდგენელია, - თქვა პრემიერმა, - რომ ტიბეტის
არმიამ თავის ფიცს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი

92
არმიის გულისთვის უღალატოს“.
ჩჟანმა ეს მშვიდად მოისმინა. „მაშინ, - თქვა მან, - ჩვენ სხვა
თემით დავიწყებთ - ტიბეტის დროშას ჩინეთის დროშით
შევცვლით“. „როგორც კი ამას გააკეთებთ, დროშას ჩამოგლეჯენ
და დაწვავენ, - უპასუხა ლუკჰანგვამ, - თქვენ კი სულელურ
მდგომარეობაში აღმოჩნდებით“. მისი აზრით, აბსურდული იყო
იმის ფიქრი, რომ ტიბეტელებს მეგობრული დამოკიდებულება
ექნებოდათ ჩინელებთან, რომლებმაც ტიბეტის ტერიტორიული
მთლიანობა დაარღვიეს. „თქვენ ადამიანს უკვე გაუტეხეთ
თავი, - თქვა მან, - ეს ჭრილობა ჯერ კიდევ არ მოშუშებულა.
მეტისმეტად ჩქარობთ, რომ ის თქვენი მეგობარი გახდეს“. ამის
თქმაზე ჩჟანი ტყვიასავით გავარდა გარეთ. სამი დღის შემდეგ
მომდევნო კრება უნდა გამართულიყო. ბუნებრივია, მე არ
ვესწრებოდი ამ კრებებს, მაგრამ ინფორმაციას მაწვდიდნენ
ყველაფრის შესახებ, რაც იქ ხდებოდა. საქმეს ისეთი პირი
უჩანდა, რომ მდგომარეობა თუ არ გამოსწორდებოდა, ამ
ამბებში აქტიური მონაწილეობა მომიწევდა.
კრება ჩატარდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო, სამი დღის
შემდეგ. ამჯერად მას სხვა გენერალი, ფან მინი
თავმჯდომარეობდა. მან თქვა, რომ ლუკჰანგვას ალბათ
ნამდვილად სურდა, ბოდიში მოეხადა თავისი ბოლო
გამოსვლის გამო. ლუკჰანგვამ იმწუთშივე შეუსწორა, რომ ამის
არავითარი სურვილი არ ჰქონდა. ის მტკიცედ იცავდა საკუთარ
აზრს; თანაც დასძინა, რომ თავის უშუალო მოვალეობად
მიაჩნდა, ტიბეტელების პოზიციის შესახებ ჩინელებისთვის
სრული ინფორმაცია მიეწოდებინა. იგი ამბობდა, რომ ხალხი
შეშფოთებული იყო ამდენი ჩინელი ჯარისკაცის შემოსვლით.
გარდა ამისა, აწუხებდა ის ამბავი, რომ პროვინცია ჩამდო
ცენტრალური ხელისუფლებისათვის არ დაუბრუნებიათ. არც
ტიბეტში მყოფი ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი
არმიის რომელიმე ნაწილი აპირებდა შინ დაბრუნებას. თუკი
მიღებული იქნებოდა ის წინადადებები, რომლებიც ჩინელებმა
ტიბეტის არმიასთან დაკავშირებით წამოაყენეს, ამას სახალხო
მღელვარება მოჰყვებოდა.
ფან მინმა მღელვარებისაგან საკუთარ თავზე კონტროლი
დაკარგა. მან ბრალი დასდო ლუკჰანგვას, რომ ის უცხოელ
იმპერიალისტებთან იყო შეკრული, და თქვა, რომ დალაი ლამას
მოსთხოვდა, პრემიერ-მინისტრი დაკავებული

93
თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. ლუკჰანგვამ უპასუხა,
რომ თუკი დალაი ლამა სთხოვდა, ის სიხარულით შეელეოდა
არა მარტო პოსტს, არამედ სიცოცხლესაც. ამან არეულობა
გამოიწვია და კრებაც დამთავრდა.
მალე მივიღე წერილობითი მოხსენება, რომელშიც ჩინელები
ამტკიცებდნენ (როგორც უდავო ფაქტს), რომ ლუკჰანგვა
იმპერიალისტი და რეაქციონერი იყო, რომელსაც არ სურდა
ტიბეტსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, და
მოითხოვდნენ, იგი თანამდებობიდან გამეთავისუფლებინა.
სიტყვიერად გადმომცეს კაშაგის შემოთავაზებაც. კაშაგის
წევრების აზრით, ალბათ აჯობებდა, პრემიერ-
მინისტრებისთვის მეთხოვა, გადამდგარიყვნენ. ძალიან
გავნაწყენდი. ორივე მათგანმა ხომ ისეთი ერთგულება,
თავგანწირვა და რწმენა გამოავლინა, ისეთი პატიოსნება და
გულწრფელობა, ისეთი სიყვარული იმ ხალხის მიმართ,
რომელსაც ემსახურებოდნენ!
როცა ისინი ერთი თუ ორი დღის შემდეგ გადადგომის
თხოვნით მოვიდნენ ჩემთან, ორივეს თვალზე ცრემლი ჰქონდა
მომდგარი. ვერც მე შევიკავე თავი; მაგრამ ვხვდებოდი - თუ ამ
სიტუაციაში წინააღმდეგობის გაწევას შევეცდებოდი, მათ
სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. ამიტომ
გულდამძიმებულმა განვუცხადე თანხმობა იმის შეგნებით,
რომ ვალდებული ვიყავი, ყველაფერი მეღონა ჩინელებთან
ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, რამდენადაც ეს
შესაძლებელი იყო. მათთან ახლა უშუალოდ, შუამავლის
გარეშე უნდა დამეჭირა საქმე. პირველად შევიცანი ჭეშმარიტი
აზრი გამოთქმისა: „მუქარით იძულება“.
დაახლოებით ამ ხანებში ლჰასაში პანჩენ ლამა ჩამოვიდა.
მისდა საუბედუროდ, მან ეს წოდება ჩინელების აქტიური
ჩარევით მიიღო და ახლა ტაშილჰუნპოს მონასტრისკენ აეღო
გეზი, რომ იქ თავისი კანონიერი ადგილი დაეკავებინა. ამდოს
პროვინციიდან ჩამოსულ პანჩენ ლამას ჩინეთის არმიის დიდი
ქვედანაყოფი (მისი „პირადი დაცვა“), ასევე ოჯახის წევრები და
მასწავლებლები ახლდნენ.
ახალგაზრდა პანჩენ ლამას ჯერ ოფიციალურ გარემოში
შევხვდი, შემდეგ - არაოფიციალურად, პოტალას სასახლეში
გამართულ საუზმეზე. მახსოვს, მის თანმხლებ პირთა შორის
იყო ერთი ძალიან თავხედი, უცერემონიო ჩინელი ოფიცერი,

94
რომელიც შემოსვლას ცდილობდა, როცა ოთახში მხოლოდ ჩვენ
ორნი ვიყავით. ჩემმა პირადმა დაცვამ (რომელიც ცერემონიების
დროს მახლდა) მისი შეჩერება რომ დააპირა, ინციდენტი
კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა, რადგანაც ეს კაცი
შეიარაღებული იყო.
ბოლოს, როგორც იქნა, პანჩენ ლამას პირისპირ შევხვდი და
ვისაუბრეთ. ეს ახალგაზრდა პატიოსანი კაცის შთაბეჭდილებას
ტოვებდა და ნდობას იმსახურებდა. ის ჩემზე სამი წლით
უმცროსი იყო. პანჩენ ლამას იმჟამინდელი მდგომარეობა
ძალაუფლებასაც გულისხმობდა, მაგრამ მისი მიამიტი სახე
მხოლოდ საოცარ ბედნიერებას გამოხატავდა. მოკლედ, ის
სასიამოვნო ადამიანი გახლდათ. მის მიმართ ძალიან კარგად
განვეწყვე. არც ერთმა ჩვენგანმა არ ვიცოდით, თუ რა
ტრაგიკული იქნებოდა მისი ცხოვრება.
პანჩენ ლამას ვიზიტის შემდეგ ისევ მიმიწვიეს ტატჰაგ
რინპოჩეს მონასტერში, სადაც გულმოდგინედ,
სკრუპულოზურად ვასრულებდი ჩემი გურუსადმი მიძღვნილი
„სტუპას“ (ქანდაკების) განწმენდის 15-საათიან ცერემონიას.
ნაღველი შემომაწვა, როცა მის წინ მიწაზე განვერთხე. ამის
შემდეგ ახლომდებარე ადგილები და მთები შემოვიარე, რომ
ჩვენი დუხჭირი მდგომარეობით გამოწვეული დარდი
გამექარვებინა.
ზემოხსენებული მონასტრის მონახულებისას ტატჰაგ
რინპოჩეს თავის ქალის ნაწილი მაჩვენეს, რომელიც კრემაციის
შემდეგ დარჩა. მასზე მკვეთრად ჩანდა ტიბეტური ასობგერის
გამოსახულება, რომელიც მის მფარველ ღვთაებას
შეესატყვისებოდა. ეს მისტიკური ფენომენი მაღალ ლამებში
ჩვეულებრივი ამბავია. როცა კრემაციის შედეგად ძვლები რჩება,
მათზე ასობგერებს ან რაიმე ფიგურებს აღმოაჩენენ ხოლმე.
ზოგჯერ ასეთი ანაბეჭდები ადამიანის სხეულზეც გვხვდება,
როგორც ჩემი წინამორბედის შემთხვევაში.
ლუკჰანგვასა და ლობსან ტაშის იძულებითი გადადგომის
შემდეგ, 1952 წლის ადრიან გაზაფხულზე, ჩინეთის
სახელისუფლო ორგანოებთან დროებით დაზავების „მყიფე“
პერიოდი დადგა. ეს შემთხვევა იმ კომიტეტის შესაქმნელად
გამოვიყენე, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო რეფორმის
განხორციელებისათვის. რეფორმის გატარება ერთ წელზე მეტი
ხნის წინ განვიზრახე, ჯერ კიდევ დრომოში ყოფნისას. ჩემი

95
მთავარი ჩანაფიქრი მდგომარეობდა სასამართლო ორგანოების
დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბებაში.
როცა რეტინგ რინპოჩეს შემთხვევას ვიხსენებდი, უკვე
აღვნიშნე, რომ როცა არასრულწლოვანი ვიყავი, არაფრის
გაკეთება არ შემეძლო იმ ხალხის დასახმარებლად, რომელსაც
მთავრობის ორგანოებთან კონფლიქტი მოსდიოდა; თუმცა ამის
სურვილი ხშირად მქონია. მახსოვს ერთ ადამიანთან
დაკავშირებული ამბავი. ეს კაცი ადმინისტრაციაში მუშაობდა
და ამხილეს ოქროს ფხვნილის გადამალვაში, რომელიც
განკუთვნილი იყო „ტანკების“ შესაქმნელად. ჩემი
დურბინდით ვუთვალთვალებდი, როგორ შეუკრეს ხელები,
ჯორზე უკუღმა შესვეს და ქალაქიდან გააძევეს. ამგვარი
დანაშაულისთვის, ტრადიციისამებრ, ასე სჯიდნენ.
ანალოგიური შემთხვევის მოწმე გავხდი პოტალაში.
პატარაობიდანვე ვიცოდი რამდენიმე ადგილი სასახლეში,
საიდანაც (სარკმლებიდან ან სანათურებიდან თუ შევიჭყეტდი)
შემეძლო, დამენახა, რა ხდებოდა იმ ოთახებში, რომლებში
შესვლაც არ შემეძლო. ერთხელ ასე ვადევნებდი თვალყურს
რეგენტის სამდივნოს სხდომას, რომელიც იმისთვის შეიკრიბა,
რომ განეხილა ერთი მოიჯარის საჩივარი მიწის მეპატრონის
მიმართ. კარგად მახსოვს, რა საცოდავად გამოიყურებოდა ეს
კაცი - ძალიან მოხუცი, პატარა ტანის, მხრებში მოხრილი;
ჭაღარა თმები და თხელი ულვაშები ჰქონდა. მისდა
საუბედუროდ, მიწის მფლობელისა და რეგენტის (იმ დროს
რეგენტი ჯერ კიდევ რეტინგ რინპოჩე იყო) ოჯახები
მეგობრობდნენ და სარჩელი საერთოდ არ განუხილავთ. მთელი
გულით მის მხარეს ვიყავი, მაგრამ არაფრის გაკეთება არ
შემეძლო. ამიტომ ახლა, როცა უსამართლობის ასეთი
გამოვლინებების შესახებ მესმოდა, სასამართლო რეფორმის
აუცილებლობაში უფრო მეტად ვრწმუნდებოდი.
მინდოდა, რამე გამეკეთებინა განათლების სფეროშიც. იმ დროს
საყოველთაო განათლების სისტემა ჯერ კიდევ არ არსებობდა.
ლჰასაში სულ რამდენიმე სკოლა იყო, აქა-იქ - სოფლებშიც,
მაგრამ უმეტესად განათლების ერთადერთი ცენტრი
მონასტრები იყო; ხოლო განათლება, რომელსაც ისინი
იძლეოდნენ, ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ამა თუ იმ თემის
წევრებისათვის. შესაბამისად, კაშაგს მითითება მივეცი,
განსახილველად წარმოედგინა კარგი პროგრამა განათლების

96
საკითხთან დაკავშირებით.
რეფორმები აუცილებლად უნდა გატარებულიყო
კომუნიკაციების სფეროშიც. იმ დროს ტიბეტში არც ერთი
ხეირიანი გზა არ არსებობდა და გადაადგილების ბორბლებიან
სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ მეცამეტე დალაი ლამას
სამი ავტომობილი იყო. უეჭველია, გზებისა და ტრანსპორტის
სისტემა უზარმაზარ სარგებლობას მოუტანდა უამრავ
ადამიანს. მაგრამ ისევე, როგორც განათლებას, ამ საკითხსაც
ხანგრძლივი დამუშავება სჭირდებოდა და ვხვდებოდი,
მრავალი წელი უნდა გასულიყო, რომ ამ მხრივ პროგრესის
მიღწევა შესაძლებელი გამხდარიყო.
თუმცა არსებობდა საკითხები, რომელთა მოგვარება
დაუყოვნებლივ მოიტანდა დადებით შედეგებს. ერთ-ერთი
მათგანი იყო მემკვიდრეობითი ვალების გაუქმება. როგორც
ჩემი დამლაგებლისგან და დრომოს გზაზე გამოკითხული
ხალხისგან ვიცოდი, გლეხებსა და სასოფლო თემებს ეს ვალები
ნამდვილ უბედურებად ატყდებოდა თავს. ასე იყო მიღებული:
მოიჯარეს რომ მიწის მფლობელის ვალები ემართა
(მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოშობის მიზეზი
მოუსავლიანი წლები იყო), თაობიდან თაობას მემკვიდრეობით
უნდა გადასცემოდა. ამის გამო ბევრმა ოჯახმა ვერ გაიხარა. მათ
უკვე აღარც ჰქონდათ იმედი, რომ ამ ვალებიდან ოდესმე
ამოვიდოდნენ. თითქმის ასეთივე დამღუპველი იყო სისტემა,
რომლის თანახმადაც, გაჭირვების დროს წვრილ
მიწათმფლობელებს შეეძლოთ, მთავრობისგან სესხი აეღოთ.
ვალი აქაც თაობებს გადაეცემოდა. ამიტომ გადავწყვიტე,
თავიდან ვალების მემკვიდრეობითობის პრინციპი
გამეუქმებინა, შემდეგ კი გლეხებს მთავრობის იმ ვალებს
ჩამოვაწერდით, რომელთა გადახდაც მათ არ შეეძლოთ.
ვიცოდი, რომ ამ რეფორმებს დიდკაცობა და მდიდრები დიდად
არ მოიწონებდნენ. ამიტომ დაბეჯითებით მოვითხოვე
ჰოფმაისტერს შესაბამისი დეკრეტები ჩვეული წესით არ
გამოექვეყნებინა (ვგულისხმობდი პლაკატების გაკვრას
ხალხის თავშეყრის ადგილებში); ამის ნაცვლად მინდოდა, რომ
ისინი დაბეჭდილიყო ქაღალდზე ხის ფირფიტების
საშუალებით (როგორც ეს კეთდებოდა წმინდა ტექსტების
გამოცემის დროს), თანაც დიდი რაოდენობით. ასე მეტი შანსი
იქნებოდა იმისა, რომ ინფორმაცია ფართოდ გავრცელებულიყო.

97
ამით თავიდან ავიცილებდით იმ პირთა ჩარევას, რომლებიც
ხელს შეუშლიდნენ რეფორმის გატარებას, თუკი ამის შესახებ
წინასწარ ეცოდინებოდათ.
„ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების“ პირობებში აღნიშნული
იყო, რომ „ტიბეტის ადგილობრივ მთავრობას შეეძლო,
გაეტარებინა რეფორმები საკუთარი შეხედულებისამებრ“; რომ
ეს რეფორმები არ იქნებოდა „ზეწოლის ობიექტი
ხელისუფლების (ე. ი. ჩინელების) მხრიდან“. მაგრამ,
მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეფორმის გატარების პირველმა
მცდელობებმაც კი ათასობით ადამიანს მოუტანა სარგებლობა,
მალე ცხადი გახდა, რომ ჩვენს განმათავისუფლებლებს
სოფლის მეურნეობის მოწყობის მიმართ სრულიად
განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ. ამდოში უკვე დაიწყო
კოლექტივიზაცია. დროთა განმავლობაში ის მთელ ტიბეტს
მოახვიეს თავს, რამაც საყოველთაო შიმშილი და ამ მიზეზით
ასიათასობით ტიბეტელის სიკვდილი გამოიწვია. თუმცა
შემდგომში ხელისუფლებამ გარკვეულწილად შეარბილა
„კულტურული რევოლუციის“ განხორციელების ფორმები,
საკოლმეურნეო წყობის შემოღების შედეგები დღემდე
საგრძნობია. ტიბეტში ნამყოფი ბევრი ადამიანი ამტკიცებს,
რომ არასაკმარისი კვების გამო სოფლებში ნახევრად
შიმშილობენ და ამის გამო ხალხი ფიზიკურად
განუვითარებელი და დაჩიავებულია. მაგრამ მაშინ ეს ჯერ
კიდევ წინ გვედო. მთავრობას ვაქეზებდი, ყველაფერი
გაეკეთებინა სოფლის მეურნეობის მართვის ძველი და
არაპროდუქტიული მეთოდების ამოსაძირკვად. გადაწყვეტილი
მქონდა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ტიბეტი წინ, მეოცე
საუკუნისკენ წამეწია.
რამდენადაც მახსოვს, ეს იყო 1953 წლის ზაფხულში, როცა
ლინგ რინპოჩემ კალაჩაკრას სწავლებას მაზიარა. ეს
ტანტრისტული ტრადიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
საიდუმლოა, რომელსაც განსაკუთრებული როლი ენიჭება
დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებისათვის. სხვა
ტანტრისტული რიტუალებისგან განსხვავებით, მას ხალხის
მრავალრიცხოვან შეკრებებს გადასცემენ. კალაჩაკრას შეცნობა
ძალიან რთულია. მისთვის მზადება ერთი კვირიდან ათ
დღემდე დროს მოითხოვს, ხოლო თავად ცერემონია სამი დღე
გრძელდება. მისი ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია დიდი
მანდალას[10] აგება ყვავილების ფხვნილის მეშვეობით, ანუ

98
სამგანზომილებიანი სიმბოლოს გამოსახვა ორ განზომილებაში.
როცა პირველად ასეთი მანდალა ვნახე, გაოგნებული
შევყურებდი. ის ენით აუწერელი სილამაზის სანახაობაა.
ცერემონია, რომელსაც ჩემი ერთთვიანი განდეგილობა უძღოდა
წინ, ერთ-ერთი ამაღელვებელი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში.
მან დიდი ზემოქმედება მოახდინა არა მარტო ჩემზე, ლინგ
რინპოჩეზეც. ვხვდებოდი, რომ წილად მხვდა უზარმაზარი
პატივი, მონაწილეობა მიმეღო ტრადიციულ რიტუალში,
რომელსაც უმაღლეს სასულიერო ოსტატთა მიმდევარი
მრავალი თაობა ასრულებდა. როცა ყველა ცოცხალი არსების
დამსახურებისადმი მიძღვნილი ლოცვის ბოლო სტროფს
ვკითხულობდი, ისე ავღელდი, ხმა ჩამიწყდა. მერე მივიჩნიე,
რომ ეს კარგის მაუწყებელი ნიშანი იყო, თუმცა მაშინ არაფერი
ასეთი არ მიფიქრია. ახლა მგონია, რომ ერთგვარი
წინათგრძნობა დამეუფლა - მე კალაჩაკრას რიტუალს უფრო
ბევრჯერ აღვასრულებდი, ვიდრე რომელიმე ჩემი
წინამორბედი, ან, საერთოდ, ვინმე დედამიწის ამა თუ იმ
კუთხეში. ეს მართლაც ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ
სფეროში ყველაზე კომპეტენტური ადამიანი სრულებითაც არ
გახლავართ.
მომდევნო წელს, მონლამის დღესასწაულზე, ჯოკჰანგის
ტაძარში, ავალოკიტეშვარას ქანდაკების წინ, ბუდისტი
ბჰიკხუს სრული წოდება მომანიჭეს. ეს საოცრად
ამაღელვებელი პროცედურაა. რიტუალი ლინგ რინპოჩემ
აღასრულა. ზაფხულში კი, მორწმუნე ქალების თხოვნით,
პირველად ჩემს ცხოვრებაში, კალაჩაკრას საიდუმლოსთან
ზიარების ცერემონია ჩავატარე.
ჩინეთის ხელისუფლებასთან დაზავების პერიოდი გამოვიყენე
იმისთვის, რომ მთელი ყურადღება ჩემს რელიგიურ
მოვალეობებზე გადამეტანა. დავიწყე რეგულარული
ქადაგებები ხალხის პატარა და მრავალრიცხოვანი
ჯგუფებისათვის, რის შედეგადაც პირადად დავამყარე
ურთიერთობა ჩემს თანამოძმეებთან. თავიდან დიდი
აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში მქონდა, მაგრამ მალე
თავდაჯერებულობა ვიგრძენი. ვხვდებოდი, რომ ლჰასის
ფარგლებს გარეთ ჩინელები ტიბეტელებს ცხოვრების აუტანელ
პირობებს უქმნიდნენ. ამავე დროს, ჩემი თვალით ვხედავდი,
თუ რატომ ეზიზღებოდათ ასე ჩინელები ჩემს პრემიერ-

99
მინისტრებს. მაგალითად, ყოველთვის, როცა გენერალი ჩჟან
ძინ-უ ჩემთან მოდიოდა, ის პირადი დაცვის წევრებს კარის
იქით ჩაამწკრივებდა, თუმცა უნდა სცოდნოდა, რომ
ბუდისტისთვის ადამიანის სიცოცხლის სიწმინდე და
ხელშეუხებლობა ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
თუმცა ბუდას სწავლებაში ჩემთვის მოვნიშნე ასეთი მომენტი -
გარკვეული თვალსაზრისით, სავარაუდო მტერი უფრო
სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რადგან მტერი მოთმინების
უნარს და ბევრ სხვა სასარგებლო თვისებას გიყალიბებს,
მეგობარი კი - არა. ამ თემას დავუმატე ჩემი მტკიცე რწმენა
იმისა, რომ, რაც არ უნდა ცუდი იყოს არსებული მდგომარეობა,
ოდესმე ყველაფერი უკეთესობისკენ წარიმართება.
საბოლოოდ, სწრაფვამ ჭეშმარიტების შეცნობისკენ,
სამართლიანობისკენ, ურთიერთგაგებისაკენ, რაც ყოველ
ადამიანს ახასიათებს, უმეცრება და სასოწარკვეთა უნდა
დაამარცხოს. ამიტომ, როცა ჩინელები გვჩაგრავდნენ და
გვავიწროებდნენ, ეს ჩვენ მხოლოდ ძალებს გვმატებდა.

კომუნისტურ ჩინეთში
ლობსან ტაშისა და ლუკჰანგვას მიერ პოსტების დატოვებიდან
დაახლოებით ერთი წელი იყო გასული, რომ ჩინელებმა ჩვენს
მთავრობას ჩინეთში რამდენიმე წარმომადგენლის გაგზავნა
შესთავაზეს, რათა მათ საკუთარი თვალით ენახათ, რამდენად
მშვენიერი იყო ცხოვრება „დიდ სამშობლოში“. ჯგუფის
წევრები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გასამგზავრებლად
საგანგებოდ უნდა შეერჩიათ. რამდენიმე თვის შემდეგ იქიდან
დაბრუნებულებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომელიც სავსე
იყო ხოტბა-დიდებით, აღფრთოვანებითა და სიცრუით.
იმწამსვე მივხვდი, რომ ეს დოკუმენტი კონტროლის ქვეშ იყო
დაწერილი, რამდენადაც იმ დროისთვის უკვე შევეჩვიე იმ
გარემოებას, რომ ჩვენი ახალი „პატრონების“ თანდასწრებით
სიმართლის თქმა შეუძლებელი იყო. ასევე, იძულებული
გავხდი, ურთიერთობის ამგვარ ფორმას დავუფლებოდი - როცა
საქმე ჩინელებთან მქონდა, რთულ სიტუაციაში თავი სულ
სხვანაირად მომეჩვენებინა და ჩემი გრძნობები დამემალა.
ძალიან მალე, 1954 წლის დასაწყისში, მე თვითონ

100
შემომთავაზეს ჩინეთში წასვლა. ეს მშვენიერი აზრი იყო.
შესაძლებლობა მეძლეოდა, პირადად შევხვედროდი არა მარტო
თავმჯდომარე მაოს, არამედ სხვა ადამიანებსაც, რომლებიც
ჩემთვის გარესამყაროს წარმოადგენდნენ. ეს იდეა
ტიბეტელთაგან ბევრს არ მოეწონა. მათ ეშინოდათ, რომ
ჩინელები პეკინში შემაფერხებდნენ და სამშობლოში
დაბრუნების უფლებას არ მომცემდნენ. ზოგი მიიჩნევდა, რომ
ჩინეთში ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და
ყველანაირად ცდილობდნენ, იქ წასვლა გადამეფიქრებინა.
პირადად მე სრულებით არ ვგრძნობდი შიშს და გადავწყვიტე,
რაც არ უნდა ეთქვათ, მაინც წავსულიყავი. ასე გაბედულად
რომ არ მემოქმედა, მეეჭვება, ამ იდეას ხორცი შესხმოდა.
საბოლოოდ, ჩემს თანმხლებ პირებთან ერთად გზას გავუდექი.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ჩემი ოჯახი, ჩემი ორი
მასწავლებელი, ორი „ცენშაპი“ (ერთ-ერთი მათგანი მას შემდეგ
დაინიშნა, რაც ტრიჯანგ რინპოჩე უმცროსი მასწავლებელი
გახდა), კაშაგი და უამრავი სხვა ოფიციალური პირი. სულ
ხუთასნი ვიყავით. შუა ზაფხული იყო. დილით მდინარე კიჩუს
ნაპირზე გამოსამშვიდობებელი ცერემონია შედგა. თავი
მოიყარა სახელმწიფო სამსახურში მყოფმა ყველა ჩინოვნიკმა.
უკრავდა ორკესტრი. ათიათასობით ადამიანი მოვიდა. ბევრ
მათგანს ეჭირა დროშები, რომლებსაც ლოცვების ტექსტები
ამშვენებდა. მათ სურნელოვანი სანთლებიც აანთეს, რომ
ჩემთვის კეთილი მგზავრობა და მშვიდობით დაბრუნება
ესურვებინათ.
იმ დროს მდინარე კიჩუზე ხიდი ჯერ კიდევ არ იყო და მეორე
ნაპირზე პირუტყვის ტყავებისაგან დამზადებული ნავებით
გადავედით. მივცურავდით ნამგიელის მონასტრის ბერების
ხორხისმიერი გალობის აკომპანემენტის ქვეშ (ეს მონასტერი
გაღმა ნაპირზე მდებარეობდა). როცა ჩემთვის განკუთვნილ
სპეციალურ პატარა გემზე ავედი (რომელიც ორი ერთმანეთზე
გადაბმული ნავისგან შედგებოდა) და მოვბრუნდი, რომ ჩემი
ხალხისთვის გამომშვიდობების ნიშნად ხელი დამექნია,
შევნიშნე, რომ ნაპირზე მდგარი ადამიანები ძალიან
ღელავდნენ. ზოგი ტიროდა, ზოგიერთებს კი, დარწმუნებულთ,
რომ უკანასკნელად მხედავდნენ, ისეთი გამომეტყველება
ჰქონდათ, გეგონებოდა, წყალში გადმოხტომას აპირებენო.
ავფორიაქდი, სევდაც მომერია, ზუსტად ისე, როგორც ოთხი
წლის წინ, დრომოში გამგზავრებისას. ამ ხალხის ყურება

101
ჩემთვის იოლი არ იყო, მაგრამ, როგორც ცხრამეტი წლის კაცს,
მოგზაურობის პერსპექტივა მეტისმეტად მიზიდავდა.
ლჰასასა და პეკინს შორის მანძილი დაახლოებით ორი ათასი
მილია. 1953 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა ამ ორი ქვეყნის
დამაკავშირებელი გზები, თუმცა ჩინელებს უკვე დაწყებული
ჰქონდათ ცინხაის შოსეს მშენებლობა, სადაც ტიბეტელებს
იძულებით ამუშავებდნენ. მისი პირველი მონაკვეთი უკვე
დაემთავრებინათ, რამაც საშუალება მომცა, მცირე მანძილი
მეცამეტე დალაი ლამას „დოჯით“ გამევლო (მდინარის მეორე
ნაპირზე ეს მანქანაც გადმოიტანეს).
პირველად განდენის მონასტერში გავჩერდით, ლჰასიდან
დაახლოებით 35-ე მილზე. აქ რამდენიმე დღით შევყოვნდით.
განდენი ტიბეტის სიდიდით მესამე მონასტერი-
უნივერსიტეტია. როცა მას ვტოვებდი, რომ ჩინეთისკენ გზა
გამეგრძელებინა, ძალიან უცნაური რამ შევნიშნე. ტიბეტის
ერთ-ერთი მფარველი ღვთაების ქანდაკებას, რომელსაც ხარის
თავით გამოსახავენ, აშკარად ცვლილება ეტყობოდა. როდესაც
ის პირველად დავინახე, საკმაოდ თვინიერი გამომეტყველებით
იყურებოდა ზემოდან. ახლა მას თავი აღმოსავლეთისკენ
მიექცია და გამძვინვარებული იერი ჰქონდა (ასეთ ამბავსაც
ჰყვებოდნენ: როცა იძულებული გავხდი, ქვეყნიდან
გავქცეულიყავი, განდენის ერთ-ერთი ტაძრის კედლებიდან
თურმე სისხლი ჟონავდა).
გზა ავტომობილით გავაგრძელე. მალე ტრანსპორტის ამ
სოლიდური სახეობის ჯორზე გაცვლა მომიხდა. როცა ჯონგპოს
ოლქში ჩავედით, აღმოჩნდა, რომ წვიმას გზა ჩაერეცხა და ბევრი
ხიდი დაენგრია. სწრაფად სიარული ძალიან საშიში იყო. გზას
ხშირად ტბორავდა მთებიდან წამოსული ნიაღვრები; წვიმის
წყალს დამდნარი თოვლი და ყინული ემატებოდა. აქა-იქ
დამეწყრილი ადგილები გვხვდებოდა. ზემოდან ლოდები და
კლდეების ნამტვრევები ცვიოდა. ზაფხული იწურებოდა.
ამიტომ თავსხმა წვიმა მოდიოდა. ბევრგან ტალახი ადამიანს
შუა წვივამდე სწვდებოდა. ძალიან მებრალებოდა ასაკოვანი
ადამიანები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ
სხვებს არ ჩამორჩენოდნენ.
მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ტიბეტელი
გამცილებლები ამაოდ ცდილობდნენ, ჩვენი ჩინელი
თანმხლები პირები დაერწმუნებინათ, რომ კურსი შეგვეცვალა -

102
ტრადიციული მაღალმთიანი გზებით წავსულიყავით და არა
დაპროექტებული გზით, რომელიც, ჩვენების აზრით, არაფრად
ვარგოდა. მაგრამ ჩინელები ჯიუტად იდგნენ თავისაზე;
ამბობდნენ, რომ მთის გზებზე არავითარი საგუშაგო პოსტი არ
იყო. ამიტომ ისევ ამ ახალი გზით მივდიოდით. სასწაულია, რომ
სამ ადამიანზე მეტი არ დაღუპულა. ისინი სრულიად
უდანაშაულო ახალგაზრდა ჩინელი ჯარისკაცები იყვნენ. მათ
ევალებოდათ, გვერდიგვერდ ჩამწკრივებული მდგარიყვნენ
გზის კიდეში, რომ ჩამოზვავებული მასისგან დავეცავით. ეს
ბიჭები ძალიან მეცოდებოდნენ. მათ არჩევანის საშუალება არ
ჰქონდათ. უფსკრულში რამდენიმე ჯორიც გადაიჩეხა.
გენერალი ჩჟან ძინ-უ, რომელიც ასევე ჩვენთან ერთად იყო,
საღამოს ჩემს კარავში შემოვიდა და მაუწყა, რომ მეორე დილით
მდგომარეობა გაუარესდებოდა. ჯორებიდან უნდა
ჩამოვქვეითებულიყავით და გზა ფეხით გაგვეგრძელებინა.
ამიტომ, როგორც ცენტრალური სახალხო მთავრობის
წარმომადგენელი, იგი ხელკავს გამომდებდა და მთელი გზა
პირადად თვითონ მატარებდა. როცა ამას მეუბნებოდა,
გავიფიქრე, რომ ამ გენერალს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს
მას არა მარტო ჩემს პრემიერ-მინისტრებზე თავისი
ძალაუფლების ჩვენება შეეძლო, არამედ თვით დედაბუნებაზე
მუქარით ზემოქმედებაც.
ასე რომ, იძულებული ვიყავი, მომდევნო დღე ჩჟანთან
ჩახუტებულს გამეტარებინა. ის ბევრად უფროსი იყო ჩემზე და
თან ძალიან მოუქნელი. ამიტომ მასთან ერთად ასე სიარულმა
საკმაოდ დამღალა. გარდა ამისა, ვშიშობდი: იმ შემთხვევაში,
თუ გენერლის აღსასრული მოახლოვდებოდა, ქვები, რომლებიც
გამუდმებით გრუხუნით ცვიოდა ზემოდან, ჩემსა და მას შორის
მტყუან-მართლის გარჩევას არ შეეცდებოდნენ!
მთელი მგზავრობის განმავლობაში დასასვენებლად ყოველ
ჯერზე სამხედრო სადარაჯო პოსტებთან ვჩერდებოდით, სადაც
წითელი დროშები გამოეფინათ. აქ გადიოდნენ სამხედრო
სამსახურს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის
ჯარისკაცები. ისინი ყოველთვის გამოგველაპარაკებოდნენ და
ჩაის გვთავაზობდნენ. ერთხელ ისე მომწყურდა, საკუთარი
ჭურჭლის ძებნით თავი არ შემიწუხებია. წყურვილი რომ
მოვიკალი, მერე შევნიშნე, რომ ფინჯანი, რომლიდანაც
ვსვამდი, საშინლად ჭუჭყიანი იყო - მის კედლებზე საჭმლის

103
ნარჩენი და ნერწყვი შემხმარიყო. კინაღამ გული ამერია.
მახსოვს, რა ზიზღიანი ვიყავი ბავშვობაში და ახლა იმ ამბავს
რომ ვიგონებ, სიცილს ვერ ვიკავებ.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ პატარა ქალაქ დემოს
მივაღწიეთ. მდინარის ნაპირას დავბანაკდით და ღამეც იქ
გავათიეთ. ამინდი შესანიშნავი იყო. აღფრთოვანებული
ვუყურებდი მიდამოს, რომელიც ბაიებსა და მოლილისფრო და
ვარდისფერ ფურისულებს დაეფარა. პოიულის ოლქში ათი
დღის შემდეგ ჩავედით. აქედან უკვე საავტომობილო გზა
იწყებოდა და შეგვეძლო, ჯიპითა და სატვირთო ავტომობილით
წავსულიყავით. ეს დიდი შვება იყო, რადგან ცხენზე ჯდომამ
უკვე საშინლად გამაწამა. ასე მარტო მე არ ვიყავი. არასოდეს
დამავიწყდება, რა სანახავი იყო ჩემი ერთი ჩინოვნიკი. მას
უკანალი ისე სტკიოდა, ცხენზე გვერდულად იჯდა - ხან ერთ
მხარეს ასვენებდა, ხან მეორეს.
ლჰასიდან ამ სიშორეს ჩინელები გაცილებით თამამად
უფროსობდნენ ჩვენს მიწაზე. მათ უკვე აეშენებინათ ბარაკები
თავიანთი ჯარისკაცებისთვის და სახლები -
ჩინოვნიკებისთვის. ყველა ქალაქსა და სოფელში ჰქონდათ
რადიოები, საიდანაც ისმოდა ჩინური მარშები და მოწოდებები
ხალხისადმი, ემუშავათ „დედასამშობლოს სადიდებლად“.
მალე ჩამდოში, კჰამის დედაქალაქში ჩავედით, სადაც საზეიმო
დახვედრა მომიწყვეს. რაკი აქ ჩინელები უკვე უშუალოდ
მართავდნენ ოლქს, ამ ღონისძიებამ უცნაური ხასიათი შეიძინა.
სამხედრო ორკესტრები თავმჯდომარე მაოსა და რევოლუციის
სახოტბო ჰიმნებს ასრულებდნენ, ტიბეტელები კი იდგნენ და
წითელ დროშებს აფრიალებდნენ.
ჩამდოდან ჯიპით დავიძარი ჩენდუსკენ. ეს იყო პირველი
ქალაქი, რომელიც უკვე ჩინეთის ტერიტორიას ეკუთვნოდა.
ჩვენ გადავლახეთ მთა, რომელიც მდებარეობს დხარ ცზე-
დხოში. ეს მთა ტიბეტსა და ჩინეთს შორის ისტორიული
საზღვარია. როცა მთის მეორე მხარეს, ხეობისკენ დავეშვით,
გავიფიქრე, თუ რამხელა სხვაობა იყო აქაურ სოფლის
მოსახლეობასა და ტიბეტელებს შორის. „ნეტავ, ზოგადად,
ჩინელებიც ასე განსხვავდებიან ჩემი თანამოძმეებისგან?“ -
გავივლე გუნებაში.
ჩენდოში ბევრი ვერაფერი ვნახე, რადგან გავცივდი და

104
რამდენიმე დღის განმავლობაში ვიწექი. როგორც კი საკმაოდ
გამოვჯანმრთელდი, მე და ჩემი გარემოცვის საპატიო წევრები
სინიანში გაგვამგზავრეს. აქ პანჩენ ლამა შემოგვიერთდა,
რომელიც შიგაცზედან რამდენიმე თვის წინ წამოსულიყო.
აქედან სიანში გავფრინდით.
ჩვენთვის გამოყოფილი თვითმფრინავი ძველისძველი იყო,
შეიძლება ითქვას, თავისი დრო უკვე მოეჭამა. სავარძლების
ნაცვლად ფოლადის კარკასები იდგა, ყოველგვარი გადასაკრავი
ქსოვილის გარეშე. ჰაერში აფრენის მოლოდინით ისე ვიყავი
აღელვებული, დისკომფორტი აღარ მადარდებდა. შიშს
სრულებით არ ვგრძნობდი, თუმცა მერე და მერე
თვითმფრინავების მიმართ უფრო ფრთხილი
დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. ახლა დიდად არ მიყვარს
ისინი და როცა ფრენა მიწევს, მეზობლად მჯდომისთვის
სასიამოვნო თანამოსაუბრედ ნამდვილად არ გამოვდგები.
ლაპარაკს მირჩევნია, ჩემთვის ლოცვები ვიკითხო.
სიანში გადაადგილების საშუალება ისევ გამოვიცვალეთ და
გზის ბოლო ნაწილი მატარებლით გავიარეთ. პანჩენ ლამასა და
ჩემთვის განკუთვნილი ვაგონები საოცრად კეთილმოწყობილი
იყო. აქ ყველაფერს ნახავდით, რისი წარმოდგენაც კი
შეიძლებოდა - საწოლებიდან და სააბაზანოებიდან დაწყებული,
უმაღლესი კლასის რესტორნით დამთავრებული. ამ
მოგზაურობით გამოწვეულ ჩინებულ განცდებს შიში,
შეშფოთება ჩრდილავდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით
ჩინეთის დედაქალაქს, ეს გრძნობა უფრო მიმძაფრდებოდა.
როცა, როგორც იქნა, პეკინის რკინიგზის სადგურს მივაღწიეთ,
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ოდნავ შვება ვიგრძენი, როცა
ჩვენს დასახვედრად თავმოყრილი უამრავი ახალგაზრდა
დავინახე, მაგრამ დიდი ხანი არ დამჭირვებია იმის
მისახვედრად, რომ მათ ნაბრძანები ჰქონდათ, ასე ემოქმედათ.
ამიტომ ისევ ჩვეულმა მოუსვენრობამ შემიპყრო.
როცა მატარებლიდან ჩამოვედით, ბაქანზე ოფიციალური
პირები დაგვხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ჩჟოუ ენ-ლაი და
სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ჩჟუ დე.
ორივე მეგობრულად განწყობილი გეგონებოდა. მათთან
ერთად იყო სწორედ ის შუახნის ტიბეტელი, რომელიც ლჰასაში
გენერალ ტან კუან-სენს ახლდა. ერთმანეთს თავაზიანად
მივესალმეთ და ამ ადამიანმა, სახელად პუნცოგ ვანგიელმა,

105
ჩემს რეზიდენციამდე მიმაცილა. ეს იყო ბუნგალო ლამაზი
ბაღით, რომელიც ადრე იაპონიის დიპლომატიურ მისიას
ეკუთვნოდა. პუნცოგ ვანგიელმა მომდევნო რამდენიმე დღის
პროგრამა გამაცნო. მე და ეს კაცი შემდგომში ძალიან
დავმეგობრდით. ის კომუნიზმის საქმის სიმართლეში დიდი
ხნის წინ დაერწმუნებინათ. იქამდე, სანამ ჩინეთში
ჩამოვიდოდა, იგი მოქმედებდა, როგორც კომუნისტების
აგენტი, და ასწავლიდა სკოლაში, რომელიც ლჰასაში ჩინეთის
მისიამ გახსნა. როცა მისია დაიხურა და მისი წევრები 1949 წელს
ქვეყნიდან გაიწვიეს, პუნცოგ ვანგიელი და მისი ცოლი,
ტიბეტელი მუსულმანი ქალი, მათთან ერთად გაემგზავრნენ
ტიბეტიდან. თვითონ წარმოშობით კჰამიდან იყო. ჯერ კიდევ
ბავშვი მიებარებინათ ქრისტიანული მისიის სკოლაში,
ბატჰანგში, მის მშობლიურ ქალაქში, სადაც ცოტაოდენი
ინგლისური ესწავლა. ჩვენი გაცნობის დროისთვის ის
ბრწყინვალედ ფლობდა ჩინურ ენას და მე და მაო ძედუნს
შესანიშნავად გაგვიწია თარჯიმნობა.
პუნცოგ ვანგიელი ძალიან ნიჭიერი ადამიანი აღმოჩნდა,
თავშეკავებული და კეთილგონიერი, თან ფილოსოფოსიც.
გარდა ამისა, ის უაღრესად გულწრფელი და პატიოსანი კაცი
იყო. ამიტომაც მომწონდა მის საზოგადოებაში ყოფნა. აშკარად
ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ ჩემს ოფიციალურ
თარჯიმნად დანიშნეს; უფრო იმიტომ, რომ ეს საშუალებას
მისცემდა, ხშირად ენახა თავმჯდომარე მაო, რომელსაც
აღმერთებდა. სხვათა შორის, ის ჩემ მიმართაც დიდი
სიმპათიით იყო განწყობილი. ერთხელ, როცა ტიბეტის შესახებ
ვსაუბრობდით, პუნცოგ ვანგიელმა თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის
მომავალს ოპტიმისტურად უყურებდა, რადგან პროგრესულ
ადამიანად მივაჩნდი. მიყვებოდა, მრავალი წლის წინათ როგორ
ესწრებოდა საჯარო აუდიენციას ნორბულინგკაში და ნახა
პატარა ბიჭი სამეფო ტახტზე. „ახლა კი უკვე პატარა აღარ ხართ
და აქ, ჩემ გვერდით, პეკინში გხედავთ“. ამაზე რომ ფიქრობდა,
გული უჩუყდებოდა და ცრემლების დამალვას არც ცდილობდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკვე ისე ლაპარაკობდა, როგორც
ჭეშმარიტი კომუნისტი. მან მითხრა, რომ დალაი ლამა არ უნდა
დაყრდნობოდა ასტროლოგიას, როგორც იარაღს, რომლის
საშუალებითაც ქვეყანას მართავენ. მერე დასძინა, რომ
რელიგია არაა ის ფუნდამენტი, რომელზეც საკუთარი ცხოვრება
უნდა ააგო. რაკი აშკარად გულწრფელი იყო, ყურადღებით

106
ვუსმენდი. რაც შეეხება იმას, რასაც თვითონ ბრმა რწმენას
უწოდებდა, ავუხსენი, რომ თავად ბუდა აუცილებლობად
მიიჩნევდა, რომ გულდასმით გამოეკვლია საგანი, სანამ მას
ჭეშმარიტებად ან სიცრუედ შერაცხავდა. ვუთხარი ასევე, რომ
ღრმად მწამდა, თუ რაოდენ საჭიროა რელიგია ხალხისთვის,
განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის. საუბრის დასასრულს
ვიგრძენი, რომ ერთმანეთს დიდი პატივისცემით
ვეკიდებოდით. განსხვავებული შეხედულებები ჩვენი პირადი
საქმე იყო და კონფლიქტის საფუძველს არ გვიქმნიდა.
საბოლოო ჯამში, ორივენი ტიბეტელები ვიყავით, რომლებსაც
ძალიან გვანაღვლებდა ჩვენი ქვეყნის მომავალი.
პეკინში ჩასვლიდან ორიოდე დღე იყო გასული, რომ ტიბეტის
დელეგაციის ყველა წევრი ბანკეტზე მიგვიწვიეს. ბანკეტი
საღამოს უნდა გამართულიყო, დღისით კი, ჩინელების
მოთხოვნით, გენერალური რეპეტიცია გავიარეთ. როგორც
გაირკვა, ჩვენი მასპინძლები ეტიკეტს ძალიან პედანტურად
იცავდნენ (მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს სახალხო
რესპუბლიკის ყველა მოღვაწეს ახასიათებდა). ჩინეთსა და
ტიბეტს შორის კონტაქტის დამყარებაზე პასუხისმგებელი
პირები საშინლად ღელავდნენ. მათ თავზარს სცემდა იმის
გაფიქრებაც კი, რომ შეიძლებოდა, ჩვენ ყველაფერი
გაგვეფუჭებინა და თავად ისინი სულელურ მდგომარეობაში
ჩაგვეყენებინა. ამიტომ უმკაცრესი, დეტალური
ინსტრუქციებით მოგვამარაგეს იმის შესახებ, თუ რა და როგორ
გაგვეკეთებინა, რამდენი ნაბიჯი გადაგვედგა, რამდენჯერ
მოვბრუნებულიყავით მარცხნივ თუ მარჯვნივ. ყველაფერი ეს
სამხედრო აღლუმისთვის მზადებას ჰგავდა. არსებობდა
ზუსტი წესები, თუ რა თანმიმდევრობით უნდა
გამოვსულიყავით. მე პირველი მივდიოდი, პანჩენ ლამასთან
ერთად, შემდეგ - ჩემი ორი მასწავლებელი, კალონები (კაშაგის
ოთხი წევრი) უფროს-უმცროსობის მიხედვით; მათ კი
მოჰყვებოდნენ დანარჩენები, დაწყობილნი რანგის
შესაბამისად. ყოველ ჩვენგანს ხელში ჩვენ-ჩვენი
მდგომარეობის შესატყვისი საჩუქარი უნდა გვჭეროდა. მთელი
ეს პროცედურა თვით ჩვენც კი, ტიბეტელებს, ძალიან რთული
მოგვეჩვენა. ტიბეტის არისტოკრატია ხომ განთქმულია
ეტიკეტისადმი სიყვარულით. მაგრამ მასპინძლების შფოთვა
ჩვენც გადმოგვედო და მალე ყველანი შიშით ვთრთოდით,
გარდა ლინგ რინპოჩესი, რომელიც ვერ იტანდა ფორმალობებს

107
და ასეთ ცერემონიებში არასოდეს მონაწილეობდა.
როგორც მახსოვს, მეორე დღეს შედგა პირველი შეხვედრა
თავმჯდომარე მაოსთან. ეს რაღაც ბანკეტისმაგვარი იყო, მაგრამ
თითოეული ჩვენგანი დარბაზში ჩვენი რანგის შესაბამისი
თანმიმდევრობით შევედით. პირველი, რაც დავინახე, ეს იყო
ფოტოგრაფების არმიის ზემოთ აღმართული ფოტოაპარატების
მბრწყინავი ნათურები. მათ ქვეშ იდგა თვით მაო, რომელსაც
მშვიდი და ძალდაუტანებელი იერი ჰქონდა. დიდად
ინტელიგენტური ადამიანის შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.
თუმცა, როცა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ვიგრძენი, რომ
მისგან რაღაც მაგნიტური ძალა მოდიოდა. მიუხედავად
ოფიციალური გარემოსი, მეგობრულად განწყობილი და
უშუალო გეგონებოდა. ისიც კი ვიფიქრე, ჩემი ცუდი
წინათგრძნობა საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა-მეთქი.
საერთო ჯამში, მაოს დაახლოებით თორმეტჯერ შევხვდი,
ძირითადად, ხალხმრავალ შეკრებებზე; მაგრამ ასევე მქონდა
რამდენიმე შეხვედრა პირისპირ, თუ არ ჩავთვლით პუნცოგ
ვანგიელს. ნებისმიერ გარემოში, ბანკეტზე თუ კონფერენციაზე,
ის ყოველთვის მოითხოვდა, მის გვერდით ვმჯდარიყავი.
ერთხელ საჭმელი თავისი ხელითაც კი გადმომიღო. ეს, ცოტა არ
იყოს, არ მესიამოვნა, რადგან გაგონილი მქონდა, რომ
ტუბერკულოზი სჭირდა.
მაო, ჩემი შეხედულებით, მკვეთრად გამოხატული
ინდივიდუალური თვისებებით გამოირჩეოდა. უჩვეულო
გარეგნობა ჰქონდა: სახეზე მუქი ფერი დაჰკრავდა, მაგრამ
ამავე დროს კანი ისე უპრიალებდა, გეგონებოდა, რაიმე
შესაზელ საცხს იყენებსო. ძალიან ლამაზ ხელებს,
სრულყოფილი ფორმის, დახვეწილ თითებს ისეთივე პრიალი
და ბზინვა გაუდიოდა, როგორიც სახეს.
შევამჩნიე, სუნთქვა უჭირდა და ქოშინებდა. ეს, რა თქმა უნდა,
გავლენას ახდენდა მის მეტყველებაზე, რომელიც ყოველთვის
ნელი და ლაკონიური იყო. მოკლე-მოკლე წინადადებებიც,
ეტყობა, ამავე მიზეზით უყვარდა. მოძრაობაც, მანერებიც
შენელებული ჰქონდა. როცა ის თავს მარცხნიდან მარჯვნივ
აბრუნებდა, ამას რამდენიმე წამს უნდებოდა, რაც მას
ღირსეულ და თავდაჯერებულ იერს აძლევდა.
ძალიან გაცვეთილი ტანსაცმელი მის უზადო მანერებთან

108
კონტრასტს ქმნიდა. პერანგების მანჟეტები ყოველთვის
გაქუცული ჰქონდა. კიტელები, რომლებსაც ის ატარებდა,
საკმაოდ გაცრეცილად გამოიყურებოდა. ზუსტად ასეთი
კიტელები ეცვათ სხვებსაც, მაგრამ მაოსი ფერით ოდნავ
განსხვავდებოდა (ის ღია ყავისფერი იყო). თვალში გეცემოდათ
ჩაცმულობის ერთადერთი მოწესრიგებული დეტალი - კარგად
გაწმენდილ-გაპრიალებული ბათინკები. მას არაფერში
სჭირდებოდა ძვირფასი ტანსაცმელი. ტანსაცმლის მიმართ
დაუდევარი დამოკიდებულების მიუხედავად, მისი საერთო
იერი ძალისა და პირდაპირობის განცდას ტოვებდა,
პატივისცემას გინერგავდა. ასევე ვგრძნობდი, რომ ის
უკიდურესად გულწრფელი იყო, თანაც ძალიან გაბედული.
ჩინეთში ყოფნის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში
ჩვენი, ტიბეტელების საუბრის ძირითადი თემა, ბუნებრივია,
იყო შემდეგი საკითხი - როგორ შეგვეხამებინა ჩვენი
მოთხოვნილებები ჩინელების სურვილებთან. მე თვითონ
ვმოქმედებდი, როგორც შუამავალი კაშაგსა და კომუნისტურ
ხელმძღვანელობას შორის. შედგა რამდენიმე წინასწარი
შეხვედრა, რომლებმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ამ დისკუსიებს
მაოსთან ჩემმა პირველმა პირადმა შეხვედრამ იმპულსი
შემატა. შეხვედრისას მან თქვა, რომ მივიდა დასკვნამდე - ჯერ
ძალიან ადრე იყო, „ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების“ ყველა
სტატია შეგვესრულებინა. ის მიიჩნევდა, რომ მათგან ერთ-
ერთი მაინც ისეთი იყო, რომლის საერთოდ გამოტოვებაც კი
მოცემული ეტაპისთვის საქმეს სრულიადაც არ დააზარალებდა.
ეს იყო სტატია, რომელიც ეხებოდა ტიბეტში კომისიის შექმნას
შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული საკითხების
განხილვის მიზნით. ამ პუნქტის თანახმად, ქვეყანა,
ფაქტობრივად, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ
არმიას უნდა ემართა. „უმჯობესი იქნებოდა,
ჩამოგვეყალიბებინა „ტიბეტის ავტონომიური რაიონის
მოსამზადებელი კომიტეტი“, - თქვა მან. იგი
პასუხისმგებლობას აიღებდა, ეზრუნა იმაზე, რომ რეფორმების
გატარებისას თავად ტიბეტელი ხალხის სურვილებით
ეხელმძღვანელათ. მაო დაჟინებით იმეორებდა, რომ
„შეთანხმების“ ძალაში შესვლის ვადები, ჩვენი საჭიროებების
კვალობაზე, ჩვენ თვითონ უნდა დაგვედგინა. როცა ეს ამბები
კაშაგის წევრებს ვაცნობე, მათ შვებით ამოისუნთქეს. ისეთი
შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ახლა, როცა კონტაქტი

109
დავამყარეთ ქვეყნის პირველ პირთან, შეგვეძლო, ჩინეთის
მხრიდან რეალური კომპრომისისთვის მიგვეღწია.
ამის შემდეგ, როცა მაო პირადად შემხვდა, მითხრა, რომ
მოხარული იყო პეკინში ჩემი ჩასვლის გამო. ის აგრძელებდა
იმის მტკიცებას, რომ ჩინელების ტიბეტში ყოფნის ერთადერთი
მიზანი ჩვენი დახმარება იყო. „ტიბეტი - ეს დიადი ქვეყანაა, -
თქვა მან, - თქვენ საოცარი ისტორია გაქვთ. მრავალი წლის
წინათ თქვენ ჩინეთის უდიდესი ნაწილიც კი დაიპყარით.
მაგრამ ახლა ჩამორჩით და ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ. ოცი
წლის შემდეგ გაგვისწრებთ და მაშინ თქვენი ჯერი იქნება,
ჩინეთს დახმარება გაუწიოთ“. საკუთარ ყურებს არ
ვუჯერებდი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ იგი ეფექტის
მოსახდენად კი არ ლაპარაკობდა, არამედ ღრმა რწმენით.
როცა იმ პერსპექტივებს ვუყურებდი, რომლებიც ჩვენ წინაშე
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან შეერთების შემდეგ
გადაიშლებოდა, ენთუზიაზმი მემატებოდა. რაც უფრო მეტად
ვეცნობოდი მარქსიზმს, მით უფრო მომწონდა. კარგად
ვაცნობიერებდი სისტემას, რომელიც საყოველთაო
თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნებოდა და,
როგორც ნამდვილი პანაცეა, ხალხს ყოველგვარი გაჭირვებისა
და უბედურებისაგან იხსნიდა. თეორიული თვალსაზრისით,
რამდენადაც ვატყობდი, მისი ერთადერთი ნაკლი ადამიანის
არსებობის შესახებ წმინდა მატერიალისტური პოზიცია იყო.
ამას ვერ დავეთანხმებოდი. არც ის მეთოდები მომწონდა,
რომლებსაც ჩინელები თავიანთი იდეალების მისაღწევად
იყენებდნენ. მათი სისასტიკე ჩემში უკურეაქციას იწვევდა.
მიუხედავად ამისა, გამოვთქვი სურვილი, პარტიის წევრი
გავმხდარიყავი. დარწმუნებული ვიყავი (და ეს აზრი დღემდე
არ შემიცვლია), რომ შესაძლებელი იყო, შემუშავებულიყო
ბუდიზმისა და წმინდა მარქსიზმის სინთეზი, რომელიც
პოლიტიკური საქმიანობის წარმართვის ეფექტიანი საშუალება
იქნებოდა.
პეკინში ყოფნისას დავიწყე ჩინური ენის შესწავლა და, ჩემი
დაცვის ჩინელი ოფიცრის (ეს ადამიანი, კორეის ომის ვეტერანი,
აღფრთოვანებას იმსახურებდა) რჩევით, ვასრულებდი
ფიზიკურ ვარჯიშებს. ეს კაცი ყოველ დილით მოდიოდა და
ინსტრუქციებს მაძლევდა. თუმცა იგი მიჩვეული არ იყო ადრე
ადგომას და ვერაფრით ხვდებოდა, რატომ ვდგებოდი

110
სალოცავად დილის ხუთ საათზე. ხშირად გამომეცხადებოდა
ხოლმე თმააჩეჩილი და პირდაუბანელი. რაც შეეხება მის
სისტემას, მან ნამდვილად გამოიღო შედეგი. ჩემმა მკერდმა,
რომელიც ადრე საკმაოდ ძვლოვანი და ბრტყელი იყო,
შესამჩნევად დაიწყო გასწორება.
პეკინში სულ ათი კვირა გავატარე. დროის უმეტესი ნაწილი
პოლიტიკურ შეკრებებსა და კონფერენციებს მიჰქონდა, რომ
არაფერი ვთქვათ უამრავ ბანკეტზე. საჭმელი ამ გიგანტურ
ტრაპეზებზე, ზოგადად, ძალიან კარგი იყო, თუმცა დღემდე
შევკრთები ხოლმე, როცა ძველისძველი კვერცხები მახსენდება,
რომლებიც საუცხოო დელიკატესად ითვლება. მათი აუტანელი
სუნი ისე გაგიჯდებოდა ყნოსვის რეცეპტორებში, სადილის
ბოლოსაც კი ვერაფრით მიხვდებოდი, გემოს გრძნობდი პირში,
თუ ეს, უბრალოდ, სუნი იყო. იგი გრძნობის ყველა ორგანოს
მოიცავდა. დავაკვირდი, ასეთი ეფექტი აქვს ზოგიერთ
ევროპულ ყველს. ჩვენს მასპინძლებს ეს ბანკეტები
მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნდათ; ეტყობა, იზიარებდნენ აზრს,
რომ ნამდვილ მეგობრობას მხოლოდ სუფრასთან ეყრება
საფუძველი. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არაა.
ამ ხანებში კომუნისტური პარტიის პირველი ყრილობა
ჩატარდა და მე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი
კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად დამნიშნეს. ეს სიმბოლური
თანამდებობა იყო, გარკვეულწილად - პრესტიჟულიც, თუმცა
არავითარ რეალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას არ
გულისხმობდა. მუდმივი კომიტეტი განიხილავდა
პოლიტიკურ საკითხებს, სანამ მათ პოლიტბიუროს
წარუდგენდნენ, რომელსაც რეალური ძალაუფლება ჰქონდა.
მუდმივი კომიტეტის პოლიტიკური შეკრებები და
კონფერენციები გაცილებით სასარგებლო იყო, ვიდრე
ბანკეტები, თუმცა ისინი უსასრულოდ გრძელდებოდა.
ზოგჯერ ორატორი შეუსვენებლად ლაპარაკობდა ხუთ, ექვს,
შვიდ საათსაც კი, რაც მსმენელებს უკიდურესად ქანცავდა.
დროდადრო ცხელ წყალს ვსვამდი და გამოსვლის
დამთავრებას ველოდებოდი. სულ სხვა იყო მიტინგები,
რომლებზედაც მაო სიტყვით გამოდიოდა. მას შეეძლო
აუდიტორიის მოხიბვლა. ყველაზე უკეთ გამოსდიოდა, როცა
თავისი სიტყვის დასასრულს აუდიტორიას საკუთარი აზრის
გამოთქმას შესთავაზებდა. ის ყოველთვის ცდილობდა, ამა თუ

111
იმ საკითხზე ხალხის ყველაზე ღრმად დაფარული გრძნობების
შესახებ სცოდნოდა და მზად იყო, ნებისმიერი მოსაზრება
მოესმინა. ის ხანდახან იქამდეც მიდიოდა, რომ საკუთარ თავს
აკრიტიკებდა; ერთხელ კი, როცა ისეთ ეფექტს ვერ მიაღწია,
როგორიც უნდოდა, ხმამაღლა წაიკითხა თავისი მშობლიური
სოფლიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც გამოთქმული
იყო უკმაყოფილება ადგილობრივ პარტიულ ხელისუფალთა
ქცევის გამო. ყოველივე ეს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას
ახდენდა, მაგრამ თანდათანობით უკვე ვხვდებოდი, თუ
რაოდენ არაგულწრფელი იყო ეს შეკრებები. ხალხს ეშინოდა
საკუთარი აზრის გამოთქმისა, განსაკუთრებით, უპარტიოებს,
რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ, პარტიის წევრებისათვის
ეამებინათ და მათ მიმართ თავიანთი პატივისცემა
დაედასტურებინათ.
ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ პოლიტიკური ცხოვრება
ჩინეთში წინააღმდეგობებით იყო სავსე, თუმცა ამის მიზეზს
ზუსტად ვერ ვხვდებოდი. ყოველთვის, როცა მაოს
ვნახულობდი, ხელახლა მეუფლებოდა აღფრთოვანების
გრძნობა. მახსოვს, ერთხელ ის გაუფრთხილებლად მესტუმრა;
უნდოდა, რომელიღაც საკითხზე არაოფიციალურად ესაუბრა
(არ მახსოვს, რაზე). გავოცდი, როცა მან ბუდას მიმართ
კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გამოავლინა; აქებდა
ბუდას, რადგან ის „კასტების, კორუფციისა და ექსპლუატაციის
წინააღმდეგი იყო“. მაომ ასევე ახსენა ქალღმერთი ტარუ, ქალი-
ბუდა, რომელიც ხალხში პოპულარობით სარგებლობდა.
ჩინეთის ლიდერი უცებ პრორელიგიური აღმოჩნდა.
მეორედ „დიდი მესაჭის“ (როგორც მას უწოდებდნენ) პირისპირ
ვიჯექი გრძელ მაგიდასთან, რომლის ორივე ბოლოში თითო
გენერალი იჯდა. მან ამ გენერლებზე მიმითითა და მითხრა,
რომ მათ ტიბეტში გზავნიდა. მერე ჯიქურ შემომხედა და
წარმოთქვა: „ამ ადამიანებს ვუშვებ თქვენთან, რომ
გემსახურონ. თუ ისინი არ დაგემორჩილებიან, უნდა მაცნობოთ
და მე მათ ჩინეთში დავაბრუნებ“. მიუხედავად ასეთი
მომენტებისა, რომლებიც ჩემზე მათთვის ხელსაყრელ
ზეგავლენას ახდენდა, საკუთარი თვალით ვხედავდი იმ
პარანოიას, რომლითაც პარტიული მუშაკები თავიანთ
ყოველდღიურ საქმიანობას ეკიდებოდნენ. ისინი გამუდმებით
შიშის ქვეშ იმყოფებოდნენ. თუ მათ სიცოცხლეს არ
ემუქრებოდა საფრთხე, ადგილის დაკარგვის მაინც ეშინოდათ.

112
მაოს გარდა, საკმაოდ ხშირად ვხვდებოდი ჩჟოუ ენ-ლაისა და
ლიუ შაო-ცის. ეს უკანასკნელი ძალიან მკაცრი, სიტყვაძვირი
კაცი იყო და არასოდეს იღიმებოდა. ერთხელ ლიუ შაო-ცისა და
უ ნუს, ბირმის პრემიერ-მინისტრის შეხვედრას ვესწრებოდი,
რომლის თითოეულ მონაწილეს წინასწარ დაგვევალა,
კონკრეტული საკითხები გაგვეშუქებინა. მე რელიგიის თემა
მერგო: თუ ბირმის ლიდერი რელიგიის შესახებ წამოიწყებდა
საუბარს, მე უნდა მეპასუხა. ნაკლებად სარწმუნო იყო, უ ნუ
ამით დაინტერესებულიყო. მართლაც ასე მოხდა. რელიგიის
ნაცვლად, მან ლიუ შაო-ცის ჰკითხა, თუ რატომ დაუჭირა მხარი
ჩინეთმა კომუნისტური ამბოხების მონაწილეებს ბირმაში.
როცა პრემიერი ამ თემაზე ლაპარაკობდა და აღნიშნა, რომ
პარტიზანები საფრთხეს უქმნიდნენ მის მთავრობას, ლიუ შაო-
ცი, უბრალოდ, გვერდზე იყურებოდა. მან არ მოისურვა,
საუბარში ჩართულიყო და უ ნუს შეკითხვაც უპასუხოდ დარჩა.
შოკირებული ვიყავი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი, რომ
ლიუ ტყუილს მაინც არ ამბობდა, ეშმაკობას არ ცდილობდა.
ჩჟოუ ენ-ლაი ამ სიტუაციიდან უეჭველად მარჯვედ
დაიძვრენდა თავს. ის სულ სხვა ტიპის კაცი იყო. იქ, სადაც ლიუ
სიმშვიდესა და სერიოზულობას ინარჩუნებდა, ჩჟოუ
მომხიბვლელობისა და მახვილსიტყვაობის განსახიერებას
წარმოადგენდა. ის მართლაც გადაჭარბებულ თავაზიანობას
იჩენდა. ეს თვისება კი ყოველთვის, როგორც წესი, იმ
ადამიანებს ახასიათებს, რომელთა ნდობაც არ შეიძლება. მას
მახვილი და დაკვირვებული თვალი ჰქონდა. ერთხელ ერთ
ბანკეტზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ის მაგიდასთან
მიაცილებდა საპატიო სტუმარს, რომელსაც პატარა საფეხურზე
ფეხი დაუცდა. ჩჟოუ ცალ ხელს ვერ ამოძრავებდა, მაგრამ მან
უცებ გაუწოდა თანამგზავრს ჯანსაღი ხელი, ისე, რომ
ლაპარაკიც არ შეუწყვეტია. მახვილი და გესლიანი ენა ჰქონდა.
უ ნუს წასვლის შემდეგ ჩატარებულ კრებაზე, რომელსაც
ათასზე მეტი ოფიციალური პირი ესწრებოდა, მან აგდებულად
მოიხსენია ბირმის პრემიერ-მინისტრი და ამის გამო
უხერხულობა არც უგრძნია. ჩემთვის ეს ძალიან უცნაური
საქციელი იყო, რადგან ვხედავდი, რომ პირისპირ შეხვედრისას
ამ კაცს უაღრესად ზრდილობიანად და პატივისცემით ექცეოდა.
პეკინში ყოფნისას მთხოვეს, ბუდისტების ჯგუფს
შევხვედროდი და ამ რელიგიის შესახებ მესაუბრა. ამჯერად
ჩემი თარჯიმანი ჩინელი ბერი იყო, რომელიც თურმე ტიბეტში

113
სწავლობდა და განათლება ტიბეტელ ლამასთან მიეღო (ადრე
ბევრი ჩინელი ბერი თავს ვალდებულად თვლიდა, ტიბეტში
მიეღო ცოდნა, განსაკუთრებით - დიალექტიკის სფეროში). ამ
ადამიანმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა; გამაოცა
იმით, რომ ერთსა და იმავე დროს ღრმად მორწმუნე ადამიანიც
იყო და ნამდვილი პრაქტიკოსიც.
ზოგიერთი კომუნისტი, რომლებთანაც შეხვედრა მიწევდა,
უაღრესად სასიამოვნო ადამიანი იყო. ისინი მზად იყვნენ,
თავდადებით ემსახურათ ხალხისთვის. მათთან ურთიერთობა
პირადად ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან
ბევრი რამ გავიგე. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ნაციონალურ
უმცირესობათა სამინისტროს მაღალჩინოსანი ლიუ კა-პინი,
რომელიც საგანგებოდ დამინიშნეს, რომ ჩემთვის მარქსიზმისა
და ჩინეთის რევოლუციის შესახებ გაკვეთილები ჩაეტარებინა.
ის მუსულმანი აღმოჩნდა. სულ ვეკითხებოდი, ეჭამა თუ არა
ოდესმე ღორის ხორცი. მახსოვს, ერთი თითი აკლდა. ლიუ კა-
პინი შესანიშნავი ადამიანი გახლდათ და ძალიან
დავუმეგობრდი. მისი ცოლი, რომელიც იმდენად უმცროსი იყო
ქმარზე, რომ ლამის შვილად ერგებოდა, დედაჩემს და ჩემს დას
ძალიან დაუახლოვდა. როცა ჩინეთიდან გასამგზავრებლად
ვემზადებოდი, ლიუ კა-პინი ბავშვივით ტიროდა.
პეკინში ოქტომბრის დღესასწაულების დამთავრებამდე
დავრჩი. იმ წელს სახალხო რესპუბლიკის შექმნის ხუთი
წლისთავი აღინიშნებოდა და დედაქალაქში საპატიო უცხოელ
სტუმრებს ელოდნენ. მათ შორის იყვნენ ხრუშჩოვი და
ბულგანინი, რომლებთანაც მეც წარმადგინეს. მაგრამ არც ერთ
ადამიანს არ მოუხდენია ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება,
როგორიც პანდიტ ნერუს, რომელმაც პეკინი ჩემს იქ ყოფნაში
მოინახულა.[11] როგორც საპატიო სტუმარი, ის ესწრებოდა
ჩჟოუ ენ-ლაის მიერ მოწყობილ ბანკეტს. წესისამებრ, სხვა
სტუმრები რიგრიგობით მიდიოდნენ ნერუსთან და საკუთარ
თავს წარუდგენდნენ. შორიდან ის ძალიან გულითადი
ადამიანი ჩანდა და სულაც არ უჭირდა, თითოეულ მიმსვლელს
ორიოდე სიტყვით გამოლაპარაკებოდა, თუმცა ჩემი რიგი რომ
მოვიდა და ხელი ჩამოვართვი, თითქოს გაშეშდა. მისი მზერა
სივრცეში რაღაცას მიეყინა. სიტყვაც არ დაუძრავს. თავი
უხერხულად ვიგრძენი და დუმილი დავარღვიე; ვუთხარი, რომ
უაღრესად მოხარული ვიყავი მასთან შეხვედრის გამო; რომ
ტიბეტი ძალიან შორეული ქვეყანაა, მაგრამ მასზე ბევრი

114
გვსმენოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ის ამეტყველდა, მაგრამ
მაშინალურად. ეს უცნაური შეხვედრა იყო. იმედგაცრუებული
დავრჩი, რადგან ძალიან მინდოდა, ამ ადამიანს
გავსაუბრებოდი და მეკითხა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა
მის ქვეყანას ტიბეტთან.
მოგვიანებით ინდოეთის ელჩს მაინც ვესაუბრე (მისივე
თხოვნით), მაგრამ ისიც ასევე წარუმატებლად დამთავრდა. მე
მყავდა თარჯიმანი, რომელიც შესანიშნავად ლაპარაკობდა
ინგლისურად, მაგრამ ჩინელები დაჟინებით მოითხოვდნენ,
რომ მის ნაცვლად მათ თარჯიმანს ეთარგმნა. ეს ნიშნავდა, რომ
ინდოელი ელჩის სიტყვები ჯერ ჩინურ ენაზე თარგმნილიყო,
მერე კი - ტიბეტურზე. ამან დიდი უხერხულობა გამოიწვია.
ჩინელების იქ ყოფნის გამო ვერ შევძელი, წამომეჭრა ის
საკითხები, რომელთა განხილვაც მაინტერესებდა. ამ
შეხვედრაზე ერთი თავშესაქცევი ამბავი მოხდა - მსახური ჩაის
გვისხამდა და შემთხვევით ეგზოტიკური ხილით სავსე ვაზა
გადააყირავა. ჩემმა ერთობ პირქუშმა თარჯიმანმა და მისმა
თანაშემწემ (არც ერთი თანამდებობის პირი არ ცხადდებოდა
ოფიციალურ შეხვედრებზე მეწყვილის გარეშე) იატაკზე აქეთ-
იქით გაგორებული უამრავი გარგარი, ატამი და ქლიავი რომ
დაინახეს (რომლებიც ალბათ ძალიან ძვირი ღირდა), ნოხზე
ფორთხვა და მათი შეგროვება დაიწყეს. ყველანაირად
ვცდილობდი, არ გამცინებოდა.
რუს ელჩთან კონტაქტის დამყარება უკეთ მოვახერხე.
ბანკეტზე მის გვერდით ვიჯექი. იმხანად რუსეთი და ჩინეთი
ერთგული მეგობრები იყვნენ. ასე რომ, ჩინელების ჩარევის
საფრთხე არ არსებობდა. სოციალიზმის შესახებ ჩემი
შთაბეჭდილებებით ელჩი ძალიან დაინტერესდა და ჩემდამი
კეთილგანწყობა გამოხატა. როცა აღვნიშნე, რომ სოციალიზმში
ბევრ შესაძლებლობას ვხედავდი, მან მითხრა, რომ
აუცილებლად უნდა ვსტუმრებოდი საბჭოთა კავშირს. ეს
მშვენიერი აზრი იყო. მაშინვე გამიჩნდა ძლიერი სურვილი, ამ
ადამიანის სამშობლოში გავმგზავრებულიყავი - უკეთესი
იქნებოდა, თუ დელეგაციის რიგითი წევრის სტატუსით. ამ
სავარაუდო დელეგაციასთან ერთად შევძლებდი, ყველაფერი
მომენახულებინა. ამ შემთხვევაში რაიმე სახის ვალდებულება
არ მექნებოდა, ჩემს საქმეს წყნარად გავაკეთებდი და ირგვლივ
ყველაფერს დავათვალიერებდი. სამწუხაროდ, მაშინ იდეა
იდეად დარჩა. მხოლოდ ოციოდე წლის შემდეგ შევძელი

115
ჩანაფიქრის ხორცშესხმა და სსრკ მოვინახულე. მე მგონი,
საჭირო არაა აღნიშვნა, რომ იქ რაც ვნახე, ძალიან
განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მე წარმოსახვაში
გულუბრყვილოდ ვხატავდი.
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უხალისოდ
მრთავდნენ ნებას, უცხოელებს შევხვედროდი. ვფიქრობ, მათ
გარკვეულ დაბრკოლებას ვუქმნიდი. ჩინეთის ტიბეტში
შემოჭრის დროისთვის მსოფლიოს ქვეყნები სულ უფრო მეტად
გმობდნენ კომუნიზმს. ეს ჩინეთის მთავრობის
წარმომადგენელთა შეშფოთებას იწვევდა და ისინი ყველაფერს
აკეთებდნენ, რომ თავიანთი იმიჯი გაეუმჯობესებინათ;
ეჩვენებინათ, რომ ტიბეტის ოკუპაცია გამართლებული იყო
როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ისე იმ პრინციპითაც,
რომ დიდი ერი მასზე უფრო სუსტს უნდა დაეხმაროს. მაგრამ
ძალიან კარგად ვამჩნევდი, რომ ჩვენი მასპინძლები უცხოელი
სტუმრების თანდასწრებით სულ სხვანაირად იქცეოდნენ.
ჩვეულებრივ, საუბრისას, უცხოელებს დამამცირებლად
მოიხსენიებდნენ, მათთან ერთად ყოფნისას კი თვინიერები და
თავმდაბლები ხდებოდნენ.
ჩემთან შეხვედრის სურვილს პეკინში ჩამოსული ბევრი
სტუმარი გამოხატავდა, მაგალითად, უნგრელ მოცეკვავეთა
ჯგუფი, რომლის ყველა წევრს უნდოდა, მიეღო ავტოგრაფი
ჩემგან (იგი ყველა მათგანმა მიიღო). გარდა ამისა, ჩინეთის
დედაქალაქში რამდენიმე ათასი მონღოლი ჩამოვიდა იმ
იმედით, რომ მე და პანჩენ ლამას გვნახავდნენ. ეს არ
მოეწონათ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს,
შეიძლება იმიტომ, რომ მათ ტიბეტელებისა და მონღოლების
ერთად დანახვა არ სიამოვნებდათ, რადგან ეს მათ ახსენებდა
წარსულს, როცა საქმე სულ სხვანაირად იყო. VIII საუკუნეში
ჩინეთისგან ხარკს არა მარტო ტიბეტელები იღებდნენ, 1279
წლიდან 1368 წლამდე, ხუბილაი-ხანის, მონღოლი სარდლის
წარმატებული ლაშქრობის შემდეგ, ჩინეთს, ფაქტობრივად,
მონღოლები მართავდნენ.
ამ ხანებს მიეკუთვნება საინტერესო ისტორიული ფაქტი.
ხუბილაი-ხანი ბუდისტი გახდა. მას ტიბეტელი გურუ ჰყავდა,
რომელმაც დაარწმუნა მონღოლი ბელადი, შეეწყვიტა ჩინელი
მოსახლეობის ზრდის „გაკონტროლება“, რაც იმაში
მდგომარეობდა, რომ ზღვაში ყრიდნენ ათასობით ჩინელს. ამ

116
გზით ტიბეტელმა ლამამ უამრავი ჩინელის სიცოცხლე იხსნა.
1954 წლის ზამთარში დაიწყო ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობა
მთელი ჩინეთის მასშტაბით, რათა ინდუსტრიული და
მატერიალური პროგრესის სასწაულები მენახა. სხვებთან
ერთად თან მახლდნენ დედაჩემი და ტენზინ ჩოიგიელი, ჩემი
ყველაზე უმცროსი ძმა. მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ
ჩემი დელეგაციის ბევრ წევრს სრულებით არ აინტერესებდა,
რის ნახვასაც სთავაზობდნენ. ისინი ყოველთვის შვებით
ამოისუნთქავდნენ ხოლმე, როცა ცხადდებოდა, რომ ამა და ამ
დღეს „ღირსშესანიშნაობების დათვალიერება“ არ შედგებოდა.
ჩინეთში ყოფნა ყველაზე მეტად დედაჩემს არ მოსწონდა.
თანაც ამ ხანებში გაცივდა, მწვავე გრიპი დაემართა და სევდა-
ნაღველი კიდევ უფრო მოეძალა. ბედად, ჩვენთან ერთად
იმყოფებოდა ჩემი პირადი ექიმი, რომელსაც ბავშვობაში
„მსუქან ექიმად“ მოვიხსენიებდი. მან კარგად იცოდა თავისი
საქმე და დედაჩემთანაც მეგობრობდა. ექიმმა დედას
გამოუწერა წამალი, მაგრამ, საუბედუროდ, მან არასწორად
გაიგო ექიმის მითითებები და ორ ჯერზე დასალევი დოზა
ერთად მიიღო. ამან ორგანიზმში ძლიერი რეაქცია გამოიწვია,
რისგანაც ის ცუდად გახდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ისე
სუსტად იყო, ძალიან შევშფოთდი. მაგრამ ერთ კვირაში დედას
აშკარად დაეტყო გამომჯობინება. ამ ამბის შემდეგ მან
ოცდახუთ წელზე მეტ ხანს იცოცხლა. ლინგ რინპოჩესაც მძიმე
ავადმყოფობა შეეყარა, მაგრამ მისი გამოჯანმრთელების
პროცესი ნელა მიმდინარეობდა. მან ძალები საკმაოდ გვიან,
უკვე დევნილობაში ყოფნისას აღიდგინა.
ტენზინ ჩოიგიელი (ის ჩემზე თორმეტი წლით უმცროსი იყო)
ყველას აღფრთოვანებას იწვევდა, მათ შორის ჩინელებისაც,
რომლებსაც ის ძალიან უყვარდათ; მაგრამ ხანდახან ისე
იქცეოდა, უფროსებმა სირცხვილისაგან აღარ იცოდნენ, სად
წასულიყვნენ. ჩემი ძმა ძალიან საზრიანი ბავშვი იყო და სულ
რაღაც რამდენიმე თვეში ისწავლა ჩინური ენის მანდარინულ
დიალექტზე ლაპარაკი, რაც, ერთი მხრივ, ძალიან კარგი იყო,
მეორე მხრივ კი - პირიქით. მას მოსწონდა, როცა დიდების
საქმეებს აურ-დაურევდა ხოლმე. როცა დედაჩემი ან სხვა ვინმე
ჩვენიანი რომელიმე სტუმრის შესახებ რაიმე უარყოფითს
იტყოდა, ჩემი ძამიკო არც კი დაფიქრდებოდა, ისე მიუტანდა
ამბავს იმ კაცს. უკიდურესად დაძაბული უნდა
ვყოფილიყავით, მისი თანდასწრებით რამე არ წამოგვცდენოდა.

117
თუმცა ტენზინ ჩოიგიელი ყოველთვის გრძნობდა, როცა ვინმე
ქარაგმებით ლაპარაკობდა და მავანის პირდაპირ დასახელებას
თავს არიდებდა; მაგრამ ის ისეთი საყვარელი ბავშვი იყო,
მხოლოდ ერთი ადამიანი ახერხებდა, მასთან სიმკაცრე
გამოეჩინა - ეს გახლდათ ტრიჯანგ რინპოჩე, ჩემი უმცროსი
მასწავლებელი; ისიც იმიტომ, რომ ტენზინ ჩოიგიელს ავეჯზე
ხტუნვა უყვარდა, რინპოჩე კი იმის გამო წუხდა, რომ
ჩინელებისათვის მოუწევდა ახსნა, თუ რატომ ტყდებოდა
სკამი, საწოლი თუ სავარძელი. ლინგ რინპოჩე, პირიქით, ჩემი
პატარა ძმის აზარტული პარტნიორი იყო თამაშის დროს. მე
თვითონ ხშირად არ მიწევდა ტენზინ ჩოიგიელთან ყოფნა,
მაგრამ ამას წინათ მან ერთი შემთხვევა გამახსენა: თურმე იმ
დროს დავადექი თავზე, როცა მას დეკორატიული ტბიდან
ყველა ჭანარი ამოეყვანა და ფაქიზად სვამდა ბალახზე. ამის
გამო ჩემგან კარგი ალიყურიც მიუღია.
ბევრი ტიბეტელი ჩინოვნიკი სულაც არ იზიარებდა ჩემს
ინტერესს ჩინეთის მატერიალური განვითარების მიმართ,
მაგრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ
წარმატებებმა, რომლებსაც კომუნისტებმა მძიმე ინდუსტრიის
სფეროში მოიპოვეს. ძალიან მინდოდა, ჩემს ქვეყანასაც მიეღწია
ასეთი პროგრესისთვის. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო
ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მანჯურიაში გვიჩვენეს.
დიდი წარმოსახვის უნარი არ სჭირდებოდა იმის გაგებას, თუ
რა უსაზღვრო შესაძლებლობები არსებობდა ამ ტიპის
წარმოებისათვის ტიბეტში. არასოდეს დამავიწყდება
ჰიდროელექტროსადგურის თანამშრომლის სახე (ეს კაცი
ნაგებობას გვათვალიერებინებდა), როცა მას ელექტროენერგიის
შესახებ რამდენიმე სპეციფიკური ხასიათის შეკითხვა
დავუსვი. ლჰასაში ძველი დიზელის გენერატორთან
ურთიერთობის წყალობით საკმაო წარმოდგენა მქონდა ამ
სფეროს ძირითად პრინციპებზე. გარეშე თვალისთვის ალბათ
უცნაური სანახაობა იყო - ახალგაზრდა, ბერის ტანსაცმლით
შემოსილი უცხოელი სვამდა კითხვებს კილოვატ-საათებისა და
ტურბინების ზომების შესახებ.
ამ მოგზაურობამ კულმინაციურ მომენტს მანჯურიაში მიაღწია,
როცა სამხედრო გემზე ამიყვანეს. მერე რა, რომ ის ძალიან
ძველი იყო და მე ვერც მის მოწყობილობებს გავუგე რამე და
ვერც ციფერბლატებს. ჩემთვის საკმარისი იყო, რომ ამ
უზარმაზარ, ნაცრისფერი მეტალის გემზე ვიდექი და მანქანის

118
ზეთისა და ზღვის წყლის განუმეორებელ სუნს ვგრძნობდი.
ამ მოგზაურობას ერთი უარყოფითი მხარე ჰქონდა - ჩინელი
ხელისუფალნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აზრს,
უბრალო ჩინელ ხალხთან კონტაქტი დამემყარებინა.
ყოველთვის, როცა მინდოდა, პროგრამისთვის გვერდი ამევლო
და რომელიმე ადგილი დამოუკიდებლად მომენახულებინა,
წინ მეღობებოდნენ ჩინელი თანამშრომლები, რომლებსაც
ჩემთვის თვალყურის დევნება ევალებოდათ. მათ პირზე
ეკერათ: „უსაფრთხოება, უსაფრთხოება!“ ისინი გამუდმებით
ჩემს უსაფრთხოებას იმიზეზებდნენ. თუმცა მარტო მე არ
ვყოფილვარ იზოლირებული უბრალო ხალხისგან. ყველა
პეკინელი ოფიციალური პირი ასეთივე მდგომარეობაში იყო.
მათაც ეკრძალებოდათ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად
მიეღოთ.
სერკონ რინპოჩე, ჩემი ერთ-ერთი „ცენშაპი“, ყოველთვის
იძვრენდა თავს და, სადაც სურდა, იქ მიდიოდა. ის არასოდეს
უსმენდა, რას ეუბნებოდნენ ჩინელები, უბრალოდ, იმას
აკეთებდა, რაც საჭიროდ მიაჩნდა. შეიძლება იმის გამო, რომ
კოჭლი იყო და დიდად არავის ხვდებოდა თვალში, მისთვის
ხელის შეშლა არავის უფიქრია. ასე რომ, ის, ფაქტობრივად,
ერთადერთი ადამიანი გახლდათ, რომელმაც შეძლო, მშვენიერ
ახალ სახალხო რესპუბლიკაში ცხოვრების შესახებ რეალური
წარმოდგენა შეჰქმნოდა.
მისგან ბევრი რამ შევიტყვე. სერკონ რინპოჩემ მოსახლეობაში
გამეფებული სიღარიბისა და შიშის საკმაოდ პირქუში სურათი
დამიხატა.
მე პირადადაც ვესაუბრე სასტუმროს ერთ მებარგულს, როცა
ინდუსტრიულ ზონას ვეწვიე. მან მითხრა, რომ ნანახი ჰქონდა
ფოტო, რომელზედაც ლჰასიდან ჩემი გამომგზავრება იყო
აღბეჭდილი. მას ძალიან გახარებოდა ის ამბავი, რომ ტიბეტელი
ხალხი ერთხმად იწონებდა ჩინეთში ჩემს წამოსვლას. როცა
ვუთხარი, რომ ეს ასე სულაც არ იყო, ძალიან გაუკვირდა.
„გაზეთში რომ ასე წერია!“ - მითხრა მან, რაზედაც მე ვუპასუხე,
რომ გაზეთს ხალხი შეცდომაში შეჰყავს; სიმართლე ისაა, რომ
ტიბეტელების უმრავლესობა ჩემმა გამომგზავრებამ
უკიდურესად გაანაწყენა. ამის მოსმენამ მებარგული
შეაძრწუნა და გააკვირვა. მე, ჩემი მხრივ, პირველად მივხვდი,
რა ზომამდე ამახინჯებდა ფაქტებს კომუნისტური ბეჭდვითი

119
სიტყვა: გეგონებოდა, რომ სიცრუის თქმის მოთხოვნილება
ხელისუფლებისა და პრესის წარმომადგენლებს სისხლში
ჰქონდათ გამჯდარი.
ჩინეთის ტერიტორიაზე მოგზაურობის დროს მონღოლეთის
საზღვრის იქითა მხარეს მოვხვდი. აქ სერკონ რინპოჩესთან
ერთად გავემგზავრე, რომ მისი მშობლიური ადგილები
მოგვენახულებინა. შთაბეჭდილება დიდი იყო, რადგან
დავინახე, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობდა მონღოლებსა და
ჩემს ხალხს შორის.
1955 წლის იანვრის ბოლოს, სწორედ ლოსარის (ტიბეტური
ახალი წლის) დღეებში დავბრუნდით პეკინში. გადავწყვიტე, ამ
დღესასწაულის აღსანიშნავად ბანკეტი გამემართა,
რომელზედაც მოვიწვიე თავმჯდომარე მაო და „დიდი
ოთხეულის“ დანარჩენი წევრები - ჩჟოუ ენ-ლაი, ჩჟუ დე და
ლიუ შაო-ცი. ყველანი მოვიდნენ. მაო ბანკეტზე ძალიან
გულითადი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როცა
დაინახა, როგორ ავიღე ერთი მწიკვი ცამპა და ზევით
ავაფრქვიე, მკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს. მე ავუხსენი, რომ ეს
სიმბოლური მსხვერპლშეწირვა იყო. მანაც აიღო ერთი მწიკვი
ცამპა და იგივე გააკეთა. მერე კარგა მოზრდილი ულუფა აიღო
და ანცი გამომეტყველებით მიმოაბნია იატაკზე.
ეს ოდნავ სარკასტული ჟესტი ერთადერთი უსიამოვნო
დეტალი იყო სხვა მხრივ ღირსშესანიშნავ საღამოზე. იქმნებოდა
შთაბეჭდილება, რომ ბანკეტზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის
ჭეშმარიტი ძმობის დაპირებული სულისკვეთება სუფევდა. რა
თქმა უნდა, ჩინელებმა სწორედ ასე გააშუქეს ეს ამბავი. ბოლოს
ჩვენ წინ მომავალი თაობებისთვის ამ მოვლენის
უკვდავსაყოფად ფოტოგრაფები გამწკრივდნენ. ზოგიერთი
ფოტო გაზეთებში ერთი-ორი დღის შემდეგ გამოჩნდა. მათ
ერთვოდა აღფრთოვანებული შენიშვნები, რომლებიც ხაზს
უსვამდნენ ამ შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვების
მნიშვნელობას. ფოტოსურათები, სავარაუდოდ, ტიბეტშიც
გადაიგზავნა, რადგან ლჰასაში რომ დავბრუნდი, ერთ-ერთი
მათგანი ადგილობრივ გაზეთში ვნახე, რომელსაც ჩინელები
გამოსცემდნენ. სურათზე მე და მაო ერთად ვისხედით. სახით
მისკენ ვიყავი შებრუნებული, ხელით რაღაცას (ჩემთვის ახლა
უკვე გაუგებარს) ვანიშნებდი. გაზეთის რედაქტორმა თავისით
ივარაუდა, რაც ხდებოდა და მინაწერი გააკეთა: „ფოტოზე

120
გამოსახულია, როგორ ესაუბრება მისი უწმინდესობა, დალაი
ლამა „დიდ მესაჭეს“ „კჰაბსეს“ (საახალწლო ნამცხვრის)
გამოცხობის პროცესის შესახებ“.
ჩინეთიდან ტიბეტში გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე,
1955 წლის გაზაფხულზე, მუდმივი კომიტეტის კრებას
ვესწრებოდი. ლიუ შაო-ცის, რომელიც კრებას
თავმჯდომარეობდა, თავისი სიტყვა შუამდე ჰქონდა
წარმოთქმული, რომ შიგნით ჩემი უსაფრთხოების დაცვის
ოფიცერი შემოვარდა და ჩემთან მოიჭრა. „თავმჯდომარე მაოს
თქვენი ნახვა სურს. დაუყოვნებლივ! ის გელოდებათ“, -
მითხრა მან. არ ვიცოდი, რა მეთქვა. კრების მაშინვე მიტოვება
არ შემეძლო, ლიუს კი საიმისო არაფერი ეტყობოდა, რომ
შესვენებას აპირებდა. „უნდა წახვიდეთ და ჩემ მაგივრად
ბოდიში მოუხადოთ მას“, - ვუთხარი მე. ოფიცერი ასეც მოიქცა.
კრებიდან პირდაპირ მაოს ოფისში წავედით. ის მართლაც
მელოდებოდა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მან გამომიცხადა,
რომ სურდა, ჩემთვის რჩევები მოეცა მართვის სფეროსთან
დაკავშირებით და მაშინვე დაიწყო ახსნა, როგორ უნდა
მომეწყო კრებები; როგორ მიმეღწია იმისთვის, რომ ხალხს
საკუთარი აზრი გამოეთქვა; როგორ უნდა გადამეწყვიტა
საკვანძო საკითხები. ეს შესანიშნავი ინფორმაცია იყო და
სწრაფად ვიწერდი ყველაფერს (როგორც მაოსთან ყოველი
შეხვედრის დროს). ის ამბობდა, რომ კომუნიკაციები
მატერიალური პროგრესის ნებისმიერი ფორმის უაღრესად
მნიშვნელოვანი ნაწილია; განსაკუთრებით აღნიშნა, რომ უნდა
გვეზრუნა, რაც შეიძლება, მეტ ტიბეტელს მიეღო განათლება ამ
სფეროში. მან დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, შესაძლებლობა
ჰქონოდა, წერილები ჩემთვის ვინმე ტიბეტელის საშუალებით
მოეწვდინა. ბოლოს ჩემკენ მოიწია და მითხრა: „იცით, მომწონს
თქვენი მიდგომა. რელიგია - ეს საწამლავია. ჯერ ერთი, ის
ამცირებს მოსახლეობის რაოდენობას, რადგან ბერები და
მონაზვნები არ ქორწინდებიან; და მეორეც - რელიგია
უგულებელყოფს მატერიალურ პროგრესს. ამ სიტყვებზე
ვიგრძენი, რომ სახეზე წამომაწითლა; უცებ შიში დამეუფლა.
„მაშ ასე, - გავიფიქრე მე, - შენ დჰარმის დამანგრეველიც
ყოფილხარ, რომ არაფერი ვთქვათ სხვა დანარჩენზე“.[12]
როცა მაომ ეს საბედისწერო სიტყვები წარმოთქვა, გვიანი
საღამო იყო. მე წინ გადავიხარე, თითქოს ვიწერდი. ამიტომ

121
ნახევრად მიჩანდა სახე. ვიმედოვნებდი, რომ ვერ შეამჩნევდა
შეძრწუნებას, რომელსაც იმ წუთებში განვიცდიდი - ეს მას
ჩემდამი რწმენას შეურყევდა. საბედნიეროდ, ამჯერად პუნცოგ
ვანგიელი არ გვესწრებოდა, როგორც თარჯიმანი. ის რომ
ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ჩემს აზრებს წაიკითხავდა -
თანაც შეხვედრის შემდეგ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით
განხილულ თემებზე.
ჩემი გრძნობების დაფარვა დიდხანს აღარ შემეძლო. კიდევ
კარგი, რამდენიმე წუთში მაო საუბარს მორჩა. უზარმაზარი
შვება ვიგრძენი, როცა ადგა და ხელი ჩამომართვა. საოცარი იყო,
მისი თვალები სიცოცხლეს ასხივებდნენ და, მიუხედავად
იმისა, რომ გვიანი იყო, დაღლილობის ნიშანწყალიც კი არ
ეტყობოდა. ღამის სიჩუმეში შენობიდან ერთად გამოვედით. მე
ჩემი ავტომობილი მელოდებოდა. მან კარი გამიღო და, რომ
ჩავჯექი, მომიხურა. როცა მანქანა დაიძრა, მოვტრიალდი, რომ
ხელი დამექნია. უკანასკნელად ნანახი მაო ასე ჩამებეჭდა
მეხსიერებაში - უქუდოდ, უპალტოოდ დგას ქუჩაში და ხელს
მიქნევს.
შიშმა და გაკვირვებამ ადგილი დაბნეულობას დაუთმო. საიდან
შეექმნა მაოს ჩემზე ასეთი არასწორი წარმოდგენა? როგორ
იფიქრა, რომ მე სულის სიღრმემდე რელიგიური არ ვარ? როგორ
მოხდა? ვიცოდი, რომ ჩემი ყოველი ნაბიჯი ფიქსირდებოდა -
რამდენი საათი მძინავს, რამდენი თეფში ბრინჯი შევჭამე, რას
ვამბობდი თითოეულ კრებაზე. ეჭვი არაა, ყოველკვირეულ
ანგარიშს ჩემი ქცევის შესახებ ჯერ აანალიზებდნენ, შემდეგ კი
მაოს გადასცემდნენ. თუ ასე იყო, მაშინ მას არ შეიძლებოდა, არ
სცოდნოდა, რომ ყოველდღე, სულ მცირე, ოთხ საათს მაინც
ვანდომებდი ლოცვებსა და მედიტაციას. გარდა ამისა, ჩინეთში
ყოფნის დროს ვისმენდი რელიგიური ხასიათის შეგონებებს
ჩემი მასწავლებლისგან. ალბათ, სავარაუდოდ, იმასაც
გაიგებდა, რომ გულმოდგინედ ვემზადებოდი ბოლო
გამოცდებისთვის, რათა უმაღლესი ბერული ხარისხი მიმეღო
(ამ გამოცდებამდე არც ისე დიდი დრო რჩებოდა - დაახლოებით
ექვსი-შვიდი წელი). ვერაფერს ვხვდებოდი. ყოველივე ამას
ერთადერთი შესაძლო ახსნა ჰქონდა - მან არასწორად გაიგო
ჩემი დიდი ინტერესი სამეცნიერო საკითხებისა და
მატერიალური პროგრესის მიმართ. მე მართლა მინდოდა
ტიბეტის მოდერნიზება და ამ მხრივ მისი ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის დონემდე აყვანა; მართლა მიდრეკილი ვიყავი

122
მეცნიერული აზროვნებისკენ. მაომ არასწორი დასკვნები
იმიტომ გამოიტანა, რომ ბუდისტურ ფილოსოფიას საერთოდ
არ იცნობდა; არაფერი სმენოდა ბუდას სწავლებაზე, რომ ყველა
ადამიანმა, რომელიც დჰარმას მიჰყვება, დამოუკიდებლად
უნდა შეამოწმოს მისი სისწორე. ამ მიზეზით ნებისმიერ
ჭეშმარიტებას, თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენებს
ყოველგვარი წინასწარი განწყობის გარეშე ვეკიდებოდი.
ნამდვილად ამან აფიქრებინა მაოს, რომ რელიგიური პრაქტიკა
ჩემთვის არაფერია, თუ არა შირმა ან ჩვევა. მაგრამ რა გზითაც
არ უნდა მისულიყო საბოლოო დასკვნამდე, მას ჩემზე
არასწორი წარმოდგენა ჰქონდა.
მეორე დღეს სამშობლოში გავემგზავრე. ახლა, როცა ცინხაის
შოსე დასრულებული იყო, შარშანდელთან შედარებით
სწრაფად მივიწევდით წინ. ვსარგებლობდი შემთხვევით,
გზადაგზა ორ-სამ დღეს ვჩერდებოდი, უამრავ თანამემამულეს
ვხვდებოდი და ვუყვებოდი ჩინეთში მიღებულ
შთაბეჭდილებებზე; ვესაუბრებოდი, როგორ ჩამესახა
მომავლის იმედი. მიუხედავად იმისა, რომ იძულებული ვიყავი,
გადამეფასებინა ჩემი შეხედულება მაოს შესახებ, მას მაინც
დიდ ლიდერად და, რაც მთავარია, გულწრფელ ადამიანად
მივიჩნევდი. ის არ იყო მატყუარა. ამიტომ მტკიცედ მწამდა,
რომ სანამ ჩინელი ჩინოვნიკები ტიბეტში მის მითითებებს
შეასრულებდნენ და თვითონ ამ პროცესს გულდასმით
გააკონტროლებდა, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად
გვქონდა. გარდა ამისა, პირადად მე მივიჩნევდი, რომ
ერთადერთი კეთილგონივრული სვლა იქნებოდა, საქმეს
დადებითი კუთხით მივდგომოდით. უარყოფით
დამოკიდებულებას აზრი არ ჰქონდა. ეს მხოლოდ
გააუარესებდა სიტუაციას. რა თქმა უნდა, ჩემ გარშემო ბევრი
ადამიანი არ იზიარებდა ასეთ ოპტიმიზმს. მათზე ჩინეთს
სასიამოვნო შთაბეჭდილება არ მოუხდენია; ეშინოდათ, რომ
კომუნისტების სასტიკი მეთოდები ტიბეტში რეპრესიებამდე
მივიდოდა. გარდა სხვა ფაქტორებისა, მათ ცუდ
წინათგრძნობას ამძაფრებდა ჩინეთის მთავრობის ერთი
მაღალჩინოსნის, გან კუნის ამბავი. დადიოდა ხმები, რომ ის
კრიტიკულად იყო განწყობილი ლიუ შაო-ცის მიმართ და ამის
გამო მხეცურად მოკლეს.
მალე მეც გამიჩნდა ეჭვები. როცა ტიბეტის უკიდურეს
აღმოსავლეთში, ტაშიკელში ვიყავი, ათასობით ადამიანი

123
მოგროვდა, რომლებსაც სურდათ, მე ვენახე და თავიანთი
პატივისცემა გამოეხატათ. მათმა უზომო ერთგულებამ ჩემზე
ძალიან იმოქმედა. ცოტა ხნის შემდეგ უსიამოვნო ამბავი
გავიგე, რომელმაც ძალიან გამაკვირვა - ჩინეთის
ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობა
მოუტყუებიათ, თითქოს მე ერთი კვირის შემდეგ უნდა
ჩავსულიყავი. მათ ტიბეტელებს სხვა თარიღი დაუსახელეს,
რომ ჩემი ნახვის შესაძლებლობა არ მისცემოდათ.
ტაშიკელიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ იქ კიდევ ათასობით
ადამიანი შეკრებილა.
იყო სხვა უსიამოვნო გარემოებაც - ჩინელების პარანოიდალური
დამოკიდებულება ჩემი პირადი უსაფრთხოების მიმართ. როცა
ჩემი მშობლიური სოფელი მოვინახულე, ისინი დაჟინებით
მოითხოვდნენ, რომ, ჩემი მზარეულების მიერ მომზადებული
საჭმლის გარდა, ხელი არაფრისთვის მეხლო. ეს ნიშნავდა, რომ
ვერ მივიღებდი ნობათს ჩემი თანასოფლელებისგან, თუნდაც
რომელიმე მათგანი ჩემი ოჯახის წევრი ყოფილიყო (ჩემი
ოჯახის წევრების ნაწილი ჯერ კიდევ ტაკცერში ცხოვრობდა).
თითქოს ამ უბრალო, მორწმუნე, ერთგული ადამიანებიდან
ვინმეს აზრად მოუვიდოდა, დალაი ლამა მოეწამლა. დედაჩემი
ძალიან ნაწყენი დარჩა. არ იცოდა, რა ეთქვა მათთვის. როცა
ტიბეტელებს გამოველაპარაკე და ვკითხე, როგორ
ცხოვრობდნენ, მათ ერთხმად მიპასუხეს: „თავმჯდომარე მაოს,
კომუნიზმისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წყალობით,
ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ.“ ამბობდნენ ამას და თვალებზე
ცრემლები ჰქონდათ მომდგარი.
ლჰასისკენ მიმავალი გზად უამრავ ადამიანს ვხვდებოდი.
ჩინეთისგან განსხვავებით, აქ ეს ძნელი არ იყო. მოდიოდა
ათასობით ადამიანი, მოჰყავდათ ავადმყოფები, მოხუცები, რომ
თვალი მაინც შეევლოთ ჩემთვის. ამ შეხვედრებს ბევრი
ჩინელიც ესწრებოდა. ეს საშუალებას მაძლევდა, მათთვის
მეთხოვა, ტიბეტელების განწყობას გაგებით მოჰკიდებოდნენ.
ვცდილობდი, გამერჩია, რომელი იყო პარტიის წევრი და
რომელი - არა. გამოცდილებით ვიცოდი, რომ, ზოგადად,
პირველები უფრო გულახდილები იყვნენ.
საკმაოდ საინტერესო იყო ტიბეტში მყოფი ჩინეთის
ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება ჩემ
მიმართ. ერთხელ ერთმა მათგანმა მითხრა: „ჩინელ ხალხს არ

124
უყვარს ისე თავმჯდომარე მაო, როგორც ტიბეტელებს - დალაი
ლამა“. იყო ასეთი შემთხვევაც: ერთი გუშაგი, რომელიც ძალიან
თავაშვებულად და უხეშად იქცეოდა, ჩემს ჯიპთან მოვიდა და
მოითხოვა, ეპასუხათ, სად იმყოფებოდა დალაი ლამა. როცა
უთხრეს, რომ მე მანქანაში ვიყავი, მან ქუდი მოიხადა და
კურთხევა ითხოვა. როცა ჩენდუდან მოვემგზავრებოდი,
ჩინელი ოფიციალური პირები, რომლებიც იქ ყოფნის დროს თან
დამყვებოდნენ, გამომშვიდობებისას ტიროდნენ. მეც თბილად
ვიგონებ მათ. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა,
ჩვენ კარგი ურთიერთდამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა.
როცა ამდენი თვის შემდეგ პირველად შევავლე თვალი
ტიბეტის სოფლის მცხოვრებლებს, საშუალება მომეცა,
ახლებურად შემეფასებინა ის განსხვავება, რომელიც მათსა და
ჩინეთის სოფლის მოსახლეობას შორის არსებობდა. მარტო
სახეზე შეხედვაც კი საკმარისი იყო, მიმხვდარიყავით, რომ
ტიბეტელებს გაცილებით ბედნიერი გამომეტყველება
ჰქონდათ. ჩემი ვარაუდით, ეს გარკვეული კულტურული
ფაქტორებით იყო განპირობებული. ჯერ ერთი,
დამოკიდებულება მონათმფლობელსა და ყმას შორის ტიბეტში
უფრო ადამიანური იყო, ვიდრე ჩინეთში. ჩვენთან ღარიბები
ნაკლებად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობდნენ; მეორეც:
ტიბეტში არასოდეს არსებობდა ისეთი ბარბაროსული ადათ-
წესები, როგორებიცაა ბორკილების დადება და კასტრაცია, რაც
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ფართოდ გავრცელებული იყო მთელ
ჩინეთში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მომენტებს ყურადღებას
სულაც არ აქცევდნენ ჩინელები, რომლებიც ჩვენს ფეოდალურ
სისტემას მათი სისტემის ასლად მიიჩნევდნენ. სანამ ლჰასაში
ჩავიდოდი, ჩჟოუ ენ-ლაის შევხვდი კჰამში. ის აქ
მიწისძვრისგან დაზარალებული მხარის მოსანახულებლად
ჩამოფრინდა. ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო - მან
საუბრისას რელიგიის მიმართ კეთილგანწყობა გამოავლინა.
ვერ მივხვდი, რით იყო ეს გამოწვეული. მისგან ამას არავინ
ელოდა. შეიძლება ჩჟოუ ენ-ლაი ასე მაოს მითითებით იქცეოდა,
რომელსაც ალბათ იმ წყენის გაქარწყლება სურდა,
უკანასკნელი შეხვედრის დროს რომ მომაყენა.

მისტერ ნერუ ნანობს

125
როცა 1955 წლის ივნისში ლჰასაში დავბრუნდი, როგორც
ყოველთვის, ჩემ შესახვედრად ათასობით ადამიანი გამოვიდა.
დიდი ხნით ჩემმა წასვლამ ძალიან დაანაღვლიანა ტიბეტელები
და შვებით ამოისუნთქეს, როცა დალაი ლამა ისევ მათ შორის
აღმოჩნდა. მეც შვება ვიგრძენი. ჩინელები აქ გაცილებით
თავშეკავებულად იქცეოდნენ, ვიდრე აღმოსავლეთ ტიბეტში.
გზაზე, გარდა უბრალო ხალხისა, ვხვდებოდი ადგილობრივი
უხუცესების მრავალ დელეგაციას. ისინი მემუდარებოდნენ,
მეთხოვა ჩვენი ახალი „პატრონებისთვის“, შეეცვალათ
თავიანთი პოლიტიკა ამ მხარეში. ისინი ხედავდნენ, რომ
ჩინელები ტიბეტელების ცხოვრების წესს უქმნიდნენ
საფრთხეს და ეს ძალიან აღელვებდათ.
ქალაქში მდგომარეობა შედარებით ნორმალური ჩანდა, თუ არ
ჩავთვლით იმას, რომ მსუბუქი და სატვირთო მანქანები
მომრავლებულიყო, რომლებმაც ლჰასაში ხმაური და
გამონაბოლქვი გაზები შემოიტანეს. სურსათის უკმარისობის
პრობლემა ადრინდელივით მწვავედ აღარ იდგა. სახალხო
მრისხანების აქტიურმა გამოვლინებებმა ფარულ
უკმაყოფილებასა და პასიურ წინააღმდეგობას დაუთმო
ადგილი. ახლა, როცა სამშობლოში დავბრუნდი, ხალხში
გარკვეულწილად ოპტიმისტური განწყობილებაც აღდგა. ჩემი
მხრივ, ვგრძნობდი, რომ ადგილობრივ ჩინელ ხელისუფალთა
თვალში ჩემი სტატუსის მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა.
ამის მიზეზი ის იყო, რომ თავმჯდომარე მაო საჯაროდ
მიცხადებდა ნდობას. უკეთესი მომავლის იმედს მაინც არ
ვკარგავდით.
თუმცა ვაცნობიერებდი იმასაც, რომ გარესამყარომ ტიბეტს
ზურგი შეაქცია. უარესიც მოხდა - ინდოეთმა, ჩვენმა
უახლოესმა მეზობელმა და მოძღვარმა, არაპირდაპირ აღიარა
ჩინეთის უფლებები ტიბეტზე. 1954 წლის აპრილში ნერუმ
ხელი მოაწერა ჩინეთ-ინდოეთის ახალ ხელშეკრულებას,
რომლის ნაწილიც იყო „პანჩა შილას“ სახელით ცნობილი
მემორანდუმი. იგი აფიქსირებდა შეთანხმებას იმის შესახებ,
რომ ინდოეთი და ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ
ჩაერეოდნენ ერთმანეთის „შინაურ“ საქმეებში. ამ
ხელშეკრულების თანახმად, ტიბეტი ჩინეთის ნაწილს
წარმოადგენდა.
ჩინეთის ხელისუფალთა და ჩემი ადმინისტრაციის მთელი

126
ათწლიანი რთული თანაარსებობის მანძილზე 1954 წლის
ზაფხული, უდავოდ, საუკეთესო პერიოდი იყო. მაგრამ
ზაფხული ტიბეტში ხანმოკლეა. უკვე მომდიოდა
შემაშფოთებელი ცნობები კჰამსა და ამდოში ჩინელ
ჩინოვნიკთა „მოღვაწეობის“ შესახებ. ისინი სრულებითაც არ
აპირებდნენ, ჩვენი ხალხისთვის ადამიანურად ცხოვრების
საშუალება მიეცათ და უკვე დაიწყეს სხვადასხვა სახის
„რეფორმების“ გატარება ცალმხრივ რეჟიმში; შემოიღეს ახალი
გადასახადები საცხოვრებელ სახლზე, საქონელზე. სრულ
უკანონობას აგვირგვინებდა ის, რომ დაბეგვრის მიზნით
შეფასებულ იქნა მონასტრების ქონება. მოხდა დიდი
მამულების კონფისკაცია. ჩამორთმეულ მიწებს ადგილობრივი
ჩინელი ხელისუფალნი საკუთარი პოლიტიკური იდეოლოგიის
შესაბამისად ანაწილებდნენ. მიწათმფლობელები სახალხო
სასამართლოს გადასცეს და „ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულის“ გამო სასჯელი მიუსაჯეს. თავზარი დამეცა, როცა
გავიგე, რომ ზოგიერთები სიკვდილითაც დასაჯეს. ამავე დროს,
ჩინელები ავიწროებდნენ ათასობით მომთაბარე მესაქონლეს,
რომლებიც თავიანთ საქონელს ამ ნაყოფიერ მიწებზე
მწყემსავდნენ. ჩვენი ახალი „პატრონები“ განსაკუთრებით
ებრძოდნენ მომთაბარეობას, რადგანაც ამაში ბარბაროსობას
ხედავდნენ. სიტყვა „მანცზე“, რომლითაც ჩინელები ტიბეტელს
აღნიშნავენ, სინამდვილეში მათ ენაზე „ბარბაროსს“ ნიშნავს.
ასევე შემაშფოთებელი იყო ამბები იმის შესახებ, რომ
მონასტრების საქმიანობაში უხეშად ერეოდნენ, ადგილობრივ
მოსახლეობას კი ანტირელიგიურ იდეებს ახვევდნენ თავს.
ბერებსა და მონაზვნებს აბუჩად იგდებდნენ და საჯაროდ
აყენებდნენ შეურაცხყოფას. მაგალითად, მათ აიძულებდნენ,
მონაწილეობა მიეღოთ მწერების, ვირთხების, ჩიტების,
სხვადასხვა სახეობის მატლების გასანადგურებლად
მოწყობილ ღონისძიებებში, თუმცა ჩინელებმა მშვენივრად
იცოდნენ, რომ ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლის
წართმევა ბუდას მოძღვრებას ეწინააღმდეგება. თუ ბერები
ამის გაკეთებაზე უარს იტყოდნენ, მათ სცემდნენ. ამ დროს
ლჰასაში ჩინელ ოფიციალურ პირებს ისე ეჭირათ თავი, თითქოს
არაფერიც არ მომხდარიყოს. რაკი დედაქალაქის რელიგიურ
ცხოვრებაში არ ერეოდნენ, ისინი აშკარად იმედოვნებდნენ,
რომ უსაფრთხოების განცდა შემექმნებოდა და მშვიდად
ვიქნებოდი, მაშინ, როცა სხვა ადგილებში ისე მოიქცეოდნენ,

127
როგორც მოეპრიანებოდათ.
1954 წლის ბოლოს ჩატარდა წინასწარი მუშაობა „ტიბეტის
ავტონომიური რაიონის მოსამზადებელი კომიტეტის“
ასამოქმედებლად. ეს იყო სამხედრო მმართველობის
ალტერნატივა, რომელიც მაომ შემოგვთავაზა. მაგრამ ზამთრის
მოახლოების კვალობაზე აღმოსავლეთიდან სულ უფრო ცუდი
ამბები მოდიოდა. კჰამის ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენლებს, რომლებიც მიჩვეული არ იყვნენ უცხოთა
ჩარევას მათ საქმეებში, ჩინელების მეთოდები
უდრტვინველად არ მიუღიათ. მათთვის მთელი ქონებიდან
ყველაზე ძვირფასი საბრძოლო იარაღი იყო. ამიტომ, როცა
ადგილობრივმა კადრებმა მისი კონფისკაცია დაიწყეს,
კჰამელებმა მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ზამთარში
ვითარება სწრაფად გაუარესდა. ლჰასას მოაწყდნენ
ლტოლვილები, რომლებიც ჩინელების რეპრესიების
მსხვერპლნი გახდნენ. ისინი სისასტიკისა და აბუჩად აგდების
საზარელ შემთხვევებზე ჰყვებოდნენ. ჩინელები მხეცურად
უსწორდებოდნენ კჰამელებს, რომლებიც შეწინააღმდეგებას
ბედავდნენ. ხშირად ბავშვებს აიძულებდნენ, მონაწილეობა
მიეღოთ თავიანთი მშობლების საჯაროდ გაროზგვაში ან სხვა
სახით დასჯაში. შემოიღეს ასევე „სახალხო კრიტიკა“ - ჩინელი
კომუნისტების საყვარელი მეთოდი: „დამნაშავეს“ თოკით ისე
შეკრავდნენ, რომ მხრის ძვლები სახსრებიდან ვარდებოდა და
როცა სრულიად უძლური ადამიანი ტკივილებისგან ყვიროდა,
იქ თავმოყრილ ხალხს (მათ შორის ქალებსა და ბავშვებს)
აიძულებდნენ, მსხვერპლის წამება, შეურაცხყოფა
გაეგრძელებინათ. აშკარაა, ჩინელები მიიჩნევდნენ, რომ ეს
საკმარისი იყო, ადამიანებს მსოფლმხედველობა შესცვლოდათ;
რომ ყოველივე ეს ხელს უწყობდა ხალხის პოლიტიკური დონის
ამაღლებას.
1956 წლის დასაწყისში, ტიბეტური ახალი წლის დღეებში,
ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ნეჩუნგის მონასტრის
ორაკულთან, რომელმაც განაცხადა, რომ „ყველა სურვილის
ამსრულებელი საგანძურის (ერთ-ერთი სახელი, რომლითაც
ცნობილია დალაი ლამა ტიბეტელებში) შუქი დასავლეთში
გაბრწყინდებოდა“. ეს მინიშნებად მივიღე, რომ იმ წელიწადში
ინდოეთში გავემგზავრებოდი, თუმცა ახლა კი ვხვდები, რომ
წინასწარმეტყველებას ბევრად უფრო ღრმა აზრი ჰქონდა.

128
გადაუდებელ საზრუნავს წარმოქმნიდა უამრავი ლტოლვილი
კჰამიდან და ამდოდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ლჰასაში
ჩამოვიდნენ. ქალაქი ბობოქრობდა. საახალწლო დღესასწაულმა
პირველად თავისი არსებობის მანძილზე პოლიტიკური
ელფერი შეიძინა. მთელ ქალაქში დადიოდნენ ტიბეტელები
ჩინელების მამხილებელი პლაკატებით, ვრცელდებოდა
პროკლამაციები. ხალხი თავს იყრიდა მიტინგებზე და სახალხო
ლიდერებს ირჩევდა. ტიბეტში ასეთი რამ აქამდე არასოდეს
მომხდარა. ბუნებრივია, ჩინელები განრისხდნენ. მათ
სასწრაფოდ დააპატიმრეს სამი ადამიანი, რომლებსაც, როგორც
გამოაცხადეს, პასუხი უნდა ეგოთ ანტიდემოკრატიული
დანაშაულის წაქეზების გამო. ამან ჩინელების მმართველობით
გამოწვეული აღშფოთება სრულებითაც ვერ დააცხრო.
მონლამის დღესასწაულის დროს ამდოსა და კჰამის მსხვილმა
მეწარმეებმა დაიწყეს ფულის შეგროვება „სეტრი ჩენმოს“
ცერემონიისთვის, რომელიც ამავე წელს, მოგვიანებით უნდა
გამართულიყო. ცერემონია გულისხმობს ტიბეტის მფარველი
ღვთაებებისთვის ძღვენის მიტანას თხოვნით, დალაი ლამა
დიდხანს და ბედნიერად აცოცხლონ. მოძიებული ფულადი
სახსრების ნაწილით შეიძინეს და „სეტრი ჩენმოზე“ საჩუქრად
გადმომცეს დიდებული, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი
სამეფო ტახტი. თუმცა, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ამ
საქმიანობას სხვა ასპექტიც ჰქონდა. მას შედეგად მოჰყვა
ჩამოყალიბება კავშირისა, სახელწოდებით „ჩუში განგდრუგი“,
რაც ნიშნავს: „ოთხი მდინარე, ექვსი მთაგრეხილი“. ეს
ტრადიციული სახელწოდებაა, რომელიც გულისხმობს ორ
პროვინციას - კჰამსა და ამდოს. ამ კავშირმა შემდგომში
ორგანიზება გაუწია წინააღმდეგობის ფართო პარტიზანულ
მოძრაობას.
მონლამის შემდეგ სწრაფი ტემპით გაგრძელდა „ტიბეტის
ავტონომიური რეგიონის მოსამზადებელი კომისიის“
ოფიციალური გახსნის სამზადისი. სულ რაღაც სამი თვის
განმავლობაში ჩინელებმა, ტიბეტელების შრომის
გამოყენებით, ააშენეს სამი დიდი საზოგადოებრივი
დანიშნულების შენობა: სასტუმრო ჩამოსული ჩინელი
ოფიციალური პირებისთვის, აბანო და ქალაქის დარბაზი
კრებების ჩასატარებლად. ეს უკანასკნელი თანამედროვე
ორსართულიანი ნაგებობა იყო, რომელსაც გოფრირებული
რკინის სახურავი ჰქონდა. დასაჯდომ ადგილებზე

129
დაახლოებით ათას ორასი ადამიანი ეტეოდა, ზემო გალერეაზე -
სამასი. დარბაზში იყო შემაღლებული ადგილი სიტყვით
გამომსვლელთათვის. ეს შენობა პოტალას მოპირდაპირე
მხარეს წამოიჭიმა.
1956 წლის აპრილში პეკინიდან თავმჯდომარე მაოს
წარმომადგენლის სტატუსით ჩამოვიდა მარშალი ჩენ ი,
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის
მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი. მას თან ახლდა
დიდი დელეგაცია. პეკინიდან მახსოვდა ჩენ ი. ის ძალიან
სასიამოვნო ადამიანი იყო, მაგრამ მისი, როგორც ორატორის,
რეპუტაცია თავზარს დაგცემდათ. ერთხელ წარმოთქვა სიტყვა,
რომელიც შვიდ საათს გრძელდებოდა. მარშალი ლჰასაში
ჰალსტუხით გამოცხადდა, რომლითაც ძალიან ამაყობდა,
თუმცა წესიერად არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ის.
გიმნასტურა მუცელზე ძლივს ეკვრებოდა, თუმცა ეს მარშალს
სულაც არ ადარდებდა - მხიარული იყო, თავის თავზე დიდი
წარმოდგენა ჰქონდა და ფუფუნებაში ცხოვრება უყვარდა.
ლჰასაში მისი ჩამოსვლა გრანდიოზული წარმოდგენის
დაწყების მაუწყებელი სიგნალი იყო. ჩინელები მას პომპეზურ
შეხვედრებს უწყობდნენ. მის საპატივცემულოდ მრავალი
ბანკეტი ჩატარდა და უამრავი სიტყვა წარმოითქვა. როცა
ტიბეტის ავტონომიური რაიონის მოსამზადებელი კომიტეტი
თავის პირველ სხდომაზე ოფიციალურად შეუდგა მუშაობას
(ეს სხდომა ახალ დარბაზში ჩატარდა), ქალაქი დროშებითა და
ალმებით მორთეს. დროშებზე გამოსახული იყვნენ
თავმჯდომარე მაო და მისი უახლოესი თანამებრძოლები.
უკრავდა ჩინეთის სამხედრო ორკესტრი, ჟღერდა
კომუნისტური სიმღერები. ყველაფერს სადღესასწაულო
ელფერი ჰქონდა. ჩენ იმ წარმოთქვა სიტყვა (შედარებით
მოკლე) და განაცხადა, რომ განხორციელდებოდა „აუცილებელი
რეფორმები“, რათა „ტიბეტი ჩამორჩენილობისგან ეხსნათ“. მან
განმარტა, რომ საჭირო იყო, ტიბეტელებს „მოწინავე“ ჩინელი
ერის დონემდე მიეღწიათ. ამას მოჰყვა როგორც ჩინელების,
ასევე ტიბეტელების არაერთი პირფერული გამოსვლა. ყველანი
ადიდებდნენ სოციალიზმს და პარტიას და მიესალმებოდნენ
ჩინელების ყოფნას ტიბეტში. მეც კი იძულებული გავხდი,
სიტყვით გამოვსულიყავი. ხაზი გავუსვი იმას, რომ
დარწმუნებული ვიყავი, ჩინეთის მხარე რეფორმების
გატარებისას შეეცდებოდა ხალხისთვის მისაღები ტემპების

130
გათვალისწინებას და უზრუნველყოფდა რელიგიური წეს-
ჩვეულებების დაცვისა და რიტუალების ჩატარების
თავისუფლებას.
ტიბეტის ავტონომიური რაიონის მოსამზადებელი კომიტეტის
სტრუქტურა ითვალისწინებდა სხვადასხვა ახალი სამთავრობო
დეპარტამენტის შექმნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
ფინანსები, განათლება, მიწათმოქმედება, კომუნიკაციები,
ჯანდაცვა, რელიგია, უსაფრთხოება. ამ დეპარტამენტებისთვის
უპირატესად ტიბეტელებს უნდა ეხელმძღვანელათ. გარდა
ამისა, ჩამდოს ადმინისტრაცია ლჰასაში უნდა
დაბრუნებულიყო. ეს ოლქი ე.წ. ტიბეტის ავტონომიური
რაიონის შემადგენლობაში შემოდიოდა. თუმცა კჰამის
დანარჩენი ნაწილი და მთელი ამდო პეკინის უშუალო
კონტროლს ექვემდებარებოდა. თავად კომიტეტი 51
რეგიონული დელეგატისგან შედგებოდა. მათ შორის მხოლოდ
ხუთი ჩინელი იყო. ვარაუდობდნენ კაშაგისა და ეროვნული
კრების შენარჩუნებასაც, თუმცა ცხადი იყო, ჩინელები
აპირებდნენ, თანდათანობით მოეღოთ ბოლო ტრადიციული
მთავრობის ყველა გადმონაშთისთვის.
ქაღალდზე ეწერა, რომ ტიბეტის ავტონომიური რაიონის
მოსამზადებელი კომიტეტი ავტონომიისკენ გადადგმულ
მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა, მაგრამ სინამდვილეში
საქმე სხვანაირად იყო. როცა ჩენ იმ გამოაცხადა
თანამდებობებზე დანიშნულთა ვინაობა, აღმოჩნდა, რომ 51
დელეგატიდან (არც ერთი მათგანი არ ყოფილა ხალხის მიერ
არჩეული) თითქმის ყველა, გარდა რამდენიმე ადამიანისა,
თავისი მდგომარეობის გამო ვალში იყო ჩინელების წინაშე -
ძალაუფლებისა და ქონების სანაცვლოდ მათგან უსიტყვო
მორჩილებას მოითხოვდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს
თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო.
რამდენიმე სიურპრიზიც გველოდა. ერთ-ერთი, მაგალითად,
ახალშექმნილი უსაფრთხოების დეპარტამენტის წევრად
ლობსან სამტენის დანიშვნა გახლდათ. ის იმდენად კეთილი და
რბილი ხასიათის ადამიანი იყო, ყველაზე ნაკლებად
შეეფერებოდა ასეთ სამუშაოს. არასოდეს დამავიწყდება მისი
გამომეტყველება, როცა თავის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის
შემდეგ ჩემთან მოვიდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ამ
ადამიანმა ლობსან სამტენს (რომელმაც ცოტა ჩინური იცოდა)

131
შეკითხვა არ დაუსვა. მას აინტერესებდა, როგორ ჟღერდა
ტიბეტურად „მოკალი!“ აქამდე ეს კაცი ჩემს ძმას სასიამოვნო
და გულახდილ ადამიანად მიაჩნდა, მაგრამ მისმა შეკითხვამ
გააოგნა. მწერის მოკვლაც კი ისე შორს იყო მისი მრწამსისგან,
რომ სიტყვა ვეღარ დაძრა. იმ საღამოს ნორბულინგკაში რომ
მოვიდა, ისეთი დაბნეული იყო, აღარ იცოდა, რა ექნა. „რა ვქნა?“
- მეკითხებოდა იგი. ეს ამბავი კიდევ ერთი ილუსტრაცია იყო
იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ცხოვრებასთან
ჩინელს და როგორი - ტიბეტელს. ერთისთვის ადამიანის
მოკვლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მეორისთვის -
სრულიად წარმოუდგენელი ამბავი.
ტიბეტის ავტონომიური რაიონის მოსამზადებელი კომიტეტის
გახსნიდან ძალიან მალე გავიგე, რომ ჩინელებმა კჰამში
ადგილობრივი ლიდერების გადაბირება სცადეს. ისინი ერთად
შეკრიბეს და სთხოვეს, ხმა მიეცათ „დემოკრატიული
რეფორმების“ გატარებისათვის, რაც, კონკრეტულად, ნიშნავდა
რამდენიმე ათასი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
ჩამოყალიბებას, რომელთა შემადგენლობაშიც უნდა შესულიყო
ამ ოლქის ათასზე მეტი კერძო მეურნეობა (აქ შედიოდა
აგრეთვე გარჩუსა და კარცზეს მეურნეობებიც). სამას
ორმოცდაათი ადამიანიდან, რომლებიც მათ შეკრიბეს,
დაახლოებით ორასმა თქვა, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ
რეფორმების განხორციელებაში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ
დალაი ლამა და მისი კაბინეტი ამის მომხრენი იქნებოდნენ.
ორმოცმა ადამიანმა მაშინვე გამოხატა მზადყოფნა
თანამშრომლობისთვის, დანარჩენებმა კი განაცხადეს, რომ
მათთვის ე.წ. რეფორმები მისაღები არასოდეს იქნებოდა. ამის
შემდეგ ყველანი შინ გაუშვეს.
ერთი თვის შემდეგ ჩინელებმა თავი მოუყარეს იმ ადამიანებს,
რომლებიც რეფორმებს ეწინააღმდეგებოდნენ, ამჯერად
ციხესიმაგრე ჩომდა ძონგში, რომელიც ჩამდოს ჩრდილო-
აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. როგორც კი ისინი შიგნით
შევიდნენ, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის
ხუთი ათასმა ჯარისკაცმა შენობა ალყაში მოაქცია. ტყვეებს
გამოუცხადეს: იქამდე არ გაათავისუფლებდნენ, სანამ პირობას
არ დადებდნენ, რომ რეფორმების განხორციელებაში
მონაწილეობას მიიღებდნენ. ორკვირიანი ალყის შემდეგ
კჰამელები დანებდნენ. თითქოს გამოსავალი არსად ჩანდა,
მაგრამ ერთ საღამოს ციხესიმაგრის მოალყე ჯარისკაცების

132
რიცხვი შეამცირეს, რის გამოც ტყვეებს ხელსაყრელი
შესაძლებლობა მიეცათ, გაქცეულიყვნენ და მათაც მთებს
შეაფარეს თავი. ჩინელებმა ერთი ხელის დაკვრით თვითონვე
შექმნეს კანონგარეშედ გამოცხადებულ ადამიანთა ჯგუფი,
რომელმაც მომდევნო წლებში მათ ბევრი სირთულე შეუქმნა.
ინციდენტი ჩომდა ძონგში დაახლოებით იმ დროს მოხდა, როცა
მიჩვენეს გაზეთი, რომელსაც ჩინელები გამოსცემდნენ
კარცზეში, კჰამის პროვინციაში. თვალებს არ ვუჯერებდი -
ფოტოზე გამოსახული იყო მწკრივად დალაგებული
მოკვეთილი თავები. მინაწერი გვამცნობდა, რომ ეს თავები
„რეაქციონერ დამნაშავეებს“ ეკუთვნოდათ. ეს იყო ჩინელების
სიმხეცის პირველი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც
ჩემი თვალით ვნახე. მოგვიანებით ისიც გავიგე, რომ
ყოველგვარი საშინელება, რაც კი ჩვენი ახალი „პატრონების“
შესახებ მესმოდა, სიმართლეს შეესაბამებოდა. ჩინელები,
თავის მხრივ, მიხვდნენ, რომ ამ გაზეთს შეიძლებოდა,
უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინა ხალხზე. ამიტომ
შეეცადნენ, ხელი შეეშალათ მისი გავრცელებისათვის -
უნდოდათ, მთელი ტირაჟი შეესყიდათ. ამ ინფორმაციას
ერთვოდა იმის შეგნება, რომ ტიბეტის ავტონომიური რაიონის
მოსამზადებელი კომიტეტი სხვა არაფერი იყო, თუ არა „ცუმა“
(თვალის ახვევა). ამიტომ დავიწყე იმედის თუნდაც
ნაპერწკლის ძებნა. ჩემი წინამორბედის წინასწარმეტყველებამ
დიდი სიზუსტით დაიწყო ახდენა. გული დამძიმებული
მქონდა. თუმცა გარეგნულად ჩემი ცხოვრება, გარკვეული
თვალსაზრისით, ისე მიედინებოდა, როგორც ადრე:
ვლოცულობდი, მედიტაციებს ვაკეთებდი, მასწავლებლების
ხელმძღვანელობით წინანდელივით დაძაბულად
ვმეცადინეობდი; ისევ ვღებულობდი მონაწილეობას
რელიგიურ დღესასწაულებსა და ცერემონიებში; დროდადრო
ვეცნობოდი სხვადასხვა სწავლებას. ზოგჯერ გადაადგილების
უფლებით ვსარგებლობდი და ლჰასიდან მივემგზავრებოდი,
რომ მონასტრები მომენახულებინა. ვიყავი რეტინგის
მონასტერში, რომელიც ლჰასიდან რამდენიმე დღის სავალზე,
ჩრდილოეთით მდებარეობს. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე
მივიღე წერილი ერთი ცნობილი ტიბეტელისაგან, რომელიც
უკვე ემიგრაციაში ცხოვრობდა. ლჰასაში ისეთი მძიმე სიტუაცია
იყო, მეც კი ყველაფერს ეჭვის თვალით დავუწყე ყურება და
სანამ წერილს გავხსნიდი, სულ თან დამქონდა, ღამით კი

133
ფრთხილად ვიდებდი ბალიშის ქვეშ, სანამ რეტინგში არ
წავედი.
შვება ვიგრძენი, ქალაქს რომ გავერიდე და თავი დავაღწიე
უგუნურ მცდელობას, ერთსა და იმავე დროს მეთანამშრომლა
ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თანაც
მინიმუმამდე დამეყვანა ზიანი, რომელსაც ისინი ჩემს ხალხს
აყენებდნენ. როგორც ყოველთვის, ვცდილობდი, რაც შეიძლება,
შეუმჩნევლად მემოგზაურა და ინკოგნიტოდ დავრჩენილიყავი.
ასე შევძლებდი, ადგილობრივ მოსახლეობას შევხვედროდი და
მისთვის მომესმინა. ერთხელ რეტინგის მახლობლად ერთ
მწყემსს გამოველაპარაკე. „ვინ ხარ?“ - მკითხა მან. „დალაი
ლამას მსახური“, - ვუპასუხე მე. ჩვენ ვისაუბრეთ სოფლის
ცხოვრებაზე - რაზე ამყარებდა იმედს, რის ეშინოდა. ამ კაცს,
რომელიც ნამყოფი არ იყო ლჰასაში, ცოტა რამ სმენოდა
ჩინელებზე. თავის მწირ, უნაყოფო მიწაზე ლუკმაპურის
მოსაპოვებლად ძალიან ბევრს შრომობდა და არ ეცალა, იმაზე
ედარდა, რა ხდებოდა ქალაქში და ზოგადად, გარესამყაროში.
მაგრამ მიუხედავად ამ ადამიანის უბრალოებისა, სიხარული
მომგვარა მისმა ღრმად რელიგიურმა რწმენამ, რომ ბუდას
დჰარმა მის მიყრუებულ მხარეშიც კი ყვაოდა და
იფურჩქნებოდა. ის ცხოვრობდა ისე, როგორც ცხოვრობენ
გლეხები მთელ დედამიწაზე, გარემომცველ ბუნებასთან
ჰარმონიაში, და სულაც არ აინტერესებდა, რა ხდებოდა იმ
სამყაროში, რომელიც უშუალოდ მისი მხედველობის არის
მიღმა იყო. ვკითხე, რას ფიქრობდა ადგილობრივი მთავრობის
ჩინოვნიკებზე. მან თქვა, რომ მათი უმეტესობა სამართლიანი
იყო, თუმცა ზოგიერთები სხვის საქმეში ყოფდნენ ცხვირს.
ჩვენი საუბრით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მან საშუალება
მომცა, სასარგებლო აღმოჩენები გამეკეთებინა. უწინარეს
ყოვლისა, გავიგე, რომ ამ ადამიანს არავითარი განათლება არ
მიუღია, მაგრამ კმაყოფილი იყო. მას მატერიალური დოვლათი
არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რომ მისი ცხოვრება არაფრით
განსხვავდებოდა მისი წინაპრების უამრავი თაობის
ცხოვრებისგან და უეჭველად ასეთივე იქნებოდა მისი
შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. ვხვდებოდი, რომ
ამგვარ შეხედულებას ცხოვრებაზე დიდი ხნის სიცოცხლე არ
ეწერა. ტიბეტი ვეღარ იარსებებდა იმ იზოლაციაში, რომელიც
მან აირჩია, რომ მშვიდად ყოფილიყო. ეს არ იყო
დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გადაწყდებოდა ჩინელ

134
კომუნისტებთან ურთიერთობის პრობლემა. მე და ეს მწყემსი
საუკეთესო მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს.
მაგრამ ამ ამბავს გაგრძელება ჰქონდა. მეორე დღეს გზად
მდებარე მომდევნო სოფლის მოსახლეობას ვხვდებოდი, რომ
მისთვის კურთხევა მიმეცა. ჩემთვის რაღაც სამეფო
ტახტისმაგვარი მოაწყვეს. მოგროვდა რამდენიმე ასეული
ადამიანი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე,
აქეთ-იქით რომ მიმოვიხედე, ჩემი მეგობარი მწყემსი დავინახე,
რომელიც ძალიან დაბნეული იდგა ხალხში და თვალებს არ
უჯერებდა. გავუღიმე, მაგრამ ის მაინც გაშტერებული
მიყურებდა. ვინანე, რომ მოვატყუე. როცა რეტინგის
მონასტერში ჩავედით, მთავარ ქანდაკებას მივუახლოვდი, რომ
მისთვის თაყვანი მეცა. უცებ, სრულიად უმიზეზოდ, ძლიერი
მღელვარება დამეუფლა. განვიმსჭვალე შეგრძნებით, რომ ამ
ადგილთან დიდი ხანია, რაღაც მაკავშირებდა. მას შემდეგ
ხშირად ვფიქრობ, რეტინგში სენაკი ავიშენო და ცხოვრების
დარჩენილი წლები იქ გავატარო.
1956 წლის ზაფხულში მოხდა ინციდენტი, რომელმაც სულის
სიღრმემდე შემძრა. არც იქამდე და არც მერე ასეთი
გამწარებული არ ვყოფილვარ. კჰამისა და ამდოს
თავისუფლებისათვის მებრძოლთა კავშირმა მნიშვნელოვანი
გამარჯვებები მოიპოვა. მაის-ივნისისთვის დანგრეული იყო
ჩინეთის სამხედრო გზის ბევრი მონაკვეთი და ხიდები. ამას
შედეგად მოჰყვა ის, რომ ჩინეთის სახალხო-
განმათავისუფლებელმა არმიამ მაშველი ჯარი (40 ათასი
ჯარისკაცი) გამოიძახა. სწორედ ამის მეშინოდა. რაც არ უნდა
წარმატებული ყოფილიყო წინააღმდეგობის მოძრაობა,
ჩინელები ბოლოს მაინც ჩაახშობდნენ. ამისთვის მარტო მათი
რიცხობრივი უპირატესობა და დიდძალი ცეცხლსასროლი
იარაღი იკმარებდა. მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ
შეიძლებოდა, კჰამში ლიტანგის მონასტერი დაებომბათ. ეს რომ
გავიგონე, ავტირდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანებს
შეეძლოთ, ასეთი სისასტიკე გამოეჩინათ ერთმანეთის მიმართ.
დაბომბვას მოჰყვა უმოწყალო წამება და დასჯა იმ ქალებისა და
ბავშვებისა, რომელთა ქმრები და მამები წინააღმდეგობის
მოძრაობაში მონაწილეობდნენ; და რაც სრულიად გაუგონარი
იყო - ბერებისა და მონაზვნების საზიზღარი შეურაცხყოფა. ეს
უბრალო, რელიგიური ადამიანები დააპატიმრეს და
აიძულებდნენ, საჯაროდ დაერღვიათ დაუქორწინებლობის

135
აღთქმა, დაეხოცათ თანამოძმეები.
აღარ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ რამე უნდა მეღონა.
დაუყოვნებლივ მოვითხოვე გენერალ ჩჟან გო-ხაისთან
შეხვედრა, რომელსაც ვაცნობე, რომ ვაპირებდი, პირადად
თავმჯდომარე მაოსთვის მიმეწერა. „როგორ შეიძლება,
ტიბეტელებს თქვენი, ჩინელების, ნდობა ჰქონდეთ, როცა ასე
იქცევით?“ - ვუთხარი მას და გადაჭრით განვუცხადე, რომ მათ
არ ჰქონდათ იმის უფლება, რასაც აკეთებდნენ. მაგრამ ჩემს
ნათქვამს მხოლოდ საპასუხო „არგუმენტები“ მოჰყვა. ჩემი
კრიტიკა თურმე დედასამშობლოს შეურაცხყოფა იყო,
რომელსაც მხოლოდ ერთი რამ სურდა - დაეცვა ტიბეტელი
ხალხი და დახმარებოდა მას. მისი თქმით, თუკი ჩემს
რომელიმე თანამემამულეს რეფორმები არ უნდა (რეფორმები,
რომლებიც მასას კეთილდღეობას მოუტანდა, რადგან
ექსპლუატაციისაგან დაიცავდა), მაშინ ის მზად უნდა იყოს
იმისთვის, რომ დასჯიან.
გენერლის მსჯელობა შეურაცხადის ბოდვას ჰგავდა. მე მივუგე,
რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ამართლებდა უდანაშაულო
ადამიანების წამებას, მით უმეტეს - მათ დაბომბვას.
რასაკვირველია, ჩემი მცდელობა წყლის ნაყვა იყო. ჩჟან გო-ხაი
მტკიცედ იდგა თავისაზე. ერთადერთი იმედი მრჩებოდა -
თავმჯდომარე მაოს გაეგო, რომ ხელქვეითები მის მითითებებს
არ ემორჩილებოდნენ. დაუყოვნებლივ გავგზავნე წერილი.
პასუხი არ მომსვლია. ამიტომ კიდევ ერთი გავგზავნე, ისევ
ოფიციალური. შემდეგ პუნცოგ ვანგიელი დავარწმუნე, მესამე
წერილი პირადად მაოსთვის გადაეცა. მაგრამ რა ბედი ეწია მას,
ჩემთვის უცნობი იყო. როცა რამდენიმე კვირა გავიდა და
პეკინიდან არავინ გამომხმაურებია, ჩინეთის ხელმძღვანელ
პირთა ზრახვების მიმართ პირველად გამიჩნდა ეჭვი. ამან
თავზარი დამცა. ჩინეთში ჩემი ვიზიტის შემდეგ, მიუხედავად
მრავალი უსიამოვნო შთაბეჭდილებისა, კომუნისტების
მიმართ, ძირითადად, დადებითად ვიყავი განწყობილი. თუმცა
თანდათანობით უკვე ვაცნობიერებდი, რომ მაოს სიტყვები
ცისარტყელას ჰგავდა - ლამაზი იყო, მაგრამ ჰაერში ეკიდა.
პუნცოგ ვანგიელი ლჰასაში ტიბეტის ავტონომიური რაიონის
მოსამზადებელი კომიტეტის გახსნისას ჩამოვიდა. ძალიან
გამიხარდა, რომ მას ისევ შევხვდი. იგი კვლავინდებურად
კომუნიზმის იდეალების ერთგული გახლდათ. აპრილის

136
დღესასწაულების შემდეგ პუნცოგი ჩინელ მაღალჩინოსნებს
ტიბეტის შორეულ რაიონებში მეგზურობას უწევდა. იქიდან
დაბრუნებულმა თავშესაქცევი ისტორია მიამბო. ერთ-ერთ
ჩინელ ჩინოვნიკს მიყრუებულ სოფელში გლეხისთვის
უკითხავს, თუ რას ფიქრობდა ის ახალი რეჟიმის შესახებ.
გლეხს უთქვამს, რომ ძალიან ბედნიერი იყო. „ოღონდ ერთი ეს
ახალი გადასახადი რომ არ შეეწერათ“... „რა ახალი
გადასახადი?“ „ტაშის გადასახადი. ყოველთვის, როცა ჩვენთან
ჩინელი ჩამოდის, ყველანი უნდა მოვგროვდეთ და ტაში
დავუკრათ“.
ყოველთვის მეგონა - სანამ პუნცოგ ვანგიელი მაოს ნდობით
სარგებლობდა, ტიბეტს რაღაცის იმედი უნდა ჰქონოდა. როცა
იგი ისევ გაემგზავრა პეკინში, გენერალ ჩჟან ძინ-უს
წინადადებით მივმართე, რომ ეს კაცი ტიბეტის პარტიის
მდივნად დანიშნულიყო. თავიდან იდეა თითქოს მოიწონეს,
მაგრამ ამ თემაზე კარგა ხანს კრინტი არავის დაუძრავს.
მხოლოდ 1957 წლის ბოლოს ერთმა ჩინელმა თანამშრომელმა
მაცნობა, რომ პუნცოგ ვანგიელი აღარასოდეს ჩამოვიდოდა
ტიბეტში, რადგან ის საშიში ადამიანი აღმოჩნდა. გაოგნებული
ვუსმენდი, რადგან ვიცოდი, რომ თავმჯდომარე მაო მას ძალიან
აფასებდა. თანამოსაუბრემ ამიხსნა, რომ მის
დასადანაშაულებლად რამდენიმე მიზეზი არსებობდა, მაგრამ
პირველი და ყველაზე მთავარი ასეთი იყო: როცა ის ლჰასაში
ჩამოსვლამდე კჰამში ცხოვრობდა, ტიბეტის დამოუკიდებელი
პარტია ჩამოუყალიბებია, რომლის წევრადაც ჩინელებს არ
იღებდნენ. ამ დანაშაულის გამო პუნცოგ ვანგიელი
თანამდებობიდან გადააყენეს და ტიბეტში დაბრუნება
აუკრძალეს. ამან ძალიან დამამწუხრა. კიდევ უფრო
სამწუხარო იყო მომდევნო წელს იმის შეტყობა, რომ ის
დაეპატიმრებინათ. ციხეში პუნცოგ ვანგიელს მიაკერეს
ოფიციალური აღნიშვნა: „გაუქმებულია, როგორც პიროვნება“.
[13] მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელი და მგზნებარე
კომუნისტი იყო, ციხეში ის 70-იანი წლების ბოლომდე იჯდა.
ამან მიმიყვანა დასკვნამდე, რომ ჩინეთის ხელმძღვანელი
პირები ჭეშმარიტი მარქსისტები კი არ იყვნენ, რომლებმაც
სიცოცხლე ქვეყნიერების გაუმჯობესებისთვის ბრძოლას
შეალიეს, არამედ, უბრალოდ, პირწავარდნილი
ნაციონალისტები, ჩინელი შოვინისტები, რომლებიც
კომუნისტებად ასაღებდნენ თავს. ისინი გონებაშეზღუდული

137
ფანატიკოსების ბრბოს უფრო ჰგავდნენ.
პუნცოგ ვანგიელი ჯერ კიდევ ცოცხალია, თუმცა ძალიან
მოხუცდა. ძალიან მინდა, მისი ნახვა მოვასწრო. მე ისევ
უზომოდ დიდ პატივს ვცემ მას, როგორც გამოცდილ ტიბეტელ
კომუნისტს. ჩინეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იცის ამის
შესახებ. ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით.
1956 წლის გაზაფხულზე ლჰასას სასურველი სტუმარი ეწვია -
მაჰარაჯა კუმარი - სიკიმის პრინცი, ტახტის მემკვიდრე. სიკიმი
პაწაწინა სახელმწიფოა, რომელიც დრომოს მახლობლად
მდებარეობს, ნაწილობრივ ტიბეტისა და ინდოეთის საზღვრებს
შორის. კუმარი ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო - მაღალი,
თავდაჭერილი, რბილი ხასიათის, მშვიდი. დიდი ყურები
ჰქონდა. პრინცმა ინდური საზოგადოებისგან, „მაჰაბოდჰისგან“
(რომლის პრეზიდენტიც თვითონ იყო) წერილი გადმომცა,
რომელიც ახალ ამბავს მაუწყებდა. ეს ორგანიზაცია, რომელიც
მთელი სუბკონტინენტის ბუდისტებს წარმოადგენდა,[14]
მიწვევდა „ბუდა ჯაიანტის“ დღესასწაულზე მონაწილეობის
მისაღებად. 1956 წელს ამ დღესასწაულზე ბუდას დაბადებიდან
2500 წლისთავი აღინიშნებოდა.
სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა მექნა. ჩვენთვის,
ტიბეტელებისთვის, ინდოეთი არის „არიაბჰუმი“ - სიწმინდის
ქვეყანა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მომელოცა მისი
წმინდა ადგილები. ყველაზე მეტად ამ ქვეყნის მონახულება
მინდოდა. გარდა ამისა, ინდოეთში გამგზავრება საშუალებას
მომცემდა, შევხვედროდი პანდიტ ნერუსა და მაჰათმა განდის
სხვა სულიერ მემკვიდრეებს. ცოცხალი თავით ვერ ველეოდი
იდეას, ინდოეთის მთავრობასთან კონტაქტი დამემყარებინა,
თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ დემოკრატიის განვითარების
გზა დამენახა. რასაკვირველია, არსებობდა იმის ალბათობაც,
რომ ჩინელები წასვლის ნებას არ მომცემდნენ, მაგრამ ცდა არ
უნდა დამეკლო. ამიტომ გენერალ ფან მინთან წავედი და
ზემოხსენებული წერილიც თან წავიღე. სამწუხაროდ, ფან მინი,
უდავოდ, ყველაზე არასასიამოვნო ადამიანი იყო ჩინეთის
ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს შორის. მან
საკმაოდ თავაზიანად მიმიღო. როდესაც ჩემი მისვლის მიზეზი
ავუხსენი, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. ინდოეთში
გამგზავრება, მისი აზრით, კეთილგონივრული განზრახვა არ
იყო. „იქ ბევრი რეაქციონერია. ეს საშიში ქვეყანაა. გარდა ამისა,

138
მოსამზადებელ კომიტეტს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს“, -
მითხრა მან. ფან მინს ეეჭვებოდა, ჩემ გარეშე საქმეს
გამკლავებოდნენ. „ყოველ შემთხვევაში, - თქვა მან, - თქვენ
მხოლოდ რელიგიური საზოგადოება გიწვევთ და არა
ინდოეთის მთავრობა. ამიტომ ნუ ღელავთ. სულაც არ ხართ
ვალდებული, მიიღოთ ეს მოწვევა“. რაღას ვიზამდი. ცხადი იყო,
ჩინეთის ხელისუფალნი აპირებდნენ, ხელი შეეშალათ ჩემთვის
რელიგიური მოვალეობების აღსრულებაში.
გავიდა რამდენიმე თვე. „ბუდა ჯაიანტიზე“ სიტყვაც არავის
დაუძრავს. დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში ფან მინმა
შეკითხვით მომმართა. მან მითხრა, რომ ინდოელებს
აინტერესებდათ, თუ ვისი დანიშვნა მინდოდა დელეგაციის
მეთაურად. ვუპასუხე, რომ ტრიჯანგ რინპოჩეს, ჩემს უმცროს
მასწავლებელს გავგზავნიდი. თან დავძინე, რომ დელეგაცია
გასამგზავრებლად მზად იყო და მხოლოდ მის ნებართვას
ელოდებოდა. კიდევ ორი კვირა გავიდა. ეს ამბავი თითქმის
უკვე მიმავიწყდა, რომ მოულოდნელად მეწვია ჩჟან ძინ-უ,
რომელიც ახალჩამოსული იყო პეკინიდან. მან მაცნობა:
ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ
მე თვითონ წავიდოდი. სიხარულისგან ყურებს არ ვუჯერებდი.
„მაგრამ სიფხიზლე გმართებთ, - მითხრა მან, - ინდოეთში
ბევრი რეაქციონერი და ჯაშუშია. თუ თქვენ შეეცდებით,
მათთან საქმე დაიჭიროთ, მაშინ იცოდეთ: ტიბეტში იგივე
მოხდება, რაც უნგრეთსა და პოლონეთში (მან სიტყვა
გადამიკრა იმაზე, თუ რა სასტიკი მეთოდებით ჩაახშო რუსეთმა
ამბოხება ამ ქვეყნებში). როცა ჩჟანმა ლაპარაკი დაასრულა,
მივხვდი, რომ სიხარული არ უნდა გამომემჟღავნებინა. ყველა
ღონე ვიხმარე, მას ეფიქრა, რომ მოუსვენრობა დამეუფლა;
ვუთხარი, რომ ძალიან გაკვირვებული და შეშფოთებული
ვიყავი ინფორმაციით იმპერიალისტებისა და რეაქციონერების
შესახებ. ამან ჩჟანი დააწყნარა და ტონიც უფრო მშვიდობიანი
გაუხდა. „ნუ ღელავთ, - მითხრა მან, - თუ რაიმე სირთულეს
წააწყდებით, ჩვენი ელჩი ყოველთვის დაგეხმარებათ“. ასე
დამთავრდა ეს შეხვედრა. გენერალი ადგა და ყოველგვარი
ფორმალობის დაცვით დამემშვიდობა. როგორც კი წავიდა,
ყურებამდე გაღიმებული გამოვვარდი გარეთ და ჩემს
პერსონალს მოვუყევი, რაც მოხდა.
რამდენიმე დღის შემდეგ შევიტყვე, თუ რამ შემოაბრუნა
ჩინეთის ხელისუფლება ას ოთხმოცი გრადუსით. ცნობილი

139
გახდა, რომ ინდოეთის საკონსულომ ლჰასაში ჩემს
ჩინოვნიკებს გამოჰკითხა, ვემზადებოდი თუ არა ინდოეთში
გასამგზავრებლად, რომ სადღესასწაულო რიტუალებში
მონაწილეობა მიმეღო. უარყოფითი პასუხი რომ მიიღეს,
ინდოელებმა ეს ცნობა თავიანთ მთავრობას გადასცეს. ამის
შედეგი კი ის იყო, რომ პანდიტ ნერუმ პირადად აღიმაღლა ხმა
ჩემს დასაცავად. თუმცა ჩინელებს მაინც არ უნდოდათ ჩემი
გაშვება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩჟანი ლჰასაში ჩამოვიდა და
აღმოაჩინა, რომ ინდოეთის კონსულმა ზოგიერთ პირს
მოუთხრო ნერუს ჩარევის შესახებ, ჩინელები, ჩინეთ-
ინდოეთის ურთიერთობების გაფუჭების სავარაუდო
საფრთხის შიშით, იძულებული გახდნენ, თავიანთი
გადაწყვეტილება შეეცვალათ.
ბოლოს და ბოლოს, ლჰასიდან 1956 წლის ნოემბრის ბოლოს
გავედით. მიხაროდა, რომ თავისუფლად, ჩინელების
მეთვალყურეობის გარეშე გადაადგილების საშუალება
მეძლეოდა. ჩემი ამალა შედარებით მცირერიცხოვანი იყო.
სამხედრო გზების წყალობით, რომლებიც მთელ ტიბეტს
ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და აღმოსავლეთიდან
დასავლეთამდე კვეთდნენ და ჩინეთთან აკავშირებდნენ,
თითქმის მთელი მანძილი სიკიმამდე ავტომობილით
გავიარეთ. შიგაცზეში შევჩერდით. აქ პანჩენ ლამა
შემოგვიერთდა, შემდეგ კი გავაგრძელეთ გზა ჩუმბიტჰანგამდე
(ესაა ბოლო დასახლებული პუნქტი ნატჰუს უღელტეხილამდე,
რომელზეც საზღვარი გადის). აქ ცხენებზე გადავსხედით.
გამოვემშვიდობე გენერალ დინ მინის, რომელიც ლჰასიდან
მოგვაცილებდა. ის ჩემთან განშორების გამო ძალიან
დაღვრემილი იყო. ვფიქრობ, სჯეროდა, რომ ჩემს სიცოცხლეს
საფრთხეს უქადდნენ უცხოელი იმპერიალისტები, ჯაშუშები,
რევანშისტები და კომუნისტური „ჯოჯოხეთის“ სხვა
დემონები. მან გენერალ ჩჟანის პათოსით კიდევ მრავალი
დარიგება მომცა; მარწმუნებდა, რომ ფრთხილად უნდა
ვყოფილიყავი. ბოლოს მითხრა, რომ ყველა უცხოელი
რეაქციონერისთვის, რომელსაც შევხვდებოდი, უნდა ამეხსნა,
თუ რა პროგრესს მიაღწია ტიბეტმა „გათავისუფლების“
შემდეგ. თუ ისინი არ დამიჯერებდნენ, შეეძლოთ,
ჩამოსულიყვნენ ტიბეტში და ყველაფერი საკუთარი თვალით
ენახათ. პირობა მივეცი, რომ შევეცდებოდი და ამ სიტყვებით
მოვაბრუნე ჩემი პონი მთისკენ. დაიწყო ჩვენი ხანგრძლივი

140
აღმასვლა ნისლის საბურველში, უღელტეხილის
მიმართულებით.
ნატჰუს უღელტეხილის მწვერვალზე ქვებისგან აღმართულია
დიდი პირამიდა, რომელზეც კიდია სხვადასხვა ფერის
დროშები ლოცვის ტექსტებით. ტრადიციისამებრ, თითოეულმა
ჩვენგანმა პირამიდაზე თითო ქვა დავამატეთ, ხმამაღლა
შევძახეთ: „ლჰა გიელ ლო!“ („გამარჯვება ვუსურვოთ
ღმერთებს!“) და სიკიმის სამეფოს მიმართულებით დავეშვით.
მთის მეორე მხარეს, ოდნავ ქვემოთ, ნისლში რამდენიმე
ოფიციალური პირი გველოდებოდა. აქ იყო სამხედრო
ორკესტრიც, რომელიც ტიბეტისა და ინდოეთის ეროვნულ
ჰიმნებს უკრავდა. დამხვდურთა შორის დავინახე ბატონი აპა ბ.
პანტი, ინდოეთის ყოფილი კონსული ლჰასაში, რომელსაც
სიკიმში პოლიტიკური თანამდებობა ეკავა. აქ იდგა სონამ
ტოპგიელ კაზი, სიკიმელი, რომელიც ჩემი მთელი ვიზიტის
განმავლობაში თარჯიმნობას მიწევდა; ასევე ჩემი მეგობარი
ტჰონდუპ ნამგიელი და მაჰარაჯა კუმარი.
საზღვრიდან ესკორტმა გამაცილა პატარა დასახლებამდე ტბა
ცონგოს ნაპირზე, სადაც ღამე უნდა გაგვეთია. უკვე დაბნელდა,
სქელი თოვლი იდო და ძალიან ციოდა. როცა დანიშნულების
ადგილამდე მივაღწიეთ, იქ შესანიშნავი სიურპრიზი მელოდა -
ჩემს დასახვედრად ჩამოსულიყვნენ ტაკცერ რინპოჩე და
გიელო ტჰონდუპი, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში
ნანახი არ მყავდა. ლობსან სამტენი და პატარა ტენზინ
ჩოიგიელი ჩემთან ერთად იყვნენ. ასე რომ, ეს იყო პირველი
შემთხვევა, როცა ხუთივე ძმამ ერთად მოვიყარეთ თავი.
მეორე დღეს განგტოკში, სიკიმის დედაქალაქში გავემგზავრეთ.
ჯერ პონით მივდიოდით, შემდეგ - ჯიპით; გზის უკანასკნელი
მონაკვეთი კი სიკიმის მაჰარაჯის (მეფის) კუთვნილი
ავტომობილით გავიარეთ. განგტოკში თვით სიკიმის მაჰარაჯა,
სერ ტაში ნამგიელი[15] დამხვდა. აქ პატარა ინციდენტი მოხდა,
სასეირო, მაგრამ მრავლისმეტყველი. როგორც კი ქალაქში
შევედით, ჩვენი ესკორტი შეჩერდა. უამრავ ადამიანს მოეყარა
თავი. ქალაქის ათასობით მცხოვრები გარს შემოგვერტყა, მათ
შორის სკოლის მოსწავლეები; გვესროდნენ თეთრ მანდილებს
(„ხადაკებს“), ყვავილებს და არ გვიშვებდნენ. უცებ, სად იყო და
სად არა, უცნობი ახალგაზრდა ჩინელი გამოგვეცხადა. ხმა არ
ამოუღია, ჩამოგლიჯა ტიბეტური დროშა, რომელიც

141
ავტომობილის ცალ მხარეს, სიკიმის სახელმწიფო დროშის
სიმეტრიულად ფრიალებდა, და იგი ჩინური ალმით შეცვალა.
განგტოკში ღამე გავათიეთ, დილით კი ბაგდოგრის
აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი. ამ მგზავრობაზე დიდად
სასიამოვნო მოგონება არ შემომრჩენია. ლჰასიდან წამოსული
უკვე ძალიან დავიღალე, თანაც წინა საღამოს დიდი ბანკეტი
გაიმართა. ამას ისიც დაემატა, რომ საუზმეზე ატრია ვჭამე,
ხოლო როცა ინდოეთის დაბლობისკენ ვეშვებოდით,
ავტომობილში საშინლად დაიხუთა.
აქაური თვითმფრინავი გაცილებით კომფორტული იყო, ვიდრე
ის, რომლითაც ჩინეთში მომიხდა ფრენა. ალაჰაბადში
შევჩერდით და ვისადილეთ, შემდეგ კი იმავე თვითმფრინავით
პალამის აეროპორტში, ნიუ-დელიში ჩავფრინდით. ათასი
ფუტის სიმაღლეზე გადავუფრინეთ ინდოეთის მჭიდროდ
დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებს. აქ არასოდეს
ვყოფილვარ, მაგრამ უკვე ვგრძნობდი, რა უზარმაზარი
უფსკრული იყო ინდოეთსა და ჩინეთს შორის ცხოვრების
ყაიდის თვალსაზრისით; ყოველ შემთხვევაში, ინდოეთი
გაცილებით ღია და თავისუფალი ქვეყანაა.
ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როცა ინდოეთის
დედაქალაქში დავეშვით. ჩვენს ჩასვლასთან დაკავშირებით
საპატიო ყარაული მოეწყოთ. დაგვხვდნენ პრემიერ-მინისტრი
ნერუ და ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი რადჰაკრიშნანი. აქ
ყველაფერი უფრო ფერადოვანი და საზეიმო იყო, ვიდრე
ჩინეთში; თანაც, პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი
გამოსვლა იქნებოდა ეს თუ შედარებით დაბალი რანგის
მუშაკებთან კერძო საუბარი, ყოველი სიტყვა გულწრფელობის
ნიშნით იყო აღბეჭდილი. ადამიანები იმას კი არ ამბობდნენ,
რის თქმაც ევალებოდათ; ისინი გამოხატავდნენ, რასაც
გრძნობდნენ. აქ თვალთმაქცობის ნატამალიც კი არ იყო.
აეროპორტიდან პირდაპირ რაშტრაპატჰი ბჰავანში წავედი,
ინდოეთის პრეზიდენტთან, დოქტორ რაჯენდრა პრასადთან
შესახვედრად. ეს იყო წყნარი, თავმდაბალი მოხუცი, რომელიც
ნელა, აუჩქარებლად მოძრაობდა. თავისი ადიუტანტის,
მაღალი, ფორმიანი ბრწყინვალე ოფიცრისა და პირადი დაცვის
ზორბა ტანის წევრების ფონზე ის განსაკუთრებით უფერულად
გამოიყურებოდა.

142
მეორე დღეს მდინარე ჯამნას ნაპირზე, რაჯ-გჰატის
მოსალოცად წავედი, სადაც მაჰათმა განდის კრემაცია ჩატარდა.
იქაურობა ძალიან ლამაზი იყო. სიჩუმე იდგა. ბედნიერად
ვგრძნობდი თავს, რომ ამ მიწაზე ვიდექი. მე ვიყავი სტუმარი იმ
ხალხისა, რომელიც, ჩემი თანამოძმეების მსგავსად, უცხოელთა
ბატონობის ქვეშ იტანჯებოდა; ვიმყოფებოდი ქვეყანაში,
რომელმაც მიიღო აჰიმსას პრინციპი, ძალადობის უარყოფის
მაჰათმა განდისეული ფილოსოფია. როცა აქ მდგარი
ვლოცულობდი, სევდა მომერია, რადგან საშუალება არ მომეცა,
პირადად შევხვედროდი განდის. ამავე დროს, ვგრძნობდი დიდ
სიხარულს, რომელსაც მისი ცხოვრების შესანიშნავი მაგალითი
ასაზრდოებდა. ჩემთვის იგი ყოველთვის იყო და იქნება
იდეალური პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელმაც უკიდეგანო
სიკეთის, ალტრუიზმის ღრმა რწმენა ყოველგვარ კერძო
მოსაზრებაზე მაღლა დააყენა. ასევე დარწმუნებული ვიყავი,
რომ არაძალადობრივი მოძრაობის მიმართ მისეული
ერთგულება პოლიტიკაში ერთადერთი ჭეშმარიტი გზაა.
მომდევნო რამდენიმე დღე „ბუდა ჯაიანტის“ დღესასწაულს
მიეძღვნა. სიტყვით გამოსვლისას გამოვთქვი რწმენა, რომ
ბუდას სწავლებას მოაქვს მშვიდობა არა მარტო ცალკეული
ადამიანების სულებისთვის, ის მშვიდობას ამკვიდრებს
ხალხებს შორისაც. ასევე მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა
მიმეღო დისკუსიებში განდის ბევრ მიმდევართან ერთად;
გვემსჯელა იმაზე, თუ როგორ მოახერხა ინდოეთმა,
დამოუკიდებლობისთვის არაძალადობრივი გზით მიეღწია.
ამ ქვეყანაში ჩემთვის მნიშვნელოვან ერთ დასკვნამდე მივედი:
ინდოეთში გამართული ბანკეტები და საზეიმო მიღებები,
რომლებზედაც ხშირად მიწვევდნენ, დახვეწილობით
ჩინეთისას ვერ შეედრებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, აქ
გულწრფელობის ატმოსფერო სუფევდა, რაც ხელს უწყობს
ჭეშმარიტად მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებული იყო
მოსაზრება, რომ სავსებით შესაძლებელია, ზეწოლის
საშუალებით ადამიანებს მსოფლმხედველობა შეუცვალო. ახლა
უკვე, ინდოეთის სახით, შესადარებელი ობიექტი მქონდა.
დავრწმუნდი, თუ რა მცდარი შეხედულებები ჰქონდათ
ჩინელებს. მხოლოდ ურთიერთპატივისცემის გზით,
გულწრფელ გარემოში შეიძლება ახარო მეგობრობის ნერგი.
მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანის შეგნებაზე იმოქმედო, და არა

143
ძალის გამოყენებით.
ამ დაკვირვების საფუძველზე (ასევე ერთი ძველი ტიბეტური
ანდაზის გათვალისწინებით, რომ არ ღირს პატიმრის ხელახლა
მოხვედრა იქ, საიდანაც გაქცევა მოახერხა), დავიწყე ფიქრი
იმაზე, რომ ინდოეთში დავრჩენილიყავი. გადავწყვიტე,
მესარგებლა შემთხვევით და პანდიტ ნერუსთვის
პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა. ასეც მოვიქეცი.
პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე შევხვდი. ის მაღალი, ლამაზი
კაცი იყო, რომლის ნორდიკულ ნაკვთებს კიდევ უფრო
მკაფიოდ გამოკვეთდა პატარა ქუდი, როგორსაც განდიც
იხურავდა.[16] მაოსთან შედარებით, ის ნაკლებად
თავდაჯერებული ჩანდა და დიქტატორისა არაფერი ეცხო. ის
ალალ-მართალი ადამიანი იყო. სწორედ ამიტომ მოახერხა
მოგვიანებით ჩჟოუ ენ-ლაიმ მისი მოტყუება. მე მას
დაწვრილებით ვუამბე, როგორ დაიპყრეს ჩინელებმა ჩვენი
მშვიდობისმოყვარე ქვეყანა; როგორ არ ვიყავით მომზადებული
მტრის დასახვედრად; რა სასოწარკვეთით ვცდილობდი,
ჩინელებთან მეთანამშრომლა, რადგან ვაცნობიერებდი, რომ
დამოუკიდებლობაზე ჩვენი კანონიერი უფლების აღიარებას
არც ერთი ქვეყანა არ აპირებდა. პირველად ის მისმენდა და
ზრდილობიანად მიქნევდა თავს. მაგრამ ვგონებ, ჩემი
მგზნებარე სიტყვა მისთვის მეტისმეტად გრძელი აღმოჩნდა;
გარკვეული ხნის შემდეგ მას დაეტყო, რომ ყურადღება
მოუდუნდა - იგი თითქმის აღარ მიქნევდა თავს. ბოლოს
შემომხედა და მითხრა, რომ გაიგო, რაზედაც ვლაპარაკობდი.
„მაგრამ თქვენ ერთ რამეში უნდა გაერკვეთ, - განაგრძო მან
ოდნავ გაღიზიანებული ტონით, - ინდოეთს არ შეუძლია, მხარი
დაგიჭიროთ.“ როცა ის მკაფიო, მშვენიერი ინგლისურით
ლაპარაკობდა, ქვედა ტუჩი უთრთოდა. რაც მითხრა, ძალიან
ცუდი იყო, მაგრამ სრულიად მოულოდნელიც არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ ნერუმ კარგად ამიხსნა, როგორი იყო
მისი პოზიცია, მე ლაპარაკი გავაგრძელე და ვუთხარი, რომ
ვფიქრობდი, ინდოეთში პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა.
ის ისევ შემეწინააღმდეგა: „თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს
ქვეყანაში და სცადოთ, ითანამშრომლოთ ჩინელებთან
„ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების“ საფუძველზე“. მე არ
დავეთანხმე და ვუპასუხე, რომ უკვე ყველაფერი ვცადე, რისი
გაკეთებაც შეიძლებოდა; ისიც დავძინე, რომ ყოველთვის,
როგორც კი ვიფიქრებდი, ჩინელი ხელისუფალნი ამჯერად

144
მაინც გაგებით მოეკიდებოდნენ ტიბეტელების ინტერესებს,
იმედი მიცრუვდებოდა. ახლა კი მდგომარეობა აღმოსავლეთ
ტიბეტში იმდენად გაუარესდა, ვშიშობდი, ამას პასუხად
მასობრივი ძალმომრეობა არ მოჰყოლოდა, რაც, შესაძლოა,
მთელი ერის განადგურებით დასრულებულიყო. როგორ
შემეძლო, დამეჯერებინა, რომ „ჩვიდმეტპუნქტიანი
შეთანხმება“ ძალაში დარჩებოდა?
ბოლოს ნერუმ მითხრა, რომ პირადად გაესაუბრებოდა ამ
თემაზე ჩჟოუ ენ-ლაის, რომელიც ინდოეთში სწორედ მეორე
დღეს უნდა ჩამოსულიყო. ის ევროპაში მიემგზავრებოდა და აქ
გზად შეჩერდებოდა. ნერუ ასევე შემპირდა, რომ ჩინეთის
პრემიერ-მინისტრს შემახვედრებდა.
პანდიტ ნერუმ სიტყვა შეასრულა და დილით მასთან ერთად
პალამის აეროპორტში წავედი. ზემოხსენებულ შეხვედრაზე ის
იქვე მოელაპარაკა ჩჟოუს. საღამოს ერთმანეთს შევხვდით. ჩემი
ძველი ნაცნობი ისევ ისეთი იყო, როგორიც მახსოვდა -
მომხიბვლელი, გულითადი და ვერაგი. მაგრამ მას ეშმაკურ
თამაშებში არ ავყოლივარ, პირდაპირ ვუთხარი, რომ
შეშფოთებული ვიყავი ჩინელ ხელისუფალთა მოქმედებით
აღმოსავლეთ ტიბეტში; აღვნიშნე, თუ რა მნიშვნელოვანი
განსხვავება იყო ინდოეთის პარლამენტსა და ჩინეთის
სახელმწიფო სისტემას შორის. პირველი გულისხმობს
ინდოელი ხალხის თავისუფლებას, გამოხატოს თავისი
გრძნობები, გააკრიტიკოს თავისი მთავრობა, თუკი ამას
საჭიროდ მიიჩნევს. როგორც ყოველთვის, სანამ მიპასუხებდა,
ჩჟოუმ ყურადღებით მომისმინა. მისი ყოველი სიტყვა თითქოს
სმენას ელამუნებოდა: „თქვენ ჩინეთში ჯერ კიდევ პირველი
ასამბლეის დროს იყავით, - მითხრა მან, - იმის შემდეგ უკვე
მეორე ასამბლეა ჩატარდა და ყველაფერი მნიშვნელოვნად
შეიცვალა უკეთესობისკენ.“ მისი არ მჯეროდა, მაგრამ
შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. შემდეგ მან თქვა, რომ ყური
მოუკრავს, თითქოს ინდოეთში დარჩენას ვფიქრობდი. „ეს
შეცდომა იქნებოდა, - გამაფრთხილა მან, - თქვენ თქვენს
ქვეყანას სჭირდებით“. შეიძლება ეს მართალი იყო, მაგრამ
ფაქტია, რომ ჩვენ ვერც ერთი საკითხი ვერ მოვაგვარეთ.
ტაკცერ რინპოჩეც და გიელო ტჰონდუპიც შეხვდნენ ჩჟოუ ენ-
ლაის („ჩიუ ენდ ლაი“ (Chew and lie - ინგლ. „იფიქრე და იცრუე“)
- ასეთი მეტსახელით მოიხსენია იგი ერთმა ინდურმა გაზეთმა

145
დელიში მისი ყოფნის დროს). ჩემი ძმები ჩემზე გაცილებით
გულახდილები იყვნენ და განუცხადეს, რომ არავითარი
სურვილი არ ჰქონდათ, ლჰასაში დაბრუნებულიყვნენ; თუმცა
ჩჟოუ დაჟინებით სთხოვდა მათ, ეს გაეკეთებინათ.
ამასობაში, როგორც იქნა, ინდოეთის წმინდა ადგილების
მოსალოცად გავემგზავრე. ვცდილობდი, ამ დროის
განმავლობაში ყოველგვარი პოლიტიკა თავიდან ამომეგდო.
სამწუხაროდ, სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა,
მომეშორებინა შემაშფოთებელი ფიქრები ჩემი ქვეყნის
მომავალზე.
პანჩენ ლამა, რომელიც ამ მოგზაურობაში ჩემ გვერდით იყო,
ჩვენი საშინელი მდგომარეობის მკაფიო ილუსტრაციას
წარმოადგენდა. ეს ის კეთილი და თავმდაბალი ბიჭი აღარ
გახლდათ, რომელსაც ადრე ვიცნობდი; გამუდმებულმა
ზეწოლამ ჩინელების მხრიდან, რასაც მისი ჯერ კიდევ
ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ცნობიერება განიცდიდა,
თავისი საქმე გააკეთა.
მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, მქონდა რამდენიმე
მომენტი, როცა შევძელი, მთელი არსებით მივცემოდი
ყოვლისმომცველი სიხარულისა და მოწიწების გრძნობას; ეს
იყო მაშინ, როცა შემოვიარე მთელი ინდოეთი სანჩიდან
აჯანტემდე; როცა მოვინახულე ბოდჰ-გაია და სარნატჰი.
ვგრძნობდი, რომ ჩემს სულიერ სამშობლოში დავბრუნდი.
აუხსნელი შეგრძნება დამეუფლა - ყველა ეს ადგილი საოცრად
ნაცნობი იყო ჩემთვის.
ბიჰარში ვეწვიე ნალანდას, წარსულში ყველაზე დიდსა და
ყველაზე ცნობილ ბუდისტურ უნივერსიტეტს, რომლისგანაც
მხოლოდ ნანგრევები შემორჩა. აქ მიიღო განათლება ბევრმა
ტიბეტელმა სწავლულმა; ახლა კი, როცა საცოდავად მიყრილი
ქვების გროვებს შევყურებდი (ესღა დარჩენილიყო ბრძნული
ბუდისტური ფილოსოფიის აკვნისგან), სულ უფრო მეტად
ვრწმუნდებოდი, თუ რაოდენ სწორია სწავლება
ცვალებადობის, წარმავლობის შესახებ.
ბოლოს ჩავედი ბოდჰ-გაიაში. უზომოდ ვღელავდი, რადგან
ფეხი დავადგი მიწას, სადაც ბუდამ გასხივოსნებას მიაღწია.
მაგრამ ჩემი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. იქ ჩემი
თანმხლები ჩინელი ჩინოვნიკების წერილი მივიღე, რომელიც

146
იუწყებოდა, რომ ჩჟოუ ენ-ლაი დელიში ბრუნდებოდა და ჩემი
ნახვა სურდა. შემდეგ, უკვე სარნატჰში ჩასულს დეპეშა
მომივიდა გენერალ ჩჟან ძინ-უსგან, რომელიც ლჰასაში
დაუყოვნებლივ დაბრუნებას „მთავაზობდა“. „მოღალატე
რეაქციონერები და იმპერიალისტების ხელშემწყობნი
გადატრიალებას გეგმავენ. ამიტომ თქვენი აქ ყოფნა უაღრესად
აუცილებელია“, - იტყობინებოდა იგი. დელიში დავბრუნდი.
სადგურში ჩინეთის ელჩი დამხვდა. მან მითხრა, რომ მისივე
მანქანით საელჩოში უნდა გავყოლოდი. ამ ამბავმა ძალიან
შეაშფოთა ჩემი ჰოფმაისტერი და პირადი მცველი. საელჩოში
ჩჟოუ ენ-ლაის შევხვდი. ჰოფმაისტერი და მცველი შეშინდნენ,
რომ მე მომიტაცებდნენ; ამიტომ საელჩოში მივიდნენ. მათ არ
სჯეროდათ, რომ იქ ვიყავი და თანამშრომელს სთხოვეს,
ჩემთვის სვიტერი გადმოეცა, რათა მის რეაქციას
დაჰკვირვებოდნენ. ამასობაში ჩჟოუ გულახდილად მესაუბრა.
მან მითხრა, რომ ტიბეტში სიტუაცია გაუარესდა და ჩინეთის
ხელისუფლება მზად იყო, ნებისმიერი სახის სახალხო
აჯანყების ჩასახშობად ძალა გამოეყენებინა.
მას კვლავ განვუცხადე, რომ შეშფოთებული ვიყავი იმ კურსის
გამო, რომელსაც მიჰყვებოდნენ ჩინელები ტიბეტში;
გვაიძულებდნენ, მიგვეღო ჩვენთვის არასასურველი
რეფორმები, თუმცა ბევრჯერ არაორაზროვნად დადეს პირობა,
რომ ასეთ რამეს არ გააკეთებდნენ. ის, როგორც ყოველთვის,
სასიამოვნო ღიმილით მპასუხობდა, თავმჯდომარე მაო ამბობს,
ექვს წელიწადს მაინც ტიბეტში არავითარი რეფორმები არ
გატარდებაო. და თუკი მაშინაც არ ვიქნებით ამისთვის მზად,
მათ შეუძლიათ, ეს საქმე ორმოცდაათი წლით გადადონ (თუ
ამას საჭიროება მოითხოვს). ჩინეთს ხომ მხოლოდ ჩვენი
დახმარება უნდა.
ის ხედავდა, რომ ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო. ამიტომ თემა
შეცვალა და მითხრა, რომ ხვდებოდა - მე მინდოდა,
კალიმპონგს ვწვეოდი. ეს სიმართლე იყო. მთხოვეს, იქ
მცხოვრებ ტიბეტური წარმოშობის მრავალრიცხოვან
მოსახლეობასთან ბუდიზმის შესახებ მესაუბრა. ჩჟოუ
დაჟინებით მირჩევდა, ეს არ გამეკეთებინა, რადგან იქაურობა
თურმე „ჯაშუშებითა და რეაქციონერული ელემენტებით იყო
სავსე“. მან დასძინა, რომ ინდოელ ოფიციალურ პირებს დიდი
სიფრთხილით უნდა მოეკიდო: მათი ნაწილი საიმედოა, მაგრამ
ნაწილი - საშიში. შემდეგ ჩჟანი სხვა საკითხზე გადავიდა. მან

147
მკითხა, ხომ არ დავთანხმდებოდი, დავბრუნებულიყავი
ნალანდაში, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
წარმომადგენელი, და ადგილობრივი ორგანიზაციისთვის
გადამეცა ფულადი ქვითარი და ჩამეტანა ტან-სიენის, ჩინელი
სასულიერო ოსტატის ნეშტი. ვიცოდი, რომ ამ ცერემონიას
პანდიტ ნერუ დაესწრებოდა. ამიტომ დავთანხმდი.
როცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შევხვდი, მას თან ჰქონდა
„ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების“ ეგზემპლარი. ის ისევ
მარწმუნებდა, დავბრუნებულიყავი ტიბეტში და ჩინეთის
ხელისუფლებასთან „შეთანხმების“ საფუძველზე
მეთანამშრომლა. „ამას არავითარი ალტერნატივა არა აქვს, -
მითხრა მან და დასძინა, რომ საკუთარ მოვალეობად თვლიდა,
მკაფიოდ გამოეხატა თავისი მოსაზრება - ინდოეთს არ შეეძლო
რაიმე სახის დახმარება აღმოეჩინა ტიბეტისთვის. მან
გამომიცხადა, რომ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ჩჟოუ
ენ-ლაიმ მირჩია; კალიმპონგში არ დავყოვნებულიყავი და
ლჰასაში დავბრუნებულიყავი. მაგრამ როცა მიხვდა, რომ
კალიმპონგში გამგზავრებას არ გადავთქვამდი, უცებ აზრი
შეიცვალა. „ინდოეთი, რაც არ უნდა იყოს, თავისუფალი
ქვეყანაა, - თქვა მან, - ამით თქვენ მის რომელიმე კანონს არ
დაარღვევთ“. შემდეგ შემპირდა, რომ ამ ვიზიტისათვის საჭირო
განკარგულებებს გასცემდა.
როცა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად კალკუტაში
მატარებლით გავემგზავრე, 1957 წლის თებერვალი იდგა.
მახსოვს, დედაჩემმა, რომელიც არავითარ პირობითობას არ
ცნობდა და თავისუფლად მოქმედებდა, გზაზე პატარა ღუმელი
იშოვა და უგემრიელესი „ტჰუგპუ“ (ტრადიციული ტიბეტური
წვნიანი ატრიით) მოამზადა. დასავლეთ ბენგალიის
დედაქალაქში რამდენიმე დღეს გავჩერდით, შემდეგ კი
გადავფრინდით ჩრდილოეთში, ბაგდოგრაში, სადაც ინდოეთის
დაბლობის მზიან ველებს ჰიმალაის მთების კლდოვანი
განტოტებები ენაცვლება. გზის ბოლო მონაკვეთი ჯიპით
გავიარეთ. როცა კალიმპონგში ჩავედით, სწორედ იმ სახლში
გავჩერდი, რომელშიც ჩემი წინამორბედი ცხოვრობდა ხოლმე,
როცა ინდოეთში იყო გამოქცეული. ბინაც სწორედ მის ოთახში
მიმიჩინეს. უცნაური დამთხვევა იყო - პოლიტიკური
თვალსაზრისით, მასავით მძიმე მდგომარეობაში მყოფი, იმავე
სახლში მოვხვდი. ეს სახლი ბუტანის პრემიერ-მინისტრს
ეკუთვნოდა, რომელიც შემდგომში მოკლეს. ამ

148
სტუმართმოყვარე ოჯახს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა. ყველაზე
უმცროსი დიდ ინტერესს იჩენდა ჩემ მიმართ. ჩემს ოთახში ისე
შემოიხედავდა, გეგონებოდა, ამოწმებდა, რამე ხომ არ
მჭირდებოდა, მერე კი სიცილ-კისკისით ჩასრიალდებოდა კიბის
მოაჯირზე.
მალე აქ შევხვდი ლუკჰანგვას, ჩემს ყოფილ პრემიერ-
მინისტრს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოსულიყო ლჰასიდან
წმინდა ადგილების მოსალოცად. მისი ნახვა ძალიან გამიხარდა.
საუბრის დაწყებისთანავე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ის
კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტიბეტში ჩემს
დაბრუნებას. მას ეთანხმებოდა ჩემი ორი ძმაც (ისინიც
ჩამოვიდნენ კალიმპონგში) და სამივენი ერთად ცდილობდნენ
ჩემს დარწმუნებას. მათ ასევე ერთობლივად სთხოვეს კაშაგს,
ჩემთვის დაბრუნების უფლება არ მოეცა. სანამ ტაკცერ
რინპოჩე და ლობსან სამტენი ბოდჰ-გაიაში იყვნენ, კონტაქტი
დაამყარეს ზოგიერთ ინდოელ პოლიტიკოსთან, რომლებიც
თანაგვიგრძნობდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ჯაია პრაკაშ
ნარაიანი, გვპირდებოდა, რომ, როგორც კი ხელსაყრელი
შემთხვევა მიეცემოდათ, ინდოეთი ხმას აღიმაღლებდა
ტიბეტის თავისუფლების დასაცავად. ჩემი ძმები, ლუკჰანგვა
და ზოგიერთი სხვაც მიიჩნევდნენ, რომ ეს თუ მოხდებოდა,
ნერუ იძულებული შეიქნებოდა, ტიბეტის
დამოუკიდებლობისთვის მხარი დაეჭირა. გარდა ამისა,
ინდოეთს ხელს არ აძლევდა, რომ მის ჩრდილოეთის
საზღვარზე ჩინეთის ჯარები იმყოფებოდნენ. მაგრამ მე ამის არ
მჯეროდა. მაინტერესებდა, რას ფიქრობდა ნგაბო ნგავანგ
ჯიგმე (მეთაური იმ დელეგაციისა, რომელიც აიძულეს,
„ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებაზე“ მოეწერა ხელი). ისიც
ჩემთან ერთად იყო კალიმპონგში. მისი თქმით, ინდოეთში ჩემს
დარჩენას იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, კონკრეტული
გეგმის წამოყენების შესაძლებლობა რომ გვქონოდა. რაკი
მოქმედების გარკვეული გეზი არ გაგვაჩნდა, ტიბეტში
დაბრუნების იდეას ალტერნატივა არ მოეპოვებოდა.
კონსულტაცია გავიარე ორაკულებთანაც. დალაი ლამას
შეუძლია, რჩევა სამ მთავარ ორაკულს ჰკითხოს. მათგან ორნი,
ნეჩუნგისა და გადონგის ორაკულები, კალიმპონგში იყვნენ.
ორივემ თქვა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. როცა ერთ-ერთი
კონსულტაციის დროს ლუკჰანგვა შემოვიდა, ორაკული ძალიან
გაბრაზდა და უბრძანა, გარეთ დარჩენილიყო (ეტყობოდა,

149
იცნობდა ყოფილი პრემიერის მოსაზრებას). მაგრამ ლუკჰანგვას
მისთვის ყურადღება არ მიუქცევია და იქვე ჩამოჯდა.
მოგვიანებით ის მოვიდა ჩემთან და ასეთი რამ მითხრა: „როცა
ადამიანები სასოწარკვეთილნი არიან, ისინი რჩევას ღმერთებს
ეკითხებიან. ხოლო როცა ღმერთები ეძლევიან
სასოწარკვეთილებას, ისინი სიმართლეს არ ამბობენ!“
ჩემი ორი ძმის გადაწყვეტილება ურყევი იყო - მე ტიბეტში არ
უნდა დავბრუნებულიყავი. ისინი, როგორც ლუკჰანგვა,
ძლიერი პიროვნებები იყვნენ და დარწმუნების ნიჭი ჰქონდათ.
არც ერთ მათგანს არ ესმოდა, რატომ ვიყავი ასეთი გაუბედავი.
მათი აზრით, როცა თვით ტიბეტელი ერის არსებობას
ემუქრებოდა საფრთხე, აუცილებელი იყო, ჩინელებს
ნებისმიერი საშუალებით აღვდგომოდით წინ. ამისთვის კი,
მიიჩნევდნენ ისინი, საუკეთესო გზა ინდოეთში ჩემი დარჩენა
იყო. მაშინ შესაძლებელი გახდებოდა, საზღვარგარეთის
ქვეყნებისთვის დახმარება გვეთხოვა, რის მიღებაც ასე უფრო
გაადვილდებოდა. ამ ადამიანებს სწამდათ, რომ ამერიკა
აუცილებლად უნდა დაგვდგომოდა მხარში. მიუხედავად
იმისა, რომ მაშინ დღის წესრიგში არ იდგა ჩინელების
წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის საკითხი, ჩემი ძმები
უჩემოდ დაუკავშირდნენ ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო
სამმართველოს. ამერიკელები, უდავოდ, მიიჩნევდნენ, რომ
ტიბეტელებისთვის განმათავისუფლებელ ბრძოლაში
შეზღუდული სახის დახმარება უნდა აღმოეჩინათ - არა
იმიტომ, რომ ტიბეტის დამოუკიდებლობაზე ზრუნავდნენ; ეს
კომუნისტურ მთავრობათა დესტაბილიზაციის მსოფლიო
პროგრამის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ამ მიზნით
ისინი პარტიზანებს თვითმფრინავებიდან ცეცხლსასროლ
იარაღს უყრიდნენ. ამერიკელები ასევე გეგმავდნენ, რომ
ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ზოგიერთი
მათგანისთვის პარტიზანული ომის წარმოების ტექნიკა
ესწავლებინა, მერე კი ისინი პარაშუტებით ჩამოესხა ტიბეტში.
ბუნებრივია, ჩემმა ძმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს, ეს
ინფორმაცია ჩემთვის გაემხილათ. მათ იცოდნენ, როგორი
რეაქცია მექნებოდა. როცა მათ ავუხსენი, რომ მესმოდა
წარმოდგენილი საბუთების ლოგიკა, მაგრამ არ შემეძლო მათი
მიღება, გიელო ტჰონდუპი ნელ-ნელა აენთო. ის იყო და
დღემდე რჩება ყველაზე თავგამოდებულ პატრიოტად ჩემს
ძმებში. ძლიერი ხასიათი აქვს, მაგრამ მისი მიზანსწრაფულობა

150
ხანდახან სიჯიუტემდე მიდის. ის საოცრად გულკეთილია.
მახსოვს, დედა რომ გარდაგვეცვალა, გულამოსკვნილი
ტიროდა. ტაკცერ რინაპოჩე უფრო რბილია, ვიდრე გიელო
ტჰონდუპი, მაგრამ მისი სიმშვიდისა და გარეგნული
მხიარულების მიღმა ძლიერი და უდრეკი ხასიათი იმალება.
კრიტიკულ მომენტში მას შეიძლება ენდო, მაგრამ მაშინ
ძალიან გაღიზიანებული იყო. საბოლოო ჯამში, მათ ჩემი
დარწმუნება ვერ მოახერხეს. გადავწყვიტე, ტიბეტში
დავბრუნებულიყავი, როგორც ამას ნერუ მირჩევდა, რის
პირობასაც ჩჟოუ ენ-ლაი მაძლევდა. ამით ჩინელებს
უკანასკნელ შანსს მივცემდი, თავიანთი მოვალეობები
შეესრულებინათ.
კალიმპონგიდან წამოსული, იძულებული გავხდი, განგტოკში
მთელ თვეს დავყოვნებულიყავი, სანამ ნატჰუს უღელტეხილი
გაიხსნებოდა. მაგრამ ამას სულაც არ ვნანობდი. ვისარგებლე
შემთხვევით, ადგილობრივ მოსახლეობას შევხვედროდი და
მათთან რელიგიურ თემებზე მესაუბრა.
ბოლოს, 1957 წლის მარტის მეორე ნახევარში,
გულდამძიმებულმა ავიღე გეზი ლჰასისკენ. ვდარდობდი იმის
გამოც, რომ ბოლო მომენტში ლობსან სამტენმა მიიღო
გადაწყვეტილება, ინდოეთში დარჩენილიყო, რადგან ცოტა
ხნის წინ გადატანილი აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ თავს
ცუდად გრძნობდა. როცა საზღვარი გამოჩნდა და ინდოელ
მეგობრებს გამოვემშვიდობე (ყველანი ტიროდნენ), სულით
მთლად დავეცი. სხვადასხვა ფერის ტიბეტურ დროშებს შორის,
რომლებზეც ლოცვების ტექსტები ეწერა, ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის სისხლივით წითელი, სულ მცირე, თორმეტი
დიდი დროშა მაინც ფრიალებდა. ის ფაქტი, რომ ჩემს
დასახვედრად გენერალი ძინ ჟაო-ჟენი ჩამოვიდა, სრულებით
ვერ მანუგეშებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის კარგი და
გულწრფელი ადამიანი იყო, მასში მხოლოდ სამხედროფორმიან
კაცს ვხედავდი და მეტს ვერაფერს.

გაქცევა სამშობლოდან
ტიბეტის მხარეს რომ გადავედი, ლჰასისკენ მიმავალმა გავიარე
დრომო, გიანცზე და შიგაცზე. ყველა ამ ქალაქში გამოვდიოდი

151
ხალხის დიდი თავყრილობების წინაშე, რომელზეც
ტიბეტელებსაც ვიწვევდი და ჩინელებსაც. როგორც წესი,
მოკლე რელიგიურ ქადაგებას მოვაყოლებდი საუბარს საქვეყნო
საქმეებზე. ამ დროს ყველანაირად ვცდილობდი, ხაზი გამესვა,
რომ ტიბეტელებს ჩინეთის ხელისუფლებისადმი
დამოკიდებულებაში პატიოსნება და სამართლიანობა უნდა
გამოეჩინათ. ყოველი მათგანი ვალდებული იყო,
გამოესწორებინა შეცდომები, როცა მათ შეამჩნევდა
(მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ დაუშვა ისინი). ასევე
ვარწმუნებდი ჩემს ხალხს, მკაცრად დაეცვათ
„ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების“ პრინციპები; ვუყვებოდი
ჩემს საუბრებზე ნერუსთან და ჩჟოუ ენ-ლაისთან;
ვეუბნებოდი, რომ ამ წლის თებერვლის პირველ კვირაში
თავმჯდომარე მაომ სახალხოდ აღიარა, რომ ტიბეტი ჯერ მზად
არ იყო რეფორმებისთვის. ბოლოს შევახსენებდი ჩინელების
განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი ტიბეტში ტიბეტელების
დასახმარებლად იმყოფებოდნენ. ჩემი ლოგიკა ასეთი იყო -
თუკი ვინმე ხელისუფლების წარმომადგენელთაგან უარს
ამბობდა თანამშრომლობაზე, ის კომუნისტური პარტიის
საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მერე კი დავძენდი: დაე,
სხვებმა ხოტბა-დიდება აღავლინონ, ჩვენ კი, საკუთრივ
თავმჯდომარე მაოს მითითების თანახმად,
თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ამ დროს იქ დამსწრე
ჩინელები თავს უხერხულად გრძნობდნენ.
ამრიგად, ვცდილობდი, დამერწმუნებინა ჩემი ქვეყნის ხალხი,
რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათთვის, რაც კი შემეძლო;
იმასაც ვცდილობდი, გამეფრთხილებინა ჩვენი ახალი
„პატრონები“, რომ ამიერიდან უკანონობის ყველა შემთხვევა
დაუყოვნებლივ გამოვლინდებოდა. თუმცა ჩემს იძულებით
ოპტიმიზმს გზად ყოველ გაჩერებაზე ახალ დარტყმას აყენებდა
აღმოსავლეთში ფართოდ გაჩაღებული ბრძოლის შესახებ
მიღებული ცნობები. შემდეგ ჩემთან მოვიდა გენერალი ტან
კუან-სენი, პოლიტიკური კომისარი და მთხოვა, ჩემი
წარმომადგენელი გამეგზავნა, რომ თავისუფლებისთვის
მებრძოლთათვის შემეთავაზებინა, იარაღი დაეყარათ. ვინაიდან
ეს ჩემს გეგმებშიც შედიოდა, მათთან მოლაპარაკებებზე ერთ-
ერთი ლამა გავგზავნე. მაგრამ ისინი არ დათანხმდნენ. როცა
1957 წლის აპრილში ლჰასას მივაღწიე, უკვე ვიცოდი, რომ
მთელ ტიბეტში სიტუაცია არც ჩინელების და არც ჩემს

152
კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
შუა ზაფხულისათვის მთელ კჰამსა და ამდოში საომარი
მოქმედებები მიმდინარეობდა. რიცხვი თავისუფლებისათვის
მებრძოლებისა, რომლებსაც ვინმე გომპო ტაში მეთაურობდა,
დღითი დღე იზრდებოდა. ისინი სულ უფრო თავხედურ
თავდასხმებს ახორციელებდნენ. ჩინელებიც, თავის მხრივ,
დიდ თავშეკავებას არ იჩენდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი
ქალაქებსა და სოფლებს ბომბავდნენ, მთელი ეს რეგიონი
გამანადგურებელი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.
ყოველივე ამის შედეგად კჰამიდან და ამდოდან ათასობით
ადამიანი გარბოდა ლჰასაში და ქალაქის მახლობელ ველზე
ბანაკდებოდა. ისინი ისეთ საზარელ ამბებს ჰყვებოდნენ, მათი
დაჯერება წლების განმავლობაში ვერ შევძელი. მეთოდები,
რომლებსაც ჩინელები მოსახლეობის დასაშინებლად
იყენებდნენ, იმდენად საზიზღარი იყო, წარმოდგენაც კი
მიჭირდა. რაც მესმოდა, ბოლომდე მხოლოდ 1959 წელს
ვირწმუნე, როცა იურისტების საერთაშორისო კომისიის
ანგარიში წავიკითხე: ჩინელებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო
დასჯის ისეთი ფორმები, როგორიცაა ჯვარზე გაკვრა,
ვივისექცია, მუცლის გაფატვრა, კიდურების მოკვეთა,
ცოცხლად დამარხვა, დაწვა, ცემით სიკვდილამდე მიყვანა; აღარ
ვლაპარაკობ იმაზე, რომ ადამიანებს აბამდნენ ცხენის კუდზე,
თავით ქვემოთ, ყინულივით ცივ წყალში ხელფეხშეკრულებს
ყრიდნენ. სიკვდილით დასასჯელად მიმავალთ ენაში ყასბის
კაუჭებს უყრიდნენ, რომ არ ეყვირათ: „გაუმარჯოს დალაი
ლამას!“
რაკი უბედურების მოახლოებას ცხადად ვხედავდი,
განვაცხადე, რომ ჩემი უკანასკნელი გამოცდებისთვის მზად
ვიქნებოდი 1959 წლის მონლამის დღესასწაულისათვის,
თვრამეტი თვის შემდეგ. ვიცოდი, რომ სწავლა-განათლება, რაც
შეიძლება, სწრაფად უნდა დამესრულებინა და დრო არ
დამეკარგა. ამავე დროს, მოუთმენლად ველოდი ლჰასაში
პანდიტ ნერუს ჩამოსვლას, რომელმაც მიიღო ჩემი მოწვევა
(რასაც თავაზიანად დაეთანხმა ჩინეთის ელჩი),
მოენახულებინა ტიბეტი მომდევნო წელს. ვიმედოვნებდი,
ნერუს აქ ყოფნა ჩინეთის ხელისუფლებას აიძულებდა,
მართვის ცივილიზებულ ფორმებზე გადასულიყო.
ამ დროს ცხოვრება დედაქალაქში თითქმის ისეთივე იყო,

153
როგორიც ექვსი წლის წინ, როცა აქ პირველად გამოჩნდნენ
ჩინელები, თუმცა თავად ისინი გაცილებით აგრესიულები
გახდნენ. ახლა გენერლები ჩემთან მხოლოდ შეიარაღებულები
მოდიოდნენ. მაგრამ აშკარად კი არ ატარებდნენ თავიანთ
პისტოლეტებს, ტანსაცმლის ქვეშ მალავდნენ. ამიტომ
უკიდურესად უხერხულ პოზაში ისხდნენ ხოლმე. იარაღის
ლულა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. როცა ისინი
ლაპარაკობდნენ, კვლავ ჩვეულ დაპირებებს იძლეოდნენ,
მაგრამ ამ დროს სახე წამოუჭარხლდებოდათ, რაც იმის ნიშანი
იყო, რომ სიმართლეს არ ამბობდნენ.
მოსამზადებელი კომიტეტის წევრებიც რეგულარულად
იკრიბებოდნენ, რომ დოკუმენტებში ყოვლად უაზრო
შესწორებები შეეტანათ. უბრალოდ, გასაოცარია, რა შორს
წავიდა ჩინეთის ხელისუფლება; როგორი ფასადი მოიპირკეთა,
რომლის მიღმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზიზღარ
საქმეებს სჩადიოდა. ვგრძნობდი, თუ გადავდგებოდი (ამ
საკითხს მართლაც განვიხილავდი), ან პირდაპირ გამოვიდოდი
ჩინელების წინააღმდეგ, ამას სრულიად გამანადგურებელი
შედეგები მოჰყვებოდა. ვერ დავუშვებდი, რომ ლჰასას ან
ტიბეტის სხვა რეგიონებს, რომლებიც სისხლისღვრას ჯერ
კიდევ არ მოეცვა, ასეთივე ხვედრი გაეზიარებინა.
აღმოსავლეთში უკვე, სულ მცირე, 150 000 კარგად გაწვრთნილი
ჩინელი ჯარისკაცი იდგა, რომელთათვისაც ტიბეტს შეეძლო
მხოლოდ მხედრების ან მთიელი მებრძოლების
არაორგანიზებული ჯგუფები დაეპირისპირებინა. რაც მეტს
ვფიქრობდი მომავალზე, მით უფრო ნაკლები იმედი მრჩებოდა.
მეჩვენებოდა, რომ, რაც არ უნდა გამეკეთებინა მე ან ჩემს
რომელიმე თანამემამულეს, ადრე თუ გვიან, ტიბეტი ჩინეთის
ახალი იმპერიის ვასალურ შტატად გადაიქცეოდა, რომელიც
მოკლებული იქნებოდა ყოველგვარ რელიგიურ და
კულტურულ თავისუფლებას, რომ არაფერი ვთქვათ სიტყვის
თავისუფლებაზე.
ნორბულინგკაში, სადაც ახლა მუდმივად ვცხოვრობდი,
თითქმის ყველაფერი ძველებურად რჩებოდა. ათასობით
მოოქრული ბუდა, რომლებსაც ურიცხვი კანდელის რბილი
ათინათები ეცემოდა, წარმოადგენდა იმის ტკივილიან
შეხსენებას, რომ ჩვენ წარმავლობისა და ილუზიის სამყაროში
ვცხოვრობთ. ჩემი გრაფიკი თითქმის ისეთივე იყო, როგორიც
ყოველთვის; თუმცა ახლა უფრო ადრე ვდგებოდი (როგორც

154
წესი, ხუთი საათისთვის), რომ დილის პირველ ნახევარში
მელოცა და წმინდა ტექსტები დამოუკიდებლად მესწავლა.
მოგვიანებით მოდიოდა ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი, რომ
ჩემ მიერ წაკითხული ტექსტები განგვეხილა. შემდეგ
შემოგვიერთდებოდა ერთ-ერთი ცენშაპი (ისინი ახლა ოთხნი
იყვნენ). ჩემი დღის უმეტესი ნაწილი დისპუტს ეთმობოდა,
რადგან ამ გზით გამოცდა უნდა ჩამებარებინა როგორც წესი,
განსაზღვრულ დღეებში პუჯას ვუძღვებოდი (ძღვნის შეწირვის
ცერემონიას) ერთ-ერთ სამლოცველო შენობაში, რომლებიც
სასახლეში მრავლად იყო.
თავად ლჰასა ჩინელების შემოჭრის შემდეგ შესამჩნევად
შეიცვალა. კომუნისტი მოღვაწეებისა და მათი ხელქვეითების
განთავსების მიზნით მთელი ახალი რაიონი ჩამოყალიბდა.
უკვე შეიმჩნეოდა თანამედროვე ჩინური ქალაქის ნიშნები,
ქალაქისა, რომელიც, ერთხელაც იქნებოდა, უძველეს
დედაქალაქს შთანთქავდა. ჩინელებმა ააშენეს საავადმყოფო
და ახალი სკოლა (თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ
ტიბეტის მოსახლეობას ამით დიდი ხეირი არ უნახავს) და
რამდენიმე ახალი ყაზარმა. გარდა ამისა, სიტუაციის
გაუარესების გამო სამხედროებმა თავიანთი კვარტალების
ირგვლივ ტრანშეების თხრა დაიწყეს და მათ ქვიშით სავსე
ტომრებით ამაგრებდნენ. ამ საქმის საკეთებლად ჩინელები
ახლა ჯგუფ-ჯგუფად გამოდიოდნენ, თუმცა ადრე საკმაოდ
უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, თუ წყვილ-წყვილად იყვნენ
(მაგრამ თითო-თითოდ მაინც არ მუშაობდნენ). მე ნაკლებად
ვამყარებდი კონტაქტს გარესამყაროსთან. საზარელი
ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ჩემი დამლაგებლები და
ჩინოვნიკები მაწვდიდნენ.
1958 წლის გაზაფხულზე ნორბულინგკას ახალ სასახლეში
გადავედი საცხოვრებლად, რადგან არსებობდა ტრადიცია,
რომლის მიხედვითაც თითოეული მორიგი დალაი ლამა
საძირკველს უყრიდა საკუთარ შენობას „ძვირფას პარკში“.
სხვათა სახლების მსგავსად, ჩემიც დიდი არ იყო და მხოლოდ
საცხოვრებლის ფუნქცია ეკისრებოდა. თუმცა რაც მას
გამოარჩევდა, ეს იყო თანამედროვე მოწყობილობები. მე
მქონდა თანამედროვე რკინის საწოლი ძველი ხის ყუთის
ნაცვლად, სააბაზანო წყალგაყვანილობითა და კანალიზაციით.
დააყენეს ასევე წყლის გათბობის ბატარეები, მაგრამ,
სამწუხაროდ, ნორბულინგკიდან იმაზე ადრე მომიხდა

155
წამოსვლა, ვიდრე ისინი ამუშავდებოდა. ორივე სართულზე
ელექტრობა გაიყვანეს. ჩემს ოთახში, ტრადიციული ტიბეტური
ბალიშების ნაცვლად, უცხოელ სტუმრებს თავი უფრო
კომფორტულად რომ ეგრძნოთ, სავარძლები და მაგიდები
დაიდგა. აქ იყო ასევე დიდი რადიომიმღები, რამდენადაც
მახსოვს, ინდოეთის მთავრობის საჩუქარი. ძალიან კარგი
სახლი გამოვიდა. ეზოში პატარა გუბურა და ლამაზი ალპური
გორაკები იყო; ასევე ბაღი, რომლის გაშენებასაც პირადად
ვუწევდი მეთვალყურეობას. ლჰასაში ყველაფერი კარგად
ხარობდა. მალე იქაურობა მთლად გადამწვანდა. მოკლედ, იქ
ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ეს დიდხანს არ
გაგრძელებულა.
შეიარაღებული ბრძოლა, რომელმაც მოიცვა კჰამი და ამდო,
მერე კი - ცენტრალური ტიბეტიც, ძალებს იკრებდა. ზაფხულის
დასაწყისისთვის ათეულობით ათასმა თავისუფლებისთვის
მებრძოლმა რაზმები გააერთიანა. თავიანთი მწირი ამუნიციისა
და შეიარაღების მიუხედავად, ისინი რეიდებს ლჰასის
მიმართულებით, ქალაქთან სულ უფრო ახლოს
ახორციელებდნენ. ზოგიერთი რამ მათ ჩინელებისთვის
ჰქონდათ წართმეული, ზოგი კი ტაშილჰუნპოს მახლობლად
მდებარე ტიბეტის ამუნიციის სამთავრობო საწყობზე
თავდასხმის შედეგად ჩაეგდოთ ხელში. მცირე ნაწილი
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წყალობა გახლდათ,
მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტიბეტელები მაინც ძალიან ცუდად
იყვნენ მომარაგებული.
უკვე დევნილობაში მყოფმა მოვისმინე, თუ როგორ ყრიდნენ
თვითმფრინავებიდან იარაღსა და ფულს ტიბეტში. თუმცა ამ
„ნობათმა“ კინაღამ ტიბეტელები უფრო დააზარალა, ვიდრე
ჩინეთის შეიარაღებული ძალები. იმის გამო, რომ ამერიკელებს
სულაც არ სურდათ, ცნობილი გამხდარიყო, საიდან მოდიოდა
ეს დახმარება, იზრუნეს იმაზე, რომ ტიბეტელები ამერიკული
წარმოშობის იარაღით არ მოემარაგებინათ. ამის ნაცვლად მათ
ჩამოუყარეს მხოლოდ რამდენიმე უხარისხო ბაზუკა[17] და
ძველი ბრიტანული შაშხანები მცირე რაოდენობით. ისინი
ოდესღაც გავრცელებული იყო მთელ ინდოეთსა და
პაკისტანში; ამიტომ თუკი ეს იარაღი ხელში ვინმეს
ჩაუვარდებოდა, მისი წარმოშობის განსაზღვრა შეუძლებელი
იქნებოდა. თუმცა თვითმფრინავიდან ჩამოყრისას ისინი ისე
ზიანდებოდა, თითქმის გამოუსადეგარი ხდებოდა.

156
ბუნებრივია, მე არც ერთ ბრძოლას არ შევსწრებივარ, მაგრამ 70-
იან წლებში ერთმა მოხუცმა ლამამ, რომელიც ტიბეტიდან იყო
გამოქცეული, მომითხრო, როგორ ადევნებდა თვალყურს
შეტაკებას თავისი სენაკიდან, რომელიც ამდოს შორეულ
ნაწილში, მაღალ მთებში მდებარეობდა. პატარა რაზმი,
რომელიც სულ ექვსი მხედრისგან შედგებოდა, თავს დაესხა
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ბანაკს,
რომელიც მათ რიცხობრივად ასჯერ აღემატებოდა. სრული
ქაოსი იყო. ჩინელები პანიკაში ჩაცვივდნენ, ვეღარ გაიგეს, რა
ხდებოდა, დაიწყეს სროლა ყველა მიმართულებით და ბევრი
საკუთარი ჯარისკაცი დახოცეს. ამასობაში ეს ტიბეტელი
მხედრები გაბრუნდნენ, გადალახეს მდინარე, მოუარეს მეორე
მხრიდან, ისევ დაესხნენ თავს ჩინელების ბანაკს, შემდეგ კი
მთებში მიიმალნენ. ეს ტიბეტელები სიმამაცის სიმბოლოდ
იქცნენ.
ბოლოს, 1958 წლის მეორე ნახევარში, გარდაუვალი მომენტიც
დადგა, როცა „ჩუში განგდრუგის“ (თავისუფლებისთვის
მებრძოლთა კავშირის) წევრებმა ალყა შემოარტყეს დიდ
გარნიზონს ცეტჰანგში, რომელიც ლჰასიდან ორი დღის
სავალზე მდებარეობს. ამ დროისთვის სულ უფრო ხშირად
მიხდებოდა გენერალ ტან კუან-სენის ხილვა. მას მდაბიური
სახე ჰქონდა - ყვითელი კბილები და მოკლედ შეჭრილი თმა.
ახლა იგი თითქმის ყოველ კვირაში მოდიოდა ჩემთან თავის
ყოყოჩა თარჯიმანთან ერთად, რომ თან დავერწმუნებინე,
თავიც მოექონა ჩემთვის და შეურაცხყოფაც მოეყენებინა. ადრე
ასეთი ვიზიტები თვეში ერთზე მეტი არ იყო. უკვე მძაგდა ჩემი
ახალი მისაღები ოთახი ნორბულინგკაში. ჰაერშიც კი
იგრძნობოდა ის დაძაბულობა, რომელიც ჩემი და გენერლის
საუბარს თან სდევდა. ოთახში რომ შევდიოდი, შიში
მიპყრობდა.
დასაწყისისთვის გენერალმა მოითხოვა, რომ მე „მეამბოხეთა“
(როგორც თვითონ უწოდებდა) წინააღმდეგ ტიბეტის არმიის
მობილიზაციას ჩავდგომოდი სათავეში. მან მითხრა, რომ ეს
ჩემი ვალი იყო და განრისხდა, როცა ჩემი აზრი მოვახსენე: თუ
ასე გავაკეთებდი, მას შეეძლო, დარწმუნებული ყოფილიყო,
რომ ჯარისკაცები ამას აღიქვამდნენ ხელსაყრელ შემთხვევად,
რათა თავისუფლებისათვის მებრძოლთა მხარეს
გადასულიყვნენ. ამის შემდეგ ის მხოლოდ ლანძღავდა
ტიბეტელებს უმადურობის გამო; მისი ნათქვამი ყოველი

157
ფრაზა გამსჭვალული იყო პათოსით, რომ ეს ყველაფერი
ჩვენთვის ცუდად დამთავრდებოდა. ბოლოს გენერალმა
ტაკცერ რიპოჩე, გიელო ტჰონდუპი, ასევე ჩემი რამდენიმე
ყოფილი თანამშრომელი (ყველა მათგანი ქვეყნის ფარგლებს
გარეთ იყო) დამნაშავეებად მოიხსენია და მომთხოვა, მათთვის
ტიბეტის მოქალაქეობა ჩამომერთმია. მოთხოვნა შევასრულე,
რადგანაც მივიჩნევდი, რომ, ჯერ ერთი, ისინი საზღვარგარეთ
იმყოფებოდნენ და უსაფრთხოდ იყვნენ; მეორეც - მოცემული
მომენტისთვის უკეთესი იყო, დავთანხმებულიყავი, ვიდრე
ჩინელებსა და ოფიციალურ ლჰასას შორის ღია კონფრონტაციის
პროვოცირება გამომეწვია. თანახმა ვიყავი, ეს ნებისმიერი
საშუალებით ამეცილებინა თავიდან. ვხვდებოდი - თუ
ბრძოლაში ლჰასის მოსახლეობა ჩაებმებოდა, მშვიდობის
აღდგენის ყოველგვარ იმედს დავკარგავდით.
თავისუფლებისათვის მებრძოლნი დათმობაზე წასვლას
სულაც არ აპირებდნენ. ისინი ცდილობდნენ, ჩემგან
მხარდაჭერის პირობაც კი მიეღოთ. სამწუხაროდ, მე არ
შემეძლო, მხარი დამეჭირა მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ,
როგორც ახალგაზრდა კაცი, ასევე პატრიოტი, მათ
თანავუგრძნობდი. იმედს ისევ ნერუს მოახლოებულ ვიზიტზე
ვამყარებდი, მაგრამ ბოლო მომენტში ჩინეთის ხელისუფლებამ
ის გააუქმა. გენერალმა ტან კუან-სენმა განაცხადა, რომ
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების
უზრუნველყოფა არ შეეძლო და მოწვევას ძალა ეკარგებოდა.
მივხვდი, რომ ეს კატასტროფა იყო.
1958 წლის ზაფხულის ბოლოს დრეპუნგის მონასტერში
გავემგზავრე, იქიდან - სერას მონასტერში, ჩემი უკანასკნელი
გამოცდის პირველი ეტაპის ჩასაბარებლად. ფაქტობრივად, ეს
იყო დისპუტი, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და
მასში ბუდისტური განათლების ამ ორი ცენტრის ყველაზე
ცნობილი სწავლულები მონაწილეობდნენ. პირველი დღე
დრეპუნგში დაიწყო რამდენიმე ათასი ბერის საოცარი
ჰარმონიული ხორხისმიერი გალობით საჯარო შეკრებათა
დარბაზში. ისინი ხოტბას ასხამდნენ ბუდას, მის წმინდანებს,
მის მიმდევრებს (ცნობილ ინდოელ ბრძენ მასწავლებლებს).
ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
სანამ დრეპუნგს გამოვემშვიდობებოდი, ამ მონასტრის უკან
მდებარე ყველაზე მაღალი მთის წვერზე ავედი, საიდანაც

158
ასობით მილზე ჩანს არემარე. ეს მთა ისეთი მაღალია, თვით
ტიბეტელებსაც კი აქ მთის ავადმყოფობის საფრთხე
ემუქრებათ. აქ ბუდობდნენ ლამაზი ჩიტები, ხარობდა ურიცხვი
ველური ყვავილი, რომელსაც ტიბეტურად „უპელი“ ჰქვია. ამ
თვალწარმტაც, ღია ცისფერ ყვავილებს მაღალი ღეროები და
ეკლები აქვს, ფორმით ძალიან ჰგავს დელფინიუმს.[18]
სამწუხაროდ, ამ პანორამით მოგვრილ სიხარულს ჩრდილავდა
ის გარემოება, რომ მთებში ჩემი დაცვის მიზნით ტიბეტელი
ჯარისკაცები უნდა განელაგებინათ, რადგანაც ზუსტად
დრეპუნგის პირდაპირ ჩინელების გარნიზონი იდგა, ეკლიანი
მავთულხლართითა და ბუნკერებით გარშემორტყმული.
იქიდან ყოველდღე ისმოდა მსუბუქი საარტილერიო იარაღის
საწვრთნელი სროლის ხმა.
როცა ლჰასაში გამოცდის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი,
გავიგე, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ერთ-ერთი მონასტრის
წინამძღვარს, ყველაზე უფრო განსწავლულ ბერს, სახელად
პემა გიელცენს, ჩემზე უთქვამს: მას რომ სწავლის ისეთი
შესაძლებლობა ჰქონოდა, როგორიც რიგით ბერს, მისი
გამოსვლა დისპუტზე მართლაც უბადლო იქნებოდაო. ძალიან
ბედნიერი ვიყავი, რომ, მიუხედავად სიზარმაცისა, თავი მაინც
არ შევირცხვინე.
ნორმალური ცხოვრების ამ ხანმოკლე პერიოდის შემდეგ კვლავ
დედაქალაქში აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ მდგომარეობა ჩემი
გამგზავრების შემდეგ მკვეთრად გაუარესებულიყო. ლჰასას
თავი შეაფარა კიდევ ათასობით ლტოლვილმა, რომლებიც
ჩინელების სისასტიკეს გამოექცნენ. ისინი დედაქალაქის
შემოგარენში დაბანაკდნენ. ამ დროისთვის ქალაქის ტიბეტური
მოსახლეობა თითქმის ორჯერ გაიზარდა. ისევ გრძელდებოდა
საგანგაშო სიმშვიდე და, ფაქტობრივად, არავითარი შეტაკება
არ ყოფილა. და მაინც, როცა შემოდგომაზე განდენში
გავემგზავრე, რომ ისევ მიმეღო მონაწილეობა დისპუტებში,
ზოგიერთი მრჩეველი მაქეზებდა, მესარგებლა ხელსაყრელი
შემთხვევით და სამხრეთში წავსულიყავი, სადაც ტერიტორიის
უმეტესი ნაწილი „ბუდას დჰარმის დამცველთა“ ხელში იყო.
წინასწარი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ მე ოფიციალურად
უნდა უარმეყო „ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმება“ და
აღმედგინა ჩემი მთავრობა, როგორც კანონიერი ხელისუფლება
ტიბეტში. კარგად გავაანალიზე ეს წინადადება, მაგრამ კვლავ

159
მივედი დასკვნამდე, რომ იგი დადებით შედეგს არ მოიტანდა.
ასეთი დეკლარაცია გამოიწვევდა ჩინელების პროვოცირებას,
შეტევა ყველა ფრონტზე განეხორციელებინათ.
ამიტომ ლჰასაში დავბრუნდი, რომ ზამთრის ცივი,
დაუსრულებელი თვეების განმავლობაში მეცადინეობა
გამეგრძელებინა. მრჩებოდა ერთი დამამთავრებელი გამოცდა,
რომელიც მომდევნო წლის დასაწყისში, მონლამის
დღესასწაულის დროს უნდა ჩამებარებინა. მაგრამ
გულისყურით მუშაობას ვერ ვახერხებდი. თითქმის ყოველდღე
ახალ ამბავს ვიგებდი იმის შესახებ, თუ რა თვითნებურად
ექცეოდნენ ჩინელები მშვიდობიან მოსახლეობას. ხანდახან
ტიბეტისთვის სასიკეთო ცნობებიც გამოერეოდა ხოლმე, მაგრამ
ეს ვერ მამშვიდებდა. ამ ყველაფრისთვის გაძლებას მხოლოდ
იმის შეგნება მაიძულებდა, რომ პასუხისმგებელი ვიყავი ექვსი
მილიონი ტიბეტელის სიცოცხლეზე. და კიდევ რწმენა...
ყოველდღე, ადრე დილით, ჩემს ოთახში სალოცავად
ვჯდებოდი ძველი საკურთხევლის წინ. მასზე უამრავი
ქანდაკება იდგა, რომლებიც მდუმარედ მლოცავდნენ. ამ დროს
ვუღრმავდებოდი ყველა ცოცხალი არსების მიმართ
თანაგრძნობის, სიბრალულის გრძნობის განვითარებას.
გამუდმებით შევახსენებდი საკუთარ თავს ბუდას დებულებას
იმის შესახებ, რომ მტერი, გარკვეული აზრით, ჩვენი ყველაზე
დიდი მასწავლებელია. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ
ძნელი იყო, ასე გეფიქრა, ზოგადად, ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი
არასოდეს შემპარვია.
ახალი წელიც დადგა. მე ნორბულინგკიდან ჯოკჰანგში
გადავსახლდი, რომ მონაწილეობა მიმეღო მონლამის
დღესასწაულში, რომლის შემდეგ ჩემი ბოლო გამოცდა უნდა
ჩატარებულიყო. სწორედ მონლამის დაწყებამდე მივიღე
გენერალი ჩჟან ძინ-უ, რომელიც, როგორც სჩვეოდა, ახალი
წლის მოსალოცად მოვიდა. თანაც მაცნობა, რომ ლჰასაში
ჩინეთიდან ჩამოსულიყო მოცეკვავეთა ახალი დასი. მკითხა,
დამაინტერესებდა თუ არა მათი ხელოვნება. თანხმობა
განვუცხადე. მაშინ გენერალმა მითხრა, რომ მათ ნებისმიერ
ადგილზე შეეძლოთ წარმოდგენის გამართვა, მაგრამ ვინაიდან
ჩინეთის სამხედრო შტაბში ჰქონდათ შესაფერისი სცენა თავისი
რამპით, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, თუ იქ ვეწვეოდი.
ნორბულინგკაში ასეთი პირობები მართლაც არ იყო. ამიტომ
შევპირდი, რომ აუცილებლად მივიდოდი.

160
როცა ჯოკჰანგს მივუახლოვდი, შევნიშნე (როგორც ველოდი),
რომ ტაძრის ირგვლივ ზღვა ხალხი შეკრებილიყო. საერო
პირების გარდა, რომლებიც ტიბეტის შორეული მხარეებიდან
ჩამოსულიყვნენ, ოცდახუთი-ოცდაათი ათასი ბერი მაინც
იქნებოდა.
ყოველდღე უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ მორწმუნეები,
რომლებიც ტაძარს დიდ და პატარა საპატიო წრეს („ბარხორსა“
და „ლინგხორს“) შემოუვლიდნენ. ზოგს ხელში ლოცვების
დოლი ეჭირა და ღიღინით წარმოთქვამდა წმინდა სიტყვებს,
რომლებიც უკვე ლამის ჩვენი ნაციონალური მანტრაა: „ომ მანი
პადმე ჰუმ!“ სხვებს მდუმარედ მიჰქონდათ შეტყუპებული
ხელები შუბლთან, ყელთან, გულთან, შემდეგ კი მიწაზე
განერთხმებოდნენ. ტაძრის მოპირდაპირე ბაზრის მოედანიც
ხალხით იყო გადავსებული. ვის არ ნახავდით აქ: ქალებს
გრძელი კაბებით, ფერად-ფერადი წინსაფრებით; მკვირცხლ
კჰამელებს, რომლებსაც გრძელი თმა ღია წითელი ფერის
თასმებით ჰქონდათ შეკრული, შაშხანები კი მხარზე
გადაეკიდებინათ; მთებიდან ჩამოსულ სახედანაოჭებულ
მომთაბარეებს; გახარებულ ბავშვებს, რომლებიც ყველგან
დაძვრებოდნენ. როცა ჩემი ოთახის ფანჯრის ფარდა გადავწიე
და გავიხედე, წარმოუდგენელი აურზაური ატყდა. მხოლოდ ამ
წელს იყო დაძაბული მოლოდინის ისეთი განსაკუთრებული
ატმოსფერო, რომ მეც კი, ასეთ იზოლაციაში მყოფმა, ვიგრძენი.
გეგონებოდა, თითქოს ყველამ იცოდა, რომ მალე რაღაც ძალიან
სერიოზული უნდა მომხდარიყო.
მონლამის ცერემონიის (ის გულისხმობდა რიტუალური
ტექსტების ხანგრძლივ კითხვას) დასრულებისთანავე ჩემთან
გაუფრთხილებლად მოვიდა ორი დაბალი რანგის ჩინელი
ჩინოვნიკი და გენერალ ჩჟან ძინ-უს მიწვევის შესახებ
შემახსენა. მათ აინტერესებდათ თარიღიც, თუ როდის
შევძლებდი დასწრებას საცეკვაო წარმოდგენაზე. ვუპასუხე,
რომ ამას დღესასწაულის დამთავრების შემდეგ მოვახერხებდი.
მაგრამ იმ მომენტში უფრო მნიშვნელოვან თემებზე უნდა
მეფიქრა, კერძოდ, საბოლოო გამოცდაზე, რომელიც
ჩასაბარებელი მქონდა.
გამოცდის წინა ღამეს მთელი გულით ვლოცულობდი, იქამდე
განუცდელ, უსაზღვრო პასუხისმგებლობას ვგრძნობდი,
მოწიწებასა და თრთოლას რომ იწვევს. ჩემი მდგომარეობა დიდ

161
ვალდებულებას მაკისრებდა. მეორე დილით მრავალათასიანი
აუდიტორიის წინაშე წარვდექი, რომ დისპუტში მონაწილეობა
მიმეღო. შუადღემდე დისპუტის საგანს ლოგიკა და
ეპისტემოლოგია წარმოადგენდა, ნაშუადღევს კი - მადჰიამიკა
და პრაჯნიაპარამიტა. ოპონირებას ორივე ნაწილში ისეთივე
კურსდამთავრებულები მიწევდნენ, როგორიც მე ვიყავი.
საღამოს კი ხუთივე მთავარი საგანი დამატყდა თავს. ამჯერად
ჩემს ოპონენტებს უკვე სამეცნიერო ხარისხები ჰქონდათ
მიღებული, ასაკითაც ჩემზე უფროსები და გაცილებით
გამოცდილებიც იყვნენ.
ბოლოს კი, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, ყველაფერი
დამთავრდა. არაქათი გამომეცალა, მაგრამ შვებასა და
სიხარულს ვგრძნობდი, რადგან კომისიის მთელმა
შემადგენლობამ ერთხმად აღიარა - მე ღირსი ვიყავი, ხარისხიც
მიმეღო და „გეშეს“ (ბუდისტურ მეცნიერებათა დოქტორის)
ტიტულიც.
ხუთ მარტს ჯოკჰანგიდან ნორბულინგკაში გავემგზავრე,
როგორც ყოველთვის, დიდებული პროცესიის თანხლებით.
უკანასკნელად ვუყურებდი ათასწლოვანი უწყვეტი
ტრადიციის მთელ სილამაზეს. ჩემი პირადი დაცვის წევრები,
რომლებსაც ცერემონიისთვის განკუთვნილი ღია ფერის
ფორმები ეცვათ, ჩემი ტახტრევნის ირგვლივ
განლაგებულიყვნენ, მათ უკან - კაშაგის წევრები და ლჰასის
არისტოკრატები, აბრეშუმის გრძელ, მდიდრულ სამოსში
გამოწყობილნი. მათი ცხენები ისე დარბაისლურად
მოაბიჯებდნენ, თითქოს იცოდნენ, რომ ოქროს აღკაზმულობა
ეკეთათ. შემდეგ მოდიოდნენ ქვეყნის მონასტრების ყველაზე
უფრო ცნობილი წინამძღვრები და ლამები. ზოგი მათგანი
ძალიან გამხდარი და ასკეტური შესახედაობისა იყო,
ზოგიერთები კი, სასულიერო პირები, უმაღლესი
ხარისხებისთვის რომ მიეღწიათ, წარმატებულ ვაჭრებს
ჰგავდნენ. ამ სურათს აგვირგვინებდა ათასობით ქალაქელი,
რომლებიც გზის ორივე მხარეს იდგნენ. მთელი ოთხი მილის
მანძილზე ცნობისმოყვარე მაყურებლების რიგები
გაჭიმულიყო. არსად ჩანდნენ ჩინელები, რომლებმაც, ლჰასაში
ყოფნის დროიდან პირველად არ მიიჩნიეს საჭიროდ, თავიანთი
წარმომადგენლები გამოეგზავნათ. ეს სრულებით არ აძლევდა
დამშვიდების საფუძველს არც ჩემს პირად დაცვას, არც არმიას.

162
არმიამ თავისუფლებისთვის მებრძოლებისგან ჩემი დაცვის
საბაბით უახლოეს მთებში ჯარისკაცები გაგზავნა.
სინამდვილეში ისინი სულ სხვა „მტერს“ გულისხმობდნენ.
ჩემი პირადი დაცვაც შიშობდა. მისმა რამდენიმე წევრმა
განსაზღვრული პოზიცია დაიკავა. მათ სწრაფმსროლელი
ტყვიამფრქვევი ჩინეთის სამხედრო შტაბისკენ ჰქონდათ
მიმართული.
ორი დღის შემდეგ ჩინელ ხელისუფალთაგან ისევ მოვიდა
შეკითხვა. მათ უნდოდათ, ზუსტად სცოდნოდათ, როდის
მოვიცლიდი, რომ თეატრალურ წარმოდგენას დავსწრებოდი.
ვუპასუხე, რომ ჩემთვის ხელსაყრელი იყო 10 მარტი. ორი დღის
შემდეგ, წარმოდგენის წინა დღეს, ერთ-ერთმა ჩინელმა
ჩინოვნიკმა თავისთან, შინ გამოიძახა კუსუნ დეპონი, ჩემი
პირადი დაცვის უფროსი, და უთხრა, რომ ნაბრძანები იყო, ის
სამხედრო მრჩევლის, ბრიგადირ ფუს შტაბში მიეყვანათ, რათა
მეორე საღამოს ჩემს სტუმრობასთან დაკავშირებით
ინსტრუქციები მიეღო.
ბრიგადირმა იმით დაიწყო, რომ ჩინელ ხელისუფალთ თურმე
უნდოდათ, ჩემს ვიზიტს ჩვეული ფორმალობებისა და
ცერემონიების გარეშე ჩაევლო. ის განსაკუთრებული
დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჩემს ამალაში არც ერთი
ტიბეტელი ჯარისკაცი არ ყოფილიყო; უკიდურეს შემთხვევაში,
შეიძლებოდა, დაეშვათ პირადი დაცვის ორი-სამი წევრი
იარაღის გარეშე. მან დასძინა, რომ სასურველი იყო, ყველაფერი
სრულიად საიდუმლო ვითარებაში ჩატარებულიყო. ეს
მოთხოვნები უცნაური ჩანდა. მე და ჩემი მრჩევლები მათ
დიდხანს განვიხილავდით. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ
მოწვევაზე უარის თქმის შემთხვევაში დიპლომატიურ
ურთიერთობას სერიოზულ ზიანს მივაყენებდი. ამას კი
შეიძლებოდა, ნეგატიური შედეგები მოჰყოლოდა. ამიტომ
დავთანხმდი, წავსულიყავი, და არავის ყურადღება რომ არ
მიმექცია, დაცვის მხოლოდ რამდენიმე წევრი მხლებოდა.
ტენზინ ჩოიგიელმაც, ჩემმა უმცროსმა ძმამაც მიიღო მიწვევა. იმ
დროისთვის ის დრეპუნგის მონასტერში სწავლობდა. ამიტომ
დამოუკიდებლად უნდა წასულიყო. გამოცხადდა, რომ
ტრანსპორტის მოძრაობა ჩინეთის შტაბისკენ მიმავალ გზაზე,
ქვის ხიდის მიდამოებში, შეზღუდული იქნებოდა.
რა თქმა უნდა, სრულიად შეუძლებელი იყო, ჩემი

163
გადაადგილება გასაიდუმლოებული დარჩენილიყო. თავად იმ
ფაქტმა, რომ ეს ჩინელების მოთხოვნა იყო, ტიბეტელებზე
ძლიერ იმოქმედა. ისინი უკვე ძალიან ღელავდნენ ჩემი
უსაფრთხოების გამო. ეს ამბავი ისე მოედო ქალაქს, როგორც
ცეცხლი გამხმარ ბალახს.
შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. მერე დილით, ლოცვისა და
საუზმის შემდეგ ბაღში გავისეირნე. უცებ შორიდან რაღაც
ხმები მომესმა, რამაც ძალიან ამაფორიაქა. სწრაფად
შევბრუნდი შიგნით და მსახურებს დავავალე, გაერკვიათ, რა
ხმაური იდგა ირგვლივ. დაბრუნებულებმა ამიხსნეს, რომ
ხალხი ლჰასიდან გამოსულიყო და ნორბულინგკისაკენ
მიემართებოდა. მათ გადაწყვიტეს, ჩინელებისგან ჩემს
დასაცავად მოსულიყვნენ. ადამიანების რიცხვი თანდათან
იზრდებოდა. ზოგიერთები „ძვირფასი პარკის“ ყოველ
შესასვლელთან ჯგუფდებოდნენ, ზოგმა კი მისთვის ალყის
შემორტყმა დაიწყო. შუადღისთვის დაახლოებით ოცდაათი
ათასმა კაცმა მოიყარა თავი. კაშაგის სამი წევრი მთელი დილის
განმავლობაში ცდილობდა, მთავარ შესასვლელიდან გაეღწია.
ტიბეტელები მტრულ დამოკიდებულებას ავლენდნენ
თითოეულისადმი, ვისაც ჩინელებთან თანამშრომლობაში
დაადანაშაულებდნენ. ერთ სახელმწიფო მოხელეს, რომელთან
ერთადაც ავტომანქანაში მისი მცველი იჯდა, ქვა ესროლეს და
მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რადგანაც მოღალატედ მიიჩნიეს.
ისინი ცდებოდნენ (80-იან წლებში მისი ვაჟიშვილი, რომელიც
იმ დელეგაციის წევრი იყო, „ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებაზე“
იძულებით რომ მოაწერინეს ხელი, ინდოეთში ჩამოვიდა, სადაც
დეტალური ანგარიში დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში).
მოგვიანებით ვიღაც მართლა მოკლეს.
ამ ამბავმა თავზარი დამცა. რაღაც უნდა მეღონა, რომ ვითარება
განმემუხტა. ჩემამდე მოღწეული ხმების მიხედვით
ვვარაუდობდი, რომ მრისხანების ჟამს ბრბოს შეიძლებოდა,
იერიში მიეტანა ჩინელების გარნიზონზე. ხალხმა უკვე აირჩია
რამდენიმე ლიდერი თავისი რიგებიდან; ისმოდა შეძახილები;
ჩინელებს მოუწოდებდნენ, ტიბეტი ტიბეტელებისთვის
დაეთმოთ. ვლოცულობდი, რომ სიმშვიდეს დაესადგურებინა.
ამავე დროს ვხვდებოდი: როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი
პირადი მოსაზრება, ფიქრიც კი არ შეიძლებოდა იმაზე, რომ ამ
საღამოს ჩინელების შტაბში წავსულიყავი. ამიტომ
ჰოფმაისტერმა იქ ტელეფონით დარეკა, რომ გადაეცათ, როგორ

164
ვწუხდი ამის გამო; ჩემი მითითებით დასძინა, რომ დალაი
ლამა იმედოვნებდა, ნორმალური ვითარება სწრაფად
აღდგებოდა და ხალხს დავარწმუნებდით, დაშლილიყო.
თუმცა ნორბულინგკას წინ თავმოყრილი ხალხი ადგილიდან
დაძვრას არ აპირებდა. როგორც ისინი და მათი ლიდერები
თვლიდნენ, დალაი ლამას სიცოცხლეს ჩინელების მხრიდან
საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ,
სანამ პირადად მე პირობას არ მივცემდი, რომ იმ საღამოს
ჩინელების სამხედრო შტაბში არ წავიდოდი. მათთან ჩემი
თანამშრომელი გავგზავნე და მართლაც დავუდე ამის პირობა.
მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შემდეგ მათ მოითხოვეს,
რომ არასოდეს დამედგა ფეხი იმ რაიონში, სადაც ჩინელები
ცხოვრობდნენ. ამაზედაც თანხმობა განვუცხადე, რის შემდეგ
ლიდერთა უმეტესობამ იქაურობა დატოვა. მათ ქალაქისკენ
აიღეს გეზი, სადაც დემონსტრაციები გაგრძელდა. მაგრამ
ნორბულინგკასთან მაინც ძალიან ბევრი ხალხი დარჩა.
საუბედუროდ, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი ამდენ ხანს
იქ ყოფნა გაცილებით მეტ საფრთხეს მიქმნიდა.
იმავე დღეს სამი მინისტრი გავგზავნე გენერალ ტან კუან-
სენთან შესახვედრად. როცა მათ, როგორც იქნა, მის შტაბამდე
მიაღწიეს, გაირკვა, რომ ნგაბო ნგავანგ ჯიგმე უკვე იქ
იმყოფებოდა. თავიდან ჩინელებს თავაზიანად ეჭირათ თავი.
მაგრამ როცა გენერალი გამოჩნდა, მას მრისხანების დაფარვა
არც უცდია. მან და კიდევ ორმა მაღალჩინოსანმა ოფიცერმა
რამდენიმე საათის განმავლობაში ტიბეტელებს
„იმპერიალისტი მეამბოხეების“ მოღალატეობის შესახებ
სალანძღავი სიტყვების კორიანტელი დაატეხეს თავს. მათ
ასევე დაადანაშაულეს ტიბეტის მთავრობა იმაში, რომ თითქოს
ის ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საიდუმლო
აგიტაციის ორგანიზებას ეწეოდა. გარდა ამისა, მათი თქმით, ის
უგულებელყოფდა ჩინელი ხელმძღვანელების ბრძანებებს და
უარს ამბობდა, განეიარაღებინა „მეამბოხეები“ ლჰასაში. ახლა
კი ტიბეტელებს შეეძლოთ, დარწმუნებული ყოფილიყვნენ,
რომ ჩინელები უსასტიკეს ზომებს მიმართავდნენ ამ
ოპოზიციის გასანადგურებლად.
როცა იმ საღამოს მინისტრებმა ყველაფერი მომახსენეს,
მივხვდი, რომ ჩინელებმა ულტიმატუმი წამოაყენეს.
ამასობაში, დაახლოებით ექვს საათზე მთავრობის

165
სამოცდაათამდე თანამშრომელმა, დარჩენილმა სახალხო
ლიდერებმა და ჩემი პირადი დაცვის წევრებმა „ძვირფას
პარკთან“ ჩაატარეს მიტინგი და მოიწონეს დეკლარაცია,
რომელიც უარყოფდა „ჩვიდმეტპუნქტიან შეთანხმებას“; თანაც
განაცხადეს, რომ ტიბეტი აღარ ცნობდა ჩინეთის
ხელისუფლებას. როცა ეს მოვისმინე, მათ შევუთვალე, რომ
ლიდერთა ვალია, არსებული დაძაბულობა კი არ გაამწვავონ,
პირიქით, შეანელონ; მაგრამ ჩემი რჩევა ყურად არ იღეს.
იმავე საღამოს, მოგვიანებით, გენერალ ტან კუან-სენის წერილი
მოვიდა, რომელშიც ის საეჭვოდ შერბილებული ტონით
მთავაზობდა, რომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით მის
შტაბში გადავსახლებულიყავი. მისმა ასეთმა თავხედობამ
გამაოცა. იმის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელი იყო, ეს
გამეკეთებინა. თუმცა დრო რომ მომეგო, მივწერე საპასუხო
წერილი, რომელშიც მის მიპატიჟებაზე უარს გადაჭრით არ
ვამბობდი.
მეორე დღეს, 11 მარტს, ხალხის ლიდერებმა გამოუცხადეს
მთავრობას, რომ მთავრობის შენობასთან, რომელიც
ნორბულინგკას გარე გალავნის შიგნით მდებარეობდა, ისინი
გუშაგებს დააყენებდნენ. ეს მინისტრებს სასახლის
ტერიტორიიდან გასვლაში ხელს შეუშლიდა. მათ ეშინოდათ -
თუ თვითონ არ გააკონტროლებდნენ სიტუაციას, ჩინელი
ხელისუფალნი აიძულებდნენ ჩვენს მთავრობას, კომპრომისზე
წასულიყო. თავის მხრივ, კაშაგის წევრები შეხვდნენ ამ
ლიდერებს და სთხოვეს, დემონსტრაცია შეეწყვიტათ, რადგან
არსებობდა საფრთხე, ის ღია კონფრონტაციაში
გადაზრდილიყო.
თავიდან ლიდერებმა თითქოს მოსასმენად მზადყოფნა
გამოავლინეს. ამასობაში გენერალ ტან კუან-სენისაგან კიდევ
ორი წერილი მოვიდა, ერთი ჩემდამი, მეორე - კაშაგისადმი. რაც
შეეხება პირველს, ის თავის წინამორბედს ჰგავდა. მე ისევ
თავაზიანად ვუპასუხე; დავეთანხმე, რომ ამდენ ხალხში
მართლაც შეიძლებოდა, ყოფილიყვნენ საშიში ელემენტები,
რომლებიც ცდილობდნენ, ჩინეთისა და ტიბეტის
ურთიერთობისთვის ზიანი მიეყენებინათ. ასევე მოვიწონე
აზრი, რომ ჩემივე უსაფრთხოების მიზნით მის შტაბში
გადავბარგებულიყავი (მაგრამ ეს კვლავ წარმოუდგენელი იყო).
თავის მეორე წერილში გენერალი უბრძანებდა მინისტრებს,

166
განკარგულება მიეცათ ბრბოსთვის, რომ დაეშალათ
ბარიკადები, რომლებიც აღმართული იყო ლჰასის იქით,
ჩინეთისაკენ მიმავალ გზაზე. საუბედუროდ, ამას დამღუპველი
შედეგები მოჰყვა. ლიდერებს მოეჩვენათ, რომ ბარიკადების
აღების ბრძანება იმას მოასწავებდა, თითქოს ჩინელები
დამხმარე ჯარის შემოყვანას გეგმავდნენ, რომელიც დალაი
ლამაზე თავდასხმისთვის უნდა გამოეყენებინათ. ხალხმა
ბარიკადების დაშლაზე უარი თქვა.
ეს რომ მოვისმინე, გადავწყვიტე, რომ ამ ადამიანებს მე
თვითონ უნდა დავლაპარაკებოდი. ვუთხარი მათ, რომ თუ
სასწრაფოდ არ დაიშლებოდნენ, არსებობდა იმის საფრთხე,
ჩინეთის ჯარს ძალა გამოეყენებინა. ჩემი დაჟინებული თხოვნა
აშკარად ყურად იღეს, რადგან ამის შემდეგ ლიდერებმა
განაცხადეს, რომ გადავიდოდნენ შოლში, პოტალას მთის ძირას
მდებარე სოფელში (სადაც მოგვიანებით მათ ბევრი
დემონსტრაცია ჩაატარეს). მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი
ნორბულინგკასთან დარჩა.
რჩევა ნეჩუნგის ორაკულს ვკითხე, რომელიც სასწრაფოდ
გამოიძახეს. დავრჩენილიყავი თუ გაქცევა მეცადა? რა უნდა
გამეკეთებინა? ორაკულმა მიმანიშნა, რომ უნდა
დავრჩენილიყავი და ჩინელებთან დიალოგი გამეგრძელებინა.
ამჯერად დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს საუკეთესო
გამოსავალი იყო. მახსოვდა ლუკჰანგვას შენიშვნა, რომ
ღმერთები სასოწარკვეთილების ჟამს სიმართლეს არ
ამბობდნენ. ამიტომ მთელი ნაშუადღევი რიტუალ „მოს“
(მკითხაობის სხვა სახეობა) დავუთმე. შედეგი იგივე იყო.
მომდევნო დღე თითქოს ავის მომასწავებელ ნისლში იყო
გახვეული. მომდიოდა ცნობები, რომ ჩინელები ჯარებს თავს
უყრიდნენ, ხალხის განწყობა ლამის ისტერიული გახდა.
ორაკულს მეორეჯერ ველაპარაკე, მაგრამ მან კვლავ იგივე
რჩევა მომცა. 16 მარტს მივიღე მესამე და უკანასკნელი წერილი
გენერლისაგან, რომელსაც ერთვოდა ბარათი ნგაბოსგან.
გენერლის წერილი, ძირითადად, იმეორებდა წინა წერილებში
გამოთქმულ აზრს. ნგაბო, პირიქით, ადასტურებდა იმას, რასაც
გული გვიგრძნობდა - ჩინელები თურმე ხალხის წინააღმდეგ
ჯარის გამოყენებას გეგმავდნენ და აპირებდნენ,
ნორბულინგკასათვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ. მას
უნდოდა, რუკაზე აღმენიშნა ჩემი ადგილსამყოფელი, რომ

167
არტილერისტებს სროლა არ აეტეხათ იმ შენობისთვის,
რომელსაც მე მივუთითებდი. ამ მომენტისთვის ჩვენ თვალწინ
გადაიშალა ჩვენი მდგომარეობის მთელი საშინელება. საფრთხე
ემუქრებოდა არა მარტო ჩემს სიცოცხლეს; ახლა აშკარად
სასიკვდილოდ იყო განწირული ჩემი ათასობით
თანამემამულე. ნეტავ, შემძლებოდა მათი დარწმუნება, რომ
თავ-თავიანთ სახლებში წასულიყვნენ! ისინი უდავოდ
ხვდებოდნენ, რომ ჩინელებს თავიანთი გრძნობების მთელი
ძალა უჩვენეს, მაგრამ მათთვის ეს ცოტა იყო. ისინი ისეთი
განრისხებული იყვნენ დაუპატიჟებელ სტუმრებზე, მათ
სასტიკ წესებსა და კანონებზე, რომ ადგილიდან ვერაფრით
დაძრავდი. ისინი აპირებდნენ, ბოლომდე დარჩენილიყვნენ და
დახოცილიყვნენ, ოღონდ თავიანთი ძვირფასი მფარველი
დაეცვათ.
საკუთარი თავი ვაიძულე, ნგაბოსთვის და გენერალ ტანისთვის
მეპასუხა, რომ ლჰასის მოსახლეობის რიგებში არსებული
რეაქციული ელემენტების სამარცხვინო საქციელით
შეშფოთებული ვიყავი; შევეცადე, დამერწმუნებინა, რომ
წინანდებურად ვემხრობოდი წინადადებას, საკუთარი
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩინელების შტაბში
გადავსულიყავი, მაგრამ მოცემული მომენტისათვის ეს ძალიან
ძნელი იყო. გამოვთქვამდი იმედს, რომ მათაც ეყოფოდათ
მოთმინება, არეულობის დასრულებას დალოდებოდნენ.
ოღონდ კი დრო მომეგო! ბოლოს და ბოლოს, ხალხი ერთ
ადგილზე სამარადისოდ ხომ არ დარჩებოდა. განგებ არ ვაცნობე
მათ ჩემი ადგილსამყოფელი, რადგან ამ ინფორმაციის
უქონლობა მათ ხელს შეუშლიდა გადაწყვეტილების მიღებაში
და დროც გაიწელებოდა.
წერილები კი დავგზავნე, მაგრამ აღარ ვიცოდი, მერე როგორ
მოვქცეულიყავი. მეორე დღეს ისევ ვკითხე რჩევა ორაკულს.
ჩემდა გასაკვირად, მან შესძახა: „წადი! წადი! დღეს, საღამოს.“
მედიუმმა, ჯერ კიდევ ტრანსში მყოფმა, ბორძიკით გადადგა
რამდენიმე ნაბიჯი, ხელი სტაცა ქაღალდს, კალამს და საკმაოდ
მკაფიოდ, გასაგებად მონიშნა ის გზა, რომელიც
ნორბულიგკადან ინდოეთის საზღვართან მდებარე
უკანასკნელ ტიბეტურ სოფლამდე უნდა გამევლო.
გამიკვირდა, ამ გზით წასვლაზე არ მიფიქრია. ეს რომ დაწერა,
მედიუმმა (ახალგაზრდა ბერმა, სახელად ლობსან ჯიგმემ)
გონება დაკარგა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ დორჯე დრაკდენმა

168
მისი სხეული დატოვა. სწორედ ამ დროს, თითქოს ორაკულის
სიტყვების დასტურად, „ძვირფასი პარკის“ ჩრდილოეთის
ჭიშკრის მახლობლად, ჭაობში ორი ნაღმი აფეთქდა.
როცა ამ ამბებს ვიხსენებ (მას შემდეგ ოცდათერთმეტი წელი
გავიდა), ღრმად მწამს ერთი რამ: დორჯე დრაკდენმა
ყოველთვის იცოდა, რომ მე ლჰასა 17 მარტს უნდა
დამეტოვებინა, მაგრამ ამას არ ამბობდა, რათა
წინასწარმეტყველების შესახებ სხვებსაც არ გაეგოთ. თუ
რაიმეს არ დაგეგმავ, ამის შესახებ ვერც ვერავინ შეიტყობს.
თუმცა გაქცევისთვის მზადება მაშინვე არ დამიწყია. ჯერ
მინდოდა, რიტუალ „მოს“ საშუალებით ორაკულის
წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო.
პასუხი იგივე აღმოჩნდა; მაგრამ აქედან მშვიდობით გაღწევის
შანსები უკვე ძალიან მცირდებოდა. არა მარტო იქ მყოფი ხალხი
არ უშვებდა სასახლის ტერიტორიაზე (ან იქიდან) ვინმეს, რომ
არ დაეკითხათ ან გაეჩხრიკათ; უკვე ჩინელებიც (როგორც ეს
ნგაბოს წერილიდან ჩანდა) ითვალისწინებდნენ, რომ
შეიძლებოდა გაქცევა მეცადა. მათ ალბათ წინასწარ მიიღეს
ზომები. რჩევებს, რომლებსაც ზებუნებრივი ძალა მაწვდიდა,
ჩემი შინაგანი ხმაც ეთანხმებოდა: დარწმუნებული ვიყავი, რომ
სასახლიდან ჩემი წასვლა ერთადერთი საშუალება იყო,
რომელიც ხალხს დაშლას აიძულებდა. თუ მე სასახლეში არ
ვიქნებოდი, ხალხს იქ დარჩენის მიზეზიც აღარ ექნებოდა.
ამიტომ გადავწყვიტე, ორაკულის რჩევა მიმეღო.
ვხვდებოდი, რაკი სიტუაცია უკიდურესად მძიმე იყო, ჩემი
გეგმების შესახებ, რაც შეიძლება, ცოტა ადამიანს უნდა
სცოდნოდა. ჯერ ეს ამბავი მხოლოდ ჩემს ჰოფმაისტერსა და
„ჩიკიაპ კჰენპოს“ გავანდე. მათ საკუთარ თავზე აიღეს
სამზადისი, რათა იმავე ღამეს გავქცეულიყავით, მაგრამ
ჯგუფის შემადგენლობის შესახებ არავის არ უნდა სცოდნოდა.
ვმსჯელობდით, თუ საიდან დაგვეწყო; ჯერ განვსაზღვრეთ,
ვინ უნდა ყოფილიყო გაქცეულთა შორის. მე თან მიმყავდა
მხოლოდ ჩემი უახლოესი ადამიანები, მრჩევლები, მათ შორის
ორი მასწავლებელი, და ჩემი ოჯახის ის წევრები, რომლებიც იმ
დროს ნორბულინგკაში იმყოფებოდნენ.
იმავე დღეს, უფრო მოგვიანებით, ჩემმა მასწავლებლებმა და
კაშაგის ოთხმა წევრმა სასახლე დატოვეს. ისინი სატვირთო
მანქანის ძარაზე ბრეზენტგადაფარებულები ისხდნენ. საღამოს

169
დედაჩემი, ტენზინ ჩოიგიელი და ცერინგ დოლმა
(გადაცმულები, რომ არავის ეცნო) გავიდნენ იმ საბაბით, რომ
მდინარე კიჩუს სამხრეთ ნაპირზე მდებარე დედათა
მონასტერში აპირებდნენ წასვლას. ამის შემდეგ გამოვიძახე
სახალხო ლიდერები და მათ ჩემი გეგმა გავაცანი; ხაზი გავუსვი
იმ გარემოებას, რომ უნდა გვემოქმედა არა მარტო
შეთანხმებულად (ეს ნამდვილად გარანტირებული მქონდა),
არამედ სრულიად საიდუმლოდაც. დარწმუნებული ვიყავი,
რომ ჩინელებს დემონსტრანტებს შორის თავიანთი ჯაშუშები
ჰყავდათ. როცა ეს ადამიანები წავიდნენ, მათ სახელზე
დავწერე წერილები, რომლებშიც გაქცევის მიზეზებს ვუხსნიდი
და ვთხოვდი, ცეცხლი არ გაეხსნათ, თუკი თავდაცვის
აუცილებლობა არ შეიქმნებოდა. გამოვხატავდი იმედს, რომ ამ
წერილის შინაარსს ისინი ხალხს გააცნობდნენ. ეს მათ მეორე
დღეს უნდა გაეკეთებინათ.
შებინდებისას უკანასკნელად წავედი მაჰაკალას, ჩემი
მფარველი ღვთაების ტაძარში. შევაღე მძიმე, ჭრიალა კარი და
წამით შევჩერდი, რომ კარგად დამენახა, თუ რა ხდებოდა
შიგნით. მფარველი ღვთაების დიდი ქანდაკების
კვარცხლბეკთან რამდენიმე ბერი იჯდა, რომლებიც
წამღერებით კითხულობდნენ ლოცვებს. ამ ოთახში
ელექტრობა არ იყო. იქაურობას მხოლოდ რიგებად
ჩამწკრივებული ათეულობით ოქროს და ვერცხლის კანდელი
ანათებდა, რომლებიც რიგებად იდგა. კედლებზე უამრავი
ფრესკა მოჩანდა. საკურთხევლის წინ, თეფშზე, ცამპას პატარა
ულუფა იდო - შეწირული ძღვენი. ერთი ღვთისმსახური,
რომლის სახის ნაწილს ჩრდილი ეცემოდა, დიდ ჭურჭელთან
დახრილიყო, რომლიდანაც კანდელებში ზეთს ასხამდა.
ჩემთვის არავის შემოუხედავს, თუმცა ვიცოდი, რომ
შემამჩნიეს. ამის დასტურად ერთმა ბერმა აიღო თავისი
მუსიკალური თეფშები და ერთმანეთს შემოჰკრა, მეორემ
ზღვის ნიჟარა მიიტანა ტუჩებთან და გაბმული ხმა გამოსცა.
მათი ჟღერადობა ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და ღვთაებას მივართვი
„კატა“ - თეთრი აბრეშუმის გრძელი ნაჭერი. ის არა მარტო
ძღვენია ღვთაებისადმი დაბრუნების განზრახვასაც
გამოხატავს. ცოტა ხანს გარინდებული უხმოდ ვლოცულობდი.
ახლა ბერები მიხვდებოდნენ, რომ აქედან მივდიოდი, მაგრამ
დარწმუნებული ვიყავი, ამაზე სიტყვასაც არ დაძრავდნენ.

170
სანამ გავიდოდი, ჩამოვჯექი და ბუდას სუტრები წავიკითხე;
კითხვა იქ შევწყვიტე, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ „ადამიანმა
რწმენა და ვაჟკაცობა უნდა გამოიმუშაოს და განავითაროს“.
როცა გამოვედი, ვითხოვე, შენობის დანარჩენ ნაწილში შუქი
ჩაექროთ, და კიბეზე დავეშვი. იქ ჩემს ერთ ძაღლს წავაწყდი.
თავზე ხელი გადავუსვი. გამახსენდა, რომ მას დიდად არ
ვუყვარდი და გამიხარდა - ჩვენი განშორება მძიმე არ იქნებოდა.
ძალიან დანაღვლიანებული ვიყავი, რომ პირადი დაცვისა და
დამლაგებლების მიტოვება მიწევდა. შემდეგ გარეთ, სუფთა
ჰაერზე გამოვედი. მთავარ შესასვლელთან კიბის ბაქნის ორივე
მხრიდან საფეხურები ჩადიოდა. ბაქანზე ნახევარწრე
შემოვხაზე, კარების მოპირდაპირე მხარეს გავჩერდი და
წარმოვიდგინე, რომ ინდოეთში მშვიდობით ჩავაღწიე. მერე
მეორე ნახევარწრეზე წავედი, კარებთან მივედი და
წარმოსახვით ტიბეტში დავბრუნდი.
ათს რამდენიმე წუთი უკლდა, რომ ჩემთვის უჩვეულო
შარვალსა და გრძელ შავ პალტოში გამოწყობილმა მარჯვენა
მხარზე შაშხანა გადავიკიდე და ძველებური ტანკა, რომელიც
მეორე დალაი ლამას ეკუთვნოდა, მარცხენა ხელზე შემოვიხვიე.
მერე სათვალე ჯიბეში ჩავიდე და გარეთ გამოვედი. ძალიან
მეშინოდა. ორმა ჯარისკაცმა მდუმარედ მიმაცილა შიდა
გალავნის ჭიშკრამდე, სადაც ჩემთან კუსუნ დეპონი მოვიდა.
მასთან ერთად ხელის ცეცებით გავედი პარკიდან. სრულებით
ვერაფერს ვხედავდი. როცა გარე გალავანთან მივედით, ჩიკიაპ
კჰენპო შემოგვხვდა, რომელიც, როგორც მივხვდი, ხმლით იყო
შეიარაღებული. მან ჩუმად მითხრა, რომ, რაც არ უნდა
მომხდარიყო, მის სიახლოვეს ვყოფილიყავი. მისმა ხმამ ჩემზე
დამამშვიდებლად იმოქმედა. ჭიშკრიდან რომ გავდიოდით, მან
იქ შეკრებილ ხალხს ომახიანად განუცხადა, რომ გრაფიკის
მიხედვით შემოვლა უწევდა. ჩვენ გასვლის საშუალება
მოგვცეს. ამის მერე სიტყვაც არ დაგვიძრავს.
ვგრძნობდი, რომ ხალხის უზარმაზარი მასის შუაგულში ვიყავი,
ვიღაცებს ვეჯახებოდი, მაგრამ ჩვენთვის ყურადღება არავის
მოუქცევია. რამდენიმე წუთში ისევ მარტონი დავრჩით. იქიდან
მშვიდობით გამოვაღწიეთ, მაგრამ ახლა უკვე შეიძლებოდა,
ჩინელებს გადავყროდით. იმის გაფიქრებაც თავზარს მცემდა,
რომ დაგვიჭერდნენ. მაშინ ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა.
იმის საფრთხეც არსებობდა, რომ თავისუფლებისათვის

171
მებრძოლებს, რომლებმაც არაფერი იცოდნენ, რა ხდებოდა
სინამდვილეში, ჩინელი ჯარისკაცები ვგონებოდით.
გზაზე პირველი დაბრკოლება მდინარე კიჩუს შესართავთან
დაგვხვდა, რომლის ნაპირასაც ბავშვობაში ხშირად დავრბოდი,
სანამ ტატჰაგ რინპოჩემ ეს არ ამიკრძალა. წყალში დიდი ქვები
ეყარა და მათზე უნდა დაგვებიჯებინა. უსათვალოდ ვერაფერს
ვხედავდი. სასწაულს უნდა მივაწერო, რომ მდინარეში არ
ჩავვარდი. ამის შემდეგ მდინარე კიჩუსთან უნდა
მივსულიყავით. ნაპირთან ხალხის დიდი ჯგუფი შემოგვხვდა.
ჰოფმაისტერი მათ წინამძღოლებს გამოელაპარაკა და გზა
განვაგრძეთ. მდინარეზე რამდენიმე ტყავის ნავი
გველოდებოდა. იქვე იყვნენ მენავეებიც.
მდინარე მშვიდობით გადავლახეთ, თუმცა ნიჩბის ყოველ
მოსმაზე ვფიქრობდი, ტყვიამფრქვევის ჯერი არ აგვცდება-
მეთქი. იმ დროს ლჰასაშიც და მის შემოგარენშიც ჩინეთის
სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ათეულობით ათასი
ჯარისკაცი იყო და ისინი, უეჭველია, იქაურობასაც
აკონტროლებდნენ. მდინარის მეორე ნაპირზე
თავისუფლებისათვის მებრძოლთა რაზმი შემოგვხვდა. მათ
ჩვენთვის რამდენიმე პონი ჰყავდათ მოყვანილი. აქვე
შემოგვიერთდნენ დედაჩემი, ჩემი და-ძმა, მასწავლებლები.
უნდა დავლოდებოდით ჩემს მინისტრებსაც. ჩურჩულით
გამოვესაუბრეთ ერთმანეთს. ვლაპარაკობდით ჩინელების
საშინელ ქმედებებზე, რამაც გვაიძულა, ამ გზას
დავდგომოდით. ისევ გავიკეთე სათვალე - აღარ შემეძლო იმის
ატანა, რომ ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ მაშინვე ვინანე,
რადგან ახლა კარგად ვარჩევდი ჩინელი ჯარისკაცების პატარა
ფარნების შუქს. ჩინელების გუშაგები გარნიზონს იცავდნენ,
რომელიც ჩვენგან სულ რაღაც რამდენიმე ასეულ იარდზე
მდებარეობდა. ბედად, მთვარეს ღრუბლები ფარავდა და
ხილვადობა ცუდი იყო.
როცა ყველა შეგროვდა, ჩელას უღელტეხილისკენ დავიძარით,
რომელიც ლჰასისა და ცანგპოს ხეობებს ერთმანეთისგან ყოფს.
დილის სამი საათისთვის გლეხის უბრალო სახლში
შევისვენეთ. ეს პირველი იყო იმ სახლთაგან, რომლებსაც
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გზაზე თავს
ვაფარებდით. იქ დიდხანს არ გავჩერებულვართ, გზა
განვაგრძეთ და უღელტეხილს დაახლოებით რვა საათისთვის

172
მივაღწიეთ. განთიადმა სწორედ აქ მოგვისწრო.
უღელტეხილზე („ჩელა“ ქვიშიან უღელტეხილს ნიშნავს), 16
ათასი ფუტის სიმაღლეზე, პირუტყვის გამრეკმა, რომელსაც
ჩემი პონი მიჰყავდა, გააჩერა იგი, მოატრიალა და მითხრა, რომ
აქედან უკანასკნელად შემეძლო, თვალი გადამევლო
ლჰასისთვის. ამ სიმაღლიდან უძველესი ქალაქი ისეთი
უშფოთველი ჩანდა, როგორც ყოველთვის. რამდენიმე წუთს
ვლოცულობდი, მერე კი ჩამოვქვეითდი და ქვიშიან ფერდობზე
(რომლის გამოც ჰქვია ზემოხსენებული სახელი უღელტეხილს)
ფეხით დავეშვი. ისევ შევისვენეთ და ცანგპოს ნაპირისკენ
ავიღეთ გეზი, სადაც შუადღემდე მივედით. აქ ერთადერთი
ფონი იყო, სადაც, ვიმედოვნებდით, რომ ჩინელებს არ
გადავეყრებოდით. ახლომახლო არავინ ჩანდა.
გაღმა ნაპირზე ერთ პაწაწინა სოფელში შევჩერდით, რომლის
მცხოვრებლებიც ჩემს შესახვედრად გამოეფინენ. ბევრი
ტიროდა. ახლა ჩვენ ტიბეტის ყველაზე ძნელად მისადგომი
ნაწილის განაპირას ვიმყოფებოდით. თავისუფლებისათვის
მებრძოლთ სწორედ ეს რეგიონი ეკუთვნოდა, რომელშიც
ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული სულ რამდენიმე
დასახლებაა. ვიცოდით, რომ აქედან უკვე მთელ დანარჩენ
გზაზე წინასწარ გაფრთხილებული ასობით თვალით უხილავი
პარტიზანი გვიცავდა.
ჩინელებს გაუჭირდებოდათ, კვალში ჩაგვდგომოდნენ, მაგრამ
მათ რომ ჩვენი ადგილსამყოფელი სცოდნოდათ, შეეძლოთ,
ჩვენი სავარაუდო გზა განესაზღვრათ და თავს დაგვსხმოდნენ.
ამიტომ საგანგებოდ ჩვენს დასაცავად სასწრაფოდ
ჩამოყალიბდა ესკორტი, რომლის შემადგენლობაში სამას
ორმოცდაათი ტიბეტელი ჯარისკაცი და ორმოცდაათამდე
მოხალისე შედიოდა. ჩვენი ჯგუფი გაიზარდა. უკვე ასამდე
ადამიანი ვიყავით.
ყველა, ჩემ გარდა, კბილებამდე იყო შეიარაღებული. ჩემს პირად
მზარეულსაც კი უზარმაზარი ბაზუკა ჰქონდა და წელზე მისი,
სიკვდილის მთესველი, ყუმბარები ერტყა. მას, სხვა
ახალგაზრდა ტიბეტელებთან ერთად, ამერიკის ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოს წვრთნა ჰქონდა გავლილი. ისე
უნდოდა, თავისი შიშის მომგვრელი იარაღი გამოეყენებინა,
რომ ერთხელ მიწაზე გაწვა და რამდენჯერმე ესროლა რაღაცას,
რაც მტრის პოზიციას მიამსგავსა. ბაზუკის ყუმბარებით

173
ხელახლა დატენვას იმდენი დრო დასჭირდა, დარწმუნებული
ვარ, ამასობაში რეალური მტერი მას სწრაფად
გაუსწორდებოდა. საერთო ჯამში, ჩვენი შეიარაღება ნდობას
აღძრავდა.
ჩვენს ჯგუფში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს
კიდევ ერთი აგენტი იყო - რადისტი, რომელიც მთელი გზის
განმავლობაში თავის ცენტრს უკავშირდებოდა. დღემდე არ
ვიცი, ვის რა ინფორმაციას უგზავნიდა; ვიცი მხოლოდ, რომ
მორზეს გადამცემი ჰქონდა.
იმ ღამით რამეს მონასტერში გავჩერდით, სადაც ნაჩქარევად
მივწერე პანჩენ ლამას; ვაცნობე ჩემი გაქცევის ამბავი და
ვურჩიე, თუ შეძლებდა, ჩვენს ჯგუფს ინდოეთში
შემოერთებოდა. იანვრის შემდეგ მასზე არაფერი ვიცოდი. მაშინ
მოახლოებული ახალი წელი მომილოცა. საგანგებო საიდუმლო
წერილში ის ლაპარაკობდა იმაზეც, რომ სამომავლოდ
სტრატეგია უნდა შეგვემუშავებინა, რადგან სიტუაცია მთელ
ქვეყანაში უარესდებოდა. ეს იყო მისი პირველი მინიშნება
იმაზე, რომ ის ჩინელებს უკვე აღარ ემორჩილებოდა.
სამწუხაროდ, ჩემი ბარათი მასთან ვერ მოხვდა და ის ტიბეტში
დარჩა.
მომდევნო უღელტეხილს, რომელსაც ორ-სამ დღეში
მივადექით, საბო-ლა ერქვა. აქ, ზემოთ, ძალიან ციოდა და
ქარიშხალი ბობოქრობდა. ჩემი ზოგიერთი თანამგზავრის გამო
ძალიან ვწუხდი. მე ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვიყავი, ჩემი
გარემოცვის ხნიერ ადამიანებს კი სიარული უჭირდათ. მაგრამ
ნაბიჯს ვერ შევანელებდით, რადგან ჩინელთა მხრიდან
საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა. განსაკუთრებით საშიში იყო,
გიანცზესა და კონგპოს რაიონში განლაგებულ ჯარებს
მარწუხებში არ მოვემწყვდიეთ.
თავიდან განზრახული მქონდა, ლხუნცზე ძონ-გეში
გავჩერებულიყავი, ინდოეთის საზღვართან, სადაც
ოფიციალურად ვიტყოდი უარს „ჩვიდმეტპუნქტიან
შეთანხმებაზე“, აღვადგენდი ჩემს მთავრობას, რომელსაც
ძალაუფლება ექნებოდა მთელი ტიბეტის მასშტაბით, და
შევეცდებოდი, დამეწყო მოლაპარაკებები ჩინელებთან. მაგრამ,
თუ არ ვცდები, მეხუთე დღეს მხედართა რაზმი დაგვეწია,
რომელმაც საშინელი ამბები გვამცნო. თურმე ჩემი
წამოსვლიდან ორმოცდარვა საათში ჩინელებმა ნორბულინგკას

174
საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. მათ ტყვიამფრქვევების ჯერი
მიუშვეს უიარაღო ხალხზე, რომელიც ჯერ კიდევ არ
დაშლილიყო. სწორედ ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად
მეშინოდა. მივხვდი, რომ წარმოუდგენელია მოლაპარაკება
ადამიანებთან, რომლებიც ასეთ სისასტიკეს და
დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიან. ახლა უკვე აღარაფრის
გაკეთება აღარ შეიძლებოდა. გზა უნდა გაგვეგრძელებინა, იმის
მიუხედავად, რომ ინდოეთამდე მრავალი დღის სავალი
გვრჩებოდა და რამდენიმე უღელტეხილი უნდა გადაგველახა.
ერთი კვირის შემდეგ, როგორც იქნა, ლხუნცზე ძონ-გეს
მივაღწიეთ. აქ ორი დღით გავჩერდით, რომ მოგვესწრო
ოფიციალურად უარის თქმა „ჩვიდმეტპუნქტიან
შეთანხმებაზე“ და გამოგვეცხადებინა ჩემი მთავრობის
ფორმირების შესახებ, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი
კანონიერი ხელისუფლება იქნებოდა. ამ ცერემონიას ათასამდე
ადამიანი ესწრებოდა. ძალიან მინდოდა, აქ უფრო მეტხანს
დავრჩენილიყავი, მაგრამ მოდიოდა ინფორმაცია, რომ აქედან
არც ისე შორს ჩინეთის ჯარების გადაადგილება შეინიშნებოდა.
ამიტომ გეზი ავიღეთ ინდოეთის საზღვრისკენ, რომელიც,
პირდაპირ თუ ივლიდი, სამოც მილზე იყო, მაგრამ რეალურად,
მთაგორიანი გზებით - ასოც მილზე. კიდევ ერთი მთაგრეხილი
უნდა გადაგველახა. ამ მანძილის დასაფარავად კიდევ
რამდენიმე დღე იყო საჭირო. თანაც ჩვენი ცხენები დაიქანცნენ;
მათი საკვებიც ცოტა გვქონდა. ენერგია რომ შეენარჩუნებინათ,
ხშირ-ხშირად უნდა დაესვენათ. სანამ ბოლო პუნქტიდან
გავემგზავრებოდით, ყველაზე მეტად ჯანმაგარი ადამიანების
პატარა ჯგუფი გავგზავნე ინდოეთში. იქ მათ, რაც შეიძლება,
სწრაფად უნდა ჩაეღწიათ, მოეძებნათ და გაეფრთხილებინათ
ოფიციალური პირები, რომ ვაპირებდი, ინდოეთის
მთავრობისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა.
ლხუნცზე ძონ-გეს შემდეგ პატარა სოფელი, ჯორა გავიარეთ და
მივადექით კარპოს უღელტეხილს ზედ ინდოეთის
საზღვართან. სწორედ იმ დროს, როცა უღელტეხილის უმაღლეს
წერტილს ვუახლოვდებოდით, საიდანღაც თვითმფრინავი
გამოჩნდა. ის პირდაპირ ჩვენს თავზე მიფრინავდა და ისე
სწრაფად მიეფარა თვალს, რომ ამოსაცნობი ნიშნების გარჩევა
ვერავინ მოასწრო; თუმცა მასში მყოფ ადამიანებს ჩვენი
შემჩნევა არ გაუჭირდებოდათ. ეს სასიკეთო ნიშანი არ იყო. თუ
თვითმფრინავი ჩინელებს ეკუთვნოდა (ეს ალბათ ასეც იყო),

175
ახლა მათ იცოდნენ, სად ვიმყოფებოდით. ისინი შეიძლება
დაბრუნებულიყვნენ და ჰაერიდან შემოეტიათ. ჩვენ
თავდაცვის არავითარი საშუალება არ გაგვაჩნდა. მაგრამ ვისიც
არ უნდა ყოფილიყო ეს თვითმფრინავი, მან კიდევ ერთხელ
შემახსენა, რომ უსაფრთხოდ ტიბეტის ვერც ერთ მხარეში ვერ
ვიქნებოდი. როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ინდოეთი
ჩვენი ერთადერთი იმედი იყო, უცებ გამიქრა ყველა ეჭვი,
რომელიც ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით მქონდა. ცოტა ხნის შემდეგ ლხუნცზე ძონ-
გედან ჩემ მიერ წარგზავნილები დაბრუნდნენ და ამბავი
მოიტანეს: ინდოეთის მთავრობა მზად იყო ჩემს მისაღებად.
დიდი შვება ვიგრძენი, რადგან არ მინდოდა, ინდოეთის
ტერიტორიაზე უნებართვოდ დამედგა ფეხი.
უკანასკნელი ღამე ტიბეტში პაწაწინა სოფელ მანგმანგში
გავატარე. როგორც კი თოვლიანი ქვეყნის ამ ბოლო ფორპოსტს
მივაღწიეთ, წვიმა წამოვიდა. მთელი კვირა უამინდობაში,
ქარბუქსა და ქარიშხალში ვიარეთ. მერე კი ყველაფერი წვიმამ
დააგვირგვინა. თავით ფეხებამდე გავილუმპეთ. Yყველანი
გაწამებული ვიყავით. მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა.
ჩემს კარავში წყალი ჩამოდიოდა. ქვეშაგები ერთი კუთხიდან
მეორეში გადაგვქონდა, მაგრამ წყლის ნაკადებს ვერსად
დავემალე. ციებ-ცხელებას, რომელსაც რამდენიმე დღეს
ვებრძოდი, ერთ ღამეში დიზენტერიაც დაემატა.
დილით ისე ცუდად ვიყავი, გზა ვეღარ განვაგრძე. იქვე, პატარა
სახლში გადამიყვანეს, რომელიც ჩემს კარავს დიდად
ვერაფრით სჯობდა. გარდა ამისა, შიგნით აუტანელი სიმყრალე
იდგა, რომელიც პირველ სართულზე დაბინავებული
საქონლისაგან მოდიოდა. პატარა რადიომიმღებით მოვისმინე
ინდოეთის რადიოს ცნობა, რომ მე ინდოეთში
მივემგზავრებოდი, მაგრამ ცხენიდან გადმოვვარდი და მძიმედ
დავშავდი. მიღებულმა ინფორმაციამ გამამხნევა. „ეს ხომ მაინც
არ დამმართნია“, - ვამბობდი გულში. თუმცა ვიცოდი, რომ ამის
მოსმენა ჩემს მეგობრებს შეაშფოთებდა.
მეორე დღეს გადავწყვიტე, გზა გამეგრძელებინა. ჩემ წინაშე
რთული ამოცანა იდგა - უნდა გამოვმშვიდობებოდი
ჯარისკაცებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს,
რომლებიც ლჰასიდან მომაცილებდნენ. დადგა დრო, როცა
ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ და პირისპირ შეყროდნენ

176
ჩინელებს. დარჩენა მოისურვა მთავრობის ერთმა წევრმაც. მისი
აზრით, იგი ინდოეთში ყოფნისას სამშობლოს ვერაფერში
გამოადგებოდა. ამიტომ ამჯობინა, დარჩენილიყო და ებრძოლა.
გულწრფელად აღფრთოვანებული ვიყავი მისი შეუპოვრობითა
და ვაჟკაცობით. თვალზე ცრემლმომდგარი გამოვეთხოვე ამ
ადამიანებს და სხვების დახმარებით ავბობღდი ძომოს ფართო
ზურგზე, რადგან ცხენით მგზავრობისთვის ჯერ კიდევ ძალიან
სუსტად ვიყავი. ტრანსპორტის ამ მოკრძალებული სახეობის
საშუალებით დავტოვე მშობლიური ქვეყანა.

სასოწარკვეთის წელიწადი
ინდოელი მესაზღვრეების თვალში ალბათ საცოდავად
გამოვიყურებოდით: ოთხმოცი მგზავრი, რომლებმაც მძიმე
განსაცდელი გამოიარეს და გაწამებული იყვნენ ფიზიკურადაც
და სულიერადაც. ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენს დასახვედრად
ჩამოსული ერთი ინდოელი სახელმწიფო მოხელე დავინახე,
რომელიც ორი წლის წინ ინდოეთში ვიზიტის დროს გავიცანი.
მან ამიხსნა, რომ ევალებოდა, ბომდილამდე მივეცილებინეთ.
იქ უნდა დამესვენა. ეს დიდი ქალაქი კიდევ ერთი კვირის
სავალზე მდებარეობდა.
ლჰასიდან წამოსვლის შემდეგ სამი კვირა იყო გასული, როცა,
როგორც იქნა, ამ ქალაქში ჩავაღწიეთ. თუმცა ეს დრო
მარადისობად გვეჩვენებოდა. იქ დაგვხვდნენ ბატონი მენონი
და სონამ ტოპგიელ კაზი, კავშირგაბმულობის ოფიცერი და
თარჯიმანი. მათ პრემიერ-მინისტრის დეპეშა გადმომცეს:
„მე და ჩემი კოლეგები მოგესალმებით და გილოცავთ
ინდოეთში მშვიდობით ჩამოსვლას. მოხარული ვიქნებით, თუ
თქვენ და თქვენს ოჯახს, ასევე თქვენს თანმხლებ პირებს
ინდოეთში საცხოვრებლად სათანადო პირობებს შეგიქმნით.
ინდოელი ხალხი, რომელიც დიდად აფასებს ტიბეტელ ერს,
უდავოდ, ტრადიციული პატივისცემითაა გამსჭვალული
თქვენი პიროვნების მიმართ. საუკეთესო სურვილებით, ნერუ.“
ბომდილაში ათი დღე დავრჩი. აქ ოლქის ადგილობრივი
კომისრის ოჯახში ძალიან კარგად მივლიდნენ. სავსებით
გამოვჯანმრთელდი. შემდეგ (ეს იყო უკვე 1959 წლის აპრილის

177
დასაწყისში) საგზაო-სამშენებლო ბანაკში, „ფუტჰილზში“
წამიყვანეს. გზის ორივე მხარეს დაგებულ ხამ ტილოზე,
რომელიც ხალიჩის მაგივრობას ეწეოდა, საპატიო ყარაული
გამწკრივებულიყო. მივედით ბანაკის დარაჯის სახლში, სადაც
ვისაუზმე. ვიგემე ახალდაკრეფილი ბანანებიც. ბატონმა
მენონმა მოკლედ გამაცნო ის განკარგულებები, რომლებიც
ინდოეთის მთავრობამ ჩემს ჩამოსვლასთან დაკავშირებით
გასცა.
დღის მეორე ნახევარში ტეპზურში უნდა
გავმგზავრებულიყავი, იქიდან - მასურიში. ეს იყო ბაზა მთაში,
დელის მახლობლად, სადაც საცხოვრებელი სახლი გამომიყვეს.
უკვე მელოდებოდა საგანგებო მატარებელი, რომლითაც 1500
მილი უნდა გამევლო.
როცა გარეთ გამოვედი და დიდ წითელ ავტომობილში ჩავჯექი,
რომელსაც 30 მილზე მდებარე რკინიგზის სადგურში მივყავდი,
უამრავი ფოტოგრაფი შევნიშნე. ამიხსნეს, რომ ისინი
საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები იყვნენ.
ჩამოვიდნენ, რომ „საუკუნის მოვლენის“ შესახებ რეპორტაჟი
მოემზადებინათ. ქალაქში ისინი, სავარაუდოდ, გაცილებით
მეტნი იქნებოდნენ.
ტეპზურში როგორც კი ჩავედი, ადგილობრივი (საოლქო)
მთავრობის შენობაში მიმიყვანეს. აქ ასობით წერილი და
დეპეშა დამახვედრეს - ადამიანები მსოფლიოს ყველა
კუთხიდან მესალმებოდნენ და ყოველივე საუკეთესოს
მისურვებდნენ. ისეთი ძლიერი განცდა დამეუფლა, რაღაც
მომენტში დავიბენი კიდეც, მაგრამ ახლა უნდა მემოქმედა.
უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, უნდა მომემზადებინა
მოკლე განცხადება, რომ უამრავი ადამიანისთვის
შესაძლებლობა მიმეცა, თავიანთი გაზეთებისთვის ჩემგან
მიწოდებული ინფორმაცია გაეგზავნათ. განცხადებაში
გულახდილად, მაგრამ ძალიან თავშეკავებული ტონით,
მოკლედ აღვწერე ის ამბები, რომლებსაც მკითხველი ამ წიგნის
წინა თავებში გაეცნო. მსუბუქი საუზმის შემდეგ ისევ
რკინიგზის სადგურისაკენ ავიღეთ გეზი - მატარებელი დღის
პირველ საათზე უნდა დაძრულიყო.
გზაზე ჩვენს კოლონას ასობით (შეიძლება ათასობითაც)
ადამიანი ხვდებოდა. ისინი ხელს გვიქნევდნენ და

178
შეძახილებით გვესალმებოდნენ. ზოგჯერ საჭირო ხდებოდა,
გზის დაცლა ეთხოვათ ხალხისთვის, რომელსაც თავისი
გრძნობების გამოხატვა სურდა. ახალი ამბები სოფლის ტიპის
დასახლებებში სწრაფად ვრცელდება. მგონი, არ დარჩენილა
ადამიანი, ამ მატარებლით ჩემი მგზავრობის ამბავი რომ არ
გაეგო. ისმოდა ზღვა ხალხის შეძახილები: „დალაი ლამა, კი-ჯაი!
დალაი ლამა, ზინდა-ბად!“ („სალამი, დალაი ლამა! გაუმარჯოს
დალაი ლამას!“). ყოველივე ამან ძალიან ამაღელვა. სამ დიდ
ქალაქში, სილიგურიში, ბენარესსა და ლაკნაუში, ვაგონიდან
გადმოსვლა მომიხდა, რომ იქ შეკრებილი უამრავი ხალხისთვის
სიტყვით მიმემართა. ისინი ყვავილებს მესროდნენ. მთელი ეს
მოგზაურობა უჩვეულო სიზმარს ჰგავდა. როცა იმ დროს
ვიხსენებ, მინდა, უზომო მადლიერება გამოვხატო ინდოელი
ხალხის მიმართ იმ კეთილგანწყობის გამო, რომელიც მაშინ
ჩემდამი გამოავლინა.
რამდენიმე დღის მგზავრობის შემდეგ მატარებელი
დეჰრადუნის რკინიგზის სადგურს მიადგა. აქაც უამრავი
ადამიანი შემომეგება. მასურიში, რომელიც ერთი საათის
სავალზე იყო, ავტომობილებით გავემგზავრეთ. იქ „ბირლა
ჰაუსში“ მიმიპატიჟეს. ეს იყო მსხვილი ინდოელი მეწარმის
რეზიდენცია, რომელიც ინდოეთის მთავრობამ ჩემთვის
გაამზადებინა. აქ უნდა დავრჩენილიყავი, სანამ გმომავალ
გეგმებს არ შევიმუშავებდით („ბირლა ჰაუსში“ ერთი წელი
გავატარე).
ახალი დაბინავებული ვიყავი, რომ ახალი ამბების სააგენტოს,
„ახალი ჩინეთის“ მიერ გადმოცემული ინფორმაცია მოვისმინე,
რომლის მიხედვითაც, განცხადება, რომელიც ტეპზურში
გავაკეთე, მესამე პირში იყო დაწერილი და ამიტომ არ
შეიძლებოდა, ნამდვილი, უტყუარი ყოფილოყო. დიქტორი
ამბობდა, რომ მე თავხედურად მომიტაცეს და „მეამბოხეებს“
ჩავუვარდი ხელში. ჩემს განცხადებას კი „უხეშად შეთითხნილ,
მიკიბულ-მოკიბულ სიცრუეს უწოდებდნენ, რომლის ლოგიკაც
მოიკოჭლებდა“. მომხდარის ჩინური ვერსია ტიბეტელი ხალხის
აჯანყებას აღწერდა, როგორც „ზედა ფენების
წარმომადგენელთა რეაქციონერული ხროვის ხრიკებს“. მაგრამ,
როგორც ისინი განმარტავდნენ, „ტიბეტელი პატრიოტი
ბერებისა და საერო პირების დახმარებით სახალხო-
განმათავისუფლებელმა არმიამ ამბოხი ჩაახშო. ეს, უპირველეს
ყოვლისა, იმიტომ მოხდა, რომ პატრიოტი ტიბეტელი ხალხი

179
მხარს უჭერდა ცენტრალურ სახალხო მთავრობას, მხურვალედ
უყვარდა სახალხო-განმათავისუფლებელი არმია და წინ
აღუდგა იმპერიალისტებსა და მოღალატეებს“.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკლე კომუნიკე გავავრცელე,
რომელიც ადასტურებდა, რომ პირველი განცხადების ავტორი
პირადად მე ვიყავი.
24 აპრილს მასურიში თვით პანდიტ ნერუ ჩამოვიდა. ჩვენი
საუბარი, რომელსაც მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა, ოთხ
საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამბის მოყოლა იმ დროიდან
დავიწყე, მე რომ ინდოეთიდან ტიბეტში დავბრუნდი. ნერუს
შევახსენე, რომ ეს მისი დაჟინებული თხოვნით გავაკეთე.
ვუყვებოდი, რომ ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ის
მთავაზობდა; რომ ჩინელებთან მიმართებით სამართლიანად
და პატიოსნად ვიქცეოდი; ვაკრიტიკებდი მათ, როცა ეს საჭირო
იყო, და ვცდილობდი, „ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმების“
პირობები შემესრულებინა. შემდეგ ავუხსენი, რომ თავიდან არ
ვაპირებდი, ინდოეთის სტუმართმოყვარეობით მესარგებლა და
მინდოდა, ჩემი მთავრობა ლხუნცზე ძონ-გეში დამეფუძნებინა.
მხოლოდ ლჰასიდან მოსულმა ახალმა ამბებმა მაიძულეს,
გადაწყვეტილება შემეცვალა. ჩემმა ნათქვამმა ნერუს
გაღიზიანება გამოიწვია. „თქვენ მთავრობა კიდეც რომ
დაგეფუძნებინათ, ოფიციალური ინდოეთი მას მაინც ვერ
აღიარებდა“, - თქვა მან. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ
ნერუ ყმაწვილკაცად მთვლიდა, რომელსაც დროდადრო
დატუქსვა სჭირდებოდა.
ჩვენი საუბრის დროს ის ზოგჯერ მაგიდას მუშტს დაჰკრავდა
ხოლმე. „ეს როგორ შეიძლება?“ - აღშფოთებით იკითხა ორჯერ.
მე ლაპარაკს ვაგრძელებდი, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა
იყო, ნერუს შეეძლო, მკვახედ შემპასუხებოდა. ბოლოს
მტკიცედ განვუცხადე, რომ ორი მთავარი საზრუნავი მქონდა:
„მიზნად მაქვს დასახული, ტიბეტის დამოუკიდებლობას
მივაღწიო; ახლა კი მოვითხოვ, რომ სისხლისღვრა
დაუყოვნებლივ შეწყდეს!“ მან თავი ვეღარ შეიკავა. „ეს
შეუძლებელია! - მითხრა ძალიან ემოციურად. - თქვენ ამბობთ,
რომ დამოუკიდებლობა გინდათ და იქვე აცხადებთ, რომ
სისხლისღვრა არ გსურთ. შეუძლებელია!“ როცა ლაპარაკობდა,
მრისხანებისაგან ქვედა ტუჩი უთრთოდა.
უკვე ვხვდებოდი, რომ პრემიერ-მინისტრი უკიდურესად

180
ორჭოფულ და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როცა
ლჰასიდან ჩემი გამოქცევის შესახებ შეიტყვეს, ინდოეთის
პარლამენტში ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით დაძაბული
დებატები გაიმართა. წლების მანძილზე ბევრი პოლიტიკოსი
აკრიტიკებდა ნერუს ამ პრობლემისადმი მისი მიდგომის გამო.
ახლა, როგორც მეჩვენებოდა, ის სინდისის ქენჯნას განიცდიდა
იმის გამო, რომ მაშინ, 1957 წელს დაჟინებით მოითხოვდა
ჩემგან, ტიბეტში დავბრუნებულიყავი.
ამავე დროს ნათელი იყო, ნერუს უნდოდა, ინდოეთსა და
ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინა და
„პანჩა შილას“ მემორანდუმის პრინციპები დაეცვა. ინდოელი
პოლიტიკური მოღვაწე აჩარია კრიპალანი ამ მემორანდუმს
„ცოდვაში შობილს“ უწოდებდა, რადგან, მისი აზრით,
ინდოეთმა „ოფიციალურად დაადასტურა თავისი
თანამონაწილეობა უძველესი ერის განადგურების საქმეში“.
ნერუმ გასაგებად მიმანიშნა, რომ ინდოეთის მთავრობას ჯერ
კიდევ არ შეეძლო, არ დათანხმებოდა ჩინეთს ტიბეტის
უფლებების საკითხში. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოცემულ
ეტაპზე მე უნდა დამესვენა და უახლოესი მომავლის გეგმების
დაწყობას არ უნდა შევდგომოდი. ჩვენ კიდევ გვექნებოდა
შეხვედრისა და საუბრის საშუალება. ეს რომ მოვისმინე,
მივხვდი: როგორც პირადად ჩემი, ისე ჩემი ხალხის მომავალი
იმაზე გაცილებით გაურკვეველი იყო, ვიდრე მე ვვარაუდობდი.
ჩვენ გულთბილად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ პრემიერ-
მინისტრის წასვლის შემდეგ უდიდესი იმედგაცრუება
ვიგრძენი.
თუმცა მალე ცხადი გახდა, რომ ბევრად უფრო საჭირბოროტო
პრობლემებს შევეჯახეთ, ვიდრე ეს ტიბეტის
დამოუკიდებლობის საკითხი იყო. მასურიში ჩასვლისთანავე
მივიღეთ ცნობები, რომ უამრავი ლტოლვილი მოაწყდა არა
მარტო ინდოეთს, არამედ ბუტანსაც. დაუყოვნებლივ
გავგზავნე ჩემი ერთი თანამშრომელი, რომ ისინი ინდოეთის
მთავრობის მიერ სასწრაფოდ შექმნილ ბანაკებში მიეღოთ.
ახალჩამოსულთაგან შევიტყვე, რომ ნორბულინგკას პირველი
დაბომბვის შემდეგ ჩინელებმა იარაღი პოტალასა და
ჯოკჰანგისკენ მიმართეს; დახოცეს და დაჭრეს ათასობით
ადამიანი. ორივე შენობა საგრძნობლად დაზიანდა. ჩაკ-პორის
სამედიცინო სკოლა მთლიანად დაინგრა. არავინ იცოდა, ამ

181
თავდასხმას რამდენი ადამიანი შეეწირა, მაგრამ ჩინეთის
სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დოკუმენტები,
რომლებიც 60-იან წლებში თავისუფლებისათვის მებრძოლებმა
ჩაიგდეს ხელში, ადასტურებდა, რომ 1959 წლის მარტიდან 1960
წლის სექტემბრამდე საომარი მოქმედებების შედეგად 87 ათასი
ადამიანი დაიღუპა (ეს ის მონაცემია, რომელიც დაფიქსირდა. აქ
არ იგულისხმებოდა ის ადამიანები, რომლებიც წამებას,
შიმშილს, მძიმე ჭრილობებს, სიცივეს, სხვადასხვა
ავადმყოფობას ემსხვერპლნენ).
ყოველივე ამის შედეგად ათასობით ჩემი თანამემამულე
ცდილობდა ტიბეტის დატოვებას. ბევრი ტიბეტელი ჩინელებმა
დახოცეს. ვინც საზღვრის გადაკვეთა მოახერხა, უმძიმეს
მდგომარეობაში იყო. ინდოეთში მათ ჭერი და საკვები
ჰქონდათ, მაგრამ აქაური მცხუნვარე, ულმობელი მზე მათ
ჯანმრთელობას უმკაცრეს გამოცდას უწყობდა. იყო ორი
მთავარი ტრანზიტული ბანაკი: ერთი მისამარიში, ტეპზურის
მახლობლად, მეორე - ბიუკსა დვარში, სამხედრო ტყვეთა
ყოფილ ბრიტანულ ბანაკში, რომელიც ჩრდილო-
აღმოსავლეთით, ბუტანის საზღვრის მახლობლად
მდებარეობდა. ორივე ადგილი ზღვის დონიდან გაცილებით
დაბლაა, ვიდრე მასური, რომელიც 6 ათასი ფუტის სიმაღლეზე
მდებარეობს. ამიტომ ამ ბანაკების ტერიტორიაზე მზე
უმოწყალოდ აჭერდა. ტიბეტში ზაფხულობით საკმაოდ ცხელა,
მაგრამ იმ სიმაღლეზე, სადაც ტიბეტელები არიან მიჩვეული
ცხოვრებას, ჰაერი ძალიან მშრალია; ინდოეთის დაბლობზე კი
სიცხეს მაღალი ტენიანობა ერთვის. ლტოლვილებისთვის ეს
პირობები არა მარტო უჩვეულო, ხშირ შემთხვევაში
ფატალურიც იყო. ახალ გარემოში ვრცელდებოდა
ავადმყოფობები, რომელთა შესახებაც ტიბეტელებს
წარმოდგენა არ ჰქონდათ. ასე რომ, სასიკვდილო ჭრილობებს
(ტიბეტიდან გამოქცევისას ჩინელები ლტოლვილებს
დაუნდობლად ესროდნენ) დაემატა საფრთხე, რომელსაც
ტიბეტელებს უქადდა მზის დაკვრა და ისეთი ავადმყოფობები,
როგორიცაა, მაგალითად, ტუბერკულოზი (იგი ბანაკებში
მძვინვარებდა). ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.
მასურიში ვინც მოვხვდით, გაცილებით გაგვიმართლა, ვიდრე
ჩემს სხვა თანამემამულეებს. ბირლა ჰაუსში ვენტილატორები
იყო დაყენებული. ამიტომაც მე ალბათ ყველაზე ნაკლებად
ვიტანჯებოდი.

182
როცა ზაფხულის თვეებში დაბლობში მომიწია ჩასვლა,
თვითონვე ვიწვნიე სიცხით გამოწვეული ტანჯვა, რომელსაც
ჩემსავით დევნილი ჩემი თანამოძმეები განიცდიდნენ.
პირველად ეს იყო ივნისში, როცა პრემიერ-მინისტრთან
შესახვედრად დელიში გავემგზავრე, რომ ლტოლვილების
მზარდი რაოდენობის საკითხზე გვემსჯელა. იმ დროისთვის ეს
ციფრი 20 ათასს შეადგენდა, მაგრამ იგი ყოველდღიურად
იზრდებოდა.
ნერუსთან საუბარი შუამდგომლობით დავიწყე, რომ
ახალჩამოსული ლტოლვილები სადმე ისეთ ადგილას
გადაესახლებინათ, სადაც კლიმატი ნაკლებად საშიში იყო,
ვიდრე ტეპზურსა და ბიუკსა დვარში. ტიბეტელებს გრძელი
ტანსაცმელი და მძიმე, თბილი ფეხსაცმელი ეცვათ, რადგან
წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორი სიცხე ელოდათ ინდოეთში.
რამდენიმე ათასი ლტოლვილი, რომლებმაც პირველებმა
დააღწიეს თავი ტიბეტის პირსისხლიანი
„განმათავისუფლებლების“ კლანჭებს, უპირატესად მამაკაცები
იყვნენ, ძირითადად, ლჰასიდან და მისი მიმდებარე
რეგიონებიდან; მაგრამ მოგვიანებით მთელი ოჯახები
ჩამოდიოდნენ საზღვრისპირა რაიონებიდან, რომლებსაც
ჩინელები ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებდნენ.
ნერუს გადაჭრით ვუთხარი: თუ ეს ადამიანები საცხოვრებლად
იქ დარჩებოდნენ, სადაც იმჟამად იმყოფებოდნენ,
აუცილებლად დაიხოცებოდნენ. თავიდან მას გაღიზიანება
დაეტყო და მითხრა, რომ მეტისმეტად ბევრს ვითხოვდი. არ
უნდა დამვიწყებოდა, რომ ინდოეთი ღარიბი, განვითარებადი
ქვეყანა იყო. მაგრამ საუბრის მსვლელობისას თავი იჩინა ამ
ადამიანის ჰუმანისტურმა საწყისმა. კაშაგი უკვე აწარმოებდა
მოლაპარაკებებს ინდოეთის ოფიციალურ პირებთან
ლტოლვილების ჩრდილოეთ ინდოეთის ბანაკებში გადაყვანის
გეგმის შესახებ. ნერუმ მითხრა, რომ ზემოხსენებული
პროცესის ტემპის დაჩქარებას პირადად გაუწევდა
მეთვალყურეობას. ეს საშუალებას მისცემდა ტიბეტელებს,
უფრო შესაფერისი კლიმატის პირობებში ეცხოვრათ და
საარსებო სახსრები თავად გამოემუშავებინათ.
შემდეგ ნერუ ლტოლვილების ბავშვთა სამომავლო
განათლების საკითხსაც შეეხო. ის თანდათანობით
ენთუზიაზმით აღივსო. საუბრის ბოლოს კი ჩავთვალე, რომ ამ

183
გეგმის ხორცშესხმას უკვე თავისი ღირსების საქმედ
მიიჩნევდა. მან თქვა, რომ, მისი აზრით, ჩვენ გარკვეული
დროით (უახლოეს მომავალში მაინც) ინდოეთის სტუმრებად
ვრჩებოდით. რომ ბავშვები ჩვენს უდიდეს სიმდიდრეს
შეადგენდნენ. ამიტომ მათ კარგი განათლება უნდა მიეღოთ.
ტიბეტური კულტურა რომ შენარჩუნებულიყო, სპეციალური
ტიბეტური სკოლები უნდა გახსნილიყო. ამიტომ ინდოეთის
განათლების სამინისტროს ფარგლებში უნდა დაარსებულიყო
ტიბეტური განათლების დამოუკიდებელი საზოგადოება.
ნერუმ დასძინა, რომ ზემოთ ხსენებული სკოლების
გახსნისთვის საჭირო ხარჯებს ინდოეთის მთავრობა გაიღებდა
(ინდოეთის მთავრობა დღემდე აგრძელებს ჩვენი განათლების
პროგრამის უმეტესი ნაწილის დაფინანსებას).
ბოლოს პრემიერ-მინისტრმა გამაფრთხილა, რომ, რა თქმა
უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ტიბეტელმა ბავშვებმა
საფუძვლიანად შეისწავლონ საკუთარი ქვეყნის ისტორია და
კულტურა, მაგრამ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს
ისიც, რომ ისინი თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებას გაეცნონ.
გულწრფელად დავეთანხმე. ამიტომ, მისი თქმით,
კეთილგონივრული იქნებოდა, სწავლა ინგლისურ ენაზე
წარმართულიყო, რადგან „ის მომავლის საერთაშორისო ენა
იქნებოდა“.
ჩვენი საუბრის შემდეგ ოფიციალური საუზმე შედგა, რომლის
დროსაც ნერუმ მითხრა, რომ დოქტორ შრიმალის, განათლების
მინისტრს მოიწვევდა. ეს საშუალებას მოგვცემდა, თემის
განხილვა გაგვეგრძელებინა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ
ზემოხსენებული საზოგადოების ჩამოყალიბების შესახებ იმავე
დღეს განაცხადებდა. ამგვარმა ოპერატიულობამ ჩემზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ინდოეთის მთავრობამ,
ინდოელმა ხალხმა ჩვენთვის, ტიბეტელი
ლტოლვილებისათვის უაღრესად ბევრი რამ გააკეთეს, როგორც
ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, ისე სხვა მხრივაც;
მიუხედავად იმისა, რომ თავად მათ სერიოზული ეკონომიკური
პრობლემები ჰქონდათ. მეეჭვება, რომ იძულებით
გადაადგილებულ პირებს სადმე სხვაგან ასეთი მხარდაჭერა
ჰქონდეთ იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც ისინი შეიფარა.
ყოველთვის მემახსოვრება, რომ იმ დროს, როცა ინდოეთი ჩვენ

184
ფინანსურ დახმარებას გვიწევდა, თავად თავისი ასობით და
ათასობით ბავშვისთვის დაწყებითი განათლების მიცემაც კი არ
შეეძლო.
თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, სრულიად კანონზომიერი
და სამართლიანი იყო, ინდოეთს ჩვენთვის დახმარება
აღმოეჩინა. ვინაიდან ბუდიზმი ტიბეტში ინდოეთიდან
შემოვიდა და მისმა კულტურამ ტიბეტზე დიდი გავლენა
მოახდინა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მას ჩვენს ქვეყანაზე
გაცილებით მეტი უფლებები ჰქონდა, ვიდრე ჩინეთს, რომლის
გავლენაც ტიბეტზე სრულიად უმნიშვნელო იყო. ხშირად
შემიდარებია ინდოეთისა და ტიბეტის ურთიერთობა
მასწავლებლისა და მოსწავლის დამოკიდებულებისთვის. როცა
მოსწავლეს უჭირს, მასწავლებლის ვალია, დახმარება
აღმოუჩინოს.
ინდოელი ხალხის სტუმართმოყვარეობას ბევრი უცხოური
დამოუკიდებელი ორგანიზაციის გულუხვობაც უმაგრებდა
ზურგს. მათი დახმარება ძირიტადად პრაქტიკული ხასიათის
იყო, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროში.
ინდოელები გვაყალიბებინებდნენ აგრეთვე სხვადასხვა
ხელნაკეთი ნივთების დასამზადებელ სახელოსნოებს,
სამრეწველო ცენტრებს, რომლებიც ხალხისთვის ბევრი
სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას იძლეოდა. ერთ-ერთი
პირველი იყო ხალიჩების სახელოსნო დარჯილინგში (ესაა
პატარა ქალაქი მაღალმთიან მხარეში, ნეპალის საზღვართან;
ცნობილია ჩაის მრეწველობით); მერე კი ანალოგიური საწარმო
გაიხსნა დალჰაუსში, დჰარამსალის მახლობლად.Yყოველივე
ამას ინდოეთის მთავრობამ 1959 წელს ჩაუყარა საფუძველი. ამ
სახელოსნოების მაგალითზე, უცხოური ორგანიზაციების
ხელშეწყობით, კიდევ რამდენიმე ასეთი ცენტრი შეიქმნა. ამ
ორგანიზაციების ნაწილი დღემდე აგრძელებს ჩვენს
მხარდაჭერას. ახლა, მრავალი წლის შემდეგ, ისინი კმაყოფილი
არიან იმ პროგრესით, რომელსაც ლტოლვილებმა მათი
ხელმძღვანელობით მიაღწიეს. მათ ჩვენი დევნილობის საწყისი
პერიოდიდანვე დიდი როლი შეასრულეს ტიბეტელი ხალხის
მომავალზე ზრუნვის საქმეში.
ის მიღწევები, რომლებითაც ტიბეტელებმა უპასუხეს მათ
მიმართ გამოხატულ თანადგომას, უზარმაზარი მადლიერების
საუკეთესო გამოხატულებაა. გასათვალისწინებელია ერთი

185
მნიშვნელოვანი გარემოება: ზემოხსენებული ორგანიზაციების
მიერ გაღებული ფულადი სახსრები ხშირ შემთხვევაში
გროვდებოდა იმ ადამიანების შემოწირულობით, რომლებსაც
თავად საარსებო მინიმუმზე მეტი არაფერი გააჩნდათ.
დელიში ვიზიტის შემდეგ მასურიში დავბრუნდი. მივხვდი,
რომ უკვე დადგა დრო, დუმილი დამერღვია და 20 ივნისს
პრესკონფერენცია გავმართე. მასურიში ჯერ კიდევ უამრავი
რეპორტიორი იმყოფებოდა, რომლებიც ჩემგან რაიმე სახის
ინფორმაციას ელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ტიბეტის
ამბავი“ ორი თვის წინ მოხდა და გაზეთებისთვის სიახლეს აღარ
წარმოადგენდა, პრესკონფერენციას ესწრებოდა 130
კორესპონდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
დავიწყე იმით, რომ კიდევ ერთხელ ოფიციალურად უარვყავი
„ჩვიდმეტპუნქტიანი შეთანხმება“. შეკრებილთ ავუხსენი, რომ,
რამდენადაც ჩინეთმა თავად დაარღვია თავისი „შეთანხმების“
პირობები, მისი აღიარების არავითარი სამართლებრივი
საფუძველი აღარ არსებობდა. შემდეგ ჩემი ადრინდელი მოკლე
განცხადება მნიშვნელოვანი დეტალებით შევავსე და
დაწვრილებით აღვწერე ის სისასტიკე, რომელსაც ჩინელები
ტიბეტელების მიმართ იჩენდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ
ხალხი გაიგებდა: ჩემი მონათხრობი უფრო ახლოს იყო
ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ის ყოვლად დაუჯერებელი
გამონაგონი, რომელსაც ჩინელები ავრცელებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უკანასკნელი განცხადება პრესამ
ფართოდ გააშუქა, მე სათანადოდ ვერ შევაფასე, თუ რა
ზემოქმედება შეიძლებოდა, ჰქონოდა საზოგადოებრივი აზრის
ჩამოყალიბებაზე იმ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომლის
ჩატარებაც ჩინეთის მთავრობამ მოახერხა. ანდა, უფრო სწორი
იქნებოდა, მეთქვა: მე ალბათ გადაჭარბებულად შევაფასე
კაცობრიობის მზადყოფნა, თვალი გაესწორებინა
სიმართლისათვის საკუთარი თავის შესახებ. ჯერ იმ ფაქტების
აღმოჩენა გახდა საჭირო, კულტურული რევოლუციის დროს
რომ ხდებოდა, მერე, 1989 წელს, ტელევიზორების ეკრანებზე -
ტიანანმენის მოედანზე მოწყობილი სასაკლაოს ნახვა, რომ
მთელი მსოფლიო დარწმუნებულიყო კომუნისტური ჩინეთის
ბარბაროსობასა და ფარისევლობაში.
იმავე საღამოს ინდოეთის მთავრობის სახელით გავრცელდა
კომუნიკე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იგი არ ცნობდა

186
დევნილობაში მყოფი დალაი ლამას მთავრობას. თავიდან ამით,
ცოტა არ იყოს, გაკვირვებული და ნაწყენი დავრჩი. მშვენივრად
ვიცოდი, რომ ინდოეთი, პოლიტიკური თვალსაზრისით, მხარს
არ გვიჭერდა, მაგრამ ასეთი გამიჯვნა სრულიად ზედმეტი
მეჩვენებოდა. და მაინც, ჩემმა შელახულმა პოლიტიკურმა
თავმოყვარეობამ ადგილი დაუთმო მადლიერების გრძნობას,
რადგან სწორედ მაშინ, პირველად შევიცანი სიტყვა
„დემოკრატიის“ ჭეშმარიტი არსი. ინდოეთის მთავრობა
გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ჩემს პოზიციას, მაგრამ არც
უცდია, მის გამოხატვაში ჩემთვის ხელი შეეშალა; აღარაფერს
ვამბობ იმაზე, რომ ეს არ აუკრძალავს.
ოფიციალური დელის მხრიდან ასევე ხელშეუხებელი იყო
ცხოვრების წესი ტიბეტელებისა, რომელთა რიცხვი დღითი დღე
იზრდებოდა. ხალხის თხოვნით, ბირლა ჰაუსის ტერიტორიაზე
ყოველკვირეულ მიღებებს ვაწყობდი. ეს საშუალებას
მაძლევდა, შევხვედროდი სრულიად სხვადასხვა ტიპის
ადამიანებს და მომეთხრო მათთვის ტიბეტში რეალურად
არსებული სიტუაციის შესახებ. გარდა ამისა, ეს შეხვედრები
დამეხმარა, დამეწყო ეტიკეტის თანდათანობით იგნორირების
პროცესი, ეტიკეტისა, რომელიც ხელს უწყობდა დალაი ლამას
დაშორებას თავისი ხალხისგან. მტკიცედ მწამდა, რომ იმ
ტრადიციებს არ უნდა ჩავბღაუჭებოდით, რომლებიც
თანამედროვე ცხოვრებისთვის მიუღებელი იყო (ხალხს ხშირად
შევახსენებდი, რომ ჩვენ ლტოლვილების სტატუსი გვქონდა).
ამავე მიზნით, მოვითხოვდი, რომ ყველა ფორმალობა
თანდათანობით გაუქმებულიყო. სრულიად გასაგებად
ავუხსენი ყველას, რომ აღარ მინდოდა, ხალხს ძველებური
ცერემონიულობა შეენარჩუნებინა. ვხვდებოდი, რომ ეს
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, როცა საქმე
უცხოელებთან ურთიერთობას ეხებოდა. მათ გაცილებით
უკეთესი რეაქცია ექნებოდათ, თუკი ჩვენში ჭეშმარიტ
ღირსებებს აღმოაჩენდნენ. ძალიან იოლად ჩამოგშორდებიან
სხვები, თუკი ჩაიკეტები; ამიტომაც ვიყავი მომხრე,
გულგახსნილი, გულახდილი ვყოფილიყავი, არავისთვის
არაფერი დამემალა და ეტიკეტს არ ამოვფარებოდი.
ვიმედოვნებდი, ამის შედეგად ჩემდამი ყველას ისეთი
დამოკიდებულება ექნებოდა, როგორიც ადამიანს - ადამიანთან.
მოვითხოვე, რომ ჩემთან შეხვედრის მსურველები, ვინც არ
უნდა ყოფილიყვნენ ისინი, იმავე სიმაღლის სავარძელზე

187
მსხდარიყვნენ, როგორზეც მე, და არა უფრო დაბალზე, როგორც
მიღებული იყო. თავიდან ამის გაკეთება თვით მეც კი საკმაოდ
ძნელი მეგონა, მაგრამ თავდაჯერებულობას, რომელიც
მაკლდა, თანდათანობით ვიძენდი. მიუხედავად ეჭვებისა,
რომლებსაც ჩემი ზოგიერთი უფროსი თაობის მრჩეველი
გამოთქვამდა, ახლებური პრინციპები მხოლოდ ტიბეტიდან
ახალჩამოსულებს აბნევდა. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ
დალაი ლამამ უკვე უარი თქვა ბევრ მათთვის ცნობილ წესზე.
„ბირლა ჰაუსში“ ფორმალობას ვერც დაიცავდი. ეს სახლი არც
დიდებულებით გამოირჩეოდა და არც უზარმაზარი იყო;
დროდადრო კი ხალხით გადაიჭედებოდა ხოლმე. ჩემ გარდა იქ
დედაჩემი და ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც ცხოვრობდნენ, ჩემი
თანამშრომლები კი იქვე ახლოს იყვნენ დაბინავებული.
ცხოვრებაში პირველად მქონდა შესაძლებლობა, დედაჩემთან
ერთად ამდენი ხანი გამეტარებინა, რაც ძალიან მახარებდა.
ფორმალობების ამოძირკვის გარდა ჩვენმა ტრაგედიამ იმის
საშუალებაც მომცა, საკუთარი ცხოვრობა გამემარტივებინა.
ლჰასაში დიდ ქონებას ვფლობდი, რომელსაც ჩემთვის დიდი
სარგებლობა არ მოუტანია. ამავე დროს, ძალიან ძნელი იყო,
უარი მეთქვა მასზე. ახლა თითქმის არაფერი აღარ გამაჩნდა და
აღმოვაჩინე, რომ აქ გაცილებით ადვილი გახდა, ნაჩუქარი
ნივთები ჩემი ემიგრანტი თანამოძმეებისათვის მიმეცა, თუკი
მათ ისინი დასჭირდებოდათ.
ადმინისტრაციულ სფეროშიც მოვახერხე, რადიკალური
ცვლილებები გამეტარებინა. მაგალითად, იმ პერიოდში
ჩამოვაყალიბე ტიბეტის მთავრობის სხვადასხვა ახალი
დეპარტამენტი - ინფორმაციის, განათლების, აღორძინების,
უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში. განსაკუთრებით
ვცდილობდი, წამეხალისებინა ქალების მონაწილეობა
მთავრობის მუშაობაში. ხშირად შევახსენებდი ხალხს, რომ
მნიშვნელოვან პოსტებზე კანდიდატების შერჩევა უნდა
დაფუძნებოდა მათ პიროვნულ თვისებებს, შესაძლებლობებს
და არა სქესობრივ განსხვავებას. როგორც ადრე აღვნიშნე,
ქალები ტიბეტურ საზოგადოებაში ყოველთვის მნიშვნელოვან
როლს ასრულებდნენ. ახლაც, მოცემულ ეტაპზე, ბევრ მათგანს
ტიბეტის დევნილ მთავრობაში საკვანძო თანამდებობა უკავია.
დელიში სექტემბერში დავბრუნდი. ამ დროისთვის
ლტოლვილების მდგომარეობის გამო შედარებით მშვიდად

188
ვიყავი. მათი რიცხვი ოცდაათი ათასამდე გაიზარდა, მაგრამ
ნერუს სიტყვისთვის არ უღალატია - ბევრი მათგანი უკვე
გადაიყვანეს ჩრდილოეთ ინდოეთის მთიანი რაიონების
ბანაკებში. ახლა ჩემი მთავარი მიზანი იყო, ყველაფერი
გამეკეთებინა იმისთვის, რომ გაერთიანებული ერების
ორგანიზაციას ტიბეტის დამოუკიდებლობის უფლება
განსახილველი საკითხების სიაში შეეტანა. ვიზიტი ინდოეთის
დედაქალაქში ისევ პრემიერ-მინისტრის მონახულებით
დავიწყე. თავიდან ლტოლვილების ახალი ნაკადის სამხრეთ
ინდოეთში დასახლების პროექტზე ვიმსჯელეთ. ნერუმ
ინდოეთის რამდენიმე შტატის მეთაურს მიმართა
წერილობითი შეკითხვით, შეეძლოთ თუ არა, ჩვენთვის,
ტიბეტელებისთვის მიწა გამოეყოთ. მათგან უკვე არაერთი
დადებითი პასუხი მოვიდა, რის გამოც დიდი კმაყოფილება
გამოვხატე. ამის შემდეგ ვახსენე ჩემი გეგმა, როგორმე
მიმეღწია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სესიაზე
ტიბეტის საკითხის მოსმენა დღის წესრიგში შეეტანათ. ნერუს
გაღიზიანების ნიშნები დაეტყო. „ვინაიდან არც ტიბეტი და არც
ჩინეთი გაეროს წევრები არ არიან, - თქვა მან, - სრულიად
წარმოუდგენელია, რომ ეს მოახერხოთ. და რომც მოახერხოთ,
ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევთ“. მე ვუპასუხე, რომ
ვაცნობიერებდი, რა სირთულეებსაც წავაწყდებოდი, მაგრამ
მხოლოდ ერთი რამ მინდოდა: მსოფლიოს ტიბეტი არ
დაევიწყებინა. სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რომ ჩემი
ხალხი საკუთარი უბედურების პირისპირ მარტო არ
დარჩენილიყო. „ტიბეტის საკითხი დავიწყებას რომ არ მიეცეს,
ამას გაეროს სესიის სხდომაზე გატანა კი არ სჭირდება, არამედ
იმაზე ზრუნვა, რომ თქვენმა ბავშვებმა სათანადო განათლება
მიიღონ. თუმცა, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. თქვენ
თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობთ“. - მითხრა პრემიერ-
მინისტრმა.
უკვე დავუგზავნე წერილები ბევრი ქვეყნის მთავრობებს და
ზოგიერთი მათგანის ელჩებს უნდა შევხვედროდი. ეს ჩემთვის
უმძიმესი გამოცდა იყო. ჯერ ოცდაოთხი წლის ვიყავი და
უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოღვაწეებთან ჩემი
ურთიერთობა იმ გამოცდილებით შემოიფარგლებოდა,
რომელიც ჩინეთში ვიზიტის დროს მივიღე; ამას ემატებოდა
რამდენიმე საუბარი ნერუსთან და მის კოლეგებთან.
მიუხედავად ამისა, ჩემ მიერ გამართულ შეხვედრებს

189
გარკვეული სახის დადებითი შედეგი ჰქონდა, რადგან
ზოგიერთი ელჩი დიდი თანაგრძნობით მოეკიდა ტიბეტის
საკითხს. ისინი მაძლევდნენ რჩევებს, როგორ მემოქმედა
შემდგომში; ყველანი მპირდებოდნენ, რომ აუცილებლად
გადასცემდნენ თავიანთ მთავრობებს ჩემს თხოვნას
მხარდაჭერის შესახებ. საბოლოოდ, მალაიზიის ფედერაციამ და
ირლანდიის რესპუბლიკამ შეიტანეს რეზოლუციის პროექტი,
რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოქტომბერში
განიხილავდნენ. განხილვამ ჩვენს სასარგებლოდ ჩაიარა. ხმები
შემდეგნაირად გაიყო: 45 მომხრე, 9 - წინააღმდეგი, 26-მა თავი
შეიკავა. ამ უკანასკნელთა შორის ინდოეთიც იყო.
დედაქალაქში ამ ვიზიტის დროს ჩვენს გულშემატკივარ
რამდენიმე პოლიტიკოსს შევხვდი, მათ შორის, ჯაია პრაკაშ
ნარაიანს, რომელმაც 1957 წელს დადებული პირობა შეასრულა
და ტიბეტის მხარდასაჭერად საგანგებო კომიტეტი შექმნა. ის
მიიჩნევდა, რომ უკვე არსებობდა შანსი იმისა,
დაერწმუნებინათ ინდოეთის მთავრობა, ტიბეტთან
დაკავშირებით პოზიცია შეეცვალა. მისი ენთუზიზმი, რომელიც
გადამდები იყო, მადლიერების გრძნობით მავსებდა, მაგრამ
ინსტინქტურად ვხვდებოდი, რომ ნერუ თავის
გადაწყვეტილებას არასოდეს უღალატებდა. ძალიან გაგვახარა
ცნობამ იმის შესახებ, რომ იურისტთა საერთაშორისო კომისიამ,
დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ (ის მთელ მსოფლიოში
კანონიერების დაცვის საქმეს ემსახურებოდა) გამოაქვეყნა
ანგარიში ტიბეტის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ,
რომელიც სავსებით ადასტურებდა ჩვენი პოზიციის სისწორეს.
კომისია, რომელსაც ჩვენი საქმე განსახილველად წლის
დასწყისში გადაეცა, ახლა სრულმასშტაბიანი კვლევის
ჩატარებას გეგმავდა.
ერთი თვის შემდეგ, უკვე მასურიში ჩასულმა, მივიღე ჩემთვის
ესოდენ საჭირო მორალური მხარდაჭერა აფრიკა-აზიის
კომიტეტისგან, რომლის შეკრება დელიში შედგა. იგი თითქმის
მთლიანად ტიბეტის საკითხზე მსჯელობას მიეძღვნა.
დელეგატების უმრავლესობა იმ ქვეყნებიდან იყო ჩამოსული,
რომლებიც წარსულში კოლონიური უღლის ქვეშ
იტანჯებოდნენ; ამიტომ მათ, რასაკვირველია, ტიბეტის მხარე
ეჭირათ. ისინი ხედავდნენ, რომ ჩვენც ისეთივე მდგომარეობაში
აღმოვჩნდით, როგორშიც თვითონ იყვნენ, სანამ
დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ.

190
ცნობამ მათი ერთსულოვანი თანადგომის შესახებ უზომოდ
გამახარა და ოპტიმიზმით აღმავსო; იმედი ჩამესახა, რომ
ყოველივე ამას რაღაც სასიკეთო უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ,
სამწუხაროდ, გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ პრემიერ-
მინისტრი სწორი იყო. ჩვენ, ტიბეტელებს, შინ მალე
დაბრუნების იმედი არ უნდა გვქონოდა. ამის ნაცვლად უნდა
მოგვეხდინა ძალების მობილიზება ძლიერი დიასპორის
ჩამოსაყალიბებლად, რომ, როცა ბოლოს და ბოლოს საამისო
დრო დადგებოდა, სამშობლოში გამოცდილებით
გამდიდრებული დავბრუნებულიყავით.
წინადადებები მიწის გამოყოფის შესახებ, რაზედაც ნერუ
ლაპარაკობდა, ერთი შეხედვით, საუკეთესო პერსპექტივებს
გვიქადდა. სამხრეთ ინდოეთში, მისურის მახლობლად,
დაუყოვნებლივ შეგვეძლო, სამი ათასი აკრი მიწა მიგვეღო,
თუკი ამის სურვილი გვექნებოდა; მაგრამ, რაც არ უნდა
გულუხვი ყოფილიყო ეს შემოთავაზება, თავიდან
ვყოყმანობდი, დავთანხმებულიყავი თუ არა. ნამყოფი ვიყავი ამ
რეგიონში, როცა წინა ვიზიტისას წმინდა ადგილები მოვილოცე,
და ვიცოდი, იქ წყნარი და ნაკლებად დასახლებული ადგილები
იყო, მაგრამ გაცილებით ცხელოდა, ვიდრე ჩრდილოეთში.
ამიტომ, ჩემი აზრით, სამხრეთ ინდოეთში საცხოვრებლად
მეტისმეტად მძიმე პირობები იქნებოდა. გარდა ამისა, ჩემი
რეზიდენცია დჰარამსალაში ხსენებული რეგიონიდან ძალიან
დაშორებული იყო.
მეორე მხრივ, ჩვენი იმჟამინდელი მდგომარეობის
გათვალისწინებით, ვხვდებოდი, რომ ყველაფერს იმ კუთხით
უნდა მივდგომოდით, თითქოს ინდოეთში საცხოვრებლად
სამუდამოდ ვრჩებოდით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეძლო,
დაგვეწყო განათლების პროგრამის განხორციელება და
გადაგვედგა ნაბიჯები ტიბეტელი ხალხის კულტურული
მემკვიდრეობითობის უზრუნველსაყოფად. მივედი
დასკვნამდე, რომ აღნიშნულმა მოსაზრებებმა გეოგრაფიული
და ფსიქოლოგიური პრობლემები გადაწონა, და მადლიერებით
მივიღე შემოთავაზება მიწებთან დაკავშირებით.
ლტოლვილების პირველი ნაკადი ახალ მიწებზე
დასასახლებლად ახალი 1960 წლის წინა დღეს გაემგზავრა.
საბოლოოდ იქ უნდა ჩამოყალიბებულიყო 3 ათასკაციანი თემი
(კაცზე ერთი აკრი მიწა მოდიოდა).

191
1959 წლის ბოლოს მივიღეთ ინფორმაცია ორი ორგანიზაციის
დაარსების შესახებ: პირველი იყო დახმარების ცენტრალური
კომიტეტი, რომელსაც აჩარია კრიპალანი ხელმძღვანელობდა,
ხოლო მეორე - ამერიკული კომიტეტი ტიბეტელ
ლტოლვილთათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის
მიზნით. მათი მიყოლებით შეიქმნა ანალოგიური
ორგანიზაციები სხვა ქვეყნებშიც, რომლებმაც, ყველამ ერთად,
ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს.
ჩემთან შეხვედრის სურვილს მეტად საინტერესო ადამიანები
გამოთქვამდნენ. ერთ-ერთი მათგანი ერთი ინდოელი ბერი იყო,
რომელსაც დრომოში მისი ვიზიტის დროს შევხვდი. მაშინ მას
რელიკვია - ბუდას წმინდა ნაწილები ჰქონდა ჩამოტანილი.
უზომოდ გამიხარდა, რომ მას კვლავ შევხვდებოდი. ის ძალიან
განათლებული ადამიანი იყო და განსაკუთრებულ ინტერესს
იჩენდა საზოგადოებრივი და ეკონომიკური საკითხების
მიმართ. იმ პერიოდში, რომელმაც ჩვენი შეხვედრიდან განვლო,
მან ბევრი დრო და ენერგია შეალია მარქსისტული
იდეოლოგიისა და ბუდიზმის სულიერი პრინციპების
სინთეზირების მცდელობას. ამან ძალზე დამაინტერესა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მის მიერ ჩატარებული სამუშაო
უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან აზიის უზარმაზარი
ნაწილი, სადაც წინაპართაგან ნაანდერძევი რწმენა ბუდიზმია
(ეს იყო ტერიტორია ტაილანდის საზღვრებიდან ციმბირამდე),
საშინლად დააზარალა რელიგიის მიმართ მარქსიზმის
მტრულმა დამოკიდებულებამ.
დაახლოებით ამ ხანებში სინგალელი ბერი მესტუმრა,
რომელსაც მემარცხენე პოზიცია ეკავა. როცა ჩემი ახალი
მეგობარი მასურიდან მიემგზავრებოდა, შრი-ლანკაში მიმიწვია.
ამ ქვეყნის მონახულება ძალიან მინდოდა, იმიტომ, რომ იქ
ყველაზე მნიშვნელოვან რელიკვიას - ბუდას კბილს ვნახავდი.
მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა უკვე გზას უნდა
დავდგომოდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ როგორი
არასაიმედოა ლტოლვილის სტატუსი. შრი-ლანკის
მთავრობისგან მოვიდა ცნობა, რომ, სამწუხაროდ, ჩემი ვიზიტი
„გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო“ გაურკვეველი
ვადით უნდა გადადებულიყო. როგორც გაირკვა, ამაში
ოფიციალური პეკინის ხელი ერია. მე ერთხელ კიდევ
შემახსენეს, რომ მაღალჩინოსან „ძმებსა და დებს“ შეეძლოთ,

192
თუკი დასჭირდებოდათ, რელიგიური ხასიათის საქმიანობაც კი
შეეფერხებინათ.
როცა კომუნისტური ექსპანსიის მსხვერპლთა კიდევ ერთი
ჯგუფისგან წარმოგზავნილი დელეგაცია მივიღე, ჩემთვის
ცხადი გახდა, რომ ჩინელებთან საქმიანი დიალოგის დაწყება
სასწრაფოდ იყო დასაწყები. ეს ადამიანები აღმოსავლეთ
თურქესტანიდან[19] იყვნენ, რომელიც ჩინეთმა 1949 წელს
დაიპყრო. ჩვენ ბევრი გვქონდა სალაპარაკო. ოთხი საათის
განმავლობაში ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვადარებდით
ჩვენთან და მათთან მომხდარ ამბებს. გამოირკვა, რომ
ლტოლვილები აღმოსავლეთ თურქესტანიდან გაცილებით
მეტნი იყვნენ, ვიდრე ჩვენ. მათი ერთ-ერთი ლიდერი იურისტი
იყო. იმ დროს კი ტიბეტის მთელ მოსახლეობაში არც ერთი
პრაქტიკოსი ექიმი-ალოპათი[20] არ არსებობდა, რომ არაფერი
ვთქვათ კვალიფიციურ იურისტზე. ჩვენ დაწვრილებით
განვიხილეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის მეთოდები,
რომლებიც შეიძლებოდა ჩვენს ქვეყნებში გამოგვეყენებინა.
საბოლოოდ შევთანხმდით, მჭიდრო ურთიერთობა
დაგვემყარებინა (რასაც დღემდე ვინარჩუნებთ). რატომღაც
ტიბეტის საკითხი ყოველთვის უფრო მეტად იქცევდა
ყურადღებას, ვიდრე აღმოსავლეთ თურქესტანისა.
დეკემბერში კიდევ ერთხელ გავემგზავრე დელიში. ამჯერად ეს
ხელახალი მომლოცველობის პირველი ეტაპი იყო. მინდოდა,
უფრო ხანგრძლივად დავყოვნებულიყავი იმ ადგილებში,
რომლებიც 1957 წლის დასაწყისში მოვინახულე. გზად ისევ
ვეწვიე პრემიერ-მინისტრს. ცოტათი ვღელავდი იმის გამო, თუ
რას იტყოდა იგი გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით;
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი შენიშვნა
უარყოფითი ხასიათის იქნებოდა. მაგრამ ნერუმ გულთბილად
მომილოცა. თანდათანობით ვხვდებოდი, რომ, მიუხედავად
დესპოტურობის ნიშნებისა, რომლებსაც იშვიათად, მაგრამ
მაინც ავლენდა, იგი დიდსულოვანი ადამიანი იყო. კიდევ
ერთხელ შევიცანი სიტყვა „დემოკრატიის“ არსი. მართალია,
ნერუს მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრება არ გავიზიარე,
მაგრამ ამას ტიბეტელთა მიმართ მის დამოკიდებულებაზე არ
უმოქმედია. ამიტომ ისე ვიყავი განწყობილი მის მოსასმენად,
როგორც არასდროს. მასთან ურთიერთობის ფორმა სრულიად
საწინააღმდეგო იყო ჩემი გამოცდილებისა, რომელიც ჩინეთში
ყოფნისას შევიძინე. ნერუ ხშირად არ იღიმებოდა. ის, როგორც

193
წესი, იჯდა და მშვიდად მისმენდა. სანამ პასუხს გაიგონებდი,
ოდნავ წინ გამოწეული ქვედა ტუჩი აუთრთოლდებოდა.
პასუხს კი ყოველთვის გულახდილად და პატიოსნად
გაგცემდა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ მან
სრული თავისუფლება მომანიჭა, საკუთარი სინდისის
კარნახით მემოქმედა. ჩინელები კი, პირიქით, ყოველთვის
გიღიმოდნენ და გატყუებდნენ.
კიდევ ერთხელ შევხვდი ინდოეთის პრეზიდენტს, დოქტორ
რაჯენდრა პრასადს. მას რაშტრაპატჰი ბჰავანში ვსტუმრობდი
ერთ ჯაინთან,[21] აჩარია ტულსისთან ერთად, რომელსაც
უდიდეს პატივს ვცემდი. 1956 წელს, როცა ინდოეთის
პრეზიდენტს პირველად შევხვდი, ჩემზე საოცარი
შთაბეჭდილება მოახდინა მისმა თავმდაბლობამ. მას ქცევის
სრულიად უჩვეულო მანერა ჰქონდა, რომელმაც ისე შემძრა,
ცრემლი მომერია. ნამდვილ ბოდჰისატვას ჰგავდა.
უკანასკნელად იგი რეზიდენციის ბაღში ვნახე. დილით, ძალიან
ადრე, ბაღში გამოვედი. თურმე ისიც იქ იყო - შავ ეტლში
მჯდარი, სულ მთლად მოხრილი, მაგრამ მაინც დიდებული
იერის მქონე მოხუცი.
დელიდან ბოდჰ-გაიასკენ ავიღე გეზი. იქ ტიბეტელი
ლტოლვილების სამოცკაციან დელეგაციას შევხვდი. ისინიც
წმინდა ადგილების მოსალოცად ჩამოსულიყვნენ. საოცრად
ამაღელვებელი მომენტი იყო, როცა დელეგაციის ლიდერები
მომიახლოვდნენ და აღთქმა დადეს, რომ თავისუფალი
ტიბეტისათვის ბრძოლას სიცოცხლეს შესწირავდნენ. ამის
შემდეგ პირველად ჩემს სიცოცხლეში 162 ახალგაზრდა
ტიბეტელის ბჰიკხუდ ხელდასხმის ცერემონია ჩავატარე.
ვგრძნობდი, რამხელა პატივი მხვდა წილად - ეს საკრალური
რიტუალი აღესრულა ტიბეტურ მონასტერში, რომლიდანაც
ბოდჰის ხის მახლობლად მდებარე მაჰაბოდჰის ტაძარი
მოჩანდა (ამ ხის ძირას მიაღწია ბუდამ გასხივოსნებას).
ამის შემდეგ მოვინახულე სარნატჰი და ირმების პარკი, სადაც
ბუდამ პირველად იქადაგა. ჩემს თანმხლებ პირთა შორის
იყვნენ ლინგ რინპოჩე, ტრიჯანგ რინპოჩე და, რა თქმა უნდა,
ჩემი სამოსის მცველი, რიტუალისა და სამზარეულოს
ოსტატები. აქ ორი ათასამდე ტიბეტელი ლტოლვილი შეიკრიბა,
რომლებიც ცოტა ხნის წინ ნეპალის გამოვლით
ჩამოსულიყვნენ. მათ იცოდნენ, რომ მე უნდა მექადაგა. ისინი

194
ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ეტყობოდათ, რა
ვაჟკაცურად უმკლავდებოდნენ განსაცდელს. ტიბეტელებს,
რომლებსაც ვაჭრობა კარგად გამოსდით, უკვე სავაჭრო
ფარდულები გაეხსნათ. ზოგიერთები იმ მცირერიცხოვან
ძვირფასეულობას ყიდდნენ, რომლის ტიბეტიდან გამოტანა
მოეხერხებინათ. სხვები ძველი ტანსაცმელით ვაჭრობდნენ.
ყიდდნენ მარტო ჩაისაც. ძალიან გამამხნევა იმის დანახვამ,
როგორ ენერგიას, შეუპოვრობას უპირისპირებდნენ ისინი
თავიანთ მწუხარებას. ყოველ მათგანს საზარელი განსაცდელი
ჰქონდა გადატანილი. მათ საკუთარ თავზე იწვნიეს ჩინელების
სისასტიკე; აქ კი ისწრაფოდნენ, იმ მცირეოდენით ესარგებლათ,
რაც ცხოვრებამ მათთვის გაიმეტა.
ჩემი ქადაგებები ირმების პარკში ერთ კვირას გრძელდებოდა.
ეს იყო საოცარი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის ძალიან
ბევრს ნიშნავდა, რომ სწორედ აქ 2500 წლის წინ თვით ბუდა
ქადაგებდა. როცა ხალხს ვესაუბრებოდი, ვცდილობდი,
ყურადღება გამემახვილებინა ჩვენი უმძიმესი განსაცდელის
დადებით ასპექტებზე; შევახსენებდი მათ ბუდას სიტყვებს,
რომ ტანჯვა გათავისუფლების გზაზე გადადგმული პირველი
ნაბიჯია. არსებობს ასევე ძველისძველი ტიბეტური ანდაზა:
„ტანჯვა სიამოვნების თანაზომიერი ცნებაა“.
მასურიში დაბრუნებისთანავე შევიტყვე, რომ ინდოეთის
მთავრობას სურდა, საცხოვრებლად დჰარამსალაში
გადავსულიყავი. ეს მოულოდნელი ამბავი იყო ჩემთვის, თანაც
შემაშფოთებელი. დჰარამსალა რუკაზე მოვნახე და აღმოვაჩინე,
რომ ის ისეთივე მაღალმთიანი დასახლება იყო, როგორიც
მასური, მაგრამ გაცილებით შორს მდებარეობდა. კიდევ ბევრი
დეტალის შესახებ გამოვიკითხე; მიპასუხეს, რომ, მასურისგან
განსხვავებით, რომელიც დელიდან რამდენიმე საათის
სავალზე იყო, დედაქალაქიდან დჰარამსალაში ჩასვლას მთელი
დღე სჭირდებოდა. ეჭვი გამიჩნდა, რომ ინდოეთის მთავრობა
ცდილობდა, სადმე მოშორებით, მიყრუებულ ადგილას
გადავემალეთ იმის იმედით, რომ ჩვენ, ტიბეტელები,
გარესამყაროს მხედველობის არეალიდან გავქრებოდით.
ამიტომ ნებართვა ვითხოვე, რომ დჰარამსალაში ტიბეტის
მთავრობის თანამშრომელი გამეგზავნა, რათა გამოგვერკვია,
ნამდვილად შეესაბამებოდა თუ არა ეს ადგილი ჩვენს
საჭიროებებს. ჩემი თხოვნა დააკმაყოფილეს. დასაზვერად

195
კაშაგის ერთი წევრი, ჟ. ტ. კუნდერლინგი გავგზავნე. ის ერთ
კვირაში დაბრუნდა და თქვა, რომ „დჰარამსალაში წყალი
უკეთესი იყო, ვიდრე მასურიში - რძე.“ ასე რომ, დაუყოვნებლივ
დავიწყეთ მზადება საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად.
ამავე ხანებში გავემგზავრე ჩრდილოეთის პროვინციების
მოსანახულებლად, სადაც ჩემი ათასობით თანამემამულე
გზების მშენებლობაზე მუშაობდა. როცა ისინი დავინახე, გული
მომიკვდა. ბავშვები, ქალები, მამაკაცები ერთ ბრიგადაში,
ერთმანეთის მხარდამხარ მუშაობდნენ; ყოფილი მონაზვნები,
ბერები, გლეხები, სახელმწიფო მოხელეები, მოსამსახურეები -
ყველანი ერთად. მათ მთელი დღის განმავლობაში, მწველი
მზის ქვეშ მძიმე ფიზიკური სამუშაო უნდა შეესრულებინათ,
ღამით კი საშინელ სივიწროვეში, კარვებში ეძინათ. ამ
პირობებში ვეღავინ მოახერხა აკლიმატიზაციის გავლა ისე,
როგორც საჭირო იყო. აქ ოდნავ უფრო გრილოდა, ვიდრე
ტრანზიტულ ბანაკებში, მაგრამ სიცხე და ნესტი ხალხს
საშინლად აწამებდა. ჰაერი მძიმე იყო, ირგვლივ მოსკიტები
ფუთფუთებდნენ. ავადმყოფობას, რომელიც აქ უკვე
ჩვეულებრივი ამბავი იყო, დასუსტებული ორგანიზმი ვერარ
უმკლავდებოდა. ხშირად იგი სიკვდილით მთავრდებოდა.
თავად სამუშაო უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული. ის
უმეტესად მთის ციცაბო ფერდობებზე მიმდინარეობდა.
დინამიტის აფეთქება ხშირად უბედური შემთხვევების მიზეზი
ხდებოდა.
დღემდე შეხვდებით ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც ამ
საშინელი სამუშაოს კვალი ატყვიათ. ბევრს ნაიარევი
შემორჩენია; არიან ხეიბრები, კოჭლობენ. ახლა მათი შრომის
ნაყოფი თვალნათლივ ჩანს, მაგრამ მაშინ იყო მომენტები, როცა
მთელი ეს წამოწყება (გზის მშენებლობა) უაზრო, ამაო ჩანდა.
საკმარისი იყო ერთი კოკისპირული წვიმა და ამდენი ნაშრომ-
ნაწვალები წითელი თიხის წებოვანი ფენის ქვეშ მოექცეოდა.
მიუხედავად თავიანთი მძიმე მდგომარეობისა, ლტოლვილები
დიდი პატივისცემით მხვდებოდნენ და ყურადღებით
მისმენდნენ, როცა ვამბობდი, რომ ჩვენთვის ოპტიმიზმის
შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა. მათი
დამოკიდებულება გულის ამაჩუყებელი იყო.
გზის მშენებელთა ბანაკების პირველად დათვალიერებამ
ახალი პრობლემის წინაშე დამაყენა. გზის მუშების შვილები

196
ცუდი კვების მსხვერპლნი ხდებოდნენ და მათ შორის
სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკიდურესად მაღალი იყო.
ამიტომ ინდოეთის მთავრობას მივმართე, რომელმაც
სასწრაფოდ ჩამოაყალიბა ახალი სატრანზიტო ბანაკი, რომელიც
ამ ბავშვების საჭიროებებს იყო მორგებული. ამავე დროს
მასურიში გაიგზავნა ორმოცდაათი ბავშვი და გაიხსნა პირველი
ტიბეტური სკოლა.
1960 წლის თებერვალში ახალმოსახლე ტიბეტელები
ბილაკუპეში, მასურის შტატში ჩავიდნენ. მოგვიანებით
მიყვებოდნენ: როცა ეს მიწა დაუნახავთ, ბევრს თავი ვერ
შეუკავებია და ატირებულა. თითქმის წარმოუდგენელი იყო იმ
სამუშაოს შესრულება, ამ ადამიანების წინაშე რომ იდგა. მათ
მისცეს კარვები და ყველაზე უფრო აუცილებელი ნივთები.
გარდა გამბედაობისა, ამ ხალხს სხვა იარაღი არ ჰქონდა.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 10 მარტს, იქამდე, სანამ ტიბეტის
დევნილი მთავრობის ოთხმოც თანამშრომელთან ერთად
დჰარამსალაში გავემგზავრებოდი, ტიბეტელი ხალხის
აჯანყების წლისთავთან დაკავშირებით ჩემს
თანამემამულეებს სიტყვით მივმართე (რაც დღეს უკვე
ტრადიციადაა ქცეული). ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ
ტიბეტში არსებული მდგომარეობა უნდა გაგვეანალიზებინა,
მაგრამ მომავალზედაც უნდა გვეფიქრა. დევნილი
ტიბეტელები, პირველ რიგში, ახალ საცხოვრებელ ადგილებზე
უნდა მოვწყობილიყავით და ჩვენი კულტურული ტრადიციები
გაგვეგრძელებინა. რაც შეეხება მომავალს, კიდევ ერთხელ
გამოვხატე მტკიცე რწმენა, რომ, თუკი ჭეშმარიტებით,
სამართლიანობითა და ვაჟკაცობით შევიარაღდებოდით,
ბოლოს და ბოლოს მივაღწევდით მიზანს - ტიბეტის
თავისუფლებას.

ასი ათასი ლტოლვილი


დჰარამსალისკენ ღამის მატარებლითა და ავტომობილებით
გავემგზავრეთ. მასური 1960 წლის 29 აპრილს დავტოვე ჩემს
თანმხლებ პირებთან ერთად და პატაკონტის სადგურში
(ჰიმაჩალ პრადეშის შტატი) მეორე დღეს ჩავედით. კარგად
მახსოვს გზა, რომელიც გავიარეთ. ერთი საათის მგზავრობის

197
შემდეგ შორს აღმართული თეთრი მწვერვალები დავინახე.
ჩვენ გეზი სწორედ მათკენ გვქონდა აღებული. ეს ინდოეთის
ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. ღია მწვანე ფერის მინდვრებზე
აქა-იქ ხეები გაბნეულიყო... თვალს გტაცებდა ყვავილებით
მორთული მდლოს ზღაპრული ფერები. დჰარამსალის ცენტრში
ლიმუზინიდან გადმოვედი და უკანასკნელი რამდენიმე მილი
ჩემს ახალ სამყოფლამდე ჯიპით გავიარე. ჩემი სახლი სოფელ
მაკ ლეოდ განჯის ზემოთ მდებარეობდა. აქედან
ხელისგულივით იყო გადაშლილი დიდი ველი.
თავბრუდამხვევად ციცაბო აღმართზე ავდიოდით.
მახსენდებოდა ჩემი მოგზაურობები ლჰასის შემოგარენში,
სადაც, გზის პირას თუ დადგებოდი, ქვემოთ ათასობით ფუტზე
შეგეძლო ჩახედვა. მაკ ლეოდ განჯს რომ მივუახლოვდით,
დავინახეთ, რომ იქაურებს ჩვენს საპატივცემულოდ რამდენიმე
ბამბუკის ჭიშკარი აღემართათ, რომლებზეც ოქროსფერი
ასობით გამოყვანილი იყო წარწერა: „კეთილი იყოს თქვენი
მობრძანება!“ აქედან სულ რაღაც ერთი მილი რჩებოდა ჩემს
ახალ სახლამდე, რომელსაც „სვარგ აშრამი“ ერქვა; ადრე,
ბრიტანეთის ბატონობის დროს, ამ შენობაში ოლქის კომისრის
რეზიდენცია იყო, რომელსაც სახელწოდებაც სხვა ჰქონდა -
„ჰაიკროფტ ჰაუსი“. ეს მომცრო სახლი ტყეში იყო ჩაფლული და
დამხმარე ნაგებობებით გარშემორტყმული. ერთ-ერთი მათგანი
სამზარეულოს ეჭირა. ჩემს თანამშრომლებს სამი სახლი
გამოუყვეს. შენობები შემდგომში გაფართოების საშუალებას
იძლეოდა, მაგრამ ჯერჯერობით ოთახები ნაკლები იყო, ვიდრე
ჩვენს წინა რეზიდენციაში; მაგრამ მე მაინც დიდად მადლიერი
ვიყავი, რადგან ახლა უკვე შეგვეძლო, საფუძვლიანად
დავმკვიდრებულიყავით.
როცა იქ მივედით, უკვე ძალიან გვიანი იყო. ამიტომ ბევრი
ვერაფერი გავარჩიე. დილით, როცა გავიღვიძე, გავიგონე
რომელიღაც ფრინველის მკაფიო ძახილი (ეს ჩიტი, როგორც
შემდეგ მითხრეს, ამ ადგილებში ძალიან გავრცელებული
ყოფილა). იგი თითქოს ამბობდა: „კარა-ჩოკ! კარა-ჩოკ!“
ფანჯარაში გავიხედე, მაგრამ ის ვერსად დავინახე. სამაგიეროდ,
ჩემ თვალწინ დიდებული მთების სურათი გადაიშალა.
მოკლედ, დჰარამსალაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი,
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ კუნდელინგმა მასურის რძის გემო
მოგვიანებით დააფასა და რამდენიმე წლის შემდეგ იქ

198
დაბრუნდა. ადგილს, სადაც დჰარამსალა მდებარეობს,
ფაქტობრივად, ერთადერთი ნაკლი აქვს - ესაა წვიმები.
ინდოეთის მთელ სუბკონტინენტზე ნალექების რაოდენობის
მიხედვით მას მეორე ადგილი უჭირავს.
თავდაპირველად აქ ასამდე ტიბეტელი ცხოვრობდა. ახლა
ლტოლვილების რიცხვმა ხუთი ათასს მიაღწია. ერთი-ორჯერ
გამიელვა ფიქრმა აქედან ისევ სხვაგან გადასახლების შესახებ.
უკანასკნელად მაშინ (რამდენიმე წლის წინ), როცა ძლიერმა
მიწისძვრამ რამდენიმე შენობა დააზიანა. ხალხი უკვე
ალაპარაკდა, რომ აქ დარჩენა საშიში იყო. თუმცა წასვლა
გადავიფიქრეთ. მართალია, ამ ზონაში საკმაოდ ხშირად
შეინიშნება სეისმური აქტივობა, მაგრამ, როგორც წესი, უმეტეს
შემთხვევაში ის სუსტი ბიძგებით არის გამოხატული.
უკანასკნელი დიდი მიწისძვრა, რომლის დროსაც ბევრი შენობა
დაზიანდა და დაინგრა, 1905 წელს მოხდა. მაშინ ბრიტანელები
ზაფხულის პაპანაქებას გაურბოდნენ და აქ აფარებდნენ თავს.
იმ მიწისძვრის დროს ქვემოთ, სოფელში, მათი სამრევლო
ეკლესიის შპილი ჩამოინგრა. ასე, რომ, შეიძლებოდა, გვეფიქრა,
რომ ძლიერი ბიძგები ამ მხარეში ძალიან იშვიათად იცოდა.
გარდა ამისა, აქედან აბარგება, პრაქტიკული თვალსაზრისით,
დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.
როგორც „ბირლა ჰაუსში“, ახალ სახლშიც დედაჩემთან ერთად
ვცხოვრობდი. მყავდა ორი ლჰასური ძაღლი (აპსო), რომლებიც
ცოტა ხნის წინ მაჩუქეს. მათთან არ მოიწყენდი. უფრო დიდს
სანგიე ერქვა. ხშირად მიფიქრია, რომ წინა ცხოვრებაში ის
ალბათ ბერი იყო-მეთქი; ანდა ადამიანი, რომელიც
შიმშილისაგან დაიღუპა (ასეთები ტიბეტში მრავლად იყვნენ).
ჯერ ერთი, საპირისპირო სქესის მიმართ არავითარ ინტერესს არ
ამჟღავნებდა; მეორე მხრივ, საჭმლის მიმართ გულგრილი
ვერასდროს რჩებოდა. მაშინაც კი, როცა კარგად გამოძღებოდა,
კიდევ ერთ ნაჭერზე არასოდეს ამბობდა უარს. ის ძალიან
ერთგული იყო.
ტაში, მეორე ძაღლი, მას საერთოდ არ ჰგავდა. ტანად უფრო
მომცრო იყო, მაგრამ გულადი. ის ტენზინ ნორგეიმ, ევერესტის
დამპყრობმა მაჩუქა. იქნებ ამ გარემოებამ ძაღლზეც იმოქმედა.
მაგრამ კარგად მახსოვს, ერთხელ ავად გახდა და მისთვის
ნემსი უნდა გაეკეთებინათ. პირველი ჩხვლეტის შემდეგ ტაში
ძალიან შეშინდა და, როცა ვეტერინარი მეორედ მოვიდა, სანამ

199
წამალი კუნთში შეჰყავდა, ძაღლს ორი კაცი აკავებდა. ისე
ღმუოდა და იწევდა ექიმისკენ, იგი იძულებული გახდა,
იქაურობა სასწრაფოდ დაეტოვებინა. როცა ტაში გაუშვეს, ის
მთელ სახლში დარბოდა და თავის მტანჯველს ეძებდა. იერი
საშიში ჰქონდა, მაგრამ რა რიხითაც ყეფდა, ისე ვერ
იკბინებოდა. ამ ჯიშის ძაღლებს ისეთი თანკბილვა აქვთ,
კბილებს მაგრად ვერაფერს მოსდებენ ხოლმე.
როცა დჰარამსალაში წამოვედი, მეგზურობას ინდოეთის
მთავრობის წარმომადგენელი, კავშირგაბმულობის ოფიცერი,
ბატონი ნაირი მიწევდა. მე და ამ ადამიანს შესანიშნავი
ურთიერთობა გვქონდა. მან სურვილი გამოთქვა, ჩემთვის
ინგლისური ესწავლებინა. ვხვდებოდი, რაოდენ
მნიშვნელოვანი იყო ამ ენის ცოდნა. ამიტომ უკვე მოვაგვარე
ტენზინ ჩოიგიელის ნორტ პოინტში (ინგლისური სკოლა
დარჯილინგში) გაგზავნის საქმე. მე თვითონ კი ჯერ კიდევ
მასურიში ყოფნის პერიოდში ვმეცადინეობდი ინგლისურში.
ინდოეთის მთავრობამ მასწავლებელი დამინიშნა, რომელიც
კვირაში ორ-სამჯერ მოდიოდა. ეს კიდევ ერთი
კეთილშობილური ჟესტი იყო ჩემი მასპინძლების მხრიდან,
მაგრამ მაშინ ბეჯითი მოსწავლე ვერ გამოვდექი და საბაბს
ვეძებდი, რომ გაკვეთილი არ ჩაგვეტარებინა. ასე რომ, დიდი
წარმატებებისთვის არ მიმიღწევია. ახლა ძალიან მომწონდა
ოფიცერთან ერთად მუშაობა. მისი ხელმძღვანელობით ცოდნა
საკმაოდ გავიღრმავე, თუმცა წერითი დავალებების
უზარმაზარი მოცულობა ენთუზიაზმს მინელებდა. ძალიან
დამწყდა გული, როცა ბატონი ნაირი ორი წლის შემდეგ
სამუშაოდ სხვაგან გადაიყვანეს.
ამის შემდეგ ჩემს მეცადინეობას ინგლისურში ფორმალური
სახე აღარ ჰქონდა. ამ საგანში სხვადასხვა ადამიანი
მეხმარებოდა, მათ შორის რამდენიმე ტიბეტელი; მაგრამ ეჭვი
მეპარება, ახლა ეს ენა ბევრად უკეთ ვიცოდე, ვიდრე
ოცდახუთი წლის წინ. როცა საზღვარგარეთ ყოფნა მიხდება, ამ
ცოდნის დეფიციტი უსიამოვნოდ მახსენებს თავს. ხშირად
მრცხვენია ჩემ მიერ დაშვებული საშინელი შეცდომების გამო
და ვნანობ, რომ მონდომებით არ ვსწავლობდი, როცა ამის
საშუალება მქონდა.
დჰარამსალაში ყოფნის პირველი წლების განმავლობაში
რელიგიური ცოდნის გაღრმავებასაც გარკვეულ დროს

200
ვუთმობდი. დავიწყე ხელმეორედ გადაკითხვა იმ ტიბეტური
ტექსტებისა, რომლებსაც ყმაწვილობაში გავეცანი. ამავე დროს,
სულიერი სფეროს სიბრძნეს სხვადასხვა მიმართულების
სასულიერო ოსტატთა ხელმძღვანელობითაც ვეუფლებოდი,
რომლებიც ჩემსავით დევნილობაში იყვნენ. ბოდჰიჩიტას
(სწრაფვა, მიაღწიო ბუდას მდგომარეობას ყველა სულიერი
არსების გულისთვის) რეალიზებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა
მქონდა გასავლელი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ უკვე
ძალდაუტანებლად, სიამოვნებით ვმუშაობდი და ბევრი რამ
უკეთ გამომდიოდა, სამწუხაროდ, ჩემი წინსვლა ძალიან
შეაფერხა დროის უქონლობამ. თუმცა შემიძლია, ვთქვა: თუკი
ზემოხსენებულ სფეროში რამეს მივაღწიე, ის ნამდვილად არ
არის თანაზომიერი იმ ძალისხმევისა, რომელიც ამ საქმეს
მოვახმარე.
დჰარამსალაში ჩვენი ჩასვლიდან ორი კვირის შემდეგ
მოვახერხე, ტიბეტელი ლტოლვილების ბავშვებისთვის
პირველი საბავშვო ბაღი გამეხსნა. ის მომცრო, ერთ დროს
მიტოვებულ შენობაში მოვაწყვეთ, რომელიც ინდოეთის
მთავრობამ ჩვენთვის იჯარით აიღო, რათა ახალჩამოსული
ტიბეტელი ობლებისათვის თავშესაფარი მიეცა. საბავშვო ბაღის
ხელმძღვანელობა ჩემს უფროს დას, ცერინგ დოლმას მივანდე.
პირველად ორმოცდაათი ბავშვი ჩამოვიდა, რომლებისთვისაც
შენობა პატარა აღმოჩნდა. მაგრამ ეს ფუფუნება იყო იმასთან
შედარებით, როგორი პირობებიც მერე შეექმნათ. წლის
ბოლოსთვის პატარების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა. არც იყო
იმედი, რომ ლტოლვილთა ნაკადი ცოტათი მაინც
შეთხელდებოდა. იყო შემთხვევა, როცა ერთ საძინებელში
ასოცნი იყვნენ - თითო საწოლზე გარდიგარდმო ხუთი-ექვსი
ბავშვი იწვა. საშინელი პირობები ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის
სიხარულით ვივსებოდი, როცა ჩემს დასა და მის ახალ დიდ
ოჯახს ვესტუმრებოდი ხოლმე. ეს ობოლი დაჩაგრული
ბავშვები ისეთი ხალისიანები და სიცოცხლით სავსენი იყვნენ,
გეგონებოდათ, თავიანთ უბედურებას დასცინიანო.
ჩემი და შესანიშნავი ხელმძღვანელი გამოდგა და
სასოწარკვეთას არასოდეს ეძლეოდა. იგი მბრძანებლური
ხასიათის, საკმაოდ მკაცრი ქალი იყო (ეს თვისებები
მემკვიდრეობით მოსდგამდა), მაგრამ კეთილი გული და
იუმორის შესანიშნავი გრძნობა ჰქონდა. ამ ძნელბედობის ჟამს
მის მიერ საერთო საქმეში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელი

201
გახლდათ. როგორც ყველა უბრალო სოფლელ გოგოს, მასაც
არავითარი განათლება არ მიუღია და ყმაწვილქალობაში,
ძირითადად, დედას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში.
გაგაოცებდათ მისი შრომისუნარიანობა, რასაც ენერგიულობა
ერთვოდა. ყველაფერმა ერთად კი ის საუკეთესო
ორგანიზატორად ჩამოაყალიბა.
მალე ცხადი გახდა, რომ არც ჩვენ და არც ინდოეთის მთავრობას
საიმისო სახსრები არ გაგვაჩნდა, რომ ჩვენი ობლების
ყოველმხრივ უზრუნველყოფა შეგვძლებოდა. იმ დასკვნამდე
მივედი, რომ მათი ნაწილი მაინც საზღვარგარეთ უნდა
დაგვებინავებინა. თუკი ეს მოხერხდებოდა. ამიტომ ჩემს ერთ
მეგობარს, დოქტორ ეშმანს დავუკავშირდი და ვთხოვე,
გაერკვია, რამდენად შესაძლებელი იყო ამ იდეის ხორცშესხმა.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შვეიცარიასთან დაკავშირება
რთული არ იყო, თანაც აქაური მთები ტიბეტელებს მშობლიურ
გარემოს მოაგონებდა, ეს პატარა ქვეყანა იდეალურ ადგილად
შეიძლებოდა, მიგვეჩნია.
შვეიცარიის მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი მდგომარეობა და
განაცხადა მზადყოფნა, 200 ბავშვი დაუყოვნებლივ მიეღო.
გარდა ამისა, ის თანახმა იყო, ყველანაირად ხელი შეეწყო
იმისთვის, რომ ბავშვებს, რამდენადაც ეს შესაძლებელი
იქნებოდა, შეენარჩუნებინათ თვითმყოფადობა, ასევე კავშირი
განუმეორებელ ტიბეტურ კულტურასთან, მიუხედავად იმისა,
რომ მათ ჩვეულებრივ შვეიცარიულ ოჯახებში უნდა ეცხოვრათ.
ბავშვების ამ პირველ ნაკადს სხვებიც დაემატა. იგეგმებოდა
აგრეთვე არა მარტო ტიბეტელი ახალგაზრდების შვეიცარიის
უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაგზავნა, არამედ ათასი
სრულწლოვანი ლტოლვილის განთავსებაც ამ ქვეყანაში. როცა
ჩვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა, საჭირო აღარ იყო,
შვეიცარიელი ხალხის სიკეთით გვესარგებლა. დღემდე
უზარმაზარ მადლიერებას ვგრძნობ მათ მიმართ იმის გამო, რაც
ჩვენთვის გააკეთეს.
დჰარამსალაში რომ დავმკვიდრდით, ძალიან მალე პირადი
კონტაქტები დავამყარე იურისტთა საერთაშორისო კომისიის
წევრებთან, რომლებმაც წინა წლებში ასეთი მხარდაჭერა
აღმოგვიჩინეს. მათ მიმიწვიეს, რათა მიმეცა ჩვენება
ზემოხსენებულ კომისიასთან არსებული კომიტეტისათვის,
რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კანონიერების დარღვევის

202
შემთხვევებს იკვლევდა. სიხარულით მივიღე მათი მიწვევა. ამ
კვლევის შედეგები 1960 წლის აგვისტოში, ჟენევაში
გამოქვეყნდა. იურისტთა კომისიამ კიდევ ერთხელ
დაადასტურა ჩვენი პოზიციის სისწორე. ჩინეთმა, როგორც
ანგარიშში აღნიშნავდნენ, დაარღვია ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაციის თექვსმეტი მუხლი და ის
დამნაშავედ იქნა მიჩნეული ტიბეტელების გენოციდში.
დოკუმენტში მოყვანილი იყო ჩინელების ძალმომრეობის ის
ამაზრზენი ფაქტები, რომელთაც შესახებაც წიგნის წინა
თავებში ვისაუბრე.
კომისიის წევრებთან ურთიერთობამ ბევრი შემძინა
პრაქტიკული თვალსაზრისით. ერთმა მათგანმა, როგორც
მახსოვს, ინგლისელმა, მკითხა, ვუსმენდით თუ არა პეკინის
რადიოს. როცა მან გაიგო, რომ ჩინელების რადიოგადაცემებს არ
ვუსმენდით, შეიძლება ითქვას, შოკირებული დარჩა და
დაწვრილებით ამიხსნა, თუ რატომ უნდა გვცოდნოდა, თუ რას
გადმოსცემდნენ ისინი. ის ფაქტი, რომ ამის გაკეთება აზრადაც
არ მოგვსვლია, ამგვარ საკითხებში ჩვენი გამოუცდელობით თუ
აიხსნება. რამდენადაც ვიცოდით, პეკინის რადიო არაფერს
აკეთებდა, გარდა იმისა, რომ ავრცელებდა სიცრუეს და ეწეოდა
პროპაგანდას. ჩინეთის ჭეშმარიტი ზრახვები რომ გაგვეგო,
ამისთვის მისი რადიოგადაცემების მოსმენის საჭიროებას ვერ
ვხედავდით. მაგრამ დავრწმუნდი, რომ ამაში მართლაც იყო
ლოგიკა და დაუყოვნებლივ გავეცი განკარგულება, კაშაგს
რადიოს მოსასმენად ჯგუფი ჩამოეყალიბებინა (ეს ჯგუფი
საქმიანობას დღემდე აგრძელებს).
მთელი 1960 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ტიბეტის
ადმინისტრაციის რეფორმაზე. კაშაგთან და მთავრობის სხვა
წარმომადგენლებთან ერთად დავიწყე დემოკრატიზაციის
რთული პროცესის განხორციელება. 2 სექტემბერს დავაფუძნე
ტიბეტის სახალხო დეპუტატთა კომისია. მთავრობის ამ
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები უნდა
გამხდარიყვნენ ტიბეტის სამი მხარის, უ-ცანგის, ამდოსა და
კჰამის თავისუფლად არჩეული წარმომადგენლები. გარდა
ამისა, კომისიაში განკუთვნილი იყო ადგილები ტიბეტური
ბუდიზმის ყველა მთავარი მიმართულების
წარმომადგენელთათვის. მოგვიანებით მის შემადგენლობაში
შევიდნენ უძველესი რელიგიის, ბონის მიმდევრებიც. ეს
კომისია, რომელსაც ახლა ტიბეტის სახალხო დეპუტატთა

203
ასამბლეა („ბჰოს მიმანგ ჩეტუი ლჰენკჰანგი“) ჰქვია,
ძირითადად, ისე მუშაობს, როგორც პარლამენტი. მისი წევრები
თვეში ერთხელ ხვდებიან კაშაგსა და სხვადასხვა
დეპარტამენტის მდივნებს, ანუ „ლჰენკჰანგებს“, რათა ერთად
განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები. ცალკეულ
შემთხვევებში, კომისია სხდომას მართავს ნაციონალური
სამუშაო კომიტეტის, ანუ „გიუნლეს“ სრულ
შემადგენლობასთან ერთად („გიუნლეში“ შედიან
„ლჰენკჰანგები“ და კაშაგის წევრები, რომლებსაც მე არ
ვნიშნავ; მათ ირჩევენ). ყველა საკითხი, რომელიც კენჭისყრაზე
სახალხო დეპუტატებს გამოაქვთ, კენჭისყრის შედეგების
შესაბამისად უნდა მოგვარდეს.
თავიდან ახალშემოღებულ წესებს უნდობლად უყურებდნენ.
ცვლილებები ტიბეტელებს იმდენად რადიკალური
ეჩვენებოდათ, ზოგიეთებმა დაასკვნეს, რომ დჰარამსალაში
მყოფი დევნილი მთავრობა ნამდვილ კომუნიზმს ქადაგებდა.
მას შემდეგ სამი ათწლეული გავიდა. პრობლემა ჯერ კიდევ
ბევრია, მაგრამ ცვლილებებს მაინც უკეთესობისკენ მივყავართ.
ჩვენ, უდავოდ, გავუსწარით ჩვენს ჩინელ ძმებსა და დებს,
რომლებსაც შეუძლიათ, ჩვენგან ბევრი რამ ისწავლონ. ახლაც,
ამ წიგნის წერის პროცესშიც, ტიბეტის დევნილი მთავრობა
დემოკრატიის განვითარების მიზნით ახალ ღონისძიებებს
მიმართავს.
უფროსი თაობის ზოგიერთ თანამდებობის პირს, რომლებიც
ემიგრაციაში აღმოჩნდნენ, უჭირდა ამ ცვლილებთან შეგუება;
მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისინი აღიარებდნენ ჩვენი სისტემის
რეფორმირების აუცილებლობას და შეუპოვრად,
ენთუზიაზმით მუშაობდნენ მის განსახორციელებლად.
ყოველთვის დიდი სითბოთი მოვიგონებ ამ ადამიანებს.
ემიგრაციის წლებში ნამდვილად მქონდა საშუალება, ასეა თუ
ისე, შედარებით კომფორტულ პირობებში მეცხოვრა, რასაც ვერ
ვიტყვი მთავრობის მუშაკების უმეტესობაზე. ბევრი მათგანი,
ასაკოვანი ადამიანებიც კი, იძულებული იყო, უმძიმეს
პირობებში ეცხოვრა. ზოგიერთი, მაგალითად, ღამეს ბოსელში
ათევდა. ეს ადამიანები ტიბეტში მშვენივრად ცხოვრობდნენ.
მაგრამ ისინი არ წუწუნებდნენ და გულს არ იტეხდნენ. მაშინაც
კი, როცა რომელიმე, თავისი კონსერვატიზმის გამო, ჩემ მიერ
არჩეულ კურსს არ ეთანხმებოდა, მაინც საკუთარი წვლილი
შეჰქონდა საერთო საქმეში. იმ შავბნელ დღეებში ისინი მხნედ,

204
გაბედულად უხვდებოდნენ სიძნელეებს, რომლებიც თავს
დაგვატყდა; ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩვენი
თანამემამულეები, რომლებსაც ამქვეყნად ყველაფერი
დაუნგრიეს, სიცოცხლისკენ მოებრუნებინათ. ჩემი
თანამებრძოლები პირად სარგებელზე სრულიად არ
ფიქრობდნენ. მათი ჯამაგირი თვეში 75 რუპიას არ
აღემატებოდა, რაც 3 ინგლისურ ფუნტს უდრის. არადა,
თავიანთი განათლების წყალობით სადმე სხვაგან გაცილებით
მეტის შოვნა შეეძლოთ.
ვერავინ იტყვის, რომ საქმე, რომელსაც ჩვენი ადმინისტრაცია
მაშინ შეეჭიდა, იოლი იყო. ბუნებრივია, არსებობდა პირადი
უთანხმოება ადამიანებს შორის; იყო წვრილმანი კინკლაობაც.
ასეთია ადამიანის ბუნება. მაგრამ, ყველანი მაინც უანგაროდ,
დაუზარებლად ზრუნავდნენ სხვათა კეთილდღეობაზე.
ჩემი მთავარი მიზანი თავიდანვე იყო ჩვენი რელიგიის დაცვა
და ჩვენი ხალხის კავშირის შენარჩუნება მასთან, საკრალური
რიტუალების ყველა წესის დაცვით აღსრულება. ვიცოდი, რომ
ამის გარეშე ჩვენი კულტურის წყაროს სათავე დაშრებოდა.
დასაწყისისთვის ინდოეთის მთავრობა დათანხმდა, გამოეყო
სახსრები 300 სწავლული ბერის შესანახად. ეს რელიგიური
თემი ბიუკსა-დვარში, ბუტანის საზღვართან, სამხედრო
ტყვეების ბანაკში უნდა დაარსებულიყო. მერე მოგვიხდა იმის
ახსნა, რომ ბუდიზმი განათლების მაღალ დონეს ეფუძნება;
ამიტომ გვესაჭიროებოდა დაფინანსების გაზრდა, რომ თემი
გაგვეფართოებინა. მოვახერხეთ ინდოეთის მთავრობის
დარწმუნება, რომ შესაბამისი თანხა გამოეყო. თემის წევრთა
რაოდენობამ 1500-ს მიაღწია. ეს ბერები ტიბეტური ბუდიზმის
სხვადასხვა მიმართულებას მიეკუთვნებოდნენ. თემში თავი
მოიყარეს ყველაზე ახალგაზრდებმა და ნიჭიერებმა ტიბეტიდან
ემიგრირებული 6 ათასი ბერიდან; ყველა გამოცდილმა
მასწავლებელმა, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ.
სამწუხაროდ ბიუკსა დვარში ცხოვრების პირობები კვლავ
ძალიან მძიმე იყო, კლიმატი - განსაკუთრებით ცხელი და
ნესტიანი. მძვინვარებდა სხვადასხვა ავადმყოფობა. ამ
პრობლემებს ამძაფრებდა ის გარემოება, რომ იქ შორიდან
ჩაჰქონდათ საჭმელი, რომელიც ჯერ კიდევ გზაში საკვებად
უვარგისი ხდებოდა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში რამდენიმე
ასეული სწავლული ბერი ტუბერკულოზით დაავადდა. სანამ

205
მოძრაობა მაინც შეეძლოთ, ისინი კვლავ შეუპოვრად
მუშაობდნენ და სწავლობდნენ. სამწუხაროდ, ამ ადგილის
მონახულება ვერ მოვახერხე, მაგრამ ვცდილობდი, ისინი
წერილებითა და დეპეშებით გამემხნევებინა. ბანაკს გაუჭირდა,
ყველა უმძიმეს პრობლემას გამკლავებოდა, მაგრამ ვინც
გადარჩა, ისინი ბერების მძლავრი თემის ბირთვს
წარმოადგენდნენ.
ემიგრაციის პირველ წლებში უდიდეს სირთულეს
ვაწყდებოდით ფულის უკმარისობის გამო. განათლებისა და
განსახლების პროგრამებთან დაკავშირებით, ინდოეთის
მთავრობისა და სხვადასხვა უცხოური ნებაყოფლობითი
ორგანიზაციის (ეს უკანასკნელნი მრავალ პროგრამას
აფინანსებდნენ) უსაზღვრო გულუხვობის წყალობით, ეს
პრობლემა არ არსებობდა. მაგრამ ჩემთვის დახმარების თხოვნა
უხერხული იყო, როცა საქმე ეხებოდა, მაგალითად,
ადმინისტრაციას. შემოსული მცირეოდენი თანხა, რომელიც
გროვდებოდა ნებაყოფლობითი შენატანით თვეში კაცზე 2
რუპიის რაოდენობით, ასევე ჯამაგირის მქონე მუშების
ყოველთვიური 2-პროცენტიანი ნებაყოფლობითი
შემოწირულებით, დიდხანს არ გვყოფნიდა. თუმცა ჩვენ ხსნის
იმედი გვქონდა - ეს იყო ის განძეული, რომელიც კენრაპ
ტენზინმა 1950 წელს ასე წინდახედულად წაიღო სიკიმში. ეს
სიმდიდრე ჯერ კიდევ იქ ინახებოდა.
თავიდან ვფიქრობდი, ეს ძვირფასეულობა უშუალოდ
ინდოეთის მთავრობისთვის მიგვეყიდა. ეს ვარიანტი თავად
ნერუმ შემოგვთავაზა. მაგრამ ჩემი მრჩევლები მტკიცედ
იდგნენ იმ აზრზე, რომ ძვირფასეულობა თავისუფალ ბაზარზე
უნდა გაყიდულიყო. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ასე
უფრო კარგ ფასს ავიღებდით. ამიტომ, საბოლოოდ, ის
კალკუტაში გაიყიდა. აღებული თანხა, 8 მილიონი დოლარის
ეკვივალენტი, უზარმაზარი მეჩვენებოდა.
ფული სხვადასხვა საწარმოში ჩავდეთ, მაგალითად, მეტალის
მილების მწარმოებელ ქარხანაში, ქაღალდის ფაბრიკაში, ასევე
სხვა პროექტებში, რომლებიც მოგებას გვპირდებოდა.
სამწუხაროდ, დიდი ხანი არ გასულა, რომ ყველა ამ
მცდელობამ, ჩვენი ძვირფასი კაპიტალი ჩვენთვის
სასარგებლოდ აგვემუშავებინა, მარცხი განიცადა. საწყენია,
რომ ზოგიერთები იმ ადამიანთაგან, რომლებიც თითქოს

206
გვეხმარებოდნენ, არაკეთილსინდისიერნი აღმოჩნდნენ.
ეტყობა, ისინი უფრო იმით იყვნენ დაინტერესებული, რომ
თავად ენახათ რაიმე გამორჩენა. კაპიტალის დიდი ნაწილი
დავკარგეთ. ჩიკიაპ კჰენპოს წინდახედულებამ ფუჭად ჩაიარა.
თავდაპირველი თანხის ერთ მერვედზე ნაკლები გადარჩა და იმ
სახით არსებობს, რომელსაც ახლა „მისი უწმინდესობის, დალაი
ლამას საქველმოქმედო ფონდი“ ეწოდება. იგი 1964 წელს
დაარსდა. ეს ჩვენი ცხოვრების ცოტათი სევდიანი ეპიზოდია,
მაგრამ ძალიან არ ვნანობ, რომ მოვლენები ასე განვითარდა.
როცა თვალს ვავლებ წარსულს, ვხვდები, რომ განძეული მთელ
ტიბეტელ ხალხს ეკუთვნოდა და არა მხოლოდ დევნილებს.
მასზე უფლება მარტო ჩვენ არ გვქონდა; არ გვქონდა ე.წ.
კარმული უფლება. მაგონდება მაგალითი, რომელიც ლინგ
რინპოჩემ მიჩვენა. როცა ლჰასას ვტოვებდით, მან შეგნებულად
არ წამოიღო თავისი საყვარელი საათი. ის გრძნობდა: რაკი
დევნილობაში მიდიოდა, მასზე უფლებას კარგავდა. ახლა
ვხედავ, რომ ეს სწორი პოზიციაა.
რაც შეეხება ჩემს პირად ფინანსებს, ადრე არსებობდა ორი
ოფისი, რომლებსაც დალაი ლამას ფინანსური საქმეების
წარმოება ევალებოდა. 1959 წლიდან მხოლოდ ერთი
ფუნქციონირებს. იგი განაგებს მთელ ჩემს შემოსავალს და
გასავალს. აქ შედის ჩემი პირადი ხარჯებისთვის საჭირო თანხა,
რომელსაც ინდოეთის მთავრობა ჩემთვის სტიპენდიის სახით
გაიღებს. იგი შეადგენს 20 რუპიას დღეში (1 დოლარზე ოდნავ
მეტს, ფუნტზე გაცილებით ნაკლებს). თეორიულად, ეს ფული
ჩემს კვებასა და ტანსაცმელს უნდა მოხმარდეს. როგორც
წინათ, ფულთან უშუალოდ ურთიერთობა არ მაქვს, რაც ალბათ
კარგიცაა, რადგან, როგორც ვატყობ, ცოტათი მფლანგველი
უნდა ვიყო. თუმცა, ისიც მახსოვს, როგორ დავკანკალებდი
ბავშვობაში თითოეულ გროშს. რა თქმა უნდა, შემიძლია,
ვაკონტროლო, თუ რაზე იხარჯება ის სახსრები, რომლებსაც
პირადად ვღებულობ (მაგალითად, მშვიდობის დარგში
მონიჭებული ნობელის პრემიის თანხა).
დჰარამსალაში ყოფნის პირველ წელს ვპოულობდი დროს,
ცოტა დამესვენა. ყოველ საღამოს ვთამაშობდი ბადმინტონს
(ბერის სამოსს ხშირად არ ვატარებდი). როცა მკაცრი ზამთარი
დადგა, ყველანი სიამოვნებით ვგუნდაობდით. თოვლში
ბრძოლების ყველაზე უფრო აზარტული მონაწილეები ჩემი

207
უფროსი და და დედაჩემი (მიუხედავად მისი ასაკისა) იყვნენ.
დასვენების უფრო სერიოზული სახეობა დჰაულადარის
მთების დალაშქვრა იყო. მათი ყველაზე მაღალი მწვერვალი 17
ათასი ფუტის სიმაღლისაა. მთები ყოველთვის მიყვარდა.
ერთხელ ჩემს ტიბეტელ პირად მცველებთან ერთად მაღალ
მთაზე ავედი. მწვერვალს რომ მივაღწიეთ, ყველანი ძალიან
დაღლილი ვიყავით. ამიტომ ჩემს თანამგზავრებს შევთავაზე,
შევჩერებულიყავით და დაგვესვენა. სანამ ვისხედით და,
სუნთქვაშეკრულები, ულამაზესი ხედით ვტკბებოდით,
შევნიშნე, რომ შორიდან ადგილობრივი მცხოვრები - მზეზე
გარუჯული დაბალი ტანის ჩია კაცი გვითვალთვალებდა,
რომლისთვისაც აქაურობა, ეტყობა, მშობლიური გარემო იყო.
იგი ცოტა ხანს იდგა და დაჟინებით გვიყურებდა, უცებ
რაღაცაზე დაჯდა (რომელიც შორიდან ხის ტოტის პატარა
ნაჭერს ჰგავდა) და ელვის სისწრაფით დაქანდა ფერდობზე.
მოჯადოებული შევცქეროდი პატარა ლაქას, რომელიც ძალიან
მალე რამდენიმე ათასი ფუტით ქვემოთ აღმოჩნდა. ჩემს ბიჭებს
შევთავაზე, დაშვების ეს მეთოდი გვეცადა.
ერთ-ერთმა თოკი მოიტანა, ათი კაცი ერთმანეთს ჩავებით და
ჩვენი მდუმარე მეგობრის მაგალითს მივყევით - ზოგი ხის
ტოტის ნატეხზე, ზოგი კი კლდის ნამტვრევზე დავსხედით და
ფერდობზე ჩავსრიალდით. არაჩვეულებრივი შეგრძნება
დაგვეუფლა, მაგრამ ასეთი გადაადგილება ძალიან საშიში იყო.
ხშირად მთელი ძალით ვეჯახებოდით ერთმანეთს და წუილით
მივექანებოდით თოვლში. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა,
მაგრამ ამ ამბის შემდეგ ვამჩნევდი, რომ ჩემი მაშინდელი
თანამგზავრები დიდ ენთუზიაზმს აღარ იჩენდნენ, როცა ჩვენი
საბაზო ბანაკების ზემოთ უწევდათ წასვლა. როცა ვაცხადებდი,
რომ ახალ ექსპედიციაში უნდა წავსულიყავით, ყველაზე მეტად
ჩემი პირადი მცველები ღელავდნენ ხოლმე.
ამ ხანებში, როცა თავისუფალ დროს გამოვნახავდი, დევიდ
ჰაუერსთან, ინგლისელ მწერალთან ერთად ვმუშაობდი წიგნზე
„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი“, რომელშიც პირველად აღვწერე
საკუთარი ცხოვრება.
1961 წელს ჩვენმა მთავრობამ „ტიბეტის კონსტიტუციის
პროექტის“ კონსპექტი გამოაქვეყნა. ტიბეტის მთელ
მოსახლეობას ვთხოვდით, კრიტიკული შენიშვნები გამოეთქვა.
ძალიან ბევრი წერილი მივიღეთ. შენიშვნები, ძირითადად, ერთ

208
მნიშვნელოვან მუხლს ეხებოდა, რომელიც დალაი ლამას
თანამდებობას უკავშირდებოდა. თეოკრატიიდან სრულ
დემოკრატიაზე გადასვლის ოფიციალურად გაფორმების
მიზნით, გავითვალისწინე, რომ ნაციონალურ კრებას
საშუალება ჰქონოდა, ქვეყნის მეთაური დაკავებული
თანამდებობიდან ხმათა უმრავლესობით (ხმათა ორი
მესამედით) გაეთავისუფლებინა. სამწუხაროდ, იდეამ იმის
შესახებ, რომ დალაი ლამა შეიძლებოდა, გადაეყენებინათ,
ბევრი ტიბეტელი გააოგნა. დამჭირდა, მათთვის ამეხსნა, რომ
დემოკრატია ბევრ საკითხში ეთანხმება ბუდისტურ
პრინციპებს და, ცოტა არ იყოს, ავტოკრატიული პოზიციაა, როცა
დაჟინებით მოითხოვ ძველი წესების შენარჩუნებას.
ამავე წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ მოვინახულე გზის
მშენებელთა ბრიგადები. შევიარე ბილაკუპეს ახალ
დასახლებაშიც. აქაური მცხოვრებლები ცუდად
გამოიყურებოდნენ - ყველა გამხდარი და გაშავებული იყო.
მაშინვე შევამჩნიე, თუ რატომ ჰქონდათ ამ ადამიანებს ასეთი
პესიმისტური განწყობა. ბანაკი ტყის პირას გაშლილი
რამდენიმე კარვისგან შედგებოდა. ბუნება ისეთივე ლამაზი
იყო, როგორიც მაშინ, როცა წმინდა ადგილების მოლოცვის
დროს აქ პირველად მოვხვდი; მაგრამ მიწა უნაყოფო იყო და
ადამიანს სასიკეთოს არაფერს ჰპირდებოდა. გარდა ამისა, იქვე
იწვოდა მოჭრილი ხის ტოტები, საიდანაც საშინელი სიცხე
მოდიოდა. ამას მწველი მზეც ემატებოდა, რის გამოც იქ ყოფნა
აუტანელი ხდებოდა.
ჩემთვის საგანგებო კარავი დადგეს, რომელსაც კედლები
ბამბუკისა ჰქონდა, სახურავი - ბრეზენტის. კარავი კარგად იყო
აწყობილი, მაგრამ შიგ მყოფს სრულიად ვერ იცავდა საშინელი
მტვრისგან, რომელიც გზის გაწმენდის დროს დგებოდა. დღის
განმავლობაში იქაურობის თავზე კვამლისა და ჭვარტლის
ღრუბელი ეკიდა, რომელიც ღამით ნელ-ნელა ეშვებოდა
ქვემოთ და კანის ფორებს ახშობდა. დილით როცა ვდგებოდით,
მტვრის სქელი ფენით ვიყავით დაფარული. ამ პირობებმა
ლტოლვილები სულიერად დასცა. მაგრამ ამ პიონერთათვის
არაფრის გაკეთება არ შემეძლო, გარდა იმისა, რომ
ვცდილობდი, გამემხნევებინა; ვეუბნებოდი, რომ იმედი არ
უნდა გადაეწყვიტათ; პირობას ვაძლევდი (თუმცა მე თვითონ
მიჭირდა ამის დაჯერება), რომ მოვიდოდა დრო და ისევ
გვეღირსებოდა ადამიანური ცხოვრება; რომ აუცილებლად

209
გავიმარჯვებდით. საბედნიეროდ, მათ სჯეროდათ ჩემი ყოველი
სიტყვის, და მართლაც, მათი მდგომარეობა თანდათან ცოტათი
გაუმჯობესდა.
ინდოეთის რამდენიმე შტატის ხელმძღვანელობის
სულგრძელობის წყალობით, 60-იანი წლების დასაწყისში ოცზე
მეტი დასახლება დავაფუძნეთ. ხალხს თანდათანობით
ვათავისუფლებდით გზების მშენებლობის მძიმე ტვირთისგან;
ასე რომ, ასი ათასზე მეტი ლტოლვილიდან (ესაა საერთო
რაოდენობა ტიბეტელი ლტოლვილებისა) მხოლოდ რამდენიმე
ასეული მუშაობს გზის მშენებელთა ბანაკებში; მაგრამ ამას
ისინი საკუთარი ნებით აკეთებენ.
ჩვენთვის გამოყოფილი მიწების ნახევარი სამხრეთ ინდოეთში
მდებარეობდა. ამიტომ დაჟინებით მოვითხოვდი, რომ იქ
მხოლოდ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ადამიანები გაეგზავნათ.
მიუხედავად ამისა, მზის დაკვრისა და სიცხისგან სიკვდილის
შემთხვევები იმდენად ხშირი იყო, რომ დავეჭვდი, სწორად
მოვიქეცი თუ არა, როცა ტროპიკულ ზონაში
ტიბეტელებისათვის მიწის გამოყოფაზე დავთანხმდი. მეორე
მხრივ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი თანამემამულეები,
საბოლოოდ, შეძლებდნენ, ისწავლიდნენ ახალ პირობებთან
შეგუებას. როგორც მათ სჯეროდათ ჩემი, ისეთივე რწმენა
მქონდა მეც ჩემი ხალხის მიმართ.
ხშირად მიწევდა ჩემი დამწუხრებული თანამოძმეების
ნუგეშისცემა. მათ უჭირდათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ
თავიანთი მშობლიური ქვეყნიდან ასე შორს მოხვდნენ, იმედი
დაკარგული ჰქონდათ, რომ ოდესმე ყინულს ან თოვლს
დაინახავდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს საყვარელ მთებზე.
მე მათ ვეუბნებოდი, რომ ტიბეტის მომავალი ჩვენზე,
ლტოლვილებზე იყო დამოკიდებული. თუკი გვინდოდა, ჩვენი
კულტურა, ჩვენი ცხოვრების წესი შეგვენარჩუნებინა,
ერთადერთი საშუალება ამისთვის ემიგრანტთა ძლიერი
თემების შექმნა იყო. მე მათ ვესაუბრებოდი იმაზე, თუ რაოდენ
დიდი როლი ეკისრებოდა განათლებას; ვუხსნიდი ქორწინების
მნიშვნელობასაც კი. ბერს ასეთი რჩევების მიცემა არ
შეეფერება, მაგრამ ტიბეტელ ქალებს ვეუბნებოდი, რომ
ტიბეტელ მამაკაცებს გაჰყოლოდნენ ცოლად, რათა მათი
შვილებიც ტიბეტელები ყოფილიყვნენ.
დასახლებათა უმეტესობა 1960-1965 წლებში დაარსდა. ამ

210
პერიოდში ვცდილობდი, რაც შეიძლება, ხშირად
მომენახულებინა ისინი. დაშვებაც არ შემეძლო, რომ
დავმარცხდებოდით, მაგრამ იყო მომენტები, როცა ჩვენი
პრობლემები გადაულახავი მეჩვენებოდა. მაგალითად,
ბჰანდარაში, მაჰარაშტრას შტატში, ახალმოსახლეთა პირველი
ნაკადი გაზაფხულზე, სწორედ ცხელი სეზონის დაწყების წინ
გამოჩნდა. სულ რამდენიმე კვირაში მათგან ასი ადამიანი
(საერთო რაოდენობის მეხუთედი) დაიღუპა. როცა მათ
სანახავად პირველად ჩავედი, ისინი აცრემლებულები
შემომეხვივნენ და მემუდარებოდნენ, დავხმარებოდი, რომ
ისინი სადმე უფრო გრილ ადგილზე გადაეყვანათ. არაფრის
გაკეთება არ შემეძლო; მხოლოდ ვუხსნიდი მათ, რომ მათი
ჩამოსვლა ცუდ დროს დაემთხვა; რომ ყველაზე მძიმე
განსაცდელი უკვე უკან მოიტოვეს; როგორმე უნდა
შეჰგუებოდნენ ამ ადგილებს, როგორც ამას ადგილობრივი
მცხოვრებლები აკეთებდნენ; ეცადათ, თავიანთ
მდგომარეობაში რაიმე დადებითი აღმოეჩინათ; ვარწმუნებდი,
ერთი წელი მოეთმინათ. თუკი ამ ვადის განმავლობაში
არაფერი გამოვიდოდა, მაშინ აუცილებლად დავეხმარებოდი,
რომ ისინი სხვაგან გადაესახლებინათ. როგორც გამოირკვა,
საქმე აქ თანდათანობით კარგად წავიდა. ერთი წლის შემდეგ
ისევ ჩამოვედი ბჰანდარაში და ვნახე, რომ მოახალშენეებს
წარმატებებისთვის მიეღწიათ. „ე.ი. ცოცხლები ხართ!“ -
ვუთხარი ბანაკის მამასახლისებს. მათ გაეცინათ და მიპასუხეს,
რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვეუბნებოდი. თუმცა
უნდა აღვნიშნო: ეს თემი ძალიან კარგად მოეწყო, მაგრამ
სიცხესთან დაკავშირებული პრობლემის გამო შვიდას
ლტოლვილზე მეტი ვეღარ მოვიზიდეთ. როგორც ბილაკუპეში,
აქაც 3 ათასი აკრი მიწა მოგვცეს (ერთი აკრი კაცზე); მაგრამ
ვინაიდან ჩამოსულთა რიცხვი სავარაუდოზე ნაკლები იყო,
დანარჩენ 2 ათას 300 აკრზე უფლება დავკარგეთ და ეს მიწა
სხვა ლტოლვილებს გადასცეს (თუმცა მათ აქ დიდხანს ვერ
გაძლეს).
განსახლების პროგრამის ერთ-ერთი დიდი სირთულე იმაში
მდგომარეობდა, რომ ზოგიერთი პრობლემა ჩვენთვის სრული
მოულოდნელობა აღმოჩნდა (თუმცა იყო ისეთი
დაბრკოლებებიც, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც შევძელით).
მაგალითად, ერთ ადგილას ხალხს უდიდეს ზიანს აყენებდნენ
ტახები და სპილოები, რომლებიც მათ მიწაზე შეეხეტებოდნენ

211
ხოლმე. ისინი არა მარტო ნათესებს ანადგურებდნენ;
დროდადრო მათი ჯოგები საცხოვრებელ ქოხებს მიწასთან
ასწორებდნენ. გარეული ცხოველების თარეშს ადამიანებიც
ეწირებოდნენ.
მახსოვს, იქ მცხოვრებმა ერთმა მოხუცმა ლამამ მთხოვა,
ცხოველების გადასარჩენად მელოცა; მან გამოიყენა
სანსკრიტული ტერმინი „ჰატჰი“, რომელიც „სპილოს“
აღნიშნავს. სიტყვასიტყვით იგი ითარგმნება, როგორც
„ძვირფასი არსება“ და უკავშირდება მითოლოგიურ სპილოებს,
რომლებიც გულმოწყალების სიმბოლოებია. ზუსტად ვიცოდი,
რასაც გულისხმობდა ლამა, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როცა
ზემოხსენებული სიტყვა ამ კონტექსტში მოვისმინე. ჩემი
აზრით, ამ ბერს ეგონა, რომ რეალური სპილოები ის
ცხოველებია, რომლებიც სიკეთეს, მადლს თესავენ.
რამდენიმე წლის შემდეგ, შვეიცარიაში მოგზაურობის დროს,
ერთი ფერმა დავათვალიერე, სადაც მაჩვენეს მავთულის
ღობეები, რომლებშიც ელექტროდენი გადიოდა. გიდს ძალიან
გაუკვირდა, როცა ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ასეთი
ღობეებით სპილოების დაფრთხობა. მან მიპასუხა, რომ ძაბვის
საგრძნობლად გაზრდის შემთხვევაში ეს შესაძლებელი
იქნებოდა. ვიზრუნე, რომ ასეთი ღობეები შეგვეძინა და იმ
დასახლებაში გაგვეგზავნა.
ჩვენი ყველა პრობლემა პრაქტიკული ხასიათისა არ იყო.
ხანდახან თავად ჩვენი კულტურა ხდებოდა იმის მიზეზი, რომ
ტიბეტელებს ახალ პირობებთან ადაპტაცია უძნელდებოდათ.
ბილაკუპეში ჩემი პირველი ვიზიტის დროს, მახსოვს,
ტიბეტელებს ძალიან აწუხებდათ ის, რომ გზის გასაწმენდად
ხეების, ბუჩქების გადაწვა უხდებოდათ, რაც ურიცხვი მწერისა
და წვრილ-წვრილი არსების სიკვდილის მიზეზი ხდებოდა.
ბუდისტისთვის ამის გაკეთება საშინელებაა, რადგან გვწამს,
რომ არა მარტო ადამიანის, არამედ ნებისმიერი არსების
სიცოცხლე წმიდათაწმიდაა. რამდენიმე ლტოლვილმა
თხოვნითაც მომმართა - უნდოდათ, მუშაობის შეწყვეტის ნება
მიმეცა.
ბევრმა პროექტმა, რომლებიც უცხოური საქველმოქმედო
ორგანიზაციების დახმარებით დაიგეგმა, მარცხი ამგვარი
მიზეზების გამო განიცადა. მაგალითად, წარმატება ვერ
მოიპოვა მცდელობამ, მეფრინველეობისა და მეღორეობის

212
ფერმები ჩამოყალიბებულიყო. თვით უმძიმეს პირობებში
მყოფმა ტიბეტელებმაც კი უარი განაცხადეს, მეცხოველეობის
პროდუქტები ეწარმოებინათ, რამაც ზოგიერთ უცხოელს საბაბი
მისცა სარკასტული შენიშვნებისთვის. ისინი მიუთითებდნენ
ტიბეტელების პოზიციის შეუსაბამობაზე - მათ ხორცის ჭამა
უნდოდათ, მისი წარმოება კი - არა.
მაგრამ უმეტესობა იმ პროექტებისა, რომლებიც ამ
ორგანიზაციების ხელშეწყობით შემუშავდა, დიდი წარმატებით
განხორციელდა. ჩვენს უცხოელ მეგობრებს ძალიან უხაროდათ,
როცა დადებით შედეგებს ნახულობდნენ. განვითარებული
ინდუსტრიის მქონე ქვეყნების მხარდაჭერის ეს
მრავალრიცხოვანი მაგალითები განმიმტკიცებდა რწმენას
იმისა, რასაც საყოველთაო პასუხისმგებლობას ვუწოდებ. ჩემი
აზრით, ის კაცობრიობის წინსვლის გასაღებია. საყოველთაო
პასუხისმგებლობის ამგვარი გრძნობის გარეშე მსოფლიოს
განვითარებას არათანაბარი ხასიათი ექნება. რაც უფრო მეტად
აცნობიერებენ ადამიანები, რომ ჩვენ ამ პლანეტაზე
იზოლაციაში არ ვცხოვრობთ და ყველანი ძმები და დები ვართ, -
მით უფრო მიაღწევს პროგრესს მთელი კაცობრიობა და არა
მხოლოდ მისი რომელიმე ნაწილი.
იმ ადამიანებში, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ და
სიცოცხლე ლტოლვილების სამსახურს შეალიეს, რამდენიმეს
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ერთ-ერთი მათგანია
მორის ფრიდმანი, პოლონელი ებრაელი, ფერმწერი. მას
პირველად 1956 წელს, მის კოლეგასთან, უმა დევისთან ერთად
შევხვდი (ეს ქალიც პოლონელი იყო). ინდოეთში ორივენი
(ერთმანეთისგან დამოუკიდებლად) იმ მიზნით დასახლდნენ,
რომ ინდური ცხოვრების წესი გაეთავისებინათ. როცა ჩვენ
ტიბეტიდან ჩამოვედით, ისინი ერთ-ერთი პირველთაგანნი
იყვნენ, ვინც დახმარება შემოგვთავაზა.
ფრიდმანი, რომელიც იმ დროისთვის უკვე ძალიან მოხუცი იყო,
ფიზიკურადაც მოტეხილი ჩანდა; წელში მოხრილიყო,
მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა და სქელმინებიან
სათვალეს ატარებდა. მისი ცისფერი თვალების გამჭოლ მზერას
არაფერი გამოეპარებოდა. ეს კაცი საოცარი გამჭრიახობით
მოგხიბლავდათ. ხანდახან აუტანელიც მოგეჩვენებოდათ -
ჯიუტად კამათობდა და ისეთ პროექტებს იცავდა, რომელთა
განხორციელება შეუძლებელი იყო. მაგრამ, მთლიანობაში, მისი

213
რჩევები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ბავშვთა
სახლების მოწყობას ეხებოდა, ფასდაუდებელი აღმოჩნდა. უმა
დევიმ (ისიც საკმაოდ ხნიერი იყო), რომელსაც სასულიერო
სფერო უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე ფრიდმანს,
ცხოვრების დარჩენილი წლები ჩემი ხალხის კეთილდღეობაზე
ზრუნვას შესწირა.
მნიშვნელოვანი ფიგურა იყო აგრეთვე ბატონი ლუტჰი,
რომელიც შვეიცარიის წითელი ჯვარში მუშაობდა. „პალას“
(„მამა“ ტიბეტურად), როგორც მას ეძახდნენ, უზარმაზარი
ენერგიის მქონე, შეუპოვარ ადამიანს, ნამდვილ ლიდერს,
მართვის სადავეები მტკიცედ ეპყრა ხელთ და ხელქვეითებიც
უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. ასეთ სიმკაცრეს მიუჩვეველ
ტიბეტელებს მასთან შეგუება უჭირდათ, მის მეთოდებზე,
ვიცი, ბევრი ჩიოდა, მაგრამ სინამდვილეში ის ყველას ძალიან
უყვარდა. ჩემთვის ძვირფასია მისი ხსოვნა, ასევე იმ
ადამიანებისა, რომლებიც, მის მსგავსად, წლების
განმავლობაში უანგაროდ ემსახურებოდნენ ჩემს ხალხს.
ჩვენთვის, ტიბეტელი ლტოლვილებისთვის, 60-იანი წლების
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა ჩინეთ-
ინდოეთის ომი (1962 წ.). როცა საომარი მოქმედებები დაიწყო,
უკიდურესად აღშფოთებული ვიყავი, რასაც შიშის გრძნობაც
ემატებოდა. იმ დროს ჩემი ხალხის განსახლების პროცესი
ახალდაწყებული იყო. გზის მშენებელთა რამდენიმე ბანაკი იმ
ადგილების სიახლოვეს მდებარეობდა, სადაც ბრძოლები
მიმდინარეობდა - ლადაქსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ
რაიონებში. აშკარა საფრთხის გამო, ინდოელები იძულებული
გახდნენ, ეს ბანაკები დაეხურათ. ასე რომ, ჩემი ზოგიერთი
თანამემამულე ხელმეორედ გახდა ლტოლვილი. ჩვენთვის
ყველაზე მძიმე იყო იმის დანახვა, თუ როგორ ამცირებდნენ
ინდოელებს, ჩვენს მხსნელებს, ჩინელი ჯარისკაცები,
რომლებსაც ბაზები ტიბეტის მიწაზე ჰქონდათ მოწყობილი.
საბედნიეროდ, ეს ომი ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა მსხვერპლი
დიდი იყო და ხელშესახები უპირატესობა არც ერთ მხარეს არ
დარჩენია. როცა ნერუ განიხილავდა თავის პოლიტიკას
ჩინეთის მიმართ, იგი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ
ინდოეთი „სულელურად იტყუებდა თავს“. ეს ინდოელი
პოლიტიკოსი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე
თავისუფალ აზიაზე ოცნებობდა, რომელშიც შესაძლებელი

214
იქნებოდა ყველა ქვეყნის ჰარმონიული თანაარსებობა. „პანჩა
შილა“ ლიტონი სიტყვები აღმოჩნდა, როცა ამ ხელშეკრულების
დადებიდან ჯერ ათი წელიც კი არ იყო გასული. ფუჭი გამოდგა
ნერუს, ამ საოცრად ჰუმანური ადამიანის ძალისხმევა, „პანჩა
შილას“ ყველა პუნქტი დაეცვა.
პანდიტ ნერუსთან ურთიერთობას მისი სიცოცხლის ბოლომდე,
1964 წლამდე ვაგრძელებდი. მას არასოდეს განელებია ცხოველი
ინტერესი ტიბეტელი ლტოლვილების, განსაკუთრებით
ბავშვების მიმართ, რომელთა განათლება ყოველთვის
უმნიშვნელოვანეს საქმედ მიაჩნდა. ბევრი ამბობდა, რომ
ჩინეთ-ინდოეთის ომმა ის მორალურად გატეხა. ვფიქრობ, ასეც
იყო. უკანასკნელად 1964 წლის მაისში ვნახე. როცა მის ოთახში
შევედი, მივხვდი, რომ ეს ადამიანი სულიერად
განადგურებულიყო. მას ახალგადატანილი ჰქონდა ჩაქცევა,
რის გამოც ფიზიკურადაც მოტეხილი და დაძაბუნებული ჩანდა.
სავარძელში იჯდა და ირგვლივ შემოწყობილ ბალიშებს
ეყრდნობოდა. ყველაფერთან ერთად ძლიერი გონებრივი
გადაღლილობის ნიშნებიც ეტყობოდა. მასთან ხანმოკლე
შეხვედრის შემდეგ ოთახიდან გულდამძიმებული გამოვედი.
იმავე დღეს ის დეჰრადუნში მიემგზავრებოდა. აეროპორტში
გავაცილე. იქ ნერუს ქალიშვილს, ინდირა განდის შევხვდი,
რომელსაც 1954 წლიდან ვიცნობდი (ის პეკინში მამას ახლდა;
როცა პირველად ვნახე, ნერუს ცოლი მეგონა). ვუთხარი, რომ
მამამისის ასეთი მდგომარეობის გამო ძალიან ვწუხდი. მერე
დავძინე, რომ ვშიშობდი კიდევაც, რადგან გული მიგრძნობდა -
მას უკანასკნელად ვხედავდი.
ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. ის თითქმის ერთ კვირაში
გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ნერუს კრემაციას
დავსწრებოდი, მაგრამ მონაწილეობა მივიღე მისი ფერფლის
მიმობნევის ცერემონიაში, რომელიც ალაჰაბადში, სამი
მდინარის შერთვის ადგილას გაიმართა. ეს ჩემთვის დიდი
პატივი იყო, რადგან მქონდა განცდა, რომ მისი ოჯახი ახლობელ
ადამიანად მთვლიდა. ცერემონიის შემდეგ ინდირა ჩემთან
მოვიდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა: „თქვენ ხომ იცოდით“.

„მგელი ბერის სამოსში“

215
1964 წელს გარდაიცვალა ცერინგ დოლმაც. მის მიერ
დაწყებული საქმე ჯეცუნ პემამ, ჩვენმა უმცროსმა დამ
გააგრძელა, რომელმაც არანაკლები ვაჟკაცობა და შეუპოვრობა
გამოიჩინა. ახლა ეს შესანიშნავი საბავშვო ბაღი დჰარამსალაში
ტიბეტის ბავშვთა სოფლის ნაწილია.
ტიბეტის ბავშვთა სოფელი, რომელსაც ფილიალები ყველა
დასახლებაში აქვს, თავშესაფარსა და განათლებას 6 ათასზე
მეტ ბავშვს აძლევს, მათგან ათას ხუთასს - დჰარამსალაში.
თავიდან ამ სოფელს ინდოეთის მთავრობა აფინანსებდა;
ამჟამად ხარჯების უმეტესობას საქველმოქმედო ორგანიზაცია
SOS International გაიღებს. ახლა, ოცდაათი წლის შემდეგ,
სასიამოვნო განცდა მეუფლება, როცა განათლების სფეროში
ჩვენი ძალისხმევის შედეგებს ვხედავ. სადღეისოდ უმაღლესი
სასწავლებელი ლტოლვილების ორი ათასმა შვილმა
დაამთავრა, უმეტესობამ - ინდოეთში, მაგრამ თანდათანობით
იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებმაც უმაღლესი
განათლება დასავლეთში მიიღეს. მთელი ამ დროის
განმავლობაში ცხოველ ინტერესს ვიჩენდი ჩვენი განათლების
სისტემის მიმართ; არასოდეს მავიწყდებოდა ნერუს სიტყვები,
რომ ბავშვები ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
ადრეულ წლებში ეს სკოლები დაფხავებულ შენობებში იყო
განთავსებული, სადაც ტიბეტელ ბავშვებს, ძირითადად,
ინდოელი მასწავლებლები ასწავლიდნენ. ახლა ტიბეტელი
მასწავლებლებიც საკმაოდ ბევრი გვყავს. მათ გვერდით
ინდოელი პედაგოგებიც მოღვაწეობენ. ყველა ამ ქალსა და
მამაკაცს, ასევე მათ წინამორბედებს უდიდეს მადლიერებას
ვუცხადებ. სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო გრძნობები მათ
მიმართ, ვინც დაუნანებლად შეალია სიცოცხლე ჩემი ხალხის
სამსახურს. ხშირად მათ ცუდ პირობებში, შორეულ რაიონებში
უწევდათ მუშაობა.
სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი არ ამთავრებს განათლების
მიღებას, განსაკუთრებით გოგონები. ზოგჯერ ამის სურვილი
თავად მათ არა აქვთ, ზოგჯერ მიზეზი მშობლების
წინდაუხედაობაა. ყოველთვის, როცა ამის საშუალება მეძლევა,
მშობლებს ვეუბნები, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობა
აკისრიათ. თუკი ბავშვების შრომას ჩვენს წარმავალ,
მატერიალურ მიზნებს მოვახმართ, არსებობს საშიშროება,
გავზარდოთ უვიცები, რომლებსაც ცხოვრება თვალწინ

216
მიმზიდველ შესაძლებლობებს გადაუშლის, მაგრამ მათ
არასაკმარისი განათლების გამო ვერ გამოიყენებენ. ასეთ
ადამიანებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და სიხარბე
შეიპყრობს.
პანდიტ ნერუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლალ ბაჰადურ
შასტრიმ შეცვალა, რომელიც ხელისუფლებაში სამ წელიწადს
იყო. ამ ადამიანს საკმაოდ ხშირად ვხვდებოდი და დიდი
პატივისცემითაც განვიმსჭვალე მის მიმართ. ისევე, როგორც
ნერუ, შასტრიც ტიბეტელი ლტოლვილების დიდი მეგობარი
გახლდათ; ის კი არა, როგორც ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე,
ნერუზე მეტსაც აკეთებდა.
1965 წლის შემოდგომაზე ტიბეტის საკითხი გაეროს სესიაზე
კიდევ ერთხელ განიხილეს, რაც ტაილანდის, ფილიპინების,
მალტის, ირლანდიის, მალაიზიის, ნიკარაგუისა და
სალვადორის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტის
დამსახურება იყო. ამჯერად ინდოეთმა, შასტრის დაჟინებული
მოთხოვნით, ხმა ტიბეტის სასარგებლოდ მისცა. ამ
პოლიტიკოსის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში იმედი
ჩამესახა, რომ ინდოეთის ახალი მთავრობა ოფიციალურად
ცნობდა ტიბეტის დევნილ მთავრობას. სამწუხაროდ, შასტრის
დიდხანს არ უცოცხლია. ამასობაში ინდოეთი ახალ ომში ჩაება,
ამჯერად - პაკისტანის წინააღმდეგ. ბრძოლები 1965 წლის 1
სექტემბერს დაიწყო.
დჰარამსალა ინდოეთ-პაკისტანის საზღვრიდან დაახლოებით
ას მილზე მდებარეობს. ასე რომ, საომარი მოქმედებების
ტრაგიკულ შედეგებს საკუთარი თვალით ვხედავდი.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ძალიან მალე
სამხრეთის დასახლებების მოსანახულებლად გავემგზავრე
(როგორც ამას ხშირად ვაკეთებდი). ბნელოდა. ამოქმედებული
იყო ბრძანება სრული შუქშენიღბვის შესახებ. იძულებული
ვიყავით, პატანკოტის რკინიგზის სადგურამდე, სამი საათის
სავალზე, ჩამქრალი ფარებით გვევლო. სამხედრო მანქანების
გარდა, გზაზე სხვა ტრანსპორტი არ შეგვხვედრია. მახსოვს,
ვფიქრობდი: ცუდადაა საქმე, როცა ჩვეულებრივი მოქალაქეები
იძულებული არიან, დაიმალონ, „თავდაცვის ძალები“ კი
ავანსცენაზე გამოდიან. სინამდვილეში ამ მანქანებსაც
ჩვენსავით ჩვეულებრივი ადამიანები მართავენ.
როცა, როგორც იქნა, ეს საშიში გზა გავიარეთ და პატანკოტის

217
სადგურს მივაღწიეთ, აეროპორტის მხრიდან, რომელიც იქვე,
ახლოს მდებარეობდა, ყუმბარების აფეთქების ხმა გავიგონეთ.
თავზე ზუზუნით გადაგვიფრინეს რეაქტიულმა
თვითმფრინავებმა, ერთი წამის შემდეგ კი ტრასირებული
ტყვიების ჯერმა ცაზე ცეცხლის კვალი გაავლო. საშინელი
ხმაური იყო. ყველანი ძალიან შევშინდით. არასოდეს მინახავს,
მატარებელი ასეთი სისწრაფით დაძრულიყოს სადგურიდან.
სამხრეთში ჩასულმა პირველად ბილაკუპესკენ ავიღე გეზი. 10
სექტემბერს უკვე ლტოლვილების პირველ დასახლებაში
ვიყავი. აქ უკვე 3 200 ადამიანი ცხოვრობდა. მშენებლობა
დაჩქარებული ტემპით მიდიოდა. სახლებს აგურით
აშენებდნენ; გადასახურავად ადგილობრივ მასალას
იყენებდნენ. ჭების გაბურღვა და ტერიტორიის ხეებისგან
გაწმენდის პროცესი უკვე დაესრულებინათ. თავდაპირველი
გეგმის მიხედვით, მიწის დასამუშავებლად ახლა აქ დიდი
კამპანია უნდა დაწყებულიყო. თითოეულ ადამიანს
ნომინალურ მფლობელობაში ერთი აკრი მიწა გადაეცა; მიწის
ძირითად ნაკვეთს ერთობლივად ამუშავებდნენ, პატარა კერძო
ბოსტნებში კი სეზონური ბოსტნეული და ხილი მოჰყავდათ.
მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ამ მხარეში
ბრინჯი, სიმინდი და რაგი (ფეტვი) უნდა ყოფილიყო. ძალიან
მიხაროდა, რომ ასეთი პროგრესის მოწმე გავხდი. ის
ადასტურებდა ჩემს რწმენას - საკითხის მიმართ დადებით
მიდგომას, თუკი მას შეუპოვრობა და სიმამაცეც უმაგრებს
მხარს, უზარმაზარი ძალა აქვს.
მოკლედ, დავრწმუნდი, რომ მდგომარეობა საგრძნობლად
გაუმჯობესდა. აღარ მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც
სასოწარკვეთის ზღვარზე იდგნენ; აღარ მიწევდა მათთვის
ბედნიერი მომავლის შესახებ დაპირებების მიცემა, რისიც
თავადაც ნაკლებად მჯეროდა. მოახალშენეების დაუღალავმა
შემართებამ ნაყოფი გამოიღო, მაგრამ მათი ცხოვრება ჯერ
კიდევ უკიდურესად რთული იყო.
თავდაპირველად, როცა ინდოეთის მთავრობასთან ერთად
განსახლების პროგრამას ვგეგმავდით, ვიმედოვნებდით, რომ
ხუთი წლის შემდეგ ლტოლვილები საკუთარ თავს თვითონვე
უზრუნველყოფდნენ; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
ნამეტის წარმოებასაც შეძლებდნენ, რომელსაც გაყიდდნენ და
თავიანთ წვლილს შეიტანდნენ ინდოეთის ეკონომიკაში.

218
თუმცა ჩვენი ოპტიმიზმი საპნის ბუშტივით გაქრა, როცა ცხადი
გახდა, რომ ხალხს არავითარი მომზადება არ გააჩნდა.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ ძალიან ცოტამ თუ
იცოდა იმათგან, ვინც მიწის დამუშავებას მოჰკიდა ხელი.
ყოფილი ვაჭრები, ჯარისკაცები, მომთაბარეები და, უბრალოდ,
სოფლის მცხოვრებლები იძულებული იყვნენ, მათთვის
სრულიად უცხო, ახალი საქმიანობა წამოეწყოთ. თანაც,
ინდოეთის ტროპიკებში და მაღალმთიან ტიბეტში მიწა
სრულიად სხვადასხვანაირად მუშავდება. ამიტომ ისინიც კი,
ვისაც ამ დარგში რამე გაეგებოდა, საფუძვლიანად უნდა
გადამზადებულიყვნენ და ახალი მეთოდები აეთვისებინათ:
ხარებით მუშაობიდან დაწყებული, ტრაქტორების რემონტით
დამთავრებული. ასე რომ, ხუთი წლის შემდეგაც კი ცხოვრების
პირობები ბანაკებში ძალიან პრიმიტიული იყო. მაგრამ, როცა
განვლილ წლებს თვალს ვავლებ, ვხვდები, რომ 1965 წელი,
გარკვეული თვალსაზრისით, ტიბეტელების განსახლების
პროგრამის კულმინაცია გამოდგა: გამოყოფილი მიწის
უმეტესი ნაწილი უკვე გაიწმინდა, ლტოლვილების
უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი გახდა სამედიცინო
მომსახურება, საერთაშორისო წითელი ჯვრისა და სხვა
ორგანიზაციების დახმარება; მანქანა-მოწყობილობები ჯერ
კიდევ ახალი იყო (თუმცა ახლა ისინი უკვე მოძველდა და
გამოცვლას საჭიროებს).
იმხანად ბილაკუპეში დაახლოებით ათ დღეს დავრჩი, რის
შემდეგაც ვისარგებლე შესაძლებლობით, ტრივანდრუმისკენ,
[22] კერალის შტატის დედაქალაქისკენ მიმავალს მაისური და
მადრასი მომენახულებინა. კერალას ინდოეთის „ყველაზე
უფრო განათლებულ შტატს“ ეძახიან. შტატის გუბერნატორმა
სტუმრად მიმიწვია. აქ რამდენიმე კვირას მომიწია დარჩენა,
რადგან ომი ჩრდილოეთში კვლავ გრძელდებოდა და ისევ დიდ
საფრთხეს წარმოადგენდა. ორი ბომბი დჰარამსალაშიც
ჩამოაგდეს.
აქ გატარებულ დროს ჩემთვის ფუჭად არ ჩაუვლია. ჩემი ოთახი
რაჯბჰავანში, გუბერნატორის რეზიდენციაში, სამზარეულოს
მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. ერთხელ თვალი მოვკარი,
როგორ დაკლეს წიწილა, რომელიც შემდეგ საუზმეზე
მოგვართვეს. ვუყურებდი, როგორ მოუგრიხეს ყელი და
ვფიქრობდი, რა ტანჯვა მიაყენეს ამ საწყალ ქმნილებას. ამის
გააზრებამ სინანულით აღმავსო და გადავწყვიტე,

219
ვეგეტარიანელი გავმხდარიყავი. როგორც უკვე აღვნიშნე,
ტიბეტელები, საერთოდ, ვეგეტარიანელები არ არიან, რადგან
ჩვენთან ბოსტნეული ცოტაა; ამიტომ ხორცი რაციონის
ძირითადი ნაწილია. არადა, მაჰაიანას[23] თანახმად, ბერები და
მონაზვნები აუცილებლად ვეგეტარიანელები უნდა იყვნენ.
ჩემ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოცდა მაშინვე
გაიარა. წიწილას ყურადღებით დავაკვირდი. ის ინგლისური
რეცეპტით იყო მომზადებული, ხახვითა და სოუსით, და
მიმზიდველი არომატი ჰქონდა; მაგრამ მასზე უარის თქმა არ
გამჭირვებია. ამის შემდეგ მკაცრად ვიცავდი ვეგეტარიანულ
დიეტას და არა მარტო ხორცს, თევზსაც და კვერცხსაც არ
ვჭამდი.
კვების ამ ახალმა რეჟიმმა ჩემზე სასიკეთოდ იმოქმედა.
კმაყოფილებას განვიცდიდი, როცა მას მკაცრად ვიცავდი.
მახსოვს, 1954 წელს, პეკინში გამართულ ბანკეტზე
ვეგეტარიანელობის შესახებ ჩჟოუ ენ-ლაისთან და კიდევ ერთ
პოლიტიკოსთან ვსაუბრობდი. ეს უკანასკნელი აცხადებდა,
რაკი წიწილა კვერცხიდან ჩნდება, ეს უკანასკნელი
ვეგეტარიანულ საკვებად ვერ ჩაითვლებაო. დიდხანს
ვიკამათეთ, სანამ ჩჟოუმ საუბრის თემა დიპლომატიის
სასარგებლოდ არ შეცვალა.
ომი პაკისტანთან 1966 წლის 10 იანვარს დამთავრდა. ამ
სასიამოვნო ცნობას ცუდი ამბავი დაერთო - ინდოეთის
პრემიერ-მინისტრი ტაშკენტში გარდაიცვალა, სადაც იგი
პაკისტანის პრეზიდენტთან, აიუბ ხანთან მოლაპარაკების
გამართვის მიზნით გაემგზავრა. ზავის შესახებ
ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან რამდენიმე საათში მას
გულმა უმტყუნა.
ლალ ბაჰადურ შასტრიმ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება
მოახდინა. ის, გარეგნულად საკმაოდ უფერული, პატარა ტანის,
სუსტი აგებულების კაცი, სულით ძლიერი და საოცრად
გამჭრიახი გონების ადამიანი გახლდათ. ნამდვილი ლიდერი
იყო. ასეთი საპასუხისმგებლო თანამდებობის მქონე ადამიანთა
უმრავლესობისგან განსხვავებით, იგი სიმამაცითა და
გამბედაობით გამოირჩეოდა. არ დაუშვებდა, რომ ამა თუ იმ
მოვლენას მასზე ზემოქმედება მოეხდინა, პირიქით,
ყველაფერს აკეთებდა, რომ მოვლენები თვითონ ემართა.

220
რამდენიმე დღეში მის კრემაციაზე მიმიწვიეს.
ტირუვანანტაპურამიდან წამოვედი, რომ ამ ცერემონიაში
მონაწილეობა მიმეღო. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო
მოვალეობა იყო, მით უმეტეს, რომ ცხედარი ახლოდან
ცხოვრებაში პირველად ვნახე; თუმცა, როგორც ბუდისტი,
გონებით ყოველდღიურად განვჭვრეტ სიკვდილს. მახსოვს,
როგორ ვუყურებდი შასტრის სხეულს, რომელიც სამგლოვიარო
კოცონის დასანთებად გამზადებულ შეშის გროვაზე ესვენა;
ვფიქრობდი მის პიროვნულ თვისებებზე და მისი ცხოვრების იმ
ეპიზოდებზე, რომელთა შესახებ თვითონ მოუყოლია ჩემთვის.
თურმე ერთხელ, ბავშვობაში, როცა სკოლიდან მოდიოდა,
დაჭრილ მტრედს დადევნებია. არაქათგამოცლილი მტრედი მის
თვალწინ მომკვდარა. მას თავზარი დაეცა და დაიფიცა, რომ არც
ერთი ცოცხალი არსების ხორცს არ შეჭამდა. მას შემდეგ
ვეგეტარიანელობის მკაცრი პრინციპებისთვის არ უღალატია.
ინდოეთმა თავისი საუკეთესო პოლიტიკოსი დაკარგა,
მსოფლიომ - ერთ-ერთი განათლებული ლიდერი, ხოლო
კაცობრიობამ - ჭეშმარიტი თანაგრძნობის, თანალმობის ნიჭის
მქონე ადამიანი.
უკანასკნელი პატივი მივაგე განსვენებულ პრემიერს და
დჰარამსალაში დავბრუნდი. იქამდე დელიში რამდენიმე
ჰოსპიტალი მოვინახულე, სადაც ომში დაჭრილებს
მკურნალობდნენ. უმეტესობა ოფიცერი იყო. მძიმედ
დაჭრილები საშინელი ტკივილებისგან იტანჯებოდნენ. როცა
საწოლების რიგებს შორის მივაბიჯებდი და დაჭრილთა
ახლობლების ცრემლიან თვალებს ვუყურებდი, გულში
ვფიქრობდი: აი, ომის ერთადერთი რეალური შედეგი -
ადამიანთა უზარმაზარი ტანჯვა. არადა, თავისუფლად
შეიძლებოდა, პრობლემა მშვიდობიანი გზითაც
მოგვარებულიყო. ერთადერთი ნუგეში ის იყო, რომ
ჰოსპიტალში პაციენტებს ძალიან კარგი პირობები ჰქონდათ
შექმნილი. ომის ბევრ მონაწილეს ასეთი მომსახურებით
არასოდეს უსარგებლია.
ორი კვირის შემდეგ ინდირა განდიმ ფიცი დადო, როგორც
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა. მას კარგად ვიცნობდი, რადგან
მამამისს როცა ვხვდებოდი, თითქმის ყოველთვის
ვნახულობდი. თვითონაც, ჩემი აზრით, მეგობრად მთვლიდა;
არაერთხელ გაუზიარებია ჩემთვის თავისი მოსაზრებები ამა
თუ იმ ადამიანზე; ასევე იმ მოვლენებზე, რომლებიც მას შიშის

221
საფუძველს აძლევდა. საკმაოდ კარგად ვიცოდი მისი ხასიათი;
ამიტომაც ერთხელ, ინდირა განდის მმართველობის პირველი
პერიოდის ბოლოს, თავს უფლება მივეცი, მისთვის
შემეხსენებინა, რომ ლიდერისთვის უბრალო ხალხთან
სიახლოვის შენარჩუნებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ეს ჭეშმარიტება ადრეულ ასაკშივე შევიცანი: თუ გინდა,
ხელმძღვანელი იყო, ხალხთან მჭიდრო ურთიერთობა არ უნდა
გაწყვიტო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან იოლად შეიძლება
შეგაცდინონ მრჩევლებმა, ჩინოვნიკებმა და სხვა თქვენთან
დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც შეეცდებიან, პირადი
(ანგარებიანი) მოსაზრებით, ხელი შეგიშალონ საქმის
ჭეშმარიტი არსის აღქმაში.
როგორც ინდოეთის დანარჩენი პრემიერ-მინისტრები, ინდირა
განდიც ჩემში დიდ სიმპათიას აღძრავდა, რადგან ტიბეტელ
ლტოლვილებს ყოველთვის მხარში ედგა. იგი იყო წევრი
ტიბეტელთა თავშესაფრების ფონდისა, რომელიც მასურიში
დაარსდა; განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა ჩემი
ხალხის განათლების საქმეში. რაც შეეხება სასკოლო
განათლების უდიდეს მნიშვნელობას, ამ სფეროში მისი
შეხედულებები მამამისის აზრებს ემთხვეოდა. ავი ენები
ქვეყანაში შექმნილი კრიტიკული სიტუაციის გამო
აკრიტიკებდნენ განდის. ზოგიერთები მას დიქტატორსაც კი
უწოდებდნენ, მაგრამ, ჩემი აზრით, როცა 1977 წლის მარტში
კომისიამ ვერდიქტი გამოიტანა, მან ღირსეულად დათმო
პოსტი. ჩემთვის ეს ამბავი ცოცხალი დემოკრატიის
არაჩვეულებრივი მაგალითი იყო. ინდირა განდის დიდი
კონფლიქტები ჰქონდა პარლამენტშიც და მის გარეთაც, მაგრამ
როცა მისი წასვლის მომენტი დადგა, ეს უხმაუროდ გააკეთა.
მახსოვს, ამავეს ვფიქრობდი პრეზიდენტ ნიქსონთან
დაკავშირებითაც. ძალიან ხშირად ხელისუფლების შეცვლა
სისხლისღვრისკენ მოწოდებად აღიქმება. როცა საპარლამენტო
ნორმები პირად ინტერესებზე მაღლა დგება, ეს ნიშნავს, რომ
საქმე ჭეშმარიტად ცივილიზებულ ქვეყანას ეხება.
იმ დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საშინაო პოლიტიკის
სულ სხვა მაგალითს გვიჩვენებდა. 60-იანი წლების მეორე
ნახევრიდან მაოს სიკვდილამდე (1976 წ.) ამ ქვეყანამ თავის
კოლონიებთან ერთად მრავალი ძალადობრივი სისხლიანი
გადატრიალება გადაიტანა. მრავალი წლის შემდეგ გახდა

222
ნათელი, თუ რას ნიშნავდა სინამდვილეში ე.წ. კულტურული
რევოლუცია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო უგუნურებისა და
შეშლილობის წლები. მაოს ცოლის, ცზიან ცინის ქცევა
იმპერატრიცის ჟინიანობასა და ახირებას მოგაგონებდათ.
მივხვდი, რომ კომუნისტი ლიდერები, რომლებიც ჩემს თვალში
თავიდან ერთიანობასა და მიზნის თავგანწირულ ერთგულებას
განასახიერებდნენ, თურმე სინამდვილეში ერთმანეთს
სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებული.
თუმცა მაშინ არეულობების მასშტაბებზე შეიძლებოდა,
მხოლოდ ვარაუდი გამოგვეთქვა. როგორც ბევრი ტიბეტელი,
მეც ვხვდებოდი, რომ ჩვენს საყვარელ სამშობლოში რაღაც
საშინელება ხდებოდა; მაგრამ საინფორმაციო არხები
ჩინელებმა მთლიანად გადაკეტეს. ამბებს მხოლოდ ცალკეული
ნეპალელი ვაჭრებისგან ვიგებდით, რომლებიც ზოგჯერ
საზღვრის გადაკვეთას ახერხებდნენ. თუმცა მათ მიერ
მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის მწირი და
მოძველებული იყო. მაგალითად, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ
შევიტყვე დიდი აჯანყების შესახებ, რომელიც 1969 წლის
განმავლობაში ტიბეტის სხვადასხვა მხარეში მიმდინარეობდა.
ზოგიერთი ცნობის თანახმად, სადამსჯელო ღონისძიებების
დროს, რომლებიც ამ ამბოხებას მოჰყვა, იმაზე მეტი ხალხი
დახოცეს, ვიდრე 1959 წელს.
ახლა ვიცით, რომ ტიბეტში სახალხო აღშფოთების ბევრი
აფეთქება ხდებოდა. რასაკვირველია, ამ დროს არავითარი სახის
პირდაპირი კონტაქტი არ მქონდა ოფიციალურ პეკინთან,
რომელიც მომიხსენიებდა, როგორც „მგელს ბერის სამოსში“. მე
ჩინეთის მთავრობის თავდასხმების ობიექტი გავხდი. ლჰასაში
ჩინელები რეგულარულად მამხილებდნენ, როგორც ადამიანს,
რომელსაც, უბრალოდ, რელიგიური ლიდერის პოზა უჭირავს.
სინამდვილეში, მათი თქმით, მე ქურდი, მკვლელი და
მოძალადე ვიყავი. ისინი ასევე ვარაუდობდნენ, რომ მისის
განდის არაორდინალურ სექსუალურ მომსახურებას ვუწევდი.
ამრიგად, თითქმის თხუთმეტი წლის განმავლობაში ტიბეტელ
ლტოლვილებს თავიანთი მომავლის შესახებ ბუნდოვანი
წარმოდგენა ჰქონდათ. სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა
ახლა უფრო შორეული ჩანდა, ვიდრე მაშინ, როცა ტიბეტიდან
ახალწამოსული ვიყავით. ეს პერიოდი შეიძლება შევადაროთ
ღამეს ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ღამე ხომ, უდავოდ, ძალების

223
აღდგენის დროა. სწორედ ამ წლებში იჩინა თავი განსახლების
პროგრამის სასიკეთო შედეგებმა. თანდათანობით მეტი
ადამიანი ანებებდა თავს მუშაობას გზების მშენებლობაზე.
ისინი საცხოვრებლად გადადიოდნენ ახალ დასახლებებში,
რომლებიც მთელ ინდოეთში იყო მიმოფანტული. ზოგიერთმა
ლტოლვილმა ინდოეთი დატოვა. მათ პატარ-პატარა თემები
დააარსეს მსოფლიოს ბევრ კუთხეში. ამ წიგნზე მუშაობის
დროისთვის 200 ტიბეტელი დასახლდა კანადასა და
შეერთებულ შტატებში (თანაბარი პროპორციით); დაახლოებით
2 ათასი - შვეიცარიაში, ასი - დიდ ბრიტანეთში; რამდენიმე
ადამიანი - ევროპის თითქმის თითოეულ ქვეყანაში; ერთი
ახალგაზრდა წყვილის ოჯახი - ირლანდიაში.
განსახლების ამ მეორე ტალღის პარალელურად, ტიბეტის
დევნილმა მთავრობამ უცხოეთის რამდენიმე ქვეყანაში თავისი
წარმომადგენლობები გახსნა; პირველი მათგანი - კატმანდუში,
მეორე - ნიუ-იორკში, შემდეგ - ციურიხში, ტოკიოში, ლონდონსა
და ვაშინგტონში. ეს წარმომადგენლობები, გარდა იმისა, რომ ამ
ქვეყნებში მცხოვრები ტიბეტელების ინტერესებს იცავენ, ასევე
ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის,
ისტორიისა და ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია
გაავრცელონ (ეს ინფორმაცია მოიცავს ცნობებს როგორც თავად
ტიბეტზე, იქ მცხოვრებ ტიბეტელებზე, ისე ემიგრაციაში
მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე).
1968 წელს გადავწყვიტე, „სვარგ აშრამიდან“ (რომელიც რვა
წლის განმავლობაში მშობლიური სახლის მაგივრობას მიწევდა)
საცხოვრებლად გადავსულიყავი პატარა სახლში, რომელსაც
„ბრინ კოტეჯი“ ერქვა. ეს შენობა წინაზე დიდი არ იყო, მაგრამ
მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენს
განკარგულებაში იქნებოდა ახალაშენებული ნაგებობები მის
ტერიტორიაზე, სადაც განთავსდებოდა ჩემი პირადი
კანცელარია და ინდოეთის უსაფრთხოების სამსახური;
მექნებოდა მისაღები ოთახი და საკუთარი კაბინეტი. ტიბეტის
დევნილ მთავრობაში ახლა უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი
მუშაობდა. მათგან დიდი ნაწილი გადავიდა დაწესებულებათა
კომპლექსში, რომელიც უფრო მოშორებით მდებარეობდა. ამ
რეორგანიზაციის პროცესში დედაჩემიც ახალ სახლში, „ქაშმირი
კოტეჯში“ გადავიდა (თუმცა უხალისოდ), რამაც საშუალება
მომცა, ისევ ნამდვილი ბერული ცხოვრებით მეცხოვრა.

224
„ბრინ კოტეჯში“ გადასვლიდან ძალიან მალე შევძელი,
საფუძველი ჩამეყარა ნამგიელის მონასტრისთვის, რომლის
ბერებიც თავიდან „სვარგ აშრამის“ ზემოთ, პატარა სახლში
ცხოვრობდნენ. ახლა ეს მონასტერი ჩემი რეზიდენციის
მახლობლად მდებარეობს. ცოტა მოგვიანებით, 1970 წელს,
დამთავრდა ახალი ტაძრის, ცუგლაკჰანგის მშენებლობა. ეს
ნიშნავდა, რომ ამიერიდან შესაძლებლობა მომეცემოდა,
ტრადიციული ტიბეტური კალენდრით გათვალისწინებულ
სხვადასხვა ცერემონიაში მონაწილეობა შესაფერ გარემოში
მიმეღო. სადღეისოდ ნამგიელის მონასტერთან არსებობს
ბუდისტური დიალექტიკის სკოლა, რომელიც ბერების თემში
ხელს უწყობს დისპუტის ხელოვნების ცოცხალი სახით
შენარჩუნებას. იქაურობა გაცოცხლდა - ახლა, თითქმის
ყოველდღე, ტაძრის წინა ეზოში ახალგაზრდა ბერები
იკრიბებიან, რომლებსაც მუქი შინდისფერი სამოსი აცვიათ.
ისინი გამოცდების დაწყებამდე ვარჯიშობენ, ტაშს უკრავენ,
თავებს აქეთ-იქით იქნევენ და იცინიან.
1963 წელს ჩემს რეზიდენციაში სხვადასხვა ბუდისტური
სკოლის მეთაურები და ბონის რელიგიის წარმომადგენლები
მოვიწვიე. შეხვედრაზე განვიხილეთ, რა საერთო სიძნელეები
გვქონდა; ვიმსჯელეთ მათი დაძლევის სტრატეგიაზე. ეს
საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენი, ტიბეტის ბუდისტური
კულტურის სხვადასხვა ასპექტი შეგვენარჩუნებინა და
გაგვევრცელებინა. ამ რამდენიმე დღეში დავრწმუნდი - თუკი
ჩვენ თვითონ შევქმნიდით ხელსაყრელ პირობებს, ჩვენი
რელიგია კვლავ იცოცხლებდა. ჩემი, საკუთარი მონასტრის
საზეიმო გახსნის შემდეგ სამხრეთის შტატში, კარნატაკაში,
განდენის, დრეპუნგისა და სერას მონასტრები დავაარსე,[24]
სადაც თავდაპირველად 1 300 ბერი იყო, რომლებიც იქ ბიუკსა
დვარიდან გადასახლდნენ.
ახლა, როცა დევნილობაში ჩვენი ყოფნის მეოთხე ათწლეული
იწყება, ინდოეთის ტიბეტელი ბერების თემი აყვავების
სტადიაშია და 6 000 ადამიანს ითვლის. მე ვიტყოდი, რომ ისინი
მეტისმეტად ბევრნიც კი არიან. ბოლოს და ბოლოს, ამ
ადამიანების რაოდენობა კი არ არის მთავარი, არამედ მათი
თვისებები, გულმოდგინეობა და თავდადება.
კიდევ ერთი კულტურული დაწესებულება, რომელიც 60-იანი
წლების ბოლოს გაიხსნა, ტიბეტური შრომებისა და არქივების

225
ბიბლიოთეკა იყო, რომელშიც არა მარტო 40 ათასზე მეტი
ტიბეტური ორიგინალი ინახება; ის ბეჭდავს ასევე წიგნებს
როგორც ინგლისურ, ისე ტიბეტურ ენებზე. 1990 წელს აქ
ინგლისურ ენაზე მეორასე წიგნი გამოიცა. ბიბლიოთეკის
შენობა ტრადიციულ ტიბეტურ სტილშია გადაწყვეტილი. მასში
განთავსებულია წიგნების საცავიც და მუზეუმიც. ამ
უკანასკნელის ექსპონატებს ის ნივთები წარმოადგენს,
რომელთა გამოტანაც ტიბეტიდან ლტოლვილებმა მოახერხეს.
უმეტეს ნაწილს იმ მცირეოდენი ქონებისა, რომლის წამოღებაც
მათ შეძლეს, შეადგენს ტანკები, ტიბეტური ტექსტები და სხვა
რელიგიური რელიკვიები. ბევრი რამ ჩემმა თანამემამულეებმა,
ტრადიციისამებრ, მე მიძღვნეს; მე კი, ჩემი მხრივ, ისინი
მუზეუმს გადავეცი.
სწორედ „ბრინ კოტეჯში“ გადასვლის წინა დღეებში მძიმედ
გავხდი ავად. 1966 წლიდან, დჰარამსალაში დაბრუნების
შემდეგ (რაც ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტი
შეწყდა), ენთუზიაზმით დავიწყე ვეგეტარიანული დიეტის
დაცვა. სამწუხაროდ, ტიბეტურ სამზარეულოში ცოტაა უხორცო
კერძი. ამიტომ მზარეულებს გარკვეული დრო დასჭირდათ,
რომ გემრიელი ვეგეტარიანული კერძების მომზადებას
დაუფლებოდნენ. საბოლოოდ, მათ თავი გაართვეს ამ ამოცანას.
მეც შესანიშნავი ვეგეტარიანული კერძებით ვიკვებებოდი.
მაგრამ ჩემმა ინდოელმა მეგობრებმა მითხრეს, თუ რა
მნიშვნელოვანია ასეთი დიეტის დროს კვების რაციონში ბევრი
რძისა და სხვადასხვა სახის თხილისა და ნიგვზის დამატება.
მორჩილად მივყევი ამ რჩევას და ოც თვეში საშინელი
სიყვითლე დამემართა.
ავადმყოფობის პირველ დღეს დილიდან საღამომდე
ვაღებინებდი. შემდეგ, ორი-სამი კვირის განმავლობაში, მადა
საერთოდ დავკარგე და უკიდურესად გამოვიფიტე,
დავუძლურდი. გაჭირვებით ვახერხებდი განძრევას.
ყველაფერი იმან დააგვირგვინა, რომ კანი ბაცი ყვითელი ფერის
გამიხდა. თვით ბუდას დავემსგავსე! ვიცოდი, ზოგი ამბობდა,
რომ დალაი ლამა ისე ცხოვრობს, როგორც ტუსაღი ოქროს
გალიაშიო. ამჯერად თვითონაც ოქროსი გავხდი.
ავადმყოფობამ, რომელიც B ჰეპატიტი აღმოჩნდა, ნელ-ნელა
დაიწყო ჩაცხრობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტიბეტური
წამლების დიდი დოზების მიღება დავიწყე (ტიბეტურ

226
მედიცინას მომდევნო თავში კიდევ მივუბრუნდები). როცა
საჭმლის მიმართ ინტერესი ისევ დამიბრუნდა, ჩემმა ექიმებმა
კატეგორიულად მომთხოვეს: არა მარტო ნაკლებად ცხიმიანი
საკვები მიმეღო, ნიგოზსა და თხილზეც უარი მეთქვა და რძის
მოხმარება შემემცირებინა; თანაც, ისევ უნდა დამეწყო ხორცის
ჭამა. მათ ეშინოდათ, რომ ავადმყოფობამ ღვიძლი ძალიან
დამიზიანა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, დიდხანს ვეღარ
ვიცოცხლებდი. ზოგიერთი ინდოელი ექიმიც, რომლებსაც რჩევა
ვკითხე, იმავე აზრისა იყო. ამიტომ არავეგეტარიანულ
სამზარეულოს უხალისოდ დავუბრუნდი. ახლა ხორცს ვჭამ,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ჩემს სასულიერო
საქმიანობას პრინციპულად ეწინააღმდეგება. იგივე შეიძლება
ითქვას ბევრ ტიბეტელზეც, რომლებმაც ჩემგან მაგალითი
აიღეს და ჩემი ბედი გაიზიარეს.
ჩემს ახალ სახლში თავიდანვე კარგად ვიგრძენი თავი. ისიც,
„სვარგ აშრამის“ მსგავსად, ინგლისელების აშენებული იყო და
მთის წვერზე იდგა, პატარა ბაღის შუაგულში, ხეებით
გარშემორტყმული. სახლიდან ულამაზესი ხედი იშლება -
მოჩანს დჰაულადარის მთაგრეხილი და ვაკე ადგილი,
რომელზედაც თავად დჰარამსალა გადაშლილა. სახლთან
საკმაო ადგილია, სადაც შემიძლია, ათას კაცზე მეტს მივმართო,
მაგრამ სახლის მთავარ სიმდიდრეს მაინც ბაღია. როგორც კი აქ
დავბინავდი, მაშინვე დავიწყე მუშაობა ბაღში, დავრგე
ხეხილის ნერგები, ყვავილები. ყველაფერს საკუთარი ხელით
ვაკეთებდი - მებაღეობა უდიდეს სიხარულს მანიჭებს.
სამწუხაროდ, დარგული ხეებიდან ცოტამ გაიხარა და ისინიც
ნაყოფს ბევრს არ ისხამდა, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებდი,
რომ ჩემს ბაღს უამრავი ფრინველი და ცხოველი სტუმრობდა.
მათზე დაკვირვება ძალიან მაინტერესებს, შეიძლება ითქვას,
მცენარეების მოვლაზე მეტადაც. ჩემი სამუშაო ოთახის
მოპირდაპირე მხარეს ჩიტებისთვის პატარა მაგიდა მოვაწყვე.
მას ზემოდან მავთულხლართი და ბადე აქვს შემოვლებული,
რომ დიდი მტაცებელი ფრინველები ვერ მიეკარონ. ისინი ხომ
ძალიან ერჩიან თავიანთ პატარა თანამოძმეებს. თუმცა ეს
ხერხი ყოველთვის არ ჭრის. ზოგჯერ იძულებული ვხდები, ჩემს
ერთ-ერთ პნევმატურ თოფს მოვკიდო ხელი (ისინი, ინდოეთში
რომ ჩამოვედი, მაშინვე შევიძინე), რომ ამ მსუქან, ღორმუცელა
სამართალდამრღვევებს წესრიგისკენ მოვუწოდო. პატარა რომ
ვიყავი, ნორბულინგკაში ძველი პნევმატური თოფით სროლაში

227
ხშირად ვვარჯიშობდი; ასე რომ, ამ საქმეში საკმაოდ გავიწაფე.
რა თქმა უნდა, ერთი ჩიტიც კი არასოდეს მომიკლავს. მარტო ის
მინდოდა, ჭკუა მესწავლებინა მათთვის.
„ბრინ კოტეჯში“, ძირითადად, იმავე საქმიანობით ვიყავი
დაკავებული, რომლითაც „სვარგ აშრამში“.Yყოველ ზამთარს
დავდიოდი ლტოლვილთა დასახლებებში ჩემი თანამოძმეების
მოსანახულებლად; დროდადრო მათ ქადაგებებს ვუკითხავდი;
ასევე, დიდ დროს ვუთმობდი რელიგიურ სფეროს. გარდა
ამისა, ვცდილობდი, რაც შეიძლება, მეტი მცოდნოდა
დასავლური მსოფლმხედველობის შესახებ; მაინტერესებდა
სამყაროს აღქმისადმი დასავლური მიდგომა, განსაკუთრებით
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში,
ასტრონომიაში, ფილოსოფიაში. გავიხსენე ჩემი ძველი გატაცება
და თავისუფალ დროს ფოტოგრაფიას ვუთმობდი.
ცამეტი თუ თოთხმეტი წლის ვიყავი, რომ სერკონ რინპოჩეს,
კოჭლ ცენშაპს, ვთხოვე, ჩემთვის ფოტოაპარატი ეყიდა. ეს ჩემი
პირველი ფოტოაპარატი იყო. თავიდან მას გადაღებული
ფირების შემდგომი დამუშავება მივანდე. სურათებს ის თავის
გადაღებულად ასაღებდა (რომ მე უხერხულ მდგომარეობაში არ
აღმოვჩენილიყავი, თუკი რომელიმე ფოტოზე შემთხვევით
ისეთი რამ იქნებოდა აღბეჭდილი, რაც დალაი ლამას არ
ეკადრებოდა) და ვაჭარს აძლევდა გასაყიდად. შემდეგ ფირები
ინდოეთში იგზავნებოდა. ეს ოპერაცია ყოველთვის მის
მღელვარებას იწვევდა - თუკი თემატიკა მართლაც
შეუფერებელი გამოდგებოდა, პასუხისმგებლობა ხომ მას
ეკისრებოდა! მოგვიანებით ნორბულინგკაში
ფოტოლაბორატორია მოვაწყვე, ჩემმა ერთმა თანამშრომელმა,
ჯიგმე ტარინგმა, სურათების გამჟღავნება მასწავლა და მერე ამ
სამუშაოს დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდი.
მეორე ჰობი, რომელმაც ახალ სახლში გადასვლის შემდეგ
გამიტაცა, საათების შეკეთება იყო. აქ ფართი მეტი მქონდა.
ამიტომ ერთ ოთახში სახელოსნო მოვაწყვე და საჭირო
ინსტრუმენტების კომპლექტი შევიძინე. რაც თავი მახსოვს,
საათებსა და კრიალოსნებს გულგრილად ვერასდროს
ვუყურებდი. ამაში მეცამეტე დალაი ლამას ვგავარ. ხშირად,
როცა ჩვენი ხასიათის განსხვავებულ თვისებებს აღმოვაჩენ,
ვფიქრობ, შეუძლებელია მისი გარდასახვა ვიყო-მეთქი; მაგრამ
საათებისა და კრიალოსნების მიმართ ჩემი ინტერესი რომ

228
გამახსენდება, ყოველგვარი ეჭვი მიქრება - არა, ეს ნამდვილად
მე ვარ!
როცა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი
წინამორბედის ჯიბის საათს ვატარებდი, მაგრამ ყოველთვის
ვოცნებობდი, მაჯის საათი მქონოდა (თუმცა ზოგი არ მირჩევდა
მის ტარებას). როცა იმ ასაკს მივაღწიე, რომ სერკონ რინპოჩეს
დარწმუნება შევძელი, თუ როგორ მჭირდებოდა მაჯის საათი,
ის ჩემთვის „როლექსისა“ და „ომეგას“ საყიდლად ლჰასის
ბაზარში წავიდა. იქნებ დაუჯერებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ იმ
შორეულ დროშიც კი (იქამდე, სანამ ჩინელები ჩვენს ქვეყანაში
ცივილიზაციის შემოსატანად მოვიდოდნენ) ლჰასაში
შვეიცარიული საათების ყიდვა შეიძლებოდა. მართლაც, არ
არსებობდა ნივთი, ლჰასის ბაზარში რომ ვერ გენახათ. აქ
იოლად იშოვიდით ყველაფერს, ინგლისური საპნებით, Marmite-
ითა და Yardley-ით დაწყებული, ჟურნალ Life-ის ახალთახალი
ნომრებით დამთავრებული.
ჩემი ახალი შენაძენები სასწრაფოდ დავშალე ნაწილებად. როცა
პირველად დავინახე მექანიზმის შემადგენელი ნაწილები,
ვინანე, რომ ავჩქარდი, მაგრამ ძალიან მალე შევძელი მათი
აწყობა. ვისწავლე ასევე საათის სვლის შენელებაც და
აჩქარებაც. ამიტომ ახლა ძალიან მიხაროდა, რომ, როგორც იქნა,
ნამდვილი სახელოსნო მეღირსა, სადაც მუშაობას შევძლებდი.
ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ბევრი ისეთი საათი
შევაკეთე, რომლებსაც ერთი შეხედვით, არაფერი ეშველებოდა.
ახლა უკვე აღარ მაქვს ამის დრო, მაგრამ მაინც მიყვარს, როცა
ჩემს ინსტრუმენტებზე ხელი მიმიწვდება და ვინმეს
დავეხმარები. ბევრ თანამედროვე საათს ვერაფრით გახსნი ისე,
რომ არ გაგეკაწროს. ამიტომ, მე მგონი, ზოგს იმედიც კი
გავუცრუე - გარემონტებული საათები მათ მუშა
მდგომარეობაში დავუბრუნე, მაგრამ თავდაპირველი იერის
შენარჩუნება ვერ მოვახერხე. თანამედროვე ტექნოლოგიას, ასე
თუ ისე, ალღო ავუღე, მაგრამ ელექტრონული ციფრული
საათები ჩემს კომპეტენციაში ნამდვილად არ შედის. ვაღიარებ,
სულ ორჯერ განვიცადე მარცხი. პრეზიდენტმა რუზველტმა
საჩუქრად გამომიგზავნა Patek Phillipe-ის ფირმის ლამაზი ოქროს
საათი, რომელსაც წამების ისრისთვის და თარიღის
აღსანიშნავად სხვადასხვა მექანიზმი ჰქონდა. ამ მექანიზმებში
ვერაფრით გავერკვიე, მაგრამ მათ ვერაფერი გაუგეს ვერც
პროფესიონალმა მესაათეებმა, რომლებსაც საათი

229
შესაკეთებლად გავუგზავნე. ვინ არ მოსინჯა, მაგრამ ვერავინ
მოახერხა, საათს სწორად ემუშავა, სანამ რამდენიმე წლის წინ,
როცა შვეიცარიაში ვიმყოფებოდი, ის მის დამამზადებელ
კომპანიაში არ მივიტანე. მეორედ ჩემი მთავრობის ერთ-ერთი
წევრის საათმა გამაწბილა. იძულებული გავხდი, ნაწილებად
დაშლილი მექანიზმი მისი მფლობელისთვის კონვერტით
გამეგზავნა.

ახლა ჩემს სამ კატაზეც უნდა მოგითხროთ, რომლებიც


ინდოეთში ყოფნისას მყავდა. პირველი მათგანი ჩემს სახლში
60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. ეს იყო შავ-თეთრი ფისუნია,
სახელად ცერინგი, თვინიერი და ძალიან მოსიყვარულე. ჩემს
ცხოველებსა და ფრინველებს ბევრ მოთხოვნას არ ვუყენებ,
მაგრამ ერთი წესის დაცვა ევალებათ - ბერული და მონაზვნური
ცხოვრების წესით იცხოვრონ. მაგრამ ცერინგს ერთი ისეთი
სისუსტე სჭირდა, რომელსაც, როგორც ბუდისტი, ვერაფრით
მოვითმენდი - თაგვს რომ დაინახავდა, ვერაფრით იკავებდა
თავს, რომ არ გამონთებოდა. ხშირად იძულებული ვხდებოდი,
ამის გამო დამესაჯა. ერთ-ერთმა ასეთმა შემთხვევამ
იმსხვერპლა კიდეც. ცერინგს დანაშაულის ადგილზე
წავასწარი, როცა ის ჩემს სახლში თაგვს კლავდა. როცა
დავუყვირე, ფარდაზე აფოფხდა, სულ ზემოთ, იქ თავი ვეღარ
შეიმაგრა, ძირს დაენარცხა და სასიკვდილოდ დაშავდა.
მკურნალობასა და მოვლა-პატრონობას არ ვაკლებდი, მაგრამ
არ გამოკეთებულა. იგი რამდენიმე დღეში მოკვდა.
ძალიან მალე ბაღში პატარა კნუტი ვიპოვე, რომელიც, ეტყობა,
დედას მიეტოვებინა. როცა ხელში ავიყვანე, შევნიშნე, რომ
უკანა ფეხები მთლად ცერინგივით ჰქონდა დასახიჩრებული.
წავიყვანე შინ და ვუვლიდი, სანამ ფეხზე არ დავაყენე. ის
თავისი წინამორბედივით დედალი აღმოჩნდა, მაგრამ მასზე
ბევრად ლამაზი და ნაზი. ძალიან დაუმეგობრდა ჩემს ორ
ძაღლს, განსაკუთრებით სანგიეს. ფუმფულა მკერდში
ჩაეხუტებოდა და ეძინა.
როცა ორივე ძაღლი მომიკვდა და მათ კატაც მიჰყვა,
გადავწყვიტე, რომ შინაურ ცხოველებს აღარ ვიყოლიებდი.
როგორც ჩემმა უფროსმა მასწავლებელმა, ლინგ რინპოჩემ
(რომელსაც თვითონაც ძალიან უყვარდა ცხოველები) თქვა,
„საბოლოო ჯამში, შინაური ცხოველები მათი

230
მფლობელისათვის მხოლოდ ზედმეტი ნერვიულობის მიზეზი
ხდებიან“. გარდა ამისა, ბუდისტის გადასახედიდან, საკმარისი
არაა, ერთ ან ორ ცხოველზე იფიქრო და იზრუნო, როცა ჩვენს
პატრონობასა და ლოცვას ამქვეყნად ყველა ცოცხალი არსება
საჭიროებს.
მაგრამ 1988 წლის ზამთარში ჩემი სახლის პირდაპირ მდებარე
სამზარეულოში ავადმყოფ კნუტსა და მის დედას გადავაწყდი.
პაწაწინა არსება ისე შემეცოდა, წამოვიყვანე და მისი მოვლა
დავიწყე. ჩემდა გასაკვირად ისიც, წინა ორ კატასავით,
დასახიჩრებული აღმოჩნდა. ამიტომ ტიბეტური წამლებით
ვმკურნალობდი და პიპეტით ვასმევდი რძეს, სანამ ჯანზე არ
მოვიდა. ის ჩემი ოჯახის წევრია, მაგრამ სახელი ჯერ არა აქვს.
დრო გვიჩვენებს, რა უნდა დავარქვათ. ძალიან ცოცხალი და
ცნობისმოყვარე არსებაა. ყოველთვის, როცა ვინმე მეწვევა,
მოდის, რომ უცხო ადამიანი კარგად შეათვალიეროს.
ჯერჯერობით საკმაოდ კარგად იქცევა. ვგულისხმობ იმას, რომ
არ ნადირობს და სხვის სიცოცხლეს არ ხელყოფს. თუმცა, თუკი
დრო იხელთა, უარს არ ამბობს, რაიმე გემრიელი ამწაპნოს.
ცხოველებთან დაკავშირებით ერთი რამ დავასკვენი. მაშინაც
კი, როცა ისინი უყვართ და არაფერი აკლიათ, თუ მარჯვე
შემთხვევა მიეცემათ, გასაქცევად ილტვიან. ეს ადასტურებს
ჩემს რწმენას, რომ თავისუფლებისაკენ სწრაფვა ყველა ცოცხალ
არსებას ახასიათებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე დევნილობაში ჩემი
ცხოვრებისა (რომელიც აგერ უკვე ოცდათერთმეტი წელია,
გრძელდება) იყო და არის შეხვედრები ადამიანებთან,
რომლებსაც საზოგადოებაში სრულიად განსხვავებული
ადგილი უჭირავთ. ინდოეთი თავისუფალი ქვეყანაა და მე
საშუალება მქონდა, შევხვედროდი ყველას,Yყოველგვარი
შეზღუდვის გარეშე. ზოგჯერ ჭეშმარიტად შესანიშნავ
ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება მხვდომია წილად.
მაგრამ ხანდახან ჩემი მონახულების მსურველთა შორის
ფსიქიკურად დაავადებულებიც ყოფილან. თუმცა უმეტესობა
მაინც ჩვეულებრივი ადამიანი იყო.
ნებისმიერი შეხვედრის დროს ჩემი მიზანია, როგორმე
დავეხმარო სხვას, მაგრამ, ამავე დროს, მისგან რაიმე კიდევაც
ვისწავლო.

231
ისეც ხდებოდა, რომ ამგვარი შეხვედრის დროს ხანდახან
უხერხული სიტუაცია იქმნებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, მე და
ახალგაცნობილი ადამიანი ერთმანეთს მეგობრებად
ვშორდებოდით.
მიყვარს და მაინტერესებს სრულიად განსხვავებული წრეების
წარმომადგენლებთან ურთიერთობა. მათ რიცხვში ისინიც
შედიან, ვინც სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებას
მიეკუთვნება. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი პიროვნება იყო ჯ.
კრიშნამურტი.[25] გამოკვეთილი ინდივიდუალური
თვისებებით, გამჭრიახი გონებითა და უდიდესი ცოდნით ის
განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. გარეგნულად
თვინიერს, მტკიცე შეხედულებები ჰქონდა ცხოვრებაზე,
ადამიანის დანიშნულებაზე. შემდგომში ბევრი მისი მიმდევარი
გავიცანი, რომლებმაც კრიშნამურტის იდეები
შემოქმედებითად განავითარეს.
უძვირფასესი მოგონება მაკავშირებს მამა თომას მერტონთან,
ამერიკელ ბენედიქტელ ბერთან. ის ჩემთან, დჰარამსალაში,
1968 წელს ჩამოვიდა, სულ რამდენიმე კვირით ადრე, სანამ
ტაილანდში ტრაგიკულად დაიღუპებოდა. ერთმანეთს სამი
დღის განმავლობაში ყოველდღე ორ-ორი საათით
ვხვდებოდით. მერტონი საშუალო სიმაღლის კაცი იყო, თმები
ჩემზე მეტად შეთხელებოდა (თუმცა მე თავს ვიპარსავ, ის კი -
არა); დიდი ბათინკები ეცვა, მძიმე, თეთრი ქსოვილის
სუტანაზე სქელი ტყავის ქამარი ჰქონდა შემორტყმული.
მაგრამ გარეგნულ იერზე მეტად გაოცებდათ და გხიბლავდათ
მისი შინაგანი სამყარო, რომლის დავიწყება სრულიად
შეუძლებელი იყო.
პირველად მქონდა ახლო ურთიერთობა ქრისტიანთან, რომლის
ჭეშმარიტმა მორჩილებამ, თავმდაბლობამ და ღრმა
სულიერებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამ თვისებების მქონე
სხვა ადამიანებსაც შევხვედრივარ, მაგრამ სწორედ მერტონმა
შემაძლებინა, სიტყვა „ქრისტიანის“ ჭეშმარიტ არსს
ჩავწვდომოდი.
ჩვენი შეხვედრები ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროში
მიმდინარეობდა. მერტონი არა მარტო საოცრად მცოდნე
ადამიანი იყო, იუმორის გრძნობაც ჰქონდა. მე მას კათოლიკე
„გეშეს“[26] ვუწოდებდი. ჩვენ ვსაუბრობდით
ინტელექტუალურ და სასულიერო თემებზე, რომლებიც

232
ორივეს გვაინტერესებდა; ერთმანეთს ვუყვებოდით ბერობის
ინსტიტუტის შესახებ კათოლიკეებსა და ბუდისტებში.
მინდოდა, რაც შეიძლება, მეტი გამეგო დასავლეთში ბერობის
ტრადიციის შესახებ. ის ბევრ რამეს მიყვებოდა, რაც ჩემს
გაკვირვებას იწვევდა. მაგალითად, განსაკუთრებით გამაოცა
იმან, რომ ქრისტიანები მედიტაციის დროს არავითარ
სპეციალურ პოზას არ ღებულობენ. ჩემი აზრით, პოზა და
სუნთქვაც კი ამ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია.
ვმსჯელობდით ასევე აღთქმათა შესახებ, რომლებსაც
ქრისტიანი ბერები და მონაზვნები დებდნენ.
თავის მხრივ, მერტონსაც უნდოდა, რაც შეიძლება, მეტი გაეგო
ბოდჰისატვას იდეალის შესახებ. ის იმედოვნებდა, რომ
იპოვიდა მასწავლებელს, რომელიც მას ტანტრიზმს
საფუძვლიანად გააცნობდა. მთლიანობაში, ეს საუბრები,
აზრთა გაცვლა-გამოცვლის თვალსაზრისით, ჩემთვის ძალიან
სასრგებლო იყო; ძირითადად, იმიტომ, რომ მათი წყალობით
ბუდიზმსა და კათოლიციზმში ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე.
ძალიან დამამწუხრა ცნობამ მერტონის უეცარი სიკვდილის
შესახებ. ეს ადამიანი დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას
ასრულებდა ჩვენს ესოდენ განსხვავებულ რელიგიურ
მიმართულებათა შორის. გარდა ამისა, ის დამეხმარა, შემეცნო
ჭეშმარიტება: ყოველი დიდი რელიგია, რომელიც შეიცავს
მოძღვრებას სიყვარულისა და თანაგრძნობის, შებრალების
ნიჭის შესახებ, მსოფლიოს კეთილი ადამიანებით ამდიდრებს.
მამა თომას მერტონთან შეხვედრის შემდეგ ურთიერთობა ბევრ
სხვა ქრისტიანთანაც მქონდა. ევროპაში მოგზაურობისას
სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი მონასტერი მოვინახულე. ნანახმა
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბერები, რომლებსაც
შევხვედრივარ, თავიანთ მოწოდებას ისეთი თავდადებით
ემსახურებოდნენ, რომ, შეიძლება ითქვას, შურის გრძნობას
აღმიძრავდნენ. მათი რიცხვი არც ისე დიდია, მაგრამ ისინი
სულიერი განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე დგანან.
ჩვენთან, ტიბეტელებთან პირიქითაა - ემიგრაციაშიც კი ძალიან
ბევრი ბერი გვყავს - მთელი დევნილი მოსახლეობის 4-5%;
მაგრამ მათი სურვილი, ნება, ყველაფერი ბოლომდე გაიღონ
საქმისთვის, ყოველთვის ისეთი ძლიერი არაა, როგორიც
სასურველია, რომ იყოს.
ჩემს უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ასევე ყველა

233
მიმართულების ქრისტიანთა მოღვაწეობა საქველმოქმედო
ორგანიზაციებში, რომლებიც ჯანდაცვისა და განათლების
საქმეს ემსახურებიან. ინდოეთში ამის მრავალი მშვენიერი
ნიმუში არსებობს. ეს ერთ-ერთი სფეროა, საიდანაც მაგალითი
უნდა ავიღოთ და ჩვენი ქრისტიანი ძმებისგან და დებისგან
ბევრი რამ უნდა ვისწვალოთ. ძალიან კარგი იქნებოდა,
ბუდისტებიც ასეთივე სამსახურს რომ გაუწევდნენ
საზოგადოებას. მე მგონი, ბუდისტი ბერები და მონაზვნები
ამჯობინებენ, თანაგრძნობაზე, შებრალებაზე ილაპარაკონ,
ვიდრე ამ კუთხით საქმე აკეთონ. რამდენჯერმე განვიხილე ეს
საკითხი ტიბეტელებთან, ასევე სხვა ბუდისტებთან ერთად და
აქტიურად ვუჭერ მხარს ასეთი ორგანიზაციების დაარსებას.
60-იანი წლების ბოლოს გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ
შეიძლებოდა, ხორცი შესხმოდა ჩემს ოცნებას ასი ათასივე
ტიბეტელი ლტოლვილის ინდოეთში, ნეპალსა და ბუტანში
განსახლებაზე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ის
მცირეოდენი ინფორმაცია, რომელიც ჩემამდე ტიბეტიდან
აღწევდა, გულის დამამძიმებელი იყო, მომავალს ჭეშმარიტი და
საფუძვლიანი ოპტიმიზმით ვუყურებდით. თუმცა მოვლენათა
ორმა წყებამ, რომლებიც ჩემი უშუალო კონტროლის ფარგლებს
სცილდებოდა, შემახსენა, რამდენად არასაიმედო იყო ჩვენი
მდგომარეობა.
უსიამოვნო ამბები, უპირველეს ყოვლისა, ეხებოდა
დაახლოებით 4 ათას ტიბეტელ ლტოლვილს, რომლებიც
ბუტანში დასახლდნენ. ბუტანის სამეფო შორეული ქვეყანაა,
რომელიც ინდოეთის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვართან
მდებარეობს, უ-ცანგის, ტიბეტის ცენტრალური პროვინციის
სამხრეთით. ისიც ტიბეტივით გოროზი მთების ქვეყანაა.
ბუტანში რელიგიური ადამიანები ცხოვრობენ. ისინი
ბუდიზმის იმავე მიმართულებას აღიარებენ, რომელსაც ჩვენ.
ტიბეტისგან განსხვავებით, ბუტანი გაეროს სრულუფლებიანი
წევრია.
ბუტანის აწ განსვენებული მეფე დიდ კეთილგანწყობას
იჩენდა იმ ტიბეტელების მიმართ, რომლებმაც მის ქვეყანას
შეაფარეს თავი. ინდოეთის მთავრობის დახმარებით მან ჩემს
თანამემამულეებს მიწები, ტრანსპორტი მისცა და სასოფლო-
სამეურნეო დასახლებების დაარსებაში დაეხმარა.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა და ტიბეტელებიც

234
ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს. როცა კალაჩაკრას
საიდუმლოსთან ზიარების პირველ ცერემონიაზე (რომელსაც
ბოდჰ-გაიაში, 1974 წელს ვატარებდი) მათ ჯგუფს შევხვდი,
მითხრეს, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო, რამაც ძალიან
გამახარა. ისინი აქებდნენ თავიანთ მასპინძლებს,
განსაკუთრებით ახალ მეფეს, ჯიგმე ვანჩუგს, რომელმაც
ტახტი მემკვიდრეობით ცოტა ხნის წინ მიიღო. ყველანი
აღფრთოვანებული იყვნენ იმით, თუ რა უნარიანად მართავდა
იგი სახელმწიფოს. მაგრამ სულ რამდენიმე თვის შემდეგ საქმე
ცუდად შეტრიალდა. ტიბეტური დიასპორის ოცდაორი
გამოჩენილი წარმომადგენელი დააპატიმრეს, აწამეს და
გასამართლების გარეშე ჩაყარეს ტიმპჰუს, ქვეყნის
დედაქალაქის ციხეში. მათ შორის იყო ჩემი პირადი
წარმომადგენელი, ლჰადინგი (განსვენებული მეფის ნათესავი).
ამ ამბებმა ძალიან დამამწუხრა. მივიჩნევდი, რომ ყველაფერი
საგულდაგულოდ უნდა გამოძიებულიყო (თუმცა არ მჯეროდა
იმ ბრალდებისა, რომელიც ამ ადამიანებს წაუყენეს - თითქოს
ისინი შეთქმულებაში მონაწილეობდნენ). ეს არ მომხდარა,
ამიტომ საქმის ნამდვილი ვითარება საიდუმლოდ დარჩა.
საბოლოოდ მივხვდი, რომ ტიბეტელებს ბუტანის მთავრობის
საშინაო პოლიტიკაში განტევების ვაცის ფუნქცია დააკისრეს.
ამ საშინელი ამბების შემდეგ ბევრმა დევნილმა ბუტანის
დატოვება გადაწყვიტა. თუმცა მათ, ვინც დარჩა და
მშვიდობიან ცხოვრებას აგრძელებდა, თავს ესხმოდნენ და
ეჭვმიტანილის არასაიმედო მდგომარეობას უქმნიდნენ. ყოველ
შემთხვევაში, მე მაინც მადლობელი ვარ ბუტანელი ხალხისა,
მისი მთავრობისა, იმის გამო, რაც მათ ჩემი
თანამემულეებისთვის გააკეთეს და დარწმუნებული ვარ,
მომავალში ჩვენი ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა
ბოლომდე აღდგება.
მეორე სავალალო ეპიზოდი ეხება აშშ-ის ცენტრალური
სადაზვერვო სამმართველოს მიერ გაწვრთნილ და ეკიპირებულ
პარტიზანებს, რომლებიც ძალადობრივი მეთოდებით
განაგრძობდნენ ტიბეტელების თავისუფლებისათვის
ბრძოლას. არაერთხელ ვეცადე, მომეპოვებინა დეტალური
ინფორმაცია გიელო ტჰონდუპისა და სხვათა მიერ ჩატარებული
ოპერაციების შესახებ, მაგრამ სიმართლე ბოლომდე მაინც ვერ
შევიტყვე. თუმცა ის ვიცი, რომ 1960 წელს პარტიზანთა ბაზა
ჩამოყალიბდა მუსტანგში, ოლქში, რომელიც ნეპალის

235
უკიდურეს ჩრდილოეთში, ტიბეტის საზღვართან მდებარეობს.
აქ ლტოლვილებისგან რამდენიმე ათასკაციანი რაზმი
ჩამოყალიბდა (ამ რაზმის ნაწილი მართლაც ამერიკელების მიერ
იყო გაწვრთნილი).
სამწუხაროდ, ამ ბანაკის ორგანიზება და მომარაგება კარგად არ
იყო დაგეგმილი, რის შედეგადაც ადამიანები, რომლებიც
საკუთარ თავს აჯანყებულებს უწოდებდნენ, მრავალი
სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა, რასაკვირველია, ამ
სიძნელეების შედარებაც არ შეიძლებოდა იმ საფრთხესთან,
თავისუფლებისათვის მებრძოლ იმ მამაც ადამიანებს რომ
ემუქრებოდა, რომლებიც ტიბეტის ტერიტორიაზე
მოქმედებდნენ.
როცა ამ ბაზამ ფუნქციონირება დაიწყო, პარტიზანებმა
არაერთხელ დაურღვიეს სიმშვიდე ჩინელებს. ერთხელ მათ
მთელი ავტოკოლონის განადგურება მოახერხეს (სწორედ ამ
რეიდის დროს ხელში ჩაიგდეს დოკუმენტი, რომელშიც
დაფიქსირებული იყო, რომ ლჰასაში არეულობებსა და
რეპრესიებს 1959 წლის მარტიდან 1960 წლის სექტემბრამდე 87
ათასი ადამიანი ემსხვერპლა). პარტიზანების მიერ
განხორციელებულ ოპერაციას ის დადებითი შედეგი ჰქონდა,
რომ საბრძოლო განწყობა აამაღლა, თუმცა მას არ მოჰყოლია
ეფექტიანი მოქმედებები, რომლებიც პირველ გამარჯვებას
განამტკიცებდა. ამიტომ ზემოხსენებულმა ფაქტმა მხოლოდ
ხალხის ტანჯვის გაძლიერებას შეუწყო ხელი. უარესი კი ის
იყო, რომ ამ მოვლენებმა ჩინეთის მთავრობას მისცა საბაბი,
უცხოეთის სახელმწიფოების ხრიკებისათვის მიეწერა ის
აქტიურობა, რომელიც სინამდვილეში ტიბეტის
დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლების მხრიდან
იგრძნობოდა.
მას შემდეგ, რაც შტატებმა ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად
ცნო (ეს იყო 70-იან წლებში), ამერიკელებმა პარტიზანების
მხარდაჭერა შეწყვიტეს. ეს კი იმაზე მიუთითებდა, რომ მათი
დახმარება აშშ-ის ანტიკომუნისტური პოლიტიკის გამოძახილი
იყო და არა ჭეშმარიტი მხარდაჭერა, რომლის მიზანიც ტიბეტის
დამოუკიდებლობის აღდგენა იქნებოდა.
თუმცა გულანთებული პარტიზანები ბრძოლის შეწყვეტას არ
აპირებდნენ. ამან ჩინელებს უბიძგა (რომლებიც, ეტყობა,
ძალიან შეაშფოთა მათმა საქმიანობამ), მოეთხოვათ, რომ

236
ნეპალს მუსტანგში არსებული შენაერთები განეიარაღებინა. ეს
უნდა მომხდარიყო მაშინაც კი, ტიბეტელ მებრძოლებსა და
ნეპალის მთავრობას შორის რაიმე შეთანხმება რომ ყოფილიყო
დადებული. მაგრამ ნეპალმა ამ მოთხოვნის შესრულება რომ
სცადა, პარტიზანებმა იარაღის დაყრაზე უარი თქვეს. მათ
განაცხადეს, რომ ბრძოლას გააგრძელებდნენ იმ შემთხვევაშიც
კი, ნეპალის არმიას რომ დაჰპირისპირებოდნენ.
აღფრთოვანებული ვიყავი პარტიზანების სიმამაცით, მაგრამ
ჩემს მოსაზრებას მათი მოქმედებების გამო ხმამაღლა
არასოდეს გამოვთქვამდი; ახლა კი მივხვდი, რომ უნდა
ჩავრეულიყავი. ვიცოდი, რომ მხოლოდ პირადად ჩემს
მიმართვას შეიძლებოდა, ემოქმედა. ამიტომ ყოფილ კუსუნ
დეპონს, პ. ტ. ტაკლას ვთხოვე, დაებეჭდა ჩემი მიმართვა
მებრძოლთა ლიდერებისადმი. დოკუმენტში აღვნიშნავდი, რომ
უაზრობა იქნებოდა ნეპალელების წინააღმდეგ ბრძოლა,
თუნდაც იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში რამდენიმე ათასი
ტიბეტელი დევნილი ცხოვრობდა და საომარი მოქმედებები
მათაც დააზარალებდა. ისინი მადლობელი უნდა ყოფილიყვნენ
ნეპალის მთავრობისა, დაეყარათ იარაღი და მშვიდობიანად
ეცხოვრათ. ტიბეტელების ბრძოლა გათვლილი უნდა
ყოფილიყო გრძელვადიან პერიოდზე.
შემდგომში პ. ტ. ტაკლამ მითხრა, რომ ბევრმა ეს ღალატად
ჩამითვალა - ზოგიერთი ლიდერი უმალ ყელს გამოიჭრიდა,
ვიდრე დანებდებოდა. ეს რომ მოვისმინე, სირცხვილის
გრძნობა დამეუფლა. ბუნებრივია, თავისუფლებისათვის
მებრძოლებისადმი ჩემს მიმართვასთან დაკავშირებით
გაორებულ გრძნობას განვიცდიდი. ერთი მხრივ, არ
შეიძლებოდა სამშობლოსათვის ასეთი თავგანწირვის,
ერთგულების, ასეთი ვაჟკაცობის უგულებელყოფა, მეორე
მხრივ, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ სწორედ ასე უნდა
მოვქცეულიყავი.
პარტიზანების დიდმა უმრავლესობამ იარაღი დაყარა. მაგრამ
ზოგიერთებმა (ისინი ას კაცამდე იქნებოდნენ) ჩემი მოწოდების
იგნორირება ამჯობინეს, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვა -
როცა საზღვარს კვეთდნენ, მათ ნეპალის არმია დაედევნა.
პარტიზანები ალყაში მოექცნენ და დაიღუპნენ. ეს
მოსალოდნელიც იყო. ასე დამთავრდა ტიბეტური დიასპორის
ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ეპიზოდი.

237
აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე
პირველად ინდოეთი 1967 წლის შემოდგომაზე დავტოვე, როცა
იაპონიასა და ტაილანდში ვიმოგზაურე. მას შემდეგ ქვეყნიდან
უფრო ხშირად გავდიოდი, მიუხედავად იმ სიძნელეებისა,
რომლებსაც ჩემი ჩინელი ძმები და დები მიქმნიდნენ.
საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩემი თითქმის ყველა სტუმრობა
კერძო ხასიათისა იყო (როგორც წესი, რომელიმე ტიბეტური ან
ბუდისტური თემი მიწვევდა), მაგრამ, სამწუხაროდ, ჩინელები
მათ პოლიტიკურ სარჩულს უდებდნენ და ჩემთვის გაწეულ
მასპინძლობას, მათ პოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევდნენ. ამ
მიზეზის გამო იყო შემთხვევები, როცა ცნობილი საზოგადო
მოღვაწეები ჩემთან შეხვედრისგან თავს იკავებდნენ, იმის
შიშით, რომ თავიანთი ქვეყნის მთავრობის ან ჩინეთის
უკმაყოფილება არ გამოეწვიათ.
სწორედ ამ დროს ვიეტნამში ომი იყო გაჩაღებული. მახსოვს,
ერთხელ, როცა დიდ სიმაღლეზე მივფრინავდით, მეორე,
ჩვენსაზე უფრო დიდი თვითმფრინავი შევამჩნიეთ, რომელიც
ზემოთ მიექანებოდა. ვიცანი, რომ ეს ბომბდამშენი B-52 იყო.
შემაძრწუნა იმან, რომ თვითმფრინავი, საცაა, ჩამოაგდებდა
თავის ტვირთს, თანაც ზღვაში კი არა, ხმელეთზე. იგი
ემუქრებოდა ჩვეულებრივ, ჩემნაირ ადამიანებს. კიდევ უფრო
მატკინა გული იმის შეგნებამ, რომ დედამიწიდან 30 ათასი
ფუტის სიმაღლეზეც კი ვერ გავექეცი ადამიანების
არაადამიანურ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ.
ტოკიოში დაშვებისთანავე ადამიანის ბუნების საუკეთესო
მხარეების გამოვლენის მოწმე გავხდი. პირველი, რამაც ჩემი
ყურადღება მიიპყრო, უჩვეულო სიფაქიზე იყო. ასეთი
სისუფთავე ჯერ არსად მინახავს. მალე ისიც შევამჩნიე, რომ ეს
ხაზგასმული სწრაფვა წესრიგის მიმართ საკვებზეც
ვრცელდება, რომელიც სუფრასთან ყოველთვის დახვეწილი
სახით მოაქვთ. მომეჩვენა, რომ იაპონელებისთვის
ესთეტიკური გრძნობების დასაკმაყოფილებლად თეფშზე
საკვების განლაგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გემო.
ასევე გამაოგნა უზარმაზარმა რაოდენობამ მსუბუქი და
სატვირთო მანქანებისა, რომლებიც დღედაღამ მიმოქროდნენ
ქალაქის ქუჩებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებდა
თანამედროვე ტექნოლოგიის შემოქმედებით პოტენციალს.

238
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ერთი
გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ უდიდეს
მატერიალურ პროგრესს მიაღწია, მას არასოდეს დავიწყებია
თავისი ტრადიციული კულტურა და სულიერი ფასეულობები.
ბედნიერი ვიყავი, როცა იაპონიაში ახალგაზრდა ტიბეტელებს
შევხვდი, რომლებიც იქ უმაღლეს სასწავლებლებში
სწავლობდნენ. ძალიან გამახარა ასევე რამდენიმე იაპონელის
ნახვამ, რომლებიც ტიბეტურ ენაზე ლაპარაკობდნენ და კარგად
იცნობდნენ ჩემს სამშობლოს. არც ისე დიდი ხნის წინათ,
მეცამეტე დალაი ლამას დროს, იაპონელი ბუდისტი
სწავლულები ტიბეტში ჩამოდიოდნენ საკუთარი ცოდნის
სრულყოფის მიზნით. ასე რომ, სიამოვნებით გამოვიყენე
შესაძლებლობა, ხელი შემეწყო (მიუხედავად დევნილის
მდგომარეობისა) ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის
აღდგენისთვის.
სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ტაილანდმა. აქ ხალხი
საოცრად უშუალო მომეჩვენა. ეს დიდ კონტრასტს ქმნიდა
იაპონიასთან, სადაც ოფიციანტებიც კი გაგაოცებდნენ
თავიანთი ცერემონიულობით. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ
ტაილანდში არსებობს ეტიკეტის წესები, რომელთა დაცვა, ჩემი
აზრით, ძალიან რთულია. ტაის ადათის თანახმად, საერო
პირები ყოველთვის დიდი პატივისცემით უნდა მოეკიდონ
„სანგჰას“. ეს ტერმინი ბუდისტი ბერების ერთობლიობას
აღნიშნავს. თუმცა სრულიად დაუშვებელია, რომ ბერი
თაყვანისცემის გამოხატვას საპასუხო ჟესტით გამოეხმაუროს,
თუნდაც ადამიანი მის წინაშე მიწაზე განერთხას.
წარმოუდგენლად გამიჭირდა ამ წესის დაცვა. ჩვეულ გარემოში
ყოველთვის ვცდილობ, მისალმებაზე ვუპასუხო. ახლაც, როცა,
რაც ძალი და ღონე მქონდა, თავს ვიკავებდი, ხშირად
აღმოვაჩენდი ხოლმე, რომ ხელი არ მემორჩილებოდა და
ჩამოსართმევად მიიწევდა.
როცა მეორედ ჩამოვედი ტაილანდში, მეფესთან საუზმეზე
მიმიწვიეს. ზემოხსენებულმა ტრადიციამ ისევ პრობლემა
შემიქმნა - დანამდვილებით არავინ იცოდა, უნდა ჩამომერთმია
მისთვის ხელი თუ არა. შეიძლებოდა, მას ეფიქრა, რომ ეს არ
უნდა გამეკეთებინა. როცა მეფესთან ჩემი შეხვედრა შედგა, მან
წინ გადმოდგა ნაბიჯი და გულთბილად ჩამომართვა ხელი.
ძალიან ძნელი გასაძლები იყო ტაილანდის სიცხე, რომელიც

239
იმაზე უარესი მგონია, ვიდრე სამხრეთ ინდოეთში. ამას
ემატებოდა მოსკიტები. სიცხე და მოსკიტები განსაკუთრებით
გაწამებდა ღამით და დაძინების საშუალებას არ გაძლევდა.
მაგრამ, სამაგიეროდ, წილად მხვდა ბედნიერება, რამდენიმე
მაღალი სასულიერო წოდების მქონე ბერს შევხვედროდი,
რომლებმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს.
როგორც იაპონიაში, აქაც სალაპარაკო და განსახილველი ბევრი
გვქონდა, რადგან ჩვენს განსხვავებულ მიმართულებებს
საერთოც ბევრი აქვს. ეს დამეხმარა, გამეკეთებინა დასკვნა,
რომ ტიბეტური ტრადიცია ბუდიზმის ძალიან სრულყოფილი
ფორმაა.
1973 წელს პირველად ვინახულე ევროპა და სკანდინავიის
ქვეყნები. მოგზაურობა 6 კვირაზე მეტ ხანს გრძელდებოდა და
11 ქვეყანას მოიცავდა. ძალიან გადავიღალე, მაგრამ დიდ
გამოცოცხლებასაც ვგრძნობდი, რადგან ამდენი ჩემთვის
სრულიად უცხო ადგილი ვნახე, ამდენი ადამიანი გავიცანი;
ძველ ნაცნობებთანაც განვაახლე ურთიერთობა.
განსაკუთრებით გამახარა ჰენრიხ ჰარერთან შეხვედრამ. ის
ძველებურად მხიარული და გულღია იყო, იუმორიც
ადრინდელივით უხეში ჰქონდა. ჰარერი ერთხელ
დრამჰასალაშიც მეწვია, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.
ქერა თმა, რომლის გამოც ბავშვობაში ვაბრაზებდი და
„ყვითელთავას“ ვეძახდი, სულ გაჭაღარავებოდა. და მაინც,
წლებმა სრულებით ვერ შეცვალეს ეს კაცი. ისევ
აღფრთოვანებით ვუყურებდი ჰარერის თითებს, ალპინისტის
ძლიერ თითებს. ჰარერს ახლა მეტი ნაჭრილობევი ეტყობოდა,
ვიდრე მაშინ, ბოლოს რომ ვნახე (როცა ახალჩამოსული იყო
ახალი გვინეიდან, სადაც ექსპედიციას ხელმძღვანელობდა),
მაგრამ ბედს მაინც არ უჩიოდა.
პირველად რომში შევჩერდი, სადაც მის უწმინდესობას, რომის
პაპს შევხვდი. თვითმფრინავის დაშვებისას დიდი ინტერესით
ვემზადებოდი აზიისგან აბსოლუტურად განსხვავებული
ლანდშაფტის სანახავად. ვიცოდი, რომ დასავლეთისა და
აღმოსავლეთის ბუნება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
ევროპის ქალაქების უამრავი ფოტო მქონდა ნანახი ჩემს ძველ
წიგნებში პირველი და მეორე მსოფლიო ომის შესახებ, მაგრამ
დანამდვილებით კიდევ არ ვიცოდი, რა სიურპრიზი მელოდა.
ამიტომ დიდი შვება ვიგრძენი, ჩემთვის ნაცნობი ხეები,

240
ბუჩქები და ბალახი რომ დავინახე; საცხოვრებელი სახლებიც
დაახლოებით ისეთი ჩანდა, როგორიც აღმოსავლეთში.
მოკლედ, ერთი შეხედვით, განსხვავება დიდი არ იყო.
ჩაფრენისთანავე პირდაპირ ვატიკანში გავემგზავრე. წმინდა
პეტრეს ტაძარმა პოტალა გამახსენა, ყოველ შემთხვევაში,
სიძველისა და პარამეტრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
მსგავსება აშკარა იყო. მეორე მხრივ, შვეიცარიული დაცვის
ჯარისკაცების[27] ჭრელაჭრულა უნიფორმები, რომლებიც
დეკორაციის შთაბეჭდილებას ტოვებდა, აშკარად კომიკური
მომეჩვენა. პაპ პავლე VI-სთან ძალიან ხანმოკლე საუბარი
მქონდა, მაგრამ ვისარგებლე შემთხვევით და გამოვხატე
რწმენა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის
სულიერი ფასეულობები, რომელი აღმსარებლობისაც არ უნდა
იყოს ისინი. პაპი სავსებით იზიარებდა ჩემს შეხედულებებს.
ერთმანეთს გულთბილად დავშორდით.
მეორე დღეს შვეიცარიაში გავფრინდი, სადაც ერთი კვირა
გავატარე. აქ შევხვდი ზოგიერთ ბავშვს იმ ორასიდან,
რომლებიც შვეიცარიულ ოჯახებში ცხოვრობდნენ. მათ ჩემთან
ძალიან დაიმორცხვეს და თავს შებოჭილად გრძნობდნენ.
სამწუხაროდ, უმეტესობას მშობლიური ენა დავიწყებოდა.
სხვათა შორის, როცა 1979 წელს ისევ მოვინახულე ისინი,
მდგომარეობა გაუმჯობესებული დამიხვდა. ბავშვებს
ტიბეტურ ენას ასწავლიდნენ და ისინი ისევე ამტვრევდნენ
ტიბეტურს, როგორც მე - ინგლისურს. მახსოვდა, რა სავალალო
მდგომარეობაში იყვნენ ისინი ექვსი წლის წინ და მიხაროდა,
მათ სახეებზე ღიმილს რომ ვხედავდი. შვეიცარიელმა ხალხმა
გულში ჩაიკრა ისინი. აშკარა იყო, ტიბეტელი ბავშვები
სიყვარულითა და სიკეთით გამთბარ გარემოში იზრდებოდნენ.
შვეიცარიიდან ჰოლანდიაში გავემგზავრე, სადაც ერთი რაბინი
გავიცანი. ეს განსაკუთრებით ამაღელვებელი შეხვედრა იყო.
ენობრივი ბარიერის გამო, ჩვენ სულ ორიოდე ფრაზით
გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მაგრამ სიტყვები საჭირო არც
იყო. მის თვალებში ნათლად დავინახე მისი ხალხის ტანჯვა.
ორივეს ცრემლი მოგვერია.
ნიდერლანდებში სულ ორი დღე დავყავი, ბელგიაში კი -
რამდენიმე საათი. შემდეგ იყო ირლანდია, ნორვეგია, შვედეთი
და დანია. თითოეულ მათგანში ერთ-ორი დღით ვჩერდებოდი.
დრო ცოტა მქონდა და მხოლოდ ეპიზოდური

241
შთაბეჭდილებებით ვკმაყოფილდებოდი. სადაც არ უნდა
ჩავსულიყავი, ყველგან კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანები
მხვდებოდნენ, რომლებსაც ძალიან უნდოდათ, რაიმე გაეგოთ
ტიბეტზე. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ჩემს ქვეყანას მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის ხალხის თვალში რაღაც განსაკუთრებული
ხიბლი ჰქონდა. ყველაზე მეტად მახარებდა ის, რომ
შესაძლებლობა მომეცა, პირადად გადამეხადა მადლობა
ზოგიერთი იმ ადამიანისთვის, რომლებიც ტიბეტელ
ლტოლვილებს ეხმარებოდნენ. მაგალითად, ნორვეგიაში,
დანიასა და შვედეთში მოვინახულე ორგანიზაციები,
რომლებმაც საშუალება მისცეს 40 ტიბეტელ ახალგაზრდა
ქალსა და მამაკაცს, მექანიკოსისა და აგრონომის პროფესიებს
დაუფლებოდნენ.
ყველაზე მეტხანს გაერთიანებულ სამეფოში დავრჩი. ათი დღის
განმავლობაში იქ ყოფნის შედეგად საბოლოოდ დავრწმუნდი,
რომ დასავლეთის ქვეყნებს შორის ბრიტანეთს ყველაზე უფრო
მჭიდრო კავშირი აქვს ტიბეტთან. ჩემდა გასაოცრად,
რამდენიმე ხნიერ ადამიანს შევხვდი, რომლებიც ტიბეტურად
დამელაპარაკნენ. როგორც გამოირკვა, თავად მათ ან, ზოგ
შემთხვევაში, მათ მშობლებს ტიბეტში სხვადასხვა დროს
გარკვეული თანამდებობები ეკავათ. ერთ-ერთი მათგანი იყო
ჰიუ რიჩარდსონი, რომელიც უკანასკნელად ათი წლის წინ
ვნახე, როცა ის დჰარამსალაში ჩამოვიდა.
ბრიტანეთში შევხვდი სერ ჰაროლდ მაკმილანს, რომლის
მიმზიდველ, იშვიათ გარეგნობაში ერთმანეთს ერწყმოდა
ძალაუფლებისმოყვარეობა და თავმდაბლობა, რაც გასაოცარ
შთაბეჭდილებას ახდენდა. ის დიდი ინტერესით ეკიდებოდა
სულიერ ფასეულობებს. მეორე ინგლისელი, რომელსაც ძალიან
დავუმეგობრდი, ჰემფრი კარპენტერი იყო, ვესტმინსტერის
წინამძღვარი. მისი მეუღლე სიყვარულით „ჩემს ბიჭს“ მეძახდა.
1960 წელს ერთ ინდურ გაზეთში წავაწყდი ცნობას, რომ
პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა გამოხატა მზადყოფნა, მიეღო
დალაი ლამა, თუკი იგი ამერიკაში ჩავიდოდა. მაგრამ, ამის
მიუხედავად, როცა 1972 წელს დავინტერესდი, რამდენად
შესაძლებელი იყო, აშშ-ში წავსულიყავი, გაირკვა, რომ ვიზის
მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემები
შემქმნოდა. რასაკვირველია, ძალიან მაინტერესებდა იმ
ქვეყნის ნახვა, რომელსაც ყველაზე მდიდარ და ყველაზე

242
თავისუფალ სახელმწიფოდ მიიჩნევდნენ, მაგრამ იქ წასვლა
1979 წლამდე ვერ მოვახერხე.
ნიუ-იორკში ჩაფრენისთანავე თავისუფლების ატმოსფეროში
მოვხვდი. ადამიანები ძალიან მეგობრულად მხვდებოდნენ.
ყველგან გულღია და უშუალო დამოკიდებულებას ვგრძნობდი.
მაგრამ ამავე დროს შეამჩნევდით, რა ჭუჭყიანი და მოუვლელი
იყო ქალაქის ზოგიერთი რაიონი. უსიამოვნო შეგრძნება
მეუფლებოდა უამრავი მაწანწალასა და უსახლკაროს
დანახვაზე, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსების
სადარბაზოებში აფარებდნენ თავს. ვერ წარმომედგინა, რომ ამ
მდიდარ და აყვავებულ ქვეყანაში მათხოვრები იქნებოდნენ.
გამახსენდა, თუ როგორ მიყვებოდნენ ჩემი „მეგობარი“
კომუნისტები „ამერიკული იმპერიალისტური ქაღალდის
ვეფხვის“[28] უსამართლობებზე; იმაზე, თუ რა ექსპლუატაციას
უწევდა ის ღარიბებს, ოღონდ კი მდიდრებს მოგება ენახათ.
მეც, ისევე, როგორც აღმოსავლეთის ბევრი მცხოვრები, ამერიკას
ყველაზე თავისუფალ ქვეყნად ვთვლიდი. ამიტომ
მოულოდნელი იყო იმის აღმოჩენაც, რომ სინამდვილეში აქ
ძალიან ცოტამ თუ იცოდა რამე ტიბეტის მწარე ხვედრის
შესახებ; ახლა, როცა ეს ქვეყანა უკეთ გავიცანი, ვხვდები, რომ,
გარკვეული თვალსაზრისით, ამერიკული პოლიტიკური
სისტემა საკუთარი იდეალისგან ჯერ კიდევ შორსაა. ამით იმის
თქმა სულაც არ მინდა, რომ ამერიკაში ვიზიტით უზარმაზარი
სიამოვნება არ მიმიღია. განსაკუთრებით მახარებდა
სტუდენტურ აუდიტორიასთან შეხვედრა, რომელიც ჩემდამი
ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ
საკმაოდ ცუდად ვლაპარაკობდი ინგლისურად, მსმენელები
ყველაფერს ხვდებოდნენ და გულმხურვალედ მეხმარებოდნენ.
ეს ხელს მიწყობდა, დამეძლია შიში იმისა, რომ ინგლისურ
ენაზე მიმემართა პუბლიკისთვის, რამაც თავდაჯერებულობა
განმიმტკიცა. ამისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ მათ.
თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ამ შემწყნარებლობამ,
გარკვეულწილად, ცუდი სამსახური გამიწია - ინგლისური ენის
სრულყოფის სურვილი გამინელა. არადა, ნამდვილად მქონდა
ასეთი სურვილი, რომელიც, როგორც დჰარამსალაში
დაბრუნებისას აღმოვაჩინე, სადღაც გამქრალიყო. მოკლედ,
შედეგად მივიღე ის, რომ ახლა გერმანელებსა და ფრანგებს,
ასევე სხვა ევროპელებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში,
ინგლისურად ჩემზე უკეთ არ ლაპარაკობენ, მირჩევნია,

243
ინგლისურად ველაპარაკო. ამ დროს ჩემი საშინელი აქცენტი და
შეცდომები აღარ მადარდებს. ყველაზე ნაკლებად მსიამოვნებს
თავად ინგლისელებთან საუბარი. ბევრი მათგანის
თავშეკავებულობა და ოფიციალურობა ძალიან მაოცებს.
ამ ქვეყნებში კიდევ არაერთხელ ვიყავი. განსაკუთრებით
ვაფასებ იმ შესაძლებლობას, რომელსაც მოგზაურობა იძლევა -
შეხვდე საზოგადოების სრულიად განსხვავებული ფენების
წარმომადგენლებს: ღარიბებს, მდიდრებს, განათლებულებს,
მცირემცოდნეთ, რელიგიურ ადამიანებს, ურწმუნოებს. ყოველ
ჯერზე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებოდი, რომ, მიუხედავად
გარკვეული გარეგნული განსხვავებებისა, თავისი არსით
ადამიანი ყველგან ერთნაირია. ყოველ მათგანს, როგორც მე,
ბედნიერება სწყურია. არავის უნდა ტანჯვა. გარდა ამისა,
თითოეული მათგანი ძალიან აფასებს, როცა მის მიმართ
კეთილგანწყობას იჩენენ და, ამავე დროს, ფლობს იმის
ამოუწურავ მარაგს, ამგვარი გრძნობები სხვის მიმართ
გამოავლინოს. თუკი ეს გემახსოვრება, შეძლებ, ყველასთან
დაამყარო მეგობრული დამოკიდებულება, მიაღწიო
ურთიერთგაგებას.
საერთოდ, დასავლურ საზოგადოებაში ბევრი რამ აღმოვაჩინე,
რითაც მოვიხიბლე. აღფრთოვანებული ვარ მისი ენერგიით,
შემოქმედებითი უნარით, ცოდნის შეძენის წყურვილით. მეორე
მხრივ, დასავლური აზროვნების წესის ზოგიერთი მხარე ჩემს
შეშფოთებას იწვევს. ერთ-ერთი მათგანი ასეთია: ადამიანები
ყველაფერს ყოფენ „შავად“ და „თეთრად“; ნაცრისფრის
სხვადასხვა ელფერის არსებობა მათ მხედველობიდან
გამორჩებათ ხოლმე. მათთვის ესა თუ ის მოვლენა „ან ასეთია“,
„ან - ისეთი“. ისინი არ ითვალისწინებენ
ურთიერთგანპირობებულობას, შეფარდებით
დამოკიდებულებას, რასაც ბევრი ფაქტი ადასტურებს.
ჩემი მომდევნო დასკვნა ასეთია: დასავლეთის დიდ ქალაქებში
უამრავი ადამიანი ცხოვრობს კომფორტულად, მაგრამ ისინი,
არსებითად, იზოლირებული არიან კაცობრიობისგან. ეს ძალიან
უცნაურად მომეჩვენა - ასეთი მატერიალური კეთილდღეობის
პირობებში, როცა გვერდით უამრავი თანამოძმე ცხოვრობს,
ადამიანთა უმეტესობას შეუძლია, სიყვარულისა და სითბოს
დიდი მარაგი მხოლოდ თავის კატებსა და ძაღლებს დაახარჯოს.
ჩემი აზრით, აქ საქმე გვაქვს სულიერი ფასეულობების

244
დეფიციტთან. პრობლემა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს,
რომ ამ ქვეყნებში კონკურენციის სულისკვეთება მძლავრობს,
რაც, უდავოდ, იწვევს შიშსა და დაუცველობის გრძნობას. ამ
გაუცხოების გრძნობის სიმბოლურ გამოხატულებას ერთი
მდიდარი კაცის სახლში წავაწყდი, რომელსაც საზღვარგარეთ
ყოფნისას ვსტუმრობდი. ეს იყო უზარმაზარი კერძო სახლი,
რომელიც ისე დაეპროექტებინათ, რომ ყველაფერი კომფორტის
შექმნას ემსახურებოდა. აქ ნახავდით ყოველგვარ
საყოფაცხოვრებო ტექნიკას. თუმცა, როცა სააბაზანოში შევედი,
თვალში მომხვდა ტაბლეტების ორი დიდი ფლაკონი,
რომლებიც პირსაბანის ზემოთ, თაროზე ეწყო. ერთში
ტრანკვილიზატორები იყო, მეორეში - ძილის წამალი. კიდევ
ერთხელ დავრწმუნდი, რომ მატერიალური სიმდიდრე
ხანგრძლივ ბედნიერებას ვერ მოგიტანს.
როგორც აღვნიშნე, ჩვეულებრივ, საზღვარგარეთ მიწვევით
მივემგზავრები. ხშირად მთხოვენ, სიტყვით გამოსვლას. ასეთ
შემთხვევებში სამ ასპექტს ვითვალისწინებ. პირველ რიგში,
ვლაპარაკობ იმაზე, რასაც საყოველთაო პასუხისმგებლობას
ვუწოდებ. აქ ვგულისხმობ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც
ადამიანებს ერთმანეთის მიმართ გვაკისრია; ასევე მორალურ
ვალდებულებას ყველა ცოცხალი არსებისა და, ზოგადად,
ბუნების წინაშეც.
მეორე მხრივ, როგორც ბუდისტი ბერი, ვცდილობ, სხვადასხვა
რელიგიას შორის ჰარმონიის, ურთიერთგაგების დამყარების
საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. მტკიცედ მწამს და
არაერთხელ მითქვამს, რომ ყველა რელიგიის მიზანია, ადამიანი
უკეთესი გახდეს. მიუხედავად განსხვავებული
ფოლოსოფიური შეხედულებებისა (ზოგიერთი მათგანი
შეიძლება ფუნდამენტალისტურადაც კი ჩაითვალოს), ყველა
რელიგიას სურს, კაცობრიობას ბედნიერება მოუტანოს. ეს არ
ნიშნავს, რომ მე რაიმე „მსოფლიო რელიგიას“ ან
„სუპერრელიგიას“ ვქადაგებ. უბრალოდ, რელიგიას მოვიაზრებ,
როგორც წამალს. სხვადასხვა ავადმყოფობისათვის ექიმი
სხვადასხვა წამალს ნიშნავს. რაკი ადამიანებს სულებსაც
სხვადასხვა „ავადმყოფობა“ შეჰყრია, ისინი განსხვავებულ
სულიერ წამლებს საჭიროებენ.
დაბოლოს, როგორც ტიბეტელი, და, გარდა ამისა, როგორც
დალაი ლამა, ჩემს მსმენელებს, თუკი მათ ეს აინტერესებთ,

245
ყოველთვის ვუყვები ჩემს სამშობლოზე, ჩემს ხალხზე, მის
კულტურაზე. საოცარ სტიმულს მაძლევს იმის დანახვა, რომ
ოკუპირებულ ტიბეტში მყოფი ჩემი ტანჯული
თანამემამულეების, ჩემი ქვეყნის ხვედრს თანაგრძნობით
ეკიდებიან; მათი დამოკიდებულება ასაზრდოებს ჩემს
სწრაფვას, ბრძოლა გავაგრძელო. თუმცა მათ, ვინც მხარს
გვიჭერს, ტიბეტის მომხრეებად არ მივიჩნევ. ისინი
სამართლიანობის მომხრეები არიან.
მოგზაურობამ კიდევ ერთი რამ დამანახა: ახალგაზრდობა დიდ
ინტერესს იჩენს ჩემი მონათხრობის მიმართ. ამ ენთუზიაზმს
ალბათ ის გარემოება იწვევს, რომ ყველა შეხვედრაზე
აბსოლუტური არაფორმალობის გარემოს შექმნას მოვითხოვ.
ძალიან ვაფასებ ახალგაზრდებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის
შესაძლებლობას. ისინი მეკითხებიან ამქვეყნად ყველაფერზე -
ბუდისტურ თეორიაზე სიცარიელის შესახებ, ჩემს თეორიებზე
კოსმოლოგიასთან და თანამედროვე ფიზიკასთან
დაკავშირებით, სექსისა და ზნეობის საკითხებზე. ყველაზე
მეტად მომწონს მოულოდნელი და რთული კითხვები. ისინი
ძალიან მეხმარება, რადგან მაიძულებს, ისეთ რამეზე
დავფიქრდე, რაც აზრად არასოდეს მომსვლია. ეს ცოტათი
დისპუტს ჰგავს.
შევამჩნიე, რომ დასავლეთის ხალხის უმეტესობას სკეპტიკური
შეხედულებები ახასიათებს. ვფიქრობ, ამან დადებითი როლიც
კი შეიძლება ითამაშოს, ოღონდ იმ პირობოით, რომ
სკეპტიციზმი პრობლემის შემდგომი კვლევის საფუძვლად არ
უნდა იქცეს.
მე მგონი, ყველაზე დიდი სკეპტიკოსები ჟურნალისტები და
რეპორტიორები არიან. მოგზაურობისას ჩემი სტატუსის
წყალობით, მათთან ხშირად მიწევდა შეხვედრა. საყოველთაოდ
გავრცელებული აზრის თანახმად, ეს ბატონები და
ქალბატონები, რომლებიც მსოფლიოს თავისუფალ პრესას
წარმოადგენენ, უკიდურესად აგრესიულები არიან და, რადაც
არ უნდა დაუჯდეთ, თავისას გაიტანენ. ვფიქრობ, ხშირ
შემთხვევაში, ეს ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. მათი
უმეტესობა უაღრესად კეთილგანწყობილია; თუმცა
შეხვედრებზე ხანდახან თავიდან ატმოსფერო ოდნავ
დაძაბულიც კი ყოფილა. ზოგჯერ (შეიძლება ითქვას, იშვიათად)
კითხვა-პასუხის საღამო სერიოზულ კამათშიც გადაზრდილა

246
ხოლმე. როცა ის პოლიტიკის სფეროში გადადიოდა, როგორც
წესი, მას ვწყვეტდი ხოლმე. ვცდილობ, ამ თემას თავი
ავარიდო. ადამიანებს უფლება აქვთ, საკუთარი აზრი ჰქონდეთ.
სრულიადაც არ მივიჩნევ, რომ მათი გადარწმუნება ჩემს
კომპეტენციაში შედის.
ერთხელ საზღვარგარეთის ერთ ქვეყანაში პრესკონფერენცია
მქონდა. როცა ის დასრულდა, ზოგიერთმა მიიჩნია, რომ დალაი
ლამას კითხვებზე ჯეროვანი პასუხები არ გაუცია. თუმცა მე ასე
არ ვფიქრობდი. ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს,
რამდენად აქტუალურია ტიბეტის საკითხი.
ჟურნალისტებთან ამ „არადამაკმაყოფილებელ“ შეხვედრებზე
უარესი ის ორი ინცინდენტი იყო, რომლებიც ტელევიზიით ჩემს
გამოსვლებს უკავშირდება. ერთხელ, საფრანგეთში ყოფნისას,
ახალი ამბების პროგრამაში მიმიწვიეს, რომელიც პირდაპირი
ეთერით მიდიოდა. ამიხსნეს, რომ ტელეწამყვანი პირდაპირ
ფრანგულ ენაზე მომმართავდა, მისი ნათქვამი კი ჩემთვის
პატარა ყურსაცვამების საშუალებით ინგლისურ ენაზე
სინქრონულად გადაითარგმნებოდა. თუმცა, როცა გადაცემა
დაიწყო, ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. მეორეჯერ დაახლოებით
იმავეს გაკეთება ვაშინგტონში მთხოვეს, მაგრამ ამჯერად
მარტო ვიყავი. ვინც კითხვებს მისვამდა, ვაშინგტონში
იმყოფებოდა. მითხრეს, რომ პირდაპირ ეკრანისთვის
მეყურებინა, რომელზეც თანამოსაუბრის სახე კი არ ჩანდა,
არამედ ჩემი. ამან მთლად დამაბნია. საკუთარ თავთან საუბარი
იმდენად უჩვეულო იყო, რომ ნათქვამი სიტყვების აზრი
თითქოს ხელიდან მისხლტებოდა!
ყოველთვის, როცა საზღვარგარეთ ვარ, ვცდილობ, სხვა
რელიგიების, რაც შეიძლება, მეტ წარმომადგენელს შევხვდე,
რათა ხელი შევუწყო დიალოგის წარმართვას განსხვავებულ
აღმსარებლობებს შორის.
მრავალი რელიგიური მოღვაწიდან, რომლებსაც შევხვედრივარ,
რამდენიმეს გამოვყოფდი. ძალიან ვაფასებ რომის პაპს, იოანე-
პავლე II-ს, ადამიანს, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს.
ამიტომ ჩვენ საერთო ენას ყოველთვის იოლად ვპოულობდით.
როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, გამაოცა მისმა ძალიან
რეალურმა ხედვამ, აზროვნების ფართო მასშტაბებმა,
გულახდილობამ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ადამიანი
უდიდესი სულიერი ლიდერია. ადამიანს, რომელიც შეძლებს,

247
თავის პოტენციურ მკვლელს მოუწოდოს: „ძმაო!“ (როგორც ეს
პაპმა იოანე-პავლემ გააკეთა), სულიერი აღმასვლის გზაზე
უმაღლესი საფეხურისთვის მიუღწევია.
დედა ტერეზა დელის აეროპორტში გავიცანი, როცა 1988 წელს
ოქსფორდში გამართული კონფერენციიდან ვბრუნდებოდი (ამ
კონფერენციაში თვითონაც ღებულობდა მონაწილეობას). ის იმ
ადამიანებს მიეკუთვნება, რომლებიც ჩემს ღრმა პატივისცემას
იმსახურებენ. თავისი უზომო თავმდაბლობით მან ჩემი გული
მაშინვე მოინადირა. ბუდისტური თვალთახედვით, ის
შეიძლებოდა, ბოდჰისატვად ჩაგეთვალათ.
მეორე ადამიანი, რომელსაც უაღრესად სრულყოფილ
სასულიერო ოსტატად ვაღიარებ, გახლავთ ერთი კათოლიკე
ბერი. მას ესპანეთში, მონსერატის მახლობლად, მისივე სენაკში
შევხვდი, სადაც მრავალი წელი გაეტარებინა, სწორედ ისე,
როგორც აღმოსავლეთის წმინდა ბრძენთ; პურის გარდა,
არაფერს ჭამდა; სვამდა წყალს და ხანდახან - ჩაის. ის ცოტას
ლაპარაკობდა ინგლისურად (უფრო ცოტას, ვიდრე მე), მაგრამ
მისი თვალები მეტყველებდა. სწორედ ეს თვალები
მიკარნახებდნენ, რომ ჩემ წინაშე არაჩვეულებრივი პიროვნება
იდგა, ჭეშმარიტი სასულიერო მოღვაწე. როცა ვკითხე, თუ რას
ემსახურებოდა მისი მედიტაციები, მან უბრალოდ მიპასუხა:
„სიყვარულს“. დღემდე ხშირად ვფიქრობ მასზე, როგორც
თანამედროვე მილარეპაზე. ის ძალიან ჰგავდა ტიბეტელ იოგს,
რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გამოქვაბულში
გაატარა, სადაც დიდ დროს უთმობდა განჭვრეტასა და
სასულიერო ხასიათის ლექსების თხზვას.
ერთ-ერთი რელიგიური ლიდერი, რომელთანაც რამდენჯერმე
საინტერესო საუბარი მქონდა, არის კენტერბერიის
არქიეპისკოპოსი, დოქტორი რობერტ რანსი (რომლის მამაც
ემისარს, ტერი უეიტს ყოველთვის ვიხსენიებ ლოცვებში).
ორივენი ვიზიარებთ შეხედულებას, რომ შეიძლება რელიგიისა
და პოლიტიკის შეთავსება ერთმანეთთან; რომ რელიგიის
ვალია, ჰუმანურობას ემსახუროს. რელიგიის მსახურნი,
მორწმუნე ადამიანები არ უნდა შემოიფარგლონ მარტო
ლოცვით. არ შეიძლება, რომ მათ ზურგი აქციონ რეალობას. ამ
ადამიანებს მორალური მოვალეობა აკისრიათ - ყველაფერი
გააკეთონ მსოფლიოში არსებული პრობლემების
მოსაგვარებლად.

248
მახსოვს, ერთხელ ერთმა ინდოელმა პოლიტიკოსმა მითხრა:
„ჩვენ ხომ პოლიტიკოსები ვართ და არა რელიგიის მსახურნი.
ჩვენი უპირველესი საზრუნავია, პოლიტიკის მეშვეობით ხალხს
ვემსახუროთ“. ამაზე ვუპასუხე: „პოლიტიკოსებს იმაზე მეტად
სჭირდებათ რელიგია, ვიდრე სენაკში განმარტოებულ
განდეგილს. თუ განდეგილი ბერი გულის წადილს
დაემორჩილება, ის მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს. მაგრამ
თუკი პოლიტიკოსი, რომელსაც მთელ საზოგადოებაზე
უშუალო ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, ავ ზრახვებს
აჰყვება, ის უამრავ ადამიანს მიაყენებს ზიანს“. მე ვერავითარ
წინააღმდეგობას ვერ ვხედავ პოლიტიკასა და რელიგიას შორის.
რა არის რელიგია? რამდენადაც მესმის, ყოველგვარი ქმედება,
ჩადენილი კეთილი განზრახვით, რელიგიური საქციელია.
მეორე მხრივ, ტაძარში ან ეკლესიაში შეკრებილ ადამიანებს, თუ
მათ ქველი ზრახვები არ ამოძრავებთ (თუნდაც ისინი ერთად
ლოცულობდნენ), არაფერი აქვთ საერთო რელიგიასთან.
სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკოსი გავიცანი,
თუმცა ეს წინასწარ არ დამიგეგმავს. ერთ-ერთი მათგანი იყო
ედუარდ ჰიტი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-
მინისტრი, რომელსაც ოთხჯერ შევხვდი. ჩვენი პირველი კერძო
საუბრის დროს მომეჩვენა, რომ ის, ნერუს მსგავსად,
ყურადღების მობილიზებას ვერ ახერხებდა იმაზე, რაზედაც მე
ვლაპარაკობდი. თუმცა მომდევნო სამი შეხვედრისას ჩვენ
დიდხანს, თავისუფლად ვსაუბრობდით ტიბეტსა და ჩინეთზე.
მისტერ ჰიტი აღფრთოვანებით გამოეხმაურა სოფლის
მეურნეობაში ჩინეთის მიერ მიღწეულ წარმატებებს. იმ
უპირატესობის გათვალისწინებით, რომ მას ჩინეთი სულ
ახლახან ჰქონდა ნანახი (მე იქ მასზე დიდი ხნით ადრე ვიყავი
ნამყოფი), ასევე მითხრა, რომ ჩემს სამშობლოში დიდი
ცვლილებები მოხდა და მე ეს უნდა გამეცნობიერებინა. მისი
აზრით, დალაი ლამას სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი
უჭერდა მხარს. ეს განსაკუთრებით ითქმოდა
ახალგაზრდობაზე.
ძალიან საინტერესო იყო ამის მოსმენა საქვეყნოდ ცნობილი
პოლიტიკოსისგან, რომელსაც მრავალმხრივი საქმიანი კავშირი
ჰქონდა პეკინთან. მაგრამ მაინც ავუხსენი მას, რომ მე
შეშფოთებული ვიყავი არა დალაი ლამას მდგომარეობით,
არამედ ოკუპირებულ ტიბეტში მცხოვრები ექვსი მილიონი
ადამიანის უფლებების შელახვით. ისიც დავძინე, რომ,

249
რამდენადაც ვიცოდი, ტიბეტელი ახალგაზრდები დალაი ლამას
ახლა ისე მხურვალედ უჭერდნენ მხარს, როგორც არასდროს;
რომ ჩემმა დევნილობაში ყოფნამ ისე შეაკავშირა ტიბეტელი
ხალხი, ასეთ ერთიანობაზე ადრე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულებები ძალიან
განსხვავდებოდა, კონტაქტი არ გაგვიწყვეტია; კვლავ ძალიან
ვაფასებ მისტერ ჰიტს, რომელიც საერთაშორისო
ურთიერთობების დიდი სპეციალისტია. ამავე დროს, მაოცებს
ეფექტიანობა იმ დეზინფორმაციისა, რომელსაც ჩინეთი
ავრცელებს. ეს დეზინფორმაცია კი თავბრუს ახვევს ისეთ
გამოცდილ ადამიანებსაც კი, როგორიც ედუარდ ჰიტია.
მოვლენა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს, არის ბუდიზმის
მიმართ დასავლეთის ხალხის მზარდი ინტერესი უკანასკნელი
ორი ათწლეულის მანძილზე. ძალიან მიხარია, რომ ამჟამად
მთელ მსოფლიოში ხუთასზე მეტი ბუდისტური ცენტრია.
ბევრი მათგანი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში
მდებარეობს. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ვინმე სულიერ
სარგებელს პოვებს ბუდიზმში. მაგრამ როცა საქმე ამა თუ იმ
ადამიანის მიერ რელიგიის გამოცვლას ეხება, ყოველთვის
ვურჩევ, უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს.
როცა ნაჩქარევად მიაშურებ ახალ რელიგიას, ამან შეიძლება
პიროვნულ კონფლიქტამდე მიგიყვანოს, რაც ძალიან მძიმე
პროცესია.
თუმცა ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ბუდიზმი სრულიად ახალი
მოვლენაა, რამდენჯერმე ჩამიტარებია ზოგიერთი ცერემონია იმ
ადამიანებისათვის, რომლებსაც მათში მონაწილეობის
სურვილი ჰქონიათ. მაგალითად, კალაჩაკრას საიდუმლოსთან
ზიარების ცერემონია ინდოეთის ფარგლებს გარეთ, ბევრ
ქვეყანაში ჩამიტარებია. ამას არა მარტო იმისთვის ვაკეთებდი,
რომ მათთვის საშუალება მიმეცა, ტიბეტური ცხოვრებისა და
აზროვნების წესს ჩასწვდომოდნენ; ასევე მინდოდა, მთელი
გულით ეზრუნათ დედამიწაზე მშვიდობის
დასამკვიდრებლად.
როცა დასავლეთში ბუდიზმის გავრცელების თემას ვეხები,
უნდა აღვნიშნო, რომ შეიმჩნევა სექტანტობის წარმოშობის
ტენდენცია. ეს აბსოლუტურად არასწორია. რელიგია არასოდეს
არ უნდა გახდეს კონფლიქტის წყარო ან საზოგადოების
წევრთა გამმიჯნავი კიდევ ერთი ფაქტორი. ჩემი მხრივ, ღრმა

250
პატივისცემის გამო იმ წვლილის მიმართ, რომელიც შეაქვს
თითოეულ რელიგიას კაცობრიობის კეთილდღეობის საქმეში,
მონაწილეობას ვღებულობდი სხვა აღმსარებლობათა
რელიგიურ ცერემონიებში. მრავალი ტიბეტელი ლამას
მაგალითისამებრ, სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის
მოძღვრებებში ჩემთვის საინტერესო, სასარგებლო სიბრძნეს
ვეცნობოდი და ვითავისებდი. ზოგიერთი სკოლა ამას არ
იწონებს, მაგრამ ადამიანს შეუძლია, ისე მოიქცეს, როგორც
საჭიროდ მიიჩნევს. გარდა ამისა, ტიბეტური საზოგადოება
ყოველთვის უაღრესად შემწყნარებელი იყო სხვა ხალხების
რწმენის მიმართ. ტიბეტში არა მარტო წარმატებული
მუსულმანური თემი არსებობდა, რამდენიმე ქრისტიანული
მისიაც იყო, რომლებიც არასოდეს წასწყდომიან რაიმე სახის
დაბრკოლებას. ამიტომაც მტკიცედ მწამს ამ საკითხის მიმართ
ლიბერალური მიდგომისა. სექტანტობა - ეს საწამლავია.
პირადად მე ვცდილობ, ცხოვრებაში იმ გზაზე ვიარო, რომელსაც
ბოდჰისატვას იდეალს ვუწოდებ. ბუდისტური ფილოსოფიის
თანახმად, ბოდჰისატვა ისაა, ვინც ცდილობს, ბუდას
მდგომარეობას მიაღწიოს და საკუთარ თავს მთლიანად
მიუძღვნის ცოცხალ არსებათათვის დახმარებას, კერძოდ, მათ
ხსნას ტანჯვისგან. ცნება „ბოდჰისატვა“ უკეთ აღიქმება, თუ
მას ნაწილ-ნაწილ ვთარგმნით: „ბოდჰი“ ნიშნავს რეალობის
საბოლოო ბუნების ბრძნულ შეცნობას, გაგებას, ხოლო „სატვა“
ისაა, ვისაც ყველა ცოცხალი არსების მიმართ თანაგრძნობა,
შებრალების გრძნობა ამოძრავებს. ამრიგად, ბოდჰისატვას
იდეალი არის სწრაფვა, ამქვეყნად ყველა გებრალებოდეს,
თანაუგრძნობდე მათ უსაზღვრო სიბრძნით. ეს ამოცანა რომ
შემესრულებინა, ვამჯობინე, ბუდისტი ბერი გავმხდარიყავი.
არსებობს 253 წესი, რომელთა დაცვა ევალება ტიბეტური
ბუდიზმის მიმდევარ ბერს (მონაზვნებისათვის ასეთი წესი 364-
ია). რაც უფრო მეტი სიმკაცრით ვიცავ მათ, მით უფრო
თავისუფალი ვარ ამქვეყნიური უბედურებებისგან,
შფოთისგან. ზოგიერთი ამ წესთაგან ეტიკეტს უკავშირდება,
მაგალითად, რა მანძილზე უნდა მიჰყვებოდეს ბერი თავისი
მონასტრის წინამძღვარს. არსებობს ქცევის წესებიც. ოთხი
ძირითადი აღთქმა შეიცავს მარტივ მცნებებს, სახელდობრ:
ბერმა კაცი არ უნდა მოკლას, არ უნდა იქურდოს, არ იცრუოს
სასულიერო სფეროში საკუთარი მიღწევების შესახებ; მკაცრად
უნდა დაიცვას უბიწოება. თუ რომელიმეს ამ აღთქმათაგან

251
ბერი დაარღვევდა, იგი ბერი აღარ იყო. ხშირად მეკითხებიან:
მართლა საჭიროა დაუქორწინებლობის აღთქმა? ის რეალურად
სრულდება? საკმარისია, ვთქვათ, რომ უბიწოების დაცვა - ეს
არაა, უბრალოდ, სექსუალური სურვილების იგნორირება.
პირიქით, აუცილებელია, ბოლომდე ვაღიაროთ ამ სურვილების
არსებობა და მათ საზღვრებს გონების, აზროვნების მეშვეობით
გავცდეთ. როცა ადამიანი ამას ახერხებს, შედეგი სასიკეთო
გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე. სექსუალური ლტოლვის
ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ის ბრმა სურვილია. როცა
ამბობ: „მინდა, ფიზიკური კავშირი დავამყარო ამ ადამიანთან“,
- ეს ნიშნავს, გამოხატო სურვილი, რომელიც ინტელექტს არ
ემორჩილება; ხოლო, მაგალითად, გამოთქმა: „მინდა,
აღმოვფხვრა სიღარიბე მთელ მსოფლიოში“ გამოხატავს
სურვილს, რომელსაც ინტელექტი მართავს. გარდა ამისა,
სექსუალური სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ დროებით
სიამოვნებას განიჭებს. ნაგარჯუნამ, დიდმა ინდოელმა
სწავლულმა, თქვა:
„როცა გექავება, მოიფხანე;
მაგრამ უმჯობესია,
ქავილს საერთოდ არ გრძნობდე,
ვიდრე გული იჯერო ფხანით“.
ყოველდღიურად ლოცვას, მედიტაციასა და სწავლას ხუთსაათ-
ნახევარს ვანდომებ. გარდა ამისა, ლოცვისთვის ვიყენებ
თავისუფალ წუთებსაც დღის განმავლობაში, მაგალითად,
ჭამისა და მგზავრობის დროს. ასე, უპირველეს ყოვლისა, ჩემს
ყოველდღიურ მოვალეობას ვასრულებ; მეორე მხრივ, ეს
მეხმარება, დრო სასარგებლო საქმეს მოვახმარო; და მესამე: ეს
შიშს თრგუნავს! უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, როგორც
ბუდისტი, რელიგიური ხასიათის საქმიანობასა და
ყოველდღიურ ცხოვრებას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ.
რელიგიური პრაქტიკა დღე-ღამეში ოცდაოთხ საათს მოიცავს.
არსებობს ლოცვები, რომლებიც ნებისმიერი საქმის დროს
წარმოსათქმელად არის განკუთვნილი. აქ იგულისხმება
სიარული, პირის ბანა, ჭამა და ძილიც კი. მათთვის, ვინც
ტანტრიზმს აღიარებს, ეს სავარჯიშოები, რომლებიც ღრმა
ძილისა და თვლემის დროს სრულდება, სიკვდილისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი მზადებაა.

252
თუმცა ზემოხსენებული საქმიანობისთვის მე ადრიან დილას
ვამჯობინებ, როცა გონება ყველაზე უფრო დასვენებულ და
ფხიზელ მდგომარეობაშია. ამიტომ დაახლოებით დილის ოთხ
საათზე ვდგები და მანტრების კითხვას ვიწყებ. შემდეგ ვსვამ
ცხელ წყალს, ვაყოლებ წამალს და დაახლოებით ნახევარი
საათის განმავლობაში მთელი სხეულით ძირს განრთხმის
რიტუალს ვასრულებ, რითაც ყველა ბუდას ვესალმები. მთელი
სხეულით ძირს განრთხმის მიზანი ორმაგია: პირველ რიგში, ეს
ზრდის მორწმუნის დამსახურებას (რა თქმა უნდა, სათანადო
მოტივაციის არსებობის შემთხვევაში); მეორე მხრივ, ეს კარგი
ფიზიკური ვარჯიშია. ამის მერე ვიბან პირს და ამ დროს
წარმოვთქვამ ლოცვებს; როგორც წესი, ვსეირნობ (თან
ლოცვების კითხვას ვაგრძელებ); ვსაუზმობ 5 საათსა და 15
წუთზე. საკმაოდ მსუყე საუზმეზე ნახევარი საათი მიდის. ეს
პროცესიც წმინდა ტექსტების კითხვის თანხლებით
მიმდინარეობს.
5.45-დან დაახლოებით 8 საათამდე დაკავებული ვარ
მედიტაციით; 6.30-ზე შევისვენებ და BBC-ის ახალ ამბებს
ვუსმენ. დროის მონაკვეთი 8 საათიდან შუადღემდე
ბუდისტური ფილოსოფიის შესწავლას ეთმობა. 12.30-ზე,
შესვენების დროს, მეორე საუზმემდე, ვეცნობი ოფიციალურ
დოკუმენტებსა და გაზეთებს. საუზმის დროს გონებაში კვლავ
წმინდა ტექსტებს წარმოვთქვამ. დღის პირველ საათზე ჩემს
კანცელარიაში მივდივარ, სადაც სამთავრობო და სხვა
საკითხებს ვაგვარებ, ასევე ვიღებ ჩემთან შეხვედრის
მსურველებს (5 საათამდე).
შინ დაბრუნებისას უკვე მოკლე ლოცვისა და მედიტაციისთვის
განკუთვნილი დროც მოდის. 6 საათამდე ტელევიზორს
ვუყურებ (თუ საინტერესო გადაცემაა), შემდეგ ჩაის ვსვამ
(ლოცვების თანხლებით), საღამოს 8.30-დან 9 საათამდე
წარმოვთქვამ ლოცვებს და მივდივარ დასაძინებლად. მშვიდად
და ღრმა ძილით მძინავს.
რა თქმა უნდა, ამ რეჟიმს თავისი ვარიანტებიც აქვს. ხანდახან
დილაობით მონაწილეობას ვღებულობ რიტუალებში; ანდა
საღამოობით ვქადაგებ. მაგრამ ძალიან იშვიათად შემაქვს
ცვლილებები დღის გრაფიკის იმ ნაწილში, რომელიც
ლოცვებისთვის და მედიტაციისთვის არის განკუთვნილი.
ამ ყოველდღიური სასულიერო პრაქტიკის აზრი საკმაოდ

253
მარტივია. პირველ ეტაპზე, როცა თაყვანის საცემად ძირს
განვერთხმები, მივმართავ ბუდას, დჰარმას (შეიძლება
დასჭირდეს განმარტება, თუ ადრე არ ამიხსნია) და სანგჰას,[29]
როგორც სულიერ თავშესაფარს. მომდევნო ეტაპი ეძღვნება
საკუთარ თავში ბოდჰიჩიტას, ანუ სიკეთის აღზრდას[30] . ეს,
უპირველეს ყოვლისა, ხორციელდება იმის შეგნებით, რომ
ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია; მეორე მხრივ, იმის
გაცნობიერების წყალობით, რომ ყოფიერების ჭეშმარიტი
ბუნება ტანჯვაა. ამ ორი მოსაზრების საფუძველზე
შესაძლებელია ალტრუიზმის ჩასახვა და განვითარება
ადამიანში.
ალტრუიზმი, ანუ თანაგრძნობის, შებრალების უნარი რომ
განვივითარო, გარკვეული სახის გონებრივ სავარჯიშოებს
ვასრულებ, რომლებიც ხელს უწყობს ყველა ცოცხალი არსების,
განსაკუთრებით ე.წ. მტრების მიმართ სიყვარულის გრძნობის
აღმოცენებას. მაგალითად, საკუთარ თავს შევახსენებ, რომ მე
მმტრობს ადამიანთა მოქმედება და არა თავად ეს ადამიანები,
თუკი მავანი (მტერი) სხვანაირად მოიქცევა, ის სრულიად
შესაძლებელია, შენი მეგობარი გახდეს.
ჩემი დანარჩენი მედიტაციები უკავშირდება „შუნიას“, ანუ
სიცარიელეს.[31] ამ მედიტაციების დროს გონების
კონცენტრაციას ვახდენ, რათა ურთიერთგანპირობებულობის
არსს სიღრმისეულად, ძირისძირობამდე ჩავწვდე. მისი ნაწილი
იმაში მდგომარეობს, რასაც „ღვთაების იოგა“ ეწოდება, ანუ
„ლჰეი ნელჯორი“. ამ დროს საკუთარი თავის ვიზუალიზაციის
მიზნით სხვადასხვა მანდალას ვიყენებ. ვიზუალიზაციაში
იგულისხმება საკუთარი თავის წარმოსახვა სხვადასხვა
ღვთაებად (თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აქ
იგულისხმება რწმენა რომელიმე უცხო არსებათა მიმართ). ამ
პროცესში საკუთარ გონებას ისე განვაწყობ, რომ ის აღარ არის
მოცული გრძნობათა ორგანოებიდან წამოსული ინფორმაციით.
ეს არ არის ტრანსი; ჩემი გონება სრულფასოვნად
ფუნქციონირებს. ეს უფრო შეცნობაში ვარჯიშია. ძნელი
ასახსნელია, თუ რას ვგულისხმობ, ისევე ძნელი, როგორც
მეცნიერისთვის იმის გადმოცემა, თუ რას ნიშნავს ცნებათა
მიმართება „სივრცე - დრო.“ „სუფთა შემეცნების“ შეგრძნების
გადმოცემა არც ენას შეუძლია და არც ყოველდღიურ პრაქტიკას.
ვიმეორებ, ეს ძალიან ძნელია. სუფთა შემეცნების
გამომუშავების ტექნიკას რომ დაეუფლო, ამას წლები

254
სჭირდება.
ჩემი ყოველდღიური რელიგიური პრაქტიკის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ასპექტია დამოკიდებულება სიკვდილის
იდეასთან. ჩემი აზრით, სიკვდილს ორნაირად შეიძლება
შეხედო: ან უგულებელყოფთ მას (ამ შემთხვევაში თქვენ
მოახერხებთ, მასზე გარკვეული დროის განმავლობაში
საერთოდ არ იფიქროთ); ანდა შეძლებთ, საკუთარი სიკვდილის
პერსპექტივას თვალი გაუსწოროთ და ეცადოთ, გააანალიზოთ
იგი და, შეძლებისდაგვარად, მინიმუმამდე დაიყვანოთ
გარდაუვალი ტანჯვა, რომელსაც ის გაყენებთ. არ არსებობს
საშუალება, რომლითაც რეალურად დაამარცხებდით მას.
მაგრამ მე, როგორც ბუდისტი, სიკვდილს განვიხილავ, როგორც
სიცოცხლის შემადგენელ ნორმალურ პროცესს და აღვიქვამ მას,
როგორც რეალობას, რომელიც ყოველთვის იარსებებს, სანამ მე
„სანსარაში“ ვიმყოფები (სანსარა - სანსკრ. ყოფიერების
წრებრუნვა). როცა ვიცი, რომ მას თავიდან ვერ ავიცილებ,
შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ. ვიზიარებ იმ
თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც სიკვდილი დახეული და
გაცვეთილი ტანსაცმლის გამოცვლას ჰგავს. ეს, თავისთავად,
დასასრული არაა. და მაინც, წინასწარ ვერ განჭვრეტ, როდის და
როგორ მოვა სიკვდილი. ამიტომ გონივრული იქნება, თუ
ფრთხილად იქნები, სანამ მართლა კარზე მოგიკაკუნებს.
როგორც ბუდისტს, მჯერა, რომ სიკვდილის რეალური
გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.
სწორედ ამ დროს სწვდება ადამიანი მის არსს ყველაზე უფრო
ღრმად. სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი დიდი სასულიერო
ოსტატი მედიტაციის დროს თავისუფლდებოდა მიწიერი
არსებობისგან (ანუ გარდაიცვლებოდა).
ჩემი სასულიერო „დღის რეჟიმი“ მხოლოდ მაშინ იცვლება,
როცა განდეგილობაში განვმარტოვდები ხოლმე. ასეთ
შემთხვევაში, პირველ და მეორე საუზმეს შორის, დამატებით
განსაკუთრებულ მედიტაციებს ვასრულებ. ეს ის დროა,
რომელიც ჩვეულებრივი მედიტაციებისა და ბუდისტური
ფილოსოფიის შესწავლისათვის მაქვს გამოყოფილი. მათ
ნაშუადღევისთვის გადმოვანაცვლებ. ჩაის შემდეგ ყველაფერი
უცვლელად რჩება. თუმცა ამ გრაფიკში არ არსებობს მკაცრი და
ურყევი წესები. ხანდახან, გარედან ზეწოლის გამო,
იძულებული ვარ, განმარტოების პერიოდში ოფიციალურ

255
საკითხებს მივხედო და ჩემთან შეხვედრის მსურველებსაც კი
შევხვდე. ამ დროს შემიძლია, ძილისთვის განკუთვნილი
საათებიც კი გავიღო მსხვერპლად, ოღონდ ყველაფერი
მოვასწრო.
განდეგილობის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს
შესაძლებლობა მისცეს, კონცენტრირება მოახდინოს საკუთარი
პიროვნების შინაგან სრულყოფაზე. როგორც წესი, ამ მხრივ
ძალიან შეზღუდული ვარ. თავს ბედნიერად ვგრძნობ, როცა
წელიწადში ორჯერ თითო კვირით საამისო დროს გამოვნახავ,
თუმცა ხანდახან, იშვიათად, განმარტოებას დაახლოებით ერთი
თვითაც კი ვახერხებ. 1973 წელს ძალიან მინდოდა, სამი წლით
მეცხოვრა განდეგილის ცხოვრებით, მაგრამ სამწუხაროდ,
გარემოებათა გამო, ამის საშუალება არ მომეცა. იმედი არ
დამიკარგავს, რომ ამას ერთხელ მაინც გავაკეთებ.
ჯერჯერობით კი მხოლოდ, როგორც მე ვუწოდებ, მოკლე
„მოთელვითი“ წვრთნებით ვკმაყოფილდები. ერთი კვირა
საკმარისი არაა, რომ რაიმე სახის რეალურ პროგრესს მივაღწიო,
ან სრულყოფის გზაზე ნაბიჯი გადავდგა წინ, მაგრამ იმას კი
ყოფნის, რომ სულიერი ძალების მარაგი შევივსო, ხელახლა
„დავიმუხტო“. გონების დისციპლინის გამომუშავებას
სინამდვილეში გაცილებით მეტი დრო სჭირდება. სწორედ ამის
გამო (სხვა გარემოებებთან ერთად) საკუთარ თავს სულიერი
სრულყოფის საწყის საფეხურზე მდგომად მივიჩნევ. დროის
უკმარისობის ერთ-ერთი მიზეზი მოგზაურობებია, მაგრამ არ
ვნანობ. მათი წყალობით შევძელი, საკუთარი ცხოვრებისეული
გამოცდილება და მომავლის იმედები გაცილებით მეტი
ადამიანისთვის გამეზიარებინა. ყოველთვის ვცდილობ,
ადამიანებთან ურთიერთობას ბუდისტი ბერის პოზიციიდან
მივუდგე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე მივიჩნევდე, თითქოს
მხოლოდ ბუდიზმს და ბუდისტებს შეეძლოთ ბედნიერების
მოტანა ამქვეყნად. პირიქით, ჩემი აზრით, ეს იმ ადამიანებსაც
კი შეუძლიათ, რომლებიც არც ერთ აღმსარებლობას არ
მიეკუთვნებიან. ბუდიზმი მხოლოდ მაგალითისთვის მომყავს,
რადგან ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მინახავს (გამონაკლისის
გარეშე), ჩემი რწმენის ჭეშმარიტებას მიდასტურებს. გარდა
ამისა, ექვსი წლიდან ბერი ვარ და ამ სფეროში, ასე თუ ისე,
რაღაც გამეგება!

256
„მაგიისა“ და „საიდუმლოებების“ შესახებ
ხშირად მეკითხებიან ტიბეტური ბუდიზმის ე.წ. მაგიური
ასპექტების შესახებ. დასავლეთში ბევრს აინტერესებს,
სიმართლეს წერენ თუ არა ტიბეტზე ისეთი ადამიანები,
როგორებიც არიან, მაგალითად, ლობსან რამპა[32] და სხვები
თავიანთ წიგნებში ოკულტური პრაქტიკის შესახებ. სურთ
ასევე, იცოდნენ, მართლა არსებობს თუ არა შამბალა
(ლეგენდარული ქვეყანა, რომელიც ნახსენებია ზოგიერთ
ტექსტში; ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება ჩრდილოეთ ტიბეტის
დაუსახლებელ ადგილებში იყოს მიმალული). 60-იანი წლების
დასაწყისში ერთი მეცნიერისგან წერილი მივიღე. ავტორი
მწერდა, რომ გაუგია, თითქოს ზოგიერთ უმაღლეს ლამას
ზებუნებრივი მოქმედების უნარი ჰქონდა; ის მეკითხებოდა,
შეიძლებოდა თუ არა, ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომ ამ
ვარაუდის სისწორე დაედგინა.
პირველ ორ კითხვაზე ვპასუხობ, რომ ზემოხსენებული
წიგნების უმეტესობა წარმოსახვის ნაყოფია; შამბალა კი
არსებობს, მაგრამ არა იმ აზრით, როგორითაც ის ესმით. ამავე
დროს, არასწორი იქნებოდა იმის უარყოფა, რომ ზოგიერთი
ტანტრისტული პრაქტიკა მართლა წარმოშობს ადამიანის
გონებისთვის მიუწვდომელ მოვლენებს. ამიტომ უკვე
თითქმის გადავწყვიტე, მიმეწერა ამ მეცნიერისთვის, რომ მას
სწორი ინფორმაცია ჰქონდა და ამგვარი ექსპერიმენტების
ჩატარების წინააღმდეგი სულაც არ ვიყავი; მაგრამ, ამავე დროს,
იმედი უნდა გამეცრუებინა მისთვის, რადგან ჯერ არ
დაბადებულიყო ადამიანი, რომელსაც ექსპერიმენტისთვის
გამოიყენებდნენ. მაშინ მართლა არსებობდა პრაქტიკული
ხასიათის სხვადასხვა მიზეზი, რომელთა გამო ამ ტიპის
სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში მონაწილეობა შეუძლებელი
იყო.
თუმცა მოგვიანებით ზოგიერთი სამეცნიერო კვლევის
ჩატარებაზე თანხმობა განვაცხადე. პირველი მათგანი
დოქტორმა ჰერბერტ ბენსონმა განახორციელა, რომელიც
ამჟამად აშშ-ი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ქცევის
ფიზიოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს. როცა მას 1979
წელს, ამერიკაში ჩემი მოგზაურობისას შევხვდი, მომითხრო,
რომ იკვლევდა თემას, რომელსაც მოიხსენიებდა ტერმინით

257
„რელაქსაციის რეაქცია“. ესაა ფიზიოლოგიური მოვლენა,
რომელიც თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი მედიტაციის
მდგომარეობაში იმყოფება. ბენსონი მიიჩნევდა, რომ ამ
პროცესს უფრო ღრმად ჩასწვდებოდა, თუკი მას
ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება ექნებოდა იმ
ადამიანებზე, რომლებმაც მედიტაციის საშუალებით უმაღლეს
დონეს მიაღწიეს.
ვინაიდან უაღრესად დიდ პატივს ვცემ თანამედროვე
მეცნიერებას, გადავწყვიტე, ბენსონს მუშაობის გაგრძელებაში
დავხმარებოდი, თუმცა, ცოტა არ იყოს, ვყოყმანობდი. ვიცოდი,
რომ ეს იდეა ბევრ ტიბეტელს არ მოეწონებოდა, მათ მიაჩნდათ,
რომ ზოგიერთი ბუდისტური რიტუალი საიდუმლოდ უნდა
დარჩენილიყო, რადგან მათ საფუძვლად საიდუმლო სწავლება
ედო. ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ წამოვაყენე მოსაზრება,
რომ კვლევის შედეგები სარგებლობას მოუტანდა არა მარტო
მეცნიერებას, არამედ რელიგიასაც, ერთობლივად კი - მთელ
კაცობრიობას.
საბოლოოდ, დოქტორი ბენსონი კმაყოფილი დარჩა, რადგან
უჩვეულო რამ აღმოაჩინა (მისი კვლევები გამოქვეყნდა
რამდენიმე წიგნსა და ჟურნალში, მათ შორის ჟურნალ Nature-
ში). ის ინდოეთში ორ ასისტენტთან ერთად ჩამოვიდა, თან
რთული მოწყობილობები ჩამოიტანა და ცდები ჩაატარა
რამდენიმე ბერზე, რომლებიც დჰარამსალის მახლობლად
იყვნენ განმარტოებული; ასევე ლადაქსა და სიკიმში,
ჩრდილოეთის რაიონებში.
ეს ბერები იოგა „ტუმ-მოს“ პრაქტიკას მისდევდნენ, რომელიც
ნათლად ადასტურებს, რაოდენ დიდია ოსტატობა
განსაკუთრებულ ტანტრისტულ დისციპლინებში. ჩაკრებსა
(ენერგიის ცენტრები) და ნადიზე (ენერგიის არხები) გონების
კონცენტრაციის მეშვეობით, ამ ადამიანებს შეუძლიათ
ცნობიერების შედარებით ზედაპირული დონეების
გაკონტროლება და მათი მოქმედების დროებით შეწყვეტაც კი.
ეს მათ საშუალებას აძლევს, შეაღწიონ უფრო ძნელად
მოსახელთებელ დონეზე. ბუდისტური სწავლების თანახმად,
ცნობიერების ბევრი დონე არსებობს. ზედაპირულ დონეს
მიეკუთვნება ჩვეულებრივი გრძნობის ორგანოები - შეხება,
მხედველობა, ყნოსვა და ა.შ.; ხოლო ძნელად მოსახელთებელი
დონეების წვდომა სიკვდილის მომენტში შეიძლება. ტანტრას

258
ერთ-ერთი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს
საშუალება მისცეს, სიკვდილი „გამოსცადოს“, რადგან სწორედ
ამ გზით მიიღწევა ყველაზე ძლიერი სულიერი წვდომა.
როცა ცნობიერების შედარებით ზედაპირული დონეები
ითრგუნება, თავს იჩენს ფიზიოლოგიური მოვლენები. დოქტორ
ბენსონის ექსპერიმენტებისას ისინი გამოიხატებოდა სხეულის
შინაგანი და გარეგანი ტემპერატურის აწევით, რაც იზომებოდა
რექტალური და კანის თერმომეტრებით (ფარენგეიტის
მიხედვით სხეულის ტემპერატურა 18 გრადუსით დაბლა
იწევდა, რაც ცელსიუსით 10 გრადუსს უდრის). ასეთ დროს
ბერებს ტანზე შემოხვეული სველი ზეწრები სწრაფად
უშრებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ტემპერატურა
ცელსიუსით 0 გრადუსს ქვემოთ იყო. დოქტორმა ბენსონმა
საკუთარი თვალით ნახა, როგორ ისხდნენ შიშველი ბერები
თოვლზე და მათაც გაუზომა ტემპერატურა. აღმოაჩინა, რომ
მათ შეეძლოთ, მთელი ღამის განმავლობაში ამ მდგომარეობაში
მსხდარიყვნენ, ტემპერატურა კი იგივე უნარჩუნდებოდათ. ამ
სეანსების დროს მან შენიშნა, რომ ჟანგბადის მოხმარების
დონე იმდენად ქვეითდება, რომ ადამიანი წუთში
დაახლოებით 7-ჯერ ჩაისუნთქავს ხოლმე.
ადამიანის ორგანიზმისა და მისი მუშაობის შესახებ ჩვენი
ცოდნა საკმარისი არ არის საიმისოდ, რომ ზემოთ აღწერილს
მეცნიერული ახსნა მოვუძებნოთ. დოქტორი ბენსონი
ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში მიმდინარე ფსიქიკური
პროცესი საშუალებას აძლევს მედიტაციის მდგომარეობაში
მყოფ ადამიანს, ორგანიზმის „ყავისფერი ცხიმების“[33] მარაგი
დაწვას. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს პროცესი
მხოლოდ იმ ცხოველებში შეიმჩნევა, რომლებიც „ზამთრის
ძილს“ ეძლევიან. მაგრამ რა მექანიზმებიც არ უნდა
მოქმედებდნენ ამ დროს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
ის გარემოება, რომ თანამედროვე მეცნიერებამ შეიძლება რაღაც
ისწავლოს ტიბეტური კულტურისგან; მეტიც, ვფიქრობ,
არსებობს სხვა სფეროებიც, რომელთა კვლევამ შეიძლება
სასარგებლო შედეგი გამოიღოს. მაგალითად, ვიმედოვნებ,
ოდესმე ორგანიზება გავუკეთო მეცნიერულ კვლევას
მომავლის წინასწარმეტყველებისა, რომელიც კვლავაც
ტიბეტური ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
სანამ ამ თემას დაწვრილებით შევეხები, უნდა აღვნიშნო, რომ

259
ორაკულების მიზანი არ არის, უბრალოდ, მომავლის
წინასწარმეტყველება (როგორც ეს შეიძლება გეგონოთ). ეს
მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ისინი აკეთებენ. გარდა ამისა,
ორაკულებმა შეიძლება მფარველის ფუნქციაც შეასრულონ.
მათ მიმართავენ, როგორც მკურნალებს. მაგრამ ორაკულების
მთავარი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს
დჰარმის კანონების მიხედვით ცხოვრების წარმართვაში
დაეხმარონ. თავად სიტყვა „ორაკულმა“ შეიძლება დაგაბნიოთ,
რადგან ის, საერთოდ, წინასწარმეტყველების ნიჭით
დაჯილდოებულ ადამიანს გულისხმობს. ეს სწორი არ არის.
ტიბეტური ტრადიცია იცნობს მამაკაცებსა და ქალებს,
რომლებიც მოქმედებენ, როგორც შუამავლები ბუნების
სამყაროსა და სულიერ სფეროს შორის. მათ ეწოდებათ
„კუტენი“, რაც სიტყვასიტყვით „ფიზიკურ „საფუძველს“
ნიშნავს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მიღებულია, ორაკულებზე
ისე ილაპარაკო, როგორც ადამიანებზე, მაგრამ მხოლოდ
იმიტომ, რომ ასე უფრო მოსახერხებელია. უფრო ზუსტი
განსაზღვრა იქნებოდა, თუ მათ „სულებს“ ვუწოდებდით,
რომლებიც გარკვეულ საგანთან (მაგალითად, ქანდაკებასთან),
ხალხთან, ადგილთან ასოცირდება. თუმცა ეს ისე არ უნდა
გავიგოთ, თითქოს ამაში უცხო არსებათა მიმართ რწმენა
მოიაზრებოდეს.
ადრე მთელ ტიბეტში მრავალი ასეული ორაკული იყო. ახლა
ცოტა შემორჩა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანნი,
რომლებთანაც ურთიერთობა აქვს ტიბეტის მთავრობას. მათგან
მთავარს ნეჩუნგის ორაკული ჰქვია. მისი პირით დორჯე
დრაკდენი ლაპარაკობს - დალაი ლამას ერთ-ერთი მფარველი
ღვთაება.
ნეჩუნგი თავდაპირველად ტიბეტში ინდოელი წმინდა
ბრძენის, დჰარმაპალას მემკვიდრესთან ერთად მოვიდა. ეს
უკანასკნელი ცენტრალურ აზიაში, კერძოდ, ბატა ჰორში
დასახლდა. მეფე ტრისონგ დრეცენის მმართველობის დროს,
ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში, ნეჩუნგი ინდოელი
ტანტრას იოგის, ტიბეტის სულიერი მცველის, პადმასამბჰავას
მიერ სამიეს მონასტრის მფარველად დაინიშნა (სამიე,
ფაქტობრივად, პირველი ბუდისტური მონასტერი იყო
ტიბეტში, რომელიც წინამძღვარმა შანტარაკშიტამ დააარსა).
მეორე დალაი ლამა ძალიან დაუახლოვდა ნეჩუნგს, რომელსაც
ამ დროისათვის მჭიდრო კავშირი ჰქონდა დამყარებული

260
დრეპუნგის მონასტერთან. დორჯე დრაკდენი ყველა შემდეგი
დალაი ლამას პირად მფარველად დაინიშნა.
უკვე ასობით წელია, გრძელდება ტრადიცია, რომლის
თანახმადაც დალაი ლამა და ქვეყნის მთავრობა ახალი წლის
დღესასწაულზე ნეჩუნგს ეთათბირებიან. გარდა ამისა, მისი
გამოძახება სხვა დროსაც შეიძლება, თუკი რაიმე
განსაკუთრებული საკითხი უნდა გადაწყდეს. პირადად მე მას
წელიწადში რამდენჯერმე ვხვდები. მეოცე საუკუნის
დასავლეთის მკითხველისთვის ეს შეიძლება არაბუნებრივად
ჟღერდეს. ზოგიერთ ტიბეტელსაც კი, განსაკუთრებით მათ,
ვინც თავს „პროგრესულად“ მიიჩნევს, არ მოსწონს, რომ
ინფორმაციის მისაღებად ამ უძველეს მეთოდს ვიყენებ. მაგრამ
ამას იმ უბრალო მიზეზის გამო ვაკეთებ, რომ ყოველთვის, როცა
ორაკულისთვის რაიმე მიკითხავს, მისი პასუხები მართლდება
ხოლმე. იმას კი არ ვამბობ, რომ მხოლოდ ორაკულის იმედად
ვარ. სულაც არა. მას ისევე ვეკითხები რჩევას, როგორც ჩემს
კაბინეტს, ისევე, როგორც საკუთარ სინდისს. ღვთაებებს ჩემს
„ზედა პალატად“ მივიჩნევ; „ქვედა პალატას“ კაშაგი შეადგენს.
როგორც ყველა სხვა ლიდერი, სანამ სახელმწიფო საკითხებთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებ, მათ ვეთათბირები
ხოლმე. ხანდახან ნეჩუნგის რჩევებთან ერთად სხვა
წინასწარმეტყველებასაც ვითვალისწინებ ხოლმე.
გარკვეული თვალსაზრისით, ნეჩუნგსა და დალაი ლამას
თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრიათ ტიბეტის წინაშე, თუმცა
თითოეული საკუთარ მისიას განსხვავებული საშუალებებით
ვასრულებთ. ჩემი, როგორც ლიდერის, გზა მშვიდობიანია;
თვითონ, მფარველის და დამცველის ამპლუიდან
გამიმდინარე, შეიძლება ხანდახან მრისხანეც იყოს. ჩვენი
ფუნქციები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ჩემი და ნეჩუნგის
ურთიერთობა შეიძლება კაპიტნისა და ლეიტენანტის
დამოკიდებულებას შევადაროთ: მე არასოდეს ვუკრავ მას
თავს. ეს პირიქით ხდება. მაგრამ საკმაოდ ახლო ურთიერთობა
გვაქვს, შეიძლება ითქვას, რომ მეგობრები ვართ. როცა პატარა
ვიყავი, ნეჩუნგს ძალიან ვუყვარდი და ყოველთვის ზრუნავდა
ჩემზე, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. მაგალითად, თუ
შეამჩნევდა, რომ ტანსაცმელი წესრიგში არ მქონდა,
აუცილებლად მოვიდოდა და გამისწორებდა ან
ჩამომიფერთხავდა.

261
მიუხედავად ასეთი ფამილარობისა, ნეჩუნგი ყოველთვის
პატივისცემით მეპყრობოდა. მაშინაც კი, როცა მას
მთავრობასთან ურთიერთობა უფუჭდებოდა (როგორც ეს
რეგენტის მმართველობის ბოლო წლებში მოხდა), როცა ჩემ
შესახებ რაიმეს ჰკითხავდნენ, ყოველთვის აღფრთოვანებით
ლაპარაკობდა. ამავე დროს, მთავრობის პოლიტიკას შეიძლება
გამანადგურებელი კრიტიკით გამოხმაურებოდა. ხანდახან
მისი პასუხი სარკასტული სიცილის შეტევით
შემოიფარგლებოდა. თოთხმეტი წლის რომ ვიყავი, ასეთი
ინციდენტი მოხდა: ნეჩუნგს ჩინეთის შესახებ ჰკითხეს. იმის
მაგივრად, რომ პასუხი პირდაპირ გაეცა, კუტენი პირით
აღმოსავლეთისაკენ შებრუნდა და გაშმაგებით დაიწყო თავის
ქნევა ზემოდან ქვემოთ. შიშის მომგვრელი სანახაობა იყო, მით
უმეტეს, რომ მას თავზე მასიური ჩაფხუტი ეხურა და ეს
მოძრაობა სრულიად საკმარისი იყო, კისერი მოეტეხა. მან
საოცარი ძალით თხუთმეტჯერ მაინც დაიქნია თავი; ასე რომ,
ყველა მიხვდა, თუ საიდან მოდიოდა საფრთხე.
ნეჩუნგთან ურთიერთობა იოლი საქმე არაა. ყოველ
შეხვედრაზე დიდი დრო და მოთმინება გჭირდება, სანამ გულს
გადაგიშლის. ის ძალიან თავშეკავებული და მკაცრია; სწორედ
ისეთი, როგორიც შეიძლება წარმოდგენილი გყავდეთ
დიდგვაროვანი მოხუცი უხსოვარ დროში. მას წვრილმანი
ამბები არ აღელვებს; ინტერესს მხოლოდ სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის საკითხების მიმართ იჩენს. ამიტომ დიდი
მნიშვნელობა აქვს, კითხვა სათანადოდ იყოს
ჩამოყალიბებული. ის ცდილობს, ნაკლებად გამოამჟღავნოს
თავისი სიმპათიები და ანტიპათიები.
ნეჩუნგს დჰარამსალაში საკუთარი მონასტერი აქვს, მაგრამ
ჩემთან, როგორც წესი, თვითონ მოდის. ოფიციალურ
შეხვედრებსა და დღესასწაულებზე კუტენი ძალიან უცნაურად
არის მორთული. რამდენიმე ფენა ტანსაცმლის ზემოდან
ძვირფასი აბრეშუმის ოქროსფერი სამოსი აცვია, რომელიც
ძველებური ორნამენტებით წითლად, ლურჯად, მწვანედ და
ყვითლად არის მოხატული. გულზე მრგვალი სარკე ჰკიდია,
რომლის ჩარჩოში ფირუზისა და ამეთვისტოს თვლებია
ჩასმული. მის პრიალა ზედაპირზე სანსკრისტზე დაწერილი
მანტრა ბრწყინავს, რომელიც წარმოადგენს მიმართვას დორჯე
დრაკდენისადმი.[34] ცერემონიის დაწყებამდე ის რაღაც
აღკაზმულობის მსგავსსაც შემოირტყამს, რომელზეც

262
დამაგრებულია ოთხი ალამი და სამი დიდი გამარჯვების
დროშა. ყველაფერი ეს ერთად სამოცდაათ ფუნტზე მეტს
იწონის და მედიუმს ტრანსის დროს მოძრაობა უჭირს.
ცერემონია იწყება მოწოდებებითა და ლოცვებით, რომლებიც
წამღერებით წარმოითქმება. მათ ერთვის საყვირების,
თეფშებისა და დოლის ხმა. ცოტა ხნის შემდეგ კუტენი
ტრანსში ვარდება. იქამდე ის სპეციალურ თანაშემწეებს
უჭირავთ, რომლებიც აქეთ-იქიდან უდგანან, პატარა
ძელსკამთან მიჰყავთ და ზედ სვამენ. ეს ძელსკამი ჩემი სამეფო
ტახტის წინ დგას. ლოცვების პირველ ციკლს მეორე მოსდევს,
რომლის დროსაც ორაკულის ტრანსი ღრმავდება. ამ დროს
კუტენს უზარმაზარ ჩაფხუტს ახურავენ, რომელიც
დაახლოებით 30 ფუნტის სიმძიმისაა. ძველად ის 80 ფუნტზე
მეტს იწონიდა.
კუტენის სახე საოცარ გარდასახვას განიცდის; თავიდან
მთლად შეშლილის გამომეტყველებას იღებს, მერე თითქოს
სივდება და ორაკული უცნაური შესახედავია - თვალები
გადმოცვენაზე აქვს, ლოყები გამობერილი. სუნთქვას,
რომელიც თანდათან უხშირდება, ხანდახან სტვენაც ახლავს.
მერე სუნთქვა საერთოდ წყდება. ამ მომენტში ჩაფხუტის
შესაკრავი ყელზე ისე მჭიდროდ ეჭირება, ლამის დაახრჩოს.
ყველას თვალწინ ხდება ერთი შეხედვით სრულიად
არარეალური რამ: საბოლოოდ დორჯე დრაკდენი მთლიანად
შედის მედიუმში და კუტენის სხეული თვალსა და ხელს შუა
იზრდება.
შემდეგ კუტენი პირველ ნახტომს აკეთებს, თავის ერთ-ერთ
თანაშემწეს რიტუალურ მახვილს გამოსტაცებს და ნელა
იწყებს ცეკვას. მისი სახე ერთდროულად გამოხატავს
სიამოვნებასაც და მუქარასაც. მერე ჩემ წინ გაჩერდება და ან
ძირს განერთხმება, ან მდაბლად დამიკრავს თავს, ისე, რომ
ჩაფხუტით იატაკს ეხება. ღვთაების შმაგი ენერგია კუტენის
მიწიერ სხეულში ძლივს ეტევა, რომელიც ისე მოძრაობს,
თითქოს რეზინის იყოს და უზარმაზარი ძალის მოჭიმული
ზამბარის მეშვეობით მოქმედებდეს.
როცა ნეჩუნგს რიტუალური ძღვენი მოაქვს ჩემთვის, მე
კითხვებს ვუსვამ. ის მპასუხობს, თავის ძელსკამს უბრუნდება
და მთავრობის წევრების კითხვებს ისმენს. სანამ მათ პასუხს
გასცემდეს, ისევ იწყებს ცეკვას და თან მახვილს თავს ზემოთ

263
იქნევს. ის უძველესი დროის დიდებულ, სასტიკ
მხედარმთავარს ჰგავს.
როგორც კი დორჯე დრაკდენი ლაპარაკს ამთავრებს, კუტენს
ბოლო ძღვენი მოაქვს ჩემთან და გაშეშებული, თითქოს
უსულოდ ვარდება ძირს, რაც იმის ნიშანია, რომ დორჯე
დრაკდენმა მისი სხეული დატოვა. თანაშემწეები სასწრაფოდ
უხსნიან ჩაფხუტის შესაკრავს და გაჰყავთ, რომ გონს მოვიდეს.
ამ დროს კი ცერემონია გრძელდება.
რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, კითხვებზე ორაკულის
მიერ გაცემული პასუხები იშვიათადაა ბუნდოვანი,
ორაზროვანი. როგორც მაშინ, ლჰასიდან ჩემი გამოქცევის ჟამს,
მისი ნათქვამი ძალიან ხშირად მართლდება, მაგრამ, ჩემი
აზრით, მისი წინასწარმეტყველებათა ჭეშმარიტების დადგენა
ან უარყოფა ნებისმიერ მეცნიერულ კვლევას გაუჭირდებოდა.
იგივე შეიძლება ითქვას ტიბეტური სამყაროს სხვა
სფეროებზეც, მაგალითად, „ტულკუს“ საკითხზე. თუმცა იმედი
მაქვს, ოდესმე ამ ფენომენსაც გამოიკვლევენ.
სინამდვილეში „ტულკუს“ ამოცნობის ტრადიციაში იმაზე მეტი
ლოგიკაა, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.
თუ რეინკარნაციის მიმართ ბუდისტების რწმენას მივიღებთ,
როგორც ფაქტს, თავისთავად იგულისხმება, რომ შეუძლებელი
არაფერია იმაში, გარდასახვის ცალკეულ შემთხვევას
თვალყური მივადევნოთ (აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი
მნიშვნელოვანი გარემოება - რეინკარნაციის მიზანია, ადამიანს
შესაძლებლობა მისცეს, გააგრძელოს ზრუნვა ყველა ტანჯული
არსების მდგომარეობის შესამსუბუქებლად). „ამოცნობა“
ტულკუს საშუალებას მისცემს, მიიღოს განათლება და
სამყაროში ის ადგილი დაიმკვიდროს, რომელიც თავისი
სამუშაოს სწრაფად გაგრძელებაში დაეხმარება.
რასაკვირველია, „ამოცნობის“ პროცედურაში შეიძლება
შეცდომაც იქნეს დაშვებული, მაგრამ ტულკუთა უმეტესობის
ცხოვრების მაგალითი (მოცემული ეტაპისთვის მათგან
რამდენიმე ასეული არსებობს, როცა ჩინეთის მიერ ტიბეტის
დაპყრობამდე მათი რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევდა) ამ
„მეთოდის“ ეფექტიანობის ნათელი დადასტურებაა.
როგორც აღვნიშნე, რეინკარნაციის მიზანი იმაში მდგომარეობს,
რომ ხელი შეუწყოს ადამიანს, კვლავაც მონდომებით

264
გააგრძელოს საქმიანობა სხვების საკეთილდღეოდ. ამ
გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე ცალკეული
პიროვნების მემკვიდრის ძებნას ეხება. მაგალითად, ჩემი
ძალიხმევა მიმართულია ყველა ცოცხალი არსების, კერძოდ,
ჩემი თანამემამულეების დასახმარებლად. ამიტომ, თუკი
იქამდე მოვკვდები, სანამ ტიბეტელები თავისუფლებას
მოიპოვებენ, სრულიად ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ჩემი
რეინკარნაცია ტიბეტის ფარგლებს გარეთ განხორციელდეს. რა
თქმა უნდა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ იმ დროისთვის ჩემს
თანამემამულეებს დალაი ლამა სულაც აღარ დასჭირდეთ; ამ
შემთხვევაში ისინი აღარ მომძებნიან. ასე რომ, მე შეიძლება
მწერად ან ცხოველად გარდავისახო, ანუ ნებისმიერ არსებად,
რომელიც უფრო საჭირო იქნება დედამიწაზე ცოცხალ არსებათა
მაქსიმალური რაოდენობისთვის.
„ამოცნობის“ პროცესის ჩატარების საშუალებები გაცილებით
ნაკლებად იდუმალია, ვიდრე ეს შეიძლება ვივარაუდოთ. ის
იწყება, როგორც მარტივი პროცედურა, რომელსაც გამორიცხვის
მეთოდი უდევს საფუძვლად. მაგალითად, ჩვენ კონკრეტული
ბერის გარდასახვას ვეძებთ. პირველად უნდა დავადგინოთ,
როდის და სად გარდაიცვალა ეს ბერი. შემდეგ, იმის
გათვალისწინებით, რომ ახალი სიცოცხლე წინამორბედის
გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ისახება
(დროის ამ მონაკვეთის შესახებ გამოცდილებით ვიცით),
თანდათანობით იკვეთება მისი დაბადების თარიღი. ასე რომ,
თუ ლამა იქსი იგრეკ წელს გარდაიცვალა, მისი მომდევნო
რეინკარნაცია, სავარაუდოდ, 18-24 თვის შემდეგ
განხორციელდება. იგრეკ+5 წელს ბავშვი დაახლოებით 3-4
წლის იქნება - დროისმიერი საძიებო არეალი თანდათან
პატარავდება.
შემდეგ დადგინდეს გარდასახვის უფრო სავარაუდო ადგილი.
ჩვეულებრივ, ეს საკმაოდ ადვილია. უპირველესად, ვარკვევთ,
ტიბეტში უნდა ვეძებოთ თუ მის ფარგლებს გარეთ. თუ
ტიბეტში არაა, მაშინ, სავარაუდოდ, ადგილების რიცხვი,
გარკვეულწილად, განსაზღვრულია - მაგალითად, ტიბეტური
თემები ინდოეთში, ნეპალსა და შვეიცარიაში. ამის შემდეგ
ვადგენთ ქალაქს, სადაც შეიძლება ბავშვი იყოს დაბადებული,
რის დროსაც ვითვალისწინებთ წინამორბედის ცხოვრების
დეტლებს.

265
როცა ვარიანტების რიცხვი თანდათანობით მცირდება და
პარამეტრებიც, ასე თუ ისე, დადგენილია, მომდევნო ეტაპზე
საძიებო ჯგუფის შემადგენლობის შერჩევა უნდა დაიწყოს. ეს
არ ნიშნავს, თითქოს ეს ადამიანები რაღაც დამარხული განძის
საძებნელად იგზავნებოდნენ. ჩვეულებრივ, საკმარისია, ამა თუ
იმ თემის წარმომადგენლებს ჰკითხონ, სმენიათ თუ არა მათ 3-
4 წლის ბავშვზე, რომელიც შეიძლება კანდიდატი იყოს. ხშირად
ჯგუფის წევრები ისეთ სასარგებლო ინფორმაციას მოიპოვებენ,
როგორიცაა, მაგალითად, უჩვეულო მოვლენები ბავშვის
დაბადებისას; შესაძლოა, თავად ბავშვს აღმოაჩნდეს
განსაკუთრებული ნიშნები.
ხანდახან ამ სტადიაში ორი-სამი, ან მეტი ვარიანტი გვაქვს.
არის შემთხვევები, როცა წინამორბედი დაწვრილებით
ინფორმაციას ტოვებს და ასახელებს თავისი მემკვიდრისა და
მისი მშობლების ვინაობასაც კი. მაგრამ ეს იშვიათად ხდება.
ზოგჯერ ბერის მოწაფეებმა შეიძლება ნახონ ხილვები,
ჩვენებები იმის შესახებ, თუ სად ეძებონ მემკვიდრე.
მაგალითად, ერთმა მაღალმა ლამამ სიკვდილის წინ დაიბარა,
მისი ხელახალი განსხეულების ძებნაზე დროს ნუ
დაკარგავდნენ, მემკვიდრედ ეღიარებინათ ნებისმიერი, ვინც
უფრო სასარგებლო იქნებოდა ბუდას დჰარმისთვის და თემსაც
გამოადგებოდა. მოკლედ, ამ სფეროში მკაცრი და მტკიცედ
დადგენილი წესები არ არსებობს.
როცა კანდიდატი რამდენიმე ბავშვი ხდება, როგორც წესი, ის
ადამიანი, რომელიც წინამორბედს კარგად იცნობდა, ბოლო
გამოცდას ატარებს. ხშირად რომელიმე ბავშვი ამ ადამიანს
ცნობს, რაც უცილობელი მტკიცებულებაა. ზოგჯერ
მხედველობაში მიიღება ნიშნები სხეულზე.
ზოგ შემთხვევაში ამოცნობის პროცესში რჩევას ერთ-ერთ
ორაკულს ან ნათელხილვის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს
ეკითხებიან. ეს უკანასკნელნი სხვადასხვა მეთოდს
მიმართავენ, რომელთაგან ერთ-ერთი არის „ტა“. იგი
გულისხმობს შემდეგს: ნათელმხილველი იხედება სარკეში,
რომელშიც ხედავს რეალურად არსებულ ბავშვს, შენობას ან
დაწერილ სახელს. ამ მეთოდს, რომელსაც მე „ძველი დროის
ტელევიზიას“ ვეძახი, უკავშირდება ისეთივე ხილვები, ტბა
ლჰამო ლაცოზე რომ ნახულობდნენ; სადაც რეტინგ რინპოჩემ
ჩემი ძებნისას დაინახა ასო-ბგერები: ახ, კა და მა, ასევე

266
მონასტრის ხედი და სახლი.
ზოგჯერ მე მთხოვენ, მივუთითო, თუ რა მიმართულებით
წარიმართოს ძიება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა
მეკისრება, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, სწორად არის
თუ არა შერჩეული ესა თუ ის კანდიდატი. უნდა აღვნიშნო, რომ
ნათელხილვის უნარი არ მაქვს - არც დრო მქონდა, არც
შესაძლებლობა, მის განვითარებაზე მემუშავა. თუმცა
საფუძველი მაქვს, მჯეროდეს, რომ მეცამეტე დალაი ლამა ამ
სფეროში გარკვეულ ნიჭს ფლობდა.
იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ ვაკეთებ არჩევანს, ჩემი
უფროსი მასწავლებლის, ლინგ რინპოჩეს ამბავს მოგიყვებით.
ამ ადამიანს ყოველთვის დიდი პატივისცემით ვეკიდებოდი,
თუმცა, პატარა რომ ვიყავი, მისი მსახურის გამოჩენაზეც კი
ვთრთოდი; ხოლო როცა ნაცნობი ნაბიჯების ხმა მესმოდა,
შიშით გული მიფანცქალებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში
დავაფასე იგი, როგორც ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი.
როცა ლინგ რინპოჩე გარდაიცვალა, მივხვდი, რომ მის გარეშე
ცხოვრება გამიჭირდებოდა. იგი ქვის კედელივით იყო ჩემთვის.
1983 წლის ზაფხულის ბოლოს შვეიცარიაში ვიყავი, როცა მისი
საბედისწერო ავადმყოფობის შესახებ შევიტყვე. ლინგ
რინპოჩეს ჩაქცევა დაემართა და პარალიზებული იყო. ამ ამბავმა
ძალიან შემაშფოთა, როგორც ბუდისტმა, ვიცოდი, რომ
მწუხარებას აზრი არა აქვს. რაც შეიძლება, სწრაფად
დავბრუნდი დჰარამსალაში; ცოცხალს მივუსწარი, მაგრამ
ფიზიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თუმცა გონება ისეთივე ნათელი ჰქონდა, როგორც ყოველთვის,
იმის წყალობით, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე დიდ
დროს უთმობდა ფსიქიკის ვარჯიშსა და წვრთნას. ის
რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოკეთებულა, შემდეგ კი
მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ის კომაში ჩავარდა,
რომლიდანაც უკვე ვეღარ გამოვიდა, და 1983 წლის 25
დეკემბერს გარდაიცვალა. თითქოს იმას, რომ ლინგ რინპოჩე
დიდი ადამიანი იყო, კიდევ სხვა მტკიცებულება სჭირდებოდა,
მისი სხეული სიკვდილიდან ოცდაათი დღის განმავლობაში არ
გახრწნილა (მიუხედავად ცხელი კლიმატისა). გეგონებოდა, მის
სულს სხეული ჯერ კიდევ არ დაუტოვებიაო.
როცა მისი სიცოცხლის ბოლო თვეებსა და დღეებს ვიხსენებ,
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლინგ რინპოჩეს

267
ავადმყოფობას, რომელიც დიდხანს გაგრძელდა, ღრმა აზრი
ჰქონდა - ამ დროის განმავლობაში მე თანდათან მის გარეშე
ცხოვრება უნდა მესწავლა. თუმცა ეს მხოლოდ ამბის ნახევარია.
რაკი ტიბეტელებზე ვსაუბრობთ, ამბავი კარგად მთავრდება.
ლინგ რინპოჩეს გარდასახული სული უკვე ნაპოვნია. იგი
ცოცხალი, საზრიანი და ცელქი სამი წლის ბიჭია. ეს ამოცნობა იმ
კატეგორიას მიეკუთვნება, როცა თავად ბავშვი აშკარად ცნობს
საძიებო ჯგუფის წევრს. თუმცა ის სულ რაღაც წლინახევრის
იყო, ამ ადამიანს სახელით მიმართა და გაღიმებული პირდაპირ
მისკენ წავიდა. შემდეგ ასევე იცნო თავისი წინამორბედის სხვა
ახლობლებიც.
როცა ეს ბავშვი პირველად ვნახე, ეჭვი არ შემპარვია, რომ ის
სწორად ამოიცნეს. თავი ისე ეჭირა, რომ ცხადი იყო, მეც
მიცნობდა. ბიჭუნას დიდი პატივისცემით დავუხვდით. პატარა
ლინგ რინპოჩეს შოკოლადის დიდი ფილა გავუწოდე. მან
აუღელვებელი სახით გამომართვა და თავი დახარა. სანამ ჩემ
წინაშე იდგა, თავი არ აუწევია, შოკოლადი კი ისევ
გამოწვდილი ორივე ხელით ეჭირა. არა მგონია, რომელიმე სხვა
ბავშვს თავი შეეკავებინა, რომ სასუსნავი არ გაესინჯა და ასეთ
ოფიციალურ პოზაში მდგარიყო. შემდეგ ეს ბიჭი ჩემს
რეზიდენციაში მივიღე. როცა ის კარებთან მოიყვანეს, ზუსტად
თავისი წინამორბედივით იქცეოდა. ცხადი იყო, ირგვლივ
ყველაფერი ახსოვდა. გარდა ამისა, როცა ჩემს სამუშაო
კაბინეტში შემოვიდა, მივხვდით, რომ კარგად იცნობდა ჩემს
თანაშემწეს, რომელმაც ფეხი მოიტეხა და ამჟამად
მკურნალობდა. პატარა მასთან სერიოზული
გამომეტყველებით მივიდა და „კატა“ (შარფი) აჩუქა, მერე კი
სიცილ-კისკისით გამოსტაცა ყავარჯენი ლობსან გავას,
ფლაგშტოკივით დაიჭირა ხელში და სირბილით ურტყამდა
წრეებს.
ეს ბავშვი ორი წლის ასაკში ბოდჰ-გაიაში წაიყვანეს, სადაც
უნდა მექადაგა. ბიჭმა იპოვა ჩემი საძინებელი, თუმცა არავის
მიუსწავლებია მისი ადგილმდებარეობა. კიბის საფეხურზე
ოთხით აფორთხდა და „კატა“ ჩემს საწოლზე დადო. ახლა
პატარა ლინგ რინპოჩე უკვე ზეპირად წარმოთქვამს წმინდა
ტექსტებს. როცა კითხვას დაიწყებს, ცხადი გახდება, ჰგავს თუ
არა ის ბევრ ნორჩ ტულკუს, რომლებიც საოცარი სისწრაფით
იმახსოვრებენ ტექსტებს. ვიცი ბავშვები, რომლებსაც
რამდენიმე გვერდის დეკლამირება შეუძლიათ.

268
უდავოდ, ამოცნობის პროცესში არის იდუმალების ელემენტი,
მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ, როგორც ბუდისტს, მჯერა - მაოს,
ლინკოლნისა თუ ჩერჩილის მსგავსი ადამიანები ამქვეყნად
„შემთხვევით“ არ გაჩენილან.
ტიბეტელების მიერ საუკუნეების მანძილზე დაგროვებული
გამოცდილების სფერო, რომლის მეცნიერული მეთოდებით
კვლევას მთელი გულით ვისურვებდი, არის ტიბეტური
მედიცინის სისტემა. ის ორი ათასწლეულის წინ წარმოიშვა.
მისი ფესვები სხვადასხვა ადგილას უნდა ვეძიოთ, უმეტესად
ძველ ირანში, თუმცა სადღეისოდ მისი პრინციპები მთლიანად
ბუდისტურია. ეს მას დასავლური მედიცინის სისტემისგან
სრულიად განსხვავებულ ხასიათს სძენს. მაგალითად,
ტიბეტური მედიცინა მიიჩნევს, რომ ავადმყოფობათა ძირეული
მიზეზებია: უცოდინრობა, ვნება და სიძულვილი. მის
თანახმად, სხეულს სამი მთავარი „ნოპა“ განაგებს, რაც
სიტყვასიტყვით ნიშნავს „ზიანის მომტანს“, მაგრამ უფრო
ხშირად მას თარგმნიან, როგორც „სხეულის სითხეს“. ეს „ნოპა“
ყველა ორგანიზმშია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი მთლიანად
არასოდეს თავისუფლდება ავადმყოფობისაგან, ყოველ
შემთხვევაში, მისი გაჩენის პოტენციური შესაძლებლობისგან.
როცა სამი „ნოპა“ ერთმანეთის მიმართ წონასწორობას
ინარჩუნებს, სხეული ჯანმრთელია. წონასწორობის დარღვევა,
რომელსაც ერთი ან რამდენიმე ძირეული მიზეზი იწვევს,
მჟღავნდება, როგორც ავადმყოფობა. ჩვეულებრივ, დიაგნოზს
სვამენ პაციენტის პულსის ხელით გასინჯვით და მის შარდზე
დაკვირვებით. არსებობს თორმეტი ძირითადი წერტილი
ხელებსა და მაჯებზე, სადაც პულსი ისინჯება. სხვადასხვა
ნიშან-თვისებების მიხედვით (როგორებიცაა ფერი, სუნი და
ა.შ.) შეაფასებენ შარდსაც.
რაც შეეხება მკურნალობას, მისი მეთოდები ოთხ კატეგორიად
იყოფა: პირველი მოიცავს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დიეტას;
მეორე - წამლებს; მესამე არის აკუპუნქტურა და მოწვა; მეოთხე
- ქირურგია. წამლებს ორგანული ნივთიერებებისგან
ამზადებენ; ზოგჯერ კი მათ მეტალების ჟანგსა და მინერალებს
უმატებენ (მაგალითად, დაფქულ ალმასს).
დღემდე არც ისე ბევრი კლინიკური კვლევა არ ჩატარებულა,
რომ მედიცინის ტიბეტური სისტემა შეეფასებინათ, თუმცა
ჩემი ყოფილი ექიმი, დოქტორი ეშე დჰონდენი აშშ-ში,

269
ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტის ბევრ ლაბორატორიულ
ექსპერიმენტში ღებულობდა მონაწილეობას. როგორც ვიცი,
თეთრი თაგვების კიბოს მკურნალობისას საოცრად კარგ
შედეგებს მიაღწია. მაგრამ საბოლოო დასკვნების გამოტანამდე
კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. მხოლოდ ის შემიძლია
ვთქვა, რაც საკუთარი გამოცდილებით ვიცი - ტიბეტურ
მედიცინას უდიდესი ეფექტის მოტანა შეუძლია. მე
რეგულარულად მივმართავ მას არა მარტო მკურნალობის,
არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც. აღმოვაჩინე, რომ ის
გეხმარება ორგანიზმის გაკაჟებაში, გვერდითი მოვლენები კი
არა აქვს. მიუხედავად ხანგრძლივი სამუშაო დღისა და
ჭვრეტის ინტენსიური პერიოდებისა, თითქმის არასოდეს
ვგრძნობ დაღლილობას.
არსებობს კიდევ ერთი სფერო, სადაც, ჩემი აზრით, შეიძლება
შედგეს დიალოგი თანამედროვე მეცნიერებასა და ტიბეტურ
კულტურას შორის. იგი უფრო თეორიას მიეკუთვნება, ვიდრე
ექსპერიმენტულ ცოდნას. ზოგიერთ უკანასკნელ აღმოჩენას
ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში აშკარად მივყავართ
ცნობიერებისა და მატერიის განუყოფლობის იდეამდე.
მაგალითად, აღმოაჩინეს, რომ, თუ ვაკუუმს შევკუმშავთ (ანუ,
შეიძლება ითქვას, ცარიელ სივრცეს), იქ ჩნდება ნაწილაკები,
რომლებიც ადრე არ იყო: ნივთიერება, აშკარაა, გარკვეული
სახით ყოველთვის არსებობს ბუნებაში. ამ აღმოჩენებმა
შეიძლება გვაპოვნინოს შეხების წერტილი მეცნიერებასა და
მადჰიამიკის ბუდისტურ თეორიასთან სიცარიელის შესახებ.
არსებითად, ეს თეორია ამტკიცებს, რომ ცნობიერება და
მატერია ცალ-ცალკე არსებობს, მაგრამ ერთმანეთზე არიან
დამოკიდებული.
თუმცა კარგად მესმის, თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს
რომელიმე მეცნიერულ სისტემაზე სასულიერო ცოდნის მიბმა.
ბუდიზმის ჩასახვიდან 2 500 წელი გავიდა და ის დღესაც
შეესაბამება დასახულ ამოცანებს. მეცნიერული აღმოჩენები,
დებულებები, თეორიები კი შეფარდებითია და ზოგჯერ
დღემოკლეც კი. იმის თქმა სულაც არ მინდა, რომ ორაკულის
წინასწარმეტყველებანი და ბერების უნარი, ღამეები ყინვაში
გაატარონ, ჯადოქრობის ძალის დადასტურებად მიმაჩნია.
მაგრამ ვერ დავეთანხმები ჩვენს ჩინელ ძმებსა და დებს,
რომლებიც ტიბეტელების მიერ ამგვარი მოვლენების აღიარებას
ჩვენს ჩამორჩენილობასა და ბარბაროსობას მიაწერენ.

270
უმკაცრესი მეცნიერული პოზიციიდანაც რომ განვიხილოთ, ეს
არაობიექტური დამოკიდებულებაა.
ამავე დროს, რაიმე პრინციპის მიგნება არ ნიშნავს, რომ
ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, უპირობოდ უნდა მივიღოთ.
ასევე არასწორი იქნებოდა, განურჩევლად, მონურად
გაგვეტარებინა ცხოვრებაში მარქსისა და ლენინის ყველა იდეა,
მაშინ, როცა ფაქტები კომუნისტური სისტემის
არასრულყოფილებას ამტკიცებს. ყოველთვის სიფხიზლე და
ყურადღება გვმართებს, როცა საქმე ისეთ სფეროებს ეხება,
რომლებსაც არც ისე კარგად ვიცნობთ. აქ, რა თქმა უნდა,
მეცნიერება დაგვეხმარება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ის
გვგონია იდუმალი, რასაც ვერ ვიგებთ.
გამოკვლევების შედეგები (რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდი)
დღემდე სასარგებლოა ორივე მხარისთვის. მაგრამ მე ვხვდები,
რომ ისინი სარწმუნოა იმდენად, რამდენადაც ზუსტია ის
ექსპერიმენტები, რომლებსაც ვატარებთ ამ შედეგების
მისაღებად. გარდა ამისა, ვიცი: თუ რაღაც ნაპოვნი არაა, ეს არ
ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. ეს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ
მოცემულმა ექსპერიმენტმა ის ვერ აღმოაჩინა (თუ ჯიბეში
მაქვს საგანი, რომელიც მეტალის არ არის და მას მაგნიტით ვერ
ამოვიღებ, ეს არ ნიშნავს, რომ ჯიბე ცარიელი მაქვს). ამიტომ
კვლევები გულდასმით უნდა ჩავატაროთ, განსაკუთრებით
მაშინ, როცა საქმე ისეთ სფეროსთან გვაქვს, სადაც დიდი
მეცნიერული გამოცდილება არ არსებობს. მაგალითად,
მეცნიერული გამოკვლევა ვერ ამოიცნობს ჩემს აზრებს, მაგრამ
ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობს. თუმცა არც იმის თქმა
შეიძლება, რომ კვლევის სხვა მეთოდები მათთან
დაკავშირებით რაიმე ახალს ვერ აღმოაჩენს. აი, აქ კი დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ტიბეტურ ცოდნას. ფსიქიკის წვრთნის
წყალობით ვავითარებთ მეთოდებს ისეთი უნარ-ჩვევების
დასახვეწად, რომელთა ადეკვატურად ახსნა მეცნიერებას ჯერ
კიდევ არ შეუძლია. აი, ეს არის ტიბეტური ბუდიზმის ე.წ.
„მაგიისა“ და „საიდუმლოებების“ საფუძველი.

ახალი ამბები ტიბეტიდან


1959 წლის დასაწყისში, როცა დაძაბულობის დონე საბოლოოდ

271
კატასტროფას მიუახლოვდა, შევიტყვე, რომ ჩინეთის სახალხო-
განმათავისუფლებელმა არმიამ თავმჯდომარე მაოს
მემორანდუმი გაუგზავნა. მასში აღნიშნული იყო: ტიბეტელები
უკმაყოფილო იყვნენ, რომ ჩინელი ჯარისკაცები ისევ
იმყოფებოდნენ მათ ქვეყანაში; მეტიც, დაუმორჩილებლობის
შემთხვევები ისე მომრავლდა, რომ ციხეები გადავსებული იყო.
მაომ, როგორც ჩანს, უპასუხა, რომ ამას მოევლებოდა.
ტიბეტელების გრძნობები სათვალავში ჩასაგდები არ იყო. რაც
შეეხება დაუმორჩილებლობას, ხელისუფლება მზად იყო, თუ
საჭირო გახდებოდა, მთელი მოსახლეობა ჩაესვა ციხეში.
შესაბამისად, ამისთვის ადგილი უნდა მოემზადებინა. მახსოვს,
ამის გაგონებაზე თავზარი დამეცა. რამხელა კონტრასტი იყო
ძველ დროსთან, როცა ლჰასაში ყოველ პატიმარს სახეზე
ვცნობდი და თითოეული ჩემს მეგობრად მიმაჩნდა!
მეორე ამბავი, რომელიც დაახლოებით ამ ხანებში მოვისმინე,
ეხებოდა მაოს რეაქციას ანგარიშზე, რომელიც მას მარტის
აჯანყების შემდეგ გაუგზავნეს. თავმჯდომარეს მოახსენეს,
რომ წესრიგი ქვეყანაში უკვე აღდგენილი იყო. „როგორაა
დალაი ლამა?“ - როგორც ამბობენ, უკითხავს მას. როცა
უპასუხეს, რომ მე ტიბეტიდან გავიქეცი, უთქვამს: „მაშინ
ბრძოლა წაგვიგია“. ამის შემდეგ მთელ ინფორმაციას „დიდი
მესაჭის“ შესახებ გაზეთებიდან და BBC-ის „ახალი ამბებიდან“
ვიგებდი. პეკინთან არც მე და არც ტიბეტის დევნილ
მთავრობას მაოს სიკვდილამდე, 1976 სექტემბრამდე,
არავითარი კონტაქტი არ გვქონდა.
იმ დროს ლადაქში ვიმყოფებოდი, სადაც კალაჩაკრას შესახებ
უნდა მექადაგა. ლადაქი მდებარეობს ჩრდილოეთ ინდოეთის
შორეულ შტატში, ჯამუ ვალაში. მესამე დღეს მთელი დილა
წვიმდა, მაგრამ დღისით ცაზე უმშვენიერესი ცისარტყელა
გადაიჭიმა, რომლის მსგავსი არასოდეს მინახავს. ვირწმუნე,
რომ ეს სასიკეთო ნიშანი იყო, თუმცა მოვლენათა ისეთ
დრამატულ განვითარებას არ ველოდი, შემდეგ პეკინში რომ
დატრიალდა. მაოს სიკვდილისთანავე დააპატიმრეს „ოთხთა
ბანდა“, რომელსაც მაოს ცოლი, ცზიან ცინი მეთაურობდა. მალე
ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ქვეყანას რამდენიმე წლის
განმავლობაში თავმჯდომარე კი არა, ეს ოთხეული მართავდა,
უსასტიკეს პოლიტიკას ატარებდა და კულტურული
რევოლუციის გაგრძელებას მხარს უჭერდა.

272
1977 წელს ლი სიანიანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
იმდროინდელმა პრეზიდენტმა, როგორც იუწყებოდნენ, აღიარა,
რომ კულტურულ რევოლუციას ბევრი სასიკეთო შედეგიც
ჰქონდა, მაგრამ, ამავე დროს, ქვეყანას გარკვეული ზარალიც
მიაყენა. ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ჩინეთის
ხელმძღვანელობამ თვალი გაუსწორა რეალობას. ამას მოჰყვა
შემრიგებლური განცხადება ტიბეტთან დაკავშირებით - იმავე
წლის აპრილში ნგაბო ნგავანგ ჯიგმემ (იმ დროისთვის მას
პეკინის ადმინისტრაციაში დიდი თანამდებობა ეკავა)
სახალხოდ განაცხადა, რომ ჩინეთი მიესალმებოდა „ინდოეთში
გაქცეული დალაი ლამასა და მისი მომხრეების დაბრუნებას
ჩინეთში“. 1988 წლიდან მოყოლებული, ჩინელები ყველას, ვინც
ტიბეტი დატოვა, მოუწოდებდნენ, დაბრუნებულიყვნენ;
ჰპირდებოდნენ, რომ მათ სიხარულით მიიღებდნენ.
ამ განცხადებამ სათავე დაუდო ინტენსიურ პროპაგანდისტულ
კამპანიას, რომლის მიზანი იყო, ტიბეტელები ეცდუნებინათ.
უფრო და უფრო ხშირად გვესმოდა „ჯერ არნახული
ბედნიერების შესახებ დღევანდელ ტიბეტში“. ძალიან მალე
მაოს თანამდებობაზე დანიშნულმა ჰუა გოფენმა მოუწოდა
ტიბეტის წეს-ჩვეულებების სრულად აღდგენისკენ; პირველად
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხნიერ ადამიანებს ჯოკჰანგის
ტაძრის ირგვლივ შემოვლის ნება დართეს. ტიბეტელებს უკვე
შეეძლოთ, ნაციონალური ტანსაცმელი ეტარებინათ. ყოველივე
ეს იმედს გვისახავდა.
1978 წლის 25 თებერვალს, ჩემდა გასახარად და გასაკვირად,
თითქმის ათი წლის პატიმრობის შემდეგ ციხიდან
გაათავისუფლეს პანჩენ ლამა. მალე ჰუ იაობანმა, ჩინეთის
კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ, გადახედა
კულტურული რევოლუციის პრეზიდენტ ლი სიანისეულ
ოფიციალურ შეფასებას და განაცხადა, რომ კულტურული
რევოლუცია მთლიანად უარყოფითი ხასიათის მოვლენა იყო;
რომ ამ ექსპერიმენტს ჩინეთისთვის არავითარი სარგებლობა არ
მოუტანია.
ეს კი მართლაც ნამდვილად ოპტიმისტურ განწყობის
საფუძველს იძლეოდა, მაგრამ მაინც მივიჩნევდი, რომ თუკი
ჩინელებმა მართლაც ძირფესვიანად შეიცვალეს
შეხედულებები, ამას ტიბეტის მიმართ მათი ჭეშმარიტად
გულწრფელი დამოკიდებულება დაადასტურებდა. ამიტომ 10

273
მარტს ჩემს გამოსვლაში (რომელიც ტიბეტელი ხალხის
ეროვნული აჯანყების მეცხრამეტე წლისთავს ეძღვნებოდა)
ჩინეთის ხელისუფალთ მოვუწოდე, უცხოელებისთვის
ტიბეტში შესვლის შეუზღუდავი უფლება მიეცათ. ასევე
წამოვაყენე წინადადება, ნება დაერთოთ ოკუპირებულ
ტიბეტში მცხოვრებთათვის, მოენახულებინათ დევნილობაში
მყოფი თავიანთი ოჯახები; იმავე უფლებით უნდა ესარგებლათ
დევნილებსაც. თუკი ექვსი მილიონი ტიბეტელი მართლა
ბედნიერად გრძნობდა თავს და ქვეყანამ არნახულ
წარმატებებს მიაღწია, რაშიც ამჟამად გვარწმუნებდნენ, ჩვენ
საწინააღმდეგოს მტკიცების საფუძველი აღარ გვექნებოდა.
მაგრამ უნდა გაგვეგო, რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს
მათი განცხადებები.
გასაკვირი იყო, მაგრამ ჩემი წინადადებები გაითვალისწინეს.
ცოტა ხნის შემდეგ პირველ უცხოელ სტუმრებს ტიბეტში
ჩასვლის ნება დართეს. ანგარიში გაუწიეს ჩემს მეორე
შეთავაზებასაც ტიბეტში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები
ტიბეტელებისთვის ერთმანეთის მონახულების უფლების
მიცემასთან დაკავშირებით. თუმცა ამ შემთხვევაში გარკვეული
სახის შეზღუდვები დააწესეს.
ეს დიდი ძვრები ჩინეთში ინდოეთში მომხდარ მნიშვნელოვან
ცვლილებებს დაემთხვა. 1977 წელს ინდირა განდიმ წააგო
არჩევნებში, რომელიც მან საგანგებო მდგომარეობის შემდეგ
დანიშნა. პრემიერის პოსტზე ის ბატონმა მორაჯი დესაიმ
შეცვალა, რომელიც ჯანატა პარტიას[35] ეკუთვნოდა. მან
ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ
პირველად დაამარცხა კონგრესის პარტია.[36] მალე ქალბატონი
განდი ისევ მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ განვლილ
პერიოდში უფრო ახლოს გავიცანი ბატონი დესაი, რომელსაც
პირველად 1956 წელს შევხვდი და შემდეგ მასთან ყოველთვის
გულთბილი დამოკიდებულება მქონდა.
ახლა, როცა ამ წიგნს ვწერ, ის ცოცხალია, თუმცა ძალიან
მოხუცდა. მე მას კვლავ ჩემს ახლო მეგობრად ვთვლი. ის
ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ამ ადამიანს საოცარი იერი
აქვს, რომელშიც შეზავებულია სიმშვიდეც და სიცოცხლის
ხალისიც. იმას კი არ ვამბობ, რომ ნაკლი არა აქვს, მაგრამ მისი
ყოველდღიური ცხოვრება, მაჰათმა განდის მსგავსად,
ასკეტურია. დესაი მკაცრად იცავს ვეგეტარიანულ დიეტას;

274
ალკოჰოლსა და თამბაქოს არც ეკარება. ადამიანებთან
ურთიერთობაში უაღრესად გულწრფელია. ხანდახან
მეჩვენებოდა, ზედმეტად გულწრფელი ხომ არ არის-მეთქი.
თუმცა, თუ ეს ნაკლია, მის კომპენსაციად შეიძლება ტიბეტელი
ხალხის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება ჩავთვალოთ.
ერთხელ მომწერა, ინდური კულტურა და ტიბეტური
კულტურა ბოდჰის ხის სხვადასხვა განშტოება არისო. ეს
აბსოლუტური სიმართლეა. როგორც ადრე აღვნიშნე, კავშირს
ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან ღრმა ფესვები აქვს. ბევრი
ინდოელი ტიბეტს მიწაზე ზეცის განსახიერებად მიიჩნევს,
ღმერთებისა და წმინდა ადგილების ქვეყნად. მორწმუნე
ინდოელებისთვის წმინდა ადგილებად ითვლება მთა კაილაში
ტიბეტის სამხრეთში და ტბა მანასაროვარი[37] სამხრეთ-
დასავლეთში; ტიბეტელები კი ინდოეთს „არიაბჰუმის“ -
სიწმინდეების ქვეყანას ვუწოდებთ.
1978 წლის ბოლოს კვლავ იმედის მომცემი ცვლილებები მოხდა.
ჩინეთის მეთაური დენ სიაოპინი გახდა. ვინაიდან ის უფრო
ზომიერი ფრაქციის ლიდერი გახლდათ, ხელისუფლებაში მისი
მოსვლა მდგომარეობის რეალურ გაუმჯებესებას მოასწავებდა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დენს შეეძლო, ოდესმე დიდი
საქმე გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის. როცა მას 1954-1955
წლებში, ჩინეთში ყოფნისას რამდენჯერმე შევხვდი, ჩემზე
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდხანს არასოდეს
გვისაუბრია, მაგრამ მასზე ბევრი მსმენოდა, კერძოდ, ის, რომ
ეს ადამიანი არა მარტო ნიჭიერი, გამბედავიც იყო.
მახსოვს, როცა უკანასკნელად ვნახე. ის სავარძელში იჯდა,
პატარა, ჩია კაცი, და მეთოდურად, აუჩქარებლად ფცქვნიდა
ფორთოხალს. ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ეტყობოდა,
ყურადღებით უსმენდა სხვებს. დენმა ჩემზე ძლიერი
პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა. ახლა უკვე ცხადია, რომ
ის, ამავე დროს, ერთობ ბრძენი კაცი იყო. მას ეკუთვნის
მრავლისმთქმელი მოკლე გამონათქვამები: „მთავარია,
ფაქტების მიღმა ჭეშმარიტება დაინახო“; „სანამ კატა თაგვებს
იჭერს, მნიშვნელობა არა აქვს, ის შავია თუ თეთრი“; „თუ
მახინჯი სახე გაქვთ, აზრი არა აქვს თვალთმაქცობას, თითქოს
ეს ასე არაა“. გარდა ამისა, იგი დიდ ყურადღებას აქცევდა
ეკონომიკის, განათლების საკითხებს და არა პოლიტიკურ
დოქტრინებსა და ცარიელ ლოზუნგებს.

275
1978 წლის ნოემბერში 33 პატიმარი, რომელთა უმეტესობას ჩემი
ადმინისტრაციის ხანდაზმული წევრები შეადგენდნენ,
საჯაროდ გაათავისუფლეს, რაც ლჰასაში დიდი ზეიმით
აღინიშნა. ეს ადამიანები ე.წ. „მეამბოხეების უკანასკნელი
ლიდერები“ იყვნენ. ჩინეთის გაზეთები აცხადებდნენ, რომ მათ
ერთი თვის განმავლობაში „ახალ ტიბეტს“
დაათვალიერებინებდნენ, შემდეგ დაეხმარებოდნენ სამუშაოს
მოძებნაში და, თუკი მათ სურვილი ექნებოდათ, საზღვარგარეთ
გამგზავრებაში.
მოვლენების უჩვეულო განვითარების ბობოქარი ნაკადი ახალი
წლის დადგომამაც ვერ შეაჩერა. 1979 წლის პირველ
თებერვალს, დღეს, რომელიც აშშ-ის მიერ ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის ოფიციალურად აღიარების წლისთავს დაემთხვა,
ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე პანჩენ ლამა საჯაროდ
პირველად გამოჩნდა და იმ ხალხს შეუერთდა, დალაი ლამასა
და სხვა დევნილებს დაბრუნებისკენ რომ მოუწოდებდნენ.
„თუკი დალაი ლამა გულწრფელად არის დაინტერესებული
თავისი ხალხის ბედნიერებითა და უკეთესი მომავლით, ერთი
წუთითაც არ უნდა დაფიქრდეს, - თქვა მან, - სრული
პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ხალხის ცხოვრების დონე
ტიბეტში ადრინდელზე ბევრად მაღალია, ვიდრე „ძველი
საზოგადოების“ დროს. ერთი კვირის შემდეგ ეს მიწვევა
ლჰასის რადიოთი გაიმეორეს. მას მოჰყვა განცხადება
საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ტიბეტელების
დასახვედრად სპეციალური კომიტეტის შექმნის შესახებ.
ამის შემდეგ ერთი კვირა რომ გავიდა, გიელო ტჰონდუპი
მოულოდნელად ჩამოვიდა კანპურში (უტარ პრადეშის შტატი),
სადაც მონაწილეობას ვიღებდი რელიგიურ კონფერენციაში. მის
ახლო მეგობრებს ჰონკონგში (სადაც ის ახლა ცხოვრობს)
უთქვამთ, რომ „სინხუას“ (ახალი ჩინეთის ახალი ამბების
სააგენტოს, რომელიც ამ ბრიტანულ კოლონიაში
ოფიციალურად წარმოადგენდა ჩინეთს), გიელო ტჰონდუპთან
კონტაქტის დამყარება სურდა. ამის შემდეგ ის დენ სიაოპინის
პირად წარმომადგენელს შეხვედრია, რომელსაც უთქვამს, რომ
ჩინეთის ლიდერს დალაი ლამასთან დაკავშირების სურვილი
ჰქონდა. თავისი კეთილგანწყობის დასტურად, დენი აპირებდა,
გიელო ტჰონდუპი პეკინში სტუმრად მიეწვია.
ამ ჩემთვის სრულიად მოულოდნელმა ამბავმა ძალიან გამაოცა.

276
პასუხის მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა. ბოლო ორი წლის
განმავლობაში მდგომარეობა, აშკარად, ძალიან გაუმჯობესდა,
მაგრამ, როგორც ძველი ინდური ანდაზა ამბობს, „გველნაკბენს
თოკის ეშინოდაო“. სამწუხაროდ, ჩინეთის მთავრობასთან
ურთიერთობის გამოცდილება მკარნახობდა, რომ მისი ნდობა
არ შეიძლებოდა. ამ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები არა
მარტო იტყუებოდნენ, არამედ არც კი რცხვენოდათ, როცა ეს
ტყუილი გამჟღავნდებოდა. კულტურული რევოლუცია, სანამ
ის გრძელდებოდა, გრანდიოზული მიღწევა იყო. ახლა იგი
შეცდომა გახდა და ამას ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის
გარეშე აღიარებდნენ. არავისგან გამეგონა, რომ ამ ადამიანებს
ოდესმე სიტყვა შეესრულებინოთ. „ჩვიდმეტპუნქტიანი
შეთანხმების“ ერთ მუხლში ეწერა, რომ ჩინელები
ტიბეტელების ქონებას თითსაც არ დააკარებდნენ, მაგრამ მათ
მთელი ქვეყანა გაძარცვეს; თავიანთი მხეცური სისასტიკით კი
ადამიანის უფლებების მიმართ სრული უპატივცემულობა
გამოავლინეს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ, შესაძლოა,
მოსახლეობის უზარმაზარი რაოდენობის გამო, ადამიანის
სიცოცხლეს ისინი ისე უყურებდნენ, როგორც იაფფასიან
საქონელს, ხოლო ტიბეტელების სიცოცხლეს მათ თვალში
ჩალის ფასიც კი არ ჰქონდა. ამიტომ უკიდურესი სიფრთხილე
მმართებდა.
მეორე მხრივ, მტკიცედ მწამს, რომ პრობლემების მოგვარება
მხოლოდ ადამიანური ურთიერთობის საშუალებით შეიძლება.
ასე რომ, არ მაწყენდა იმის მოსმენა, თუ რას იტყოდნენ
ჩინელები. ორივე მხარეს შეგვეძლო, ერთმანეთისთვის
საკუთარი შეხედულებები გაგვეზიარებინა. დასამალი არაფერი
გვქონდა. გარდა ამისა, თუ ოფიციალურ პეკინს მართლაც
სერიოზული ზრახვები ამოძრავებდა, ჩვენ შეგვეძლო რეალური
ვითარების დასადგენად ტიბეტში სპეციალური კომისიაც
გაგვეგზავნა.
გავითვალისწინე ყველა ეს მოსაზრება, თანაც ვიცოდი, რომ
სიმართლე 100 პროცენტით ჩვენს მხარეს იყო, ანგარიში
გავუწიე ტიბეტელი მოსახლეობის სურვილსაც და ჩემს ძმას
ვუთხარი, ჩინეთში გამგზავრებულიყო. იმის შემდეგ, რაც
გიელო ტჰონდუპი ჩინეთის ლიდერებს შეხვდებოდა, ჩვენ
მომდევნო ნაბიჯის დაგეგმვას შევძლებდით. ამავე დროს,
ინდოეთში ჩინეთის საელჩოს მეშვეობით პეკინს წერილობითი
თხოვნა გავუგზავნე, ნება დაერთო დჰარამსალაში შექმნილი

277
კომისიისთვის, ტიბეტი მოენახულებინა, რომ იქ სიტუაციაში
გარკვეულიყო და საქმის ვითარება ჩემთვის გაეცნო. ჩემს
ძმასაც ვთხოვე, დაედგინა, რამდენად შესაძლებელი იყო ამის
განხორციელება.
მალე სულ სხვა მხრიდან მომივიდა ახალი ამბავი, რომელმაც
ძალიან ამაღელვა - მიწვევდნენ მონღოლეთის ბუდისტური
თემები და საბჭოთა კავშირი. ვხვდებოდი, რომ ამ
მოგზაურობას შეიძლება ჩემი პეკინელი მეგობრების
უკმაყოფილება გამოეწვია; მეორე მხრივ, როგორც ბუდისტი
ბერი, და, მეტიც, როგორც დალაი ლამა, მივიჩნევდი, რომ
ვალდებული ვიყავი, ჩემი სარწმუნოების ხალხისთვის
მემსახურა. გარდა ამისა, რუსეთის ნახვის ოცნება მაშინ ვერ
ავიხდინე, როცა ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსანი ვიყავი
(რომლის გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებდნენ).
ამიტომ ახლა არ მინდოდა, ხელიდან გამეშვა შესაძლებლობა,
რომ იქ ტიბეტელი ლტოლვილის სტატუსით
გავმგზავრებულიყავი. ამიტომ შემოთავაზებას სიამოვნებით
დავთანხმდი. ამას არავითარი უარყოფითი რეაქცია არ
მოჰყოლია. ხოლო როცა გიელო ტჰონდუპი მარტის ბოლოს
დჰარამსალაში დაბრუნდა, მითხრა, რომ ჩინელებმა მიიღეს
ჩემი წინადადება და ტიბეტში კომისიის გაგზავნის
წინააღმდეგი არ იყვნენ. დელეგაცია აგვისტოში უნდა
გამგზავრებულიყო.
ივნისის დასაწყისში მოსკოვში გავფრინდი. ჩასვლისთანავე
მომეჩვენა, რომ ნაცნობ გარემოში მოვხვდი. მაშინვე მეცნო
ისეთივე დამთრგუნველი ატმოსფერო, როგორიც ჩინეთში იყო
გამეფებული. ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, დამენახა, რომ
ადამიანები, რომლებსაც ვხვდებოდი, კარგები და კეთილები
იყვნენ, თანაც საოცრად გულუბრყვილონი. ეს მაშინ
დავასკვენი, როცა ერთი ყოველდღიური რუსული გაზეთის
ჟურნალისტი ჩემგან ინტერვიუს იღებდა. მისი ყველა კითხვა
წინასწარ გამიზნული იყო, რომ ჩემთვის კომპლიმენტები
დაეტყუებინა. თუკი რაიმე ისეთს ვიტყოდი, რაც საბჭოთა
კავშირის მთავრობის სასარგებლოდ არ მეტყველებდა, ან თუ
პასუხი კითხვაზე ცოტათი განსხვავდებოდა იმისგან, რასაც
ჩემგან ელოდა, ჟურნალისტი ბრაზიან მზერას მტყორცნიდა.
სხვა ჟურნალისტმა, მომზადებული კითხვები რომ ამოწურა,
დაიმორცხვა და ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე მომმართა:
„როგორ ფიქრობთ, კიდევ რა შეიძლება გკითხოთ?“

278
მოსკოვში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, საოცარი პიროვნული
მომხიბვლელობა ყველგან გარეგნული კონფორმიზმით იყო
შენიღბული. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ
მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები. ჩემი თვალით ვნახე,
რომ რუსები მონსტრები კი არა, ისეთივე ადამიანები არიან,
როგორიც ჩინელები, ბრიტანელები, ამერიკელები.
განსაკუთრებით გულის ამაჩუყებელი იყო ჩემთვის რუსული
მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის გულთბილი მიღება.
მოსკოვიდან ბურიატეთის რესპუბლიკაში გავემგზავრე, სადაც
ბუდისტურ მონასტერში ერთი დღე გავატარე. ვინმესთან
უშუალო კონტაქტის დამყარების საშუალება არ მქონდა,
მაგრამ ლოცვებს ბურიატები ტიბეტურ ენაზე კითხულობდნენ
(ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს კათოლიკეები იყენებენ
ლათინურს) და ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო. ბერები
ტიბეტურად წერენ კიდეც. იქ აღმოვაჩინე, რომ ჩვენ
ერთმანეთთან ურთიერთობა მარტო თვალებითაც შეგვეძლო.
როცა მონასტერში შევედი, შევნიშნე, ბევრ ბერსა და საერო
პირს თვალზე ცრემლი მოსდგომოდა. სწორედ ასე
სპონტანურად გამოხატავენ გრძნობებს ტიბეტელებიც. ამ
ხალხთან საოცარი სიახლოვე ვიგრძენი.
ბურიატეთის დედაქალაქის, ულან-უდეს ბუდისტური
მონასტერი ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობაა, რაც
საბჭოთა კავშირში ვნახე. ის 1945 წელს აიგო, როცა სტალინი
დიდების მწვერვალზე იყო. ვერაფრით გავიგე, როგორ
შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ამ ფაქტმა ერთ რამეს
მიმახვედრა: სულიერებას ადამიანის ცნობიერებაში ისე ღრმად
აქვს ფესვები გადგმული, მისი ამოძირკვა ძალიან ძნელია,
შეიძლება ითქვას შეუძლებელიც კი. ჩემი თანამემამულეების
მსგავსად (თანაც ჩვენზე დიდხანს), ბურიატი ხალხიც
საშინლად იტანჯებოდა თავისი რწმენის გამო. ამ მიწაზე
ყველაფერი ნათლად ადასტურებდა, რომ ბურიატ ერს სულ
ცოტა რამ სჭირდებოდა, და მისი სულიერი ცხოვრება აყვავებას
იწყებდა.
ამან გამიღრმავა რწმენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მარქსიზმი
გაბატონებული იდეოლოგიაა, აუცილებლად უნდა შედგეს
მასთან ბუდიზმის დიალოგი (ეს უნდა ხდებოდეს სხვა
რელიგიებსა და მატერიალისტური იდეოლოგიის ნებისმიერ
ფორმას შორის). ცხოვრების მიმართ ეს ორი მიდგომა აშკარად

279
ერთმანეთს ავსებს. სამწუხაროდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ
ერთმანეთთან აუცილებლად ოპოზიციურ დამოკიდებულებაში
უნდა იყვნენ. მატერიალიზმი და ტექნოლოგიები რომ
კაცობრიობის ყველა პრობლემას აგვარებდეს, ყველაზე
განვითარებული ქვეყნები მოღიმარე სახეებით იქნებოდა
გადავსებული. ეს ასე არ არის. საპირისპირო შემთხვევაში, ანუ
ადამიანები რომ მხოლოდ სასულიერო საკითხებით იყვნენ
დაკავებული, ყველანი, ჩვენ-ჩვენი რელიგიების შესაბამისად,
ბედნიერად ვიცხოვრებდით. მაგრამ მაშინ არავითარი
პროგრესი არ იქნებოდა. საჭიროა როგორც მატერიალური, ისე
სულიერი განვითარება. კაცობრიობა არ შეიძლება იდგეს ერთ
ადგილას, რადგან ეს სიკვდილის ნაირსახეობაა.
ულან-უდედან ულან-ბატორში, მონღოლეთის დედაქალაქში
გადავფრინდი, სადაც ბერების ჯგუფმა ძალიან ემოციური
შეხვედრა მომიწყო. თუმცა, როგორც გაირკვა, სიხარულსა და
უშუალობას, ჩემ მიმართ რომ გამოავლინეს, ხელისუფლება არ
იწონებდა. ხალხი ერთმანეთს ყოველი მხრიდან აწვებოდა და
ცდილობდა, ხელით შემხებოდა. მაგრამ მეორე დღეს ყველანი
ქანდაკებებივით იდგნენ. მათ თვალებზე ცრემლი შევნიშნე.
როცა ის სახლი მოვინახულე, რომელშიც საუკუნის დასაწყისში
ჩემი წინამორბედი ჩერდებოდა ხოლმე, სიახლოვეს არავინ
გამკარებია. მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა, ჩუმად
გადმოეკვეთა ოფიციალური ხაზი. მუზეუმიდან გამოსვლისას
ჭიშკართან მდგომმა კაცმა ხელი რომ ჩამომართვა, რაღაც
უცნაური ვიგრძენი. თურმე მალულად კრიალოსანი ჩამიდო
ხელში, რომ მეკურთხებინა. საოცარი ნაღველი შემომაწვა.
სწორედ ამ მუზეუმში შევნიშნე ნახატი, რომელზედაც
გამოსახული იყო ბერი. მას უზარმაზარი პირი დაეღო,
რომელშიც მომთაბარე მესაქონლეები თავიანთ პირუტყვთან
ერთად შედიოდნენ. ეს, აშკარად, ანტირელიგიურ
პროპაგანდად ითვლებოდა. ნაბიჯი გადავდგი, რომ ახლოდან
შემეხედა, მაგრამ ჩემი გიდი ანერვიულდა და შეეცადა,
ხელოვნების ამ მოუხეშავი, კომუნისტური სულით
გაჟღენთილი ნიმუშისთვის მოვეშორებინე. მე მას ვუთხარი,
რომ ჩემგან რაიმეს დამალვა საჭირო არ იყო. იმაში, რასაც
მხატვარი ამ სურათით გვეუბნებოდა, სიმართლის მარცვალი
იყო. ასეთი ფაქტები არ უნდა მიიჩქმალოს. ყველა რელიგიას
შეუძლია ზიანის მიყენება, ადამიანის ექსპლუატირება, რაც ამ
სურათში იგულისხმებოდა. მაგრამ ამაში თავად რელიგია კი არ

280
არის დამნაშავე, არამედ ადამიანები, რომლებიც მის არსს
ამახინჯებენ.
ერთ გამოფენაზე კალაჩაკრას მანდალას მოდელი ვნახე. მის
აგებაში უზუსტობები შევნიშნე; ამიტომ, როცა ერთმა
ახალგაზრდა თანამშრომელმა ქალმა მისი მნიშვნელობის ახსნა
დამიწყო, ვუთხარი: „მომისმინეთ! მე ხომ ამ საკითხების
სპეციალისტი ვარ. ხომ არ აჯობებდა, ეს ყველაფერი მე თვითონ
ამეხსნა თქვენთვის?“ და ვაჩვენე ის ადგილები, სადაც მანდალა
არასწორად იყო აგებული.
როცა მონღოლებს უფრო ახლოს გავეცანი, მივხვდი, რა დიდი
კავშირი არსებობდა მათსა და ჩემს ხალხს შორის. დავიწყოთ
იმით, რომ რელიგია ერთი გვაქვს. როგორც ადრე აღვნიშნე,
წარსულში ტიბეტი მრავალ მონღოლ სწავლულს
მოუნახულებია, რომლებსაც დიდი დამსახურება მიუძღვით
ჩვენი კულტურისა და რელიგიის წინაშე. ტიბეტელები დღემდე
სარგებლობენ რელიგიური ტექსტებით, რომლებიც
მონღოლების მიერ არის დაწერილი. გარდა ამისა ბევრი საერთო
ადათი გვაქვს, მაგალითად, „კატას“ გადაცემა (მცირეოდენი
განსხვავება ისაა, რომ ტიბეტური „კატა“ თეთრია, მონღოლური
- მქრქალი ცისფერი ან მოცისფრო-მონაცისფრო). როცა ამ
მსგავსებაზე ვფიქრობდი, ერთი რამ დავასკვენი: ისტორიული
და რელიგიური თვალსაზრისით, მონღოლეთს ისეთივე
დამოკიდებულება ჰქონდა ტიბეტთან, როგორიც ტიბეტს
ინდოეთთან. ამიტომ მონღოლებს სტუდენტთა გაცვლის
პროგრამის შემუშავებაზე მოველაპარაკე, რომ ამ გზით
აღგვედგინა უძველესი კავშირი ჩვენს ქვეყნებს შორის.
ძალიან ბევრი სასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა როგორც
საბჭოთა კავშირში, ისე მონღოლეთში მოგზაურობიდან. მათგან
ზოგიერთი მატერიალურ პროგრესს უკავშირდებოდა;
განსაკუთრებით ეს ეხება მონღოლეთს, რომელმაც დიდი
ნაბიჯი გადადგა ინდუსტრიაში, მიწათმოქმედებაში,
მესაქონლეობაში. რუსეთში მერე კიდევ ვიყავი 1987 წელს და
ძალიან გამახარა იმ გარემოებამ, რომ ატმოსფერო აშკარად
გაუმჯობესებულიყო. ეს იმას ადასტურებდა, რომ
პოლიტიკური თავისუფლება ადამიანების განწყობაზეც
მოქმედებს. ახლა, როცა მათ თავიანთი გრძნობების
თავისუფლად გამოხატვის საშუალება მიეცათ, თავს ბევრად
უკეთესად გრძნობდნენ.

281
1979 წლის 2 აგვისტოს ტიბეტის დევნილი მთავრობის
ხუთკაციანი დელეგაცია დელიდან პეკინის გავლით
ტიბეტისაკენ გაემგზავრა. ამ ჯგუფის წევრები გულდასმით
შევარჩიე. ვინაიდან ობიექტურობას გადამწყვეტი როლი
ეკისრებოდა, ჯგუფში შევიყვანე ადამიანები, რომლებიც არა
მარტო კარგად იცნობდნენ ტიბეტს ჩინეთის შემოჭრამდე,
არამედ თანამედროვე მსოფლიოსაც. გარდა ამისა, ვიზრუნე
იმაზედაც, რომ დელეგაციაში ტიბეტის სამივე პროვინციის
წარმომადგენლები შესულიყვნენ.
დელეგატების რიცხვში იყო ჩემი ძმა ლობსან სამტენი. მან
დიდი ხნის წინ თქვა უარი ბერობაზე (ასე რომ, სანგჰაში ჩვენი
ოჯახის ერთადერთ წარმომადგენლად დამტოვა), თმა მოუშვა,
გრძელ ულვაშებს ატარებდა და ტანსაცმელიც თანამედროვე
ეცვა. ცოტა არ იყოს, ვღელავდი, რადგან შეიძლებოდა, ის
ტიბეტში ვერ ეცნოთ.
ახლაც, ათი წლის შემდეგაც, მთლად კარგად არ მესმის, თუ რას
ელოდა ოფიციალური პეკინი ამ დელეგაციის წევრებისგან, რა
შთაბეჭდილებები უნდა მიეღოთ მათ „ახალ“ ტიბეტში. ალბათ
ჩინეთის მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ ისინი საკუთარი
სამშობლოს ისეთი კეთილდღეობის და აყვავების მოწმე
გახდებოდნენ, რომ დევნილობაში დასარჩენად მიზეზი აღარ
ექნებოდათ. ჩინელები „წუხდნენ“ იმის გამო, რომ
კეთილგანწყობილი ადგილობრივი მოსახლეობა შეიძლებოდა
თავს დასხმოდა დელეგაციის წევრებს; ამიტომ ჩინეთის
ხელისუფლებამ „დაარიგა“ ტიბეტელები, დელეგატებთან
კარგად მოქცეულიყვნენ (!). ასევე, ჩემი აზრით, დალაი ლამასა
და ტიბეტის მთავრობის დევნილობაში ყოფნა დიდ
უხერხულობას უქმნიდა ჩინეთს, რომელსაც უკვე
აინტერესებდა, თუ რა აზრის იქნებოდა მასზე მსოფლიოს
საზოგადოებრიობა. ამიტომ მათთვის მისაღები იყო ნებისმიერი
საშუალება, ოღონდ კი ტიბეტში შევეტყუებინეთ.
კარგია, რომ ისინი ასეთი თავდაჯერებული იყვნენ. ამიტომ,
სანამ პირველი დელეგაცია პეკინში იმყოფებოდა, ჩინეთის
ხელისუფლება დამთანხმდა, ტიბეტში კიდევ სამი კომისია
გამგზავრებულიყო.
ჩემმა ხუთმა წარმომადგენელმა პეკინში ორი კვირა გაატარა.
ისინი იკრიბებოდნენ და გეგმავდნენ მარშრუტს, რომელიც მათ
ოთხ თვეში მთელი ტიბეტის შემოვლის საშუალებას მისცემდა.

282
თუმცა, როგორც კი ისინი ამდოში ჩავიდნენ, ჩინელთათვის
არახელსაყრელი ვითარება შეიქმნა. სადაც არ უნდა
წასულიყვნენ დელეგატები, მათ გარს ათასობით ადამიანი
(ძირითადად, ახალგაზრდობა) შემოეხვეოდა ხოლმე, რომლებიც
ჩემს ამბავს კითხულობდნენ. ამან ჩინელები აღაშფოთა და
სასწრაფოდ გააფრთხილეს ლჰასის ხელისუფალნი, თუ რა
საშიშროება ელოდათ. ლჰასიდან პასუხად მიიღეს:
„დედაქალაქის მოსახლეობის პოლიტიკური მომზადების
მაღალი დონე სიმშვიდის საფუძველს იძლევა“.
დელეგაციას ყველგან კვლავ აღფრთოვანებით ხვდებოდნენ.
ლჰასაში მათ ურიცხვი ადამიანი შეეგება. ჩემმა
წარგზავნილებმა ფოტოებიც ჩამომიტანეს, რომლებზეც
ხალხით გადაჭედილი ქუჩები იყო აღბეჭდილი. ჩვენდამი
კეთილგანწყობილმა ტიბეტელებმა არაფრად ჩააგდეს
არაორაზროვანი გაფრთხილება, ქუჩაში არ გამოსულიყვნენ.
ერთმა დელეგატმა ლჰასაში შემთხვევით ყური მოჰკრა, ერთმა
ჩინოვნიკმა თავის კოლეგას რომ უთხრა: „რასაც ოცი წელი
შევალიეთ, ერთ დღეში ჩაგვეყარა წყალში“.
ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ავტორიტარული მმართველობაა,
ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის წინააღმდეგობა
ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩინეთის
ხელმძღვანელობამ უდიდესი შეცდომა დაუშვა. მიუხედავად
იმისა, რომ ჩინელებს სახელმწიფო უშიშროების
მაღალეფექტური სისტემა ჰქონდათ, რომელიც იმისთვის
არსებობდა, ხალხის ნების გამოვლინება არ დაეშვა, მათ
სიტუაცია საერთოდ ვერ შეაფასეს. მაგრამ ის უფრო
მაკვირვებს, რომ მიღებულმა გამოცდილებამ მათ ვერაფერი
ასწავლა და ამ სისტემას დღემდე ინარჩუნებენ. მაგალითად,
როცა ჰუ იაობანმა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის
მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა (დენ სიაოპინის
პარტიულმა მემკვიდრემ) მომდევნო წელს ტიბეტი
მოინახულა, პოტიომკინის სოფლების ჩინური ვარიანტი
უჩვენეს და შეცდომაში შეიყვანეს.
კიდევ კარგი, ჰუ იაობანი ბოლომდე მაინც ვერ მოატყუეს. მან
სახალხოდ განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა ტიბეტელების
ცხოვრების პირობებით და ისიც კი იკითხა, წყალში ხომ არ
იყრება მთელი ის ფული, რომელიც ტიბეტისთვის არის
გამოყოფილიო. მან პირობა დადო, რომ ოკუპირებულ ტიბეტში

283
განლაგებული საკადრო შემადგენლობის 85%-ს ქვეყნიდან
გაიყვანდა.
მის ამ წინადადებაზე მერე სიტყვაც არავის დაუძრავს. ჰუ
იაობანი ხელისუფლებაში დიდხანს არ ყოფილა. ბოლოს
საერთოდ იძულებული გახდა, ჩინეთის კომუნისტური
პარტიის გენერალური მდივნის პოსტი დაეტოვებინა. მე მაინც
მადლობელი ვარ მისი, რადგან ვაჟკაცობა გამოიჩინა და აღიარა
ტიბეტში ჩინეთის მიერ დაშვებული შეცდომები. ეს იმას
ადასტურებს, რომ თვით ჩინეთის მთავრობაშიც კი რეპრესიულ
პოლიტიკას მხარს ყველა არ უჭერდა. ჰუ იაობანის განცხადებას
ტიბეტის საკითხის გადაწყვეტაზე დიდი გავლენა არ
მოუხდენია, მაგრამ დეკემბრის ბოლოს დჰარამსალაში
ჩამოსული პირველი დელეგაციის მიერ მომზადებულმა
ანგარიშმა ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა.
როცა 1979 წლის ოქტომბერში ხანგრძლივი მოგზაურობიდან
დავბრუნდი (ვიყავი რუსეთში, მონღოლეთში, საბერძნეთში,
შვეიცარიასა და შეერთებულ შტატებში), ტიბეტიდან
დელეგაციის ხუთი წევრიც ჩამოვიდა. მათ ჩამოიტანეს იქ
გადაღებული ასობით კინოფირი, საუბრების (რომლებიც
საათობით გრძელდებოდა) აუდიოჩანაწერები. ეს იყო
დიდძალი ინფორმაცია, რომლის შეჯერებას, გადამუშავებასა
და ანალიზს მრავალი თვის მუშაობა დასჭირდა. დელეგატებმა
ტიბეტში დარჩენილი ჩვენი თანამოძმეების 7 ათასი წერილი
გადასცეს მათ ოჯახებს, რომლებიც ემიგრაციაში
იმყოფებოდნენ. უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ეს
ტიბეტიდან ფოსტის მიღების პირველი შემთხვევა იყო.
სამწუხაროდ „ახალმა“ ტიბეტმა კომისიის წევრებზე,
ძირითადად, ნეგატიური შთაბეჭდილება დატოვა. ყველგან,
სადაც კი მიდიოდნენ, ათასობით თვალცრემლიანი ტიბეტელი
ეხვიათ გარს. ჩემი წარგზავნილები დარწმუნდნენ, რომ
ჩინეთის ხელისუფლება სისტემატურად ცდილობდა, ჩვენი
უძველესი კულტურა უმოწყალოდ გაენადგურებინა. კომისიის
წევრები ამბების მოსმენას ვერ აუდიოდნენ - მათ უყვებოდნენ
შიმშილობის წლებზე, შიმშილისგან ადამიანების მასობრივ
განადგურებაზე, საჯაროდ სიკვდილით დასჯაზე, ადამიანის
უფლებების უხეში და ამაზრზენი ფორმით დარღვევაზე. ამ
უკანასკნელთაგან ყველაზე „მსუბუქი“ შემდეგში
მდგომარეობდა: ბავშვებს ოჯახებს სწყვეტდნენ და

284
აიძულებდნენ, მძიმე სამუშაოები შეესრულებინათ, ან ჩინეთში
„განათლების მისაღებად“ გზავნიდნენ. აპატიმრებდნენ
სრულიად უდანაშაულო ადამიანებს; ათასობით ბერი და
მონაზონი საკონცენტრაციო ბანაკებში იღუპებოდა. ეს სია
მსმენელს თავზარს სცემდა. ვნახე ათეულობით ფოტო,
რომლებზეც ქვების გროვად ქცეული, დანგრეული მონასტრები
იყო გამოსახული. ზოგიერთ ტაძარსა და მონასტერს
მარცვლეულის საწყობად და საძროხეებად იყენებდნენ; ზოგი
ფაბრიკებად გადაექციათ.
თუმცა, მთელი ამ ინფორმაციის მოპოვების მიუხედავად,
ჩინეთის ხელისუფლებამ არაორაზროვნად მიგვანიშნა, რომ არ
აპირებდა, რამე სახის კრიტიკა მოესმინა არც დელეგაციის
წევრების, არც რომელიმე ემიგრანტი ტიბეტელის მხრიდან.
ვინაიდან ჩვენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვცხოვრობდით, მათი
აზრით, არავითარი უფლება არ გვქონდა, გვეკრიტიკებინა ის,
რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა. როცა ლობსან სამტენმა ამის
შესახებ მითხრა, ერთი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც 50-იან
წლებში მოხდა. კომუნისტური პარტიის წევრმა ჩინელმა თავის
ტიბეტელ თანამშრომელს ჰკითხა, თუ რა აზრის იყო ტიბეტში
ჩინელების მმართველობაზე. „ჯერ ნება მომეცით, ქვეყნის
საზღვრები დავტოვო, - უთქვამს ტიბეტელს, - აი, მერე კი
გიპასუხებთ.“
მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დელეგაციამ
დამაიმედებელი ამბებიც ჩამოიტანა. მისი ხუთივე წევრი
პეკინში შეხვდა სტუდენტებს, რომლებიც პარტიული
კადრების სკოლაში სწავლობდნენ. იმის ნაცვლად, რომ ბრმად
ერწმუნათ მარქსიზმის იდეები და პროჩინური
პოლიტიკისთვის დაეჭირათ მხარი, ისინი ტიბეტის
გათავისუფლების მომხრე იყვნენ. უამრავი მაგალითის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როცა დალაი ლამას მიმართ
თავიანთი სიყვარულის გამოსახატავად ტიბეტელები ჩინეთის
ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ,
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხალხი სულიერად არ დაცემულა. მე
მგონი, ამ საზარელმა განსაცდელმა ისინი კიდევ უფრო
გააძლიერა და გაბედულებაც შემატა.
პირველი დელეგაციისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო პანჩენ
ლამასთან შეხვედრა. ჩინეთის ხელისუფლების
წარმომადგენლები მას სასტიკად აწამებდნენ - მან თავის

285
თანამემამულეებს სხეულზე დაზიანებების ნაკვალევი აჩვენა.
ჩემი გაქცევის შემდეგ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელ
არმიას პანჩენ ლამას მონასტერი ტაშილჰუნპოში არ
დაუნგრევია. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ჩვენი ახალი
„პატრონების“ კრიტიკა დაიწყო, იქ ჯარისკაცები გაგზავნეს.
მთელი 1962 წლის განმავლობაში ჩინელები მისგან დაჟინებით
მოითხოვდნენ, რომ მოსამზადებელი კომიტეტის
თავმჯდომარის პოსტი დაეკავებინა (იქამდე ეს თანამდებობა
მე მეჭირა). მან უარი თქვა და თავმჯდომარე მაოს 70 000-
იეროგლიფიანი მემორანდუმი გაუგზავნა, რომელიც საჩივრებს
შეიცავდა, შემდეგ ჩინელებმა მას პანჩენ ლამას ტიტული
ჩამოართვეს (თუმცა მაომ უსინდისოდ მისცა პირობა, რომ მის
შენიშვნებს გაითვალისწინებდნენ). რამდენიმე ხანდაზმული
ბერი, რომელიც ტაშილჰუნპოში დაბრუნდა, დააპატიმრეს. მათ
ბრალი დასდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში და შიგაცზეს
მოსახლეობის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს.
1964 წლის დასაწყისში პანჩენ ლამას „რეაბილიტირების“
საშუალება მისცეს. მას შესთავაზეს, ლჰასის მცხოვრებთა
წინაშე სიტყვა წარმოეთქვა მონლამის დღესასწაულზე,
რომელიც ერთი დღით აღადგინეს. ის დათანხმდა, თუმცა,
ჩინელ ხელისუფალთა გასაკვირად, შეკრებილ ხალხს მიმართა,
რომ სინამდვილეში ტიბეტელ ხალხს ერთადერთი ჭეშმარიტი
ლიდერი ჰყავს - დალაი ლამა. მან თავისი გამოსვლა დაამთავრა
შეძახილით: „გაუმარჯოს დალაი ლამას!“ ის, რასაკვირველია,
დააპატიმრეს და ჩვიდმეტდღიანი საიდუმლო გამოძიების
შემდეგ მის შესახებ არაფერი ისმოდა. ბევრი შიშობდა, რომ
ისიც მოკლეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავიდან ის
შინაპატიმრობაში ჰყოლიათ, შემდეგ კი განსაკუთრებული
რეჟიმის ჩინურ ციხეში გადაუყვანიათ, სადაც ინტენსიურად
აწამებდნენ და მის „პოლიტიკურად აღზრდას“ ცდილობდნენ.
ის იმდენად აუტანელ პირობებში იყო, რომ რამდენჯერმე
თავის მოკვლაც კი უცდია.
საბოლოოდ, დელეგაციის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს,
რომ პანჩენ ლამა ცოცხალი იყო და რაც გადაიტანა, იმის ფონზე -
შედარებით ჯანმრთელიც. მაგრამ თავად ტიბეტის
ჯანმრთელობა იყო შერყეული. მართალია, ქვეყნის ეკონომიკა
სრულიად გარდაიქმნა, მაგრამ ტიბეტელებს აქედან არავითარი
სარგებლობა არ ჰქონდათ. ყველაფერი ჩინელმა ოკუპანტებმა
ჩაიგდეს ხელში. მაგალითად, აშენდა და ფუნქციონირებდა

286
ქარხნები, რომლებიც ადრე არ იყო, მაგრამ მათ მიერ
წარმოებული მთელი პროდუქცია ჩინეთში მიდიოდა. ქარხნები
მხოლოდ იმ მიზნით შენდებოდა, რომ ჩინელებისთვის
მატერიალური სარგებელი მოეტანა; არავინ ითვალისწინებდა
სხვა ფაქტორებს, მაგალითად, იმას, რომ მათ ფუნქციონირებას
თან სდევდა დამღუპველი შედეგები გარემოსთვის. იგივე
უნდა ითქვას ჰიდროელექტროსადგურებზეც. ჩინური
კვარტალი, რომელიც ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში
არსებობდა, გადაჩახჩახებული იყო, ხოლო, სხვაზე რომ
არაფერი ვთქვათ, ლჰასის ტიბეტური ნაწილის სახლებში 15 ან
20-ვატიანი ნათურები ბჟუტავდა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ჩინელები დაჟინებით
მოითხოვდნენ, რომ ტრადიციული ქერის ნაცვლად
საშემოდგომო ხორბალი დაეთესათ. მიწათმოქმედების ახალი
ინტენსიური მეთოდების გამოყენების შედეგად, ერთი-ორჯერ
ხორბლის არნახული მოსავალი მოვიდა, რასაც შიმშილობის
წლები მოჰყვა. ახალშემოღებულმა მეთოდებმა ტიბეტის
ნიადაგის ნაყოფიერი ზედაფენის სწრაფი ეროზია გამოიწვია.
უზარმაზარ ფართობებზე უდაბნოები წარმოიქმნა.
ასეთივე ექსპლუატაციას უწევდნენ სხვა ბუნებრივ
რესურსებსაც, მაგალითად, ტყეებს. გამოთვლილია, რომ 1955
წლიდან 50 მილიონი ძირი ხე გაიჩეხა; მრავალ მილიონ აკრზე
მცენარეულობა საერთოდ განადგურდა. მესაქონლეობა ძალიან
ეფექტურად განვითარდა - ზოგან წინანდელზე ათჯერ მეტი
საქონელი ჰყავდათ. მაგრამ ზღვარს გადასულ ექსპლუატაციას
აქაც დამღუპველი შედეგი მოჰყვა - ბუნების სხვა შვილებს
საკვები აღარ დარჩათ. ეკოლოგიური ბალანსი დაირღვა. ირმები,
კიანგები და დრონგები, ადრე ველური ბუნების წიაღში
ჯოგებად რომ გვხვდებოდნენ, სრულიად გადაშენდნენ; არსად
ჩანდა იხვებისა და ბატების უზარმაზარი გუნდები, რომლებიც
ტიბეტისთვის ჩვეული სანახაობა იყო.
რაც შეეხება ჯანდაცვას, როგორც გამოირკვა, მართლაც ბევრი
საავადმყოფო გაიხსნა, მაგრამ ამ სფეროში აშკარა
დისკრიმინაცია შეიმჩნეოდა (რა თქმა უნდა, ჩამოსახლებულთა
სასარგებლოდ). როცა ჩინელს სისხლის გადასხმა სჭირდებოდა,
დონორის ფუნქციას „მოხალისე“ ტიბეტელი კისრულობდა.
ჩინელების მმართველობის პერიოდში წინანდელზე
გაცილებით მეტი სკოლა გაიხსნა, მაგრამ სასწავლო პროგრამა

287
ჩინელების საჭიროებებს იყო მორგებული. მაგალითად,
პირველმა დელეგაციამ ასეთი რამ მოისმინა: ცენტრალური
ადმინისტრაციისგან ფულადი სახსრები რომ მიეღოთ,
ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა
განაცხადეს, რომ მათ თანხები ტიბეტელების ცხოვრების
პირობების გასაუმჯობესებლად სჭირდებოდათ. შემდეგ კი ეს
ფული საკუთარ შვილებს მოახმარეს. რაც შეეხება განათლებას,
საგნების უმეტესობა ჩინურ ენაზე ისწავლებოდა. ჩინელებმა
პირობა დადეს, რომ ტიბეტურ ენას თხუთმეტ წელიწადში
საერთოდ ამოძირკვავდნენ. ზოგიერთი სკოლა ნამდვილი
შრომითი ბანაკი იყო ბავშვებისთვის. ნამდვილი კარგი
სასკოლო განათლება განსაკუთრებული ნიჭით
დაჯილდოებულმა ათას ხუთასამდე ტიბეტელმა ბავშვმა
მიიღო, რომლებიც იძულებით გაგზავნეს ჩინეთის სასწავლო
დაწესებულებებში, იმ მოტივით, რომ ეს ხელს შეუწყობდა
„ერთიანობის“ სულისკვეთების ჩამოყალიბებას.
დელეგატებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ გარდაიქმნა
კომუნიკაციის სფერო. ქვეყანა გზებით იყო დასერილი,
რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებდა თითქმის ყველა
დასახლებულ პუნქტს. ქვეყანაში ათასობით სატრანსპორტო
საშუალება მოძრაობდა, ძირითადად, სატვირთო მანქანები,
მაგრამ ყველა ჩინეთის მთავრობას ეკუთვნოდა. რიგით
ტიბეტელებს გადასაადგილებლად საგანგებო ნებართვა
ესაჭიროებოდათ (ეს წესები ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ისევ
ძალაში იყო).
დისკრიმინაცია მრეწველობის სფეროსაც შეეხო. პირველადი
მოხმარების საქონელს დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ,
მაგრამ მასზე ხელი ძალიან ცოტა ტიბეტელს თუ
მიუწვდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობის უზარმაზარი
ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. დელეგატებმა
შეიტყვეს, რომ ბარათებით სურსათის განაწილების სისტემა
იმდენად არასწორად იყო დაგეგმილი, რომ ერთი თვის ნორმა
ოცი დღე დიდი გაჭირვებით ჰყოფნიდათ. ამის გამო ხალხი
იძულებული იყო, ბალახი და ფოთლები ეჭამა. მაგალითად,
ერთი თვის ნორმა კარაქი ტუჩებზე წასასმელად თუ
იკმარებდა, რომ ტიბეტელებს მისი გემო არ დავიწყებოდათ.
დელეგატები ყველგან ერთნაირ სურათს ხედავდნენ -
ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად ძონძებში შემოსილი
დადიოდა; ბავშვები არასაკმარისი კვების გამო ზრდაში

288
ჩამორჩებოდნენ. ალბათ საჭირო აღარაა იმის თქმა, რომ
წარსულს ჩაბარდა ულამაზესი ფერადი სამოსი და
საიუველირო ხელოვნების ნიმუშები (საყურეები და ა.შ.),
რომლებსაც ადრე ნებისმიერი შეძლების ტიბეტელი ატარებდა.
ტიბეტელების მხრებზე დაწოლილ უმძიმეს ტვირთს ზღვარს
გადასული გადასახადები აგვირგვინებდა. თუმცა ამოღებულ
თანხებს გადასახადი არც შეიძლება ეწოდოს: ეს იყო „რენტა“,
ან, რაც გნებავთ, ის დაარქვით. გადასახადებს აკისრებდნენ
მომთაბარეებსაც კი, რომლებიც საარსებო საშუალებებს ესოდენ
არასაიმედო ხერხებით მოიპოვებდნენ. შეიძლება ითქვას,
ტიბეტთან მიმართებით ჩინეთის ეკონომიკური პროგრამა
წამების ერთგვარ ფორმას წარმოადგენდა.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაფერი. დელეგატებმა
აღმოაჩინეს, რომ ტიბეტურ კულტურას ფეხქვეშ თელავდნენ.
მაგალითად, იკრძალებოდა ტიბეტური სიმღერები.
ნებადართული იყო მხოლოდ პოლიტიკური ოდები ჩინურ
მელოდიებზე. დევნიდნენ რელიგიას. ათასობით მონასტერი
წაბილწეს. 50-იანი წლების ბოლოდან ეს პროცესი
გეგმაზომიერად ხორციელდებოდა. პირველად მონასტრის
შენობას ოფიციალური პირი მოინახულებდა, რომელიც
აღწერდა მასში დაცულ ქონებას. შემდეგ მიდიოდა მუშების
ბრიგადა, რომელიც მოხვეტდა ყველაფერს, რაც ფასეული იყო.
და ამას სატვირთო მანქანებით პირდაპირ ჩინეთში
გზავნიდნენ. იქ ნაძარცვ ნადავლს ან ზოდებად
გადაადნობდნენ, ან ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო
აუქციონებზე ყიდდნენ და მყარ ვალუტას იჯიბავდნენ.
მომდევნო ეტაპზე უფრო მეტ მუშას გზავნიდნენ სხვა
მასალების წასაღებად, რომლებიც შეიძლება რამეში
გამოსდგომოდათ. მიჰქონდათ ყველაფერი, სახურავის
კრამიტით დაწყებული, ხის მასალით დამთავრებული.
ჩინელები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ,
„გამოეხატათ ზიზღი“ ცხოვრების ძველი წესისა და
„გარყვნილი“ ბერების მიმართ.
სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მონასტრებისგან,
ქვების გროვების გარდა, არაფერი დარჩენილა.
ამ მონასტრების ქონება ტიბეტის რეალურ მონაპოვარს
წარმოადგენდა. ის საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა.
თაობების მანძილზე ტიბეტური ოჯახები მონასტრებს

289
სწირავდნენ საუკეთესოს, რაც კი გააჩნდათ. ახლა ყოველივე ეს
ჩინეთის სახელმწიფოს გაუმაძღარმა სტომაქმა შთანთქა.
ჩინეთის ხელისუფლება ამით არ დაკმაყოფილებულა. ტიბეტის
მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდაზე მან კონტროლი დააწესა.
ტიბეტში შემოიღეს ლიმიტი - ერთ ოჯახურ წყვილს ორ ბავშვზე
მეტი არ უნდა ჰყოლოდა (ოფიციალურად კი აცხადებდნენ, რომ
ეს შეზღუდვა მხოლოდ ჩინეთზე ვრცელდებოდა). ვინც ამ
ნორმას გადააჭარბებდა, ისეთ სამედიცინო პუნქტებში
გზავნიდნენ, როგორიც ტიანცზეში[38] იყო (მას ხალხი
„საყასბოს“ ეძახდა). ამ დაწესებულებაში ორსულ ქალებს
იძულებით უკეთებდნენ აბორტს, შემდეგ კი - სტერილიზაციას.
ბევრ ქალს აიძულებდნენ, შობადობა გაეკონტროლებინა. სულ
ახლახან ტიბეტიდან ჩამოსულ ქალებს საშოში სპილენძის
უხეში მოწყობილობები აღმოუჩინეს.
როცა ხალხი აჯანყდებოდა, რაც 1959 წლის შემდეგ
რამდენჯერმე მოხდა, მთელი სოფლები აღიგვებოდა პირისაგან
მიწისა. ხალხს ხოცავდნენ, ათეულათასობით ადამიანს
ციხეებში ყრიდნენ, სადაც პირუტყვულ პირობებში ჰყავდათ.
დღისით იძულებით ამუშავებდნენ; საღამოობით, გვიან
ღამემდე, ავალდებულებდნენ, ესწავლათ, თუ როგორ და
რატომ უნდა მოეწყოთ „ტხამზინგი“.[39] მათ იმდენს
აჭმევდნენ, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ. მე თვითონ
ვესაუბრე ადამიანებს, რომლებმაც ჩინეთის ციხეების
საშინელება გამოიარეს. ერთ-ერთი მათგანი იყო დოქტორი
ტენზინ ჩოიდაკი, რომელიც 50-იანი წლების ბოლოს უმცროს
პირად ექიმად დამინიშნეს. როცა პირველი კომისია პეკინში
გაემგზავრა, მის წევრებს ვთხოვე, ჩინეთის ხელისუფლებასთან
ამ ადამიანის გათავისუფლებასა და საზღვარგარეთ გასვლის
უფლებაზე ეშუამდგომლათ.
თავდაპირველად ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ერთი
წლის შემდეგ ის გაათავისუფლეს და 1980 წლის ბოლოს
დჰარამსალაშიც ჩამოვიდა. თითქმის შეუძლებელი იყო მის
მიერ მოთხრობილი ამბების დაჯერება, რომლებიც ჩინელების
სისასტიკესა და დეგრადაციაზე მეტყველებდა. ოცი წლის
პატიმრობის მანძილზე მას რამდენჯერმე შიმშილით
სიკვდილის საფრთხე დაემუქრა. დოქტორი ჩოიდაკი
მიყვებოდა, რომ თვითონ და მისი თანასაკნელები
იძულებული იყვნენ, საკუთარი ტანსაცმელი ეჭამათ; ხოლო

290
მისი ერთი ნაცნობი, რომელთან ერთადაც გარკვეული დროის
მანძილზე საავადმყოფოში იმყოფებოდა, იქამდე მივიდა, რომ,
როდესაც მის მწირ განავალს მატლი გამოჰყვა, მან ის გარეცხა
და შეჭამა.
არცთუ უმიზეზოდ გიყვებით ამ ამბებს. როგორც ბუდისტი
ბერი, ამას იმისთვის არ ვწერ, რომ ჩემი ჩინელი „ძმებისა და
დების“ მიმართ მკითხველს მტრობა გავუღვივო; უდავოდ,
ბევრი კეთილშობილი ჩინელიც არსებობს, რომლებიც
აცნობიერებენ, თუ სინამდვილეში რა ხდება ტიბეტში. არც
გააფთრება მაიძულებს, ეს საზარელი ფაქტები გამცნოთ.
პირიქით, ეს ყველაფერი უკვე მოხდა, რასაც აღარაფერი
ეშველება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ,
მომავალზე ზრუნვაა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
ტიბეტიდან პირველი კომისიის დაბრუნების შემდეგ ათ წელზე
მეტი გავიდა. მისი დასკვნები ინფორმაციის უამრავმა სხვა
წყარომაც დაადასტურა, მათ შორის, ტიბეტელების მომდევნო
კომისიებმა, უცხოელმა ჟურნალისტებმა და ტურისტებმა,
ასევე რამდენიმე ჩინელმა, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ.
სამწუხაროდ, დროის ამ მონაკვეთში, მიუხედავად გარკვეული
მატერიალური პროგრესისა, საერთო სურათი ტიბეტში
მრავალი თვალსაზრისით გაუარესდა.
ახლა უკვე ვიცით, რომ ტიბეტში ჩინეთის არმიის 300 ათასზე
მეტი ჯარისკაცი იმყოფება; ბევრი მათგანის დისლოკაციის
ადგილი ინდოეთთან ჯერ კიდევ სადავო საზღვარზეა;
დაახლოებით 50 ათასი ლჰასიდან ერთი დღის სავალზეა
განლაგებული. გარდა ამისა, ჩინეთმა თავისი ბირთვული
იარაღის ერთი მესამედი ტიბეტის ტერიტორიაზე განათავსა.
ვინაიდან ტიბეტში ურანის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე
მდიდარი მარაგი არსებობს, ჩინელები ჩვენი ქვეყნის უდიდეს
ნაწილს მისი საბადოს დამუშავებით რადიოაქტიური
დაბინძურების საფრთხეს უქმნიან.
ამდოში, იმ ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, სადაც მე
დავიბადე, კაცობრიობისთვის ცნობილ გულაგთა შორის
უდიდესი მდებარეობს. ის იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი
შეფასებით, იქ ათ მილიონამდე პატიმარი უნდა იყოს.
მასობრივი ჩამოსახლების პროგრამის განხორციელების
შედეგად, ჩინელების რიცხვი ტიბეტში ადგილობრივი

291
მოსახლეობის რაოდენობას ბევრად აღემატება. არსებობს
საშიშროება, რომ თანამემამულეები საკუთარ ქვეყანაში
მხოლოდ სატყუარად გადაიქცნენ, რომელიც ტურისტებს
მიიზიდავს.

სამშვიდობო ინიციატივები
1980 წლის მაისში ტიბეტში მეორე და მესამე კომისიები
გაემგზავრნენ. ერთი ახალგაზრდული ჯგუფის
წარმომადგენლებისგან შედგებოდა, მეორე - განათლების
მუშაკებისგან. პირველ შემთხვევაში მაინტერესებდა, თუ
როგორ შეაფასებდნენ სიტუაციას ტიბეტში ადამიანები,
რომლებიც სამყაროს ახლებურად აღიქვამენ. მეორე ჯგუფის
დაკომპლექტებისას გავითვალისწინე ამოცანა - მის წევრებს
უნდა დაედგინათ, თუ რა პერსპექტივები ჰქონდა თავად
ახალგაზრდობას ტიბეტში.
სამწუხაროდ, ახალგაზრდების კომისიამ მუშაობის
დასრულება ვერ შეძლო. როცა უამრავმა ტიბეტელმა მოიყარა
თავი, რომ ახალგაზრდა ლტოლვილებს მისალმებოდნენ და
ჩინელების მიმართ პროტესტი გამოეთქვათ, ხელისუფლებამ
დელეგატებს ბრალი დასდო, რომ ისინი მასებს
დაუმორჩილებლობის აქტების მოწყობისკენ აქეზებდნენ.
დელეგაციას ქვეყნის საზღვრები დაატოვებინეს, რადგან ის
„დედასამშობლოს ერთიანობას“ საფრთხეს უქმნიდა.
ბუნებრივია, მოვლენათა ასეთმა განვითარებამ შემაშფოთა.
ეტყობა, ჩინელები სულაც არ აპირებდნენ, „ფაქტების მიღმა
ჭეშმარიტება დაენახათ“. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით,
რომ მათ ფაქტების იგნორირება ერჩიათ. მაგრამ დელეგაციის
გამოძევების ფაქტმა, ასე თუ ისე, ის მაინც დაამტკიცა, რომ
ტიბეტელების განწყობა მათთვის, ანგარიშგასაწევი იყო.
მესამე დელეგაციას, რომელსაც ჩემი და, ჯეცუნ პემა
ხელმძღვანელობდა, დარჩენის უფლება მისცეს. იგი
დჰარამსალაში 1980 წელს დაბრუნდა. როგორც კომისიამ
დაასკვნა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოცი წლის
განმავლობაში განათლების საერთო დონე ტიბეტში ოდნავ
გაუმჯობესდა, ამ სფეროში უამრავი პრობლემა არსებობდა.
ჩინელების აზრით, კითხვას შეიძლება ერთადერთი სახის

292
სარგებლობა მოეტანა - ის ბავშვებს საშუალებას აძლევდა,
თავმჯდომარე მაოს იდეებს გასცნობოდნენ; ასევე ერთადერთი
მიზანი ჰქონდა წერის შესწავლას - ბავშვები შეძლებდნენ,
„მონანიებანი“ ეწერათ.
საერთო ჯამში, კომისიების მიერ შეგროვებულმა ინფორმაციამ
არა მარტო მთლიანად გამოავლინა ტიბეტზე ჩინეთის
ძალადობის მასშტაბები, მან ასევე ნათელყო, რომ
ტიბეტელების ცხოვრების დონე კვლავ ძალიან დაბალი იყო,
მეტიც, მათი დიდი უმრავლესობა სიღატაკეში ცხოვრობდა.
თუმცა წინა ოცი წლის ტანჯვა-წამებასთან შედარებით
სიტუაცია, უდავოდ, გაუმჯობესდა, ჩინეთის ხელისუფლების
წარმომადგენლები ტიბეტელებს „ჩამორჩენილ, უვიც, სასტიკ
და ბარბაროს“ ხალხად მიიჩნევდა.
1981 წელს ინსულტისა და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ
გარდაიცვალა დედაჩემი. თავისი ლამის საუკუნოვანი
სიცოცხლის მანძილზე ის ავად თითქმის არ გამხდარა. პირველი
შემთხვევა იყო, როცა მას სხვისი მომსახურება დასჭირდა. ადრე
საკუთარ თავს თვითონვე უვლიდა. მაგალითად, ის
ყოველთვის ადრე დგებოდა და თვითონვე იმზადებდა ჩაის.
მისთვის ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან მაჯა დაზიანებული
ჰქონდა, მაგრამ მსახურები არასოდეს შეუწუხებია.
მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ტენზინ ჩოიგიელმა, რომელიც
მაშინ დედასთან ცხოვრობდა, სრულიად გულუბრყვილოდ
ჰკითხა, თუ რომელი შვილი უყვარდა ყველაზე მეტად. ის
იმედოვნებდა, რომ დედა თვითონ მას დაასახელებდა. მაგრამ
არა. დედამ უპასუხა, რომ ყველაზე მეტად ლობსან სამტენი
უყვარდა. როცა უმცროსი ძმა ამ ამბავს მიყვებოდა, წამიერად
გავიფიქრე: „იქნებ მე?“ ისე მოხდა, რომ სიკვდილის წინ მის
გვერდით სწორედ ლობსან სამტენი იყო. მე თვითონ დედა
ცოტა ხნით ადრე ვნახე - როცა ვსეირნობდი, შევუარე და
ვინახულე; მაგრამ მისი გარდაცვალების მომენტში ბოდჰ-
გაიაში ვიმყოფებოდი.
როცა ეს მაცნობეს, მაშინვე ლოცვის კითხვა დავიწყე, რომ
რეინკარნაციის შედეგად მის სულს შესაფერი არსება ეპოვა. იქ
მყოფი ყველა ტიბეტელი შემომიერთდა. ჩემთვის სრულიად
უცხო ადამიანებმა ისეთი თანაგრძნობა გამომიცხადეს, გული
გამითბა. მთავრობამ სამძიმრის წერილი გამომიგზავნა,
რომელიც ლინგ რინპოჩეს სახელზე იყო. დედის

293
გარდაცვალების ამბავი ჩემთვის მას უნდა ეცნობებინა. მაგრამ
რატომღაც წერილი პირდაპირ ჩემთან მოხვდა. დედის
გარდაცვალებამ ძალიან დამამწუხრა. მას სულ უფრო
იშვიათად ვხვდებოდი, რადგან სამუშაოც მემატებოდა და
მოვალეობებიც. მაგრამ ეს ჩვენს სულიერ სიახლოვეს არ
დასტყობია. დანაკარგი ძალიან დიდი იყო. ყოველთვის ასეთი
გრძნობა მეუფლება, როცა უახლოესი ადამიანი გარდაიცვლება;
განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი ხანდაზმულია. რა თქმა უნდა,
დროთა განმავლობაში წინა თაობა ნელ-ნელა მიდის. ეს ასეც
უნდა იყოს. ჩემ ირგვლივ თანდათანობით უფრო მეტი
ადამიანი ტრიალებს, რომლებიც ჩემზე ახალგაზრდები არიან.
ჩემი ადმინისტრაციის წევრების საშუალო ასაკი
ოცდათხუთმეტ წელს ქვემოთაა. ჩემი აზრით, ეს ძალიან
კარგია. თანამედროვე ტიბეტის რთული მდგომარეობა
თანამედროვე აზროვნებას მოითხოვს. გარდა ამისა,
ადამიანებს, რომლებიც ძველ ტიბეტში გაიზარდნენ, უჭირთ
იმის გაგება, თუ რა ხდება იქ. უმჯობესი იქნება, რომ ამ
პრობლემაზე მომუშავე ხალხს მოგონებების ტვირთი არ
ამძიმებდეს. სწორედ ჩვენი შვილებისთვის მიმდინარეობს
ბრძოლა ტიბეტის კანონიერი დამოუკიდებლობის
დასაბრუნებლად. სწორედ მათ უნდა გააგრძელონ ეს ბრძოლა;
რა თქმა უნდა, თუკი ჯერ კიდევ აქვთ ამის სურვილი.
1982 წლის დასაწყისში დჰარამსალიდან ტიბეტში სამკაციანი
ჯგუფი გაემგზავრა ტიბეტის მომავალზე მოლაპარაკებების
გამართვის მიზნით. დელეგაციას ჯუჩენ ტჰუპტენ ნამგიელი
მეთაურობდა, კაშაგის მაშინდელი უხუცესი წევრი. მას
ახლდნენ პუნცოგ ტაში ტაკლა, ჩემი ყოფილი „კუსუნ დეპონი“,
რომელიც 1951 წელს ნგაბო ნგავანგ ჯიგმეს თარჯიმნობას
უწევდა, და ლოდი გიარპი, ტიბეტის სახალხო კრების („ჩჰეტუი
ლჰენკჰანგი“) თავმჯდომარე. პეკინში ყოფნისას ისინი ჩინეთის
მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ, რომ ორივე მხარეს
საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა.
ტიბეტელების მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგში,
უპირველეს ყოვლისა ფაქტების განხილვა შედიოდა,
რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ასახავდნენ. მათ ჩინელებს
შეახსენეს, რომ ისტორიულად ტიბეტი ყოველთვის
ჩინეთისგან დამოუკიდებლად არსებობდა. ეს ფაქტი
ჩინელებმა არაპირდაპირ ჯერ კიდევ მაშინ აღიარეს, როცა
პეკინმა ტიბეტს თავს მოახვია „ჩვიდმეტპუნქტიანი

294
შეთანხმება“. მეორე მხრივ, დელეგაციის წევრებმა ჩინელებს
განუცხადეს, რომ ტიბეტის „პროგრესს“, რომლის აშკარად
გაზვიადებული მასშტაბების რეკლამირებასაც ეწევიან,
ტიბეტელი ხალხისთვის სინამდვილეში არავითარი
სარგებლობა არ მოუტანია. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ჩინეთს
პრობლემების გადაჭრის ახალი გზები უნდა მოენახა;
უპირველეს ყოვლისა, მას ტიბეტში არსებული რეალური
მდგომარეობა უნდა ეღიარებინა.
დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ჩინელებს ისიც ჰქითხა, უნდა
ჰქონოდათ თუ არა ტიბეტელებს ისეთივე უფლებები,
როგორიც ჩინელებს; ყოველ შემთხვევაში, ჩინეთის
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტაივანის მცხოვრებლებს
ამგვარ უფლებებს მიანიჭებდა. მას მიუგეს, რომ ტაივანმა
მიიღო ზემოხსენებული პირობები, რადგანაც ის ბოლომდე
„გათავისუფლებული“ არ იყო, „მაგრამ ტიბეტი ხომ უკვე
სოციალიზმისკენ მიმავალ ნათელ გზას დაადგა“.
სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, ჩინელები, თავის მხრივ,
არავითარი არსებითი წინადადების შემოთავაზებას არ
აპირებდნენ. ისინი დელეგატებს ლექციებს უკითხავდნენ და
ტიბეტელებს იმაში გვადანაშაულებდნენ, თითქოს ჩვენ
კომისიების დასკვნებს ფაქტების დასამახინჯებლად
ვიყენებდით. ერთადერთი საკითხი, რომლის განხილვაც მათ
სურდათ, დალაი ლამას დაბრუნება იყო. ამ მიზნით მათ
ხუთპუნქტიანი დოკუმენტი შეადგინეს, რომელშიც
გარკვეული პირობები წამომიყენეს:
დალაი ლამა დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ჩინეთი
გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილურობის, განუხრელი
ეკონომიკური ზრდისა და ყველა ეროვნებას შორის
ურთიერთდახმარების ახალ სტადიაში შევიდა.
დალაი ლამა და მისი წარმომადგენლები გულახდილნი და
გულწრფელნი უნდა იყვნენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან
ურთიერთობაში. მათ სათქმელი პირდაპირ უნდა თქვან,
ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. თავი აღარ უნდა
ავარიდოთ საუბარს 1959 წლის მოვლენებთან დაკავშირებით.
ცენტრალური ხელისუფლება გულწრფელად მიესალმებოდა
ფაქტს, თუკი დალაი ლამა და მისი მომხრეები ტიბეტში
დაბრუნებას ისურვებდნენ. იმედია, ამ შემთხვევაში ისინი

295
თავიანთ წვლილს შეიტანენ ჩინეთის ერთიანობის
შენარჩუნებაში; ხელს შეუწყობენ ხანის,[40] ტიბეტელებისა და
სხვა ეროვნებების სოლიდარობის განმტკიცებას,
მოდერნიზაციის პროგრამის განხორციელებას.
დალაი ლამა ისარგებლებს იმავე პოლიტიკური სტატუსითა და
ცხოვრების პირობებით, რომლებიც მას 1959 წლამდე ჰქონდა.
ჩვენი ვარაუდით, არ არსებობს აუცილებლობა, მან ტიბეტში
იცხოვროს, ან იქ ადგილობრივი თანამდებობები დააწესოს. რა
თქმა უნდა, მას შეუძლია, დროგამოშვებით ეწვიოს ტიბეტს.
მის მომხრეებს სამუშაოზე მოწყობასთან და ცხოვრების
პირობებთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებათ. საქმე ამ
მხრივ წინანდელზე გაცილებით უკეთ იქნება.
როცა დალაი ლამა ტიბეტში დაბრუნებას მოისურვებს, მას
შეუძლია, ამის შესახებ მოკლე განცხადება გააკეთოს
პრესისთვის. რას იტყვის ამ განცხადების საშუალებით, მისი
საქმეა.
მას შემდეგ, რაც დელეგაცია დჰარამსალაში დაბრუნდა,
ჩინეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ამ მოლაპარაკებების
შინაარსის უხეშად დამახინჯებული ვერსია; ჩვენს პოზიციას
„გამთიშველი“, „რეაქციონერული“ უწოდა, რომელიც, მათი
თქმით, „ჩინელი ხალხისა და განსაკუთრებით, თავად
ტიბეტელი ხალხის მხრიდან ენერგიულ წინააღმდეგობას
წააწყდა“. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ „ახალი“ პოლიტიკა
ტიბეტის საკითხთან დაკავშირებით ძალიან შორს იყო იმ
პროგრესისგან, რომელსაც 70-იანი წლების ბოლოს
ვვარაუდობდით. როგორც ძველი ტიბეტური ანდაზა ამბობს:
„თვალწინ ტკბილეულს გიტრიალებენ, პირში კი სულ სხვა
რამეს გჩრიან.“
რაც შეეხება ხუთ პუნქტს, რომლებიც მე „მეძღვნებოდა“,
წარმოდგენა არა მაქვს, საიდან დაასკვნეს, რომ ჩემი პირადი
სტატუსი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენი
ამდენწლიანი ბრძოლის მთელი ამ წლების განმავლობაში მე
საკუთარ თავზე კი არა, ჩემი ექვსი მილიონი თანამემამულის
უფლებებზე, კეთილდღეობასა და თავისუფლებაზე
ვზრუნავდი. ამ ბრძოლის მიზანი სახელმწიფო საზღვრები და
ამ ტიპის საკითხები არ იყო. მტკიცედ მწამს, რომ
კაცობრიობისთვის ყველაზე მთავარია მისი შემოქმედებითი
შესაძლებლობები. ადამიანებს თავისუფლება სჭირდებათ, რომ

296
ეს შესაძლებლობები გამოიყენონ. მე დევნილობაში
თავისუფლება მაქვს. ამიტომ ჩემი მხრიდან არასწორი ნაბიჯი
იქნებოდა, ტიბეტში იქამდე დავბრუნებულიყავი, სანამ ყველა
ტიბეტელი არ მიიღებდა ასეთივე თავისუფლებას თავის
ქვეყანაში. ჩინეთის ადმინისტრაციასთან დისკუსია უნაყოფო
აღმოჩნდა, მაგრამ მე გადავწყვიტე, ცოტა ხნით მაინც
წავსულიყავი ტიბეტში, თუკი ოფიციალური პეკინი ამის
წინააღმდეგი არ იქნებოდა. მინდოდა, ჩემს ხალხთან მესაუბრა
და თვითონ გამომერკვია რეალური ვითარება. დადებითი
პასუხი მივიღეთ. დაიწყო მზადება, რომ 1984 წელს წინასწარ
წასულიყო ერთი ჯგუფი, მომდევნო წელს კი ტიბეტში მე
გავმგზავრებულიყავი.
ამასობაში, გადაადგილებაზე შეზღუდვების გაუქმების
წყალობით, ინდოეთში სულ უფრო მეტი ტიბეტელი
ჩამოდიოდა. მათი ნაკადი არ წყდება, თუმცა დევნილთა
რაოდენობამ თანდათან იკლო. ამ წიგნის წერის პროცესში
ინდოეთში 10 ათასამდე ადამიანი ჩამოვიდა; მათგან
დაახლოებით ნახევარი აქ საცხოვრებლად დარჩა. ისინი,
უმეტესად, ახალგაზრდები არიან, რომლებსაც უნდათ,
ისარგებლონ შესაძლებლობით და განათლება ჩვენს სკოლებსა
და სამონასტრო უნივერსიტეტებში მიიღონ. ბევრმა კი
ტიბეტში დაბრუნების გადაწყვეტილება მათგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიიღო.

ვცდილობ, ამ ადამიანთაგან თითოეულს პირადად შევხვდე. ეს


შეხვედრები ყოველთვის ემოციური ხასიათისაა. ჩამოსულთა
უმრავლესობა ნაღვლიანი, ალალმართალი ადამიანია, ცუდად
ჩაცმული და გაჭირვებული. ყოველთვის გამოვკითხავ ხოლმე
მათი ცხოვრების, მათი ოჯახების შესახებ. ზოგიერთს
საუბრისას თვალზე ცრემლი აქვს მომდგარი, ზოგი კი, როცა
თავის უბედურებაზე მომითხრობს, გულამოსკვნილი ტირის.
ამ პერიოდში ვხვდებოდი ტიბეტში ნამყოფ ტურისტებსაც,
რომელთა რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა. პირველად
ისტორიაში უცხოელებს (ძირითადად, დასავლეთის
ქვეყნებიდან) თოვლიანი ქვეყნის მონახულების ნება დართეს,
მაგრამ, სამწუხაროდ, მკაცრი შეზღუდვა დააწესეს. თუ „ღია
კარის პოლიტიკის“ საწყის პერიოდს არ ჩავთვლით, ქვეყანაში
შესვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. შეზღუდვა არ

297
ეხებოდა ტურისტებს იმ ჯგუფს, რომელსაც მარშრუტი
წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მკაცრად განსაზღვრული იყო
მათი რაოდენობაც. გარდა ამისა, უცხოელები ტიბეტელებთან
მინიმალურ კონტაქტსაც ვერ ამყარებდნენ, რადგან იმ
ტურისტული პუნქტების უმეტესობა, რომელთა მონახულებაც
შეიძლებოდა, ჩინელებს ეკუთვნოდა და ჩინელები
მართავდნენ. თითო-ოროლა ტიბეტელი იქ მსახურის ან
დამლაგებლის მოვალეობას ასრულებდა.
ყოველივე ეს იყო და კვლავ რჩება დაბრკოლებად, რომელიც
ხელს უშლის ტიბეტის გაცნობას. სამწუხაროდ, გიდები
ტურისტულ ჯგუფებს მხოლოდ იმ მონასტრებს უჩვენებენ,
რომლებიც ან აღდგენილია, ან აღდგენის პროცესშია.
უცხოელები ვერ ნახულობენ ათასობით მონასტრის
ნანგრევებს. მართალია, მთელ ტიბეტში, განსაკუთრებით კი
თავად ლჰასასა და მის შემოგარენში უკანასკნელი ათი წლის
განმავლობაში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ
ეს მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის კეთდება. ამას
ცინიზმი სულაც არ მალაპარაკებს. იმ ბერებს, რომლებსაც
მონასტრებში ცხოვრების უფლება მისცეს, ავალდებულებენ,
აღდგენითი სამუშაოები თავად ჩააატარონ (ამ საქმეს კერძო
შემოწირულებიდან შემოსული ფული ხმარდება). რელიგიური
პრაქტიკისთვის მათ დრო აღარ რჩებათ. ყოველივე ზემოთ
თქმულიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება.
კარგად გამოწვრთნილი გიდების „წყალობით“, ბევრი
ტურისტი ვერ ხვდება, რა ხდება სინამდვილეში. თუ ისინი
იკითხავენ, თუ რატომ გახდა საჭირო ამ მოცულობის
სარესტავრაციო სამუშაოები, მათ მრავალმნიშვნელოვანი
ოხვრით უპასუხებენ, რომ კულტურული რევოლუციის
ექსცესებმა ტიბეტამდეც კი მიაღწია; მაგრამ ჩინელი ხალხი,
რომელიც გულწრფელად წუხს იმის გამო, რაც „ოთხთა
ბანდის“ მმართველობის დროს მოხდა, ყოველ ღონეს
მიმართავს, რომ ეს შეცდომები გამოსწორდეს. არასოდეს
ამბობენ, რომ მონასტრების უმეტესობა კულტურულ
რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე დაანგრიეს. სამწუხაროა,
რომ ტიბეტი მისი ბევრი სტუმრისთვის ეგზოტიკური ქვეყანაა
და მეტი არაფერი... პასპორტში ჩარტყმული კიდევ ერთი
შტამპი... ისინი საკმაო რაოდენობის მონასტრებს
ათვალიერებენ, რომ ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ;
მათთვის ასევე საკმარისია ფერადი ტანსაცმლით მოსილი

298
მომლოცველების ნახვა ამ მონასტრებში, რომ ის ეჭვი გაუქრეთ,
რომელიც შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ეს ტურისტების
უმრავლესობას ეხება და არა ყველას. სწორედ ამაში
მდგომარეობს ის რეალური სარგებლობა, რაც ტურიზმს
ტიბეტისთვის მოაქვს. ამ სარგებლობას არაფერი აქვს საერთო
ეკონომიკასთან ან სტატისტიკასთან; ის უკავშირდება
ჩამომსვლელთა სწორედ იმ მცირე პროცენტს, რომელიც
ნამდვილი შემოქმედებითი წარმოსახვით გამოირჩევა და სურს,
ჭეშმარიტებას ჩასწვდეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც
იყენებენ ნებისმიერ შესაძლებლობას, თავიანთ თანმხლებ
პირებს დაუძვრნენ და დაინახონ ის, რაც მათი მზერისთვის
სულაც არ იყო განკუთვნილი; და, რაც უფრო მთავარია,
მოისმინონ ის ინფორმაცია, რომლის გაგებაც მათთვის
მიზანშეწონილი არ იყო.
1981-1987 წლებში ტიბეტში ჩამოსული ტურისტების რიცხვი
წელიწადში ათას ხუთასიდან 43 ათასამდე გაიზარდა. იმათგან,
ვისთანაც მერე კონტაქტს ვამყარებდით, შევიტყვეთ, რომ
ჩინეთის „ლიბერალიზმი“ ფარსია და მეტი არაფერი.
ტიბეტელები ისევ მოკლებული არიან სიტყვის
თავისუფლებას. პირისპირ საუბრისას ხალხი გამოთქვამს
უკმაყოფილებას ჩინეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის გამო,
მაგრამ საჯაროდ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს. გარდა ამისა,
ისინი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან; მკაცრად
კონტროლდება რელიგიური საქმიანობა. თუკი ობიექტურობის
გრძნობა არ გღალატობს, შეძლებ, დაინახო, რომ ტიბეტი
ნაწილია პოლიციური სახელმწიფოსი, რომელშიც ადამიანებს
ძალით, ტერორის გზით იმორჩილებენ. ეს ადამიანები კვლავ
შიშში ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ მაოს სიკვდილის
შემდეგ მათ ნამდვილი რეფორმების გატარებას შეჰპირდნენ.
ახლა ტიბეტელები გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან,
რადგან ჩამოსახლებული ჩინელების რიცხვი თანდათან
იზრდება და შთანთქმას უქადის ადგილობრივ მოსახლეობას.
ტიბეტში ნამყოფ მრავალ ადამიანს ჩემთვის ისიც კი უთქვამს,
რომ იქ გამგზავრებამდე მათში პროჩინური განწყობილება
ჭარბობდა, მაგრამ პოზიცია რადიკალურად შეიცვალეს მას
შემდეგ, რაც ნახეს. ბევრნი ამბობენ, რომ ადრე საერთოდ არ
აინტერესებდათ პოლიტიკა, ახლა კი იძულებული გახდნენ,
ფაქტები სულ სხვა თვალით აღიქვან.

299
იქიდან გამომდინარე, რომ ახალჩამოსული ტიბეტელებისა და
ტურისტებისგან ბევრი რამ შევიტყვე, დიდად არ გამკვირვებია,
როცა გავიგე, რომ 1983 წელს ჩინეთსა და ტიბეტს რეპრესიების
ახალმა ტალღამ გადაუარა. იუწყებოდნენ, რომ ლჰასაში,
შიგაცზესა და გიანცზეში მრავალი ადამიანი სიკვდილით
დასაჯეს, ჩამდოსა და კარცზეში - დააპატიმრეს. „ხრახნების
მოჭერა“ (რომელმაც თავად ჩინეთიც მოიცვა), ჩინელების
თქმით, ემსახურებოდა „დანაშაულებრივი და
ანტისაზოგადოებრივი ელემენტების“ წინააღმდეგ ბრძოლას,
მაგრამ ეს გამოთქმა, აშკარად, დისიდენტებს გულისხმობდა. ეს
ამბები ჩინეთის პოლიტიკის გამკაცრებაზე მიუთითებდა,
მაგრამ მათ დადებითი ასპექტიც ჰქონდა. ინფორმაცია ჩინეთის
მოქმედებაზე ტიბეტში პირველად გავრცელდა საერთაშორისო
პრესის საშუალებით, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ტიბეტში
კორესპონდენტების გაგზავნის ნებართვა მიიღო. ცნობებს
რეპრესიების შესახებ საზღვარგარეთ მცხოვრები ტიბეტელების
მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს
ახალი ტერორი მაოს ეპოქის ძველ, სასტიკ მეთოდებთან
მიბრუნებას ნიშნავდა. დელიში და ინდოეთის ყველა ტიბეტურ
დასახლებაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები
გაიმართა. ჩემი მხრივ, ნაადრევად მიმაჩნდა იმაზე ლაპარაკი,
თუ რასთან გვქონდა საქმე სინამდვილეში - ეს სისასტიკე დენ
სიაოპინის რეჟიმის მიმართ კონსერვატიული ძალების
საპასუხო რეაქცია იყო, თუ ტიბეტი ისევ შავბნელ პერიოდს
უბრუნდებოდა. ერთი რამ ცხადი იყო - ჯგუფი, რომელიც
ტიბეტში ჩემს ვიზიტამდე უნდა ჩასულიყო, ახლა ჩინეთში
გამგზავრებასაც ვერ ახერხებდა. შესაბამისად, ჩემი ვიზიტიც
გაურკვეველი ვადით გადაიდო.
1984 წლის მაისისთვის ნათელი გახდა, რომ ჩინეთმა
„გადახედა“ თავის პოლიტიკას ტიბეტთან დაკავშირებით - ჰუ
იაობანის დაპირების საწინააღმდეგოდ (რომელიც სიტყვას
იძლეოდა, რომ ტიბეტში ჩინელ მუშა-მოსამსახურეთა რიცხვს
85%-ით შეამცირებდა), დაიწყო მასობრივი იმიგრაციის
წახალისება ოფიციოზის მხრიდან. „განვითარების
ხელშეწყობის“ საბაბით შეაგროვეს 60 ათასი კვალიფიციური და
არაკვალიფიციური მუშა, რომ ამ პროცესისთვის საფუძველი
ჩაეყარათ. ამ ადამიანებს აძლევდნენ ფინანსურ გარანტიებს;
ჰპირდებოდნენ საცხოვრებელ ბინას და ფულად შემწეობას
შორეულ ადგილას მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით.

300
ამავე დროს, ჩინეთში გადაადგილებაზე შეზღუდვის
შესუსტებით ისარგებლა ბევრმა კერძო პირმა, რომლებიც
სამუშაოს შოვნის პერსპექტივამ აცდუნა. როგორც ტიბეტური
ანდაზა ამბობს, „სადაც ერთი ჩინელია, იქ ათი გაჩნდება“. ასე
რომ, ტიბეტს უამრავი ჩინელი მიაწყდა. მათი რიცხვი დღითი
დღე იზრდება.
ამავე წლის გვიან შემოდგომაზე მოკლეს ინდირა განდი.
ტიბეტელმა ლტოლვილებმა ნამდვილი მეგობარი დაკარგეს. ეს
ამბავი გზაში შევიტყვე, როცა ლონდონიდან დელისკენ
მოვემგზავრებოდი. თავზარდაცემული ვიყავი - სწორედ იმ
დღეს მასთან და ჯ. კრიშნამურტისთან ერთად ოფიციალურ
საუზმეს უნდა დავსწრებოდი. პრემიერ-მინისტრის
თანამდებობაზე ის მისმა შვილმა, რაჯივმა შეცვალა,
რომელსაც, როგორც ახალგაზრდა ლიდერს, სულითა და
გულით სურდა, თავის ქვეყანას გამოსდგომოდა; ასევე
ცდილობდა, ინდოეთში მცხოვრები ლტოლვილებისთვისაც
საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაეკეთებინა.
რაჯივ განდი კეთილშობილი, გულითადი, რბილი ხასიათის
ადამიანი იყო. კარგად მახსოვს, პირველად რომ ვნახე. 1956
წელს, ინდოეთში ჩემი ვიზიტის დროს, მისი ბაბუას, პანდიტ
ნერუს რეზიდენციაში საუზმეზე ვიყავი მიწვეული. როცა
პრემიერმა ბაღში გამიყვანა, ორი პატარა ბიჭი დავინახე,
რომლებიც პიროტექნიკური მოწყობილობის ირგვლივ
ფუსფუსებდნენ და უშედეგოდ ცდილობდნენ ცაში მის
აშვებას. ეს ბავშვები რაჯივი და მისი უფროსი ძმა, სანჯაი
იყვნენ.
თითქმის ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა ლობსან სამტენი.
ტიბეტმა თავისი ერთ-ერთი უდიდესი დამცველი დაკარგა. ის
მხოლოდ 54 წლის იყო. ჩემი ღრმა მწუხარების მიუხედავად,
მისი სიკვდილი არ გამკვირვებია. როცა ის ტიბეტში კომისიის
წევრის სტატუსით იმყოფებოდა, ნანახმა მასზე უკიდურესად
მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ლობსანს ვერ გაეგო, როგორ
შეეძლოთ ჩინელებს, ტიბეტის ამდენ ტანჯვასა და
უბედურებას ასეთი გულგრილობით მოჰკიდებოდნენ. ადრე
მას ძალიან უყვარდა ხუმრობა, სიცილი (დახვეწილი იუმორი
ჰქონდა), ტიბეტიდან ჩამოსული კი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.
გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მისი სიკვდილის
მიზეზი ტკივილისგან დაფლეთილი გული იყო.

301
ლობსან სამტენის გარდაცვალებამ ძალიან დამამწუხრა; არა
მარტო იმიტომ, რომ, გარდა ძმისა, ის ჩემი ახლო მეგობარიც
იყო; იმიტომაც, რომ საბედისწერო ავადმყოფობის დროს მის
გვერდით ყოფნა ვერ შევძელი. უკანასკნელად ერთმანეთს
დელიში მისი ვიზიტის დროს შევხვდით. როგორც ტიბეტის
სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორს, აქ მას სამსახურებრივი
საქმეები ჰქონდა. ლობსან სამტენი თავის მეუღლესთან ერთად
დჰარამსალაში ავტობუსით უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ
საქმის გამო წასვლა ერთი დღით გადადო. მეორე დღეს იგი
დჰარამსალაში ჩემთან ერთად გაემგზავრებოდა. მაგრამ უკვე
რკინიგზის სადგურში მოსულმა გადაწყვეტილება შეცვალა. ის
საქმეებს ბოლომდე ვერ მორჩა და საჭიროდ ჩათვალა, დელიში
ცოტა ხნით კიდევ დარჩენილიყო. ეს მას ახასიათებდა.
არასოდეს ზოგავდა თავს. ერთი დღის შემდეგ ლობსანს
სრულიად უმიზეზოდ სიცხემ აუწია. ტემპერატურა იმდენად
მაღალი ჰქონდა, რომ ლოგინად ჩააგდო. მერე პნევმონია
განუვითარდა, რომელიც სიყვითლემ გაურთულა და სამი
კვირის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც.
ყოველთვის, როცა ჩემს ძმაზე ვფიქრობ, მაოცებს მისი
თავმდაბლობა. ის ისეთივე პატივისცემით მექცეოდა, როგორც
ნებისმიერი სხვა ტიბეტელი და არა ისე, როგორც ძმა. როცა შინ
ვბრუნდებოდი, ანდა სადმე მივემგზავრებოდი, ის ყოველთვის
ჩემი რეზიდენციის ჭიშკართან, ხალხის რიგში იდგა, რომ
მომსალმებოდა ან გზა დაელოცა ჩემთვის. ის არა მარტო
თავმდაბალი, ძალიან გულმოწყალეც იყო. მახსოვს, ერთხელ
მასთან საუბარში კეთროვანთა კოლონია ვახსენე, რომელიც
აღმოსავლეთ ინდოეთში, ორისაში მდებარეობდა. ისიც, ჩემს
მსგავსად, ძალიან აფასებდა ნებისმიერ სამუშაოს, რომელიც
ადამიანებისთვის ტანჯვის შემსუბუქებას ემსახურებოდა.
ამიტომ, როცა ვუთხარი, შეგვეძლო თუ არა ინდოეთში
მცხოვრებ ტიბეტელებს, მათ რამეში დავხმარებოდით,
ლობსანმა ცრემლები ვერ შეიკავა და შესძახა, რომ ყველაფერს
გააკეთებდა, რაც კი შეეძლო.
მას შემდეგ, რაც 1979, 1981 და 1984 წლებში აშშ-ს ვსტუმრობდი,
ტიბეტის დახმარების სურვილი ამ ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ
გამოთქვა. 1985 წლის ივლისში ამერიკის შეერთებული
შტატების კონგრესის 91-მა წევრმა ხელი მოაწერა წერილს ლი
სიანიანისადმი, რომელიც მაშინ სრულიად ჩინეთის
წარმომადგენელთა კრების[41] პრეზიდენტი იყო.

302
კონგრესმენები მხარს უჭერდნენ ჩინეთის მთავრობასა და ჩემს
წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გამართვის იდეას
და ჩინეთისგან კატეგორიულად მოითხოვნდნენ, რომ მას
„მისი უწმინდესობის, დალაი ლამასა და მისი ხალხის ყველა
გონივრული და კანონიერი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა“.
ტიბეტმა პირველად მიიღო ოფიციალური პოლიტიკური
მხარდაჭერა. ამ ფაქტმა იმედი გამიღვივა, რომ ჩვენი საქმის
სამართლიანობა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებდა.
სწორედ ამას ადასტურებდა სხვა ქვეყნების მზარდი ინტერესი
ტიბეტელი ხალხის პრობლემის მიმართ. მათაც, აშშ-ის
მსგავსად, ხმა აიმაღლეს ჩვენს დასაცავად.
1987 წლის დასაწყისში მივიღე მიწვევა და შემოთავაზება აშშ-ის
კონგრესის ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომაზე
სიტყვით გამოვსულიყავი. მიწვევა მადლიერებით მივიღე.
ვიზიტის თარიღი შემოდგომისთვის იყო დანიშნული. ჩემმა
მეგობრებმა მირჩიეს, მესარგებლა ამ შესაძლებლობით და
ტიბეტის საკითხის მოსაგვარებლად წამომეყენებინა
კონკრეტული ღონისძიებები, რომლებსაც მთელი მსოფლიოს
სამართლიანობისთვის მებრძოლნი სოლიდარობას
გამოუცხადებდნენ. ეს რჩევა ძალიან მომეწონა და პუნქტებად
ჩამოვაყალიბე ის აზრები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის
განმავლობაში დამიგროვდა.
სწორედ ამერიკაში ჩემს გამგზავრებამდე კონგრესმა
გამოაქვეყნა ახალი ანგარიში ტიბეტში ადამიანის უფლებათა
დარღვევების შესახებ. მასში ნათქვამი იყო, რომ კონგრესის
მიერ 1985 წელს გაგზავნილი წერილი ჩინეთის მიერ
იგნორირებულ იქნა. „არავითარი საიმისო ნიშნები არ ჩანს, რომ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დალაი ლამას გონივრულ და
სამართლიან მოთხოვნებს გაითვალისწინებს“.
1987 წლის 21 სექტემბერს კაპიტოლიუმის ბორცვზე,
აუდიტორიის წინაშე ჩემი მიმართვა წავიკითხე, რომელიც
შემდეგ ცნობილი გახდა „ხუთპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის“
სახელწოდებით.
ეს პუნქტებია:
მთელი ტიბეტის მშვიდობის ზონად გადაქცევა;

303
ჩინეთის მიერ უარის თქმა გადასახლების პოლიტიკაზე, რაც
საფრთხეს უქმნის ტიბეტელების, როგორც ერის, არსებობას;
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და დემოკრატიული
თავისუფლებების პატივისცემა ტიბეტელი ხალხის მიმართ;
ბუნებრივი გარემოს აღდგენა და დაცვა; ჩინეთმა უარი უნდა
თქვას ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ტიბეტის
გამოყენებაზე; ტიბეტი არ უნდა იქცეს ბირთვული იარაღის
წარმოების ნარჩენების ნაგავსაყრელად;
ღია მოლაპარაკებების გამართვა ტიბეტის მომავალ
სტატუსთან და ტიბეტელი და ჩინელი ხალხების
ურთიერთობასთან დაკავშირებით.
ეს პუნქტები რომ წარვადგინე, აუდიტორიას ვთხოვე,
კითხვები დაესვა. ამ დროს დარბაზში მყოფთა შორის
რამდენიმე ადამიანი შევნიშნე, რომლებიც თითქოს ჩინელებს
ჰგავდნენ. მათ ვინაობა ვკითხე. ისინი ჯერ ცოტათი დაიბნენ,
მერე კი მიპასუხეს, რომ ახალი ჩინეთის ახალი ამბების
სააგენტო „სინხუას“ წარმომადგენლები იყვნენ. სხვათა შორის,
ამის შემდეგ ხშირად შემინიშნავს, რომ ჩინეთის ხელისუფლება
საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩემს გამოსვლებზე თავის
დამკვირვებლებს გზავნის. ხშირად ეს ადამიანები პირადად ჩემ
მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ხანდახან ისინი სარკასტულ
და აშკარად წინასწარ დაგეგმილ კითხვებს მისვამენ, მაგრამ
დამნაშავის გამომეტყველებით.
მინდოდა, მსმენელთათვის ზოგად შტრიხებში ამეხსნა, რას
ნიშნავდა „ხუთპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა“. მისი პირველი
კომპონენტი, ანუ ჩემი შეთავაზება იმის შესახებ, რომ მთელი
ტიბეტი, აღმოსავლეთ პროვინციების, კჰამისა და ამდოს
ჩათვლით, „აჰიმსას“ ზონად უნდა გამოცხადებულიყო
(„აჰიმსა“ ინდური ტერმინია, რომელიც გულისხმობს
მშვიდობას და გამორიცხავს ყოველგვარ ძალადობას), რაც
სრულიად შეესაბამება ტიბეტის, როგორც ბუდისტური
ქვეყნის, მშვიდობისმოყვარე ბუნებას. მშვიდობის ზონად
ნეპალმაც გამოაცხადა საკუთარი თავი, რასაც ჩინეთმა მხარი
დაუჭირა. ამ იდეის განხორციელება ტიბეტს საშუალებას
მისცემდა, საკუთარ თავზე აეღო ნეიტრალური ბუფერული
ქვეყნის ისტორიული როლი კონტინენტის დიდ
სახელმწიფოებს შორის.

304
მომდევნო პუნქტები „აჰიმსას“ სავარაუდო ზონის შექმნის
საკვანძო ელემენტებს წარმოადგენდა:
- უნდა განხორციელებულიყო მთელი ტიბეტის მთიანეთის
სრული დემილიტარიზაცია;
- უნდა აკრძალულიყო ბირთვული და სხვა ტიპის იარაღის
წარმოება, გამოცდა და შენახვა;
- ტიბეტის მთიანეთი მსოფლიოს უდიდეს ბიოსფერულ
ნაკრძალად უნდა გადაქცეულიყო; მკაცრი კანონების
საფუძველზე დაცული უნდა ყოფილიყო ცხოველთა და
მცენარეული სამყარო; ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია
გულდასმით უნდა დარეგულირებულიყო, რათა ეკოსისტემას
საფრთხე არ დამუქრებოდა. ინტენსიურად დასახლებულ
რაიონებში გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკა უნდა
გაეტარებინათ.
- აიკრძალებოდა ბირთვული ენერგიისა და სხვა
ტექნოლოგიების წარმოება და გამოყენება, რომელთა
ნარჩენები საფრთხეს შეიცავს;
- ნაციონალური რესურსები და პოლიტიკა უშუალოდ იქნება
მიმართული მშვიდობის აქტიური განმტკიცებისა და გარემოს
დაცვისკენ. ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა მშვიდობის
შენარჩუნებასა და სიცოცხლის ყოველგვარი ფორმის დაცვას
ემსახურება, ტიბეტი სიამოვნებით უმასპინძლებს.

- ტიბეტში წახალისებული იქნება ადამიანის უფლებათა


დამცველი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების
ჩამოყალიბება.
„აჰიმსას“ ზონის შექმნა საშუალებას მისცემს ინდოეთს,
გამოიყვანოს თავისი ჯარები ჰიმალაის მთების რაიონიდან
(რომელიც ტიბეტს ესაზღვრება) და მოახდინოს სამხედრო
ტექნიკის დემონტაჟი. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება
მიღწეულ იქნას საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც
დააკმაყოფილებდა ჩინეთის უსაფრთხოების კანონიერ
მოთხოვნებს და ხელს შეუწყობდა ტიბეტელებს, ჩინელებსა და
ამ რეგიონის სხვა ხალხებს შორის ნდობის განმტკიცებას. ეს
საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთისა და
ინდოეთისთვის; ამ ღონისძიებათა გატარება ხომ მათ

305
უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და, ამავე დროს, ჰიმალაის
სასაზღვრო ზონაში მრავალრიცხოვანი ჯარის შენახვის
ეკონომიკურ ტვირთს შეუმსუბუქებს. ისტორიულად, ჩინეთსა
და ინდოეთს არასოდეს ჰქონიათ დაძაბული ურთიერთობა.
სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როცა ჩინეთის არმია ტიბეტში
შემოვიდა, რამაც საერთო საზღვრის შექმნა გამოიწვია;
საბოლოოდ კი ორი მრავალმილიონიანი სახელმწიფო 1962
წლის ომამდე მიიყვანა. მას შემდეგ საშიში ინციდენტები არ
შეწყვეტილა. მათ შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის
აღდგენას ერთმანეთისგან გამოცალკევება უზრუნველყოფს.
ბუფერის როლს, როგორც წინათ, მეგობრულად განწყობილი
ტიბეტი შეასრულებს.
ტიბეტელ და ჩინელ ხალხებს შორის ურთიერთობა რომ
გაუმჯობესდეს, უპირველეს ყოვლისა, ნდობა უნდა
დამყარდეს. ტიბეტში უკანასკნელი სამი ათწლეულის
მანძილზე გრძელდებოდა დამანგრეველი ომი, მილიონ ორას
ორმაცდაათი ათასი ტიბეტელი იმსხვერპლა შიმშილმა,
სიკვდილით დასჯამ, წამებამ, თვითმკვლელობებმა;
ათეულობით ათასი კი საკონცენტრაციო ბანაკებში
იტანჯებოდა. ამიტომ ჭეშმარიტი შერიგების პროცესს მხოლოდ
ტიბეტიდან ჩინეთის ჯარების გამოყვანა ჩაუყრის საფუძველს.
მრავალრიცხოვანი საოკუპაციო ჯარების ყოფნა ტიბეტში
ყოველდღიურად შეახსენებს ტიბეტელებს გადატანილ
განსაცდელსა და საშინელ ტანჯვას (მით უმეტეს, რომ ეს
პროცესი კვლავაც გრძელდება). ჯარების გამოყვანა იმის
საიმედო ნიშანი იქნებოდა, რომ მომავალში ჩინეთთან
მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა
იქნება, რაც სარგებლობას მოუტანს ორივე მხარეს.

სამწუხაროდ, ჩინეთმა ჩემი შეთავაზებების პირველი ნაწილი


გამოყოფისკენ მისწრაფებად ახსნა, რაც მე არ მიგულისხმია. მე
მხოლოდ მინდოდა, მეთქვა: თუკი ჩვენს ხალხებს
(ტიბეტელებსა და ჩინელებს) შორის ჭეშმარიტი ჰარმონია
არსებობს, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ რომელიმე მხარე
დათმობაზე უნდა წავიდეს ან, ყოველ შემთხვევაში, შერიგების
სურვილი რაღაც ფორმით მაინც გამოხატოს. ხოლო ვინაიდან
ტიბეტი დაზარალებული მხარეა და ჩვენ, ტიბეტელებმა,
ყველაფერი დავკარგეთ, რაც გვქონდა, ჩინელებისთვის
არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია. შესაბამისად, გონივრული

306
იქნებოდა, ნდობის ატმოსფეროს შექმნის მიზნით, თოფიან
ხალხს ტიბეტი დაეტოვებინა (არა აქვს მნიშვნელობა, ეს თოფი
ჩანს თუ მალავენ). „მშვიდობის ზონა“ მე ასე მესმის: ეს,
უბრალოდ, ის ტერიტორიაა, სადაც იარაღს არავინ ატარებს. ეს
თავად ჩინელებსაც დიდ ეკონომიკურ მოგებას მისცემდა.
ტიბეტში მრავალრიცხოვანი უმოქმედო ჯარის შენახვაზე
დახარჯული სახსრები მათი განვითარების გზაზე მდგარი
ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.
ჩემი „ხუთპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის“ მეორე კომპონენტი
ეხებოდა უზარმაზარ საფრთხეს, რომელიც ემუქრებოდა
ტიბეტელების, როგორც დამოუკიდებელი ნაციის, არსებობას,
კერძოდ, ტიბეტში ჩინელების მასობრივ ჩამოსახლებას. 80-იანი
წლების ბოლოს ცხადი გახდა, რომ ოფიციალური პეკინი ამ
პოლიტიკას თანმიმდევრულად ახორციელებდა, რასაც
კულუარებში „საკითხის საბოლოო გადაწყვეტად“
მიიჩნევდნენ. ჩინეთის ხელისუფლებას მკვიდრი ტიბეტელი
მოსახლეობის რაოდენობა უმნიშვნელო ნიშნულამდე
დაჰყავდა და ამ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში უუფლებო
უმცირესობად აქცევდა. ასეთ პოლიტიკას ზღვარი უნდა
დასდებოდა. ჩინელი მოქალაქეების ასეთი მასობრივი
გადასახლება ტიბეტში ეწინააღმდეგება ჟენევის მეოთხე
კონვენციას. ამ პროცესის შედეგად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ
რაიონებში ჩინელები რიცხობრივად აღემატებიან ტიბეტელებს.
მაგალითად, ცინხაის პროვინციაში (რომელშიც ახლა შედის
ამდოს რაიონი, სადაც მე დავიბადე), სტატისტიკის მიხედვით,
ორმილიონ-ნახევარი ჩინელი და მხოლოდ 750 ათასი ტიბეტელი
ცხოვრობს. ე.წ. ტიბეტის ავტონომიურ რაიონში (ანუ
ცენტრალურ და დასავლეთ ტიბეტში), ჩვენს ხელთ არსებული
ცნობებით, ჩინელების რაოდენობა ტიბეტელებისას სჭარბობს.
ეს პოლიტიკა ახალი არაა. ჩინეთი მას სხვა რაიონებშიც
სისტემატურად მიმართავდა. არც ისე დიდი ხნის წინ
მანჯურიელები დამოუკიდებელ ნაციას წარმოადგენდნენ,
რომელსაც საკუთარი კულტურა და ტრადიციები ჰქონდა.
დღეს კი მანჯურიაში, სადაც 75 მილიონი ჩინელი დასახლდა,
ორი თუ სამი მილიონი მანჯურიელი დარჩა. აღმოსავლეთ
თურქესტანში, რომელსაც ჩინელები ახლა სინძიანს უწოდებენ,
1949 წელს ჩინელების რაოდენობა 200 ათასს შეადგენდა, დღეს
კი მათმა რიცხვმა 7 მილიონს მიაღწია. ჩინელების მიერ შიდა
მონღოლეთის კოლონიზაციის შედეგად ჩინელების

307
რაოდენობამ იქ 8.5 მილიონს მიაღწია, მონღოლების რიცხვი
მხოლოდ 2.5 მილიონს შეადგენს.
ტიბეტელები რომ, არ გადაშენდნენ როგორც ერი, უნდა
შეწყდეს ჩინელების ჩამოსახლება, ხოლო უკვე
ჩამოსახლებულებს ჩინეთში დაბრუნების საშუალება უნდა
მიეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტიბეტელები იქცევიან
მხოლოდ სატყუარად ტურისტებისთვის და დიადი წარსულის
რელიქტად. დღეს ჩინელებს, ეტყობა, ტიბეტში მატერიალური
სტიმული აკავებთ. მათი ცხოვრების პირობები საკმაოდ მძიმეა
- როგორც იუწყებიან, ჩინელებს შორის ძალიან
გავრცელებულია მთის ავადმყოფობა.
ჩემ მიერ წამოყენებული წინადადების მესამე კომპონენტი
ეხება ადამიანის უფლებებს ტიბეტში. ამ უფლებებს პატივს
უნდა სცემდნენ. ტიბეტელმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს
თავისუფლება, რათა განვითარდეს კულტურული,
ინტელექტუალური, ეკონომიკური, სულიერი თვალსაზრისით;
უნდა ჰქონდეს საშუალება, ძირითადი დემოკრატიული
თავისუფლებებით ისარგებლოს. ტიბეტი იმ ქვეყნებს
მიეკუთვნება, სადაც ძალიან უხეშად ირღვევა ადამიანის
უფლებები. ეს დადგენილია Amnesty International-ისა და სხვა
ანალოგიური ორგანიზაციების მიერ. ტიბეტში დისკრიმინაციას
აშკარა აპარტეიდის სახე აქვს. მას ჩინელები „სეგრეგაციას“ა და
„ასიმილაციას“ უწოდებენ, სინამდვილეში კი ტიბეტელები
საკუთარ ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, მეორეხარისხოვან
მოქალაქეებად ითვლებიან. ისინი, ყველა ძირითად
დემოკრატიულ უფლებასა და თავისუფლებას მოკლებულნი,
კოლონიური ოკუპაციის რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ.
რეალური ძალაუფლება ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და
სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ფუნქციონერთა
ხელშია. ჩინეთის ხელისუფლება ახლა ზოგიერთი ბუდისტური
მონასტრის აღდგენისა და რელიგიური მსახურების ჩატარების
უფლებას იძლევა, მაგრამ კრძალავს ნებისმიერი სერიოზული
სახით რელიგიის შესწავლასა და სწავლებას. ამრიგად,
ტიბეტელებს ემიგრაციაში აქვთ საშუალება, ისარგებლონ
დემოკრატიული უფლებებით, რომლებსაც უზრუნველყოფს
ჩემ მიერ 1953 წელს გამოქვეყნებული კონსტიტუცია; ამ დროს
კი ჩემი ათასობით თანამემამულე თავისი რწმენისა და
თავისუფლების სიყვარულის გამო კვლავ ციხეებსა და შრომით
ბანაკებში იტანჯება. ის ტიბეტელები, რომლებიც ჩინეთის

308
მიმართ ლოიალურობას გამოიჩენენ, „პროგრესულებად“
ითვლებიან, ხოლო მათ, ვინც საკუთარი სამშობლოს
ერთგულია, „დამნაშავის“ იარლიყს აკრავენ და აპატიმრებენ.
ჩემი „გეგმის“ მეოთხე პუნქტი ტიბეტის ბუნებრივი გარემოს
აღდგენის მოწოდება იყო. ტიბეტი ბირთვული იარაღის
წარმოებისთვის და ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილი
ნარჩენების დასამარხავად არ უნდა გამოიყენონ. ტიბეტელები
ღრმა პატივისცემით ეკიდებიან სიცოცხლის ყოველგვარ
გამოვლინებას. ამ თანდაყოლილ გრძნობას ბუდისტური
რწმენაც გვიძლიერებს, რომელიც კრძალავს ზიანის მიყენებას
ნებისმიერი ცოცხალი არსებისათვის, ადამიანი იქნება ეს თუ
ცხოველი. ჩინეთის შემოჭრამდე ტიბეტი უნიკალური
ბუნებრივი პირობების მქონე სუფთა, მშვენიერი,
ხელუხლებელი ნაკრძალი იყო.
სამწუხაროდ, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეული მანძილზე
ტიბეტის ბუნებამ უზარმაზარი ზარალი განიცადა. ბევრ
ადგილას ტყეები ისე გაიჩეხა, მათი პირვანდელი სახით
აღდგენა შეუძლებელია. აქაური ბუნება გამანადგურებელი
ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. ტიბეტის მაღალმთიანი
მდებარეობა და გვალვიანობა მცენარეული საფარის აღდგენის
პროცესს აფერხებს და მას გაცილებით მეტი დრო სჭირდება,
ვიდრე დაბლობის ნესტიან რაიონებში. ამის გამო ის მცირედიც,
რაც გადარჩა, დაცული უნდა იყოს; ყველაფერი უნდა გაკეთდეს
იმისათვის, რომ აღმოიფხვრას შედეგები, რომლებიც ტიბეტის
ბუნების მიმართ ჩინელების საზარელმა და თავაწყვეტილმა
მოპყრობამ გამოიწვია.
როგორც ჩანს, ჩინეთი ტიბეტში არა მარტო თავის მიერ
წარმოებული ბირთვული იარაღის ნარჩენებს მარხავს, არამედ
მყარი ვალუტის ფასად სხვა ქვეყნებიდან ანალოგიური
ნარჩენების იმპორტს ეწევა. საფრთხე აშკარაა. იგი ემუქრება
არა მარტო ახლანდელ თაობას, არამედ მომავალსაც. გარდა
ამისა, ის გარდაუვალი პრობლემები, რომლებიც გარკვეული
რაიონის ფარგლებში წარმოიქმნება, ადვილად შეიძლება
გლობალური მასშტაბების კატასტროფაში გადაიზარდოს.
ნარჩენების გადაცემა ჩინეთისთვის, რომელიც ნაკლებად
დასახლებული რეგიონებსაც ფლობს, მაგრამ ტექნოლოგია
პრიმიტიული აქვს, პრობლემის მხოლოდ მოკლევადიან,
დროებით გადაწყვეტად თუ ჩაითვლება.

309
საზოგადოებრიობას მოვუწოდე, ჩატარებულიყო
მოლაპარაკებები ტიბეტის მომავალ სტატუსთან
დაკავშირებით; გამოვთქვი იმედი, რომ ეს საკითხი
გულახდილობისა და ნდობის ატმოსფეროში განიხილებოდა.
მხოლოდ ამ პირობებში დაისახებოდა პრობლემის მოგვარების
ისეთი გზა, რომელიც დიდი ხნით დააკმაყოფილებდა
ტიბეტელების, ჩინელების და, საბოლოო ჯამში, მთელი
მსოფლიოს ადამიანების ინტერესებს. ამ თემაზე რომ საჯაროდ
ვსაუბრობდი, კიდევ ერთი მიზანი მამოძრავებდა - ერთ
რეგიონში მშვიდობის დამყარებით წვლილი შემეტანა
დედამიწაზე საყოველთაო მშვიდობის დამყარების საქმეში.
ჩემი ამოცანა ჩინელების კრიტიკა არ იყო; პირიქით, მინდოდა,
რითაც შემეძლო, დავხმარებოდი მათ. ვიმედოვნებდი, რომ ჩემ
მიერ წამოყენებული იდეები რამეში წაადგებოდათ. მაგრამ
ჩინელებმა ამჯობინეს, ჩემს წინადადებებში მხოლოდ
სეპარატიზმისკენ მოწოდება ამოეკითხათ (თუმცა, რაც შეეხება
ტიბეტის მომავალს, მის სუვერენიტეტზე სიტყვაც არსად
დამიძრავს) და ოფიციალურმა პეკინმაც მკაცრად გააკრიტიკა
ჩემი გამოსვლა.
ეს ჩინელებისთვის ჩვეულებრივი საქციელი იყო. ძალიან არც
ტიბეტელი ხალხის რეაქციას გავუკვირვებივარ (თუმცა მის ამ
ფორმით გამოხატვას არ ველოდი). ვაშინგტონში ჩემი
გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე ცნობები, რომ
ლჰასაში უზარმაზარი დემონსტრაციები გაიმართა.

საყოველთაო პასუხისმგებლობა და კეთილშობილება


მოგვიანებით შევიტყვე, რომ 1987 წლის სექტემბრისა და
ოქტომბრის დემონსტრაციები უშუალოდ მოჰყვა ჩინეთის
მთავრობის მხრიდან ჩემი „ხუთპუნქტიანი სამშვიდობო
გეგმის“ მკვეთრ კრიტიკას. ლჰასის ათასობით მცხოვრები
ქუჩაში გამოვიდა, რომ ტიბეტის დამოუკიდებლობა მოეთხოვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ ამ გამოსვლებს
ძალადობითა და სისასტიკით უპასუხა. დემონსტრაციის
დასაშლელად შეიარაღებული პოლიცია მიუშვეს,
დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს და ცხრამეტი კაცი
დახოცეს. გაცილებით მეტი იყო დაჭრილი.

310
თავიდან ჩინელები საერთოდ უარყოფდნენ, რომ
ხელისუფლებამ იარაღი გამოიყენა და ამბობდნენ, რომ მათი
მხრიდან ერთი ტყვიაც კი არ გავარდნილა. ექვსი თვის შემდეგ
მათ აღიარეს, რომ უშიშროების ძალების წარმომადგენლებმა
რამდენჯერმე გაისროლეს, მაგრამ ჰაერში, ხალხის
გაფრთხილების მიზნით. ჩინელებიც კი არ გამორიცხავდნენ,
რომ ზოგიერთი ტყვია შემთხვევით შეიძლება ვინმეს
მოხვედროდა (როცა ეს გავიგე, გავიფიქრე: ნეტავ, ახალი
საიდუმლო იარაღი ხომ არ გამოუგონებიათ, რომლის ტყვიაც
ტიბეტელს თავისით ცნობს-მეთქი).
ცნობამ დემონსტრაციების, მათი უმოწყალოდ დარბევისა და
სისხლისღვრის შესახებ მთელ მსოფლიოს გადაუარა და
პირველად 1959 წლის შემდეგ ტიბეტის მოვლენებს ახალი
ამბების სააგენტოებმა მთავარი ადგილი დაუთმეს. თუმცა
მხოლოდ მოგვიანებით გავიგე დეტალურად, თუ რა მოხდა
სინამდვილეში. ამას იმ დასავლელ ტურისტებს უნდა
ვუმადლოდე, რომლებიც არეულობის დროს ლჰასაში
იმყოფებოდნენ. მათ (ორმოცმა ადამიანმა) შეადგინეს ჯგუფი
და წარმოადგინეს ანგარიში იმ სასტიკი ქმედებების შესახებ,
რომელთა მოწმენიც ისინი გახდნენ. ამ ანგარიშიდან შევიტყვე,
რომ ორივე დემონსტრაცია ერთნაირი სქემით წარიმართა.
თავიდან სულ რამდენიმე ბერი შეიკრიბა ჯოკჰანგის ტაძრის
წინ შეძახილებით: „ბო რანგზენ!“ („დამოუკიდებლობა
ტიბეტს!“). მათ სწრაფად შეუერთდა თავიდან ასეულობით,
შემდეგ ათასობით საერო პირი, რომლებიც თავისუფლებისკენ
მოწოდებას ეხმაურებოდნენ. მოულოდნელად უშიშროების
ძალების ბატალიონი გამოჩნდა. სამოცამდე ბერი და საერო
პირი გაუფრთხილებლად დააპატიმრეს და პოლიციის
განყოფილებაში წაიყვანეს, რომელიც ჯოკჰანგის მოპირდაპირე
მხარეს მდებარეობდა. იქამდე კი მათ სასტიკად სცემეს. ხალხმა
შესაბამისი თანამდებობის პირებს დემონსტრანტების
გათავისუფლება მოსთხოვა. სახელმწიფო უშიშროების
სამსახურის თანამშრომლებმა ვიდეოკამერებით შეკრებილთა
გადაღება დაიწყეს. დემონსტრანტებმა იცოდნენ, რომ ამ
ფირებს შემდეგ მათი იდენტიფიკაციისთვის გამოიყენებდნენ
და ოპერატორებს ქვების სროლა დაუწყეს. ტიბეტელები
პანიკამ მოიცვა. მათ პოლიციის მანქანები გადააყირავეს და
ცეცხლი წაუკიდეს, რის შემდეგაც სახელმწიფო უშიშროების
შეიარაღებულმა მუშაკებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.

311
ხალხის უმეტესობამ დიდი სიმამაცე გამოიჩინა; როცა
ზოგიერთი პოლიციელი გარბოდა, ტიბეტელები კრეფდნენ
ძირს დაყრილ იარაღს და ამსხვრევდნენ.
1987 წლის 1 ოქტომბერს დემონსტრანტებმა, სამწუხაროდ,
პოლიციის უბნის შენობა დაწვეს. ისინი ცდილობდნენ,
თავისიანები გაეთავისუფლებინათ და კარს ცეცხლი წაუკიდეს.
სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებმა შიგნით შეათრიეს
ხალხი და ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს.
როცა, ბოლოს და ბოლოს, დემონსტრანტები დაშალეს, სულ
მცირე, თორმეტი ტიბეტელი, მათ შორის ბავშვებიც, დახოცილი
ეყარა მიწაზე. იმ ღამით საკუთარ სახლებში ასობით ადამიანი
დააკავეს. დაპატიმრებები მომდევნო ღამეების განმავლობაშიც
გაგრძელდა. ციხეში 2 ათას კაცზე მეტი ჩასვეს. მათ
უმეტესობას სცემდნენ და აწამებდნენ. ერთ-ერთი წყაროდან
შევიტყვეთ, რომ ორმოცი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.
სანამ თხრობას გავაგრძელებდე, მინდა, უდიდესი მადლიერება
გამოვხატო იმ უცხოელების მიმართ, რომლებმაც თავი გაწირეს
ჩემი თანამემამულეებისთვის (მათ ეს სრულებით არ
ევალებოდათ, საკუთარი ნებით მოიქცნენ ასე). ადამიანური
გრძნობების ასეთი სპონტანური გამოხატულება ერთადერთი
მიზეზია, გვქონდეს იმედი, რომ კაცობრიობა გადარჩება.
ტურისტები საკუთარ სიცოცხლეს აგდებდნენ საფრთხეში, რომ
მძიმედ დაჭრილ ტიბეტელებს დახმარებოდნენ. ისინი
ჩვენებებსაც იძლეოდნენ და ჩინელების ბარბაროსული
ქმედების დამადასტურებელ ფოტოებსაც ავრცელებდნენ.
ჩინელებმა სასწრაფოდ მოაშორეს ტიბეტს არა მარტო იქ
მომუშავე ჟურნალისტები, არამედ ყველა უცხოელი, მაგრამ
მათი სისასტიკე უკვე მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი.
დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ მოუწოდა
ჩინელებს, პატივი ეცათ ადამიანის უფლებებისთვის ტიბეტში
და გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები. ოფიციალურმა
პეკინმა მათ განუცხადა, რომ ეს არეულობები ჩინეთის საშინაო
საქმე იყო და კრიტიკული შენიშვნები ყურად არ იღო.
ვინაიდან ტიბეტი ახლა გარესამყაროსთვის დახურული
სივრცეა, მცირეოდენი ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე თვის
შემდეგ მოვიპოვე. როგორც ირკვევა, დემონსტრაციების
საპასუხოდ ჩინელებმა „პოლიტიკური აღზრდის“ მასობრივი

312
პროგრამის განხორციელება დაიწყეს. ისინი ოქტომბრის
ბოლოს კონტრდემონსტრაციის მოწყობას შეეცადნენ და მის
პოტენციურ მონაწილეებს ჯილდოდ ერთი კვირის ხელფასს
შეჰპირდნენ; მაგრამ ამ იდეას ხორცი ვერ შეასხეს - მათ არავინ
გამოხმაურებია. მომავალში ინფორმაციის გადინება რომ
თავიდან აეცილებინა, ჩინეთის სახალხო-
განმათავისუფლებელმა არმიამ ყველაფერი გააკეთა, რომ
საზღვრები ჩაეკეტა. ჩინეთის ხელისუფლება ნეპალის
რესპუბლიკისგან ზეწოლის გზით მოითხოვდა, რომ
დაეპატიმრებინა და მისთვის გადაეცა ის ოცდაექვსი
ტიბეტელი, რომლებმაც ამ სუვერენულ სახელმწიფოს
შეაფარეს თავი. ამავე პერიოდში თავად ჩინელმა ადამიანებმა
(რომლებსაც, ტურისტების მსგავსად, სიბრალულისა და
აღშფოთების გრძნობა ამოძრავებდათ) დამიდასტურეს, რომ
ნამდვილად გაიცა ბრძანება, დემონსტრანტებისთვის ცეცხლი
გაეხსნათ.
1988 წლის დასაწყისში ლჰასის ჩინურმა ხელისუფლებამ
ბერების თემს უბრძანა, მონლამის დღესასწაული ისევე
ჩაეტარებინათ, როგორც ადრე (მონლამი ოცწლიანი აკრძალვის
შემდეგ აღდგენილ იქნა 1986 წელს). ბერებმა მიიჩნიეს, რომ
უხერხული იყო, მონლამი ეზეიმათ, როცა ამდენი ადამიანი
ციხეში იჯდა, და ბრძანებას არ დაემორჩილნენ. მაშინ პეკინის
ცენტრალურმა სახალხო მთავრობამ კვლავ გასცა ბრძანება,
დღესასწაული ჩატარებულიყო, როგორც ეს დაიგეგმა; ამით მას
სურდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ მდგომარეობა
ტიბეტში ნორმალური იყო. ბერები ამჯერად იძულებული
გახდნენ, დამორჩილებულიყვნენ. მაგრამ ჩინელებს
მოსალოდნელი არეულობის აშკარად ეშინოდათ.
28 თებერვალს BBC-მ გადმოსცა, რომ „ლჰასის რაიონში
ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების ჯარები შეიყვანეს და მთელ
ქალაქში საგზაო საგუშაგოები მოაწყვეს. ქუჩებში ღამღამობით
ჯავშნოსანი მანქანების გრძელი კოლონა პატრულირებდა და
მოსახლეობას მეგაფონით აფრთხილებდა, შინ დარჩენილიყო.
ერთ მოწოდებაში პირდაპირ იყო ნათქვამი: „თუ ისე არ
მოიქცევით, როგორც საჭიროა, დაგხოცავთ“.
მონლამის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე რეიტერის
სააგენტომ პეკინიდან გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ 50-
მა სამხედრო მანქანამ და ათასზე მეტმა ჩინელმა პოლიციელმა,

313
რომლებსაც დემონსტრაციის დასაშლელი იარაღი და
მოწყობილობები ჰქონდათ, მანევრები ჯოკჰანგის ტაძრის
მოპირდაპირე მხარეს ჩაატარეს.
დღესასწაული მზარდი დაძაბულობის ატმოსფეროში დაიწყო.
მისი გახსნის ცერემონიას შეიარაღებული ძალები
ესწრებოდნენ - თითოეულ ბერზე, სულ მცირე, ათი
უშიშროების თანამშრომელი მოდიოდა. გარდა ამისა, ხალხში
ბევრი სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელი
დაძვრებოდა. ზოგიერთი მათგანი ვიდეოკამერებითაც კი
შეიარაღებულიყო. უშიშროების თანამშრომლებიც შენიღბული
იყვნენ - ზოგიერთს თავი გადაპარსული ჰქონდა, ზოგს პარიკი
ეხურა, რომ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს ბერები
იყვნენ, ან ლჰასაში პროვინციიდან ჩამოვიდნენ.
თავდაპირველად სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ 5 მარტს
რამდენიმე ბერი გამოვიდა მოწოდებით, გაეთავისუფლებინათ
ერთი ტულკუ, სახელად იულუ დავა ცერინგი. იგი ერთ-ერთი
იმათგანი იყო, ვინც პროტესტი გამოთქვა. ეს ადამიანი წინა
წლის ოქტომბრის შემდეგ ციხეში იმყოფებოდა, თანაც ისე, რომ
მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. შემდეგ ხალხმა, რომელმაც
მაიტრეიის ქანდაკების „ბარხორის“ წრეზე შემოსატარებლად
მოიყარა თავი (ეს დღესასწაულის უკანასკნელი ცერემონია
იყო), დაგმო ჩინელების ყოფნა ტიბეტში და ქვების სროლა
დაუწყო პოლიციელებს, რომლებიც პროვოკაციის მოწყობის
მიზნით იქვე, შორიახლო მიდი-მოდიოდნენ. უშიშროების
ძალებმა ამაზე ჯერ ხელკეტებითა და საქონლისთვის
განკუთვნილი ელექტროჯოხებით უპასუხეს; შემდეგ კი
სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. ისინი დამიზნებით ესროდნენ
იმ ადამიანებს, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს. ამას
შეტაკებები მოჰყვა, რომელთა შედეგადაც ასობით ტიბეტელი
დაიღუპა. დაახლოებით შუადღისთვის პოლიციამ იერიშით
აიღო ჯოკჰანგი და თორმეტი ბერი დახოცა. ერთ-ერთ მათგანს
უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ თვალები დასთხარეს და
სახურავიდან გადმოაგდეს. ტიბეტის უწმინდესი ტაძარი
საყასბოს დაემსგავსა.
ყველა ტიბეტური კვარტალი მღელვარებამ მოიცვა. ერთი ღამის
განმავლობაში დაწვეს დაახლოებით თორმეტი სავაჭრო
ობიექტი, რომელთა მეპატრონეებიც ტიბეტელების მიმართ
უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ამავე

314
დროს, უშიშროების ძალებმა ასეულობით მამაკაცი, ქალი და
ბავშვი დააკავეს.
იმ დროს ქალაქში დასავლეთის ქვეყნებიდან ჩასული
მოქალაქეები ძალიან ცოტანი იყვნენ; მათ შორის არც ერთი
ჟურნალისტი არ აღმოჩნდა; ამიტომ ჩინური ცენზურის
„წყალობით“ მსოფლიომ მცირეოდენი ინფორმაცია მიიღო.
რამდენიმე კვირის შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით გავიგე.
ეს სახალხო მღელვარება წინას (შემოდგომისას)
მასშტაბებითაც აღემატებოდა. ჩინელებმაც მისი ჩახშობისას
გაცილებით მეტი სისასტიკე გამოიჩინეს. ორი კვირით
შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი. ამ დროის
განმავლობაში 2 500 ტიბეტელი დააპატიმრეს. ტიბეტის მთელი
მოსახლეობა შიშით თრთოდა.
ჩემი ხალხის სასოწარკვეთილების ამგვარ აფეთქებას ისე არ
გავუკვირვებივარ, როგორც საპასუხო ძალადობას ჩინეთის
მხრიდან. მსოფლიო საზოგადოება აღშფოთებული იყო.
უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე არეულობა ტიბეტში
ფართოდ გააშუქა საერთაშორისო პრესამ, მიუხედავად იმისა,
რომ ინფორმაცია ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. ამ დროს
ოფიციალური ჩინეთი ზუსტად იმავეს აცხადებდა, რასაც წინათ
- ეს პეკინის მთავრობის საშინაო საქმე იყო; დემონსტრაციები
ერთმა მუჭა „რეაქციონერმა გამთიშველებმა“ მოაწყვეს. მე
„საშიშ დამნაშავედ“ მომნათლეს. დალაი ლამა, ჩინელების
თქმით, წინასწარი განზრახვით აქეზებდა ტიბეტელებს,
არეულობა მოეწყოთ, და ამ მიზნით აგენტებს გზავნიდა
ტიბეტში. ეს მათგან მოსალოდნელი იყო. თუმცა ამჯერად
უცხოელები არ დაუდანაშაულებიათ.
მონლამის დროს ჩატარებული დემონსტრაციის შესახებ
ამომწურავი ინფორმაცია ბრიტანელი პოლიტიკოსისგან,
ლორდ ენალზისგან მივიღე, რომელიც ლჰასაში ერთი თვის
შემდეგ ჩავიდა. ლორდი დამოუკიდებელ დელეგაციას
ხელმძღვანელობდა, რომელსაც სანქცია პეკინის მთავრობამ
მისცა. მას უნდა შეესწავლა, თუ რა მდგომარეობაში იყო
ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი ტიბეტში. ენალზი და
დელეგაციის სხვა წევრები შოკირებული იყვნენ, როცა
აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები ისევ
უხეშად ირღვეოდა. დელეგატებმა უშუალო მოწმეთაგან
უცილობელი მტკიცებულება მოიპოვეს, რომ დაპატიმრებულ

315
დემონსტრანტებს აწამებდნენ და არაადამიანურად
ექცეოდნენ. ამ ჯგუფის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც
ორგანიზაცია International Alert-მა გამოაქვეყნა, მიუთითებდა
„კრიზისზე, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვდა დადებითად
გადაწყვეტას“.
იმ დროს, როცა ხსენებული კომისია ტიბეტში იმყოფებოდა, მე
თვითონ ბრიტანეთში ვიყავი, სადაც ტიბეტური ბუდიზმით
დაინტერესებულმა ადამიანებმა მიმიწვიეს.
ძალიან ამაღელვა ტიბეტელი ხალხის მდგომარეობით
დაინტერესებამ და თანაგრძნობამ მასმედიის საშუალებების
მხრიდან. 1988 წელსვე, ცოტა მოგვიანებით, მივიღე მიწვევა,
ევროპარლამენტში, დაინტერესებული პოლიტიკოსების წინაშე
სიტყვით გამოვსულიყავი, რამაც ასევე ძალიან გამახარა. ამავე
დროს, დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ჩინეთს
მოუწოდა, ტიბეტის მომავლის შესახებ ჩემთან
მოლაპარაკებები დაეწყო.
ზემოხსენებული მიწვევა ხელსაყრელ შესაძლებლობას
მაძლევდა, კვლავ ჩამომეყალიბებინა „ხუთპუნქტიანი
სამშვიდობო გეგმა“ და შედარებით ვრცლად მესაუბრა მის
მეხუთე კომპონენტზე. სიტყვაში, რომელიც 1988 წლის ივნისში
სტრასბურგში წარმოვთქვი, გამოვხატე ჩემი შეხედულება, რომ,
გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, ტიბეტს ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებობა შეეძლო;
იქამდე, სანამ არ შედგებოდა რეგიონული სამშვიდობო
კონფერენცია, რის შემდეგაც ტიბეტი მშვიდობის ზონად
გამოცხადდებოდა. სანამ ეს მოხდებოდა, საგარეო
ურთიერთობისა და თავდაცვის საკითხების შეზღუდული
ფორმით გადაწყვეტა ჩინეთის პრეროგატივა იქნებოდა.
აღვნიშნე, რომ ტიბეტის დევნილი მთავრობა თანახმა იყო,
ნებისმიერ დროს გაემართა მოლაპარაკებები ჩინეთის
მთავრობასთან. ხაზს ვუსვამდი იმ გარემოებას, რომ ეს
მხოლოდ წინადადებები იყო, ხოლო საბოლოო
გადაწყვეტილებას მე კი არა, ტიბეტელი ხალხი მიიღებდა.
პეკინის რეაქცია კვლავ ნეგატიური იყო. ჩემი გამოსვლა
დაგმეს, ხოლო ევროპარლამენტი მკაცრად გააკრიტიკეს იმის
გამო, რომ მე მალაპარაკა. თუმცა 1988 წლის შემოდგომაზე
ჩინელებმა გამოხატეს სურვილი, ჩემთან ერთად ემსჯელათ
ტიბეტის მომავალზე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ისინი,

316
მათივე თქმით, არა მარტო დალაი ლამას სტატუსზე, არამედ,
ზოგადად, ტიბეტზე საუბარს აპირებდნენ. შეხვედრის ადგილი
მე უნდა დამეთქვა. დაუყოვნებლივ შევკრიბე ჯგუფი,
რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებდა და
შევთავაზე, მხარეები ერთმანეთს ჟენევაში, 1989 წლის იანვარში
შეხვედროდნენ.
სამწუხაროდ, ჩინელები, პრინციპში, მოლაპარაკებაზე
დათანხმდნენ, მაგრამ პირობების წამოყენება დაიწყეს. ისინი
ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმებოდნენ. თავიდან მათ
გამოთქვეს აზრი, რომ მოლაპარაკებებისთვის პეკინი ჯობდა.
შემდეგ მოითხოვეს, რომ ზემოხსენებულ ჯგუფში არც ერთი
უცხოელი არ უნდა შეგვეყვანა; ასევე განაცხადეს, რომ
ტიბეტის დევნილი მთავრობის არც ერთ წევრს არ
შეხვდებოდნენ, რადგან ამ მთავრობას არ ცნობდნენ. მერე კი
გვაუწყეს, რომ მათ არ შეეძლოთ, მოსალაპარაკებლად
დამსხდარიყვნენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც
ტიბეტის დამოუკიდებლობის შესახებ მოწოდებებით
გამოდიოდნენ. საბოლოოდ გაირკვა, რომ მხოლოდ მე
შემხვდებოდნენ. ყოველივე ამან ჩვენი დიდი იმედგაცრუება
გამოიწვია. ჩინელები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ მზად
იყვნენ მოლაპარაკების ჩასატარებლად, სინამდვილეში კი
ყველაფერი გააკეთეს, რომ იგი არასოდეს დაწყებულიყო. მე
სრულებით არ ვეწინააღმდეგებოდი იდეას, პირადად
შევხვედროდი მათ, მაგრამ უბრალოდ, უფრო გონივრული
იქნებოდა, თუ წინასწარი დისკუსიები ჩემი
წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდებოდა. ამრიგად,
საბოლოოდ, ჩინელები ჟენევაში შეხვედრაზე დათანხმდნენ,
მაგრამ 1989 წლის იანვარი ისე მიილია, რაიმე კონკრეტული
გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.
1989 წლის 28 იანვარს შევიტყვეთ, რომ ტიბეტში ვიზიტის
დროს, 53 წლის ასაკში, გარდაიცვალა პანჩენ ლამა (იგი,
ფაქტობრივად, პეკინში ცხოვრობდა). მისმა სიკვდილმა ძალიან
დამამწუხრა. ტიბეტმა თავისუფლებისათვის ჭეშმარიტი
მებრძოლი დაკარგა. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ
ზოგიერთი ტიბეტელი მას წინააღმდეგობრივ ფიგურად
აღიქვამდა. 50-იანი წლების დასაწყისში, როცა ასნჩუნ ლამა,
ჩინელების მხარე დაიჭირა, გამიჩნდა ეჭვი, რომ ამ
ახალგაზრდას სურდა, სიტუაცია თავისი მიზნების მისაღწევად
გამოეყენებინა. მაგრამ მის პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა არ

317
შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1978 წლიდან, მას
შემდეგ, რაც ციხიდან გაათავისუფლეს, ჩინელები მას
მარიონეტივით იყენებდნენ, წინააღმდეგობის გაწევა
სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. სწორედ
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც „სინხუას“
სააგენტო იუწყებოდა, ასნჩუნ ლამა სიტყვით გამოსულა და
კრიტიკული შენიშვნები გამოუთქვამს იმ „მრავალი შეცდომის
გამო“, რომლებიც ტიბეტში ჩინეთის ხელისუფლებამ დაუშვა.
ეს იყო ვაჟკაცობის გამოვლენის უკანასკნელი აქტი. ორი დღის
შემდეგ იგი გულის საბედისწერო შეტევამ იმსხვერპლა. ბევრი
მიიჩნევდა, რომ პანჩენ ლამას გარდაცვალება საკუთარ
მონასტერში სიმბოლური იყო; ამბობდნენ, რომ ეს ნამდვილ
სასულიერო ოსტატს წინასწარ ჰქონდა გააზრებული.
სიკვდილის წინ მისი ნახვა ვერ მოვახერხე, მაგრამ ბოლო
ხანებში სამჯერ ვესაუბრე ტელეფონით; ორჯერ მის
კანცელარიაში, პეკინში, სადაც ის ჩინეთის პარლამენტში
მუშაობდა, ერთხელ - საზღვარგარეთ ყოფნისას.
რასაკვირველია, მის სატელეფონო საუბარს პეკინში
უსმენდნენ. ეს ნამდვილად ვიცი, რადგან ჩინურმა პრესამ
ჩვენი ერთ-ერთი საუბრის შინაარსის დეტალური ჩანაწერი
გამოაქვეყნა. როცა პანჩენ ლამა ავსტრიაში იმყოფებოდა, თავის
„ამალას“ დაუსხლტა და წინასწარ დათქმულ დროს მას
ტელეფონით დასავლეთ გერმანიიდან ველაპარაკე. ჩვენი
საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ საიმისოდ
საკმარისი აღმოჩნდა, რომ დავრწმუნებულიყავი - ეს ადამიანი
ბოლომდე თავისი რელიგიის, თავისი ხალხისა და თავისი
ქვეყნის ერთგული დარჩა. ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევდი
ლჰასიდან მოსულ გესლიან ჭორებს, თითქოს ის მსხვილ
ბიზნესს ეწეოდა და ცოლიც კი შეირთო.
ჩინეთის ბუდისტურმა საზოგადოებამ მის დასაფლავებაზე
დასასწრებად მოსაწვევი გამომიგზავნა. ამას დაერთო
ოფიციალური მიწვევა, ჩინეთი მომენახულებინა. წასვლა
მინდოდა, მაგრამ ვყოყმანობდი. თუკი ჩინეთში ჩავიდოდი, იქ
ტიბეტის საკითხის შესახებ დისკუსიებს ვერ ავცდებოდი.
ჟენევაში მოლაპარაკებები რომ ჩატარებულიყო (როგორც ეს
დაგეგმილი იყო), ამ დისკუსიებს შეიძლება სარგებლობაც
მოეტანა. მაგრამ ამ პირობებში, ჩემი აზრით, წასვლა
მიუღებელი იყო. ამიტომ სინანულით ვთქვი უარი.
ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლამ „შედეგი“ გამოიღო. 1989 წლის

318
5 მარტს ლჰასაში სამდღიანი დემონსტრაციები დაიწყო.
ათეულათასობით ადამიანი უკმაყოფილების გამოსახატავად
ქუჩაში გამოვიდა. 1959 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბური
საპროტესტო გამოსვლები ლჰასას არ ახსოვდა. ჩინელებმა
ტაქტიკა შეცვალეს - უშიშროების ძალებს ხალხისგან შორს
ეჭირათ თავი. ისინი მხოლოდ ვიდეოგადაღებებით
შემოიფარგლნენ. ჩანაწერები ტელევიზიით იმავე საღამოს
აჩვენეს. მეორე დღეს კი მათ ტიბეტელების წინააღმდეგ
ხელკეტები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ჩინელებმა ავტომატის ჯერი
პირდაპირ საცხოვრებელ სახლებზე მიუშვეს და ოჯახები
მთლიანად ამოხოცეს.
სამწუხაროდ, ტიბეტელებმა ამის პასუხად არა მარტო
პოლიციელებზე მიიტანეს იერიში, დაფიქსირდა უდანაშაულო
ჩინელ მოქალაქეებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევაც. ამ
ამბავმა ძალიან დამამწუხრა. ტიბეტელებისთვის ძალადობას
არავითარი აზრი არ ჰქონდა. თუკი მილიარდიანი ჩინეთი
მოინდომებდა, ჩვენს ექვსმილიონიან ერს ერთი ხელის მოსმით
აღგვიდა პირისაგან მიწისა. უფრო გონივრული იქნებოდა, თუ
ტიბეტელები შეეცდებოდნენ, როგორმე გაეგოთ თავიანთი
სავარაუდო მტრებისთვის. ისწავლო პატიება, გაცილებით
სასარგებლოა, ვიდრე ის, რომ ხელი სტაცო ქვას და ესროლო
ადამიანს, რომელმაც გაგამწარა; ეს მით უმეტეს უნდა
გახსოვდეს, როცა სიტუაცია ასეთი ექსტრემალურია. სწორედ
ამგვარი მძიმე მდგომარეობა იძლევა საშუალებას, არგო შენს
სულსაც და სხვებსაც.
რა თქმა უნდა, მესმის, რომ ადამიანთა უმეტესობა ამ სიტყვებს
არარეალისტურად მიიჩნევს. ამ მოთხოვნის შესრულება
თითქმის შეუძლებელია. რა უფლება მაქვს, ტიბეტელებისგან
ველოდო, რომ მათ ჩინელების სიყვარული შეძლონ, როცა ჩემი
ხალხი ყოველდღიურ ცხოვრებაში ამდენ საშინელ განსაცდელს
უძლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას
არასოდეს ვამართლებდი, ვაღიარებ: გარკვეულ შემთხვევაში ის
გარდაუვალია.
მე აღფრთოვანებული ვარ ტიბეტელების ვაჟკაცობით და
პატივს ვცემ მათ. დემონსტრანტებს შორის ქალები, ბავშვები
და მოხუცებიც იყვნენ. პირველ საღამოს ასობით მამაკაცი
დააპატიმრეს. ამიტომ მეორე და მესამე დღეს პროტესტს მათი

319
ოჯახის წევრები გამოხატავდნენ. მათგან ბევრი ახლა ალბათ
ცოცხალიც აღარაა. უამრავი ადამინი დღესაც ციხეებში
იმყოფება. მათ ყოველდღიურად აწამებენ და სცემენ.
ტიბეტში ამ მოვლენების დროს მყოფი რამდენიმე მამაცი
უცხოელის წყალობით (რომლებსაც შემდგომში ჩინელებმა
პრობლემები შეუქმნეს), ძალადობის საშინელი ფაქტების
შესახებ მსოფლიომ სწრაფად შეიტყო. ისევე, როგორც ადრე,
ტიბეტელმა ხალხმა საყოველთაო მხარდაჭერა მოიპოვა. აშშ-მა,
საფრანგეთმა, ევროპარლამენტმა დაგმეს ჩინელების მიერ
განხორციელებული რეპრესიები, რომლებმაც დაახლოებით 250
უიარაღო ტიბეტელის სიცოცხლე შეიწირა, რომ არაფერი
ვთქვათ უამრავ დაჭრილზე. სხვა ქვეყნების მთავრობებმა
სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. 8 მარტს ჩინეთის
ხელისუფლების მიერ ლჰასაში სამხედრო მდგომარეობის
გამოცხადება ყველამ მკაცრად გააკრიტიკა. სინამდვილეში ეს
ქალაქი 1951 წლის ოქტომბრიდან ისედაც სამხედროების ხელში
იყო, როცა ტიბეტში ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი
არმიის პირველი ნაწილები შემოვიდნენ. ახლა კი, ეტყობა, მათ
უნდოდათ, მთელი ლჰასა სასაკლაოდ გადაექციათ. ორი დღის
შემდეგ, ტიბეტელი ხალხის აჯანყების 30-ე წლისთავზე, დენ
სიაოპინს ოფიციალურად წერილი გავუგზავნე, რომელშიც
ვთხოვდი, პირადად ჩარეულიყო, რათა გაეუქმებინათ კანონი
სამხედრო მდგომარეობის შესახებ და შეწყვეტილიყო
რეპრესიები უდანაშაულო ტიბეტელების მიმართ. მან არ
მიპასუხა.
ტიბეტის საპროტესტო გამოსვლებიდან რამდენიმე დღის
შემდეგ დაიწყო ამბოხება ჩინეთში. თავზარდაცემული
ვადევნებდი თვალყურს იქ მიმდინარე დაუჯერებელ
მოვლენებს. განსაკუთრებით შევშფოთდი, როცა რამდენიმე
დემონსტრანტმა შიმშილობა დაიწყო. ამ გამორჩეულ, საოცრად
წრფელ, სამართლიანობის გრძნობით გულანთებულ
სტუდენტებს ხომ მთელი სიცოცხლე წინ ჰქონდათ. მათ კი წინ
აღუდგა სახელმწიფო - შუბლმაგარი, სასტიკი და გულგრილი.
კიდევ ერთხელ გამაოცეს ამ ჭკუათხელმა, დაჩაჩანაკებულმა
ბერიკაცებმა (ვგულისხმობ ჩინეთის მთავრობას), რომლებიც
თავიანთ იდეებს გამძვინვარებით ებღაუჭებოდნენ. აშკარა იყო,
რომ მათი სისტემა დაინგრა, კომუნიზმმა კი მთელ
მსოფლიოში კრახი განიცადა. მილიონობით ადამიანი მათი
რეზიდენციის საპარადო შესასვლელის წინ პროტესტს

320
გამოხატავდა. ისინი კი მაინც ჯიუტად იცავდნენ თავიანთ
თეორიებს.
ბუნებრივია, შემაძრწუნა იმ ფაქტმა, რომ დემონსტრანტების
დასაშლელად ჯარები გამოიყენეს; მაგრამ მივხვდი, რომ
პოლიტიკური თვალსაზრისით, დემოკრატიის განვითარების
გზაზე ეს მხოლოდ დროებითი დაბრკოლება იყო. ჩინეთის
მთავრობამ კვლავ ძალადობას მიმართა, რითაც მხოლოდ ხელი
შეუწყო ხალხის სიმპათიის ზრდას მეამბოხე სტუდენტთა
მიმართ. თავისი მოქმედებით მან ჩინურ კომუნიზმს დღე
შეუმოკლა. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლების
წარმომადგენლებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, თუ რაში
მდგომარეობდა მათი მეთოდების ჭეშმარიტი არსი - ახლა უკვე
არავინ შეხედავდა სკეპტიკურად ტიბეტელების ბრალდებას,
რომ ჩინელები ფეხქვეშ თელავდნენ მათ ადამიანურ
უფლებებს.
მეცოდება დენ სიაოპინი, როგორც ადამიანი. მას სახელი
სამუდამოდ გაუტყდა. არადა, 1989 წლის სასაკლაოები რომ არ
მოეწყო, ამ კაცს შეეძლო, ისტორიაში თავისი ქვეყნის დიდი
ლიდერის ადგილი დაემკვიდრებინა. თანავუგრძნობ მის
თანამებრძოლებსაც, რომლებმაც თავიანთი უვიცობით ძირი
გამოუთხარეს ჩინეთის რეპუტაციას მსოფლიოს თვალში.
პროპაგანდის საშუალებით ადამიანთა გასულელების საქმეში
მათ, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს გადააჭარბეს და,
საბოლოოდ, მარცხი განიცადეს. კანონი სამხედრო
მდგომარეობის შესახებ ლჰასაში მთელი 1989 წლის
განმავლობაში მოქმედებდა. იგი მთელ მსოფლიოში იმ დროს
განვითარებული შესანიშნავი მოვლენების ფონზე უხეში
დისონანსს ქმნიდა. არასოდეს ისე მწვავედ არ აღმიქვამს ეს
სამწუხარო ფაქტი, როგორც გასულ წელს, აშშ-ში ჩემი ვიზიტის
დროს. მაშინ გავიგე, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია
მომანიჭეს. პირადად ჩემთვის ამ ამბავს განსაკუთრებული
მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ის ბევრს
ნიშნავდა ჩემი თანამემამულეებისთვის. ამ პრემიის ნამდვილი
ლაურეატი ტიბეტელი ხალხი იყო. ეს საერთაშორისო აღიარება
მე კი არ მეკუთვნოდა, არამედ ისეთ ფასეულობებს,
როგორებიცაა თანაგრძნობა, გულმოწყალება, შემწყნარებლობა
და სიყვარული. გარდა ამისა, ჩემთვის სასიამოვნო იყო შემდეგი
გარემოება - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ირწმუნეს, რომ
ცვლილებები მშვიდობიანი გზითაც შეიძლება

321
განხორციელდეს. წარსულში არაძალადობრივი რევოლუციის
იდეა იდეალისტური ეჩვენებოდათ. ახლა კი უკვე უამრავი
მტკიცებულება არსებობდა იმისა, რომ ეს სრულიად
შესაძლებელია, რაც შთაგონებით მავსებდა.
თავმჯდომარე მაომ ერთხელ თქვა, პოლიტიკური
ძალაუფლება შაშხანის ლულაში იმალებაო. ის მხოლოდ
ნაწილობრივ იყო სწორი: ასეთი ძალაუფლება მართლაც
შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ
უწერია. საბოლოო გამარჯვება ეკუთვნის ხალხის სიყვარულსა
და სწრაფვას ჭეშმარიტებისკენ, სამართლიანობისკენ,
დემოკრატიისკენ. რა ზომებსაც არ უნდა მიმართონ
მთავრობებმა, ჰუმანიზმი მაინც იზეიმებს.
ეს ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ 1989 წლის ბოლოს, ბერლინში
შევიცანი, სწორედ იმ დღეს, როცა ეგონ კრენცი იძულებული
გახდა, გადამდგარიყო.[42] როცა ბერლინის კედელთან, დაცვის
საგუშაგოს სიახლოვეს ვიდექი, ხნიერმა ქალმა წითელი
სანთელი გამომიწოდა. აღელვებულმა ავანთე იგი და მაღლა
ავწიე. მთრთოლარე პაწაწინა ალი თავდაპირველად კინაღამ
ჩაქრა, მაგრამ მერე ძალა თანდათან მოემატა. ხალხი გარს
შემომერტყა. ისინი ცდილობდნენ, ჩემს ხელებს ხელით
მისწვდომოდნენ. დავიწყე ლოცვა, რომ გულმოწყალებისა და
სხვისი ტკივილის გაგების უნარს სინათლით აევსო მთელი
სამყარო და შიშის, ჩაგვრის წყვდიადი განედევნა. ეს მომენტი
მთელი სიცოცხლის მანძილზე მემახსოვრება.
დაახლოებით ამგვარი გრძნობა დამეუფლა, როცა რამდენიმე
კვირის შემდეგ პრეზიდენტ ჰაველის სტუმრის სტატუსით
ჩეხოსლოვაკიაში გავემგზავრე. ჰაველი ცოტა ხნით ადრე
გათავისუფლდა პატიმრობიდან და ახლა უკვე თავისი ქვეყნის
პრეზიდენტი იყო. ხალხმა გულთბილი შეხვედრა მომიწყო.
ბევრს თვალზე ცრემლი მოსდგომოდა, ხელს მიქნევდნენ და
ჟესტით მანიშნებდნენ: Victory! („გამარჯვება“!). ჩემთვის
ცხადი გახდა, რომ ტოტალიტარიზმმა ამ ადამიანებში
სიცოცხლის ხალისი ვერ ჩაკლა და ისინი თავისუფლების
დაბრუნებას ზეიმობდნენ.
დიდ პატივად მივიჩნევდი, რომ ჩეხოსლოვაკიაში ვაცლავ
ჰაველმა მიმიწვია. ის ჩემს თვალში, უპირველეს ყოვლისა, იყო
ადამიანი, რომელიც დაუცხრომლად ეძიებდა ჭეშმარიტებას.
ჰაველი ძალიან კეთილი, პატიოსანი, თავმდაბალი ადამიანი

322
აღმოჩნდა. იუმორის გრძნობაც შესანიშნავი ჰქონდა. იმ
საღამოს, სადილზე მან მითხრა, რომ სოლიდარობას
უცხადებდა მეექვსე დალაი ლამას, რომელიც მიწიერ სიამეთა
მოყვარული იყო. ამას რომ ამბობდა, ცალ ხელში ლუდის კათხა
ეჭირა, მეორეში - სიგარეტი. მე, ჩემი მხრივ, ჩეხოსლოვაკიას
მეორე რევოლუცია ვუწინასწარმეტყველე, რომლის მიზანი
იქნებოდა, ხალხს ჭამის დროს, რაც შეიძლება, ნაკლები
სიგარეტი მოეწია. ჰაველში ყველაზე მეტად მისმა
უპრეტენზიობამ მომხიბლა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ
პრეზიდენტის მდგომარეობას მასზე საერთოდ არ უმოქმედია:
მის გამოხედვაში, პასუხებში თანამოსაუბრის მიმართ დიდი
ყურადღება იგრძნობოდა.
1990 წლის დასაწყისში კიდევ ერთ ადამიანს შევხვდი,
რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. ეს
გახლდათ ბაბა ამტე, რომელმაც სამხრეთ ინდოეთში სოფელი
დააარსა. გადამწვარ ხრიოკ მიწაზე მან მწვანეში ჩაფლული
თემი დააფუძნა. იქაურობა ყვაოდა. მნახველს თვალს
სტაცებდა ხეები, ვარდის ბუჩქები, ბოსტნები. სოფელს ჰქონდა
საავადმყოფო, მოხუცთა თავშესაფარი, სკოლები,
სახელოსნოები. ყოველივე ეს, თავისთავად, უკვე დიდ
მიღწევად ჩაითვლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო,
რომ ამ სოფელში ყველაფერი ინვალიდებმა ააშენეს.
როცა იქაურობას ვათვალიერებდი, არაფერი მინახავს ისეთი,
რაც მისი შემქმნელისათვის ფიზიკური არასრულფასოვნების
გამო შეღავათის გაწევაზე მინიშნებას გულისხმობდა. ერთ
სახელოსნოში მუშა ველოსიპედის ბორბალს არემონტებდა.
იმაში, რაც მისი კეთრით დაზიანებული ხელებისგან
დარჩენილიყო, სატეხი და ჩაქუჩი ეჭირა. ჩაქუჩს ისე
ენერგიულად ურტყამდა, გეგონებოდა, თავს იწონებსო. მისი
სიმკვირცხლე და თავდაჯერებულობა გაფიქრებინებდა, რომ
ენთუზიაზმისა და სათანადო ორგანიზების პირობებში
სერიოზული ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებიც კი
შეძლებენ, საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ,
დაიბრუნონ პიროვნული ღირსება და სხვებს სარგებლობა
მოუტანონ.
ბაბა ამტე ექსტრაორდინალური პიროვნებაა. ამ მძიმე
ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანმა სისხლსავსე ცხოვრებით
იცხოვრა. ახლა იგი უკვე საკმაოდ ხნიერია. ხერხემლის

323
დაზიანების გამო ის, ფაქტობრივად, ხეიბარია და მხოლოდ
დგომა ან წოლა შეუძლია; მაგრამ კვლავ საოცარი ენერგიით
აგრძელებს მუშაობას. მის საწოლთან ვიჯექი და მისი ხელი
ხელში მეჭირა. იგი იწვა და მესაუბრებოდა. მივხვდი, რომ ჩემ
წინაშე ჭეშმარიტად გულმოწყალე, სიბრალულის ნიჭით
დაჯილდოებული ადამიანი იყო. ბაბა ამტეს ვუთხარი, რომ
ჩემი თანაგრძნობა უმეტესად საუბრით შემოიფარგლებოდა,
მის თანაგრძნობას კი მის მიერ გაკეთებული საქმე ასხივებდა.
ის მომიყვა, რომ ერთხელ უნახავს კეთროვანი, რომელსაც იმ
ადგილას, სადაც ოდესღაც თვალები ჰქონდა, მატლები ესეოდა.
ამ ამბავმა მისი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა.
ჰუმანურობის ასეთი მაგალითი მაძლევს რწმენას, რომ ოდესმე
ბოლო მოეღება ჩემი ხალხის ტანჯვას ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის უღელქვეშ. ჩინელების რიცხვი ასობით მილიონს
აღწევს. სისასტიკის აქტებში შეიძლება მათგან რამდენიმე
ათასი მონაწილეობდეს; სწორედ იმ დროს კი რამდენიმე
მილიონი კეთილ საქმეს ემსახურებოდეს.
წუთითაც არ მავიწყდება, რა მდგომარეობაა დღეს ტიბეტში,
სადაც ხალხის უკმაყოფილება და რეპრესიები მთავრობის
მხრიდან ლჰასით არ შემოიფარგლება. 1987 წლის სექტემბრის
ბოლოდან 1990 წლის მაისამდე ქვეყანაში ოთხმოცზე მეტი
დემონსტრაცია მოეწყო. ზოგიერთი მცირერიცხოვანი იყო,
მაგრამ ყველა სისხლში ჩაახშვეს. ჩემს თანამემამულეებს
ტერორის ახალი ტალღა დაატყდა თავს. დედაქალაქში, სადაც
ახლა ჩინელების რიცხვი ტიბეტელებისას ბევრად აჭარბებს,
ტანკები გამოჩნდა. ისეთი ორგანიზაციების ცნობით,
როგორებიცაა Amnesty International და Asia Watch, სასტიკი
რეპრესიები არ წყდება მთელ ტიბეტში. ჩინეთის
ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ჩვეულებრივი
ამბავია დაპატიმრება ორდერის გარეშე, ცემა, წამება,
დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა გამოძიებისა და
სასამართლოს გარეშე.
სამწუხარო ჩამონათვალს რამდენიმე ტიბეტელის მონათხრობი
ავსებს, რომლებიც დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო
დააპატიმრეს, ციხეებში კი მხეცურად ექცეოდნენ. ციხიდან
გამოსულებმა ინდოეთში გაქცევა მოახერხეს. ერთ-ერთმა
მათგანმა (რომელიც თავის ვინაობას ვერ ამჟღავნებს, რადგან
ეშინია, მის ოჯახს რამე არ დაუშავონ) ადამიანის უფლებათა

324
დაცვის შემსწავლელ კომისიას მოუთხრო, რომ ის საკანში
გააშიშვლეს, ბორკილები დაადეს და ფიზიკურ და სიტყვიერ
შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს დიდი ხნის მანძილზე
გრძელდებოდა. ზოგჯერ ნასვამი დაცვის წევრები მასთან
საკანში შედიოდნენ და სცემდნენ. ერთხელ ღამით თავი
კედელზე იქამდე არტყმევინეს, სანამ ცხვირიდან სისხლი არ
წასკდა, თუმცა გონება არ დაუკარგავს. ხანდახან, საბრძოლო
ხელოვნებაში წვრთნის დროს, ნასვამი გუშაგები ძალას მასზე
სცდიდნენ; აიძულებდნენ, აღიარებითი ჩვენება მიეცა, რომ
საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობას ღებულობდა.
ამ მიზნით მას გაყინულ საკანში რამდენიმე დღით საჭმლისა
და საწოლის გარეშე ტოვებდნენ.
დაპატიმრებიდან მეხუთე დღეს ეს ადამიანი განთიადისას
ფეხზე წამოაგდეს და ციხის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ,
საგამოძიებო ცენტრში წაიყვანეს. ორმა ის მიწას გააკრა, მესამემ
კი ჯერ თავზე მუხლი დააბჯინა, მერე კი ათი წუთის
განმავლობაში თავი მიწაზე არტყმევინა. იგი ასევე აწამეს
მეთოდით, რომელსაც „დაკიდებულ თვითმფრინავს“
უწოდებდნენ.
„ძირს დაგდებული ამაყენეს. ორმა კაცმა გრძელი თოკი თავზე
ისე გადამაცვა, რომ მასზე დამაგრებული მეტალის რგოლი ჩემს
კისერთან მოხვდა. მერე მარჯვენა და მარცხენა მხარეს
გადმოშვებული თოკი მკლავებზე, ხელის მტევნებსა და
თითებზე სპირალისებურად შემომახვიეს. ჩინელმა თოკის
ბოლოები ერთად დაიჭირა, მტელი ძალით დაჭიმა, მეტალის
რგოლში გაატარა და მოქაჩა. ჩემი ხელები ჩემს ბეჭებს შორის
მოექცა. თოკი რომ მაქსიმალურად დაეჭიმა, ჩემმა მტანჯველმა
მუხლი წელზე მომაბჯინა. მკერდის არეში მწვავე ტკივილი
ვიგრძენი. შემდეგ თოკი ჭერში დამაგრებულ კაუჭს გამოსდეს
და ქვემოთ ჩამოსწიეს. ასე რომ, ჰაერში გამოკიდებული
აღმოვჩნდი. მალე დავკარგე გონება. არ ვიცი, ამ
მდგომარეობაში რამდენ ხანს ვიყავი. თვალი უკვე ჩემს საკანში
გავახილე. ტანთ არაფერი მეცვა; ხელებსა და ფეხებზე
ბორკილები მედო“.
ოთხი დღის შემდეგ ეს კაცი ისევ გამოიყვანეს საკნიდან,
შიშველი, ხელებზე კვლავ ბორკილები ედო, ოღონდ ფეხებზე
მოეხსნათ. ის ციხის ტერიტორიის გარეთ ხეზე მიაბეს.
„მსხვილი თოკი ტანზე კისრიდან მუხლებამდე მქონდა

325
შემოხვეული. ერთი ჯალათი ხის უკან დადგა, მას ფეხი
მიაბჯინა, თოკის ბოლოები მაგრად მოქაჩა და განასკვა. შემდეგ
ჩინელები ხის მახლობლად სასაუზმოდ დასხდნენ. როცა
მორჩნენ, ერთ-ერთმა ჯამში ჩარჩენილი წიწაკიანი საჭმლის
ნარჩენი სახეში შემასხა. წიწაკამ თვალები ისე დამწვა, დღემდე
მტკივა. ხიდან მომხსნეს და საკანში წამიყვანეს. სიარული
მიჭირდა და ვბორძიკობდი, რის გამოც მთელი გზა
მირტყამდნენ“.
სხვა ყოფილი პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ საქონლის გასარეკი
ელექტროჯოხებით სცემდნენ, რომლებსაც პოლიცია
დემონსტრაციების დასაშლელადაც იყენებდა. ერთ
ახალგაზრდა კაცს ელექტროდი პირში ჩაუდეს, რის გამოც
პირის ღრუ საშინლად დაუსივდა. მონაზონმა კი საგამოძიებო
ჯგუფს უთხრა, რომ ამ „ინსტრუმენტს“ მას ანუსსა და
ვაგინაში უდებდნენ.
არსებობს ცდუნება, ამ ტიპის ინფორმაციით წარმოდგენა
შეგვექმნას ზოგადად ჩინელ ხალხზე, მაგრამ ვიცი, რომ ეს
არასწორი იქნებოდა. მაგრამ ასევე არ შეიძლება, ამგვარი
უზნეობა ვინმეს შერჩეს და იგი ყურადღების მიღმა დარჩეს.
წლების მანძილზე განსაკუთრებულ ინტერესს ვიჩენ ჩინეთის
მიმართ, რის შედეგადაც, შეიძლება ითქვას, „ჩინეთის ამბების
მიმომხილველადაც“ კი ჩამოვყალიბდი, მაგრამ უნდა ვაღიარო,
რომ ჩინურ ხასიათს ბოლომდე ვერ ჩავწვდი.
50-იანი წლების დასაწყისში, ჩინეთში ჩემი ვიზიტის დროს,
დავრწმუნდი, რომ ხალხის უმეტესობამ ყველაფერზე უარი
თქვა, რათა ქვეყნის გარდაქმნაში საკუთარი წვლილი შეეტანა.
მათ ნაწილს ბრძოლის კვალი ფიზიკურადაც ეტყობოდა. ვიცი,
რომ მათ შორის იყვნენ პრინციპული, იდეის ერთგული
ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ისწრაფოდნენ,
თავიანთი უზარმაზარი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის
სარგებლობა მოეტანათ. ამ მიზნით პარტიული სისტემა
შექმნეს, რომელიც საშუალებას აძლევდა მათ, ერთმანეთის
შესახებ წვრილმანებიც კი სცოდნოდათ, მაგალითად, რამდენი
საათი ეძინა თითოეულს. ისინი თავიანთ იდეალებზე ისე
იყვნენ შეყვარებული, რომ არაფრის წინაშე დაიხევდნენ უკან,
ოღონდ მათ მიახლოებოდნენ. მაო ძედუნის სახით მათ
ჰყავდათ ბელადი, რომელსაც წარმოსახვისა და
წინასწარგანჭვრეტის უზარმაზარი ნიჭი ჰქონდა. ეს ადამიანი

326
ხვდებოდა კონსტრუქციული კრიტიციზმის ფასს და ხშირად
მის წახალისებაზეც არ ამბობდა უარს.
თუმცა დიდი ხანი არ გასულა, რომ წვრილმანმა კინკლაობამ
და დაპირისპირებებმა ახალი ადმინისტრაციის პარალიზება
გამოიწვია. ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა. მალე მათ ფაქტების
მითებით შეცვლა დაიწყეს; ყოველთვის იტყუებოდნენ, რადგან
თავის უკეთ წარმოჩენა სურდათ. როცა 1956 წელს ინდოეთში
ჩჟოუ ენ-ლაის შევხვდი, ვუთხარი, რომ ბევრი რამის გამო
ვშიშობდი. მან მიპასუხა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა -
ყველაფერი კარგად იქნებოდა. სინამდვილეში, მდგომარეობა
თანდათან უარესდებოდა.
როცა 1957 წელს ტიბეტში დავბრუნდი, ვნახე, რომ ჩინეთის
ხელისუფლება აშკარად დევნიდა ჩემს თანამემამულეებს;
ამავე დროს, გამუდმებით მარწმუნებდნენ, რომ ტიბეტის
საშინაო საქმეებში არავინ ჩაერეოდა. ისე ცრუობდნენ,
დაფიქრება არც კი სჭირდებოდათ. იქმნებოდა შთაბეჭდილება,
რომ საზღვარგარეთის ქვეყნების დიდი უმრავლესობა მზად
იყო, ეს ფიქცია დაეჯერებინა. მოგვიანებით, 70-იან წლებში,
ჩინელებს ცნობილი დასავლელი პოლიტიკოსები ტიბეტში
მიჰყავდათ და ქვეყანას ათვალიერებინებდნენ. იქიდან
დაბრუნებულები ამბობდნენ, რომ ტიბეტში ყველაფერი
კარგად იყო.
უცილობელი ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩინეთის მიერ
გატარებულმა პოლიტიკამ მილიონზე მეტი ტიბეტელის
სიცოცხლე შეიწირა. 1965 წელს გაერომ ტიბეტის შესახებ მიიღო
რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჩინეთმა ტიბეტის
ოკუპაცია განახორციელა, რასაც მოჰყვა „მკვლელობა, ძარცვა,
უკანონო დაპატიმრებათა სერია; ფართომასშტაბიანი ხასიათი
ჰქონდა წამებას და სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ
მოპყრობას“.
ვერაფრით ამიხსნია, როგორ მოხდა, რომ ამდენი საუკეთესო
ადამიანის კეთილშობილური იდეალები უაზრო ბარბაროსობად
გადაიქცა. ვერც იმას ვხვდები, რა ამოძრავებდა ჩინეთის
ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც
მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ტიბეტელებს, როგორც
ერს. ჩემი აზრით, ჩინეთი - ესაა ქვეყანა, რომელმაც რწმენა
დაკარგა, რის შედეგადაც მას უკანასკნელი 41 წლის მანძილზე
ენით აუწერელი უბედურებები დაატყდა თავს. და ყველაფერი

327
ეს კომუნიზმის გულისთვის უნდა აეტანათ.
და მაინც, კომუნიზმის აშენების მცდელობა კაცობრიობის ერთ-
ერთი უდიდესი ექსპერიმენტია. ვერ უარვყოფ, რომ ჩემზე
კომუნიზმის იდეოლოგიამ თავიდან დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა. როგორც ძალიან მალე აღმოვაჩინე, მთელი
უბედურება შემდეგში მდგომარეობს: კომუნიზმი აცხადებს,
თითქოს „ხალხს“ ემსახურება, იმ ხალხს, რომლისთვისაც
შენდება მთელი ეს „სახალხო სასტუმროები“, „სახალხო
საავადმყოფოები“ და ა.შ., მაგრამ „ხალხი“ სულაც არ ნიშნავს
„ყველას“, არამედ მარტო იმათ, ვინც იმ შეხედულებებს
იზიარებს, უმრავლესობა რომ „ხალხის შეხედულებად“
მიიჩნევს.
კომუნიზმის ექსცესების გამო პასუხისმგებლობა,
გარკვეულწილად, დასავლეთსაც ეკისრება. ის მტრულად
შეხვდა პირველ მარქსისტულ მთავრობებს, რითაც
ნაწილობრივ აიხსნება სიფრთხილის ყოვლად უაზრო ზომები,
რომლებსაც ხანდახან ეს უკანასკნელნი თავდაცვის მიზნით
მიმართავდნენ. მათ ეჭვი მიჰქონდათ ყველაზე, თითოეულზე.
ეჭვს კი დიდი უბედურება მოაქვს, რადგანაც ის ემიჯნება
ადამიანის ყველაზე ბუნებრივ სურვილს - ენდოს მეორე
ადამიანს. ამასთან დაკავშირებით ერთი აბსურდული
სიტუაცია მახსენდება. 1982 წელს, მოსკოვში ყოფნისას,
კრემლში ღვინის ოთახი მოვინახულე. იქ უშიშროების
სამსახურის ერთი პირქუში თანამშრომელი მომიჩინეს,
რომელიც ისეთი გამომეტყველებით იდგა, აშკარად მზად იყო,
წამში გაესროლა, თუკი ეს საჭირო გახდებოდა. გიდი ქალი კი
მექანიკურად ჰყვებოდა რუსეთის რევოლუციის ოფიციალურ
ვერსიას.
თუმცა, თუკი შეიძლება ითქვას, რომ მე რაიმე პოლიტიკური
ინტერესი მომეპოვება მგონი, ნახევრად მარქსისტი ვარ.
ჰუმანისტური ტიპის კაპიტალიზმის საწინააღმდეგო არაფერი
მაქვს, მაგრამ უფრო სოციალიზმისა და
ინტერნაციონალიზმისკენ ვიხრები, რომლებიც გაცილებით
ახლოა ბუდისტურ პრინციპებთან. მეორე ჩემთვის
მიმზიდველი იდეა მარქსიზმში ისაა, რომ ადამიანი თვითონ
აგებს პასუხს თავის ბედზე, თავის ცხოვრებაზე. ეს იდეაც
ბუდიზმის შესატყვისია.
ზემოთქმულის საწინააღმდეგოდ მოვიყვან ფაქტს, რომ

328
დემოკრატიული სტრუქტურის კაპიტალისტურ ქვეყნებში
ბევრად მეტი თავისუფლებაა, ვიდრე კომუნისტური
იდეალების ერთგულ სახელმწიფოებში. ასე რომ, საბოლოო
ჯამში, მე მხარს ვუჭერ ჰუმანისტურ ხელისუფლებას,
რომელიც მიზნად ისახავს, ემსახუროს მთელ საზოგადოებას;
რომელიც მოზარდებისა და ახალგაზრდების, მოხუცების,
უძლურების ინტერესებს საზოგადოების მწარმოებელი ძალის
ინტერესებზე ნაკლებ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
მე რომ არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა, ხმას რომელიმე
ეკოლოგიურ პარტიას მივცემდი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო
დადებითი ცვლილება, რომელიც ბოლოდროინდელ მსოფლიოს
დაეტყო, არის ის, რომ ადამიანი სულ უფრო მეტად
აცნობიერებს ბუნების მნიშვნელობას. ეს სულაც არ ნიშნავს
მის გაფეტიშებას. პლანეტას ისევე უნდა მოვუაროთ, როგორც
საკუთარ სახლს. ჩვენ, ცოცხალი არსებები, მისი შვილები ვართ,
ამიტომ მის წინააღმდეგ არ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ვერ
გადავრჩებით, თუ ბუნებას დავუპირისპირდებით.
ეს უნდა ვაღიაროთ. თუ ბუნებას წონასწორობიდან
გამოვიყვანთ, კაცობრიობის ტანჯვას ბოლო არ ექნება, გარდა
ამისა, მომავალ თაობაზეც უნდა ვიზრუნოთ. სუფთა გარემოში
ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა. ჩვენ
პასუხისმგებლობა გვეკისრება, შთამომავლებს ჯანმრთელი
დედამიწა დავუტოვოთ. ამ ამოცანის შესრულება ისეთი
ძნელიც არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ცალკეული
პიროვნებების შესაძლებლობებს ეგებ ზღვარი დაედოს, მაგრამ
უსაზღვროა შესაძლებლობები კაცობრიობისა, რომელიც
საყოველთაო პასუხისმგებლობის პრინციპით მოქმედებს.
ყველამ უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, თუნდაც ძალიან
მცირედი. ზოგჯერ გვგონია, რომ არაფერი დაშავდება, თუკი
ოთახიდან გასვლისას შუქს არ ჩავაქრობთ. მაგრამ ეს ხომ არ
ნიშნავს იმას, რომ შუქი არ უნდა ჩავაქროთ.
როგორც ბუდისტი ბერი, ვფიქრობ, რომ ცნება „კარმა“
ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდი სარგებლობის
მომტანია. თუ თქვენ გექნებათ რწმენა, რომ არსებობს კავშირი
განზრახვასა და მის შედეგს შორის, მაშინ მეტ სიფრთხილეს
გამოიჩენთ და იფიქრებთ იმაზე, თუ რა ზემოქმედებას ახდენს
ჩვენი საქციელი როგორც პირადად თქვენზე, ისე სხვებზე.
ტრაგედია ტიბეტში კვლავ გრძელდება, მაგრამ, ამავე დროს,

329
იმასაც ვხედავ, რომ ამქვეყნად კარგი ამბებიც ხდება.
განსაკუთრებით მახარებს ის გარემოება, რომ ბუნების მიმართ
თვითმიზნური, მომხმარებლური დამოკიდებულება ადგილს
უთმობს იმის შეგნებას, რომ ჩვენ, ადამიანები, ბუნებრივ
რესურსებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ეს გადაუდებელი
აუცილებლობაა. დედამიწა ხომ ჩვენი დედაა. დღემდე ჩვენი
მშობელი შემწყნარებლურად უყურებდა თავისი შვილების
ქცევას, მაგრამ ახლა უკვე მიგვანიშნებს, რომ მის
მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
ვლოცულობ იმისთვის, რომ ოდესმე შევძლო, ჩინელ ხალხს
მივაწვდინო ჩემი მოწოდება, იზრუნონ გარემოზე, იზრუნონ
სხვა ადამიანებზე. ვინაიდან ბუდიზმი მათთვის უცხო სულაც
არაა, მწამს, რომ შევძლებ, ვემსახურო მათ, როგორც ბუდისტი
ბერი. უკანასკნელი პანჩენ ლამას წინამორბედმა ერთხელ
პეკინში კალაჩაკრას საიდუმლოსთან ზიარების ცერემონია
ჩაატარა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს შეიძლება ოდესმე მეც
მოვახერხო. როგორც ბუდისტ ბერს, მთლიანად ადამიანთა
მოდგმის ბედი მაწუხებს, განსაკუთრებით კი იმათი, ვინც
იტანჯება.
ჩემი აზრით, ამქვეყნად ტანჯვას ერთი მიზეზი აქვს. ესაა
უცოდინრობა. შევეცდები, უკეთ ავხსნა. ადამიანები
ისწრაფვიან საკუთარი ბედნიერებისკენ, კმაყოფილებისკენ და,
ამავე დროს, ტკივილს აყენებენ სხვებს. მათ არ იციან, რომ
ჭეშმარიტი ბედნიერება შინაგან სიმშვიდეს, შინაგან
კმაყოფილებას მოაქვს, რომლებსაც, თავის მხრივ, საკუთარ
თავში ალტრუიზმის, სიყვარულის, თანაგრძნობის,
გულმოწყალების გრძნობის განვითარებით, რისხვისგან,
ეგოიზმისგან, სიხარბისგან გათავისუფლებით მოიპოვებ.
ზოგს შეიძლება ეს გულუბრყვილო მსჯელობად მოეჩვენოს,
მაგრამ მათ შევახსენებდი, რომ ქვეყნიერების რომელ
კუთხეშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ჩვენ, ადამიანები,
არსებითად, ერთნი ვართ. ყველანი მივისწრაფვით
ბედნიერებისკენ და გავურბივართ ტანჯვას. ჩვენ ერთი და
იგივე მოთხოვნილებები გვაქვს, ერთნაირი საწუხარი და
დარდი. გარდა ამისა, გვინდა თავისუფლება, უფლება,
თვითონვე განვაგებდეთ საკუთარ ცხოვრებას. ასეთია
ადამიანის ბუნება. ზემოთქმულის დადასტურება კი ის დიდი
ცვლილებებია, რომლებმაც მთელი მსოფლიო მოიცვა,

330
აღმოსავლეთ ევროპიდან დაწყებული, აფრიკით
დამთავრებული. ამავე დროს, პრობლემებს, რომლებსაც დღეს
ვაწყდებით (შეიარაღებული კონფლიქტები, ბუნების
განადგურება და ნგრევა, სიღარიბე, შიმშილი და ა.შ.),
ძირითადად, თავად ადამიანები ქმნიან. ეს პრობლემები,
შეიძლება ისევ მათვე მოაგვარონ, თუკი შეიქმნება
ურთიერთგაგების ატმოსფერო, თუკი ადამიანი არ დაივიწყებს,
რომ მეორე ადამიანი მისთვის „უცხო“, „სხვა“ კი არა, ძმაა. ეს
რომ მოხდეს, მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა
ერთმანეთის მიმართ, იმ პლანეტის მიმართ, რომელზეც
ვცხოვრობთ. ეს სწორედ ის საყოველთაო პასუხისმგებლობაა,
რომელსაც სიკეთე, სხვისი ტკივილის გაზიარების უნარი
ასაზრდოებს.
როგორც ბუდისტი, მივიჩნევ, რომ ჩემი რელიგია ხელს უწყობს
სიყვარულისა და გულმოწყალების ჩასახვას ადამიანში, მაგრამ
მიმაჩნია, რომ ყველა რელიგია, არსებითად, ერთ მიზანს
ისახავს - გააღვივოს სიკეთის ნაპერწკალი ადამიანში და
სიხარული, ბედნიერება მოუტანოს ყველას. ეს მისწრაფებები
ახასიათებს როგორც რელიგიურ, ისე არარელიგიურ
ადამიანებს.
ჩვენს ცხოვრებაზე მეცნიერების მზარდი ზეგავლენის
პირობებში რელიგიასა და სულიერებას დიდი როლი ეკისრება,
რადგან ისინი ჰუმანურობის შესახებ შეგვახსენებენ.
რელიგიასა და მეცნიერებას შორის წინააღმდეგობა არ
არსებობს. ერთი მეორის წვდომაში გვეხმარება და პირიქით.
მინდა, წიგნის დასასრულს დიდი მადლობა გამოვუცხადო
ტიბეტის ყველა მეგობარს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს
ყურადღებას ტიბეტელების მიმართ, რომლებიც ახლა მძიმე
მდგომარეობაში არიან. თქვენი მხარდაჭერა სიმამაცეს
გვმატებს თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის
ბრძოლაში, რომელშიც იარაღს კი არ ვიყენებთ, არამედ
ჭეშმარიტების ძალას, სიმამაცეს. ვიცი, რომ ყველა ტიბეტელის
სახელით ვლაპარაკობ, როცა მადლობას გიხდით და გთხოვთ,
არ დაივიწყოთ ტიბეტი მისთვის კრიტიკულ პერიოდში.
ჩვენ, ტიბეტელები, ჩვენი მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ
შევძლებთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა მსოფლიო
უფრო მშვიდობიანი, უფრო ჰუმანური, უფრო მიმზიდველი
გახდეს. თავისუფალი ტიბეტი მომავალში ეცდება, დაეხმაროს

331
ყველას, ვისაც უჭირს, დაიცვას ბუნება, ხელი შეუწყოს
მშვიდობის დამყარებას. ტიბეტელებს გვახასიათებს უნარი,
ერთმანეთს შევუხამოთ სულიერება და ცხოვრებისადმი
რეალისტური, პრაქტიკული მიდგომა. ეს თვისება კი
საშუალებას მოგვცემს, განსაკუთრებული, თუნდაც სულ
მცირე წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში.
დაბოლოს, მინდა, ჩემს მკითხველებს მოკლე ლოცვა გავაცნო,
რომელიც შთაგონებასა და გაბედულებას მმატებს:
„ქვეყნიერება ვიდრე არსებობს,
დედამიწაზე სიცოცხლე ჩქეფს,
დაე, ამ სამყაროს ნაწილად ვიქცე,
რომ ტანჯვის წყვდიადი გავფანტო მეც.“

[1] ნაწლავების ჭიები (მთარგმნ.).


[2] ბუდისტური ხატი (მთარგმნ.).
[3] ესაა სასულე, პნევმატური თოფი, რომლითაც ისრებს
ისროდნენ (მთარგმნ.).
[4] მოშე დაიანი (1915-1981) - ისრაელის სამხედრო და
საზოგადო მოღვაწე. ცალი თვალი დაკარგა ფრანგი ვიშისტების
(გერმანელთა მომხრეები) წინააღმდეგ საომარი მოქმედებების
დროს (მთარგმნ.).
[5] „ბჰიკხუ“ სანსკრიტზე სიტყვასიტყვით მოწყალების
თხოვნას ნიშნავს; ესაა ბერობის უმაღლესი ხარისხი ბუდიზმში.
ბერი-ბჰიკხუ ასრულებს ვინაიას (ბუდისტი ბერების წესდება)
220-ზე მეტ აღთქმას (მთარგმნ.).
[6] ირმისებრი ცხოველი (მთარგმნ.).
[7] რიტუალური გრძელი თეთრი შარფი, ერთ-ერთი
ბუდისტური სიმბოლო. ის უნივერსალური საჩუქარია და
გამოხატავს სტუმართმოყვარეობას, უანგარობას,
კეთილგანწყობასა და თანაგრძნობას (მთარგმნ.).

332
[8] პირველი სახელწოდება ტიბეტურია, მეორე - ინდური
(მთარგმნ.).
[9] შტატი აღმოსავლეთ ინდოეთში (მთარგმნ.).
[10] მაკროკოსმოსის ხედვის სიმბოლური გამოსახულება
ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში
(მთარგმნ.).
[11] „პანდიტ“ ჰინდი ენაზე ნიშნავს სწავლულს (მთარგმნ.).
[12] დჰარმა - ინდური ფილოსოფიური და რელიგიური
ტერმინი, რომელიც შეიძლება აიხსნას, როგორც ერთობლიობა
იმ დადგენილი ნორმებისა და წესებისა, რომელთა დაცვა
აუცილებელია კოსმოსური წესრიგის შესანარჩუნებლად;
იგივეა, რაც „ყოფიერების უნივერსალური კანონი“ (მთარგმნ.).
[13] ეს უცნაური ფრაზა, სავარაუდოდ, ნიშნავდა მისი
დამსახურების იგნორირებას. (მთარგმნ).
[14] მაჰაბოდჰი - ასე ჰქვია ხეს, რომლის ქვეშაც ბუდამ
გასხივოსნებას მიაღწია. (მთარგმნ.).
[15] კუმარის მამა (მთარგმნ.).
[16] ე.წ. „პილოტკა“ (მთარგმნ.).
[17] დინამორეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ხელის
ყუმბარმტყორცნი (მთარგმნ.).
[18] წყლის იასამანს (მთარგმნ.).
[19] იგივე სინძიანი, ისტორიული რეგიონი ცენტრალურ აზიაში,
რომელიც ამჟამად ჩინეთის შემადგენლობაში შედის
(მთარგმნ.).
[20] ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელი (მთარგმნ.).
[21] უძველესი ინდური რელიგიის, ჯაინიზმის მიმდევარი
(მთარგმნ.).
[22] ქ. ტირუვანანტაპურამის რომანიზებული სახელწოდება
(მთარგმნ.).
[23] ბუდიზმის ორი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთი;
ბუდისტური გზის დიდი ბორბალი, რომლის გავლის

333
მეშვეობითაც მიიღწევა გასხივოსნება; ამ ტერმინით
მოიხსენიება ასევე წესების ერთობლიობა ბუდისტისთვის,
რომელმაც ბოდჰისატვას გზა აირჩია (მთარგმნ.).
[24] ეს მონასტრები ტიბეტის ამავე სახელწოდების უდიდესი
მონასტრების ასლებია (მთარგმნ.).
[25] იგულისხმება ინდოელი ფილოსოფოსი, ჯიდუ
კრიშნამურტი, 1895-1986 (მთარგმნ.).
[26] „გეშე“ - ტიბეტის ბუდისტური აკადემიის ხარისხი
ბერებისა და მონაზვნებისათვის (მთარგმნ.).
[27] იგულისხმება რომის პაპის შვეიცარიული გვარდია
(მთარგმნ.).
[28] „ქაღალდის ვეფხვი“ - ხატოვანი აღმოსავლური, კერძოდ,
ჩინური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს მოჩვენებით,
არარეალურ საფრთხეს (მთარგმნ.).
[29] ზოგადად, ეს ტერმინი ნიშნავს ბუდისტურ თემს, ბერების
საძმოს (სწორედ ასე განმარტავს მას ავტორი მეთერთმეტე
თავში); ვიწრო გაგებით - ესაა დასი იმ ბუდისტებისა,
რომლებმაც გასხივოსნებას მიაღწიეს (მთარგმნ.).
[30] ტერმინი ბოდჰიჩიტა სანსკრიტზე ნიშნავს „გამოღვიძებულ
გონებას“, რომელიც გასხივოსნებისაკენ ისწრაფვის;
ბოდჰიჩიტას საბოლოო, სრულყოფილი სახეა ბოდჰისატვას
მდგომარეობა. (მთარგმნ.)
[31] („შუნია“ მაჰაიანას ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, ყოფნა-
არყოფნის პრობლემის მიღმა არსებობა, სიცარიელის შეგრძნება,
რაც „გათავისუფლების“, ანუ ნირვანას მდგომარეობაში
გადასვლას მოასწავებს; ნიშნავს ასევე ილუზიას იმ გაგებით,
რომ ადამიანის ცხოვრება რეალობა კი არა, ჩრდილი და ლანდია.
მთარგმ.)
[32] ბრიტანელი მწერლის, სირილ ჰენრი ჰოსკინის (1910-1981)
ლიტერატურული ფსევდონიმი; ის ამტკიცებდა, რომ
ბრიტანელის სხეულში ჩასახლებული ტიბეტელი ლამა იყო
(მთარგმნ.).
[33] ესაა მაღალენერგეტიკული ბოჭკოები, რომლებიც კვებით
ენერგიას პირდაპირ სითბოდ გარდაქმნის, მაშინ, როცა თეთრი

334
ცხიმები ენერგიას ინახავს (მთარგმნ.).
[34] სარკე ამ ნივთს პირობითად შეიძლება ეწოდოს, რადგან
ზედაპირი ლითონისა აქვს (მთარგმნ.).
[35] სახალხო პარტიას (მთარგმნ.).
[36] ინდირა განდის პარტია (მთარგმნ.).
[37] ტიბეტურად ამ ტბას მაპამ-იუმცოს ეძახიან (მთარგმნ.).
[38] რაიონი ჩინეთში (მთარგმნ.).
[39] „ტხამზინგს“ ჩინელები უწოდებდნენ სახალხო
სასამართლოს, ანუ „კლასობრივი ბრძოლის სეანსს“, რომელიც
ძალიან ჰგავდა ლინჩის წესით გასამართლებას. იძულებით
შეკრებილ ადამიანებს აიძულებდნენ, საჯაროდ
დაემცირებინათ მსხვერპლი, შეურაცხყოფა მიეყენებინათ
მისთვის და ეწამებინათ კიდეც, სანამ საბოლოოდ არ
აღიარებდა „დანაშაულს“. ეს მაოს ეპოქისთვის ჩვეულებრივი
მეთოდი იყო, რომელიც დენ სიაოპინმა აკრძალა (მთარგმნ.).
[40] იგულისხმება ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ჩინეთის
მოსახლეობის 92%-ს შეადგენს (მთარგმნ.).
[41] ჩინეთის პარლამენტი (მთარგმნ.).
[42] ეგონ კრენცი - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის
უკანასკნელი ლიდერი, დაიბ. 1937 წ. (მთარგმნ.).

335

You might also like