Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 13

სამოქალაქო განათლება

ნაწილი მეათე

კონსტიტუცია

კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ის


პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოსა და მისი
მოქალაქეების კეთილდღეობის მიღწევას. თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის
კონსტიტუციური თანაფარდობა ქმნის ისეთ მმართველობას, სადაც უზრუნველყოფილია
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხელისუფლება ამ უფლებებითა და
თავისუფლებებითაა შებოჭილი და პიროვნებასთან ურთიერთობაში მისი თვითნებობის
შესაძლებლობა შეზღუდულია.1

ტერმინი კონსტიტუცია ლათინური სიტყვაა და „დაწესებას“, „დადგენას“, „წყობას“,


„აგებულებას“ ნიშნავს. თანამედროვე გაგებით, ეს არის სახელმწიფოს ძირითადი კანონი,
რომელშიც გათვალისწინებულია ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური,
საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლები, მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები,
განათლებისა და სახელმწიფოებრივი ორგანოების ფუნქციონირების სისტემა და სხვა
კონსტიტუციური პრინციპები და მექანიზმები2.

საინტერესოა, რომ თანამედროვე სახელმწიფოთა კონსტიტუციებს შორის პრაქტიკულად არ


მოიპოვება ორი ისეთი კონსტიტუცია, რომლებიც აბსოლუტურად იდენტური შინაარსი აქვს.
თუმცა მაინც ხდება მათი პირობითად კატეგორიზება სხვადასხვა ნიშნების საფუძველზე,
რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩამონათვალი არ არის
ამომწურავი.

დაწერილი და დაუწერელი კონსტიტუციები

გამოხატვის ფორმის მიხედვით განასხვავებენ დაწერილ და დაუწერელ კონსტიტუციებს.


პირველ მათგანში იგულისხმება ერთიანი, სისტემატიზირებული ნორმატიული აქტი,
რომელიც მიღებულია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ და
გამოცხადებულია ქვეყნის ძირითად კანონად3.
რაც შეეხება დაუწერელ კონსტიტუციას, ეს ცნება დაკავშირებულია გასული საუკუნის იმ
პერიოდთან, როცა სახელმწიფოთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ გააჩნდათ ძირითადი
კანონი და მოქმედ წესებსა და ნორმებს არასისტემატიზირებული სახე ჰქონდათ. ამ დროს
ქვეყანაში ტრადიციულად მოქმედებს ფორმალური კონსტიტუცია, რომელიც შედგება
სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებისაგან, კონსტიტუციური ჩვეულებებისა და
პრეცედენტებისაგან. ამასთან, ეს ერთიანობა არ არის აღიარებული ერთიან კანონად.
დაუწერელი კონსტიტუციის რეგულირების საგანი ისეთივეა, როგორიც დაწერილისა. ამ
ფორმის კონსტიტუციის კლასიკური მაგალითია გაერთიანებული სამეფოს, ახალი
ზელანდიისა და ისრაელის დაუწერელი კონსტიტუციები.

მუდმივი და დროებითი კონსტიტუციები

კონსტიტუციური აქტის ან ქვეყნის ძირითადი კანონის მოქმედების ვადის მიხედვით,


განასხვავებენ მუდმივ და დროებით კონსტიტუციებს.

დროებითია კონსტიტუცია, რომელიც გამიზნულია გარკვეული დროით მოქმედებისათვის.


კონსტიტუციის დროებითობას განსაზღვრავს იმ ვადის დათქმა, რომელშიც უნდა
მოქმედებდეს კონსტიტუცია ან იმ ფაქტის, მოვლენის განსაზღვრა, რომლის დადგომის
შემდეგ კონსტიტუციამ უნდა შეწყვიტოს მოქმედება.

მუდმივია კონსტიტუცია, რომელიც გათვალისწინებულია განუსაზღვრელი დროით


მოქმედებისათვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი სამუდამო მოქმედებისაა და არ შეიძლება
მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანა. ასეთი კონსტიტუცია პრაქტიკულად არ
არსებობს.

მოქნილი და მყარი კონსტიტუციები

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიხედვით, განასხვავებენ მოქნილ და მყარ


კონსტიტუციებს. მოქნილია კონსტიტუცია, რომლისთვისაც ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის ისეთივე წესია დადგენილი, როგორც ჩვეულებრივი კანონებისათვის, მაგალითად,
ინგლისში. მყარი კონსტიტუცია კი ითვალისწინებს ცვლილებებისა და დამატებების შეტანის
რთულ მექანიზმს. მყარ კონსტიტუციათა რიგში ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ განსაკუთრებით
მყარ კონსტიტუციებს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აშშ-ს კონსტიტუციის მე-5
მუხლი, რომლის მიხედვით, “თუკი თითოეული პალატის წევრთა ორი მესამედი ამას
საჭიროდ ჩათვლის, კონგრესმა უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ კონსტიტუციაში
ცვლილებების შესატანად, ან მან ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების
ორი მესამედის მოთხოვნით უნდა მოიწვიოს კონვენტი შესწორებათა განსახილველად,
რომლებსაც, ორივე შემთხვევაში, არსებითად ძალა ექნება და განიხილება ამ კონსტიტუციის
ნაწილად, როდესაც ისინი რატიფიცირებული იქნება ცალკეული შტატების საკანონმდებლო
დაწესებულებების სამი მეოთხედის მიერ, ან კონვენტზე შეკრებილთა სამი მეოთხედის
მიერ…”

მისი მიღების წესის მიხედვით განასხვავებენ ხელისუფლების უმაღლესი


წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ და რეფერენდუმის გზით მიღებულ
კონსტიტუციებს. ამავე ნიშნის მიხედვით, გამოყოფენ ოქტროირებულ ანუ ნაბოძებ
კონსტიტუციებს. მიუთითებენ ორი სახის ოქტროირებაზე, საშინაო - როცა საკუთარი
მონარქი საკუთარ ხალხს ჩუქნის კონსტიტუციას და საგარეო - ყოფილი მეტროპოლია ყოფილ
კოლონიას უტოვებს კონსტიტუციას.

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები

ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაზე. ზემოთ ჩამოთვლილი


კატეგორიების გათვალისწინებით, ჩვენი კონსტიტუცია წარმოადგენს დაწერილ, მუდმივად
მოქმედ და მყარ კონსტიტუციას, ვინაიდან მასში ცვლილებების შეტანის რთული წესია
დადგენილი.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუცია იყო. თუმცა საქართველოს


გასაბჭოების გამო, მან ამოქმედება ფაქტობრივად ვერ მოახერხა.

საქართველოს ბოლო და ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც 1921 წლის


კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება, 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო
საქართველოს პარლამენტმა, რითაც თავდაპირველი რედაქციით საქართველოში დამყარდა
ამერიკულ მოდელზე ორიენტირებული საპრეზიდენტო ტიპის რესპუბლიკა. თუმცა,
მოგვიანებით, 2004 წლის 6 თებერვლისა და 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური
რეფორმებით, საქართველო ჯერ გადავიდა ნახევრადსაპრეზიდენტო სისტემაზე, ხოლო
შემდეგ ნახევრადსაპარლამენტო მოდელზე.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც მიიღეს 2018 წლის 23 მარტს, საქართველო


საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა.

1995 წლის კონსტიტუცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასში გამოხატულია


დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის,
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობის
განმტკიცების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების
უზრუნველყოფის ნება. გარდა ამისა, იგი ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა
სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილებისა და
სახალხო სუვერენიტეტის პრინციპები.

სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების


პრინციპის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. შესაბამისად ამ გაკვეთილში სახალხო
სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს მიმოვიხილავთ.

სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „სახალხო სუვერენიტეტი


მნიშვნელოვანწილად ხორციელდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპის
მეშვეობით. საქართველოს თითოეული მოქალაქე ირჩევს რა წარმომადგენელს, საკუთარ
ძალაუფლებას გადასცემს მას და ამით აძლევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების,
სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას. არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური
მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია.

იმისათვის, რომ შედგეს „ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა


პოლიტიკაში, რისი საუკეთესო გზაც არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და
რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში -
„ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეულნი“.

მაშასადამე, სახალხო სუვერენიტეტის განხორციელებით, საზოგადოება სახელმწიფოს


მართვის სადავეებს გადასცემს მის მიერ არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს.

დემოკრატიული მმართველობის პრინციპი

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანასწორობა,


საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ
პროცესებში, პოლიტიკური პლურალიზმი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და
ხელისუფლების დანაწილება. თითოეული მათგანი დემოკრატიის ფუნდამენტურ
ღირებულებებსა და პრინციპებს წარმოადგენს და მათ გარეშე წარმოუდგენელია
სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის არსებობა.

იქიდან გამომდინარე, რომ დემოკრატიის შესახებ გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგექმნათ


წინა გაკვეთილებიდან, მოცემულ გაკვეთილში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ თანამედროვე
დემოკრატიის განვითარების ტენდენციებსა და ლიბერალურ ანუ წარმომადგენლობით
დემოკრატიაზე.

დემოკრატიის ფორმები

თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში წარმოდგენილი მმართველობის სისტემები


მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
გამოყოფენ პირდაპირ და წარმომადგენლობით (ლიბერალურ) დემოკრატიას.

პირდაპირი (უშუალო) დემოკრატია მმართველობის ისეთი ფორმაა, სადაც პოლიტიკური


გადაწყვეტილებების მიღების უფლება რეალიზდება პირდაპირი წესით მოქალაქეთა მთელი
ერთობლიობის მიერ, რომლებიც უმრავლესობის წესის პროცედურებს ექვემდებარებიან.
ასეთი მოდელი განხორციელებადია მხოლოდ უკიდურესად პატარა სახელმწიფოებრივ
წარმონაქმნებში. შესაბამისად, არც ერთი თანამედროვე დემოკრატიული სისტემა სრულად
არ ეფუძნება პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებს, თუმცა გარკვეულწილად შეიცავს მის
ცალკეულ ელემენტებს. პირდაპირი დემოკრატიის ინსტიტუტების მაგალითებია
რეფერენდუმი, საერთო-სახალხო გამოკითხვა (პლებისციტი), სახალხო საკანონმდებლო
ინიციატივა და ა.შ. დღესდღეობით, პირდაპირი დემოკრატიის მქონე ქვეყანაა შვეიცარია.

ლიბერალური ანუ წარმომადგენლობითი დემოკრატია დემოკრატიის ყველაზე


გავრცელებული ფორმაა. მასში სამი მთავარი ნიშან-თვისება გამოიყოფა:

1. ხალხის უფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ხორციელდება არა


უშუალოდ, არამედ მის მიერ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული
წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთაც პოლიტიკური ძალაუფლება ფორმალურ
პოლიტიკურ თანასწორობაზე დამყარებულ რეგულარულ არჩევნებში გამარჯვებით
გადაეცემათ - „ერთი ადამიანი, ერთი ხმა“.

2. ის მოქიშპე პოლიტიკურ პარტიათა შორის კონკურენციასა და ამომრჩევლის არჩევანს


ეფუძნება და პოლიტიკური პლურალიზმითაა უზრუნველყოფილი.

3. ის მკვეთრად მიჯნავს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას ერთმანეთისგან, რაც


გამოიხატება, როგორც ხელისუფლების შინაგან და გარეგან შეზღუდვებში, ისე ავტონომიურ
ჯგუფთა და ინტერესთა, აგრეთვე ბაზრის ანუ ეკონომიკური ცხოვრების კაპიტალისტური
ორგანიზაციის არსებობაში (ჰეივუდი ე. პოლიტიკური
იდეოლოგიები). წარმომადგენლობითი დემოკრატიის მქონე ქვეყნებს შორისაა აშშ, კანადა,
დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ა.შ.

თავის მხრივ, წარმომადგენლობითი დემოკრატია ასოცირებულია მმართველობის ორ


ძირითად სისტემასთან: საპარლამენტო და საპრეზიდენტო დემოკრატიასთან.

საპარლამენტო დემოკრატია: მმართველობის ამ ფორმაში ცენტრალურ როლს პარლამენტი


თამაშობს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც
დამოკიდებულია პარლამენტის ნდობაზე. ქვეყნის მეთაურს მხოლოდ მცირე
აღმასრულებელი უფლებამოსილება აქვს ან საერთოდ არ გააჩნია იგი და მხოლოდ
წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს5. საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყნებს
შორის აღსანიშნავია ავსტრია, ჩეხეთი, ფინეთი, გერმანია, იტალია, თურქეთი და დიდი
ბრიტანეთი.

საპრეზიდენტო დემოკრატია: აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს


სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი), რომელიც პირდაპირი წესით აირჩევა ხალხის მიერ
და არ არის დამოკიდებული პარლამენტის ნდობაზე. დღესდღეობით, საპრეზიდენტო
დემოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენელი არიან აშშ, ბელარუსია, სომხეთი და
აზერბაიჯანი.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების


ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, რომელიც ფართო გაგებით მოიცავს არამხოლოდ
სახელმწიფოს დაფუძნებას და მართვას სათანადო წესით მიღებული კანონებით, არამედ
იმასაც, რომ მიღებული კანონები უნდა იყოს რაციონალური და შინაარსობრივად შესაბამისი
ქვეყნის ძირითად კანონთან - კონსტიტუციასთან. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი
მჭიდროდაა დაკავშირებული კანონის უზენაესობასთან. ეს პრინციპი არის გარანტიორი
იმისა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება შებოჭილი იქნება მოქმედი კანონებითა და
ადამიანის უფლებებით და ამდენად არ ექნება თვითნებობის, ადამიანის უფლებებში
გაუმართლებელი ჩარევის შესაძლებლობა.

სოციალური დაცვა და მისი გარანტიები


საზოგადოების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებათა შორისაა საზოგადოების
სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. სწორედ ამ მიზნით იქმნება
სახელმწიფოებში სოციალური დაცვის სისტემები, რომლებიც ეროვნული შემოსავლის
გადანაწილებით ცდილობს, უზრუნველყოს მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის
დადგენილი სტანდარტები, მოსახლეობის შრომისუუნარო და ნაკლებშემოსავლიანი
ნაწილისათვის სოციალური სოლიდარობის პრინციპის რეალიზაციით6.

სოციალური დაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილებია სოციალური დაზღვევა და


სოციალური დახმარება. პირველი მათგანის ქვეშ ძირითადად მოიაზრება ჯანმრთელობისა
და უმუშევართა დაზღვევა, რომელთა არსებობა მიზნად ისახავს იმ რისკების შემცირებას,
რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოს უქონლობასთან, ჯანმრთელობის პრობლემებთან,
შეზღუდულ შესაძლებლობასთან, სამეწარმეო ტრავმებთან, ხანდაზმულობასთან და ა.შ.

რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, იგი გულისხმობს სახელმწიფოს ბიუჯეტში არსებული


ფულადი რესურსების გადაცემას იმ ადამიანებისთვის ან ოჯახებისათვის, რომლებიც
სოციალურად დაუცველი არიან. ასეთ კატეგორიაში ექცევიან მარტოხელა მშობლები,
უსახლკაროები, ფიზიკური ბარიერების მქონენი ან მენტალურად დაავადებულნი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედებს სოციალური დახმარების შესახებ კანონი,


რომლის მიზანს „სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის
სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა“ წარმოადგენს.
ამასთან ამ კანონის მოქმედება „ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე
მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ
ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“

რაც შეეხება კანონის სოციალური დახმარების სახეებს, ამავე კანონის თანახმად, ესენია
საარსებო შემწეობა, რეინტეგრაციის შემწეობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურება,
სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება, არაფულადი სოციალური
დახმარება და სოციალური პაკეტი.
ცვლილებები კონსტიტუციაში

2018 წლის 16 დეკემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ


საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა, რის შედეგადაც ქვეყანა შერეული
საპრეზიდენტო სისტემიდან მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადავიდა.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები უქმდება და ქვეყანა


მთლიანად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადადის. ახალი კონსტიტუცია კიდევ
უფრო ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას – ეს პროცესი 2010 წელს მიღებული
ცვლილებებით დაიწყო.

ქვემოთ მოცემულია საქართველოს ახალი კონსტიტუციის ძირითადი პუნქტები:

პრეზიდენტი

 პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, მთავარსარდლად და


წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში; თუმცა მას აღარ ევალება, რომ
„კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში
უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირება“;

 პრეზიდენტი კარგავს უფლებას, რომ „მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვა


მოითხოვოს და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში“;

 პრეზიდენტი აღარ აირჩევა პირდაპირი არჩევნების გზით, 2024 წლიდან მას 300
წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელთა შორის იქნებიან დეპუტატები,
ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები;

 პრეზიდენტი პარლამენტის სასახლეში წინასწარი დებატების გარეშე 5 წლის ვადით


აირჩევა. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მაქსიმუმ ორი ვადით;

 საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე


საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან (ნაცვლად მანამდე არსებული 35 წლისა),
რომელსაც საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია. თუმცა, კანდიდატს
არჩევნებამდე ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრება აღარ
მოეთხოვება;

 ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც „სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის


თავდაცვის ორგანიზაციისათვის“ იქმნება და რომელსაც, წინა კონსტიტუციით,
საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, აღარ იარსებებს. სანაცვლოდ, ახალი
კონსტიტუციით, ეროვნული თავდაცვის საბჭო შეიქმნება, რომელიც საომარი
მდგომარეობის დროს, კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციას
განახორციელებს. ეროვნული თავდაცვის საბჭოს მუდმივი წევრები იქნებიან:
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და
საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური.

პარლამენტი

 პარლამენტი მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადადის. პარლამენტის წევრთა


გაუნაწილებელი მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელთაც
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მაინც მიიღეს;

 საარჩევნო ბლოკების შექმნა აღარ იქნება შესაძლებელი;

 ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებულ დეპუტატებს მხოლოდ ერთი


საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბება შეეძლებათ;

 კანდიდატის ასაკი არსებული 21 წლიდან 25 წლამდე იზრდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა,


ამჟამად პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა შეუძლიათ.

პრემიერ-მინისტრი/მთავრობა

 პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობებს განსაზღვრავს და თანამდებობაზე


ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს;

 პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებული პარლამენტის


წინაშეა. წელიწადში ერთხელ ის სამთავრობო პროგრამის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას პარლამენტს წარუდგენს.

სხვა დებულებები

 გარდამავალი დებულებების 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა


თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა
და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის
უზრუნველსაყოფად;

 ქუთაისი აღარ იქნება პარლამენტის განთავსების ადგილი;

 ქორწინება განისაზღვრა, როგორც კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის ოჯახის შექმნის


მიზნით;

 პროკურატურა აღარ დაექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს, ის


დამოუკიდებელი ორგანო გახდება და ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე
იქნება. ამ ორგანოს პარლამენტის მიერ ექვსი წლის ვადით არჩეული მთავარი
პროკურორი უხელმძღვანელებს;
 სახალხო დამცველი ექვსი წლის ვადით აირჩევა. ომბუდსმენად ერთი და იმავე პირის
ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია 2017 წლის 26 სექტემბერს, ოპოზიციის ბოიკოტის


ფონზე მიიღო. დამატებითი ცვლილებები კონსტიტუციაში 2018 წლის 22 მარტს შევიდა.

საქართველოში მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოსაა მიღებული. თუმცა


საინტერესოა როდიდან დაიწყო საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარება? რა
გზა განვლო მან?

ფეოდალური საქართველო

სახელმწიფოებრიობა, პოლიტიკური და სამართლებრივი კულტურა საქართველოში


რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ყალიბდებოდა. ისტორიკოსები
განსაკუთრებულად აღნიშნავენ სამართალშემოქმედების მაღალ დონეს ფეოდალურ
საქართველოში. მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული შეიმჩნევა კანონმდებლობის
სისტემატიზაციის მცდელობებიც.

პირველი საერო სამართლის აქტი, რომელიც ჩვენამდე ფრაგმენტის სახით მოვიდა, იყო
ბაგრატ კურაპალატის „სამართლის წიგნი“. მოგვიანებით, XVIII საუკუნეში, ვახტანგ VI
ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა კოდიფიცირებული სამართლებრივი
დოკუმენტი, რომელშიც შედიოდა მოსეს კანონები, ბერძნულ–რომაული სამართალი, მხითარ
გოშის კანონები, კათალიკოსის სამართალი, გიორგი ბრწყინვალის „ძეგლისდება“ და ბექა-
აღბუღას „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა და ყოვლასავე“ და, ცხადია, თავად მეფე
ვახტანგ VI კანონები. ხსენებულის გარდა, ვახტანგ VI ეკუთვნის „დასტურლამალი“,
რომელიც სახელმწიფო სამართლის იმ დროისათვის შესანიშნავ სამართლებრივ წყაროს
წარმოადგენდა.

1918-1921 წლები
საქართველოს ისტორიაში ბევრია სამართლის სხვა ძეგლიც, რომელიც თავისი ბუნებითა და
შინაარსით შეიძლება მივაკუთნოთ სახელმწიფო (კონსტიტუციური) სამართლის წყაროს,
მაგრამ საკუთრივ კონსტიტუციონალიზმის ისტორიის დასაწყისად 1918 წლის 26 მაისი უნდა
მივიჩნიოთ, როდესაც ეროვნულმა საბჭომ პირველი კონსტიტუციური ხასიათის
დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ამ აქტის საფუძველზე
„საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელად“ გამოცხადდა, ხოლო
„საქართველო სრულუფლებოვან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.“

აღსანიშნავია, რომ ამ აქტით პირველად საქართველოს ისტორიაში განისაზღვრა


საქართველოს სახელმწიფოს მართვა–გამგეობის ფორმა და პოლიტიკური რეჟიმი –
სახელმწიფო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური ფორმის და თავისი ფუნქციები
განეხორციელებინა დემოკრატიული მეთოდებით. დამოუკიდებლობის აქტის მე-2 მუხლის
მიხედვით, „დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული
რესპუბლიკაა“. ეს აქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მან საყოველთაო ნგრევისა
და ნიჰილიზმის პირობებში საფუძველი ჩაუყარა ადამიანზე სახელმწიფოს ზრუნვის
ვალდებულებას.

დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოს


კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში არის საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის
კონსტიტუცია.1918 და 1919 წლებში სპეციალურად შექმნილი 2 საკონსტიტუციო კომისია
მუშაობდა კონსტიტუციის პროექტზე, რომლის წევრთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ
კონსტიტუციის მიღება „განამტკიცებდა ქვეყნის საგარეო მდგომარეობას, აამაღლებდა მის
საერთაშორისო ავტორიტეტს“, ბოლოს მოუღებდა „მართვა–გამგეობაში მრავლად არსებულ
არევ–დარევასა და გაურკვევლობას, უპასუხისმგებლობას და თვითნებობას.“

1920 წლის მაისისათვის კონსტიტუციის პროექტი განსახილველად გადაეგზავნა


დამფუძნებელ კრებას. პროექტის ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობდა
დამფუძნებელი კრების ყველა ფრაქცია, დეპუტატთა უმრავლესობა, თავისი მოსაზრებები
გამოაქვეყნეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ეკლესიამ და სხვა პირებმა.

1921 წლის 26 იანვრამდე განხილულ იქნა პროექტის მხოლოდ 4 თავი. იმ დროს შექმნილი
ვითარების გამო,პროექტის საჯარო განხილვა ვეღარ მოხერხდა. 1921 წლის 21 თებერვალს
დამფუძნებელმა კრებამ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ყველა თავი ბოლომდე არ
ყოფილა განხილული, მაინც დაამტკიცა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია. აღსანიშნავია, რომ
ამ კონსტიტუციის ტექსტი გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა ფედერალურმა მინისტრმა
ჰანს-დიტრიხ გენშერმა შეაფასა, როგორც „ერთ-ერთი პროგრესული ევროპის კონტინენტზე,
[ვინაიდან] ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს,
როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელთაც
დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.“ გარდა ამისა, ამ კონსტიტუციის უდიდესი დამსახურებაა
იმის გაცნობიერებაც, რომ ადამიანი არის ძირითადი სოციალური ღირებულება. მასში
ვხვდებით ისეთ თავებს, როგორებიცაა „მოქალაქეობა“, „მოქალაქის უფლებანი“,
„ადგილობრივი თვითმმართველობა“, „სწავლა-განათლება და სკოლა“, „სოციალურ-
ეკონომიკური უფლებანი“ და სხვა.
ამავე კონსტიტუციით ერთმანეთისგან იმიჯნებოდა სახელმწიფო და ეკლესია,
გარანტირებული იყო ყველა სარწმუნოების თანასწორობა და იკრძალებოდა სახელმწიფოს
ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა
საჭიროებისათვის ხარჯის გაღება.

სამწუხაროდ, მისი მიღებიდან მეოთხე დღეს 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა
რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დაიპყრო და კონსტიტუციამ მოქმედება შეწყვიტა.
თბილისიდან ბათუმში გადასული მთავრობის მონდომებით კონსტიტუციის ტექსტი
დაიბეჭდა ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან სამოქალაქო
გმირობის ტოლფასი ქმედება იყო.

საბჭოთა კონსტიტუციები

წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდგომ იწყება საქართველოს


კონსტიტუციური განვითარების ისტორიაში საბჭოთა კონსტიტუციების 70-წლიანი
პერიოდი.

საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციები, რომლებიც 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში მიიღეს,
როგორც წესი საბჭოთა კონსტიტუციების ქართული ვარიანტებია. არცერთი საბჭოთა
კონსტიტუცია არ იყო ქართველი ხალხის ან მისი რომელიმე დამფუძნებელი ორგანოს
სამართალშემოქმედების შედეგი.

ეს კონსტიტუციები იმთავითვე ფიქტიური ხასიათის იყო, რადგანაც საზოგადოებრივი


ურთიერთობების რეგულირებისას არ ასრულებდნენ ძირითადი კანონის ფუნქციას. მათში
გათვალისწინებული საკანონმდებლო თუ სხვა კვაზიდემოკრატიული ინსტიტუტები
უბრალო ფორმალობა იყო, ხოლო რეალურად დიქტატორულ ქვეყანაში ბატონობდა
კომუნისტური პარტია და მისი ხელმძღვანელობის ძალაუფლება.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდი

მეოცე საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა,


საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პირველი მრავალპარტიული
საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პოლიტიკურმა
გაერთიანებამ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“. ამ პერიოდში საქართველო
კვლავ საბჭოთა სამართლებრივ სივრცეში იმყოფებოდა, რის გამოც ახალი კონსტიტუციის
მიღება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახალი რეალობის საკანონმდებლო განმტკიცება იმ
დროინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ისევ 1978 წლის კონსტიტუციის გადასინჯვის
საფუძველზე.

1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ პირველსავე სესიაზე უამრავი


ცვლილება შეიტანა იმდროს მოქმედ 1978 წლის 15 აპრილის ჯერ კიდევ საბჭოურ
კონსტიტუციაში. ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებიდან ამოღებული იქნა სიტყვები
„საბჭოთა სოციალისტური“და სახელმწიფოს საქართველოს რესპუბლიკა ეწოდა; შეიცვალა
სახელმწიფოს სიმბოლოკა — გერბი, დროშა,ჰიმნი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი
ორგანო იყო საქართველოს უზენაესი საბჭო,რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევდა
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს.

ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ეწოდათ საკრებულოები, ხოლომ მართველობის


ადგილობრივ ორგანოებს — პრეფექტურები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაუქმდა
კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი და წამყვანი როლი, დასაბამი მიეცა პოლიტიკურ
პლურალიზმსა და საკუთრების ფორმათა მრავალსახეობას. ამავე სესიაზემიღებულ იქნა
კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“,
რომელსაც უნდა ემოქმედა ახალი კონსტიტუციის მიღებამდე. შესაბამისად, 1978
წლისკონსტიტუციაში ჩაიწერა: „საქართველოში გარდამავალი პერიოდი დასრულებულად
ჩაითვლება მაშინ, როდესაც საქართველოს სცნობენ სხვა სახელმწიფოები, საქართველოს
რესპუბლიკა გახდება გაეროს წევრი სახელმწიფო და საოკუპაციო ჯარები დატოვებენ ჩვენს
სამშობლოს“.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის


აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას 1918 წლის 26 მაისის
დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ამ
შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საზეიმოდ
გამოაცხადა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ და მიიღო კიდევ
ორი მნიშვნელოვანი აქტი: საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს
კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესახებ“ და საქართველოს უზენაესი
საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის
შემოღების შესახებ“.

1991 წლის ბოლოს საქართველოში არაკონსტიტუციური გზით მოხდა საქართველოს


რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის
უფლებამოსილებათა შეწყვეტა, შეიქმნა სამხედრო საბჭო და დროებითი მთავრობა.
გარადამავალი პერიოდის კონსტიტუცია და მის საფუძველზე მიღებული ზოგიერთი კანონი
ძალადაკარგულად გამოცხადდა, ხოლო 1992 წლის 21 თებერვალს სამხედრო საბჭო იღებს
დეკლარაციას საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე,
რისი შესრულებაც ფაქტობივად შეუძლებელი იყო.

1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა 6 ნოემბერს მიიღო


კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“. იმდროისათვის ეს კანონი იყო ერთადერთი
აქტი, რომელსაც შეეძლო ძირითადი კანონისგარეშე დარჩენილ ქვეყანაში კონსტიტუციის
მაგივრობა გაეწია.„მცირე კონსტიტუციის“ სახელწოდებით ცნობილმა ამ კანონმა დაასრულა
საქართველოში საბჭოური კონსტიტუციების ეპოქა, თუმცა ჭეშმარიტი კონსტიტუციის
ფუნქცია მას არ შეუსრულებია და ვერც შეასრულებდა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი მთლიანად სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების


საკითხებს შეეხებოდა, მასში მხოლოდ ორი – საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების უფლებამოსილებები იყო მეტ-ნაკლები სისრულით წარმოდგენილი და
არსებითად არაფერი იყო ნათქვამი ხელისუფლების მესამე შტოზე –სასამართლო
ხელისუფლებაზე. ადამიანის უფლებათა საკითხები კანონში – „სახელმწიფო
ხელისუფლების შესახებ“ საერთოდ არ გვხვდებოდა.

1993 წლისათვის სახელმწიფო–სამართლებრივ სფეროში საკმაოდ თავისებური სიტუაცია


შეიქმნა. 1921 წლის ფორმალურად აღდგენილი კონსტიტუცია, მისი აღდგენის დაბალი
ლეგიტიმურობისა და საზოგადოებრივი განვითარების დონესთან შეუსაბამობის გამო ვერ
ამუშავდა. კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“კონსტიტუციურ–სამართლებრივ
ურთიერთობათა მხოლოდ ნაწილს არეგულირებდა, ხოლო1978 წლის გაუქმებული
კონსტიტუცია ზოგიერთი თავისი დებულებით ფაქტობრივად კვლავ განაგრძობდა
სიცოცხლეს.

შესაბამისად არსებული მძიმე სიტუაცია ქმნიდა ახალი კონსტიტუციის შექმნის


აუცილებლობას, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს
შემდგომ განვითარებას.სწორედ აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობეს1993 წელს
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციის ახალ
პროექტზე მუშაობის დაწყება, რომელიც 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული
საქართველოს პარლამენტის მიერ და რომელიც დღემდე მოქმედებს.

You might also like